საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

მექქა – ტაიფის მოგზაურობა

მომავალ წელს, ზილჰიჯჯეს თვეში, ხელახლა მოსვლის განზრახვით, ჩვენს შუამავალს თავიანთ ქვეყანაში დასაბრუნებლად ნებართვა სთხოვეს და წავიდნენ. ეს ექვსი ახალი მუსლიმი იყვნენ: უყბე ბინ ამირი, ეს’ად ბინ ზურარე, ავფ ბინ ჰარისი, რაფი’ ბინ მალიქი, ყუთბე ბინ ამირი და ჯაბირ ბინ აბდულლაჰი (რადიალლაჰუ ანჰუმ).1

როცა ეს ექვსი მუსლიმი მედინაში, თავის ხალხთან დაბრუნდა, მაშინვე დაიწყეს ისლამსა და ჩვენს შუამავალზე მოთხრობა და ხალხის მოწოდება, რომ ისლამის რჯული მიეღოთ. ამ საქმეს ისე გულმოდგინედ შეუდგნენ, რომ მედინაში არ დარჩა სახლი, სადაც ჩვენს შუამავალსა და ისლამზე არ ლაპარაკობდნენ. ასე ისლამი ჰაზრეჯის ტომში გავრცელდა და ევსის ტომიდანაც ზოგიერთი გახდა მუსლიმი.

ტაიფელთა რწმენისკენ მოწოდება

კერპთაყვანისმცემლები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საყვარელი შუამავლისგან მრავალი სასწაული იხილეს, სიჯიუტის გამო არ ირწმუნეს; მეტიც, მუსლიმად ქცეულ შვილებს, ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს ტანჯვასა და ჩაგვრას არ აკლებდნენ. მათმა სულ უფრო გამძაფრებულმა ჩაგვრამ და წამებამ ჩვენი საყვარელი შუამავალი ძალიან დაამწუხრა. გადაწყვიტა, მექქის მახლობლად მდებარე ტაიფში წასულიყო და მისი მცხოვრებლებისთვის ისლამისკენ მოეწოდებინა. ამიტომ ზეიდ ბინ ჰარისე თან იახლა და ტაიფში წავიდა.

ტაიფის წარჩინებულებს, ამრის ვაჟებს – აბდი იალილს, ჰაბიბსა და მეს’უდს შეხვდა. ისლამი აუხსნა და სთხოვა, უზენაესი ალლაჰი ერწმუნათ. მათ არა მარტო არ ირწმუნეს, არამედ შეურაცხყოფაც მიაყენეს და ესეც თქვეს: „უზენაესმა ალლაჰმა შუამავლად გამოსაგზავნად შენს გარდა ვერავინ იპოვა? ნუთუ უზენაესი ალლაჰი იმდენად უძლურია, რომ შენს გარდა სხვას ვერ მოავლენს შუამავლად? ჩვენი ქვეყნიდან გადი და სადაც გინდა, იქ წადი!.. შენმა ხალხმა შენი ნათქვამი არ მიიღო და ამიტომ მოხვედი აქ, არა? გეფიცებით, ჩვენც შენგან შორს დავიჭერთ თავს. შენს არცერთ თხოვნას არ შევასრულებთ.“

ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მათგან დამწუხრებული წამოვიდა. ათი დღე თუ ერთი თვე საყიფის ტომს ისლამისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მათგან არა მარტო არავინ ირწმუნა, არამედ დასცინოდნენ, აწამებდნენ და უსტვენდნენ. ბავშვები და ჭაბუკები იმ გზის პირას ჩაამწკრივეს, საითაც უნდა გაევლო, ქვები დააყრევინეს და თავს დაასხმევინეს. ჰაზრეთი ზეიდი ტაიფელი ჭაბუკების ნასროლ ქვებს სხეულით იფარებდა და ცდილობდა, ჩვენს შუამავალს ზიანი არ მისდგომოდა. ჰაზრეთი ზეიდი ჩვენი საყვარელი შუამავლის გარშემო ტრიალებდა და თავს იკლავდა, რომ ქვები არ მოხვედროდა. რათა მის დალოცვილ სხეულს ზიანი არ მისდგომოდა, თავისკენ წამოსულ ქვებს ყურადღებას არ აქცევდა. განა სწორედ ასეთი დღისთვის არ ელოდა სიცოცხლის გაწირვის შემთხვევას? აი, ახლა სამყაროთა ბატონს ქოლავდნენ და ტანჯვა-წამებით ცდილობდნენ, თავიანთი ქვეყნიდან გაეძევებინათ.

რაც უფრო მეტად დარბოდა ჰაზრეთი ზეიდი აქეთ-იქით ჩვენი შუამავლის დასაცავად, მით უფრო ხვდებოდა ქვები, ერთმანეთის მიყოლებით, თავში, ტანსა და ფეხებში. ამიტომ ჰაზრეთი ზეიდი მთლიანად სისხლში ცურავდა. საყვარელი შუამავლის დასაცავად რაც კი შეეძლო, ყველაფერს იღონებდა და ქვის მსროლელ მჩაგვრელებს მთელი ხმით უყვიროდა: „ნუ იზამთ!.. ნუ ესვრით! ის სამყაროთა ბატონია! ალლაჰის შუამავალია ის! მე დამგლიჯეთ ნაკუწ-ნაკუწ, ოღონდ ჩვენს შუამავალს ზიანი არ მიადგეს!“ ზეიდ ბინ ჰარისეს თავზე გადამცდარმა ქვებმა, რომლებიც ალლაჰის შუამავალს ხვდებოდა, მისი დალოცვილი ფეხები დაასისხლიანა.

დამწუხრებული, დაღლილი და დაჭრილი ჩვენი საყვარელი შუამავალი ორი ძმის, უთბესა და შეიბეს ვენახს მიუახლოვდა. იქ ალლაჰის შუამავალმა, რომლისთვისაც ყველა მორწმუნეს სიცოცხლის გაწირვა სურდა, დალოცვილი ფეხებიდან ჩამომდინარე სისხლი მოიწმინდა.

აბდესი აიღო და ხის ქვეშ ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულა. შემდეგ დალოცვილი ხელები აღაპყრო და თავის უფალს ვედრება და ხვეწნა დაუწყო.

ვენახის პატრონები ამას უყურებდნენ. დაინახეს, რა დაატყდა თავს ალლაჰის შუამავალს, და მისი გაუცხოებისა და მარტოობის მოწმენი გახდნენ. შებრალების გრძნობამ გაიღვიძა მათში. თავიანთ მონას, სახელად ადდასს, ყურძენი გაატანეს. როცა ყურძნის ჭამა დაიწყო, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბესმელე (ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ) წარმოთქვა. ყურძნის მომტანი მონა ქრისტიანი იყო. ბესმელე რომ გაიგონა, გაუკვირდა და იკითხა: „წლებია, აქა ვარ, მაგრამ ასეთი სიტყვა არავისგან გამიგონია. ეს რა სიტყვაა?“

ალლაჰის შუამავალმა ჰკითხა: „საიდან ხარ?“ ადდასმა თქვა: „ნინევიელი ვარ.“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „მაშ, იუნუსის (ალეიჰისსელამ) ქვეყნიდან ყოფილხარ.“ ადდასმა თქვა: „შენ იუნუსს საიდან იცნობ? აქ მას არავინ იცნობს.“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ის ჩემი ძმაა. ისიც შუამავალი იყო, ჩემსავით.“

ადდასმა თქვა: „ამ მშვენიერი სახისა და ამ ტკბილი სიტყვების პატრონი ცრუ ვერ იქნება. ვირწმუნე, რომ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ.“ მუსლიმი გახდა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! წლებია, ამ მჩაგვრელებს, ამ მატყუარებს ვემონები. ყველას უფლებებს თელავენ. ყველას ატყუებენ. ერთი კარგი თვისებაც არ გააჩნიათ. ამქვეყნიური სიმდიდრის დასაგროვებლად და ვნებების დასაკმაყოფილებლად ყოველგვარ სიმდაბლეზე არიან წამსვლელნი. მძულს ისინი. მინდა თქვენთან ერთად წამოვიდე, თქვენი სამსახურის პატივს ვეღირსო, უმეცრებისა და შტერების მიერ თქვენდამი გამოჩენილი უპატივცემულობის სამიზნე გავხდე და თქვენი დალოცვილი სხეულის დასაცავად თავი გავწირო.“2

ალლაჰის შუამავალმა გაიღიმა და ბრძანა: „ახლა შენს ბატონებთან დარჩი! მალე ჩემს სახელს ყველგან გაიგონებ. მაშინ მოდი ჩემთან.“

„ნუ იზამთ!.. ნუ ესვრით! ის სამყაროთა ბატონია! ალლაჰის შუამავალია ის! მე დამგლიჯეთ ნაკუწ-ნაკუწ, ოღონდ ჩვენს შუამავალს ზიანი არ მიადგეს!“ ზეიდ ბინ ჰარისე (რადიალლაჰუ ანჰ)

ცოტა რომ დაისვენეს, მექქისკენ გაემართნენ. როცა მექქამდე ორი დღის სავალი დარჩა, დაინახა, რომ ერთი ღრუბელი მათ ჩრდილს აფენდა. ყურადღებით რომ დააკვირდა, მიხვდა, რომ ეს ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) იყო. ეს ამბავი ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მოგვიანებით ჩვენს დედას, აიშე სიდდიყას უამბო.

„საჰიჰი ბუჰარიში“ და აჰმედ ბინ ჰანბელის „მუსნედში“ ნაუწყებია: ერთ დღეს ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი აიშემ, ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! უჰუდის დღეზე უფრო მძიმე დღე თუ გამოგივლია?“ ალლაჰის შუამავალმა ასე უპასუხა: „ალლაჰს ვფიცავ, შენი ხალხისგან ისეთი ტანჯვა გამოვიარე, როგორიც უჰუდის ღაზვაში მყოფი ურწმუნოებისგანაც არ მინახავს. როცა თავი იბნი აბდი იალილ ბინ აბდი ქულალს წარვუდგინე (ანუ ჩემი შუამავლობა ვაუწყე და რჯულისკენ მოვუწოდე), არ მიმიღო. მათგან ისეთი დიდი ტანჯვით წამოვედი, რომ ვიდრე ყარნი სეალიბად წოდებულ ადგილს არ მივაღწიე, გონს ვერ მოვედი. იქ თავი ავწიე. დავინახე, რომ ერთი ღრუბელი ჩრდილს მაფენდა. შევხედე და ღრუბელში ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) დგას. დამიძახა და მითხრა: ‚მუჰამმედ! უზენაესმა ალლაჰმა გაიგონა, რაც შენმა ხალხმა შენზე თქვა. ისიც შეიტყო, რომ შენი დაცვა არ სურთ. შენთან მთებზე მინდობილი ეს ანგელოზი მოავლინა, რათა რაც გსურს, ის უბრძანო.‘ იმ ანგელოზმაც დამიძახა, სალამი მომცა და თქვა: ‚მუჰამმედ! როგორც ჯებრაილმა თქვა, უზენაესმა ალლაჰმა მე, მთების ანგელოზი, შენთან მომავლინა, რომ რაც გსურს, ის მიბრძანო. შენს ბრძანებას ველი. თუ გსურს, რომ ეს ორი ციცაბო მთა (ყუაიყიანის მთა და ებუ ყუბეისის მთა) ერთმანეთს ისე შეუერთო, რომ მექქელებს თავზე დაემხოს (და კერპთაყვანისმცემლები სრულიად გასრისოს), მიბრძანე და შევაერთებ.‘ არ დავთანხმდი და ვთქვი: ‚(არა! მე სამყაროთა მოწყალებად ვარ მოვლენილი.) ვევედრები, რომ უზენაესმა ალლაჰმა ამ კერპთაყვანისმცემლების შთამომავლობიდან ისეთი თაობა გამოიყვანოს, რომელიც მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეთაყვანება და უზენაეს ალლაჰს არაფერს უდგენს თანაზიარად.‘“

ტაიფიდან მექქაში დაბრუნებისას ჩვენმა შუამავალმა ნაჰლედ წოდებულ ადგილას ცოტა დაისვენა. ერთ წუთს ნამაზად დადგა. ნუსაიბინელ ჯინთა ჯგუფმა, რომელიც იქ ჩაიარა, ჩვენი საყვარელი შუამავლის მიერ წაკითხული წმინდა ყურანის აიათები გაიგონა, შეჩერდა და მოუსმინა. შემდეგ ჩვენს შუამავალს გაესაუბრნენ და მუსლიმები გახდნენ. ჩვენმა შუამავალმა მათ უთხრა: „როცა თქვენს ხალხთან მიხვალთ, მათაც გადაეცით ჩემი რწმენისკენ მოწოდება. ისინიც მოუწოდეთ რწმენისკენ.“

როცა ის ჯინები თავიანთ ხალხთან წავიდნენ და ეს აცნობეს, ყველა ჯინმა, ვინც გაიგონა, ირწმუნა.3 ამის შესახებ ნაუწყებია წმინდა ყურანში, სურა ჯინში, და ჰადისი შერიფების ცნობილ კრებულებში, სახელად „ბუჰარი“ და „მუსლიმი“.

როცა მექქას მიუახლოვდა, მორწმუნეებმა ალლაჰის შუამავალს შეუთვალეს: „ყურაიშელებმა გაიგეს, რა ცუდად მოგექცნენ ტაიფელი უღირსები. თუ ახლა მობრძანდებით, შეიძლება ჩაგვრა კიდევ უფრო გაამძაფრონ.“ ჰირას რომ მიაღწია, ჩვენმა შუამავალმა ერთი კაცი სუჰეილ ბინ ამრთან გაგზავნა და სთხოვა, თავის მფარველობაში მიეღო. რადგან ის უიღბლო არ დათანხმდა, მუტ’იმ ბინ ადის შეუთვალა. მან ეს თხოვნა მიიღო. უკეთილშობილესი ჰაბიბი და პატივდებული შუამავალი მექქაში მუტ’იმ ბინ ადის მფარველობით შევიდა. მუტ’იმმა ეს ყურაიშელებსაც აცნობა. ალლაჰის შუამავალმა ბეითი შერიფს თავაფი შემოუარა და ჰაჯერულ-ესვედს ემთხვია. რამდენიმე დღის შემდეგ მუტ’იმს უთხრა: „მეტად აღარ დავრჩები შენს მფარველობაში.“ მუტ’იმმაც მიიღო. უზენაესმა ალლაჰმა თავისი ჰაბიბი თავის მფარველობაში დაიცვა.

თქვით „ლა ილაჰე ილლალლაჰ“ და გადარჩით

შუამავალი (ალეიჰისსელამ) ხალხს ჭეშმარიტი გზისკენ მოწოდებას განაგრძობდა. ამის გამო კერპთაყვანისმცემლები კვლავ გაშმაგდნენ და მუსლიმებს წინანდელზე უფრო მეტად დაუწყეს წამება და ჩაგვრა. მაშინ უზენაესმა ალლაჰმა ჩვენს შუამავალს უბრძანა, რომ ქააბის მონახულების დროს მოსალოცად მოსულ არაბულ ტომებს შეხვედროდა და მათთვის ისლამისკენ მოეწოდებინა. ამ ბრძანების შემდეგ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მექქის მიდამოებში გამართულ ზულმეჯაზის, უქაზისა და მეჯენნეს ბაზრობებზე სიარული დაიწყო.

ხშირად დადიოდა იქ და ტომებს უზენაესი ალლაჰის ერთობის რწმენისა და მისი თაყვანისცემისკენ მოუწოდებდა, ეუბნებოდა, ეღიარებინათ, რომ ის შუამავალია. აუწყებდა, რომ თუ მიიღებდნენ, უზენაესი ალლაჰი მათ სამოთხეს უბოძებდა. სამწუხაროდ, ჩვენი შუამავლის თითქმის ხვეწნით გამოთქმულ ამ მოწოდებებს არავინ ყურს არ უგდებდა; ზოგი უხეშად ექცეოდა და შეურაცხყოფდა, ზოგიც სახეს იღრეჯდა და უკადრის სიტყვებს ამბობდა. ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლებიც უკან დაჰყვებოდნენ და იმ ტომებს, ვისთანაც მიდიოდა, მის წინააღმდეგ აქეზებდნენ.

იმამი აჰმედის, ბეიჰეყის, ტაბერანისა და იბნი ისჰაყის გადმოცემით, რებია ბინ აბბადმა თქვა: „ჭაბუკი ვიყავი. მამასთან ერთად მინაში წავედით. შუამავალი (ალეიჰისსელამ) იმ ადგილებში მიდიოდა, სადაც არაბული ტომები იყვნენ დაბანაკებული, და ამბობდა: ‚ჰოი, ესა და ეს ტომო! მე ვარ უზენაესი ალლაჰის შუამავალი, რომელიც გიბრძანებთ, რომ ეს კერპები, რომლებსაც თაყვანს სცემთ, გადაყაროთ და უზენაეს ალლაჰს ეთაყვანოთ ისე, რომ მას არაფერი დაუდგინოთ თანაზიარად, მე მირწმუნოთ და დამიდასტუროთ და დამიცვათ, ვიდრე უზენაესი ალლაჰისგან მონიჭებულ მოვალეობას განვმარტავ და აღვასრულებ!…‘

მას უკან ერთი ელამი, თმადაწნული კაცი მიჰყვებოდა და ამბობდა: ‚ჰოი, ესა და ეს ტომო! ეს კაცი თქვენ ჩვენი კერპების, ლათისა და უზზას თაყვანისცემას გიკრძალავთ და თავის მოგონილ რჯულზე გეპატიჟებათ!… ფრთხილად იყავით! ნუ უსმენთ და ნუ დაემორჩილებით!…‘ მამაჩემს ვკითხე: ‚ვინ არის, ვინც უკან მისდევს?‘ მითხრა: ‚მისი ბიძა, ებუ ლეჰებია.‘“

ტაბერანიმ ტარიყ ბინ აბდულლაჰისგან ასე გადმოსცა: „შუამავალი (ალეიჰისსელამ) ზულმეჯაზის ბაზრობაზე ვნახე. რათა ხალხს გაეგონა, ხმამაღლა მიმართავდა: ‚ადამიანებო! თქვით „ლა ილაჰე ილლალლაჰ“ (უზენაესი ალლაჰის გარდა არ არის ღვთაება) და გადარჩით!‘ უკან მიმავალი ერთი კაცი კი ხელში მოხვედრილ ქვებს ფეხებში ესროდა და ამბობდა: ‚ხალხო! ნუ ირწმუნებთ!.. ერიდეთ მას! რადგან ის ცრუა!..‘ მოხვედრილმა ქვებმა მისი დალოცვილი ფეხები დაასისხლიანა, ის კი მაინც, შეუპოვრად და მოუღლელად, მოწოდებას განაგრძობდა. ხალხი კითხულობდა: ‚ვინ არის ეს ჭაბუკი?‘ ვიღაცამ უპასუხა: ‚აბდულმუტტალიბიანთაგან ერთი ჭაბუკია.‘ როცა იკითხეს: ‚ქვებს ვინ ესვრის?‘, თქვა: ‚მისი ბიძა, ებუ ლეჰები.‘“

იმამი ბუჰარი „თარიჰულ-ქებირში“ და ტაბერანი „მუჯემულ-ქებირში“ მოგვითხრობენ: მუდრიქ ბინ მუნიბმა მამისგან, მან კი თავისი მამისგან გადმოსცა, რომელმაც თქვა: „მამასთან ერთად მინაში მოვედით და დავბანაკდით. ერთ ჯგუფს გადავეყარეთ. ერთი კაცი მათ ეუბნებოდა: ‚ადამიანებო! თქვით ლა ილაჰე ილლალლაჰ და გადარჩით!‘ მის გარშემო მყოფთაგან ზოგი მის მშვენიერ სახეში აფურთხებდა, ზოგი თავზე მიწას აყრიდა, ზოგიც ლანძღავდა და სხვადასხვაგვარად შეურაცხყოფდა. ეს შუადღემდე გაგრძელდა. ამ დროს იქ ერთი პატარა გოგონა მოვიდა, ხელში წყლის ჭურჭლით. ის რომ ასეთ მდგომარეობაში ნახა, ტირილი დაიწყო. იმ კაცმა წყალი დალია, გოგონას მიუბრუნდა და უთხრა: ‚შვილო! ნუ გეშინია, რომ მამაშენს მახეში გააბამენ და მოკლავენ, ან დაამცირებენ!‘ მაშინ იქ მყოფთ ვკითხეთ: ‚ეს ვინ არის და ის გოგონა ვინ არის?‘ თქვეს: ‚ეს აბდულმუტტალიბიანთაგან მუჰამმედია, მის გვერდით კი მისი ქალიშვილი, ზეინებია.‘“

„ის (იუნუსი (ალეიჰისსელამ)) ჩემი ძმაა. ისიც შუამავალი იყო, ჩემსავით“ ჰადისი შერიფი

სა’იდ ბინ იაჰია ბინ სა’იდ ემევიმ წიგნში „მეღაზი“ მამისგან გადმოსცა. მან კი ებუ ნაიმისგან და აბდურრაჰმან ამირისგან, აბდურრაჰმან ამირიმ კი მრავალი ადამიანისგან. მათ თქვეს: ერთ დღეს ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) უქაზის ბაზრობაზე წავიდა. ბენი ამირის ტომთან მივიდა და ჰკითხა: „ბენი ამირ! თქვენთან როგორ იცავენ მათ, ვინც თქვენ შემოგეფარებათ?“ თქვეს: „ვერავინ ვერაფერს ეტყვის, ჩვენდა უცოდინრად ჩვენს ცეცხლთან ვერავინ გათბება!..“ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „მე უზენაესი ალლაჰის შუამავალი ვარ. თქვენთან რომ მოვიდე, დამიცავთ, ვიდრე ჩემი უფლისგან მონიჭებულ შუამავლობის მოვალეობას ხალხს მივაწვდენ?“ ჰკითხეს: „ყურაიშის რომელი შტოდან ხარ?“ როცა ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „აბდულმუტტალიბიანთაგან“, თქვეს: „რაკი აბდულმუტტალიბიანთაგანი ხარ, ისინი რატომ არ გიცავენ?“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ჩემს უარმყოფელთა შორის ისინი არიან პირველნი.“ ბენი ამირის ჯგუფმა თქვა: „მუჰამმედ! ჩვენ არც უარგყოფთ და არც შენს მოტანილს ვირწმუნებთ. მაგრამ დაგიცავთ, ვიდრე შენი შუამავლობის მოვალეობას ხალხს მიაწვდენ.“

ამის შემდეგ ჩვენი შუამავალი მათთან დაჯდა. ამ დროს ბენი ამირის წარჩინებულთაგან ერთ-ერთი, ბეიჰარა ბინ ფარისი, ბაზრობაზე ვაჭრობა რომ დაასრულა, მათთან მოვიდა, ჩვენს შუამავალზე მიუთითა და იქ მყოფთ ჰკითხა: „ეს ვინ არის?“ უთხრეს: „ეს მუჰამმედ ბინ აბდულლაჰია.“ როცა ბეიჰარამ თქვა: „მასთან რა საქმე გაქვთ, რომ გვერდით მოისვით?“, უთხრეს: „შემოგვეფარა, ამბობს, რომ ალლაჰის შუამავალია, და გვთხოვს, დავიცვათ, ვიდრე შუამავლობის მოვალეობას ხალხს მიაწვდის.“ ამაზე ბეიჰარა ჩვენს შუამავალს მიუბრუნდა და უთხრა: „შენი დაცვა ყველა არაბის ისრისთვის მკერდის მიშვერას ნიშნავს.“ თავის ხალხს კი უთხრა: „არ არსებობს ტომი, რომელიც თავის ქვეყანაში თქვენზე უარესით დაბრუნებულიყოს. მაშ, თქვენ ყველა არაბს უნდა ებრძოლოთ და თქვენი სხეულები მათ ისრებს მიუშვიროთ, არა?!… მის ხალხს მასში რაიმე სიკეთე რომ დაენახა, პირველად თვითონ დაიცავდნენ. თქვენ კი ცდილობთ, შეიფაროთ და დაეხმაროთ კაცს, რომელიც მისმა ხალხმა ცრუდ შერაცხა და თავიდან მოიშორა!… ძალიან ცდებით!…“

შემდეგ ამ უბედურმა ჩვენს საყვარელ შუამავალს მიმართა და გაბედა და უთხრა: „ახლავე გაგვეცალე და შენს ხალხთან დაბრუნდი!… გეფიცები, ჩემს ხალხში რომ არ იყო, ახლავე თავს მოგკვეთდი!…“ ამ სიტყვების შემდეგ სამყაროთა ბატონი დიდი მწუხარებით შეჯდა თავის აქლემზე. ის თავხედი ბეიჰარა კი ალლაჰის შუამავალს აქლემიდან ჩამოაგდო. ეს რომ დაინახა, საჰაბეთაგან ერთმა ქალმა, სახელად დაბაა ბინთი ამირმა, შეჰყვირა და ნათესავებს მიმართა: „როგორ ურიგდებით იმას, რასაც უზენაესი ალლაჰის ჰაბიბს უშვრებიან? ჩემი ხათრით ალლაჰის შუამავალს ამათი ხელიდან არავინ გამოიხსნის?“ მისი სამი ბიძაშვილი მაშინვე უბედურ ბეიჰარას მივარდა. თუმცა ბეიჰარას ხალხიდან ორი კაცი მის დახმარებას ცდილობდა, ამათ ბეიჰარაც და მისი შემწეებიც ცემა-ტყეპით გაწეწეს. ეს რომ დაინახა, ჩვენი საყვარელი შუამავალი მისთვის მებრძოლი იმ სამი კაცისთვის ასე ევედრა: „ჩემო უფალო! ამათ შენი ბარაქა (ბერექეთი) უბოძე!“, ბეიჰარასა და მისი შემწეებისთვის კი: „ჩემო უფალო! ესენი შენს მოწყალებას დააშორე!“

ვისთვისაც სიკეთე ითხოვა, მუსლიმობის პატივს ეღირსნენ, დანარჩენები კი ურწმუნოებად მოკვდნენ. ბენი ამირის ტომის წევრები, თავიანთ ქვეყანაში რომ დაბრუნდნენ, მექქაში თავს გადამხდარი ამბავი ტომის ერთ მოხუცს უამბეს, რომელსაც ზეციური წიგნები ჰქონდა წაკითხული. იმ კაცმა ჩვენი შუამავლის სახელი რომ გაიგონა, საყვედური უთხრა: „ბენი ამირ! ეს რა ჩაიდინეთ? ისმაილის შთამომავალთაგან დღემდე არავის განუცხადებია ცრუდ შუამავლობა. უეჭველად, რასაც ის ამბობდა, მართალი და ჭეშმარიტი იყო. ხელიდან გაშვებული ეს შემთხვევა ახლა ძალიან ძნელი ასანაზღაურებელია!…“

როცა ჯებრაილთან საუბრობდა,
მის წინ რეფრეფი მოვიდა და სალამი მიაგო,
მაშინ აიყვანა სამყაროს ხელმწიფე
და მაშინვე სიდრემდე აიტანა.

„ადამიანებო! თქვით ლა ილაჰე ილლალლაჰ და გადარჩით!“ ჰადისი შერიფი

ისრა და მი’რაჯი