მწუხარების წელი
შვილების დარდი
ჩვენი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) უფროსი ვაჟი, ყასიმი, ჩვიდმეტი თვისა გარდაიცვალა. ამ მწარე ამბიდან წლების შემდეგ მისი მეორე ვაჟი, აბდულლაჰიც, გარდაიცვალა. ალლაჰის შუამავალმა, რომელსაც დალოცვილი თვალებიდან ცრემლი სდიოდა, მთას მიმართა და ბრძანა: „მთაო! რაც მე დამატყდა თავს, შენ რომ დაგტყდომოდა, ვერ გაუძლებდი და ჩამოიშლებოდი!“ – და ასე გამოხატა თავისი დარდი. ჩვენი დედის, ჰაზრეთი ჰატიჯეს კითხვაზე: „ალლაჰის შუამავალო! ისინი ახლა სად არიან?“ – ბრძანა: „ისინი სამოთხეში არიან.“
როცა სამყაროს სულთნის, ჩვენი საყვარელი შუამავლის ორივე ვაჟი გარდაიცვალა, კერპთაყვანისმცემლებს ძალიან გაუხარდათ. ებუ ჯეჰლის მსგავსმა ურწმუნოებმა ეს ხელსაყრელ შემთხვევად ჩათვალეს და ყოველ მხარეს გაჰყვიროდნენ: „მუჰამმედი ახლა ებთერია, მისი მოდგმა გაწყდა. არ დარჩა ვაჟი, ვინც მის მოდგმას გააგრძელებდა. თვითონაც რომ მოკვდება, სახელი და ხსენებაც დავიწყებას მიეცემა.“
ამის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა სურა ქევსერი გარდამოავლინა და თავისი შუამავალი ანუგეშა. მისი შინაარსია: „(ჩემო ჰაბიბო!) ჭეშმარიტად, ჩვენ შენ ქევსერი გიბოძეთ (ქევსერის აუზი და უამრავი სიკეთე გიწყალობეთ). მაშ, შენი უფლისთვის ნამაზი შეასრულე და მსხვერპლი შესწირე. ჭეშმარიტად, უხეირო და მოდგმაგაწყვეტილი ის არის, ვინც (მოდგმაგაწყვეტილს გიწოდებს და) ენას გიგრძელებს. (ვინც შენ ებთერს გიწოდებს, თვითონაა უშთამომავლო, უღირსი და უსახელო. შენი, ჩემო ჰაბიბო, სპეტაკი მოდგმა, სახელი და ღირსება კი განკითხვის დღემდე გაგრძელდება. საიქიოშიც შენთვის გონებით წარმოუდგენელი მრავალი დიდი პატივია გამზადებული.)“1
ებუ ტალიბის გარდაცვალება
ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ვაჟების გარდაცვალების შემდგომ დღეებში ებუ ტალიბი დაავადდა და მისი ავადმყოფობა დღითიდღე მძიმდებოდა. ეს რომ გაიგეს, ყურაიშელმა კერპთაყვანისმცემლებმა იფიქრეს: „აქამდე ებუ ტალიბი მუჰამმედის დასაცავად ძალიან ცდილობდა. ახლა მისი ამ ქვეყნიდან წასვლის ჟამი მოახლოვდა. მოდით, უკანასკნელ წუთებში მაინც მოვინახულოთ, რადგან ჰამზაც, არაბთა შეუდარებელი ვაჟკაცი, და ომერიც, რომლის დიდებულება, ძალა და უშიშრობა მზესავით ცხადია, მუსლიმები გახდნენ. ყოველდღე არაბული ტომებიდან ხალხი მოდის და ჯგუფ-ჯგუფად მას მიჰყვება. ასე მუსლიმები დღითიდღე მრავლდებიან და მათი ხმა ქვეყანას ავსებს. ამ ვითარებაში ან მათ უნდა გავყვეთ, ან ომისა და ბრძოლისთვის მზად ვიყოთ. მოდით, ებუ ტალიბთან მივიდეთ, ვითარება ვუამბოთ და შეგვარიგოს. ჩვენ მუჰამმედის რჯულს არ შევეხებით, ნურც ის დაესხმება ჩვენს რჯულს თავს.“ ამ ფიქრით ებუ ტალიბთან მივიდნენ. უყბე, შეიბე, ებუ ჯეჰლი, უმეიიე ბინ ჰალეფი და სხვა ცნობილი პირები ებუ ტალიბის სარეცლის გვერდით, ბალიშებზე დასხდნენ. თქვეს: „შენი სიდიადის გვწამს და შენს უპირატესობას ვაღიარებთ. ამიტომ შენ არასოდეს შეგწინააღმდეგებივართ. გვეშინია, რომ შენი სიკვდილის შემდეგ მუჰამმედი არ მოგვასვენებს და ჩვენ შორის მტრობა გაგრძელდება. შეგვარიგე, რომ ერთმანეთის რჯულს არ შევეხოთ.“
„მთაო! რაც მე დამატყდა თავს, შენ რომ დაგტყდომოდა, ვერ გაუძლებდი და ჩამოიშლებოდი!“ ჰადისი შერიფი
ჩვენი დედის, ჰაზრეთი ჰატიჯეს აკლდამა / ჯენნეთულ-მუალლა
ისლამის მრავალი დიდი მოღვაწის საფლავის მსგავსად, ჩვენი საყვარელი შუამავლის (სალლალლაჰუ თეალა ალეიჰი ვესელლემ) პირველი მეუღლის, ჩვენი დედის, ჰაზრეთი ჰატიჯეს (რადიალლაჰუ ანჰა), აკლდამაც დაანგრიეს და პირისაგან მიწისა აღგავეს.
ებუ ტალიბმა ჩვენს შუამავალს დაუძახა და უთხრა: „ყურაიშის ყველა წარჩინებული გთხოვს, რომ მათ რჯულში არ ჩაერიო. თუ ამას მიიღებ, შენი ბრძანებით იმოქმედებენ და შემწეები გაგიხდებიან.“ სამყაროთა ბატონმა ბრძანა: „ბიძაჩემო! მათ მხოლოდ ერთი სიტყვისკენ მინდა მოვუწოდო, რომლითაც მათ ყველა არაბი დაემორჩილება, ხოლო ისინიც, ვინც არაბი არ არის, მათ ჯიზიას გადაუხდიან.“ ყურაიშელ წარჩინებულებსაც უთხრა: „დიახ! თუ ერთ სიტყვას მეტყვით, მისით ყველა არაბზე გაბატონდებით, ხოლო ისინიც, ვინც არაბი არ არის, დაგემორჩილებიან.“ ებუ ჯეჰლმა თქვა: „კარგი. ათჯერაც ვიტყვით. რა სიტყვაა ეგ?“ როცა ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „თუ იტყვით ‚ლა ილაჰე ილლალლაჰ‘ და უზენაესი ალლაჰის გარდა თქვენ მიერ თაყვანისცემულ კერპებს მოიშორებთ და გადაყრით“, კერპთაყვანისმცემლებმა მაშინვე თქვეს: „ამის გარდა სხვა რამე გვთხოვე!..“ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „მზე რომ მოიტანოთ და ხელში ჩამიდოთ, მაინც ამის გარდა თქვენგან არაფერს ვითხოვ.“
კერპთაყვანისმცემლებმა თქვეს: „ებულ ყასიმ! ძალიან უცნაურ წინადადებას გვაძლევ. ჩვენ შენი ხათრის დაცვა გვინდა, შენ კი ჩვენს ხათრს არ ითვალისწინებ!“ – და ადგნენ და წავიდნენ. როცა წავიდნენ, ებუ ტალიბმა ჩვენს შუამავალს უთხრა: „რაც ყურაიშელებს სთხოვე, სრულიად მართებული იყო. სიმართლე თქვი.“ ბიძის ამ სიტყვამ ალლაჰის შუამავალს იმედი ჩაუსახა; იფიქრა, რომ ებუ ტალიბი შეიძლება რწმენას ზიარებოდა, და ბრძანა: „ბიძაჩემო! ერთხელ მაინც თქვი ‚ლა ილაჰე ილლალლაჰ‘!.. რომ განკითხვის დღეს შეფაათი (შუამდგომლობა) გაგიწიო.“ ებუ ტალიბმა უთხრა, რომ ეს მის ნეფსს უმძიმდა: „მეშინია, ხალხმა არ მაძრახოს: ‚სიკვდილის შეეშინდა და ამიტომ გახდა მუსლიმი.‘ თორემ შენს ხათრს არ გავტეხდი.“ ავადმყოფობა სულ უფრო რომ დაუმძიმდა, გარდაიცვალა.2
ჩვენი დედის, ჰაზრეთი ჰატიჯეს გარდაცვალება
შუამავლობის მეათე წელს, ებუ ტალიბის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ, ალლაჰის შუამავლის დარდის მოზიარე და ოცდახუთი წლის ცხოვრების თანამგზავრი, ჩვენი დალოცვილი დედა ჰაზრეთი ჰატიჯეც გარდაიცვალა – ტკივილითა და დარდით გატარებული სამწლიანი ალყის შემდეგ, რამაზნის თვის დასაწყისში, ჰიჯრეთამდე სამი წლით ადრე, 65 წლისა.3 სამყაროს სიამაყემ (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჩვენი დედა ჰაზრეთი ჰატიჯე თავისი დალოცვილი ხელებით დაკრძალა. მასთან განშორებამ ძალიან დაამწუხრა.
ერთსა და იმავე წელს ერთმანეთის მიყოლებით ჩვენი დედის, ჰაზრეთი ჰატიჯეს, და ბიძის, ებუ ტალიბის, გარდაცვალებამ ჩვენი შუამავალი მწუხარებაში ჩაძირა. ამიტომ ამ წელს „სენეთულ-ჰუზნ“, ანუ მწუხარების წელი ეწოდა.
ჩვენი დედის, ჰაზრეთი ჰატიჯეს გარდაცვალებამ ჩვენი საყვარელი შუამავალი შეძრა და უზომოდ დაამწუხრა, რადგან ის იყო პირველი, ვინც რწმენას ეზიარა და ალლაჰის შუამავალი დაადასტურა. ამასთან, მისი უდიდესი საყრდენი და ნუგეშისმცემელი იყო. როცა ყველა მტრობდა, მან მთელი გული გაუღო და ჩვენი შუამავლის სიყვარულით აივსო. მთელი ქონება, სიმდიდრე და რაც კი გააჩნდა, ისლამის გზაზე დახარჯა; ჩვენი საყვარელი შუამავლის სამსახურისთვის დღე და ღამე არ იცოდა. ალლაჰის შუამავალი არასოდეს დაუმწუხრებია და მისთვის გული არასოდეს უტკენია. ჩვენი შუამავალი ამის შესახებ დროდადრო ყვებოდა და ასე იხსენებდა თავისი დალოცვილი მეუღლის ღირსებებს.
„ბიძაჩემო! ერთხელ მაინც თქვი ‚ლა ილაჰე ილლალლაჰ‘!.. რომ განკითხვის დღეს შეფაათი გაგიწიო“ ჰადისი შერიფი
ერთ დღეს, როცა ჩვენი შუამავალი სახლში არ იყო, ჰაზრეთი ჰატიჯე მის საძებნელად გავიდა. ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მას ადამიანის სახით გამოეცხადა. ჩვენს დედას, ჰაზრეთი ჰატიჯეს, უნდოდა, მისთვის ჩვენს შუამავალზე ეკითხა, მაგრამ იფიქრა, შეიძლება მტერთაგანი ყოფილიყო, და უკან დაბრუნდა. როცა ჩვენი საყვარელი შუამავალი სახლში ნახა, მომხდარი უამბო. სამყაროს სიამაყემ ბრძანა: „იცი, ვინ იყო ის, ვინც ნახე და ვისთვისაც ჩემზე კითხვა გინდოდა? ის ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) იყო. მითხრა, რომ მისი სალამი გადმოგცე. ისიც მითხრა, რომ გაცნობო: სამოთხეში შენთვის მარგალიტებისგან ნაგები სასახლეა გამზადებული. ცხადია, იქ ასეთი დარდიანი, მძიმე, მტკივნეული და სატანჯველი არაფერი იქნება.“
ერთს ხელი ჰაერში გაუშეშდა, მეორე დაბრმავდა
ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავის საჰაბეებს, ადამიანთა შორის უბედნიერესებს, შეუდარებელ საუბრებს უმართავდა და გულებს უნათებდა. გარდამოვლენილ აიათებს უხსნიდა და აუხსნელსა და გაუგებარს არაფერს ტოვებდა. ამასთან, რათა კერპთაყვანისმცემლებსაც ერწმუნათ, მათი თავშეყრის ადგილებში დადიოდა და მოუღლელად, შეუპოვრად მოუწოდებდა რწმენისკენ. ამის გამო ებუ ჯეჰლი და ველიდ ბინ მუღირე ძალიან ბრაზობდნენ და ამბობდნენ: „ასე თუ გაგრძელდა, მუჰამმედი ყველას თავის რჯულზე მოაქცევს და ჩვენი კერპების თაყვანისმცემელს აღარავის დატოვებს.“ ერთ დღეს გადაწყვიტეს, რომ ამ საქმის დასრულების ერთადერთი გზა სამყაროთა ბატონის, ჩვენი საყვარელი შუამავლის მოკვლა იყო. ებუ ჯეჰლმა ველიდ ბინ მუღირე და მაჰზუმიანთაგან რამდენიმე ჭაბუკი თან იახლა და ბეითულლაჰთან მივიდა. იმ წუთს ჩვენი საყვარელი შუამავალი ნამაზს ასრულებდა. ებუ ჯეჰლი ხელში აღებული ქვით მაშინვე წინ გაიჭრა. იმ წამს, როცა ხელი ასწია, რომ უკეთილშობილეს ჰაბიბსა და პატივდებულ შუამავალს ქვა ჩაერტყა, ხელი ჰაერში უმოძრაოდ გაუშეშდა. ვერაფერი შეძლო და გაოგნდა. ასეთ მდგომარეობაში დაბრუნდა იქ, საიდანაც მოვიდა. კერპთაყვანისმცემლებთან რომ მივიდა, ხელი წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა და ქვა მიწაზე დაუვარდა. იმავე ქვას მაჰზუმიანთაგან ერთმა სტაცა ხელი, თქვა: „ნახავთ! მე მოვკლავ მას!..“ – და ჩვენი შუამავლისკენ წავიდა. მიუახლოვდა თუ არა, უცებ დაბრმავდა და გარშემო ვეღარაფერს ხედავდა. ამის შემდეგ მაჰზუმიანები ყველანი ერთად დაიძრნენ ჩვენი საყვარელი შუამავლისკენ. როცა ახლოს მივიდნენ, მისი დანახვა ვეღარ შეძლეს. მაგრამ მის დალოცვილ ხმას ისმენდნენ. როცა ხმის მხარეს წავიდნენ, ხმა ზურგიდან გაისმა, უკან რომ შებრუნდნენ, ისევ წინანდელი ადგილიდან ისმოდა. ეს რამდენჯერმე იხილეს. ბოლოს გაოგნებულებმა ის ადგილი დატოვეს და ალლაჰის შუამავალს ვერაფერი დააკლეს.
ჰაზრეთი აიშესა და ჰაზრეთი სევდეს ნიშნობა
როცა ჰაზრეთი ჰატიჯე (რადიალლაჰუ ანჰა) გარდაიცვალა, ალლაჰის შუამავლის ოჯახს მომვლელი აღარავინ დარჩა. ეს რომ დაინახა, ჰავლე ბინთი ჰაქიმ ჰათუნი სამყაროს ბატონთან მივიდა. თქვა: „ალლაჰის შუამავალო (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ)! თქვენ გჭირდებათ შესაფერისი მეუღლე და თქვენი სამსახურის ღირსი ქალი. თუ ისურვებთ, ერთ ქალს გთხოვთ ცოლად.“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ჰავლე, სად არის ამ სამსახურის ღირსი ქალი?“ ჰავლემ თქვა: „თუ ქალიშვილს ისურვებ, შენი მეგობრის, ებუ ბექირის ქალიშვილი აიშეა. თუ ქვრივს ისურვებ, სევდე ბინთი ზემ’ა იქნება შესაფერისი.“ შუამავალმა (ალეიჰისსელამ) ბრძანა: „ორივე მითხოვე.“ ალლაჰის შუამავალი ჯერ ჰაზრეთი აიშეზე, შემდეგ კი სევდეზე დაინიშნა. ჰაზრეთი სევდე მექქაში თავის სახლში მიიყვანა. ჰაზრეთი აიშესთან ქორწილი ჰიჯრეთის მეორე წელს, შევვალის თვეში, მედინაში შედგა.
აყაბეს შეხვედრა
ჩვენი საყვარელი შუამავალი ყოველ წელს ქააბის მოსანახულებლად მოსულ ტომებს რჯულისკენ მოუწოდებდა; ცდილობდა, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლს გადარჩენოდნენ და მარადიულ ბედნიერებას ზიარებოდნენ, და ყოველგვარ შეურაცხყოფას ყურადღებას არ აქცევდა – შუამავლობის მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა. ტომების სადგომებთან დგებოდა და მოსულებს ეუბნებოდა: „ვინ შემიფარებს და შემეწევა, ვიდრე უზენაესი ალლაჰის მიერ მონიჭებულ შუამავლობის მოვალეობას აღვასრულებ? (ამით) მას სამოთხე ებოძება.“ მაგრამ ვერავინ პოულობდა, ვინც შეიფარებდა ან დაეხმარებოდა.
შუამავლობის მეათე წლის ზილჰიჯჯეს თვე იდგა. ჩვენი შუამავალი ბაზრობაზე ქააბის მოსანახულებლად მოსულ მედინელთა ერთ ჯგუფს შეხვდა. როცა ჰკითხა: „ვინა ხართ?“, უთხრეს, რომ მედინელები და ჰაზრეჯის ტომიდან იყვნენ. ჩვენი შუამავლის ბაბუის, აბდულმუტტალიბის დედა, სელმა ჰათუნიც ჰაზრეჯის ტომის ნეჯჯარიანთა შტოს ეკუთვნოდა. ჩვენი შუამავალი ჰაზრეჯის ამ ექვს კაცთან აყაბეში გარკვეული დრო იჯდა, მათ სურა იბრაჰიმის 35-ედან 52-ე აიათამდე წაუკითხა და ისლამი აუხსნა. მოუწოდა, რომ ეს რჯული მიეღოთ.
მედინაში ევსისა და ჰაზრეჯის ტომები ძველთაგანვე იუდეველთა მტრები იყვნენ და შემთხვევისთანავე ერთმანეთს ესხმოდნენ თავს. როცა მათ შორის ჩხუბი ატყდებოდა, იუდეველები ამბობდნენ: „მალე ერთი შუამავალი მოვა. დიდი დრო აღარ დარჩა, დღე-დღეზე გამოჩნდება. ჩვენ მას გავყვებით და გავძლიერდებით. მერე თქვენც გაგისწორდებით.“ ევსელებსა და ჰაზრეჯელებს კი სჯეროდათ, რომ თუ იუდეველებზე ადრე გახდებოდნენ მუსლიმები და ისლამის პატივს ეღირსებოდნენ, მათ დაამარცხებდნენ და მედინიდან გააძევებდნენ.
ამ ბედნიერმა ხალხმა, რომლებსაც თავიანთი ტომის წარჩინებულებისგან და მედინაში მცხოვრები იუდეველებისგან გაეგონათ, რომ მალე ერთი შუამავალი მოვიდოდა, უკეთილშობილეს შუამავალში (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შუამავლობის ნიშნები დაინახეს. როცა რჯულისკენ მოუწოდა, ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ ერთმანეთს უთხრეს: „აი, ის შუამავალი, რომელზეც იუდეველები გვაუწყებდნენ!“
ამიტომ მაშინვე, ალლაჰის შუამავლის წინაშე, ქელიმეი შეჰადეთი წარმოთქვეს და მუსლიმები გახდნენ. ჩვენს შუამავალს უთხრეს: „ალლაჰის შუამავალო! ჩვენი ხალხი იუდეველებთან ომში დავტოვეთ. იმედია, უზენაესი ალლაჰი შენი დიდებული პიროვნების წყალობით მათაც რწმენის პატივს ღირსყოფს. დავბრუნდებით თუ არა, მათაც და ჩვენს ხალხსაც მოვუწოდებთ, შენი შუამავლობა მიიღონ. რაც ამ რჯულიდან მივიღეთ, მათაც ვუამბობთ. თუ უზენაესი ალლაჰი მათ ამ რჯულზე შეკრებს და გააერთიანებს, შენზე ძვირფასი და პატივდებული არავინ იქნება.“
ამ ექვსმა კაცმა ჭეშმარიტად ირწმუნა და მიიღო და დაადასტურა ის, რაც უზენაესმა ალლაჰმა ჩვენს შუამავალს აუწყა.
„ვინ შემიფარებს და შემეწევა, ვიდრე უზენაესი ალლაჰის მიერ მონიჭებულ შუამავლობის მოვალეობას აღვასრულებ? (ამით) მას სამოთხე ებოძება“ ჰადისი შერიფი
