საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

სამყაროს სულთანი – ჩვენი შუამავალი

მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) უზენაესი ალლაჰის ჰაბიბია (საყვარელია); ყველა გაჩენილ ადამიანსა და სხვა ქმნილებაზე ის ყოველმხრივ ყველაზე აღმატებული, ყველაზე მშვენიერი და ყველაზე პატივდებულია. ის არის უკანასკნელი და უაღმატებულესი შუამავალი, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა შეაქო, აირჩია და შუამავლად მოუვლინა ყველა ადამიანსა და ჯინს.

ის სამყაროთა მოწყალებად მოევლინა და ყველაფერი მისი პატივისთვის გაჩნდა. მისი დალოცვილი სახელია მუჰამმედი, რაც ნიშნავს „განმეორებით ქებულს, უამრავგზის ნაქებს“. მას სხვა დალოცვილი სახელებიც აქვს: აჰმედი, მაჰმუდი, მუსტაფა. მამამისს აბდულლაჰი ერქვა. შუამავალი დაიბადა ჰიჯრეთამდე 53 (მზის წელთაღრიცხვით 51) წლით ადრე, რებიულ ევველის თვის მეთორმეტე დღეს, ორშაბათის ღამეს, განთიადისას, მექქეი მუქერრემეში. ისტორიკოსები წერენ, რომ ეს დღე ჩვენი წელთაღრიცხვის 571 წლის 20 აპრილს ემთხვევა.

დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე მამამისი აბდულლაჰი გარდაიცვალა, ექვსი წლისას კი – დედამისი ამინე. ამიტომ შუამავალს „დურრ-ი იეთიმი“ (სამყაროს ნიჟარაში მყოფი ერთადერთი, დიდი და უძვირფასესი მარგალიტი) მეტსახელიც შეარქვეს. რვა წლამდე ბაბუამისთან, აბდულმუტტალიბთან, ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი – ბიძამისთან, ებუ ტალიბთან. ოცდახუთი წლისა ჩვენს დედაზე, ჰატიჯეთულ ქუბრაზე, დაქორწინდა. ამ ცოლისგან დაბადებულ პირველ ვაჟს ყასიმი ერქვა. არაბებში ჩვეულებად იყო, კაცი პირველი ვაჟის მამად მოეხსენიებინათ – ქუნიეთი. ამიტომ ჩვენს შუამავალს „ებულ ყასიმი“, ანუ „ყასიმის მამა“ უწოდეს.

ორმოცი წლისას უზენაესმა ალლაჰმა აუწყა, რომ ის ყველა ადამიანისა და ჯინის შუამავალია. სამი წლის შემდეგ ყველას რწმენისკენ მოწოდება დაიწყო. ორმოცდათორმეტი წლისას მოხდა მი’რაჯი.1 ჩვენი წელთაღრიცხვის 622 წელს, 53 (მზის წელთაღრიცხვით 51) წლის ასაკში, მექქიდან მედინაში ჰიჯრეთი აღასრულა. ოცდაშვიდჯერ გაილაშქრა: ცხრა მათგანში რიგითი მეომარივით შეუტია მტერს, დანარჩენებში კი მთავარსარდალი იყო. გარდაიცვალა ჰიჯრეთის 11 (ჩვ. წ. 632) წელს, რებიულ ევველის თვის მეთორმეტე დღეს, ორშაბათს, შუადღემდე, 63 (მზის წელთაღრიცხვით 61) წლისა, მედინეი მუნევვერეში.

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი ალლაჰი ყველა შუამავალს სახელით მიმართავდა, მას „ჩემი ჰაბიბი“ (ჩემი საყვარელი) უწოდა და ამით პატივი დასდო. უზენაესმა ალლაჰმა წმინდა აიათში შინაარსით ბრძანა2: „შენ სამყაროთა მოწყალებად წარგგზავნეთ“3, ჰადისი ყუდსიში კი: „შენ რომ არ ყოფილიყავი, შენ რომ არ ყოფილიყავი, ქმნილებებს არ გავაჩენდი!“4 როგორც ჰაზრეთი სეიიდ აბდულჰაქიმ არვასიმ ბრძანა: „ყოველი შუამავალი თავის დროსა და თავის ადგილას თავისი ხალხის ყველა წევრზე ყოველმხრივ აღმატებულია. ჩვენი შუამავალი, მუჰამმედი (ალეიჰისსელამ), კი სამყაროს გაჩენის დღიდან განკითხვის დღემდე, ყოველ დროსა და ყოველ ქვეყანაში, ყველა იმ არსებაზე, ვინც მოსულა და ვინც მოვა, ყოველმხრივ ყველაზე ღირსეული და ყველაზე აღმატებულია. არავინ არის მასზე რაიმე მხრივ მაღლა. უზენაესმა ალლაჰმა ის ასეთად გააჩინა.“

მისი დალოცვილი სხივის გაჩენა

უზენაესმა ალლაჰმა ყველაფერზე წინ, ანუ ვიდრე რაიმეს გააჩენდა, ჩვენი საყვარელი შუამავლის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), დალოცვილი სხივი გააჩინა. ჩვენი თეფსირისა და ჰადისის სწავლულთაგან ბევრმა გვამცნო: „უზენაესმა ალლაჰმა თავისი სხივისგან ერთი ნაზი და დიდი გოჰარი გააჩინა და მისგან თანმიმდევრობით მთელი სამყარო შექმნა. ამ გოჰარს ‚ნური მუჰამმედი‘ ეწოდება. ყველა სულისა და სხეულის დასაბამი და სათავე ეს გოჰარია.“

„შენ რომ არ ყოფილიყავი, შენ რომ არ ყოფილიყავი, ქმნილებებს არ გავაჩენდი!“ ჰადისი ყუდსი

ერთ დღეს საჰაბეთაგან ჯაბირ ბინ აბდულლაჰმა ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! რა გააჩინა უზენაესმა ალლაჰმა ყველაფერზე წინ?“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ყველაფერზე წინ მან თავისი სხივისგან შენი შუამავლის, ანუ ჩემი სხივი გააჩინა. მაშინ არ იყო არც ლევჰი, არც ყალამი, არც სამოთხე, არც ჯოჯოხეთი, არც ანგელოზები, არც სემავათი (ცები), არც არდი (დედამიწა), არც მზე, არც მთვარე, არც ადამიანები და არც ჯინები.“

როცა ადამის (ალეიჰისსელამ) გული და წმინდა სხეული გაჩნდა, ნური მუჰამმედი მის წარბებს შორის მოთავსდა. როცა მას სული ჩაებერა, ადამმა (ალეიჰისსელამ) შენიშნა, რომ შუბლზე ცისკრის ვარსკვლავივით მოკაშკაშე სხივი ჰქონდა.

როცა ადამი (ალეიჰისსელამ) გაჩნდა, შთაგონებით მიხვდა, რომ უზენაესი ალლაჰი მას „ებუ მუჰამმედს“, ანუ მუჰამმედის მამას უწოდებდა. როცა ადამმა ჰკითხა: „ჩემო უფალო! ებუ მუჰამმედის ქუნიე რატომ მიბოძე?“, უზენაესმა ალლაჰმა უთხრა: „ადამ! თავი ასწიე!“ ადამმა (ალეიჰისსელამ) თავი ასწია, შეხედა და არში ა’ლაზე5 ჩვენი საყვარელი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სხივით დაწერილი სახელი – აჰმედი დაინახა. მაშინ ჰკითხა: „ჩემო უფალო! ეს ვინ არის?“ უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: „ეს შენი შთამომავლობიდან ერთი შუამავალია. მისი სახელი ცაში აჰმედია, დედამიწაზე კი – მუჰამმედი. ის რომ არ ყოფილიყო, შენ არ გაგაჩენდი. არც დედამიწას და არც ცას არ შევქმნიდი.“6

მისი სხივი სპეტაკი შუბლებიდან სპეტაკ შუბლებზე გადადის

როცა ადამი (ალეიჰისსელამ) გაჩნდა, მის შუბლზე ჩვენი საყვარელი შუამავლის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), დალოცვილი სხივი მოთავსდა. ეს სხივი მის შუბლზე ბრწყინვას შეუდგა. როგორც „თეფსირი მაზჰარიშია“ ნაუწყები, სხივი ადამიდან (ალეიჰისსელამ) მოყოლებული სპეტაკი მამებისა და სპეტაკი დედების გავლით ჩვენს შუამავლამდე მოვიდა. უზენაესმა ალლაჰმა ეს წმინდა აიათში7 შინაარსით ასე გვამცნო:

„შენ, ანუ შენი სხივი, მუდამ მლოცველთაგან მლოცველებზე გადადიოდა და ასე შენამდე მოაღწია.“8

ერთ ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „უზენაესმა ალლაჰმა ადამიანები გააჩინა. მე ადამიანთა საუკეთესო ნაწილისგან გამაჩინა. შემდეგ ამ ნაწილთაგან საუკეთესო (არაბეთში) აირჩია. მე მათგან გამაჩინა. შემდეგ სახლთა და ოჯახთა შორის საუკეთესო აირჩია და მე მათგან მომავლინა. მაშასადამე, ჩემი სულიც და ჩემი სხეულიც ქმნილებათა შორის საუკეთესოა. ჩემი გვარი, ჩემი წინაპრები საუკეთესო ადამიანები არიან.“

სხვა ჰადისი შერიფში კი ნაბრძანებია: „უზენაესმა ალლაჰმა ყველაფერი არარაობიდან გააჩინა. ყველაფერს შორის ადამიანები შეიყვარა და დააფასა; ადამიანთა შორის კი რჩეულები არაბეთში დაასახლა. არაბეთის რჩეულთა შორის მე ამირჩია. ყველა დროის ადამიანთა რჩეულებსა და საუკეთესოებს შორის მამყოფა. მაშასადამე, ვისაც არაბეთში ჩემი ერთგულები უყვარს, ჩემი გულისთვის უყვარს. ვინც მათ ემტერება, ჩემს მტრობას სჩადის.“

როცა უზენაესმა ალლაჰმა ადამი გააჩინა,
ადამით მთელი სამყარო შეამკო, დაამშვენა.
ანგელოზებს უბრძანა, ადამის წინ სეჯდე აღესრულებინათ,
და მადლის პატრონმა უხვი წყალობით დააჯილდოვა იგი.
შუბლზე მუსტაფას სხივი დაუსვენა
და ბრძანა: „იცოდე, ეს ჩემი ჰაბიბის სხივია.“
ის სხივი მის შუბლზე დაივანა,
და მასთან დარჩა მრავალი ჟამი.
მერე, იცოდე, ჰავას შუბლზე გადავიდა,
იქაც დარჩა მრავალი თვე და წელიწადი.
შითი დაიბადა – სხივი მასზე გადავიდა,
მის შუბლზე სხივმა იბრწყინა, გაცისკროვნდა.
იბრაჰიმს და ისმაილსაც ეწია,
სიტყვა გაგრძელდება, დანარჩენს თუ ვიტყვი.
ასე, ჯაჭვის რგოლებივით გადაბმული,
გადადიოდა, ვიდრე მუსტაფას არ ეწია.
როცა ის მოვიდა – სამყაროთა მოწყალება,
სხივი მასთან მივიდა და მასში დაივანა.
თუ ცეცხლისგან ხსნის პოვნა გსურთ,
სიყვარულით, გულის ტკივილით თქვით სალავათი!

„შენ, ანუ შენი სხივი, მუდამ მლოცველთაგან მლოცველებზე გადადიოდა და ასე შენამდე მოაღწია“ შუარა: 219

რადგან პირველი გაჩენილი ადამიანი, ადამი (ალეიჰისსელამ), მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) ნაწილაკს ატარებდა, მის შუბლზე მუჰამმედის სხივი ბრწყინავდა. ეს ნაწილაკი ჯერ ჰაზრეთი ჰავაზე გადავიდა, მისგან კი – შითზე (ალეიჰისსელამ), და ასე სპეტაკი მამაკაცებიდან სპეტაკ ქალებზე და სპეტაკი ქალებიდან სპეტაკ მამაკაცებზე გადადიოდა. მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) სხივიც ამ ნაწილაკთან ერთად სპეტაკი შუბლებიდან სპეტაკ შუბლებზე გადადიოდა. როცა კი ანგელოზები ადამის (ალეიჰისსელამ) სახეს შეხედავდნენ, მის შუბლზე მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) სხივს ხედავდნენ და მისთვის ისთიღფარს (პატიების თხოვნას) აღავლენდნენ.

როცა გარდაცვალების ჟამი მოუახლოვდა, ადამმა (ალეიჰისსელამ) თავის შვილს, შითს (ალეიჰისსელამ), უთხრა: „შვილო! შენს შუბლზე მოკაშკაშე ეს სხივი უკანასკნელი შუამავლის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), სხივია. ის მორწმუნე, ღირსეულ, სპეტაკ ქალებს გადაეცი და შენს შვილსაც იგივე უანდერძე!“

მუჰამმედამდე (ალეიჰისსელამ) ყველა მამა თავის შვილებს ასე უანდერძებდა. ყველამ ეს ანდერძი შეასრულა და უკეთილშობილეს და ყველაზე ღირსეულ ქალიშვილებზე იქორწინა. სხივი, ქალისა და მამაკაცის სპეტაკი შუბლების გავლით, თავის ნამდვილ პატრონს ეწია. ალლაჰის შუამავლის წინაპართაგან რომელიმეს ორი ვაჟი რომ ჰყოლოდა ან რომელიმე ტომი ორ შტოდ რომ გაყოფილიყო, ჩვენი შუამავლის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), სხივი ყოველთვის იმ მხარეს იყო, რომელიც ყველაზე პატივდებული და სასიკეთო იყო. ყოველ საუკუნეში ის, ვინც მისი წინაპარი იყო, სახეზე არსებული სხივით ცნაურდებოდა. არსებობდა ერთი რჩეული შთამომავლობა, რომელიც მის სხივს ატარებდა; ყოველ საუკუნეში ამ შთამომავლობიდან მომდინარე პირის სახე ძალზე მშვენიერი და ნათელი იყო. ამ სხივით ის ძმებს შორის გამოირჩეოდა, ხოლო ტომი, რომელშიც ის იმყოფებოდა, სხვა ტომებზე უფრო აღმატებული და პატივდებული იყო.9

ჩვენმა შუამავალმა ერთ ჰადისი შერიფში ბრძანა: „ჩემი წინაპრებიდან არცერთს არ უმრუშია. უზენაესმა ალლაჰმა მე სპეტაკი, კეთილი მამებისა და სპეტაკი დედებისგან მომავლინა. ჩემს წინაპართაგან რომელიმეს ორი ვაჟი რომ ჰყოლოდა, მე მათგან ყველაზე სასიკეთოსა და საუკეთესოში ვიქნებოდი.“ ეს სხივი, რომელიც ადამიდან (ალეიჰისსელამ) მოყოლებული თაობიდან თაობაზე გადმოდიოდა, თარუჰზე გადავიდა, მისგან – მის შვილზე, იბრაჰიმზე (ალეიჰისსელამ), შემდეგ კი მის შვილზე, ისმაილზე (ალეიჰისსელამ). სხივი, რომელიც მის შუბლზეც მზესავით ბრწყინავდა, მის შთამომავლობაში ადნანზე გადავიდა, მისგან – მე’ადდზე, მისგან კი – ნიზარზე. როცა ნიზარი დაიბადა, მამამისმა, მე’ადდმა, შვილის შუბლზე სხივი დაინახა და გაიხარა. დიდი ნადიმი გამართა და თქვა: „ასეთი ვაჟისთვის ეს ნადიმიც ცოტაა.“ ამიტომ მის ვაჟს ნიზარი, ანუ „ცოტა“ დაერქვა. ამის შემდეგ სხივი რიგრიგობით გადადიოდა და თავის ნამდვილ პატრონს – შუამავალთა ბეჭედს (ხათემულ-ენბიას), ჩვენს საყვარელ შუამავალს, მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) ეწია.

ჩვენმა შუამავალმა ერთ ჰადისი შერიფში ასე ბრძანა: „მე ვარ აბდულლაჰის, აბდულმუტტალიბის, ჰაშიმის (ამრის), აბდუ მენაფის (მუღირეს), ყუსაიის (ზეიდის), ქილაბის, მურრეს, ქა’ბის, ლუვეიის, ღალიბის, ფიჰრის, მალიქის, ნადრის, ქინანეს, ჰუზეიმეს, მუდრიქეს (ამირის), ილიასის, მუდარის, ნიზარის, მე’ადდისა და ადნანის შვილი მუჰამმედი. როდესაც კი თემი, რომელსაც მივეკუთვნები, ორად იყოფოდა, უზენაესი ალლაჰი მე უეჭველად მის ყველაზე სასიკეთო ნაწილში მამყოფებდა…“10

სხვა ჰადისი შერიფში კი ბრძანა: „უზენაესმა ალლაჰმა იბრაჰიმის შთამომავლებიდან ისმაილი აირჩია. ისმაილის შთამომავლებიდან ქინანიანები აირჩია. ქინანიანებიდან ყურაიში აირჩია. ყურაიშიდან ჰაშიმიანები აირჩია. ჰაშიმიანებიდან აბდულმუტტალიბიანები აირჩია. აბდულმუტტალიბიანებიდან კი მე ამირჩია.“11

ჩვენი შუამავლის პატივდებული გენეალოგია ადნანამდე ასეთია:

მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) აბდულლაჰი აბდულმუტტალიბი (შეიბე) ჰაშიმი (ამრი) აბდუ მენაფი (მუღირე) ყუსაიი (ზეიდი) ქილაბი მურრე ქა’ბი ლუვეიი ღალიბი ფიჰრი მალიქი ნადრი ქინანე ჰუზეიმე მუდრიქე (ამირი) ილიასი მუდარი ნიზარი მე’ადდი ადნანი

ბაბუა – ჰაზრეთი აბდულმუტტალიბი

ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ყურაიშის ტომის ჰაშიმიანთა შტოდანაა. მისი მამაა აბდულლაჰი. აბდულლაჰის მამა შეიბე იყო. ჩვენი შუამავლის ბაბუა, შეიბე, მედინაში დაიბადა. როცა მამამისი, ჰაშიმი, გარდაიცვალა, შეიბე ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ერთ დღეს მედინაში, დედის ძმების სახლის წინ, მეგობრებთან ერთად მშვილდოსნობაში ვარჯიშობდა. მათი მაყურებელი უფროსები აღფრთოვანდნენ, რადგან შეიბეს შუბლზე მოკაშკაშე სხივის მიხედვით მიხვდნენ, რომ ის რომელიღაც პატივდებული კაცის შვილი იყო.

როცა რიგი შეიბეზე მიდგა, მშვილდი მოზიდა და ისარი მიზანს ესროლა. ისარი ზუსტად რომ მოხვდა, აღელვებულმა წამოიძახა: „მე ჰაშიმის შვილი ვარ. ჩემი ისარი, რა თქმა უნდა, მიზანს მოხვდება!“ ამ სიტყვებიდან მიხვდნენ, რომ ის მექქელი ჰაშიმის შვილი იყო. ჰაშიმი იმ დროს უკვე ცოცხალი აღარ იყო.

როცა აბდუ მენაფიანთაგან ერთ-ერთი მექქაში დაბრუნდა, ჰაშიმის ძმას, მუტტალიბს, უთხრა: „შენი ძმისშვილი შეიბე, რომელიც მედინაში ცხოვრობს, ძალიან გონიერი ბავშვია. შუბლზე ისეთი სხივი უბრწყინავს, რომ ყველას აოცებს. განა სწორია, ასეთი ძვირფასი ბავშვი თქვენგან შორს იყოს?“ ამის შემდეგ მუტტალიბი მაშინვე მედინაში წავიდა და თავისი ძმისშვილი შეიბე მექქაში ჩამოიყვანა. მექქის ქუჩებში მათ, ვინც ეკითხებოდა: „ეს ბავშვი ვინ არის?“, პასუხობდა: „ჩემი მონაა.“ ამის შემდეგ შეიბეს სახელად აბდულმუტტალიბი, ანუ „მუტტალიბის მონა“ შერჩა.12

„შვილო! შენს შუბლზე მოკაშკაშე ეს სხივი უკანასკნელი შუამავლის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), სხივია. ის მორწმუნე, ღირსეულ, სპეტაკ ქალებს გადაეცი და შენს შვილსაც იგივე უანდერძე!“ ადამი (ალეიჰისსელამ)

აბდულმუტტალიბი ბიძამისთან, მუტტალიბთან, მის გარდაცვალებამდე დარჩა. აბდულმუტტალიბის დალოცვილი სხეულიდან მუშკის სურნელი მოდიოდა. მის შუბლზე უზენაესი ალლაჰის ჰაბიბის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), სხივი ბრწყინავდა და გარშემო სიკეთესა და ბარაქას აფრქვევდა. როცა კი მექქაში წვიმა არ მოდიოდა და გვალვა ჩამოდგებოდა, მექქელები აბდულმუტტალიბს ხელს ჩასჭიდებდნენ, სებირის მთაზე აიყვანდნენ და ევედრებოდნენ, ვედრება აღევლინა. ისიც არავის ეუბნებოდა უარს და უზენაეს ალლაჰს შესთხოვდა, წვიმა მოებოძებინა. უზენაესი ალლაჰიც აბდულმუტტალიბის შუბლზე მოკაშკაშე, ჩვენი საყვარელი შუამავლის სხივის ბარაქით მის ვედრებას შეისმენდა და უხვ წვიმას მოუვლენდა. ასე აბდულმუტტალიბის ღირსება და ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა. მექქელებმა ის თავიანთ მეთაურად აირჩიეს. მას არავინ ეწინააღმდეგებოდა, ხოლო ვინც მის მმართველობას დაემორჩილებოდა, მყუდროებასა და სიმშვიდეს ჰპოვებდა. იმ დროის მმართველებიც აღიარებდნენ აბდულმუტტალიბის ღირსებასა და სიდიადეს. მხოლოდ ირანის ხელმწიფეს (ქისრას) ვერ აეტანა იგი და აშკარად თუ ფარულად მტრობდა. აბდულმუტტალიბი ჰანიფი, ანუ მუსლიმი იყო.13 ის თევჰიდის გზას ადგა: სწამდა ალლაჰის არსებობისა და ერთობისა, მის გარდა სხვა ფიქრი არ ჰქონდა და თავისი ჰანიფი წინაპრის, იბრაჰიმის (ალეიჰისსელამ), რჯულზე იყო. ამიტომ არასოდეს უცია თაყვანი კერპებისთვის და მათ ახლოსაც კი არ გაჰკარებია.

ქააბასთან უზენაეს ალლაჰს ევედრებოდა და ღვთისმსახურებას აღასრულებდა.

ზემზემი

ერთ დღეს სიზმარში ვიღაცამ უთხრა: „აბდულმუტტალიბ! ადექი, ტაიიბე ამოთხარე!“ – და გაქრა. მეორე დღეს უთხრა: „ადექი, ბერრე ამოთხარე!“ მესამე დღეს იმავე პირმა უბრძანა: „ადექი, მედნუნე ამოთხარე!“ სიზმრები არ წყდებოდა. როცა მეოთხე დღეს იმავე პირმა კვლავ უთხრა: „აბდულმუტტალიბ! ადექი, ზემზემის ჭა ამოთხარე!“, აბდულმუტტალიბმა ჰკითხა: „ზემზემი რა არის? ჭა სად არის?“ იმ კაცმა უთხრა: „ზემზემი ისეთი წყალია, რომელიც არასოდეს იკლებს და რომლის ფსკერსაც ვერავინ მიაღწევს. ის ქვეყნის ოთხივე კუთხიდან მოსულ ყველა მომლოცველს ეყოფა. იმ ადგილიდან ამოხეთქა, სადაც ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ფრთა დაჰკრა. ეს ის წყალია, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა ისმაილისთვის (ალეიჰისსელამ) გააჩინა. მწყურვალთ წყურვილს უკლავს. მშივრებს აპურებს, ავადმყოფებს კურნავს. ადგილს გეტყვი. როცა ზვარაკს დაკლავენ, ნარჩენებს ერთ ადგილას ყრიან. როცა იქ იქნები, ერთი წითელნისკარტა ყვავი მოფრინდება.

ნისკარტით მიწას ჩიჩქნის. სადაც ყვავი მიწას ჩიჩქნის, იქვე ჭიანჭველების ბუდესაც დაინახავ. სწორედ იქ არის ზემზემის ადგილი.“14

დილით აბდულმუტტალიბმა თავისი შვილი ჰარისი თან წაიყვანა, ქააბასთან მივიდა და მღელვარებით ლოდინს შეუდგა. ცოტა ხანში, როგორც სიზმარში ეთქვა, წითელნისკარტა ყვავი მოფრინდა, იქვე ერთ ორმოში ჩამოჯდა და ნისკარტით მიწის ჩიჩქნა დაიწყო. მის ქვეშ ჭიანჭველების ბუდე გამოჩნდა. აბდულმუტტალიბმა და მისმა შვილმა ჰარისმა მაშინვე იმ ადგილის თხრა დაიწყეს. ცოტა ხნის თხრის შემდეგ ჭის პირი გამოჩნდა. ეს რომ დაინახა, აბდულმუტტალიბმა თექბირის წარმოთქმა დაიწყო: „ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ!“

ყურაიშელები, რომლებიც თავიდანვე ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ჭის თხრას, მისკენ მიბრუნდნენ და უთხრეს: „აბდულმუტტალიბ! ეს ჩვენი წინაპრის, ისმაილის ჭაა. მასზე ჩვენც გვაქვს უფლება. ამ საქმეში ჩვენც უნდა გაგვიწილადო!“ აბდულმუტტალიბმა მაშინვე უარი უთხრა და უპასუხა: „არა! ეს საქმე მხოლოდ მე მებოძა მოვალეობად.“ მაშინ ყურაიშელებმა უთხრეს: „შენ მარტო ხარ. ერთი შვილის გარდა არავინ გყავს. ასე ვერ აღგვიდგები წინ!“

ზემზემის ჭა

ზემზემის ჭა

ის მესჯიდი ჰარამში, ჰაჯერულ-ესვედის კუთხის პირდაპირ მდებარეობდა. ქვის სარტყელი ჰქონდა. მისი იატაკი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული და კედლებისკენ იყო დაქანებული. აბდულჰამიდ ხან I-ის ბრძანებით ჭა ისე მოეწყო, რომ წყალი არ ჟონავდა. ხელოვნების ეს მშვენიერი ნიმუში, ისტორიის ძვირფასი ნაშთი, 1963 წელს დაანგრიეს. ჭის პირი და მის გარშემო რამდენიმე მეტრი მიწიდან რამდენიმე მეტრით დაბლა დაწიეს. შემდეგ ყველაფერი მთლიანად დახურეს და მარმარილოთი მოაპირკეთეს. ახლა ეს ჭა აღარ ჩანს.

მაშინ გული შეეკუმშა, რადგან იმას აყვედრიდნენ, რომ არავინ ჰყავდა. ხელები ცისკენ აღაპყრო და შეევედრა: „ჩემო უფალო! ათი ვაჟი მიბოძე. თუ ამ ჩემს ვედრებას შეისმენ, ერთ-ერთ მათგანს ქააბასთან ზვარაკად შევწირავ.“15

აბდულმუტტალიბმა იფიქრა, რომ თხრის საქმე სახიფათო ვითარებას იღებდა და ბოლოს შეიძლება სასტიკი შეტაკებებიც მოჰყოლოდა. ამიტომ თხრა შეწყვიტა და შეთანხმების გზას დაადგა.

ისურვა, რომ საქმე რომელიმე მსაჯულს გადაეწყვიტა. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ამ საქმეს გამოსავალს დამასკოში მცხოვრები ერთი მკითხავი უპოვიდა. ყურაიშის წარჩინებულთა ერთ ჯგუფთან ერთად გზას გაუდგნენ. გზაში წყურვილითა და სიცხით დაქანცული ქარავანი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ადგილიდან დაძვრაც აღარ შეეძლო. ერთი წვეთი წყლისთვის სულს დადებდნენ. თუმცა ეს იყო მათი ერთადერთი სურვილი, მცხუნვარე უდაბნოს შუაგულში წყლის პოვნა შეუძლებელი იყო.

იმ წუთს, როცა ყველამ იმედი გადაიწურა, აბდულმუტტალიბმა დაუძახა: „მოდით, მოდით! შეიკრიბეთ! იმდენი წყალი ვიპოვე, რომ თქვენც გეყოფათ და თქვენს პირუტყვსაც!“ როცა მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) დალოცვილი სხივის მატარებელი აბდულმუტტალიბი წყალს ეძებდა, მისი აქლემის ფეხი დიდ ქვას წამოედო, ქვა ადგილიდან დაიძრა და მის ქვეშიდან წყალმა ამოხეთქა. ყველამ სირბილით მოაშურა.

წყალი გაძღომამდე დალიეს და თითქოს ხელახლა გაცოცხლდნენ.

აბდულმუტტალიბის ამ სიდიადის წინაშე დარცხვენილმა ყურაიშელებმა უთხრეს: „აბდულმუტტალიბ! შენთვის სათქმელი აღარაფერი გვაქვს. ზემზემის ჭის ამოთხრის ყველაზე ღირსი შენ ხარ. ამ საკითხზე შენთან აღარ ვიდავებთ. მსაჯულთან წასვლაც აღარ არის საჭირო, უკან ვბრუნდებით.“ და მექქის გზას დაადგნენ. შუბლზე მოკაშკაშე სხივის წყალობით აბდულმუტტალიბს ხვდა წილად პატივი, ზემზემის ჭა ამოეთხარა და მისი წყალი ამოეყვანა.16

„ზემზემი აძღებს და ავადმყოფს კურნავს“ ჰადისი შერიფი

სამსხვერპლოდ განკუთვნილი ვაჟი

ზემზემის ჭის ამოთხრის შემდეგ აბდულმუტტალიბის სახელი და დიდება კიდევ უფრო გაიზარდა. წლები გავიდა. უზენაესმა ალლაჰმა მისი გულის სიღრმიდან აღვლენილი ვედრება შეისმინა და აბდულმუტტალიბს ჰარისის გარდა კიდევ ათი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი უბოძა. მის ვაჟებს ერქვათ ყუსემი, ებუ ლეჰები, აბდულქა’ბე, ჰაჯლი, ზუბეირი, ებუ ტალიბი, აბდულლაჰი, ღაიდაყი, დირარი და მუყავვიმი (ჰამზა და აბბასი ჯერ არ იყვნენ დაბადებულნი). მისი ქალიშვილები იყვნენ საფიიე, ათიქე, უმმუ ჰაქიმ ბეიდა, ბერრე, უმეიმე და ერვა. აბდულმუტტალიბს შვილებს შორის ყველაზე მეტად აბდულლაჰი უყვარდა, რადგან მისი შუბლის სხივი აბდულლაჰის შუბლზე ბრწყინვას შეუდგა.

ერთ დღეს აბდულმუტტალიბს სიზმარში უთხრეს: „აბდულმუტტალიბ! აღთქმა შეასრულე!“

დილით აბდულმუტტალიბმა ვერძი შესწირა ზვარაკად. ღამით სიზმარში უბრძანეს: „მასზე დიდი შესწირე!“ დილით ძროხა შესწირა. როცა სიზმარში კვლავ უბრძანეს, რომ მასზე დიდი შეეწირა, იკითხა: „მასზე დიდი რაღაა?“ მაშინ უთხრეს: „აღთქმა დადე, რომ თუ ათი ვაჟი გებოძებოდა, ერთ-ერთ მათგანს ზვარაკად შესწირავდი. აღთქმა შეასრულე!“

მეორე დღეს აბდულმუტტალიბმა შვილები შეკრიბა და უამბო იმ ვედრების შესახებ, რომელიც მრავალი წლის წინ აღავლინა. შემდეგ ვაჟებს აუწყა, რომ ერთ-ერთი მათგანი ზვარაკად უნდა შეეწირა. შვილებისგან არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. პირიქით, თანხმობა განუცხადეს: „მამაჩვენო! აღთქმა შეასრულე! ისე მოიქეცი, როგორც გენებოს!“ აბდულმუტტალიბმა წილი ყარა, რომ გაეგო, რომელი ვაჟი უნდა შეეწირა. წილი მის ყველაზე საყვარელ ვაჟს – აბდულლაჰს ხვდა, რომელსაც შუბლზე უზენაესი ალლაჰის ჰაბიბის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), სხივი ჰქონდა. აბდულმუტტალიბი ერთი წამით შეტორტმანდა, თვალები ცრემლით აევსო. უზენაესი ალლაჰისთვის მიცემული სიტყვა უნდა შეესრულებინა. ერთ ხელში დანა აიღო, მეორეში – თავისი გულის ნატეხი აბდულლაჰი და თავისი უფლისთვის მიცემული სიტყვის შესასრულებლად ქააბასთან მივიდა. თვალცრემლიანმა მამამ აბდულლაჰის შესაწირად ყველაფერი გაამზადა. ამ დროს ყურაიშის წარჩინებულნი გაოცებული მზერით ადევნებდნენ თვალს მომხდარს.

მათ შორის აბდულლაჰის დედის ძმამ თქვა: „აბდულმუტტალიბ! შეჩერდი! ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმებით, რომ ეს შენი ვაჟი დაკლა. თუ ასეთ საქმეს ჩაიდენ, ამის შემდეგ ყურაიშელებში ეს ჩვეულებად იქცევა. ყველა თავისი ვაჟის შეწირვის აღთქმას დადებს და დაკლავს. ასეთ საქმეს სათავე ნუ დაუდებ! შენი უფლის კმაყოფილება სხვა გზით მოიპოვე!“ შემდეგ შესთავაზა: „ჰკითხე რომელიმე მკითხავს, გზა მან გიჩვენოს.“

ამ სიტყვების შემდეგ აბდულმუტტალიბი ჰეიბერში მცხოვრებ მკითხავთან, ყუთბესთან (ანუ სეჯაქთან), წავიდა და მომხდარი უამბო. მკითხავმა ჰკითხა: „თქვენთან ერთი ადამიანის სისხლის საფასური (დიეთი) რამდენია?“ როცა პასუხი მიიღო: „ათი აქლემი“, თქვა: „ათ აქლემსა და თქვენს ვაჟს შორის წილი ყარეთ. თუ წილი ვაჟს ხვდება, კიდევ ათი აქლემი დაუმატეთ და ხელახლა ყარეთ წილი; ასე მატეთ, ვიდრე წილი აქლემებს არ ხვდება.“

აბდულმუტტალიბი მაშინვე მექქაში დაბრუნდა და ისე მოიქცა, როგორც მკითხავმა უთხრა. ყოველ ჯერზე აქლემთა რიცხვს ათით ზრდიდა და არაერთხელ ყარა წილი. წილი სულ აბდულლაჰს ხვდებოდა. მაგრამ როცა აქლემთა რიცხვმა ასს მიაღწია, წილი აქლემებს ხვდა. დარწმუნების მიზნით კიდევ ორჯერ ყარა. ორივეჯერ წილი აქლემებს ხვდა. თექბირებით: „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“ – აბდულმუტტალიბმა აქლემები ზვარაკად შესწირა. მათი ხორცი არც თავად აიღო და არც რომელიმე მისმა ვაჟმა. ყველაფერი ღარიბებს დაურიგა.17

ადამის (ალეიჰისსელამ) დროიდან მოყოლებული შეწირვის ამბებს შორის არის ისიც, როცა ისმაილი (ალეიჰისსელამ) უნდა შეეწირათ. რადგან შუამავლის გვარი ისმაილამდე (ალეიჰისსელამ) აღწევს, შუამავალმა ბრძანა: „მე ორი სამსხვერპლოს შვილი ვარ.“18

მამა – ჰაზრეთი აბდულლაჰი

როცა დაიბადა აბდულლაჰი, რომელსაც შუბლზე ორივე სამყაროს ბატონის, ჩვენი შუამავლის, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ), სხივი ჰქონდა, წიგნის ხალხი ერთმანეთს აუწყებდა: „მექქაში ბოლო ჟამის შუამავლის მამა დაიბადა.“ ისრაელის შვილებს ჰქონდათ შალისგან მოქსოვილი ერთი ჯუბბე; ის იაჰიას (ალეიჰისსელამ) ეკუთვნოდა, შეჰიდად დაცემისას მას ეცვა და მისი დალოცვილი სისხლი ამ ჯუბბეზე იყო დაწვეთებული. მათ წიგნებში ეწერა: „როცა ეს სისხლი განახლდება და წვეთვას დაიწყებს, ბოლო ჟამის შუამავლის მამა მოევლინება ქვეყანას.“ სწორედ ეს ნიშანი რომ დაინახეს, წიგნის ხალხი მიხვდა, რომ აბდულლაჰი დაიბადა. თუმცა შურით არაერთხელ განიზრახეს მისი მოკვლა, უზენაესმა ალლაჰმა აბდულლაჰი შუბლზე არსებული სხივის ბარაქით დაიფარა.

როცა აბდულლაჰმა ბულუღის (რელიგიური სრულწლოვანების) ასაკს მიაღწია, როგორც მშვენიერი ზნეობით, ისე სილამაზით ხალხში გამოირჩეოდა. განსაკუთრებით თვრამეტი წლისა რომ გახდა, მისი სილამაზე ყველას პირზე ეკერა. შუბლზე სხივი მზესავით უბრწყინავდა და მისი მნახველი ქალიშვილების გული ნებსით თუ უნებლიეთ მისკენ მიილტვოდა. მისი სილამაზისა და სახელის ამბავი ეგვიპტემდე გავრცელდა.

შორიდან თუ ახლოდან ყველა ცდილობდა, მისთვის თავისი ქალიშვილი მიეთხოვებინა. მრავალი მმართველი მოდიოდა აბდულმუტტალიბთან და სთავაზობდა, მათი ქალიშვილი მისი ვაჟისთვის შეერთო. იმასაც აცხადებდნენ, რომ ამისთვის ყოველგვარ მსხვერპლზე იყვნენ მზად. ასევე თითქმის ორასი ქალიშვილი ჩამოვიდა მექქაში და აბდულლაჰს ცოლობას სთავაზობდა. მაგრამ აბდულმუტტალიბი თითოეულ მათგანს შესაფერისი სიტყვებით უარს ეუბნებოდა.

საქმე ის იყო, რომ აბდულმუტტალიბი თავისი ვაჟისთვის ჰანიფთა, ანუ მუსლიმთა შორის ყველაზე ზრდილ, უკეთილშობილეს და უმშვენიერეს ქალიშვილს ეძებდა, რომელიც იმ წინაპართა რჯულის ერთგული იქნებოდა, რომელსაც იბრაჰიმიდან (ალეიჰისსელამ) მოყოლებული მისდევდნენ.

როცა ისრაელის შვილები მიხვდნენ, რომ მათ წიგნებში ნაუწყები ბოლო ჟამის შუამავალი მათი ხალხიდან არ იქნებოდა, შურის გამო ფიცი დადეს, რომ აბდულლაჰს მოკლავდნენ. ამისთვის მექქაში სამოცდაათი შეიარაღებული კაცი გაგზავნეს. ისინი ხელსაყრელ შემთხვევას დაუდარაჯდნენ. ბოლოს, ერთ დღეს, როცა აბდულლაჰი მინდორში გავიდა, იმ წუთს, როცა ეგონათ, რომ არავინ ხედავდათ, ხმლები იშიშვლეს და თავს დაესხნენ. იმ დღეს ღვთიური სიბრძნით19 აბდულლაჰის ნათესავი ვეჰბ ბინ აბდი მენაფიც რამდენიმე მეგობართან ერთად სანადიროდ იყო გასული. სწორედ იმ დროს დაინახეს ისრაელის შვილები, რომლებიც აბდულლაჰს ეცნენ. ნათესაური გრძნობით აღძრულებმა გადაწყვიტეს, აბდულლაჰს დახმარებოდნენ და გადაერჩინათ. მაგრამ მოწინააღმდეგენი ძალიან ბევრნი იყვნენ. ცხადი იყო, რომ ამ შეტაკებაში დამარცხდებოდნენ. ბოლოს გადაწყვიტეს, რჩევა-დარიგებით ეცადათ. როცა მათ მიუახლოვდნენ, დაინახეს, როგორ მოევლინა უხილავიდან ელვასავით ხმალამოღებული უამრავი ცხენოსანი, ამქვეყნად რომ არავის ჰგავდნენ, შავ ცხენებზე ამხედრებულები; როგორ ეცნენ ისინი თექბირის ძახილით ისრაელის შვილებს, ყველანი ხმლით აკაფეს და გაქრნენ. ვეჰბი ამან გააოცა და მიხვდა, როგორ იყო აბდულლაჰი დაცული და რა ძვირფასი იყო ის უზენაესი ალლაჰის წინაშე.

სახლში რომ მივიდა, ყველაფერი ცოლს უამბო. ორივე მიხვდა, რომ აბდულლაჰი მათი ქალიშვილის ღირსი ჭაბუკი იყო, და გადაწყვიტეს, ამინე მისთვის მიეთხოვებინათ.

„მე ორი სამსხვერპლოს შვილი ვარ“ ჰადისი შერიფი

აბდულმუტტალიბსაც გაეგონა ბენი ზუჰრეს ტომის მეთაურის, ვეჰბის ქალიშვილის, ამინეს სილამაზის, უბიწოებისა და მორცხვობის, რჯულისადმი ერთგულების შესახებ. გვარითაც ნათესავები იყვნენ: მათი გვარები რამდენიმე თაობის წინ ერთდებოდა. ამ ქალიშვილის თავისი ვაჟისთვის, აბდულლაჰისთვის, სათხოვნელად ვეჰბის სახლში მივიდა. როცა აბდულმუტტალიბმა ვეჰბის ქალიშვილი თავისი ვაჟისთვის, აბდულლაჰისთვის, სთხოვა, ვეჰბმა უთხრა: „ბიძაშვილო! ეს შემოთავაზება თქვენზე ადრე მივიღეთ.“ შემდეგ უამბო ამბავი, რომლის მოწმეც იყო, და ესეც დაუმატა: „ამინეს დედამ სიზმარი ნახა. როგორც მოგვითხრო, ჩვენს სახლში სხივი შემოსულა და მისი ნათელი მიწასა და ცას მოსდებია. მეც ამ ღამით სიზმარში ჩვენი წინაპარი იბრაჰიმი (ალეიჰისსელამ) ვიხილე. მითხრა: ‚აბდულმუტტალიბის ვაჟის, აბდულლაჰისა და შენი ქალიშვილის, ამინეს ქორწინება (ნიქაჰი) მე შევკარი. შენც მიიღე!‘ დილიდან ამ სიზმრის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ვფიქრობდი, ნეტავ როდის მოვლენ-მეთქი.“ ეს რომ გაიგონა, აბდულმუტტალიბს ენიდან აღმოხდა: „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“

ბოლოს თავისი თვრამეტი წლის ვაჟი აბდულლაჰი ვეჰბის თოთხმეტი წლის ქალიშვილზე, ამინეზე, დააქორწინა. ამინესა და აბდულლაჰის დაქორწინების შესახებ სხვა გადმოცემებიც არსებობს.20

მისი დალოცვილი სხივი დედაზე გადადის

როცა სამყაროს ბატონის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დალოცვილი სხივი დედამისზე გადავიდა, მგლები და ფრინველები ერთმანეთს ახარებდნენ:

„ახლოვდება ჟამი, როცა სამყაროს ბატონი თავისი მობრძანებით პატივს დასდებს ქვეყანას; ის არის დედამიწის ემინი21და ჟამის მზე.“ იმ ღამეს ქააბაში ყველა კერპი პირქვე დაემხო. ეშმაკები უძლურნი გახდნენ და თავიანთ საქმეს ვეღარ აკეთებდნენ. ანგელოზებმა იბლისის ტახტი დაამსხვრიეს და ზღვაში გადააგდეს, თვით იბლისს კი ორმოცი დღე სჯიდნენ და აწამებდნენ. შემდეგ ის გაიქცა, ებუ ყუბეისის მთაზე ავიდა და საშინლად აღრიალდა. იბლისის ეს ღრიალი რომ გაიგონეს, მისი ყველა ლაშქარი მის გარშემო შეიკრიბა. მათ უთხრა: „ვაი თქვენს დღეს! მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) დაბადება მოახლოვდა. ამიერიდან ლათს და უზზას აღარ ეთაყვანებიან. თევჰიდის სხივი მთელ სამყაროს მოედება.“ იმ ღამეს ყველა ჯადოქარი და მკითხავი თავის საქმეში უძლური შეიქნა. მკითხაობა დასრულდა. მათმა ჯადოსნობამ ძალა დაკარგა. იმ ღამეს დედამიწაზე მყოფებმა ციდან ხმა გაიგონეს: „მოახლოვდა ჟამი, როცა ბოლო ჟამის შუამავალი ათასობით სიკეთითა და წყალობით მოვა.“

იმ დროს მექქეი მუქერრემეში გვალვა იყო. წლების განმავლობაში წვიმა არ მოსულიყო. ხეებზე ერთი მწვანე ფოთოლიც აღარ იყო, მოსავლის კვალიც აღარ ჩანდა. ხალხი გაჭირვებაში ჩავარდა და არ იცოდა, რა ექნა. როცა ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი სხივი ჰაზრეთი აბდულლაჰიდან ჰაზრეთი ამინეზე გადავიდა, იმდენი წვიმა მოვიდა და იმდენი მოსავალი მოიწია, რომ იმ წელს „სიუხვის წელი“ უწოდეს. ჰაზრეთი ამინეს ცხრათვიანი ორსულობის განმავლობაში არავითარი ტკივილი და გაჭირვება არ განუცდია.

როცა ჩვენი დედა ამინე ორი თვის ორსული იყო, მისი მეუღლე აბდულლაჰი სავაჭროდ დამასკოში წავიდა. უკან დაბრუნებისას დაავადდა. მედინის მახლობლად, დარ-უნ ნაბიღაში, დედის მხრიდან ნათესავებთან, ნეჯჯარიანებთან, თვრამეტი თუ ოცდახუთი წლისა გარდაიცვალა.22 ეს ამბავი რომ მექქაში გაიგეს, მთელი ქალაქი მწუხარებამ მოიცვა.23

„როცა შუამავლის მამა, აბდულლაჰი, შვილის დაბადებამდე გარდაიცვალა, ანგელოზებმა თქვეს: ‚ჩვენო უფალო! შენი შუამავალი ობლად დარჩა‘“ აბდულლაჰ იბნი აბბასი (რადიალლაჰუ ანჰუმა)

საჰაბეთაგან აბდულლაჰ იბნი აბბასმა (რადიალლაჰუ ანჰუმა) ასე გვამცნო: „როცა შუამავლის მამა, აბდულლაჰი, შვილის დაბადებამდე გარდაიცვალა, ანგელოზებმა თქვეს: ‚ჩვენო უფალო! შენი შუამავალი ობლად დარჩა.‘ უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‚მისი მფარველი და შემწე მე ვარ.‘“

ამინე ჰათუნი მეუღლის სიკვდილმა ძალზე დაამწუხრა. ერთ ლექსში მისი გარდაცვალება ასე დაიტირა:

სრულიად მოულოდნელად მოუსწრო აღსასრულმა,
არადა რა ხელგაშლილი, რა გულმოწყალე იყო.

სპილოს ამბავი

სპილოს ამბავი

უკეთილშობილესი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დაბადებამდე დაახლოებით ორი თვე რჩებოდა. სწორედ მაშინ მოხდა სპილოს ამბავი. ეთიოპიის სამეფოს იემენის მმართველმა ებრეჰემ, რომელსაც სურდა, შეეჩერებინა ხალხის ნაკადი, ყოველი მხრიდან ქააბის მოსალოცად რომ მოდიოდა, ბიზანტიის იმპერატორის დახმარებით სან’აში დიდი ეკლესია ააშენებინა, რომელსაც „ყულეისი“ დაარქვეს. სურდა, რომ ხალხს ეს ეკლესია მოელოცა. არაბები კი, რადგან ძველთაგანვე ქააბას სტუმრობდნენ, ებრეჰეს აშენებულ ეკლესიას სრულიად არ სცემდნენ პატივს. მას ზიზღით უყურებდნენ. ერთმა მათგანმა ეკლესია შებღალა კიდეც.

ამით განრისხებულმა ებრეჰემ ქააბის დანგრევა გადაწყვიტა; ამ მიზნით დიდი ლაშქარი შეკრიბა და მექქისკენ დაიძრა. როცა ებრეჰეს ლაშქარი მექქას მიუახლოვდა, ჯარისკაცებმა ყურაიშელთა ქონების ძარცვა დაიწყეს და აბდულმუტტალიბის კუთვნილ ორას აქლემსაც დაეპატრონენ. აბდულმუტტალიბი ებრეჰესთან მივიდა და თავისი აქლემები მოითხოვა. ებრეჰემ თქვა: „მე თქვენი წმინდა ქააბის დასანგრევად მოვედი. შენ კი მის დაცვას არ ცდილობ და აქლემებს ითხოვ?“

აბდულმუტტალიბმა თქვა: „მე აქლემების პატრონი ვარ. ქააბას კი, რა თქმა უნდა, თავისი პატრონი ჰყავს. ის დაიცავს მას.“ „ჩემგან მას ვერავინ დაიცავს!“ – თქვა ებრეჰემ, აბდულმუტტალიბს აქლემები დაუბრუნა და გაისტუმრა. შემდეგ ლაშქარს ქააბისკენ დაძვრა უბრძანა. ებრეჰეს ლაშქარში იყო სპილო, სახელად „მაჰმუდე“; მას ლაშქრის წინ მიუძღოდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ასე გაიმარჯვებდნენ. ებრეჰეს ერთ-ერთი მეგზური, ნუყაილ ბინ ლებიბი, უზარმაზარ სპილოს ყურთან დაიხარა და უთხრა: „მაჰმუდე, სახლი, რომლის დასანგრევადაც მიდიხარ, უზენაესი ალლაჰის სახლია. მაშინვე დაიჩოქე! წინ ნუ წახვალ! თორემ დაიღუპები!“ როცა ებრეჰემ სპილო ქააბისკენ მიაბრუნა, სპილომ დაიჩოქა და ადგილიდან აღარ იძვროდა. როცა კი იემენისკენ მიაბრუნეს, მაშინვე სირბილით გაემართა.

ასე, მექქასთან მიახლოებულ, მაგრამ შეტევის ძალა რომ აღარ შესწევდა, ებრეჰეს ლაშქარს უზენაესმა ალლაჰმა ფრინველთა გუნდი მოუვლინა, რომლებსაც ებაბილი, ანუ მთის მერცხლები ეწოდება. თითოეულ ამ ფრინველს მუხუდოს ან ოსპის ოდენა სამ-სამი კენჭი მოჰქონდა: ერთი ნისკარტით, ორი – ფეხებით. ისინი ებრეჰეს ლაშქარს დააყარეს. კენჭები ჯარისკაცებს თავიდან ქვემოთ ხვრეტდა და გასდიოდა. ყოველი ჯარისკაცი, რომელსაც კენჭი მოხვდა, მაშინვე კვდებოდა. როგორც წმინდა აიათშია ნაუწყები, ლაშქარი ნაჭამ ყანის ფოთლებს დაემსგავსა. ეს რომ დაინახა, ებრეჰე შეშფოთდა და გაქცევა მოინდომა. მაგრამ ვერ გაიქცა. კენჭების მთავარი სამიზნე თვითონ იყო და მასაც მოხვდა. გარბოდა და ხორცი ნაჭერ-ნაჭერ სცვიოდა, ასე მოკვდა. ეს ამბავი წმინდა ყურანის სურა ფილში შინაარსით ასეა ნაუწყები: „(ჩემო შუამავალო!) განა არ გინახავს, როგორ მოექცა შენი უფალი სპილოს პატრონებს (ქააბის დანგრევა რომ სურდათ, სპილოებით აღჭურვილ ებრეჰეს ლაშქარს)? განა არ ჩაუშალა მათ ზრახვები (ქააბეი მუაზზამას დანგრევისა)? და მიუსია მათ ფრინველთა გუნდები. თითოეული ეს ფრინველი მათ ცეცხლში გამომწვარი თიხის ქვებს ესროდა. ბოლოს უზენაესმა ალლაჰმა ისინი ჩრჩილისგან ნაჭამი ყანის ფოთლებივით გაანადგურა. (მატლებისგან დაღრღნილ, დაქუცმაცებულ ყანის ფოთლებად აქცია.)“24

„მე აქლემების პატრონი ვარ. ქააბას კი, რა თქმა უნდა, თავისი პატრონი ჰყავს. ის დაიცავს მას“ შეიბეთულ ჰამდი

არაბეთი და მის გარშემო მდებარე კულტურის ცენტრები