ტანჯვა, წამება და ჩაგვრა
ყურაიშის წარჩინებული კერპთაყვანისმცემლები ახლა, როცა კი ჩვენს შუამავალს მარტოს ნახავდნენ, თავს ესხმოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცემასაც კი ცდილობდნენ. არც მისი საჰაბეების წამებას ერიდებოდნენ. ერთ დღეს ყურაიშის წარჩინებული კერპთაყვანისმცემლები ქააბასთან ისხდნენ. ჩვენს შუამავალზე ლაპარაკი წამოიწყეს: „არაფრისთვის ისე არ მოგვითმენია, როგორც მისთვის. გვეუბნება, რომ უგუნურები ვართ, ჩვენს ღმერთებს ამცირებს და აძაგებს, ჩვენს რჯულს ჰკიცხავს, ჩვენს თემს ერთმანეთს აშორებს, ჩვენ კი მაინც ვითმენთ და არაფერს ვამბობთ.“ სწორედ ამ დროს უკეთილშობილესი ჰაბიბი ქააბის მოსანახულებლად მობრძანდა. ჰაჯერულ-ესვედს (შავ ქვას) ეამბორა და თავაფი დაიწყო. როცა მათ გვერდით ჩაიარა, კერპთაყვანისმცემლებმა ჩვენს შუამავალს შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახეს. ალლაჰის შუამავალს ეს ძალიან ეწყინა, მაგრამ არაფერი უთქვამს და თავაფი განაგრძო. როცა მესამედ ჩაუარა მათ, შეჩერდა და ბრძანა: „ყურაიშელებო! მომისმინეთ! ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომლის ძლიერების ხელშიცაა ჩემი სული: მე მეუწყა, რომ განადგურდებით!“
იქ მყოფმა კერპთაყვანისმცემლებმა არ იცოდნენ, რა ექნათ, და გაშეშდნენ. ერთმაც ვერ დაძრა ენა. მხოლოდ ებუ ჯეჰლი მივიდა ალლაჰის შუამავალთან და ხვეწნა დაუწყო: „ებულ ყასიმ! შენ ჩვენთვის უცხო არ ხარ. ჩვენს უხეშ საქციელს ნუ მიაქცევ ყურადღებას, შენი ღვთისმსახურება განაგრძე. იმდენად უმეცარი არ ხარ, რომ ჩვენ აგვყვე.“ ამის შემდეგ მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) იქიდან წავიდა. მეორე დღეს კერპთაყვანისმცემლები იმავე ადგილას შეიკრიბნენ და ჩვენი შუამავლის წინააღმდეგ ავი სიტყვების როშვა დაიწყეს. სწორედ ამ დროს იქ ალლაჰის შუამავალი მობრძანდა. კერპთაყვანისმცემლები მაშინვე თავს დაესხნენ უზენაესი ალლაჰის ჰაბიბს. მათ შორის ერთ-ერთმა ყველაზე უბედურმა, უყბე ბინ მუ’აიტმა, ჩვენს საყვარელ შუამავალს დალოცვილ საყელოში ჩაავლო ხელი. დალოცვილ კისერზე ისე მოუჭირა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო. ამ დროს იქ ჰაზრეთი ებუ ბექირი მოვიდა. იყვირა: „კაცს კლავთ, რომელიც ამბობს: ‚ჩემი უფალი ალლაჰია‘? ის ხომ სამყაროთა უფლისგან აიათები მოგიტანათ!…“ და ალლაჰის შუამავლის დასაცავად მათ შორის შევარდა. კერპთაყვანისმცემლებმა ჰაბიბულლაჰი მიატოვეს და ებუ ბექირ სიდდიყს დაესხნენ თავს. დალოცვილ თავში მუშტებსა და წიხლებს ურტყამდნენ. ერთმა უბედურმა, უთბე ბინ რებიამ, ჰაზრეთი ებუ ბექირს დალოცვილ სახეში ფეხსაცმლით ურტყა და სისხლში ამოსვარა. ამოუცნობი გახადა. თეიმიანები რომ არ მისულიყვნენ და ისინი არ გაეშველებინათ, სიკვდილამდე სცემდნენ. მისი ტომის წევრებმა დაუძლურებული და სავალალო დღეში ჩავარდნილი ჰაზრეთი ებუ ბექირი ზეწარში ჩადეს და სახლში წაიყვანეს. მაშინვე უკან, ქააბასთან, დაბრუნდნენ და თქვეს: „თუ ებუ ბექირი მოკვდება, ვფიცავთ, ჩვენც მოვკლავთ უთბეს!“ შემდეგ ჰაზრეთი ებუ ბექირთან მივიდნენ.1 ჰაზრეთი ებუ ბექირი დიდხანს ვერ მოეგო გონს.
მამამისი და ბენი თეიმის ტომის ხალხი დიდხანს ცდილობდნენ მის გონს მოყვანას. მხოლოდ საღამოსკენ მოვიდა გონს. თვალი თუ არა გაახილა, სუსტი ხმით ძლივს თქვა: „რას აკეთებს ალლაჰის შუამავალი? როგორ არის? მასაც ხომ არ გალანძღეს, მასაც ხომ არ მიაყენეს შეურაცხყოფა?“ დედამისს, უმმულ ჰაირს, უთხრეს: „აბა, ჰკითხე, ხომ არ შეჭამს ან დალევს რამეს?“ ებუ ბექირ სიდდიყს ძალა სულ არ ჰქონდა. არც ჭამა უნდოდა და არც სმა. როცა სახლი დაცარიელდა, დედამ ჰკითხა: „რას შეჭამ, რას დალევ?“ მან კი თვალები გაახილა და საკუთარ ტკივილსა და ჭრილობებზე კი არა, თავის სიცოცხლეზე უფრო საყვარლის მდგომარეობაზე იკითხა: „როგორ არის ალლაჰის შუამავალი, რას აკეთებს?“
„ყურაიშელებო! მომისმინეთ! ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომლის ძლიერების ხელშიცაა ჩემი სული: მე მეუწყა, რომ განადგურდებით!“ ჩვენი საყვარელი შუამავალი მუჰამმედი (ალეიჰისსელამ)
დედამ უპასუხა: „ალლაჰს ვფიცავ, შენი მეგობრის შესახებ არაფერი ვიცი!“ ჰაზრეთი ებუ ბექირმა უთხრა: „ჰატტაბის ქალიშვილთან, უმმუ ჯემილთან, წადი და ალლაჰის შუამავალზე მას ჰკითხე!“
უმმუ ჯემილი ჰაზრეთი ომერის და იყო და უკვე მუსლიმი გამხდარიყო. ჰაზრეთი ებუ ბექირის დედა უმმუ ჯემილთან მივიდა და უთხრა: „ჩემი შვილი, ებუ ბექირი, მუჰამმედზე (ალეიჰისსელამ) გეკითხება. როგორ არის?“ უმმუ ჯემილმა თქვა: „მე არც მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) და არც ებუ ბექირის შესახებ არაფერი ვიცი! თუ გინდა, ერთად წავიდეთ.“ როცა უმმულ ჰაირმა თქვა: „კარგი“, ჰაზრეთი ებუ ბექირთან მივიდნენ. როცა უმმუ ჯემილმა ებუ ბექირ სიდდიყი ასეთ სავალალო მდგომარეობაში, ჭრილობებითა და სილურჯეებით დაფარული ნახა, თავი ვეღარ შეიკავა, შეჰკივლა და თქვა: „ხალხი, რომელმაც ეს დაგმართა, უეჭველად თავგასული და ზღვარგადასულია. უზენაეს ალლაჰს ვევედრები, რომ ჩადენილის საზღაური მიიღონ.“ ჰაზრეთი ებუ ბექირმა უმმუ ჯემილს ჰკითხა: „რას აკეთებს ალლაჰის შუამავალი, როგორ არის?“ როცა უმმუ ჯემილმა უთხრა: „აქ დედაშენია, გაიგონებს, რასაც ვიტყვი“, ჰაზრეთი ებუ ბექირმა უთხრა: „მისგან შენ არაფერი გავნებს, შენს საიდუმლოს არ გაამჟღავნებს.“ უმმუ ჯემილმა თქვა: „ცოცხალია, კარგად არის.“ კვლავ ჰკითხა: „ახლა სად არის?“ უმმუ ჯემილმა უპასუხა: „ერყამის სახლშია.“ ჰაზრეთი ებუ ბექირმა თქვა: „ალლაჰს ვფიცავ, სანამ არ წავალ და ალლაჰის შუამავალს არ ვნახავ, არც საჭმელს შევჭამ და არც რამეს დავლევ!“ დედამ უთხრა: „ახლა ცოტა მოიცადე! ყველას დაეძინოს და მაშინ წავალთ.“
როცა ყველას დაეძინა და ქუჩები დაცარიელდა, ჰაზრეთი ებუ ბექირი დედასა და უმმუ ჯემილს დაეყრდნო და ნელ-ნელა ალლაჰის შუამავალთან მიაღწია. მოეხვია და ეამბორა. თავის ძმებს, მუსლიმებს, გადაეხვია. ჰაზრეთი ებუ ბექირის ამ მდგომარეობამ ჩვენი შუამავალი ძალიან დაამწუხრა. ჰაზრეთი ებუ ბექირმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! მამაჩემი და დედაჩემი შენ შეგეწიროს! იმის გარდა, რომ იმ თავგასულმა კაცმა სახე მიწაზე მითრია და ამოუცნობი გამხადა, სხვა დარდი არა მაქვს! ეს ქალი, ჩემ გვერდით რომ დგას, დედაჩემი სელმაა, რომელმაც მშობა. გთხოვთ, მისთვის ვედრება აღავლინოთ. იქნებ უზენაესმა ალლაჰმა შენი პატივისთვის ის ჯოჯოხეთის ცეცხლს გადაარჩინოს.“ ამის შემდეგ ჩვენი საყვარელი შუამავალი უზენაეს ალლაჰს შეევედრა, რომ სელმა მუსლიმი გამხდარიყო. უზენაესმა ალლაჰმა ალლაჰის შუამავლის ვედრება შეისმინა. ასე უმმულ ჰაირიც ჰიდაიეთს (ჭეშმარიტ გზას) ეწია, მუსლიმი გახდა და პირველ მუსლიმთა შორის ყოფნის პატივი ერგო.
დაე, გაუხმეს ხელები ებუ ლეჰებს
ჩვენი შუამავლის სახლი ორი გამძვინვარებული კერპთაყვანისმცემლის, ებუ ლეჰებისა და უყბე ბინ მუ’აიტის, სახლებს შორის იდგა. ისინი ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ცდილობდნენ, ჩვენი საყვარელი შუამავლისთვის რაიმე ევნოთ. ღამღამობით ალლაჰის შუამავლის კარის წინ ცხოველების ფაშვებსაც კი ყრიდნენ. ბიძამისი, ებუ ლეჰები, ამითაც არ კმაყოფილდებოდა და თავისი მეზობლის, ადიის, სახლიდან ქვებს ესროდა და ასე აწვალებდა.
არც მისი ცოლი, უმმუ ჯემილი, ჩამოუვარდებოდა მას: შეგროვილ ეკლიან ტოტებს იმ გზებზე ყრიდა, საითაც ალლაჰის შუამავალს უნდა ევლო, რომ მის დალოცვილ ფეხებს შესობოდა. ერთ დღეს, როცა ებუ ლეჰები მოტანილ ბინძურობას ჩვენი შუამავლის კარის წინ ყრიდა, ჰაზრეთი ჰამზამ დაინახა. მაშინვე მიირბინა, თავის ძმას, ებუ ლეჰებს, ხელი სტაცა და მოტანილი ბინძურობა თავზე გადაასხა.
ებუ ლეჰებისა და მისი ცოლის ამ ავკაცობის შემდეგ მათ შესახებ გარდამოევლინა სურა თებბეთი, რომელიც ასე იწყება: „დაე, გაუხმეს ხელები ებუ ლეჰებს, უკვე გაუხმა კიდეც…“. როცა ებუ ლეჰების ცოლმა, უმმუ ჯემილმა, გაიგო, რომ მათ შესახებ სურა გარდამოევლინა, ჩვენი შუამავლის ძებნა დაიწყო. როცა შეიტყო, რომ ქააბასთან იყო, ხელში დიდი ქვა აიღო და იქ წავიდა. ჰაზრეთი ებუ ბექირი სწორედ მაშინ ჩვენს შუამავალთან იჯდა და მასთან საუბრის პატივს ეზიარებოდა.
როცა უმმუ ჯემილი ხელში ქვით დაინახა, თქვა: „ალლაჰის შუამავალო! უმმუ ჯემილი მოდის. ძალიან ბოროტი ქალია, მეშინია, რამე არ გავნოთ. ერთ კუთხეში რომ გადახვიდეთ და მის ავკაცობას გადაურჩეთ!“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ის მე ვერ დამინახავს.“ უმმუ ჯემილი ჰაზრეთი ებუ ბექირს თავზე წაადგა და მდაბალი სიტყვები წარმოთქვა: „ებუ ბექირ! ჩქარა მითხარი, სად არის ის შენი მეგობარი! მე და ჩემი ქმარი ლექსით გაგვკილა და დაგვძრახა. თუ ის პოეტია, მეც პოეტი ვარ და ჩემი ქმარიც. აი, მეც ლექსით ვკილავ მას. ჩვენ მას ვეურჩებით, მის შუამავლობას არ ვაღიარებთ და არც მისი რჯული მოგვწონს. ვფიცავ, ერთხელ მაინც რომ დამენახა, ამ ქვას თავში ჩავარტყამდი…“ როცა ჰაზრეთი ებუ ბექირმა თქვა: „ჩემი ბატონი პოეტი არ არის და ლექსით არ გაუკილიხარ“, უმმუ ჯემილი შებრუნდა და წავიდა. ჰაზრეთი ებუ ბექირი ჩვენს შუამავალს მიუბრუნდა და ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! ვერ დაგინახათ?“ ბრძანა: „ვერ დამინახა. უზენაესმა ალლაჰმა მისი თვალი ისე გახადა, რომ ვერ დამინახავს.“2
ჩვენი შუამავლის დალოცვილი ქალიშვილი, ჰაზრეთი უმმუ გულსუმი, ებუ ლეჰების ვაჟზე, უთეიბეზე, იყო დანიშნული, ჰაზრეთი რუყაიიე კი – მის მეორე ვაჟზე, უთბეზე, მაგრამ ჯერ არ იყვნენ დაქორწინებულები.
როცა სურა თებბეთი გარდამოევლინა, ჯოჯოხეთის ღირსმა ებუ ლეჰებმა, მისმა ცოლმა და ყურაიშის წარჩინებულებმა უთბესა და უთეიბეს შესთავაზეს: „მისი ქალიშვილები რომ ცოლად აიყვანეთ, ტვირთი შეუმსუბუქეთ. მის ქალიშვილებს გაეყარეთ, რომ გაჭირვებაში ჩავარდეს. ყურაიშიდან რომელი ქალიშვილიც გინდათ, იმას შეგირთავთ.“ მათაც თქვეს: „კარგი, გავეყარეთ.“ ერთი ნაძირალა, უთეიბე, უფრო შორსაც წავიდა: ჩვენს შუამავალთან (სალლალლაჰუ თეალა ალეიჰი ვესელლემ) მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა: „მუჰამმედ! მე არც შენ გცნობ და არც შენს რჯულს. შენს ქალიშვილსაც გავეყარე. ამიერიდან არც შენ გიყვარდე მე და არც მე მეყვარები შენ! არც შენ მოხვიდე ჩემთან და არც მე მოვალ შენთან!…“ შემდეგ ჩვენს საყვარელ შუამავალს ეცა და დალოცვილ საყელოში ჩაავლო ხელი. პერანგი შემოახია და შეურაცხყოფა მიაყენა. ამაზე ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა დასწყევლა: „ჩემო უფალო! მას შენი მხეცთაგან ერთ-ერთი მიუსიე!“ როცა უბედური უთეიბე მამასთან მივიდა და მომხდარი უამბო, ებუ ლეჰებმა თქვა: „მეშინია მუჰამმედის წყევლისა ჩემი შვილის მიმართ.“ რამდენიმე დღის შემდეგ ებუ ლეჰებმა თავისი ვაჟი, უთეიბე, დამასკოში ვაჭრობისთვის გაგზავნა. ქარავანი ზერყად წოდებულ ადგილას ღამის გასათევად შეჩერდა. ირგვლივ ერთმა ლომმა ტრიალი დაიწყო. ეს თუ არა დაინახა, უთეიბემ თქვა: „ვაიმე! ვფიცავ, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) წყევლა შესრულდა. ეს ლომი შემჭამს! თუმცა თვითონ მექქაშია, ჩემი მკვლელი ის არის!“ ცოტა ხანში ლომი გაქრა. უთეიბე ერთ შემაღლებულ ადგილას დააწვინეს. ღამით ლომი კვლავ მოვიდა. ქარავნის წევრები სათითაოდ დაყნოსა და უთეიბეს მიადგა. ზედ შეახტა, მუცელი გაუფატრა, თავში ჩაავლო და საშინლად დაგლიჯა და გაათავა. „განა არ გეუბნებოდით, რომ მუჰამმედი ადამიანთა შორის ყველაზე სიტყვამართალია?!“ – ყვიროდა უთეიბე, ვიდრე სული არ ამოხდა. ებუ ლეჰებმაც, როცა გაიგო, რომ შვილი ლომმა დაგლიჯა, ტირილით თქვა: „განა არ გეუბნებოდით, რომ მეშინია მუჰამმედის წყევლისა ჩემი შვილის მიმართ?“3
„დაე, გაუხმეს ხელები ებუ ლეჰებს (დაიღუპოს), უკვე გაუხმა კიდეც. ვერ უშველა მას ვერც სიმდიდრემ (მამისგან დარჩენილმა მემკვიდრეობამ) და ვერც მონაგებმა. მალე აგზნებულ ცეცხლში შევა, ცოლიც, შეშის მზიდავი, კისერზე გრეხილი თოკით“ თებბეთ: 1–5
ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ადამიანებს მარადიული ნეტარებისკენ მოუწოდებდა; უზენაესი ალლაჰის არსებობისა და ერთობის რწმენისკენ მოწოდებით ცდილობდა, რომ ჯოჯოხეთში არ დამწვარიყვნენ. კერპთაყვანისმცემლები კი ამბობდნენ: „ეს ჩვენი მამების რჯულია“, და კერპთაყვანისმცემლობას განაგრძობდნენ. ჩვენი შუამავალი მათ მოუწოდებდა, ადამიანურად ეცხოვრათ, ღირსეულნი და პატიოსნები ყოფილიყვნენ, არარაობას დაღწეოდნენ და მაღალ, ამაღლებულ საფეხურებზე ასულიყვნენ. ისინი კი თავიანთ სიჯიუტეს არ იშლიდნენ. ებუ ლეჰები შეურაცხმყოფელთა და მტანჯველთა სათავეში იდგა. ალლაჰის შუამავალს გამუდმებით უკან დასდევდა და ცდილობდა, ხალხი მისი მოსმენისგან აეცდინა და მათ გონებაში ეჭვი ჩაენერგა. თავშეყრის ადგილებსა და ბაზრობებზე, როცა კი ალლაჰის შუამავალი ბრძანებდა: „ხალხო! თქვით ‚ლა ილაჰე ილლალლაჰ‘, რომ გადარჩეთ!“, ის მაშინვე უკან მიჰყვებოდა და ამბობდა: „ხალხო! ეს მოლაპარაკე ჩემი ძმისშვილია. არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ მის სიტყვებს. მისგან შორს დადექით!“
ერთ დღეს მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) ქააბასთან ნამაზს ასრულებდა. შვიდკაციანი კერპთაყვანისმცემელთა ჯგუფი, რომელშიც ყურაიშის წარჩინებულები – ებუ ჯეჰლი, შეიბე ბინ რებია, უთბე ბინ რებია და უყბე ბინ ები მუ’აიტი – იყვნენ, მოვიდა და ალლაჰის შუამავლის ახლოს ჩამოჯდა. იქვე წინა დღით დაკლული აქლემის ფაშვი და ნარჩენები ეყარა. მდაბალი ებუ ჯეჰლი თავის გვერდით მყოფთ მიუბრუნდა და საზიზღარი წინადადება მისცა: „თქვენგან ვინ აიღებს აქლემის ამ ფაშვს და, როცა მუჰამმედი სეჯდეზე დაემხობა, ორ მხარს შუა დაადებს?“ იქ მყოფთა შორის ყველაზე ზალიმმა, ყველაზე სასტიკმა, ყველაზე უმოწყალომ და ყველაზე უბედურმა, უყბე ბინ ები მუ’აიტმა, თქვა: „მე“, და მაშინვე წამოდგა. როცა ჩვენი შუამავალი სეჯდეში იყო, ფაშვი მთელი თავისი შიგთავსით დალოცვილ მხრებზე დაადო. ამის მაყურებელი კერპთაყვანისმცემლები სიცილით იფხრიწებოდნენ. ჩვენი შუამავალი სეჯდეს აგრძელებდა და დალოცვილ თავს არ სწევდა. ამ დროს საჰაბეთაგან აბდულლაჰ ბინ მეს’უდმა დაინახა ეს ამბავი. მან ასე უამბო:
„როცა ალლაჰის შუამავალი ამ დღეში ვნახე, სისხლი თავში ამივარდა. მაგრამ არ მყავდა არც ხალხი, არც ტომი, რომელიც კერპთაყვანისმცემლებისგან დამიცავდა. უპატრონო ვიყავი, სუსტი. იმ წამს ლაპარაკის ძალაც კი არ შემწევდა. ფეხზე ვიდექი და დიდი მწუხარებით ვუყურებდი ალლაჰის შუამავალს.
ნეტავ მაშინ ძალა ან მფარველი მქონოდა, რომელიც კერპთაყვანისმცემლებისგან დამიცავდა, რომ შუამავლის (ალეიჰისსელამ) დალოცვილ მხრებზე დადებული ამეღო და გადამეგდო! სანამ ასე ვიდექი, ალლაჰის შუამავლის ქალიშვილს, ჰაზრეთი ფატიმას, შეატყობინეს. ფატიმა მაშინ პატარა იყო. სირბილით მოვიდა და მამამისს ზედ დადებული მოაშორა. ვინც ეს ჩაიდინა, დასწყევლა და მძიმე სიტყვები უთხრა. ალლაჰის შუამავალმა კი, თითქოს არაფერი მომხდარიყო, ნამაზი დაასრულა და სამჯერ ბრძანა:
‚ჩემო ალლაჰო! ყურაიშის ამ ჯგუფს შენ მოგანდობ! ჩემო ალლაჰო! ებუ ჯეჰლს, ამრ ბინ ჰიშამს, შენ მოგანდობ! ჩემო ალლაჰო! უთბე ბინ რებიას შენ მოგანდობ! ჩემო ალლაჰო! შეიბე ბინ რებიას შენ მოგანდობ! ჩემო ალლაჰო! უყბე ბინ მუ’აიტს შენ მოგანდობ! ჩემო ალლაჰო! უმეიიე ბინ ჰალეფს შენ მოგანდობ! ჩემო ალლაჰო! ველიდ ბინ უთბეს შენ მოგანდობ! ჩემო ალლაჰო! უმარე ბინ ველიდს შენ მოგანდობ!‘
როცა კერპთაყვანისმცემლებმა თავიანთ თავზე თქმული ეს წყევლა გაიგონეს, სიცილი შეწყვიტეს. შიშმა შეიპყრო, რადგან სწამდათ, რომ ბეითულლაჰში აღვლენილი ვედრება შეისმინება. ალლაჰის შუამავალმა ებუ ჯეჰლს უთხრა: ‚ალლაჰს ვფიცავ, ან ამაზე ხელს აიღებ, ან უზენაესი ალლაჰი თავს რაიმე უბედურებას დაგატეხს!‘ უზენაეს ალლაჰს ვფიცავ, ვნახე, რომ ყოველი მათგანი, ვისი სახელებიც ალლაჰის შუამავალმა ახსენა, ბედრის ბრძოლაში მოკლეს და მიწაზე გაშოტეს, შემდეგ კი, როგორც სიცხისგან აყროლებული ლეში, ბედრის ორმოში ჩაყარეს.“
ერთ დღეს ებუ ჯეჰლმა ბეითულლაჰში ყურაიშელ კერპთაყვანისმცემლებს უთხრა: „ყურაიშელებო! ხედავთ, რომ მუჰამმედი არ წყვეტს ჩვენი რჯულის ძრახვას, ჩვენი კერპებისა და მათი თაყვანისმცემელი მამა-პაპის ლანძღვას და ჩვენს უგუნურებად მიჩნევას. თქვენ წინაშე ვფიცავ და ვამბობ: ხვალ, როცა აქ ნამაზის შესასრულებლად მოვა და სეჯდეზე დაემხობა, ქვას, რომელსაც მეც კი ძლივს ავწევ, მთელი ძალით თავში ჩავარტყამ. მერე აბდულმუტტალიბიანებისგან დამიცავთ თუ არა – თქვენი ნებაა. მას შემდეგ, რაც მოვკლავ, მისმა ნათესავებმა რაც უნდათ, ის მიყონ…“ იქ მყოფი კერპთაყვანისმცემლები აქეზებდნენ: „ვფიცავთ, დაგიცავთ და არავის გადაგცემთ. ოღონდ შენ მოკალი ის!“ დილით ებუ ჯეჰლი ხელში უზარმაზარი ქვით მოვიდა ქააბასთან. კერპთაყვანისმცემლებთან ჩამოჯდა და ლოდინი დაიწყო. ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ), ჩვეულებისამებრ, ბეითულლაჰში მობრძანდა და ნამაზის შესრულება დაიწყო. ებუ ჯეჰლი წამოდგა და ალლაჰის შუამავლისკენ წავიდა, რომ ხელში დაჭერილი უზარმაზარი ქვა ჩაერტყა. ყველა კერპთაყვანისმცემელი სულგანაბული ადევნებდა თვალს ამბავს. როცა ებუ ჯეჰლი ალლაჰის შუამავალს მიუახლოვდა, უცებ კანკალი აუტყდა. უზარმაზარი ქვა ხელიდან ძირს დაუვარდა, ფერი ნაცარივით დაეკარგა და დიდი შიშით უკან დაიხია. გაოცებული კერპთაყვანისმცემლები ებუ ჯეჰლთან მივიდნენ და ჰკითხეს: „ამრ ბინ ჰიშამ! თქვი, რა მოხდა?“ ებუ ჯეჰლმა თქვა: „სწორედ რომ მის მოსაკლავად ქვა ავწიე, წინ გაცოფებული აქლემი გადამეღობა. ვფიცავ, მთელი სიცოცხლე ასეთი მაღალფეხება, ბასრკბილება, შიშის ზარის დამცემი აქლემი არც მინახავს და არც გამიგონია. ცოტა კიდევ რომ მივახლოვებოდი, უეჭველად მომკლავდა.“ სხვა დროს ებუ ჯეჰლმა კერპთაყვანისმცემლები შეკრიბა და ჰკითხა: „აბდულლაჰის ობოლი აქ ნამაზს ასრულებს და სახეს მიწაზე ისვამს?“ მათ თქვეს: „კი.“ ებუ ჯეჰლმა, რომელიც სწორედ ამ სიტყვას ელოდა, თქვა: „თუ ასე დავინახე, თავს ფეხით გავუჭყლეტ.“ ერთ დღეს შუამავალთა ბატონი ქააბასთან ნამაზად დადგა. ებუ ჯეჰლიც თავის მეგობრებთან ერთად იჯდა. წამოდგა და ალლაჰის შუამავლისკენ (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წავიდა. ძალიან ახლოს მივიდა. მაგრამ უცებ ხელით სახის წმენდა დაიწყო და გაქცევას მოჰყვა. კერპთაყვანისმცემლები მასთან მივიდნენ და უთხრეს: „რა მოხდა, რა დაგემართა?“ ებუ ჯეჰლმა უპასუხა: „ჩვენ შორის ცეცხლის ორმო გაჩნდა. როცა დავინახე, რომ ვიღაცები თავს მესხმოდნენ, უკან დავბრუნდი.“ კერპთაყვანისმცემელთა წარჩინებულები, როგორებიც იყვნენ ველიდ ბინ მუღირე, ებუ ჯეჰლი (ამრ ბინ ჰიშამი), ესვედ ბინ მუტტალიბი, უმეიიე ბინ ჰალეფი, ესვედ ბინ აბდიიაღვესი, ას ბინ ვაილი და ჰარის ბინ ყაისი, ალლაჰის შუამავალს რომ დაინახავდნენ, დასცინოდნენ: „ესეც ჰგონია, რომ შუამავალია და ჯებრაილი მოდის მასთან.“ ამის გამო, ერთ დღეს, როცა უკეთილშობილესი ჰაბიბი ძალიან დამწუხრებული იყო, ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და რამდენიმე წმინდა აიათი მოიტანა. შინაარსით:
„(ჩემო შუამავალო!) ვფიცავ, შენამდე წარგზავნილ შუამავლებსაც დასცინეს. ვინც მათ (შუამავლებს) დასცინოდა და მასხრად იგდებდა, დაცინვის საზღაურად უბედურებამ და სასჯელმა ყოველი მხრიდან მოიცვა.“4 „ჩვენ ჭეშმარიტად საკმარისი ვართ შენთვის მათ წინააღმდეგ, ვინც დაგცინის. ესენი ისინი არიან, ვინც უზენაეს ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას აღიარებენ. მალე გაიგებენ (თავიანთ მომავალ ბედს). ჭეშმარიტად ვიცით, რომ მათი სიტყვების გამო (ალლაჰისთვის თანაზიარის დადგენის, წმინდა ყურანზე ენის დაგრძელებისა და შენდამი დამცინავი სიტყვების გამო) გული გეკუმშება და სული გეხუთება.“5
„ებუ ჯეჰლ! ალლაჰს ვფიცავ, ან ამაზე ხელს აიღებ, ან უზენაესი ალლაჰი თავს რაიმე უბედურებას დაგატეხს“ ჩვენი საყვარელი შუამავალი მუჰამმედი (ალეიჰისსელამ)
ერთ დღეს, როცა სამყაროს სულთანი ქააბეი მუაზზამას გარშემო თავაფს ასრულებდა, ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და თქვა: „მიბრძანეს, რომ მათ (დამცინავებს) სამაგიერო მივუზღო.“ ცოტა ხანში მათ წინ ველიდ ბინ მუღირემ ჩაიარა. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ჰკითხა: „როგორი კაცია ეს, ვინც ჩაიარა?“ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ის უზენაესი ალლაჰის ერთ-ერთი უსაძაგლესი მონაა.“ მაშინ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ველიდის ფეხზე მიუთითა და თქვა: „მას სამაგიერო მივუზღე!“ ცოტა ხანში ას ბინ ვაილმა ჩაიარა. მასზეც რომ იკითხა და იგივე პასუხი მიიღო, მუცელზე მიუთითა და თქვა: „მასაც თავისი ადგილი მივუჩინე!“ როცა ესვედ ბინ მუტტალიბმა ჩაიარა, თვალზე მიუთითა, აბდიიაღვესი რომ დაინახა – თავზე. ჰარის ბინ ყაისმა რომ ჩაიარა, მუცელზე მიუთითა და თქვა: „მუჰამმედ! უზენაესმა ალლაჰმა მათი ბოროტებისგან გიხსნა. მალე თითოეულ მათგანს რაიმე უბედურება დაატყდება.“
ას ბინ ვაილს ფეხში ეკალი შეერჭო. რამდენიც არ უნდა ემკურნალათ, ვერაფერი უშველეს. ბოლოს ფეხი აქლემის კისერივით გაუსივდა და „მუჰამმედის ალლაჰმა მომკლა!“ – ყვიროდა, ვიდრე სული არ ამოხდა.
ესვედ ბინ მუტტალიბი დაბრმავდა. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) მისი თავი ხეს მიახეთქა და დაღუპა.
ესვედ ბინ აბდიიაღვესს, როცა ბად-ი სემუმად წოდებულ ადგილას იმყოფებოდა, სახე და სხეული სულ გაუშავდა. სახლში რომ მივიდა, ვერ იცნეს და კარიდან გააგდეს. ჯავრით, სახლის კარზე თავის ხეთქებით მოკვდა.
ჰარის ბინ ყაისმა კი დამარილებული თევზი შეჭამა. სიცხე სულ უფრო და უფრო ემატებოდა. რამდენი წყალიც არ უნდა დაელია, წყურვილს ვერ იკლავდა. ბოლოს გასკდა და მოკვდა. ველიდ ბინ მუღირესაც წვივში რკინის ნატეხი შეერჭო. ჭრილობა არ მოურჩა, ბევრი სისხლი დაკარგა და ისიც „მუჰამმედის ალლაჰმა მომკლა!“ – ყვიროდა, ვიდრე სული არ ამოხდა.
ასე თითოეულმა მათგანმა თავისი საქციელის საზღაური მიიღო. ამასთან, წმინდა აიათებში ნაუწყებია, რომ კერპთაყვანისმცემლები ჯოჯოხეთში სამარადისოდ დარჩებიან. ერთ დღეს ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჰაქემ ბინ ებულ-ასს შეხვდა. როცა ჩვენი შუამავალი მას დაშორდა, ჰაქემი ზურგს უკან დასცინოდა და პირს, სახესა და ტანს იმანჭავდა.
უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შუამავლობის სხივით დაინახა, რასაც ჰაქემი აკეთებდა, და ევედრა, ასეთად დარჩენილიყო. ჰაქემის სხეულს კანკალი აუტყდა და სიცოცხლის ბოლომდე ასე დარჩა.
საჰაბეების წამება
კერპთაყვანისმცემლები მხოლოდ ჩვენს შუამავალს როდი აწვალებდნენ. მის დიდებულ საჰაბეებსაც (რადიალლაჰუ ანჰუმ) აწამებდნენ. განსაკუთრებით ღარიბებსა და უპატრონოებს ირჩევდნენ და, რაც კი შეეძლოთ, წარმოუდგენელ ძალადობასა და ჩაგვრას ყოველგვარი მორიდების გარეშე სჩადიოდნენ. ყველაზე მეტ წამებას ბილალ ჰაბეში, ზინნირე ჰათუნი, ჰაბბაბ ბინ ერეთი, ამმარ ბინ იასერი და მისი ოჯახი (რადიალლაჰუ ანჰუმ ეჯმაინ) განიცდიდნენ. ზოგს მზის სიცხეში გავარვარებული ქვებით სწვავდნენ, ზოგს მშიერ-მწყურვალს ამყოფებდნენ და აწამებდნენ: „მუჰამმედის რჯულს განუდექი!“ ისინი კი ამ აუტანელ ტანჯვას ითმენდნენ და ისლამის რჯულს არასოდეს განუდგნენ.
ალლაჰი ერთია, ალლაჰი ერთია
ჰაზრეთი ბილალი, ვინმე უმეიიე ბინ ჰალეფის მონა, ებუ ბექირ სიდდიყის მეშვეობით გახდა მუსლიმი. რადგან უმეიიეს თავის თორმეტ მონას შორის ყველაზე მეტად ბილალი უყვარდა, კერპების ტაძრის მცველად დააყენა. როცა ჰაზრეთი ბილალი მუსლიმი გახდა, ტაძარში ყველა კერპი პირქვე, სეჯდის მდგომარეობაში დაამხო. როცა ეს ამბავი უმეიიეს მიუვიდა, დიდმა შიშმა შეიპყრო. დაიბარა და ჰკითხა: „მუსლიმი გამხდარხარ. თურმე მუჰამმედის უფალს სეჯდით ეთაყვანები, ასეა?“ ჰაზრეთი ბილალმა თქვა: „დიახ. დიდსა და ამაღლებულ უზენაეს ალლაჰს ვუსრულებ სეჯდეს.“ როცა უმეიიემ ეს მისთვის არასასიამოვნო პასუხი მიიღო, მაშინვე მისი ტანჯვა და წამება დაიწყო. შუადღისას, როცა მზე ზედ თავზე ადგებოდა, ტანსაცმელს ხდიდა, სიცხისგან გავარვარებულ ქვებს შიშველ სხეულზე ადებდა და ასე სწვავდა. ცეცხლივით მწველი ქვების ნაწილს ზურგზე, ნაწილს კი მუცელზე რომ დაუხვავებდა, ეუბნებოდა: „ისლამის რჯულს განუდექი!.. ლათისა და უზზას კერპები ირწმუნე!“ ჰაზრეთი ბილალი კი თავის რწმენას ასე აცხადებდა: „უზენაესი ალლაჰი ერთია! უზენაესი ალლაჰი ერთია!“
როცა კი უმეიიე ბინ ჰალეფი მის ამ მოთმინებას ხედავდა, ცოფდებოდა, ეკლებზე ათრევდა, სხეულს უსერავდა და აწამებდა. ჰაზრეთი ბილალი კი სხეულიდან ღვარად მდინარე სისხლს ყურადღებას არ აქცევდა, ამბობდა: „ჩემო ალლაჰო! რაც შენგან მოდის, ვჯერდები! ჩემო ალლაჰო! რაც შენგან მოდის, ვჯერდები!“ და რწმენაში მტკიცედ იდგა. ჰაზრეთი ბილალმა თავისი ეს მდგომარეობა ასე აღწერა:
„ის ბინძური უმეიიე დღისით სიცხეში შემკრავდა, ღამით კი მაწამებდა. ცხელი დღე იყო. ჩვეულებისამებრ, ისევ დამიწყო წამება. ისლამისგან რომ განვმდგარიყავი, როცა კი მეუბნებოდა: ‚ჩვენს კერპებს ეთაყვანე! მუჰამმედის ალლაჰი უარყავი, უარყავი, უარყავი!‘, მე ვამბობდი: ‚ალლაჰი ერთია! ალლაჰი ერთია!‘ ჯავრის ამოსაყრელად იმ დღეს უზარმაზარი ლოდი დამადო მკერდზე. იმ წამს გული წამივიდა. როცა გონს მოვედი, დავინახე, რომ ლოდი ზემოდან აეღოთ და მზე ღრუბელს მიღმა მიმალულიყო. უზენაეს ალლაჰს მადლობა შევწირე და ჩემს თავს ვუთხარი: ‚ბილალ! ყველაფერი, რაც უზენაესი ალლაჰისგან მოდის, მშვენიერი და სასიამოვნოა.‘“
ერთ დღეს უმეიიე ბინ ჰალეფმა ბილალ ჰაბეში კვლავ გარეთ გაიყვანა საწამებლად. ტანსაცმელი გახადა, მხოლოდ საცვლის ამარა დატოვა, მწველ სიცხეში გავარვარებულ ქვიშაზე დააწვინა და ზემოდან ქვები დააყარა. კერპთაყვანისმცემლები შეიკრიბნენ და სასტიკად აწამებდნენ: „თუ რჯულს არ განუდგები, მოგკლავთ.“ ბილალ ჰაბეში კი ამ აუტანელი ტანჯვის ქვეშ ამბობდა: „ალლაჰი ერთია! ალლაჰი ერთია!“ ამ დროს იქ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჩაიარა. როცა ჰაზრეთი ბილალ ჰაბეშის ეს მდგომარეობა დაინახა, ძალიან დამწუხრდა და ბრძანა: „უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენება გიხსნის.“
სახლში დაბრუნებიდან ცოტა ხანში მასთან ჰაზრეთი ებუ ბექირი მივიდა. ჩვენმა შუამავალმა ებუ ბექირ სიდდიყს უამბო, რა ტანჯვას იტანდა ბილალ ჰაბეში, და ბრძანა: „ძალიან დავმწუხრდი.“ ჰაზრეთი ებუ ბექირი მაშინვე იქ წავიდა. კერპთაყვანისმცემლებს უთხრა: „ბილალს ასე რომ ექცევით, რას მოიგებთ? მე მომყიდეთ.“ მათ უთხრეს: „მთელი ქვეყნის ოდენა ოქრო რომ მოგვცე, არ მოგყიდით. მაგრამ შენს მონაზე, ამირზე, გაგიცვლით.“ ამირი, ჰაზრეთი ებუ ბექირის მონა, მის სავაჭრო საქმეებს უძღვებოდა და ბევრ ფულს შოულობდა. თავისი პირადი ქონების გარდა, ათი ათასი ოქრო ჰქონდა. ჰაზრეთი ებუ ბექირის თანაშემწე იყო და მის ყველა საქმეს წარმართავდა. მაგრამ ურწმუნო იყო და ურწმუნოებაზე (ქუფრზე) ჯიუტად იდგა. ჰაზრეთი ებუ ბექირმა თქვა: „ამირი მთელი თავისი ქონებითა და ფულით ბილალის სანაცვლოდ მოგეცით.“ უმეიიე ბინ ჰალეფმა და სხვა კერპთაყვანისმცემლებმა დიდად გაიხარეს და თქვეს: „ებუ ბექირი მოვატყუეთ.“
„(ჩემო შუამავალო!) ვფიცავ, შენამდე წარგზავნილ შუამავლებსაც დასცინეს. ვინც მათ (შუამავლებს) დასცინოდა და მასხრად იგდებდა, დაცინვის საზღაურად უბედურებამ და სასჯელმა ყოველი მხრიდან მოიცვა“ ენ’ამ: 10
ჰაზრეთი ებუ ბექირმა მაშინვე ბილალ ჰაბეშს მძიმე ქვები ზემოდან მოაშორა და ფეხზე წამოაყენა. ბილალ ჰაბეში მძიმე წამებისგან სრულიად დაუძლურებულიყო. ჰაზრეთი ებუ ბექირმა ხელი მოჰკიდა, პირდაპირ ჩვენს საყვარელ შუამავალთან მიიყვანა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! დღეს ბილალი ალლაჰის კმაყოფილებისთვის გავათავისუფლე.“ ალლაჰის შუამავალს ძალიან გაუხარდა. ჰაზრეთი ებუ ბექირისთვის ბევრი ივედრა. ამ დროს ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) მოიტანა სურა ლეილის მე-17 და მე-18 წმინდა აიათები, რომლებიც ახარებდა, რომ ებუ ბექირი ჯოჯოხეთისგან შორს არის. წმინდა აიათებში შინაარსით ნაბრძანებია: „ის (ჰაზრეთი ებუ ბექირის მსგავსად) ყველაზე ღვთისმოშიში (შირქსა და ცოდვებს რომ ერიდება), ვინც თავის ქონებას სიკეთის გზაზე გასცემს, რომ უზენაესი ალლაჰის წინაშე განწმენდილი იყოს (და ღვთიურ აღთქმას ეწიოს), მისგან (ჯოჯოხეთისგან) შორს იქნება დაჭერილი.“
გაუგონარი წამება
ჰაზრეთი ჰაბბაბ ბინ ერეთიც იმათ შორის იყო, ვისაც რჯულიდან განსადგომად ჩაგრავდნენ. ჰაზრეთი ჰაბბაბიც უპატრონო იყო და ვინმე უმმუ ენმარის, კერპთაყვანისმცემელი ქალის, მონა იყო.
რადგან არ ჰყავდა ნათესავი, რომელიც დაიცავდა, კერპთაყვანისმცემლები იკრიბებოდნენ, დალოცვილ სხეულზე ტანსაცმელს ხდიდნენ და ეკლებით ფხოჭნიდნენ. ზოგჯერ შიშველ სხეულზე რკინის პერანგს აცმევდნენ და მზეზე ამყოფებდნენ. მზეზე ან ცეცხლზე გაცხელებულ ქვებს შიშველ სხეულზე აჭერდნენ და ეუბნებოდნენ: „რჯულს განუდექი! ლათსა და უზზას ეთაყვანე!“ ჰაბბაბი კი რწმენაზე მტკიცედ იდგა და მათ ასე ეწინააღმდეგებოდა: „ლა ილაჰე ილლალლაჰ, მუჰამმედუნ რესულულლაჰ.“
ერთ დღეს კერპთაყვანისმცემლები შეიკრიბნენ და ერთ მოედანზე ცეცხლი დაანთეს. ჰაზრეთი ჰაბბაბი შეკრეს და იქ მოიყვანეს. გაახადეს და ცეცხლზე დააწვინეს. ან რჯულიდან უნდა განედგინებინათ, ან ცეცხლში დაეწვათ. ცეცხლის შუაგულში ზურგზე დაწვენილი ჰაზრეთი ჰაბბაბი ევედრებოდა: „ჩემო ალლაჰო! ხედავ ჩემს ყოფას, იცი ჩემი მდგომარეობა. ჩემს გულში რწმენა განამტკიცე და დიდი მოთმინება მიბოძე!“ კერპთაყვანისმცემელთაგან ერთმა ჰაზრეთი ჰაბბაბს მკერდზე ფეხი დააჭირა. მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს იცავს.
მრავალი წლის შემდეგ, როცა ჰაბბაბს ამ ამბავზე ჰკითხეს, ზურგი გაიშიშვლა, დამწვრობის კვალი აჩვენა და თქვა: „ჩემთვის ცეცხლი დაანთეს, მერე მიმათრიეს და შიგ ჩამაგდეს. ის ცეცხლი მხოლოდ ჩემმა ხორცმა ჩააქრო.“
სანამ ჰაზრეთი ჰაბბაბს გარეთ ასე აწამებდნენ, მისი პატრონი, უმმუ ენმარიც, რჯულიდან რომ განედგინებინა, ცეცხლში რკინას აცხელებდა, თავზე აჭერდა და სწვავდა. ის კი რჯულისთვის ყველა ამ ტკივილს იტანდა; რასაც სთავაზობდნენ, არ ასრულებდა და რწმენას არ ღალატობდა.
ერთ დღეს ჰაზრეთი ჰაბბაბი ჩვენს საყვარელ შუამავალთან მივიდა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! კერპთაყვანისმცემლები გარეთ, სადაც კი დამინახავენ, ცეცხლით მწვავენ. სახლში კი ჩემი პატრონი, უმმუ ენმარი, გავარვარებული რკინით თავს მიწვავს. თქვენს ვედრებას გთხოვთ!“ შემდეგ ზურგსა და თავზე დამწვრობები აჩვენა. ჩვენს შუამავალს მისი მდგომარეობა ძალიან შეეცოდა. ვერ აიტანა ის ტანჯვა, რომელსაც რჯულიდან განუდგომლობისთვის იტანდა, და ის ჩაგვრა, რომელიც მას ატყდებოდა, და ევედრა: „ჩემო უფალო! ჰაბბაბს შეეწიე!“ უზენაესმა ალლაჰმა თავისი შუამავლის ვედრება მყისვე შეისმინა და უმმუ ენმარს თავის ძლიერი ტკივილი მოუვლინა. უმმუ ენმარი თავის ტკივილისგან დილამდე კვნესოდა. წამლად ურჩიეს, რომ თავი ცეცხლში გავარვარებული რკინით დაეწვათ. ბოლოს ჰაბბაბს უხმო და უბრძანა, რკინის ჯოხი ცეცხლში გაეხურებინა და თავი დაეწვა… ჰაზრეთი ჰაბბაბიც რკინით სწვავდა მის თავს…
ისლამის პირველ დღეებში კერპთაყვანისმცემლები ჰაბბაბ ბინ ერეთის მდგომარეობას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. მაგრამ მორწმუნეთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. ბოლოს, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ საქმისთვის სერიოზულად შეხედვა მოუწიათ. საბოლოოდ ჰაზრეთი ჰაბბაბის წამება გააძლიერეს: ზომაზე მეტად ურტყამდნენ, სცემდნენ, ჭრილობებს აყენებდნენ, წამებას წამებაზე უმატებდნენ…
ამის მიუხედავად, ჰაზრეთი ჰაბბაბს თავისი რწმენიდან ნაწილაკის ოდენაც არ დაუთმია. მაგრამ ტანჯვა-წამებაც აუტანელი გახდა. მომხდარი სამყაროს ბატონს მოახსენა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ხომ არ ივედრებთ, რომ იმ წამებას, რომელსაც ვიტანთ, დავაღწიოთ?“
ამაზე ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „თქვენამდელ უმმეთებში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც რკინის სავარცხლებით კანსა და ხორცს აძრობდნენ და ფხეკდნენ, მაგრამ ეს წამებაც ვერ აიძულებდა მათ, რჯულს განდგომოდნენ. ხერხით თხემიდან შუაზე ხერხავდნენ, მაგრამ ეს წამებაც ვერ აბრუნებდა მათ რჯულიდან. უზენაესი ალლაჰი უეჭველად დაასრულებს ამ საქმეს (ისლამს). ყველა რჯულზე აღმატებულს გახდის. ისე, რომ ადამიანი, რომელიც თავისი პირუტყვით სან’ადან ჰადრამუთამდე მარტო იმგზავრებს, უზენაესი ალლაჰის გარდა არავისი შეეშინდება და თავისი ცხვრების გამო მგლის თავდასხმის გარდა არაფერზე იდარდებს. მაგრამ თქვენ ჩქარობთ.“ შემდეგ ჰაბბაბისთვის ივედრა და ზურგზე ხელი გადაუსვა. ალლაჰის შუამავლის ამ ალერსიანმა სიტყვებმა, რომლებიც სულთათვის საზრდო და წამალია, ჰაბბაბს ტკივილები დაუამა.
ჰაზრეთი ჰაბბაბს, განსაკუთრებით, თავგასული კერპთაყვანისმცემლის, ას ბინ ვაილისგან, საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა მისაღები. მის მოსათხოვნად მასთან მივიდა. ას ბინ ვაილმა ჰაბბაბს უთხრა: „სანამ მუჰამმედს არ უარყოფ, რაც გმართებს, არ მოგცემ.“ ჰაზრეთი ჰაბბაბმა უპასუხა: „ალლაჰს ვფიცავ, ისევე, როგორც სიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგ, საფლავიდან რომ წამოვდგები, მაშინაც ვერასოდეს უარვყოფ ჩემს შუამავალს და ვერ განვუდგები მას. ყველაფერზე ხელს ავიღებ, მაგრამ ამ უარყოფას მაინც ვერ ჩავიდენ.“ ამაზე ას ბინ ვაილმა თქვა: „განა სიკვდილის შემდეგ გავცოცხლდებით? თუ ასეთი რამ არსებობს, მაშინ ქონებაც მექნება და შვილებიც. ვალს იმ დღეს გადაგიხდი.“
ას ბინ ვაილის ამ სიტყვების გამო უზენაესმა ალლაჰმა წმინდა ყურანში, სურა მერიემის 77–79-ე წმინდა აიათებში, შინაარსით ასე ბრძანა: „(ჩემო ჰაბიბო!) განა არ გინახავს ის, ვინც ჩვენს აიათებს უარყოფს და ამბობს: ‚უეჭველად მომეცემა (განკითხვის დღეს) სიმდიდრეც და შვილებიც‘ (ას ბინ ვაილი)? მან რა, უხილავს ჩასწვდა თუ დიდად მოწყალის წინაშე აღთქმა აიღო? არამც და არამც! ჩვენ ჩავიწერთ, რასაც ამბობს (განკითხვის დღეს ამისთვის პასუხს მოვთხოვთ), და სასჯელს დავუმატებთ და დავუმატებთ.“
გონების დაკარგვამდე წამება
კერპთაყვანისმცემლები წამებისას ქალსა და კაცს არ არჩევდნენ. პირველ მუსლიმთაგან ერთ-ერთი, უპატრონო ზინნირე ჰათუნიც მხევალი იყო. როცა კერპთაყვანისმცემლებმა შეიტყვეს, რომ მუსლიმი გახდა, მისი წამებისგანაც სულაც არ შეიკავეს თავი. ზინნირე ჰათუნს აიძულებდნენ, ლათისა და უზზას კერპებისთვის ეცა თაყვანი, ყელს უჭერდნენ და აწამებდნენ, ვიდრე სუნთქვაშეკრული გონებას არ დაკარგავდა. ამის მიუხედავად, თავის რჯულს არასოდეს განუდგა და მათ ნათქვამს არ ასრულებდა. განსაკუთრებით ებუ ჯეჰლი აწამებდა ძალიან. ამის გამო ზინნირეს თვალებმა ხედვა დაკარგეს. ერთხელ, როცა ებუ ჯეჰლმა უთხრა: „ხომ ხედავ? ლათმა და უზზამ დაგაბრმავა!“, ზინნირე ჰათუნმა თავისი რწმენა გამოავლინა და თქვა: „ებუ ჯეჰლ! ალლაჰს ვფიცავ, ისე არ არის, როგორც შენ ამბობ. კერპები, რომლებსაც ლათსა და უზზას უწოდებ, არაფრად ვარგანან; არც მათი თაყვანისმცემლების ამბავი იციან და არც იმათი, ვინც მათ თაყვანს არ სცემს. ჩემს უფალს, უეჭველად, ძალუძს, თვალის სინათლე მომცეს და წინანდელ მდგომარეობაში დამაბრუნოს.“
„(ბილალ!) უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენება გიხსნის“ ჰადისი შერიფი
ებუ ჯეჰლი ჰაზრეთი ზინნირეს ურყევი რწმენის წინაშე გაოგნებული დარჩა. უზენაესმა ალლაჰმა ზინნირეს ვედრება შეისმინა და მისმა თვალებმა წინანდელზე უკეთ დაიწყეს ხედვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაინახეს, ებუ ჯეჰლმა და ყურაიშელმა კერპთაყვანისმცემლებმა სიჯიუტის გამო არ ირწმუნეს. პირიქით, თქვეს: „ესეც მათი შუამავლის ერთ-ერთი ჯადოა! არ გიკვირთ ეს უგუნურები, რომლებიც მუჰამმედის გზას მიჰყვებიან? ის გზა, რომელსაც ისინი ადგანან, კარგი და ჭეშმარიტი რომ ყოფილიყო, ჯერ ჩვენ გავყვებოდით. მაშ, ჩვენზე ადრე ვიღაც მხევალმა იპოვა სიმართლე?“
ამის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა სურა აჰყაფის მე-11 წმინდა აიათი გარდამოავლინა. შინაარსით: „ის ურწმუნოები მორწმუნეებზე ამბობდნენ: ‚მასში (ისლამში) რაიმე სიკეთე რომ ყოფილიყო, ისინი (ღარიბები, საწყლები) ამაში ვერ დაგვასწრებდნენ, ჩვენზე ადრე მისკენ ვერ გაიქცეოდნენ.‘ რადგან კი მისით (წმინდა ყურანით, მორწმუნეების მსგავსად) ჭეშმარიტ გზას არ დაადგნენ, იტყვიან (წმინდა ყურანის უარსაყოფად): ‚ეს წმინდა ყურანი (ის, რაც მუჰამმედმა გამოიტანა) ძველთაძველი სიცრუეა.‘“
დარ-ულ ერყამი
ჩვენს საყვარელ შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ძალიან აწუხებდა ის ჩაგვრა და წამება, რომელსაც კერპთაყვანისმცემლები მის საჰაბეებს აყენებდნენ. ისლამის გავრცელებისა და შესწავლისთვის უსაფრთხო ადგილი იყო საჭირო. ჩვენმა შუამავალმა ამ წმინდა მოვალეობისთვის ჰაზრეთი ერყამის სახლი შეარჩია.6 ეს სახლი საფას ბორცვის აღმოსავლეთით, ვიწრო ქუჩაზე, შემაღლებულ ადგილას იდგა. იქიდან ქააბეი მუაზზამა კარგად ჩანდა. სახლის შესასვლელი და გასასვლელი გამვლელ-გამომვლელთა მეთვალყურეობისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო. ამასთან, ჰაზრეთი ერყამი მექქის წარჩინებულთაგანი, დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება იყო. უკეთილშობილესი ჰაბიბი ამ სახლში თავის საჰაბეებს ისლამს უხსნიდა. ისინი, ვისაც მუსლიმობა ეწერა, აქ მოდიოდნენ, ისლამის პატივს ეღირსებოდნენ და ალლაჰის შუამავლის გულთა მკურნალი დალოცვილი სიტყვების მოსმენით ბარაქას იძენდნენ. ჩვენს შუამავალს სულგანაბულები უსმენდნენ, თითქოს თავზე ჩიტი ესხდათ, რომელიც ხმის ამოღებისთანავე გაფრინდებოდა. მის დალოცვილ სიტყვებს თითქოს ყლაპავდნენ, ერთ სიტყვასაც არ უშვებდნენ და ზეპირად იმახსოვრებდნენ. ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დღეებს ერყამის სახლში ატარებდა და დილიდან საღამომდე თავისი საჰაბეების აღზრდით იყო დაკავებული. ეს ადგილი მუსლიმთა პირველი შტაბ-ბინა, „დარ-ულ ისლამი“ იყო. პირველი მუსლიმები აქ იკრიბებოდნენ და ასე კერპთაყვანისმცემელთა ყოველგვარი ბოროტებისგან დაცულები იყვნენ.
სასიკვდილოდ წამება
ამმარ ბინ იასერი მოგვითხრობს: „მინდოდა, დარ-ულ ერყამში მივსულიყავი, ალლაჰის შუამავალი მენახა და მუსლიმი გავმხდარიყავი. კართან ჰაზრეთი სუჰეიბს შევხვდი. როცა ვკითხე: ‚აქ რას აკეთებ?‘, მანაც იგივე შეკითხვა დამისვა. ვუთხარი: ‚მინდა, ჰაზრეთი მუჰამმედთან შევიდე, მისი სიტყვები მოვისმინო და მუსლიმი გავხდე.‘ მან კი თქვა: ‚მეც ამისთვის მოვედი.‘ ერთად შევედით მასთან და მისი ხილვის პატივს ვეღირსეთ. ისლამი გაგვაცნო. სიხარულით გავხდით მუსლიმები.“7
ამმარი იმ მუჯაჰიდთაგანი იყო, რომლებიც თავიანთი მუსლიმობის გამჟღავნებას არ ერიდებოდნენ. რჯულიდან რომ არ განმდგარიყო, ყველაზე მძიმე წამებას იტანდა. როცა კი კერპთაყვანისმცემლები მას მარტოს იპოვიდნენ, რამდად წოდებულ ადგილას, მექქის კლდეებში მიჰყავდათ, ტანსაცმელს ხდიდნენ და რკინის პერანგს აცმევდნენ.
ასე მწველ მზეზე ამყოფებდნენ და აწამებდნენ. ზოგჯერ ზურგს ცეცხლით უწვავდნენ და დაუსრულებელ წამებას უწყობდნენ. ყოველ ჯერზე ეუბნებოდნენ: „უარყავი!… უარყავი!… ლათსა და უზზას ეთაყვანე და გადარჩი!..“ ჰაზრეთი ამმარი კი ამ აუტანელ წამებას დიდი მოთმინებით იტანდა და პასუხობდა: „ჩემი უფალი ალლაჰია, ჩემი შუამავალი კი – მუჰამმედი (ალეიჰისსელამ).“ კერპთაყვანისმცემლები ამაზე კიდევ უფრო ბრაზდებოდნენ. სიცხისგან გავარვარებულ ლოდებს მკერდზე ადებდნენ, ზოგჯერ კი ჭაში აგდებდნენ და წყალში დახრჩობას ცდილობდნენ. ერთ დღეს, როცა ჩვენი საყვარელი შუამავლის წინაშე წარდგომის პატივი ერგო, ამმარ ბინ იასერმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! კერპთაყვანისმცემლების წამებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.“ ჩვენს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჰაზრეთი ამმარის მდგომარეობა შეეცოდა და ბრძანა: „მოითმინე, იაჰზანის მამავ!“, შემდეგ კი ევედრა: „ჩემო უფალო! ამმარის ოჯახიდან არავის აგემო ჯოჯოხეთის სასჯელი!“
პირველი შეჰიდი, პირველი სისხლი
ჰაზრეთი ამმარის მთელი ოჯახი – მამა იასერი, დედა სუმეიიე და ძმა აბდულლაჰი – მუსლიმი გახდა. კერპთაყვანისმცემლები მის დედას, მამასა და ძმას ჰაზრეთი ამმარზე უფრო მეტადაც აწამებდნენ. წამებისას მათთვის ურწმუნოების (ქუფრის) სიტყვების თქმევინება სურდათ, ისინი კი პასუხობდნენ: „ტყავიც რომ გაგვაძროთ და ხორცი ნაჭერ-ნაჭერ დაგვაჭრათ, არ დაგიჯერებთ“, და ამბობდნენ: „ლა ილაჰე ილლალლაჰ, მუჰამმედუნ რესულულლაჰ.“ სხვა დღეს, როცა ბათჰად წოდებულ ადგილას იასერის ოჯახს ერთად აწამებდნენ, იქ ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჩაიარა. როცა თავისი საჰაბეების აუტანელი წამება დაინახა, ძალიან დამწუხრდა. როცა ჰაზრეთი იასერმა ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! ჩვენი დრო სულ ასეთ წამებაში გავა?“, ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „მოითმინეთ, იასერის ოჯახო! გაიხარეთ, ამმარის ოჯახო! უეჭველად, თქვენი საზღაურის ადგილი სამოთხეა.“ ერთხელაც მექქელი კერპთაყვანისმცემლები ამმარს ცეცხლით აწამებდნენ. ალლაჰის შუამავალი იქ მობრძანდა და ბრძანა: „ცეცხლო! ისევე, როგორც იბრაჰიმისთვის (ალეიჰისსელამ), ამმარისთვისაც გრილი და უვნებელი იყავი!“ მოგვიანებით, როცა ამმარმა ზურგი გაიშიშვლა, ცეცხლის კვალი ჩანდა. ეს კვალი ალლაჰის შუამავლის ვედრებამდე იყო დარჩენილი. სხვა დღეს, როცა იასერის ოჯახს აწამებდნენ, ჰაზრეთი იასერი და მისი ვაჟი, ჰაზრეთი აბდულლაჰი, ისრით შეჰიდებად აქციეს. ებუ ჯეჰლმა ჰაზრეთი სუმეიიეს დალოცვილი ფეხები თოკით შეაკვრევინა. თოკების ბოლოებზე ორი აქლემი დააბმევინა, სხვადასხვა მხარეს გაარეკინა, ჰაზრეთი სუმეიიე ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯინა და შეჰიდად აქცია. როცა ჩვენმა შუამავალმა და საჰაბეებმა (ალეიჰიმურრიდვან) გაიგეს, რომ უმოწყალო, სასტიკმა, ზალიმმა ებუ ჯეჰლმა და სხვა კერპთაყვანისმცემლებმა იასერის ოჯახი წამებით შეჰიდებად აქციეს, ძალიან დამწუხრდნენ. ამ ამბავმა საჰაბეები ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დააკავშირა და შეაკავშირა.8 როცა ნამაზის შესრულება სურდათ, საჰაბეები ისეთ ადგილებში მიდიოდნენ, სადაც არავინ იყო, და იქ ფარულად აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. ერთ ასეთ დღეს სა’დ ბინ ები ვაყყასი, სა’იდ ბინ ზეიდი, აბდულლაჰ ბინ მეს’უდი, ამმარ ბინ იასერი და ჰაბბაბ ბინ ერეთი მექქის ერთ-ერთ ხეობაში, ებუ დუბად წოდებულ ადგილას, ნამაზს ასრულებდნენ. ამ დროს აჰნეს ბინ შერიქი და ზოგიერთი კერპთაყვანისმცემელი, რომლებიც მათ უთვალთვალებდნენ, მივიდნენ და მათი ღვთისმსახურების დაცინვა და აუგად მოხსენიება დაიწყეს. ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასმა და მისმა მეგობრებმა ეს ვეღარ აიტანეს და კერპთაყვანისმცემლებს დაესხნენ თავს. ჰაზრეთი სა’დმა ხელში მოხვედრილი აქლემის ძვალი ერთ-ერთ ურწმუნოს თავში ჩაარტყა და თავი გაუტეხა. შეშინებული კერპთაყვანისმცემლები გაიქცნენ. ასე მუსლიმებმა პირველად დაღვარეს ურწმუნოს სისხლი.
„ებუ ჯეჰლ! ალლაჰს ვფიცავ, ისე არ არის, როგორც შენ ამბობ. კერპები, რომლებსაც ლათსა და უზზას უწოდებ, არაფრად ვარგანან; არც მათი თაყვანისმცემლების ამბავი იციან და არც იმათი, ვინც მათ თაყვანს არ სცემს. ჩემს უფალს, უეჭველად, ძალუძს, თვალის სინათლე მომცეს და წინანდელ მდგომარეობაში დამაბრუნოს“ ზინნირე ჰათუნი (რადიალლაჰუ ანჰა)
როგორ გახდა მუსლიმი ჰაზრეთი ებუ ზერ ღიფარი
ადამიანები ერთიმეორის მიყოლებით, ორ-ორად ადგებოდნენ ჭეშმარიტ გზას, ისლამის სხივი კი მექქის გარეთაც ვრცელდებოდა და სამყაროს ანათებდა. ისლამის დაბადებისა და გავრცელების ამბის საპირისპიროდ კერპთაყვანისმცემლები მისი შეჩერების გზებს ეძებდნენ. საბოლოოდ ეს ამბავი ბენი ღიფარის ტომსაც მიაღწია. ეს ამბავი თუ არა გაიგო, ებუ ზერ ღიფარმა თავისი ძმა, უნეისი, მექქაში გაგზავნა და სთხოვა, ვითარება გამოეკვლია. უნეისი მექქაში წავიდა და ჩვენი შუამავლის საუბარს დაესწრო. აღტაცებული დაბრუნდა. როცა მისმა ძმამ, ჰაზრეთი ებუ ზერმა, ჰკითხა: „რა ამბავი მოიტანე?“, უთხრა: „ბატონო! ალლაჰს ვფიცავ, ვნახე ძალიან ამაღლებული პიროვნება, რომელიც ყოველთვის სიკეთისა და კეთილი საქმისკენ მოუწოდებს და ბოროტებისგან აკავებს.“ როცა ებუ ზერ ღიფარმა თქვა: „კარგი, ხალხი მასზე რას ამბობს?“, მისმა ძმამ, უნეისმა, რომელიც იმ დროის ცნობილი პოეტი იყო, უპასუხა: „ამბობენ – პოეტია, მკითხავია, ჯადოქარია. მაგრამ მისი სიტყვები არც მკითხავების და არც ჯადოქრების სიტყვებს ჰგავს. ამასთან, მისი ნათქვამი პოეტების ყველანაირ ლექსს შევადარე. არც მათ ჰგავს. ეს უბადლო სიტყვები არავის სიტყვას ვერ შეედრება. ალლაჰს ვფიცავ, ის პიროვნება ჭეშმარიტებას ამცნობს, სიმართლეს ამბობს. ვისაც მისი არ სჯერა, ისინი მატყუარები და გზასაცდენილები არიან.“ ამ ამბის შემდეგ ებუ ზერ ღიფარმა გადაწყვიტა, მექქაში წასულიყო, ჩვენი შუამავალი ენახა და მუსლიმი გამხდარიყო. ხელში ჯოხი და ცოტაოდენი საგზალი აიღო და აღტაცებით გაუდგა მექქის გზას. მექქაში რომ ჩავიდა, თავისი ამბავი არავის უამბო, რადგან კერპთაყვანისმცემლები ჩვენი შუამავლისა და ახლად გამუსლიმებულების მიმართ სასტიკ მტრობას იჩენდნენ და შევიწროებას სულ უფრო უმატებდნენ. განსაკუთრებით იმ მუსლიმებს აწამებდნენ ძალიან, ვინც უპატრონო და უცხო იყო. ებუ ზერი მექქაში არავის იცნობდა. უცხო და მიუსაფარი იყო. ამიტომ არავის არაფერი ჰკითხა. ქააბასთან ალლაჰის შუამავლის სანახავად შემთხვევას ელოდა და რაიმე ნიშანს ეძებდა, რომ შეეტყო, სად იყო. საღამოს ერთი ქუჩის კუთხეში მიიყუჟა. ჰაზრეთი ალიმ დაინახა. მიხვდა, რომ უცხო იყო, და თავის სახლში წაიყვანა. რადგან მისი ამბავი არ უკითხავს, არც ებუ ზერმა გაამჟღავნა თავისი საიდუმლო. დილით კვლავ ქააბასთან წავიდა. საღამომდე იხეტიალა, მაგრამ სურვილს ვერ მიაღწია. წინანდელ ადგილას წავიდა და დაჯდა. ჰაზრეთი ალიმ იმ ღამესაც იქ ჩაიარა. „ამ საწყალს ჯერაც ვერ გაუგია თავისი სახლი“, – თქვა და კვლავ თან წაიყვანა. დილით ისევ ბეითულლაჰში წავიდა და იმ კუთხეში მიიყუჟა, სადაც იჯდა. ჰაზრეთი ალიმ კვლავ თავის სახლში მიიპატიჟა. ამჯერად ჰკითხა, საიდან და რისთვის მოვიდა. ჰაზრეთი ებუ ზერმა თქვა: „თუ მტკიცე სიტყვას მომცემ, რომ სწორ ცნობას მომაწვდი, გეტყვი.“ როცა ჰაზრეთი ალიმ თქვა: „თქვი, შენს საიდუმლოს არავის გავუმხელ“, ებუ ზერ ღიფარმა თქვა: „გავიგე, რომ აქ შუამავალი გამოჩნდა. მოვედი, რომ მას შევხვდე და მასთან მივიდე.“ ჰაზრეთი ალიმ თქვა: „სწორი გზა იპოვე, ჭკვიანურად მოიქეცი. ახლა მე მასთან მივდივარ. გამომყევი და რა სახლშიც მე შევალ, შენც შედი. თუ გზაზე შევატყობ, რომ ვინმე გავნებს, თავს ისე დავიჭერ, თითქოს ფეხსაცმელს ვისწორებ. მაშინ შენ ნუ დამელოდები, ჩამიარე და გზა განაგრძე.“ ებუ ზერ ღიფარი ჰაზრეთი ალის გაჰყვა. ბოლოს ჩვენი შუამავლის დალოცვილი სახის ხილვის პატივს ეღირსა და მიესალმა: „ესსელამუ ალეიქუმ.“
„მოითმინეთ, იასერის ოჯახო! გაიხარეთ, ამმარის ოჯახო! უეჭველად, თქვენი საზღაურის ადგილი სამოთხეა“ ჰადისი შერიფი
ეს სალამი ისლამში პირველი სალამი იყო, ებუ ზერ ღიფარი კი პირველი, ვინც ასე მიესალმა. ჩვენმა შუამავალმა სალამი დაუბრუნა და ბრძანა: „უზენაესი ალლაჰის წყალობა იყოს შენზე.“ შემდეგ ჩვენმა შუამავალმა ჰკითხა: „ვინ ხარ?“ მან თქვა: „ღიფარის ტომიდან ვარ.“ „რამდენი ხანია, აქ ხარ?“ – ჰკითხა ჩვენმა შუამავალმა. – „სამი დღე და სამი ღამეა, აქ ვარ.“ – „ვინ გაჭმევდა?“ – „ზემზემის გარდა საჭმელი და სასმელი ვერაფერი ვიპოვე. როცა კი ზემზემს ვსვამდი, არც შიმშილს ვგრძნობდი და არც წყურვილს.“ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ზემზემი დალოცვილია. მშიერს აძღებს.“ ამის შემდეგ ებუ ზერ ღიფარმა ჩვენს შუამავალს უთხრა: „ისლამი გამაცანი.“ ჩვენმა შუამავალმა მას ქელიმეი შეჰადეთი (რწმენის აღსარება) წაუკითხა, მანაც გაიმეორა, ისლამის პატივს ეღირსა და პირველ მუსლიმებს შეუერთდა.9 როცა ჰაზრეთი ებუ ზერ ღიფარი მუსლიმი გახდა, ჩვენს შუამავალს უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც შენ ჭეშმარიტ შუამავლად წარმოგგზავნა, ამას კერპთაყვანისმცემლებს შორის აშკარად განვაცხადებ.“ ქააბასთან მივიდა და ხმამაღლა თქვა: „ყურაიშელებო! ეშჰედუ ენ ლა ილაჰე ილლალლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ აბდუჰუ ვე რესულუჰუ – ვმოწმობ, რომ არ არსებობს ღვთაება უზენაესი ალლაჰის გარდა და რომ მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) მისი მონა და შუამავალია.“ ეს თუ არა გაიგეს, კერპთაყვანისმცემლები მაშინვე თავს დაესხნენ. ქვებით, ჯოხებითა და ძვლის ნატეხებით სცემეს და სისხლში ამოსვარეს. ეს რომ დაინახა, ჰაზრეთი აბბასმა თქვა: „თავი დაანებეთ ამ კაცს, მოკლავთ! ის იმ ტომიდანაა, რომელიც თქვენი სავაჭრო ქარავნის გზაზე ცხოვრობს. იქ მერე როგორღა გაივლით?“ ასე იხსნა ჰაზრეთი ებუ ზერი კერპთაყვანისმცემელთა ხელიდან. ისლამის პატივს რომ ეღირსა, ებუ ზერს სიხარულისგან მოსვენება არ ჰქონდა. მეორე დღეს კვლავ ქააბასთან ხმამაღლა, ყვირილით წარმოთქვა ქელიმეი შეჰადეთი. კერპთაყვანისმცემლებმა ამჯერადაც სცემეს. მიწაზე დაეცა. კვლავ ჰაზრეთი აბბასი მივიდა და მათ ხელიდან იხსნა. ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჰაზრეთი ებუ ზერ ღიფარს უბრძანა, თავის მხარეში დაბრუნებულიყო და იქ ისლამი გაევრცელებინა. ამ ბრძანების თანახმად, თავის ტომში დაბრუნდა და მათ უზენაესი ალლაჰის ერთობისა და იმის შესახებ უამბო, რომ მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) მისი შუამავალია. თქვა, რომ რასაც ის ამცნობს, ჭეშმარიტი და სწორია, ხოლო კერპები, რომლებსაც ისინი ეთაყვანებიან, ამაო, ცარიელი და უაზროა. მისი მსმენელი ხალხის ნაწილმა პროტესტი დაიწყო. ამ დროს ტომის მეთაურმა, ჰაფფაფმა, მყვირალები გააჩუმა და თქვა: „მოიცადეთ, მოვისმინოთ, რას გვიამბობს.“ ამის შემდეგ ჰაზრეთი ებუ ზერმა განაგრძო: „მუსლიმობამდე ერთ დღეს ნუჰემის კერპთან მივედი და წინ რძე დავუდგი. დავინახე, რომ ძაღლი მოვიდა, რძე დალია და კერპს ზედ მოაფსა. ნათლად მივხვდი, რომ კერპს ამის აღკვეთის ძალა არ ჰქონდა. როგორ მოგწონთ იმ კერპის თაყვანისცემა, რომელიც ძაღლმაც კი შეურაცხყო? ეს სიგიჟე არ არის? აი, ესაა, რასაც თქვენ ეთაყვანებით.“ ყველანი თავდახრილები იდგნენ. როცა ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა: „კარგი, ის შუამავალი, რომელზეც ლაპარაკობ, რას ამცნობს? საიდან მიხვდი, რომ სიმართლეს ამბობს?“, ჰაზრეთი ებუ ზერმა ხმამაღლა თქვა: „ის ამცნობს, რომ უზენაესი ალლაჰი ერთია, რომ მის გარდა არ არსებობს ღვთაება, რომ მან ყველაფერი გააჩინა და ყველაფრის მფლობელი და პატრონია… ადამიანებს მისი რწმენისკენ მოუწოდებს… სიკეთისკენ, მშვენიერი ზნეობისა და ურთიერთდახმარებისკენ მოუწოდებს. ამცნობს, რა საზიზღარია გოგონების ცოცხლად დამარხვა და ყველა სხვა ბოროტება, უსამართლობა და ჩაგვრა, რასაც სჩადიხართ, და რომ მათ უნდა ვერიდოთ.“ და ისლამი ვრცლად აუხსნა. სათითაოდ ჩამოთვალა ის გზასაცდენილობა, რომელშიც მისი ტომი იმყოფებოდა. შემდეგ მათი ზიანი და სიმახინჯე აუხსნა.
მისი მსმენელებიდან ბევრი გახდა მუსლიმი, პირველ რიგში – ტომის მეთაური ჰაფფაფი და ებუ ზერის საკუთარი ძმა, უნეისი.10
ქააბასთან წმინდა ყურანის აშკარად კითხვა
ერთ დღეს საჰაბეები ერთ განმარტოებულ ადგილას შეიკრიბნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ: „ალლაჰს ვფიცავ, ალლაჰის შუამავლის გარდა ჯერ არავინ გამოჩენილა, ვინც ამ ყურაიშელ კერპთაყვანისმცემლებს წმინდა ყურანს აშკარად მოასმენინებდა. არის ვინმე, ვინც მათ წმინდა ყურანს აშკარად წაუკითხავს და მოასმენინებს?“ იქ ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ მეს’უდიც იყო. თქვა: „მე მოვასმენინებ.“ როცა ზოგიერთმა საჰაბემ უთხრა: „აბდულლაჰ! გვეშინია, კერპთაყვანისმცემლებმა რამე არ გავნონ. ჩვენ ისეთი კაცი გვინდა, რომელსაც ჰყავს ხალხი და ტომი, რომ საჭიროების შემთხვევაში კერპთაყვანისმცემლებისგან დაიცვას“, მან დაიჟინა: „თქვენ მხოლოდ ნება დამრთეთ, წავალ. უზენაესი ალლაჰი დამიცავს.“ მეორე დღეს, დუჰას დროს (შუადღემდე), მაყამი იბრაჰიმთან მივიდა. კერპთაყვანისმცემლები იქ იყვნენ შეკრებილნი. იბნი მეს’უდმა ფეხზე მდგარმა ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ წარმოთქვა და სურა რაჰმანის კითხვა დაიწყო. კერპთაყვანისმცემლებმა ერთმანეთს უთხრეს: „რას ამბობს უმმუ აბდის შვილი? ალბათ იმას კითხულობს, რაც მუჰამმედმა მოიტანა“, და მისკენ წავიდნენ. მუშტებით, წიხლებითა და სილებით სახე და თვალები ისე დაულურჯეს, რომ ამოუცნობი გახადეს. ის კი სილებისა და მუშტების ქვეშ კითხვას განაგრძობდა. სახე-თვალით ჭრილობებითა და სილურჯეებით დაფარული საჰაბეებთან დაბრუნდა. საჰაბეები ამაზე ძალიან დამწუხრდნენ და უთხრეს: „სწორედ ამის გვეშინოდა, რომ ასე მოგივიდოდა. ბოლოს ის დაგემართა, რისიც გვეშინოდა.“ მაგრამ აბდულლაჰ იბნი მეს’უდი სულაც არ იყო დამწუხრებული და თქვა: „უზენაესი ალლაჰის მტრები დღევანდელზე უფრო სუსტები არასოდეს მინახავს. თუ გინდათ, ხვალ დილით კიდევ ამდენს მოვასმენინებ.“ საჰაბეებმა უთხრეს: „არა, ეს გეყოფა. იმ გამძვინვარებულ ურწმუნოებს ის მოასმენინე, რაც არ მოსწონთ.“11
როგორ გახდა მუსლიმი ტუფეილ ბინ ამრი
იმ წლებში, როცა მექქაში ისლამის აშკარად გავრცელება დაიწყო, ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დღე და ღამე ადამიანებს არიგებდა და ისლამის რჯულისკენ მოუწოდებდა. მექქელი კერპთაყვანისმცემლები ცდილობდნენ, ალლაჰის შუამავლის ეს მცდელობები ამაო გაეხადათ. მათ მიმართ, ვინც მის ნათქვამს იღებდა და ირწმუნებდა, ყოველგვარ სიცრუეს, ცილისწამებასა და წამებას ნებადართულად თვლიდნენ. როგორც კი ვინმეს დაინახავდნენ, ვინც ჩვენს შუამავალს შეხვდა და ელაპარაკა, მაშინვე მასთან მიდიოდნენ და ყოველგვარ ხრიკსა და სიცრუეს მიმართავდნენ, რომ მისთვის არ მოესმინა და მის ნაამბობს არ დაეჯერებინა. ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეეძლოთ, რომ გარედან მექქაში ჩამოსულები მას არ შეხვედროდნენ. იმ დროს, როცა მუსლიმები გაჭირვებაში იყვნენ და ურწმუნოებისგან ტანჯვას იტანდნენ, მექქაში ტუფეილ ბინ ამრ დევსი ჩამოვიდა. ეს რომ დაინახეს, კერპთაყვანისმცემელთა მეთაურები მასთან მივიდნენ და უთხრეს: „ტუფეილ! ჩვენს ქვეყანაში ჩამოხვედი. აბდულმუტტალიბის ობოლს, რომელიც ჩვენ შორის გამოჩნდა, ბევრი საოცარი თვისება აქვს. მისი ნათქვამი სიტყვები ჯადოსავითაა. შვილს მამას აშორებს, ძმას – ძმას, ქმარს – ცოლს! თავისი მოგონილი აზრებით ყველაფერი აურ-დაურია. შვილი, რომელიც მის სიტყვას გაიგონებს, მამას აღარ უყურებს, მას მიჰყვება. აღარავინ უსმენს ერთმანეთს და მუსლიმი ხდება. გვეშინია, რომ განხეთქილების ეს უბედურება, რომელიც ჩვენ დაგვატყდა თავს, შენ და შენს ხალხსაც დაგატყდებათ. ეს იყოს ჩვენი რჩევა: არავითარ შემთხვევაში არ ელაპარაკო. არც შენ უთხრა სიტყვა და არც მისი სიტყვა მოისმინო. მის ნაამბობს ყური არ ათხოვო! ძალიან ფრთხილად იყავი. აქ დიდხანს არც დარჩე. მაშინვე წადი!“ შემდეგ რა მოხდა, ტუფეილ ბინ ამრი ასე მოგვითხრობს:
„ალლაჰს ვფიცავ, ის პიროვნება ჭეშმარიტებას ამცნობს, სიმართლეს ამბობს. ვისაც მისი არ სჯერა, ისინი მატყუარები და გზასაცდენილები არიან“ ჰაზრეთი უნეის ღიფარი (რადიალლაჰუ ანჰ)
„ვფიცავ, ეს იმდენჯერ გამიმეორეს, რომ ბოლოს გადავწყვიტე, არ მელაპარაკა მასთან და არავითარ შემთხვევაში არ მომესმინა მისი სიტყვები. ქააბაში რომ შევდიოდი, ყოველი შემთხვევისთვის, იმის შიშით, რომ შეიძლება მისი სიტყვები გამეგონა, ყურებში ბამბაც კი ჩავიცი. მეორე დღეს დილით ქააბასთან წავედი. დავინახე, რომ შუამავალი (ალეიჰისსელამ) იქ ნამაზს ასრულებდა. მის ახლოს დავდექი. უზენაესი ალლაჰის სიბრძნით, რასაც კითხულობდა, იმის ნაწილი ყურს მომწვდა. რა მშვენიერი იყო ის სიტყვები, რაც გავიგონე! ჩემს თავს ვუთხარი: ‚მე ხომ ისეთი კაცი არ ვარ, რომ კარგსა და ცუდს ვერ ვარჩევდე. თანაც პოეტი ვარ. რატომ არ უნდა მოვისმინო, რასაც ამბობს? თუ მისი სიტყვები მშვენიერი მომეჩვენება, მივიღებ, თუ არ მომეწონება – თავს დავანებებ.‘ განზე დავიმალე და იქ დაველოდე, სანამ ალლაჰის შუამავალმა ნამაზი არ დაასრულა და სახლისკენ არ გაემართა. შემდეგ უკან გავყევი. როცა სახლში შევიდა, მეც შევედი და ვუთხარი: ‚მუჰამმედ (ალეიჰისსელამ)! ამ მხარეში რომ ჩამოვედი, შენმა ხალხმა ესა და ეს მითხრა… მთხოვეს, შენგან შორს დავმდგარიყავი. შიშით ყურებში ბამბა ჩავიცი, რომ შენი სიტყვა არ გამეგონა. მაგრამ უზენაესმა ალლაჰმა შენი წაკითხულიდან ნაწილი მომასმენინა. ძალიან მშვენიერი მომეჩვენა. ახლა, რისი თქმაც გინდა, მითხარი! მზად ვარ, მივიღო.‘ ალლაჰის შუამავალმა ისლამი ამიხსნა და წმინდა ყურანიდან ცოტა რამ წამიკითხა. ვფიცავ, მთელი სიცოცხლე ამაზე უფრო მშვენიერი სიტყვები არ გამეგონა. მაშინვე ქელიმეი შეჰადეთი წარმოვთქვი და მუსლიმი გავხდი. მაშინ ვთქვი: ‚ალლაჰის შუამავალო! მე ჩემს ხალხში ისეთი კაცი ვარ, ვისი სიტყვაც ისმის და ვისაც პატივს სცემენ. მათგან ჩემს სიტყვას არავინ გადავა. წავალ და მათაც ისლამის რჯულისკენ მოვუწოდებ. ივედრეთ, რომ უზენაესმა ალლაჰმა ჩემთვის რაიმე ნიშანი, რაიმე ქერამეთი გამოავლინოს! ეს ნიშანი შვება და შემწეობა იყოს ჩემთვის, როცა ჩემს ხალხს ისლამისკენ მოვუწოდებ!‘ ჩემი ამ თხოვნის შემდეგ ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ევედრა: ‚ჩემო ალლაჰო! მას რაიმე ნიშანი, დასტური უბოძე!‘ შემდეგ ჩემს მხარეში დავბრუნდი. ერთ ბნელ ღამეს, როცა იმ ბორცვს მივადექი, რომელიც წყაროს გადაჰყურებდა, სადაც ჩემი ხალხი ცხოვრობდა, შუბლზე კანდელივით სხივი გამიჩნდა და ნათება დაიწყო. მაშინ ვევედრე: ‚ჩემო ალლაჰო! ეს სხივი ჩემი შუბლიდან სხვა ადგილას გადაიტანე! დევსის ტომის უმეცრებმა რომ დაინახონ, არ იფიქრონ, რომ, რადგან თავის რჯულს განუდგა, ალლაჰმა ღვთიურ სასჯელად შუბლზე ეს გამოუყვანა!‘ ის სხივი მაშინვე ჩემს ხელში არსებული მათრახის ბოლოზე გადავიდა და კანდელივით ჩამოეკიდა. როცა ჩემი ტომის სადგომს მივუახლოვდი და აღმართიდან დაშვება დავიწყე, იქ მყოფნი ერთმანეთს აჩვენებდნენ სხივს, რომელიც ჩემს ხელში მათრახის წვერზე კანდელივით ბრწყინავდა. ასე ჩამოვედი აღმართიდან და სახლში მოვედი. ჯერ მამაჩემი მოვიდა ჩემთან და ამ მდგომარეობაში მნახა. ჩემდამი სიყვარულით კისერზე მომეხვია. მამაჩემი ძალიან მოხუცი იყო. ვუთხარი: ‚მამიკო! თუ წინანდელ მდგომარეობაში დარჩები, არც მე ვარ შენი და არც შენ ხარ ჩემი!‘ ეს სიტყვები რომ გაიგონა, მამაჩემი გაოცდა და მკითხა: ‚რატომ, შვილო?‘ პასუხად ვუთხარი: ‚მე ახლა მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) რჯული მივიღე და მუსლიმი გავხდი.‘ ამაზე მამაჩემმა თქვა: ‚შვილო, მეც იმ რჯულში შევედი, რომელშიც შენ შეხვედი. შენი რჯული ჩემი რჯულიც იყოს!‘ და მაშინვე ქელიმეი შეჰადეთი წარმოთქვა და მუსლიმი გახდა. ამის შემდეგ ვასწავლე, რაც ისლამის რჯულზე ვიცოდი. შემდეგ განიბანა და სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა. ამის შემდეგ ჩემთან ცოლი მოვიდა. მასაც იგივე ვუთხარი. მანაც მიიღო და მუსლიმი გახდა. როცა გათენდა, დევსის ტომში გავედი. ისლამი ავუხსენი და ყველანი ისლამისკენ მოვუწოდე. მაგრამ მიღებას აყოვნებდნენ. დიდხანს მეწინააღმდეგებოდნენ. თავიანთი ცოდვიანი და ბოროტი საქმეებისთვის ხელი არ აუღიათ. უფრო შორსაც წავიდნენ: თვალ-წარბის თამაშით დამცინოდნენ; მევახშეობისა და აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილების გამო ჩემს სიტყვებს არ უსმენდნენ. ისლამის გაყოლას გაურბოდნენ. ალლაჰსა და მის შუამავალს აუჯანყდნენ.
ცოტა ხნის შემდეგ მექქაში ჩამოვედი და ალლაჰის შუამავალს ჩემს ხალხს ვუჩივლე: ‚ალლაჰის შუამავალო! დევსის ტომი უზენაეს ალლაჰს აუჯანყდა. არ მიიღეს ჩემი მოწოდება, რომ ისლამში შესულიყვნენ. მათთვის ივედრეთ!‘ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, რომელიც ყველასადმი დიდ თანაგრძნობასა და მოწყალებას იჩენდა, ხელები აღაპყრო, ყიბლისკენ მიბრუნდა და ევედრა: ‚ჩემო უფალო! დევსის ხალხს სწორი გზა უჩვენე და ისლამის რჯულს მოაქციე!‘ მე კი მითხრა: ‚შენს ხალხთან დაბრუნდი. ღიმილიანი სახითა და ტკბილი სიტყვით კვლავ ისლამისკენ მოუწოდე! რბილად მოექეცი!‘ მაშინვე ჩემს მხარეში დავბრუნდი და დევსის ხალხს ისლამისკენ მოწოდებას წამითაც არ ვწყვეტდი.“12
ბაზრობებზე მოწოდება
ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქის ხალხი განსაზღვრულ დღეებში ქააბეი მუაზზამას მოსანახულებლად მექქაში ჩამოდიოდა. უკეთილშობილესი შუამავალიც (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჩამოსულებს ხვდებოდა, ყოველ ჯგუფს ისლამს უხსნიდა და ამცნობდა, „რომ უზენაესი ალლაჰი ერთია, რომ თვითონ ჭეშმარიტი შუამავალია და რომ ხსნა ამაშია“. ერთ დღეს ველიდ ბინ მუღირემ კერპთაყვანისმცემლები შეკრიბა და თქვა: „ყურაიშელებო! კვლავ დადგა ქააბის მონახულების დრო. მუჰამმედის ხმა მთელ სამყაროს მოედო. არაბული ტომები მასთან მიდიან, მის ტკბილ სიტყვებს ეტანებიან და მის რჯულში შედიან. ამის წინააღმდეგ რაიმე ზომა უნდა მოვიფიქროთ. ყველანი შევთანხმდეთ, რომ თითოეულმა მასზე სხვადასხვა რამ არ თქვას და ერთმანეთი მატყუარად არ გამოვიყვანოთ.“ ყურაიშელებმა თქვეს: „აბდი შემსის მამავ! შენ ჩვენ შორის ყველაზე შორსმჭვრეტელი ხარ. რისი თქმაც გვირჩიო, ჩვენც იმას ვიტყვით.“ როცა ველიდმა თქვა: „არა, თქვენ თქვით, მე კი მოგისმენთ“, მათ თქვეს: „ვთქვათ, რომ მკითხავია.“ ველიდი მაშინვე შეეწინააღმდეგა: „არა! ვფიცავ, ის მკითხავი არ არის. ბევრი მკითხავი გვინახავს. ისინი სიმართლესაც და სიცრუესაც ყოველგვარი მორიდების გარეშე ამბობენ. რასაც მუჰამმედი კითხულობს, სულაც არ ჰგავს მკითხავების მოგონილს. თანაც აქამდე მუჰამმედისგან ერთი სიცრუეც არ გაგვიგონია. ასე რომ ვთქვათ, არავინ დაგვიჯერებს.“ ამჯერად თქვეს: „ვთქვათ, რომ მეჯნუნია, გიჟია.“ ველიდი კვლავ შეეწინააღმდეგა: „არა! ვფიცავ, ის არც მეჯნუნია და არც გიჟი. ჩვენ ვიცნობთ გიჟებსა და მეჯნუნებს, სიგიჟის ნიშნებიც გვესმის. მას არც ხრჩობა სჭირს, არც ფართხალი და კანკალი და არც შიშის შეტევები. ასე რომ ვთქვათ, უარგვყოფენ და მატყუარებად გამოგვიყვანენ.“ ყურაიშელებმა თქვეს: „ვთქვათ, რომ პოეტია…“ ველიდი კვლავ შეეწინააღმდეგა: „არც პოეტია! პოეზიის ყველა სახეობა ძალიან კარგად ვიცით. რასაც ის კითხულობს, სულაც არ ჰგავს პოეზიას.“ ამჯერად თქვეს: „ვთქვათ, რომ ჯადოქარია.“ ველიდმა თქვა: „ჯადოქარი არ არის. ჯადოქრები გვინახავს და მათი ჯადოებიც ვიცით. მის სიტყვებში ჯადოს კვალიც არ არის. მუჰამმედის სიტყვა მთელ სამყაროს სჯობს. არც უცნობი კაცია. ხალხს მისგან ვერ განვაცალკევებთ და მასთან საუბარს ვერ დავუშლით. თანაც მჭევრმეტყველებითა და ენაწყლიანობით, ლამაზი და აზრიანი საუბრით თავის თანატოლებს აღემატება. ერთი სიტყვით, მასზე რაც არ უნდა ვთქვათ, ხალხი მიხვდება, რომ ჩვენი სიტყვა სიცრუეა.“ ყურაიშელებმა სათქმელი ვერაფერი იპოვეს და თქვეს: „შენ ჩვენ შორის ყველაზე ხნიერი და გამოცდილი ხარ; რასაც იტყვი, ჩვენ თანახმა ვართ.“
„ჩვენი შუამავალი ევედრა: ‚ჩემო უფალო! დევსის ხალხს სწორი გზა უჩვენე და ისლამის რჯულს მოაქციე!‘ მე კი მითხრა: ‚შენს ხალხთან დაბრუნდი! ღიმილიანი სახითა და ტკბილი სიტყვით კვლავ ისლამისკენ მოუწოდე! რბილად მოექეცი!‘“ ტუფეილ ბინ ამრი (რადიალლაჰუ ანჰ)
ამის შემდეგ ველიდ ბინ მუღირე ცოტა ხანს ჩაფიქრდა და გარშემომყოფთა გზიდან ასაცდენად თქვა: „მაინც ყველაზე უკეთესი ის იქნება, რომ მას ჯადოქარი, გრძნეული ვუწოდოთ; ეს ყველაზე მისაღებია გონებისთვის, რადგან თავისი სიტყვებით ადამიანებს თავიანთ ხალხსა და ნათესავებს აშორებს. ძმას ძმისგან აუცხოებს, ორ მეგობარს ერთმანეთს აცივებს.“ ყურაიშელები მაშინვე დაიშალნენ და მექქაში გარშემო შემოკრებილ ხალხს ეუბნებოდნენ: „მუჰამმედი ჯადოქარია!..“ და ეს ხალხში გაავრცელეს. როცა ტომებმა ქააბის მოსანახულებლად ჩამოსვლა დაიწყეს, წინ ეგებებოდნენ და არავინ დარჩა, ვინც ჩვენს შუამავალთან შეხვედრისგან არ გაეფრთხილებინათ. კერპთაყვანისმცემელთა ამ ქმედებების გამო არაბეთის ყველა ქვეყანაში ისლამისადმი ინტერესი გაჩნდა და გონებაში კერპების მიმართ ეჭვები და კითხვები დაიბადა. უზენაესმა ალლაჰმა წმინდა აიათები გარდამოავლინა იმის შესახებ, რომ ურწმუნო ველიდ ბინ მუღირეს მწარე სასჯელს აგემებდა. ასე, სურა მუდდესსირის 11–29-ე წმინდა აიათებში შინაარსით ნაბრძანებია: „(ჩემო შუამავალო!) მე მომანდე იმის საქმე (სასჯელი), ვინც მარტოდმარტო გავაჩინე (სიმდიდრეს მოკლებული) (ველიდ ბინ მუღირეს მსგავსი ურწმუნოსი)! (მე მივცემ ამ ურწმუნოს სასჯელს, რომელიც დაიმსახურა.) ვუბოძე მას სიმდიდრე უხვად (ამ უმადურ კაცს, რომელსაც არაფერი გააჩნდა, მრავალი ვენახი, ბაღი და ქონება ვუწყალობე, შემდეგ კი მრავალ წყალობას ვაზიარე). მივეცი მას ვაჟები, რომლებიც მუდამ მის გვერდით არიან (რომლებიც მას უვლიან და მფარველობენ, ძლიერნი და ღონიერნი, მზად რომ არიან, მასზე ყოველი თავდასხმა მყისვე აღკვეთონ). ყველაფერი გავუადვილე, უდიდესი შესაძლებლობები ვუბოძე (ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენე, რომ ყველაფერს ადვილად ეუფლებოდა, გზა გავუხსენი. მექქაში მაღალ მდგომარეობას მიაღწია. მეტსახელად „რეიჰანეთულ-არაბი“ შეარქვეს. თავის ხალხს თავს ძალიან რჩეულ პიროვნებად აცნობდა). შემდეგ (ეს გაუმაძღარი, უმადური კაცი) ყველა ამ შესაძლებლობის შემდეგ სურს, რომ (ქონება და შვილები) კიდევ გავუმრავლოთ (ხარბად ითხოვს და არ ცდილობს, მიღებული წყალობის ფასი იცოდეს და მადლობა შესწიროს). არამც და არამც! მისი სურვილები არასოდეს შესრულდება! (ამ უარმყოფლის, ამ გაუმაძღრის სურვილი არ შესრულდება; მისი ქონება და შვილები არ გამრავლდება.) რადგან ის ჩვენი აიათების მიმართ უკიდურესად ჯიუტი გახდა. ჯოჯოხეთში მას ძალით ავათრევ სრიალა კლდეზე, რომელზეც ფეხი არ მაგრდება (ჯოჯოხეთის მძაფრ და მტანჯველ ტკივილში დავსჯი იმ სასჯელით, რომელიც დაიმსახურა), გაჭირვებასა და ტანჯვაში ჩავაგდებ! (ერთ დღეს, როცა ჩვენი შუამავალი ქააბასთან ხმამაღლა კითხულობდა წმინდა ყურანს, წმინდა აიათებმა ველიდზე ღრმა კვალი დატოვა. ყურაიშელებთან მივიდა და თქვა: ‚გავიგონე სიტყვა, რომელსაც მუჰამმედი კითხულობს. ეს ვერ იქნება არც ადამიანის და არც ჯინის სიტყვა. ეს სიტყვა არც ლექსია და არც მკითხავის სიტყვა. ეს კაცი არც ტყუის. მე ის კაცი ვარ, ვისაც მრავალი მოსწრებული და აზრიანი სიტყვა მოუსმენია. მაგრამ მას ვერაფერს შევადარე. ოდესმე გინახავთ, რომ ეცრუოს?‘ ყურაიშელებს დიდი შიში დაეუფლათ და თქვეს: ‚ვაი! ეს ჭკვიანი, მდიდარი, გავლენიანი კაციც ხელიდან გავუშვით! მუჰამმედის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სიტყვებმა მასზეც იმოქმედა.‘ მაშინვე მასთან ებუ ჯეჰლი გაგზავნეს. ებუ ჯეჰლი მივიდა და უთხრა: ‚რა ხდება, ასე დამწუხრებულს და დაღონებულს რომ გხედავ? მუჰამმედის ჯადომ შენზეც იმოქმედა, თუ მისი ქონებიდან და სიმდიდრიდან რამე გერგო? ჩვენ ერთმანეთში შევთანხმდით: თუ ქონებასა და სიმდიდრეს ხარბობ, რამდენიც გინდა, იმდენ ქონებასა და სიმდიდრეს მოგცემთ. ასე გზას ნუ ასცდები.‘ ველიდ ბინ მუღირემ თქვა: ‚ყურაიშელთა შორის ყველაზე მდიდარი მე ვარ. როგორ მთავაზობთ ასეთ რამეს?‘ ებუ ჯეჰლმა თქვა: ‚კარგი! მაშ, რატომ წარმოთქვი ქების სიტყვები ყურანზე, რომელსაც ის კითხულობს?‘) (ამის შემდეგ ამ უარმყოფელმა, რომ ალლაჰის შუამავლისგან მოსმენილი წმინდა ყურანისთვის ცილი დაეწამებინა,) გონებაში რაღაცები მოიფიქრა (იფიქრა და აწონ-დაწონა) და შემდეგ ფასეულობის მსჯავრი (საზომი) გამოიტანა (თავისი ფიქრის შედეგი გამოთქვა). დაე, დაიწყევლოს (დაიღუპოს), როგორ განსაჯა! (უსაფუძვლო, უაზრო, წეღან ნათქვამის უარმყოფელი, სრულიად მცდარი შეფასება გამოიტანა. ამ კაცმა თავისი სიტყვების ახსნის საჭიროება იგრძნო: როგორ ავუხსნა მათ ეს ნათქვამი სიტყვები.)
„არა, ისევ წავალ და წავიკითხავ. კერპთაყვანისმცემლებს ასეთ სავალალო დღეში პირველად ვხედავ. მათი უძლურება ძალიან მახარებს. ჩემზე მიყენებული წამების ტკივილს არ ვგრძნობ“ აბდულლაჰ ბინ მეს’უდი (რადიალლაჰუ ანჰ)
შემდეგ, დაე, დაიწყევლოს, როგორი (რა საშინელი) მსჯავრი გამოიტანა! შემდეგ შეხედა (საქმეს ყურადღება მიაპყრო, საგანს კვლავ გამჭრიახად ჩახედა და კვლავ ჩაფიქრდა, რომ სრულად თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია). შემდეგ მოიღუშა და შეიჭმუხნა. შემდეგ ჭეშმარიტებას ზურგი აქცია და გადიდგულდა. და თქვა: ‚ეს სხვა არაფერია, თუ არა ხალხისგან მემკვიდრეობით მიღებული ჯადო (რომელიც გამუდმებით ერთიდან მეორეზე გადადის). ეს მხოლოდ ადამიანის სიტყვაა!‘“ (ეს კაცი კი მანამდე თავისი ხალხის წინაშე აღიარებდა, რომ წმინდა ყურანი საოცარი სიტყვაა და ადამიანთა და ჯინთა სიტყვებს არ ჰგავს. შემდეგ ამ უარმყოფელმა, თავისი ხალხის გულის მოსაგებად, სიტყვა შეცვალა და წმინდა ყურანს ისეთი ცილი დასწამა, რაც მას არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება. ასე თავი ღვთიური სასჯელის ღირსი გახადა. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა:) „მას ჯოჯოხეთში (სეყარში, მძაფრ ცეცხლში) ჩავაგდებ. იცი კი, რა არის სეყარი? (საიდან უნდა იცოდე, რა არის მძაფრი ცეცხლი? იცი რამე მისი თვისებების შესახებ?) არაფერს დატოვებს და არაფერს მოეშვება! (არც ცოცხალს დატოვებს და არც მოსპობს! ანუ ადამიანს არც მოკლავს და არც გააცოცხლებს! მასში შესულებს არც გამოუშვებს და არც სასჯელს შეუწყვეტს.) ადამიანს მთელ ტყავს გააძრობს (სწვავს, ბუგავს, აშავებს) და ძვლებს გაუშიშვლებს.“
როგორ უსმენდნენ კერპთაყვანისმცემლები წმინდა ყურანს
კერპთაყვანისმცემელთა წარჩინებულები სხვადასხვა ხრიკითა და ჩაგვრით ადამიანებს რწმენის მიღებაში ხელს უშლიდნენ. მექქის მცხოვრებლებს უკრძალავდნენ იმ წმინდა აიათების მოსმენას, რომლებსაც მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) კითხულობდა. თვითონ კი ღამღამობით ფარულად მიდიოდნენ იმ სახლთან, სადაც ჩვენი საყვარელი შუამავალი, მუჰამმედი (ალეიჰისსელამ), იმყოფებოდა, რომელიმე კუთხეში იმალებოდნენ და უსმენდნენ. როცა დილა დგებოდა და თენდებოდა, კერპთაყვანისმცემელთა წარჩინებულები ხედავდნენ, რომ ერთმანეთისგან ფარულად მოსულიყვნენ ღამით წმინდა ყურანის მოსასმენად, ერთმანეთს კიცხავდნენ და ამბობდნენ: „ამას აღარ გავიმეორებთ.“ მაგრამ მომდევნო ღამეს კვლავ ერთმანეთისგან ფარულად მიდიოდნენ, რომელიმე კუთხეში იმალებოდნენ და კვლავ უსმენდნენ. დილით კი ერთმანეთს ხედავდნენ და უკვირდათ. ფიცით შორდებოდნენ ერთმანეთს, რომ ამას აღარ გაიმეორებდნენ, მაგრამ თავს ვერ ანებებდნენ. მიუხედავად ამისა, რადგან თავიანთ ნეფსს მიჰყვებოდნენ, თავს აღმატებულად მიიჩნევდნენ, ეშინოდათ, რომ სხვა კერპთაყვანისმცემლები დაძრახავდნენ, და კიდევ ბევრ ამაო ფიქრს აჰყვნენ, რწმენა არ მიიღეს. სხვებსაც ხელს უშლიდნენ. ამასთან, ქუჩებში ყვიროდნენ: „მუჰამმედი ჯადოქარია.“ ერთ საღამოს კერპთაყვანისმცემლები ქააბის გარშემო შეიკრიბნენ და თქვეს: „მუჰამმედს დავუძახოთ და ეს საკითხი განვიხილოთ! რომ ბოლოს არ გვკიცხონ და მართლებად ჩაგვთვალონ“, და ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შეუთვალეს. ამ მოწვევის შემდეგ ჩვენი შუამავალი ქააბასთან მობრძანდა და კერპთაყვანისმცემლების პირისპირ დაჯდა. კერპთაყვანისმცემლებმა თქვეს: „მუჰამმედ! შენთან იმიტომ შემოგითვალეთ, რომ შენთან შევთანხმდეთ. ვფიცავთ, არაბებს შორის შენნაირი კაცი არ ყოფილა, რომელმაც თავისი ხალხი ასეთ გასაჭირში ჩააგდო! ჩვენი რჯული დაძრახე! ჩვენი ღმერთები აუგად მოიხსენიე! ჩვენი გონება დაამცირე! ჩვენი ერთობა დაარღვიე და ერთმანეთს გადაგვკიდე! არ დარჩა ბოროტება, რომელიც თავს არ დაგვატეხე! თუ ამ საქციელითა და სიტყვებით გამდიდრება გსურს, იმაზე მეტ ქონებას შეგიგროვებთ, ვიდრე გინდა. თუ დიდება და პატივი გსურს, ჩვენზე მეთაურად მიგიღებთ. თუ მმართველობა გსურს, მმართველად გამოგაცხადებთ და შენ გარშემო შემოვიკრიბებით. თუ რაიმეს გავლენის ქვეშ ხარ, მისგან გიხსნით. თუ ეს ჯინებისგან მოსული სენია, მთელ ჩვენს ქონებას დავხარჯავთ, რომ წამალი გიპოვოთ!…“ სამყაროთა ბატონმა ისინი მოთმინებით მოისმინა და შემდეგ ეს დიდებული პასუხი გასცა: „ყურაიშელებო! არცერთი იმათგანი, რასაც ამბობთ, ჩემში არ არის. რაც მოგიტანეთ, ის იმისთვის არ მომიტანია, რომ თქვენი ქონება მოვითხოვო, ან თქვენ შორის დიდი პატივი და დიდება მოვიპოვო, ან თქვენზე მმართველი გავხდე. არამედ უზენაესმა ალლაჰმა თქვენთან შუამავლად წარმომგზავნა და წიგნიც გარდამომივლინა. მიბრძანა, რომ თქვენთვის (თქვენგან მათთვის, ვინც მიიღებს) მახარობელი ვიყო (სამოთხით) და გამფრთხილებელი (თქვენგან მათთვის, ვინც არ მიიღებს, ჯოჯოხეთით).
მე კი ჩემი უფლის ეს ბრძანება გამცნეთ, დარიგება მოგეცით. თუ მიიღებთ იმას, რაც მოვიტანე, ის თქვენთვის როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოში წილი და საგზალი იქნება. თუ არ მიიღებთ და უარყოფთ, ჩემი საქმეა, ვიდრე უზენაესი ალლაჰი ჩემსა და თქვენ შორის თავის განაჩენს გამოიტანს, უზენაესი ალლაჰის ბრძანების შესასრულებლად ყოველ სიძნელეს მკერდი მივუშვირო და ავიტანო…“ ებუ ჯეჰლმა, უმეიიე ბინ ჰალეფმა და სხვა კერპთაყვანისმცემლებმა თქვეს: „მუჰამმედ! შენ იცი, რომ ჩვენზე უფრო მძიმე პირობებში მცხოვრები არავინაა. რაკი შუამავალი ხარ, შენს უფალს სთხოვე, რომ ეს მთები, რომლებიც გვავიწროებს და ცხოვრებას გვირთულებს, მოაშოროს და დაგვიცილოს! ჩვენი მიწა გააფართოოს და შამისა და ერაყის მდინარეებივით მდინარეები ადინოს! ამასთან, ჩვენი გარდაცვლილი წინაპრებიდან ზოგიერთი გააცოცხლოს, და უპირველესად – ყუსაიი ბინ ქილაბი! ყუსაიი ბინ ქილაბი სიტყვამართალი, დიდებული კაცი იყო. მას ვკითხავთ, ჭეშმარიტებაა თუ სიცრუე, რასაც ამბობ! თუ ის შენ დაგიდასტურებს და თუ იმას გააკეთებ, რასაც ვითხოვთ, დაგიჯერებთ. ამით ისიც გავიგებთ, რა ადგილი გიჭირავს შენი უფლის წინაშე. თუ ამას ჩვენთვის არ გააკეთებ, შენი უფლისგან შენთვის მაინც ითხოვე რამე. სთხოვე, ანგელოზი გამოგზავნოს, რომელიც შენს სიტყვებს დაადასტურებს და შენგან ჩამოგვაშორებს! ამასთან, შენმა უფალმა ბაღები, სასახლეები, საგანძურები მოგცეს, რომ საარსებო საზრუნავს დააღწიო! რადგან შენც ჩვენსავით ბაზრებში დადიხარ და საარსებოდ ირჯები!…“ სამყაროს სიამაყემ მათ უთხრა: „მე ამისთვის არ ვარ წარმოგზავნილი თქვენთან. მე თქვენთვის უზენაესი ალლაჰისგან მხოლოდ ის მოვიტანე, რითაც უზენაესმა ალლაჰმა წარმომგზავნა. ეს გამცნეთ. მე არ ვარ კაცი, რომელიც ჩემს უფალს (ქონებისა და სიმდიდრის მოცემას) სთხოვს… უზენაესმა ალლაჰმა წარმომგზავნა მახარობლად (თქვენგან მათთვის, ვინც ჩემს მოტანილს მიიღებს, სამოთხით) და გამფრთხილებლად (თქვენგან მათთვის, ვინც არ მიიღებს და უარყოფს, ჯოჯოხეთით).“ ამაზე კერპთაყვანისმცემლებმა თქვეს: „რაკი შენი უფალი, თუ მოისურვებს, უეჭველად ყველაფერს აკეთებს, აბა, სთხოვე, ეს ცა გააპოს და თავზე ჩამოგვამხოს!… სანამ ამას არ გააკეთებ, არ დაგიჯერებთ!“ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ეს უზენაესი ალლაჰის საქმეა. თუ ამის გაკეთება მოისურვებს თქვენთვის, უეჭველად გააკეთებს.“ ამის შემდეგ კერპთაყვანისმცემლები უფრო შორს წავიდნენ: „მუჰამმედ! განა შენმა უფალმა არ იცოდა, რომ შენთან დავსხდებოდით, რას გკითხავდით და რას მოგთხოვდით, რომ წინასწარ ეუწყებინა და ესწავლებინა შენთვის? რატომ არ გაუწყა, რას გვიზამს, თუ შენს გადმოცემულს არ მივიღებთ?… სანამ შენი სიტყვების სიმართლის მოწმეებად ანგელოზებს არ მოგვიყვან, არ დაგიჯერებთ… ახლა შენს მიმართ არანაირი ვალდებულება აღარ გვაქვს. ვფიცავთ, ამიერიდან თავს აღარ დაგანებებთ! ან ჩვენ მოგსპობთ, ან – შენ ჩვენ…“ როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა დაინახა, რომ მასთან დაახლოების ნაცვლად ასე სულ უფრო შორდებოდნენ, მათგან წავიდა.13 როცა მექქელმა კერპთაყვანისმცემლებმა სამყაროს სულთანი უარყვეს, უზენაესმა ალლაჰმა ჯებრაილის (ალეიჰისსელამ) მეშვეობით ვაჰიი (ზეშთაგონება) გამოგზავნა და მათ წმინდა აიათებით უპასუხა. ამცნო მწარე სასჯელები, რომლებიც მათ დაატყდებოდა. სურა ენ’ამის მე-4-დან მე-11 წმინდა აიათამდე შინაარსით ნაბრძანებია: „არ მოვა მათთან მათი უფლის აიათთაგან არცერთი აიათი (წმინდა ყურანის აიათთაგან აიათი, მტკიცებულებათაგან მტკიცებულება ან სასწაულთაგან სასწაული), რომ მისთვის ზურგი არ შეექციათ.
„ველური, გულქვა უმეცრები შენ არ გიწამებენ. მათი უმეტესობა მუნაფიყია (თვალთმაქცია)“ თევბე: 97
აჰა, უარყვეს და ცრუდ შერაცხეს ჭეშმარიტება (წმინდა ყურანი), როცა მათ მოევლინა. მაგრამ მალე მოუვათ ამბავი (სასჯელი) იმისა, რასაც დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ. განა ვერ დაინახეს (მექქის მცხოვრებლებმა), რამდენი თაობა დავღუპეთ მათზე ადრე? განა ეს ეჭვმიუტანლად არ იცოდნენ? მათ ყველა ის შესაძლებლობა მივეცით, რაც თქვენ არ მოგვიცია. ციდან უხვი წვიმები მოვუვლინეთ. (მათი ბაღებისა, ბოსტნებისა და სასახლეების) ქვეშ მდინარეები ვადინეთ. შემდეგ ისინი თავიანთი ცოდვების გამო დავღუპეთ (და იმის გამო, რომ ამ წყალობისთვის მადლობა არ შესწირეს). მათ ნაცვლად სხვა და სხვა თაობები გავაჩინეთ. ქაღალდზე დაწერილი წიგნიც რომ გარდამოგვევლინა შენთვის და თავიანთი ხელით შეხებოდნენ, ის ურწმუნოები სიჯიუტით მაინც იტყოდნენ: ‚ეს სხვა არაფერია, თუ არა ცხადი ჯადო.‘ და თქვეს: ‚ნეტავ მას (მუჰამმედს (ალეიჰისსელამ)) ანგელოზი გამოგზავნოდა (რომელსაც ჩვენც დავინახავდით და გვეტყოდა, რომ ის შუამავალია)!‘ ანგელოზი რომ გამოგვეგზავნა (და მაშინაც არ ერწმუნათ), საქმე უეჭველად დასრულდებოდა (ყველას დაღუპვის განაჩენი გამოიტანებოდა). მერე თვალის დახამხამების ვადაც არ მიეცემოდათ და აღარ დაელოდებოდნენ. ის (შუამავალი) ანგელოზად რომ გაგვეჩინა, უეჭველად მაინც კაცის (სახით) გამოვაჩენდით და კვლავ იმ ეჭვში ჩავაგდებდით, რომელშიც ჩავარდნილიყვნენ. ვფიცავ, შენამდელ შუამავლებსაც დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ, და ის უბედურება და სასჯელი, რაც მათი დაცინვის საზღაური იყო, ყოველი მხრიდან მოიცვა მათ. თქვი: ‚დედამიწაზე იარეთ და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული მათი, ვინც შუამავლებს ცრუდ რაცხდა!‘“ სურა ფურყანის მე-7–მე-10 წმინდა აიათებშიც შინაარსით ნაბრძანებია: „ურწმუნოებმა თქვეს: ‚ეს რა შუამავალია? ჩვენსავით ჭამს და სვამს, ქუჩებში დადის. შუამავალი რომ იყოს, ანგელოზი მოვიდოდა მასთან. შემწეები ეყოლებოდა, ისინიც გვამცნობდნენ და ჯოჯოხეთით გვაშინებდნენ. ან უფალი ფულის საგანძურებს გამოუგზავნიდა, ან ხეხილის ბაღები და მამულები ექნებოდა და რასაც მოისურვებდა, იმას შეჭამდა.‘ იმ ზალიმებმა ერთმანეთს უთხრეს: ‚თუ მას გაჰყვებით, მოჯადოებულ კაცს გაჰყვებით.‘ (ჩემო ჰაბიბო!) ნახე, შენზე რა საძაგელი მაგალითები მოიყვანეს და ამით ჭეშმარიტ გზას ასცდნენ, გზასაცდენილობაში ჩავარდნენ. აღარ შეუძლიათ გზასაცდენილობიდან გამოსვლა და ჭეშმარიტ გზაზე დადგომა. რა დიდებულია უზენაესი ალლაჰი! თუ მოისურვებს, შენ (ამქვეყნად) ამაზე უკეთესს მოგცემს: ბაღებსა და ბოსტნებს, რომელთა ძირსაც მდინარეები მიედინება, და სასახლეებს აგიშენებს!“ 21-ე წმინდა აიათშიც შინაარსით ნაბრძანებია: „ვისაც ჩვენთან შეხვედრის იმედი არ აქვს, თქვეს: ‚ნეტავ ჩვენთან ანგელოზები გარდამოევლინათ (რომ გვეუწყებინათ, რომ მუჰამმედი სიმართლეს ამბობს), ან ნეტავ ჩვენი უფალი დაგვენახა!‘ ვფიცავ, ისინი თავიანთ სულებში ამპარტავნობდნენ და დიდი თავხედობით ზღვარს გადავიდნენ…“ სურა სებეს მე-9 წმინდა აიათში შინაარსით ნაბრძანებია: „ჩვენ რომ მოგვესურვებინა, მიწას ჩავანთქმევინებდით მათ (ყარუნივით, რადგან ჩვენი ცხადი აიათები დაინახეს და უარყვეს), ან თავზე ცის ნატეხებს ჩამოვამხობდით (როგორც ეიქეს მცხოვრებლებს მოვუწყვეთ).“ სურა ისრას 97-ე წმინდა აიათშიც შინაარსით ნაბრძანებია: „…განკითხვის დღეს მათ პირქვე დამხობილებს, ბრმებს, მუნჯებსა და ყრუებს შევკრებთ! მათი სამყოფელი ჯოჯოხეთია; როგორც კი მისი ალი ჩაცხრება, ცეცხლს გავუმძაფრებთ!“ მათ შესახებ გარდამოვლენილი წმინდა აიათების საპასუხოდ კერპთაყვანისმცემლებმა მტრობა კიდევ უფრო გაამძაფრეს.
განსაკუთრებით უბეიი ბინ ჰალეფი და მისი ძმა, უმეიიე, აწუხებდნენ ძალიან ალლაჰის შუამავალს. უბედური უბეიი დამპალი ძვლით ჩვენს შუამავალთან მივიდა. თქვა: „მუჰამმედ! შენი ალლაჰი თურმე ამ ძვალს გააცოცხლებს, მას შემდეგ, რაც დალპება, ასეა? მაშ, შენ გგონია, რომ შენი უფალი ამას დალპობის შემდეგ გააცოცხლებს!“ და ძვალი დაფშვნა. შემდეგ მისი მტვერი ჩვენი საყვარელი შუამავლისკენ შეაბერა. და განაგრძო: „მუჰამმედ! ასე დალპობის შემდეგ ამას თურმე ვინ გააცოცხლებს?“ ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: „დიახ. უზენაესი ალლაჰი მოგკლავს შენც და მასაც… შემდეგ შენ გაგაცოცხლებს და ჯოჯოხეთში შეგაგდებს.“ ამ ამბის გამო უზენაესმა ალლაჰმა ეს წმინდა აიათები გარდამოავლინა. შინაარსით: „განა ვერ დაინახა, განა ეჭვმიუტანლად არ იცის ამ (უარმყოფელმა) ადამიანმა, რომ ის სპერმის წვეთიდან გავაჩინეთ? და აჰა, ცხადი მოდავე გახდა. თავისი გაჩენა დაივიწყა და ჩვენ მაგალითი მოგვიყვანა: ‚ვინ გააცოცხლებს ამ ძვალს, როცა დალპება და დაიშლება?‘ (ჩემო შუამავალო!) თქვი: ‚მათ ის გააცოცხლებს, ვინც (როცა არ არსებობდნენ) პირველად გააჩინა (უზენაესი ალლაჰი), და მან კარგად იცის ყოველი ქმნილება. ის (უზენაესი ალლაჰი) არის, ვინც თქვენთვის მწვანე ხისგან ცეცხლს გამოიღებს, თქვენ კი მისით ცეცხლს ანთებთ. განა მას, ვინც ცანი და დედამიწა გააჩინა, არ შესწევს ძალა, მათნაირები გააჩინოს? დიახ, შესწევს. ის არის ყოვლის გამჩენი, ყოვლის მცოდნე…‘“14
ჰალიდ ბინ სა’იდის რწმენა
ისლამისკენ მოწოდების პირველ ხანებში ჰალიდ ბინ სა’იდმა სიზმარი ნახა. სიზმარში ჯოჯოხეთის კიდეზე იდგა და მამამისს მისი შიგ ჩაგდება სურდა. სწორედ ამ დროს დაინახა, რომ ჩვენმა შუამავალმა წელზე მოჰკიდა ხელი და ჯოჯოხეთში ჩავარდნას გადაარჩინა. ყვირილით გაეღვიძა და თქვა: „ალლაჰს ვფიცავ, ეს სიზმარი ჭეშმარიტია.“ გარეთ რომ გავიდა, ჰაზრეთი ებუ ბექირს შეხვდა და სიზმარი უამბო. ჰაზრეთი ებუ ბექირმა უთხრა: „შენი სიზმარი ჭეშმარიტია, ის პიროვნება უზენაესი ალლაჰის შუამავალია. მაშინვე წადი და გაჰყევი! შენ გაჰყვები მას, მის მოტანილ რჯულს მიიღებ და მასთან იქნები. ის კი, როგორც სიზმარში ნახე, ჯოჯოხეთში ჩავარდნისგან დაგიცავს. მამაშენი კი ჯოჯოხეთში დარჩება!“
ჰაზრეთი ჰალიდ ბინ სა’იდი სიზმრის შთაბეჭდილების ქვეშ იყო. დაუყოვნებლივ ეჯიადად წოდებულ ადგილას მუჰამმედთან (ალეიჰისსელამ) მივიდა და ჰკითხა: „მუჰამმედ! რისკენ მოუწოდებ ადამიანებს?“
ჩვენმა შუამავალმა უპასუხა: „ადამიანს მოვუწოდებ, ირწმუნოს ერთადერთი ალლაჰი, რომელსაც არც თანაზიარი ჰყავს და არც მსგავსი, და ის, რომ მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) მისი მონა და შუამავალია, და თაყვანი აღარ სცეს ქვის ნატეხებს, რომლებიც არც ისმენენ, არც ხედავენ, არც ზიანი მოაქვთ და არც სარგებელი და არც მათი თაყვანისმცემლების ამბავი იციან და არც იმათი, ვინც მათ თაყვანს არ სცემს.“
ამაზე ჰალიდ ბინ სა’იდმა მაშინვე თქვა: „მეც ვმოწმობ, რომ არ არსებობს თაყვანისცემის ღირსი ღვთაება უზენაესი ალლაჰის გარდა, და იმასაც ვმოწმობ, რომ შენ უზენაესი ალლაჰის შუამავალი ხარ!“ და მუსლიმი გახდა. მისმა გამუსლიმებამ ჩვენი შუამავალი ძალიან გაახარა. მის შემდეგ მისი ცოლიც, უმეიიე, ეღირსა მუსლიმობის პატივს. ჰაზრეთი ჰალიდ ბინ სა’იდს სურდა, რომ მისი ძმებიც მუსლიმები გამხდარიყვნენ, და ამისთვის ცდილობდა. მათგან ომერ ბინ სა’იდი უკვე მუსლიმი გამხდარიყო.
„განკითხვის დღეს მათ პირქვე დამხობილებს, ბრმებს, მუნჯებსა და ყრუებს შევკრებთ! მათი სამყოფელი ჯოჯოხეთია; როგორც კი მისი ალი ჩაცხრება, ცეცხლს გავუმძაფრებთ!“ ისრა: 97
როცა მათმა მამამ, ისლამის სასტიკმა მტერმა ებუ უჰაიჰამ, გაიგო, რომ ჰალიდი და ომერი მუსლიმები გახდნენ და მექქაში ერთ განმარტოებულ ადგილას ნამაზს ასრულებდნენ, თავისი იმ შვილების ხელით, რომლებიც მუსლიმები არ იყვნენ, დააბარებინა და მოაყვანინა. შემდეგ უთხრა, ახლად მიღებული რჯული მიეტოვებინათ. დატუქსვა და ცემა დაუწყო.
შემდეგ ჰალიდ ბინ სა’იდს უთხრა: „შენ მუჰამმედს გაჰყევი? ხომ ხედავ, რომ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიდის და თავისი მოტანილით ჩვენს კერპებსა და წინაპრებს შეურაცხყოფს!“
როცა ჰაზრეთი ჰალიდ ბინ სა’იდმა თქვა: „ალლაჰს ვფიცავ, მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) სიმართლეს ამბობს. მე მას გავყევი. მოვკვდე კიდეც, ჩემს რჯულს არ განვუდგები!“, მამის რისხვა კიდევ უფრო აენთო. ჯოხით სცემა, ვიდრე ჯოხი არ გადატყდა, შემდეგ კი უთხრა: „ურჩო შვილო! სადაც გინდა, იქ წადი. ვფიცავ, ლუკმა პურსაც არ მოგცემ!“ ჰაზრეთი ჰალიდმა თქვა: „შენ თუ საზრდოს მომიჭრი, უზენაესი ალლაჰი უეჭველად მიბოძებს საზრდოს.“
მამამ დანარჩენ შვილებს დაემუქრა: „თუ თქვენგან ვინმე მას დაელაპარაკება, ისეთს გიზამთ, რაც მისთვისაც არ მიქნია.“ ჰაზრეთი ჰალიდი კი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მექქის ხვატში სამი დღე მშიერ-მწყურვალი დატოვა.
ჰაზრეთი ჰალიდ ბინ სა’იდმა გზა მონახა და მამის ხელიდან თავი დააღწია. მამა მძიმედ დაავადდა. ლოგინად ჩავარდნილი ებუ უჰაიჰა ისლამისადმი მტრობის გამო ამბობდა:
„თუ ამ ავადმყოფობას გადავრჩი და ფეხზე დავდექი, მექქაში ყველა ჩვენს კერპებს ეთაყვანება. მათ გარდა ვერავინ ვერავის სცემს თაყვანს!…“ რათა მამის მტრობა ჭეშმარიტი რჯულისადმი დასრულებულიყო და მამას მისი მუსლიმი ძმებისთვის ზიანი არ მიეყენებინა, ჰაზრეთი ჰალიდმა ხელები აღაპყრო და ევედრა: „ჩემო ალლაჰო, სამყაროთა გამჩენო! ნუ მისცემ მამაჩემს ამ ავადმყოფობიდან წამოდგომის ნებას!“ უზენაესმა ალლაჰმა მისი ვედრება შეისმინა: ებუ უჰაიჰა საწოლიდან ვეღარ წამოდგა და მოკვდა.
როგორ გახდა მუსლიმი მუს’აბ ბინ უმეირი
მუს’აბ ბინ უმეირი (რადიალლაჰუ ანჰ) ყურაიშის წარჩინებულ და მდიდარ ოჯახს ეკუთვნოდა. როცა ჩვენი შუამავლის დალოცვილი სიტყვები გაიგონა, გულში დიდი სიყვარული გაუჩნდა. მასთან მისვლის სურვილით იწვოდა. ბოლოს დარ-ულ ერყამში მივიდა და მუსლიმი გახდა. ეს რომ გაიგეს, დედამ და მამამ ყველაფერი წაართვეს და წამება დაუწყეს. რჯულიდან რომ განედგინებინათ, თავიანთი სახლის სარდაფში ჩაკეტეს და დღეობით მშიერ-მწყურვალს ამყოფებდნენ. არაბეთის მწველი მზის ქვეშ მძიმე და ძნელად ასატან წამებას უწყობდნენ. ჰაზრეთი მუს’აბ ბინ უმეირი კი ამ მძიმე და უმოწყალო წამებას მოთმინებით იტანდა და ისლამს არ განუდგა.
მუსლიმობამდე ჰაზრეთი მუს’აბი ოჯახის სიმდიდრის წყალობით კეთილდღეობასა და სიუხვეში იზრდებოდა. ყველას შურდა მისი. როცა მუსლიმი გახდა, ოჯახმა ყველაფერი წაართვა და წამებას დაუქვემდებარა. მუს’აბ ბინ უმეირი, რომელიც თავისი რჯულისთვის ყოველგვარ გაჭირვებას იტანდა, ერთ დღეს ალლაჰის შუამავალთან მივიდა. მისი ეს მისვლა ჰაზრეთი ალიმ ასე აღწერა: „ალლაჰის შუამავალთან ერთად ვისხედით. ამ დროს მუს’აბ ბინ უმეირი მოვიდა. ტანზე დაკერებული სამოსი ეცვა და საცოდავ დღეში იყო. როცა ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მისი ეს მდგომარეობა დაინახა, დალოცვილი თვალები ცრემლით აევსო. რადგან მუს’აბი, მიუხედავად წამებისა და სიღარიბისა, რასაც იტანდა, თავის რჯულს არ განუდგა, ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: ‚შეხედეთ ამ კაცს, რომლის გულიც უზენაესმა ალლაჰმა გაანათა. ვნახე, დედა და მამა საუკეთესო საჭმლითა და სასმლით როგორ კვებავდნენ. უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარულმა ის იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, როგორშიც ხედავთ.‘“
„ჩემო ალლაჰო! აპატიე მათ ცოდვები! რადგან არ იციან, რას სჩადიან“ ჰადისი შერიფი
ახსენე ჭეშმარიტი, სულით იწვოდე!
ეწევი მრავალ წყალობას,
ყველა კარი გაგეხსნება,
გამოგეცხადება ჯემალულლაჰი.
შემს-ი თებრიზმა ეს კარგად იცის:
სამყარო არ დარჩება, წარმავალია,
ყოველი ქმნილება გაქრება,
მარადიული მხოლოდ ალლაჰია.
სალათულლაჰ, სელამულლაჰ,
ალეიქე ია რესულალლაჰ.
ჰიჯრეთი ეთიოპიაში
