წინასიტყვაობა
ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ.
ქება-დიდება უზენაეს ალლაჰს და უსაზღვრო მადლობა მის მიერ ბოძებული წყალობისა და სიკეთისთვის… ვედრება და სალამი მის საყვარელ შუამავალს, ადამიანთა შორის ყოველმხრივ ყველაზე მშვენიერს, ყველაზე კარგსა და ყველაზე აღმატებულს, მუჰამმედს (ალეიჰისსელამ), ყველა მის საჰაბეს, რომლებსაც წილად ხვდათ პატივი, ეხილათ მისი მშვენიერი სახე და მოესმინათ მისი სასარგებლო სიტყვები, და ამით ყველა ადამიანზე უძვირფასესნი გახდნენ, და მათ კვალზე მავალთაც…
ადამიანებს ამშვენებს, ალამაზებს და საყვარელსა და პატივსაცემს ხდის მათი მშვენიერი ზნეობა. მშვენიერ ზნეობას ვერც წოდება შეცვლის, ვერც თანამდებობა, ვერც ქონება და ვერც სხვა რამ.
ჰოი, ყველა ქმნილებაზე უაღმატებულესო! გამჩენის საყვარელო! შუამავალთა ბატონო, სიკეთეთა წყაროვ, ადამიანთა შორის უკეთესო და ყოველგვარი აღმატებულობის სათავევ, ჩვენო პატივდებულო შუამავალო! შენს ქებას არ ვკისრულობთ – ჩვენს ნაწერებს შენ ანიჭებ ფასს.
ალლაჰის შუამავალო! შენი ქების ძალა არ შემწევს,
ჩვენ ყველანი შენი პატივისთვის გავჩნდით.
მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) უზენაესი ალლაჰის შუამავალია. ის ადამის შვილთა სეიიდი, ბატონია. განკითხვის დღეს ის ყველაზე ხელგაშლილია მათ შორის, ვინც მისი მიყოლით ჯოჯოხეთს გადაურჩება.
განკითხვის დღეს საფლავიდან პირველი ის აღდგება. პირველი ის გაუწევს შეფაათს (შუამდგომლობას). პირველად მისი შეფაათი მიიღება. სამოთხის კარზე პირველი ის დააკაკუნებს. კარი მას მაშინვე გაეღება. დროშა, რომელსაც „ლივაი ჰამდი“ ჰქვია, მის ხელში იქნება. ადამი (ალეიჰისსელამ) და ყოველი მორწმუნე, ვინც მისი დროიდან განკითხვის დღემდე მოვიდა, ამ დროშის ქვეშ იქნება.
ერთ ჰადისი შერიფში მან ბრძანა: „განკითხვის დღეს მე ვარ ჩემამდე მოსულთა და ჩემს შემდეგ მოსულთა ბატონი. ჭეშმარიტებას ვამცნობ, არ ვტრაბახობ.“ სხვა ჰადისი შერიფში კი: „მე უზენაესი ალლაჰის ჰაბიბი, მისი საყვარელი ვარ. შუამავალთა მეთაური ვარ. ამას ტრაბახისთვის არ ვამბობ.“
სხვადასხვა ისლამურ ენაზე დაწერილ ყველა მევლიდში წერია, რომ ჩვენი შუამავლის დედა და მამა სრულიად სპეტაკნი იყვნენ. „ბუჰარი შერიფში“, რომელიც წმინდა ყურანის შემდეგ ყველაზე ძვირფასი და ყველაზე სანდო წიგნია, მოცემულ ერთ ჰადისი შერიფში ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ყოველ საუკუნესა და ყოველ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანთა შორის საუკეთესოთაგან, რჩეულთაგან მოვევლინე ქვეყანას.“
კვლავ მან, მუდამ ჭეშმარიტების მთქმელმა (ალეიჰისსალათუ ვესსელამ), ბრძანა: „მე ვარ შუამავალთა (ალეიჰიმუსსელამ) უკანასკნელი, არ ვტრაბახობ. მე ვარ მუჰამმედი, აბდულლაჰის შვილი. უზენაესმა ალლაჰმა ადამიანები გააჩინა. მე ადამიანთა შორის საუკეთესოში გამაჩინა. უზენაესმა ალლაჰმა ადამიანები ჯგუფებად დაყო. მე მათ შორის საუკეთესოში მამყოფა. შემდეგ ეს საუკეთესო ჯგუფი ტომებად დაყო. მე მათ შორის საუკეთესოში მამყოფა. შემდეგ ეს თემი სახლებად დაყო. მე საუკეთესო სახლიდან, ანუ საუკეთესო ოჯახიდან მომავლინა ქვეყანას. ადამიანთა შორის საუკეთესო ვარ. საუკეთესო ოჯახიდან ვარ. განკითხვის დღეს, როცა ყველა დადუმდება, მე ვილაპარაკებ. როცა ვერავინ განძრევას ვერ შეძლებს, მათთვის შეფაათს მე გავწევ. როცა აღარავის ექნება იმედი, მათ სასიხარულო ამბავს მე ვახარებ. იმ დღეს ყოველი სიკეთე, ყოველგვარი შეწევნა და ყოველი კარის გასაღები ჩემთან იქნება. ლივაი ჰამდი ჩემს ხელშია. ადამიანთა შორის ყველაზე სასიკეთო, ყველაზე ხელგაშლილი და საუკეთესო მე ვარ. იმ დღეს ჩემს ბრძანებას ათასობით მსახური დაემორჩილება. განკითხვის დღეს შუამავალთა იმამი, ჰატიბი და ყველა მათგანის შეფაათის გამწევი მე ვარ. ამას ტრაბახისთვის არ ვამბობ. ჭეშმარიტებას ვამცნობ. ჭეშმარიტების გამოცხადება ჩემი მოვალეობაა. ეს რომ არ მეთქვა, ჩემს მოვალეობას არ შევასრულებდი.“
ის (ალეიჰისსალათუ ვესსელამ) რომ არ ყოფილიყო, უზენაესი ალლაჰი არაფერს გააჩენდა და არ გამოჩნდებოდა, რომ ალლაჰი უფალი და მა’ბუდია (ერთადერთი, ვისაც უნდა ეთაყვანონ). როცა ადამი (ალეიჰისსელამ) წყალსა და მიწას შორის იყო, ანუ მისი თიხა ჯერ კიდევ იზილებოდა, მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) უკვე შუამავალი იყო.
რადგან მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) უზენაესი ალლაჰის მაჰბუბია (საყვარელია), ვინც მის კვალზე დადის, ისიც მაჰბუბის ხარისხამდე ამაღლდება, რადგან მუჰიბს, ანუ მოყვარულს, უყვარს ყველა, ვისაც თავისი საყვარლის ზნესა და ნიშნებს შეამჩნევს.
ვინც ასეთ შუამავალს, მთელი კაცობრიობის სეიიდსა და უაღმატებულესს, ირწმუნებს და მისი გზით ივლის, ის, რა თქმა უნდა, უმმეთთა შორის საუკეთესო იქნება. მათთვის სახარებაა სურა ალი იმრანის ას მეათე აიათი, რომლის შინაარსია: „თქვენ ხართ თემთა, რჯულის მქონეთა შორის ყველაზე სასიკეთო, საუკეთესო თემი!“ ვინც მას არ ირწმუნა, ვერ შეიცნო და თავისნაირად მიიჩნია, ადამიანთა შორის უარესია. მათზე მიუთითებს სურა თევბეს ოთხმოცდამეჩვიდმეტე აიათი, რომლის შინაარსია: „ველური, გულქვა უმეცრები შენ არ გიწამებენ. მათი უმეტესობა მუნაფიყია (თვალთმაქცია).“ რა ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ქვეყნიერების დღევანდელ ვითარებაში წილად ხვდა პატივი, მიჰყვნენ მის უზენაეს სუნნეთს (სუნნეთი სენიიე), ანუ ისლამს!
უზენაესი ალლაჰი სურა ნისას მეოთხმოცე აიათში გვამცნობს, რომ მუჰამმედისადმი (ალეიჰისსელამ) მორჩილება ალლაჰისადმი მორჩილებაა. შინაარსით ნაბრძანებია: „ვინც შუამავალს დაემორჩილება, ის უზენაეს ალლაჰს დაემორჩილა.“ სურა ჰაშრის მეშვიდე აიათში შინაარსით ნაბრძანებია: „რაც ჩემმა შუამავალმა მოგიტანათ, აიღეთ, და რაც აგიკრძალათ, მას განერიდეთ!“ ეს წმინდა აიათი გვიჩვენებს, რომ ისლამისადმი მიყოლა აუცილებელია. უზენაესმა ალლაჰმა სურა ყალემის მეოთხე აიათში შინაარსით ბრძანა: „ჭეშმარიტად, შენ უდიადესი ზნეობის (ჰულუყი აზიმის) მქონე ხარ“ (სურა ყალემ, 68:4). სურა აჰზაბში კი შინაარსით ბრძანა: „ალლაჰის შუამავალში თქვენთვის ჭეშმარიტად არის მშვენიერი მაგალითი [რომელსაც უნდა მიჰყვეთ]“ (სურა აჰზაბ, 33:21).
უზენაესმა ალლაჰმა თავისი მოწყალებით მისი უმმეთი გაგვხადა და ამით უდიდესი წყალობა მოგვანიჭა. ცხადად გვამცნო, რომ მას უნდა დავმორჩილებოდით და გავყოლოდით. ჩვენი დიდებული უფლის ამ უდიადესი წყალობისთვის რამდენი ქება-დიდებაც და მადლიერებაც არ უნდა აღვავლინოთ, მაინც ცოტაა.
ეს ნაშრომი მოგვითხრობს მთელი კაცობრიობის ჭეშმარიტი წინამძღოლის, ჩვენი საყვარელი შუამავლის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) ცხოვრებას, მის მშვენიერ ზნეობას, სასწაულებსა (მუ’ჯიზეებს) და ღირსებებს და გვამცნობს, რომ მისი მიყოლა რჯულისა და ამქვეყნიური ბედნიერებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა.
თუ გვსურს, ჩვენი თავისთვის, ოჯახისთვის, სამშობლოსა და ერისთვის სასარგებლო ადამიანები ვიყოთ, მივყვეთ მუჰამმედს (ალეიჰისსელამ). მივყვეთ, რომ ამქვეყნადაც და საიქიოშიც მშვიდნი და ბედნიერნი ვიყოთ.
უზენაესმა ალლაჰმა ყველა ჩვენგანის გული ჩვენი საყვარელი შუამავლის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), სიყვარულით აავსოს და ეჰლი სუნნეთის სწავლულთა მიერ ნაჩვენებ სწორ გზაზე გვამყოფოს! ამინ!
პროფ. დრ. რამაზან აივალლი
