საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

შესავალი

ქება-დიდება უზენაეს ალლაჰს, რომელმაც ყოველი სულიერი გააჩინა, ყოველ არსებულს ყოველ წამს არსებობაში ამყოფებს და ყველას შიშისა და საშინელებისგან იცავს. ჩვენგან სალათი (ვედრება) და სალამი მის საყვარელ შუამავალს, ადამიანთა შორის ყოველმხრივ ყველაზე მშვენიერს, ყველაზე კარგსა და ყველაზე აღმატებულს, მუჰამმედს (ალეიჰისსელამ), მის ოჯახს (ალს), რომელიც ცოდნას, სიბრძნესა და მშვენიერ ზნეობას ავრცელებდა, მის ნათესავებს, აგრეთვე ყველა მის საჰაბეს1 (რადიალლაჰუ თეალა ანჰუმ / უზენაესი ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომლებსაც წილად ხვდათ პატივი, ეხილათ მისი მშვენიერი, სულთა მკურნალი სახე და მოესმინათ მისი სასარგებლო სიტყვები, და ამით ყველა ადამიანზე უძვირფასესნი გახდნენ, და მათ კვალზე მავალთაც.

უზენაესი ალლაჰი ამქვეყნად ყველა ადამიანს სწყალობს და იმას აჩენს და უგზავნის, რაც მათთვის სასარგებლოა. საიქიოში კი ის2 თავისი სიკეთით აპატიებს იმ მორწმუნეებსაც, რომლებიც ჯოჯოხეთში უნდა მოხვედრილიყვნენ, და სამოთხეში შეიყვანს. მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) უზენაესი ალლაჰის ნები3, რესული და ჰაბიბია (საყვარელია), ადამის შვილთა სეიიდია (ბატონია). ვისაც ასეთი პატივდებული შუამავალი სწამდა და მისი გზით დადიოდა, ისინი, რა თქმა უნდა, უმმეთთა შორის საუკეთესონი გახდნენ.

უზენაესმა ალლაჰმა თავისი მოწყალებით მისი უმმეთი გაგვხადა და ამით თავის წყალობათა შორის უდიდესს გვაზიარა.4 ცხადად გვამცნო, რომ მას უნდა დავმორჩილებოდით და გავყოლოდით. ჩვენი უფლის ამ უდიადესი წყალობისთვის რამდენი ქება-დიდებაც და მადლიერებაც არ უნდა აღვავლინოთ, მაინც ცოტაა. უზენაესმა ალლაჰმა, ვიდრე რაიმეს გააჩენდა, სამყაროს ბატონის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დალოცვილი სხივი გააჩინა. წმინდა ყურანში შუამავლისადმი მიმართვით ნაბრძანებია: „შენ სამყაროთა მოწყალებად წარგგზავნეთ.“ ჰადისი ყუდსიში5 კი ნაბრძანებია: „შენ რომ არ ყოფილიყავი, შენ რომ არ ყოფილიყავი, ქმნილებებს არ გავაჩენდი.“

რწმენის მთავარი პირობაა „ჰუბბი ფილლაჰ ვე ბუღდი ფილლაჰ“, ანუ გიყვარდეს უზენაესი ალლაჰის მეგობრები და არ გიყვარდეს მისი მტრები. სანამ ეს არ არის, არცერთი ღვთისმსახურება არ მიიღება, არამედ მისსავე აღმსრულებელს სახეში მიაყრიან. ამიტომ ჩვენთვის „სამყაროთა ბატონის“ სიყვარული ფარძი გახდა და გვებრძანა, მისი დალოცვილი სიყვარული გულში დავიმკვიდროთ და მისი მშვენიერი ზნეობით შევიმკოთ. რომ ეს სიყვარული არ განელდეს, საუკუნეების მანძილზე იწერებოდა წიგნები, რომლებიც ჩვენი შუამავლის დალოცვილ ცხოვრებას აღწერს; დღესაც იწერება. უფრო სწორად, მისი დალოცვილი სახელით ბარაქას ვეზიარებით. ჩვენც, რომ ამ ბარაქას ვეზიაროთ და მისმა სიყვარულმა ჩვენი გულები აავსოს და გადმოედინოს, გირჩევთ, წაიკითხოთ სამყაროს სულთნის, ალლაჰის შუამავლის დალოცვილი ცხოვრება, რომელიც ეჰლი სუნნეთის სწავლულთა წიგნების ხანგრძლივი შესწავლის შედეგადაა მომზადებული. უზენაესი ალლაჰი იყოს კმაყოფილი ყველა იმით, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. უზენაესმა ალლაჰმა ყველა ჩვენგანის გული ჩვენი შუამავლის სიყვარულით აავსოს და ეჰლი სუნნეთის სწავლულთა მიერ ნაჩვენებ სწორ გზაზე გვამყოფოს! ამინ.

დრ. ენვერ ორენი

ქააბეი მუაზზამა და მესჯიდი ჰარამი მექქეი მუქერრემე