მი’რაჯი
ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ისლამს უხსნიდა ყველას, ვისაც კი ხედავდა, და ყველა ტომს – როგორც ჰაჯზე მოსულებს, ისე მექქასა და ბაზრობებზე სავაჭროდ ჩამოსულებს. სთხოვდა, რომ შეეფარებინათ და ხალხისთვის ისლამის მიწვდენაში შეშველებოდნენ. მაგრამ არავინ გახდა მუსლიმი და არც მისი დაცვა იკისრა ვინმემ. პირიქით, შეურაცხყოფდნენ, ჩაგრავდნენ, აწამებდნენ, დასცინოდნენ და ცრუდ რაცხდნენ. სამყაროთა ბატონი ძალიან დაღლილი, მშიერი, მწყურვალი, დამწუხრებული და ღრმად დანაღვლიანებული იყო. დღეები ასე გადიოდა და ეს მდგომარეობა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. მექქელი კერპთაყვანისმცემლები გამუდმებით უკან დაჰყვებოდნენ და როგორც ქააბის მოსანახულებლად მოსულ ხალხს უშლიდნენ ხელს მუსლიმობაში, ისე უკეთილშობილესი ჰაბიბის ჩაგვრასაც არ იშლიდნენ. ალლაჰის შუამავალს წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ყველგან მტერი იყო. მექქაში რამდენიმე თვე ძალიან მძიმედ გავიდა.
დალოცვილი რეჯების ოცდამეშვიდე ღამეს პირდაპირ თავისი ბიძის, ებუ ტალიბის ქალიშვილის, უმმუ ჰანის სახლში მივიდა, რომელიც ებუ ტალიბის უბანში მდებარეობდა. უმმუ ჰანი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მორწმუნე. როცა იკითხა: „ვინ არის?“, ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „შენი ბიძაშვილი მუჰამმედი ვარ. თუ მიმიღებ, სტუმრად მოვედი.“
უმმუ ჰანიმ თქვა: „შენისთანა მართალ, სანდო, კეთილშობილ და ღირსეულ სტუმარს ჩემი სიცოცხლე ენაცვალოს. ოღონდ ჩემთან მობრძანება წინასწარ რომ გეცნობებინა, რამეს მოვამზადებდი. ახლა საჭმელი არაფერი მაქვს.“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „არც საჭმელი მინდა, არც სასმელი. არცერთზე თვალი არ მიჭირავს. მხოლოდ ადგილი მეყოფა, სადაც ჩემს უფალს ვეთაყვანები და შევევედრები.“
უმმუ ჰანიმ ჩვენი საყვარელი შუამავალი შინ შეიპატიჟა და ჭილოფი, ტაშტი და ჭურჭელი (იბრიყი) მისცა. მოსული სტუმრის გამასპინძლება და მტრისგან დაცვა არაბებისთვის ყველაზე საპატიო მოვალეობად ითვლებოდა. სახლში მყოფ სტუმარს ზიანი რომ მისდგომოდა, მასპინძლისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა. უმმუ ჰანიმ იფიქრა: „მექქაში ბევრი მტერი ჰყავს. მისი მოკვლის მსურველებიც კი არიან. ღირსების დასაცავად დილამდე ვიდარაჯებ.“ მამის ხმალი აიღო და სახლის გარშემო სიარული დაიწყო. ალლაჰის შუამავალი იმ დღეს ძალიან გულნატკენი იყო. აბდესი აიღო და თავის უფალს ხვეწნა, პატიების თხოვნა დაუწყო და ევედრებოდა, რომ მის მსახურებს რწმენა მიეღოთ და ბედნიერებას ზიარებოდნენ. ძალიან დაღლილი, მშიერი და დამწუხრებული იყო. ჭილოფზე წამოწვა თუ არა, ჩაეძინა.
იმ წამს უზენაესმა ალლაჰმა ჯებრაილს (ალეიჰისსელამ) უბრძანა: „ჩემი საყვარელი შუამავალი ძალიან დავამწუხრე. მისი დალოცვილი სხეული და ნაზი გული ძალიან ვატკინე. ის კი ამ მდგომარეობაშიც კვლავ მე მევედრება. ჩემს გარდა არაფერზე ფიქრობს. წადი, ჩემი ჰაბიბი მოიყვანე! ჩემი სამოთხე და ჩემი ჯოჯოხეთი აჩვენე. იხილოს წყალობანი, რაც მისთვის და მისი მოყვარულებისთვის გავამზადე. იხილოს სასჯელი, რაც გავამზადე მათთვის, ვინც მას არ ირწმუნებს და სიტყვით, ნაწერითა და საქციელით მას ავნებს. მე ვანუგეშებ მას. მისი ნაზი გულის ჭრილობებს მე შევუხვევ.“
როცა ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) ალლაჰის შუამავალთან მივიდა, ის ტკბილად მძინარე ნახა.
გაღვიძება ვერ გაიმეტა. ადამიანის სახით იყო. მის დალოცვილ ფეხის გულს ემთხვია. რადგან ჯებრაილს არც გული აქვს და არც სისხლი, მისმა ცივმა ბაგეებმა ალლაჰის შუამავალი გააღვიძა. ჩვენმა შუამავალმა ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მაშინვე იცნო, ძალიან შეეშინდა, უფალი ხომ არ გამიწყრაო, და ბრძანა: „ძმაო ჯებრაილ! ასე უდროოდ რატომ მოხვედი? ხომ არ შევცოდე რამე? ხომ არ გავანაწყენე ჩემი უფალი? თუ რაიმე მწარე ამბავი მომიტანე?“
„არც საჭმელი მინდა, არც სასმელი. არცერთზე თვალი არ მიჭირავს. მხოლოდ ადგილი მეყოფა, სადაც ჩემს უფალს ვეთაყვანები და შევევედრები“ ჰადისი შერიფი
ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: „ჰოი, ყველა ქმნილების უაღმატებულესო! ჰოი, გამჩენის საყვარელო, შუამავალთა ბატონო, სიკეთეთა წყაროვ, უპირატესობათა სათავევ, ღირსეულო და დიდებულო შუამავალო! შენი უფალი სალამს გითვლის და თავისთან გიხმობს. გთხოვ, ადექი, წავიდეთ.“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა აბდესი აიღო. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) მის დალოცვილ თავზე სხივისგან ნაქსოვი ჩალმა დაადგა, სხივის სამოსი ჩააცვა და დალოცვილ წელზე იაგუნდის სარტყელი შემოარტყა. დალოცვილ ხელში ოთხასი მარგალიტით შემკული ზურმუხტის კვერთხი მისცა. ყოველი მარგალიტი ცისკრის ვარსკვლავივით ბრწყინავდა. დალოცვილ ფეხებზე მწვანე ზურმუხტის ქოშები ჩააცვა.
შემდეგ ხელიხელჩაკიდებულნი ქააბასთან მივიდნენ. აქ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი მკერდი გააპო. გული ამოუღო და ზემზემის წყლით გარეცხა. შემდეგ სიბრძნითა და რწმენით სავსე თასი მოიტანა, შიგ ჩაასხა და მკერდი დაუხურა.
ჩვენი პირველი ყიბლა, მესჯიდი აყსა / იერუსალიმი
შემდეგ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) სამოთხიდან მოყვანილ თეთრ ცხოველზე, სახელად ბურაყზე, მიუთითა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! შეჯექი მასზე! ყველა ანგელოზი შენს გზას ელის.“ იმ წამს ჩვენს შუამავალს დარდი შემოაწვა და ფიქრებს მიეცა. მაშინ უზენაესმა ალლაჰმა ჯებრაილს (ალეიჰისსელამ) მიმართა: „ჯებრაილ! ჰკითხე, ჩემი ჰაბიბი რატომ არის დანაღვლიანებული!“ და ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) უპასუხა: „ამდენი პატივი და დიდება ვიხილე. გამახსენდა: განკითხვის დღეს როგორი იქნება ჩემი სუსტი უმმეთის მდგომარეობა? ორმოცდაათი ათასი წელი არასათის მოედანზე ფეხით მდგომნი ამდენ თავიანთ ცოდვას როგორ ზიდავენ და როგორ გადალახავენ სირატს, რომელიც ოცდაათი ათასი წლის სავალი გზაა?“ მაშინ ღვთიური ბრძანება მოვიდა: „ჩემო ჰაბიბო! გული დაიმშვიდე. შენი უმმეთისთვის ორმოცდაათი ათასი წლის დროს ერთ წამად ვაქცევ. ნუ დამწუხრდები!“
ჩვენი შუამავალი ბურაყზე შეჯდა. ბურაყი ძალიან სწრაფად მიდიოდა; ერთი ნაბიჯით თვალსაწიერს იქით აღწევდა. გზაში ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ჩვენს საყვარელ შუამავალს უთხრა, რომ ზოგიერთ სადგომზე ჩამოსულიყო და ნამაზი შეესრულებინა. სამყაროთა ბატონი ამის შემდეგ ზუსტად სამჯერ ჩამოვიდა და ნამაზი შეასრულა. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ჰკითხა, იცოდა თუ არა, სად შეასრულა ნამაზი. თვითონვე უპასუხა და აუწყა, რომ პირველი ადგილი, სადაც ჩამოვიდა, მედინა იყო და რომ ამ ქალაქში ჰიჯრეთს აღასრულებდა. ისიც აუწყა, რომ დანარჩენი ადგილები, თანმიმდევრობით, იყო თური სინა, სადაც ჰაზრეთი მუსა უზენაეს ალლაჰს მიმართულების გარეშე და შეუცნობელი სახით ესაუბრა, და ბოლოს ბეითი ლაჰმი (ბეთლემი), სადაც ისა (ალეიჰისსელამ) დაიბადა. შემდეგ იერუსალიმში (ყუდსში) მესჯიდი აყსასთან მივიდნენ.
მესჯიდი აყსაში ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ერთი კლდე თითით გახვრიტა და ბურაყი მიაბა. იქ წინანდელი შუამავალთაგან ზოგიერთის სული ადამიანის სახით იყო შეკრებილი. ჯემაათით ნამაზის შესასრულებლად იმამობა თანმიმდევრობით შესთავაზეს ადამს, ნუჰსა და იბრაჰიმს (ალეიჰიმუსსელამ). ბოდიში მოიხადეს და არ მიიღეს. ჯებრაილმა თქვა: „სანამ შენ აქა ხარ, სხვა იმამი ვერ იქნება“, – და ჰაბიბულლაჰი წინ დააყენა.
ჩვენი შუამავალი შუამავალთა იმამი გახდა და მათ ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულებინა. შემდეგ მომხდარი ასე გადმოგვცა: „ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ერთი თასი სამოთხის სასმელი და ერთი თასი რძე მომიტანა. რძე ავიღე. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) მითხრა: ‚ფითრათი (ორივე სამყაროს ბედნიერება) აირჩიე.‘ შემდეგ კიდევ ორი ჭიქა მომაწოდეს. ერთში წყალი იყო, მეორეში – თაფლი; ორივედან დავლიე. ჯებრაილმა თქვა: ‚თაფლი იმის ნიშანია, რომ შენი უმმეთი განკითხვის დღემდე იარსებებს, წყალი კი – რომ შენი უმმეთი ცოდვებისგან განიწმინდება.‘ შემდეგ ერთად ავმაღლდით ზეცაში. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) კარზე დააკაკუნა. ‚ვინ ხარ?‘ – იკითხეს. ‚ჯებრაილი ვარ.‘ ‚შენ გვერდით ვინ არის?‘ ‚მუჰამმედია (ალეიჰისსელამ).‘ ‚მას გაეგზავნა (ვაჰიი და მი’რაჯის მოწვევა, რომ ზეცაში ამაღლდეს)?‘ ‚დიახ, გაეგზავნა‘, – თქვა. ‚მერჰაბა მოსულს! რა კარგი მგზავრია ეს მოსული!‘ – თქვეს, კარი მაშინვე გაიღო და ადამის (ალეიჰისსელამ) წინაშე აღმოვჩნდი. მითხრა: ‚მერჰაბა‘ და ვედრება აღავლინა… ადამის (ალეიჰისსელამ) მარჯვნივ და მარცხნივ ზოგიერთი ადამიანის სულები აჩრდილებივით იდგნენ. ადამი (ალეიჰისსელამ) მარჯვნივ რომ იხედებოდა, იღიმებოდა, მარცხნივ რომ იხედებოდა, ტიროდა. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) მოახსენა: ‚ალლაჰის შუამავალო, ეს აჩრდილები ადამის შთამომავალთა სულებია. მარჯვნივ მყოფნი სამოთხისანი არიან, მარცხნივ მყოფნი კი – ჯოჯოხეთისანი! მარჯვნივ რომ იხედება, იღიმება, მარცხნივ რომ იხედება, ტირის!‘
„ჰოი, ყველა ქმნილების უაღმატებულესო! ჰოი, გამჩენის საყვარელო, შუამავალთა ბატონო, სიკეთეთა წყაროვ, უპირატესობათა სათავევ, ღირსეულო და დიდებულო შუამავალო! შენი უფალი სალამს გითვლის და თავისთან გიხმობს. გთხოვ, ადექი, წავიდეთ“ ჯებრაილი (ალეიჰისსელამ)
იქ მრავალი ანგელოზი ვიხილე. ყველანი ყიამში იდგნენ მოწიწებითა და მორჩილებით და ზიქრით იყვნენ დაკავებულნი: ‚სუბბუჰუნ ყუდდუსუნ რაბბულ-მელაიქეთი ვერრუჰ‘. ჯებრაილს ვკითხე: ‚ამ ანგელოზების ღვთისმსახურება ესაა?‘ ‚დიახ. გაჩენიდან განკითხვის დღემდე ყიამში დგანან. უზენაეს ალლაჰს სთხოვე, რომ ეს ღვთისმსახურება შენს უმმეთს უბოძოს‘, – თქვა. უზენაეს ალლაჰს ვთხოვე. ჩემი ვედრება შეისმინა. ნამაზში ყიამი ესაა.
(იქ) ერთ ჯგუფს გადავეყარე. ანგელოზები მათ თავებს უჭეჭყავდნენ, თავები კი ისევ წინანდელ სახეს იღებდა. ისევ სცემდნენ და ისევ ისეთივე ხდებოდა. ვთქვი: ‚ესენი ვინ არიან?‘ თქვა: ‚ესენი არიან, ვინც პარასკევის ნამაზს (ჯუმას) და ჯემაათს მიატოვებდა და რუქუსა და სეჯდეს სრულად არ აღასრულებდა.‘
ერთი ჯგუფი ვიხილე. მშივრები და შიშვლები იყვნენ. ზებანიები მათ ჯოჯოხეთში საძოვრად მირეკავდნენ. ვთქვი: ‚ესენი ვინ არიან?‘ თქვა: ‚ისინი, ვინც ღარიბებს არ იბრალებდა და ზექათს არ იხდიდა.‘
ერთ ჯგუფს ჩავუარე. მათ წინ გემრიელი საჭმელები ეწყო. ერთ მხარეს კი ლეში ეგდო. ის გემრიელი საჭმელები მიეტოვებინათ და ლეშს ჭამდნენ. ვთქვი: ‚ესენი ვინ არიან?‘ თქვა: ‚ესენი ის კაცები და ქალები არიან, რომლებიც ჰალალს ტოვებდნენ და ჰარამისკენ იხრებოდნენ. ესენი ის ხალხია, ვინც ჰალალი ქონების მიუხედავად ჰარამს ჭამდა.‘
ვიხილე (ზოგიერთი) ადამიანები, ზურგზე აკიდებული ტვირთის სიმძიმისგან განძრევის ძალაც რომ აღარ შესწევდათ. ასეთ მდგომარეობაში ხალხს მიმართავდნენ და სთხოვდნენ, კიდევ დაედოთ ტვირთი. ვთქვი: ‚ესენი ვინ არიან?‘ თქვა: ‚ესენი არიან, ვინც მინდობილ ამანათს ღალატობდა. ადამიანთა უფლებები მიითვისეს და მაინც ჩაგრავენ.‘
ადამიანთა ჯგუფს ჩავუარეთ, რომლებიც საკუთარ ხორცს იჭრიდნენ და ჭამდნენ. ვთქვი: ‚ესენი ვინ არიან?‘ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: ‚ესენი არიან, ვინც ჭორაობდა (ღიბეთს სჩადიოდა) და ბეზღობდა.‘
ადამიანთა ჯგუფი ვიხილე: სახეები შავი ჰქონდათ, თვალები ცისფერი, ზედა ტუჩები შუბლამდე სწვდებოდათ, ქვედა ტუჩები ფეხებამდე ეკიდათ, პირიდან კი სისხლი და ჩირქი სდიოდათ. ცეცხლის თასებით ჯოჯოხეთიდან ჩამომდინარე შხამიან სისხლსა და ჩირქს ასმევდნენ, ისინი კი ვირებივით ყროყინებდნენ. ვთქვი: ‚ესენი ვინ არიან?‘ თქვა: ‚ესენი არიან, ვინც სასმელს (ალკოჰოლს) სვამდა.‘
ადამიანთა ერთ ჯგუფს გადავეყარეთ, რომლებსაც ენები თავიდან ჰქონდათ ამოგლეჯილი, სახე შეცვლილი და ჰინზირის (ღორის) სახედ ქცეული, და ასე ისჯებოდნენ. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: ‚ესენი არიან, ვინც ცრუ მოწმობას იძლეოდა.‘
სხვა ხალხს გადავეყარეთ. მუცლები გასიებული და ჩამოკიდებული ჰქონდათ, ფერი – გალურჯებული, ხელ-ფეხი – შეკრული, და ადგილიდან ვერ დგებოდნენ. ჯებრაილს მათზე ვკითხე. თქვა: ‚ესენი არიან, ვინც რიბას (მევახშეობის სარგებელს) ჭამდა.‘1
ზოგიერთ ქალს გადავეყარეთ. სახეები შავი ჰქონდათ, თვალები ცისფერი. ცეცხლის სამოსი ჩაეცვათ. ანგელოზები ცეცხლის ლახტებით სცემდნენ. ისინი კი ძაღლებივით და ღორებივით ღმუოდნენ. ვთქვი: ‚ესენი ვინ არიან?‘ ჯებრაილმა თქვა: ‚ესენი ის ქალები არიან, რომლებიც მრუშობდნენ და ქმრებს ავნებდნენ.‘
ერთი ჯგუფი ვიხილე. ძალიან ბევრნი იყვნენ. ჯოჯოხეთის ხეობებში იყვნენ დამწყვდეულნი. ცეცხლი წვავდა, ისინი ისევ ცოცხლდებოდნენ და ცეცხლი ისევ წვავდა. ვთქვი: ‚ესენი ვინ არიან?‘ თქვა: ‚ესენი არიან, ვინც მამებს არ ემორჩილებოდა.‘
ერთ ჯგუფს ჩავუარე. ხორბალს თესავდნენ და ხორბალი წამსვე მწიფდებოდა და თავთავს იკეთებდა. ვთქვი: ‚ესენი ვინ არიან?‘ ჯებრაილმა თქვა: ‚ისინი, ვინც უზენაესი ალლაჰისთვის აღასრულებდა ღვთისმსახურებას.‘
ერთ ზღვას მივადექი. ამ ზღვის საოცარი მდგომარეობის აღწერა შეუძლებელია. რძეზე თეთრი იყო და მთებივით ტალღები ჰქონდა. ვთქვი: ‚ეს რა ზღვაა?‘ თქვა: ‚ამ ზღვის სახელია სიცოცხლის ზღვა. როცა უზენაესი ალლაჰი მკვდრებს გააცოცხლებს, ამ ზღვიდან წვიმას მოავლენს. გახრწნილი, დაშლილი სხეულები გაცოცხლდებიან და საფლავებიდან ისე აღდგებიან, როგორც ბალახი ამოდის…‘
შემდეგ მეორე ცაზე ავედით. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ისევ დააკაკუნა კარზე. თქვეს: ‚ვინ ხარ?‘ ‚ჯებრაილი ვარ.‘ ‚შენ გვერდით ვინ არის?‘ ‚მუჰამმედია (ალეიჰისსელამ).‘ ‚მას გაეგზავნა ვაჰიი და მი’რაჯის მოწვევა?‘ ‚დიახ, მოუვიდა‘, – თქვა. ‚მერჰაბა მოსულს! რა კარგი მგზავრია ეს მოსული!‘ – თქვეს და კარი მაშინვე გაიღო. დეიდაშვილების, ისასა და იაჰია ბინ ზექერიიას (ალეიჰიმესსელამ) გვერდით აღმოვჩნდი. მითხრეს: ‚მერჰაბა‘ და ვედრება აღავლინეს… (ისა (ალეიჰისსელამ) საშუალო ტანისა იყო, თეთრი, ხორბლისფერი პირისახით.)
ანგელოზთა ერთ ჯგუფს გადავეყარე. მწკრივად იდგნენ, ყველანი რუქუში. მათ თავისი განსაკუთრებული თესბიჰი ჰქონდათ. მუდამ რუქუში დგანან, თავს არ სწევენ და ზემოთ არ იყურებიან. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: ‚ამ ანგელოზების ღვთისმსახურება ასეთია. უზენაეს ალლაჰს სთხოვე, რომ შენს უმმეთს ეწყალობოს.‘
ვევედრე. შეისმინა და ნამაზში რუქუ გვიწყალობა. შემდეგ მესამე ცაზე ავედით. იმავე კითხვა-პასუხის შემდეგ კარი გაიღო და იუსუფის (ალეიჰისსელამ) გვერდით აღმოვჩნდი. შევხედე და – მას სილამაზის ნახევარი ჰქონდა მინიჭებული. მითხრა: ‚მერჰაბა‘ და ვედრება აღავლინა…
მრავალი ანგელოზი ვიხილე. მწკრივებად იყვნენ, ყველანი სეჯდეში. გაჩენიდან სეჯდეში არიან და თავიანთი განსაკუთრებული თესბიჰით ადიდებენ ალლაჰს. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: ‚ამ ანგელოზების ღვთისმსახურება ასეთია. უზენაეს ალლაჰს სთხოვე, რომ ეს საქმე შენს უმმეთს გაუადვილოს.‘ უზენაეს ალლაჰს ვთხოვე. შეისმინა და ნამაზში გიწყალობათ.
შემდეგ მეოთხე ცას მივაღწიე. მას წმინდა ვერცხლისგან გაკეთებული, სხივისგან ნაქმნარი კარი ჰქონდა. სხივის საკეტი ედო. საკეტზე ეწერა: ‚ლა ილაჰე ილლალლაჰ მუჰამმედუნ რესულულლაჰ‘. იმავე კითხვა-პასუხის შემდეგ იდრისის (ალეიჰისსელამ) გვერდით აღმოვჩნდი. მითხრა: ‚მერჰაბა‘ და ვედრება აღავლინა. უზენაესმა ალლაჰმა მასზე (შინაარსით) ბრძანა: ‚ჩვენ იგი მაღალ ადგილზე აღვამაღლეთ.‘2
ერთი ანგელოზი ვიხილე, რომელიც ტახტზე იჯდა, დარდიანი და დამწუხრებული. მის გარშემო იმდენი ანგელოზი იყო, რომ მათი რიცხვი მხოლოდ უზენაესმა ალლაჰმა იცის. მის მარჯვნივ ნათელი (ნურანი) ანგელოზები ვიხილე. მწვანე ემოსათ და ძალიან სასიამოვნო სურნელი ასდიოდათ. სილამაზისგან მათ სახეებს ვერ შეხედავდი. მის მარცხნივ ანგელოზები იყვნენ, რომლებსაც პირიდან ცეცხლი ამოსდიოდათ. მათ წინ ცეცხლის შუბები და მათრახები ეწყო. ისეთი თვალები ჰქონდათ, რომ მათ შეხედვას ვერავინ გაუძლებდა. ტახტზე მჯდომ ანგელოზს თავიდან ფეხებამდე თვალები ჰქონდა. გამუდმებით თავის წინ მდებარე წიგნში იყურებოდა და მისგან თვალს წამითაც არ აშორებდა. მის წინ ერთი ხე იდგა. მის ყოველ ფოთოლზე ერთი ადამიანის სახელი ეწერა. მის წინ ტაშტის მსგავსი რაღაც იდგა. ხან მარჯვენა ხელით რაღაცას იღებდა მისგან და მარჯვნივ მყოფ ნათელ ანგელოზებს აბარებდა, ხან მარცხენა ხელით რაღაცას იღებდა და მარცხნივ მყოფ ბნელ (ზულმანი) ანგელოზებს აძლევდა. (იმ) ანგელოზს რომ შევხედე, გულში შიში შემომეპარა. ჯებრაილს ვკითხე: ‚ეს ანგელოზი ვინ არის?‘ თქვა: ‚აზრაილია. მის სახეს შეხედვის ძალა არავის შესწევს.‘ ჯებრაილი მასთან მივიდა და თქვა: ‚აზრაილ!
„‚მერჰაბა მოსულს! რა კარგი მგზავრია ეს მოსული!‘ – თქვეს, კარი მაშინვე გაიღო და ადამის (ალეიჰისსელამ) წინაშე აღმოვჩნდი“ ჰადისი შერიფი
ეს ბოლო ჟამის შუამავალია, უზენაესი ალლაჰის ჰაბიბი, მისი საყვარელი.‘ აზრაილმა (ალეიჰისსელამ) თავი ასწია და გაიღიმა. წამოდგა, პატივი მცა და თქვა: ‚მერჰაბა! უზენაეს ალლაჰს შენზე უფრო ღირსეული არავინ გაუჩენია. შენი უმმეთიც ყველა უმმეთზე მაღლა დგას. მე შენს უმმეთს მათ მამებსა და დედებზე მეტად ვიბრალებ.‘ მაშინ ვთქვი: ‚ერთი თხოვნა მაქვს შენთან. ჩემი უმმეთი სუსტია. რბილად მოეპყარი. სულები ნაზად ამოართვი.‘ თქვა: ‚ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც შენ უკანასკნელ შუამავლად მოგავლინა და თავის ჰაბიბად გაგხადა, უზენაესი ალლაჰი დღე და ღამე სამოცდაათჯერ მიბრძანებს:
„მუჰამმედის უმმეთის სულები რბილად და ადვილად ამოართვი და მათ საქმეებს სიტკბოთი მოეკიდე.“ ამიტომ მეც შენს უმმეთს მათ დედებსა და მამებზე მეტად ვეალერსები.‘ შემდეგ მეხუთე ცაზე ავედით. იქ ჰარუნს3 (ალეიჰისსელამ) შევხვდით. მითხრა: ‚მერჰაბა‘ და კეთილი ვედრება აღავლინა ჩემთვის. მეხუთე ცის ანგელოზების ღვთისმსახურება ვიხილე. ყველანი ფეხზე იდგნენ და ფეხის თითებს უცქეროდნენ. სხვაგან სულაც არ იყურებოდნენ და ხმამაღლა თესბიჰს ამბობდნენ. ჯებრაილს (ალეიჰისსელამ) ვკითხე: ‚ამ ანგელოზების ღვთისმსახურება ასეთია?‘ თქვა: ‚დიახ, უზენაეს ალლაჰს სთხოვე, რომ ეს ღვთისმსახურება შენს უმმეთს უბოძოს.‘ ვევედრე. უზენაესმა ალლაჰმა მიწყალობა. შემდეგ მეექვსე ცაზე ავედით. იქ მუსას (ალეიჰისსელამ) შევხვდით. მითხრა: ‚მერჰაბა‘ და კეთილი ვედრება აღავლინა ჩემთვის.
შემდეგ მეშვიდე ცაზე ავედით. იმავე კითხვა-პასუხის შემდეგ იბრაჰიმი (ალეიჰისსელამ) ვნახე, ზურგით ბეითი მა’მურზე მიყრდნობილი. ამ ბეითი მა’მურში ყოველდღე სამოცდაათი ათასი ანგელოზი შედის (და მათ რიგი აღარ უდგებათ). იბრაჰიმს (ალეიჰისსელამ) სალამი მივეცი. სალამი დამიბრუნა. თქვა: ‚მერჰაბა, სალიჰ შუამავალო, სალიჰ შვილო!‘ (შემდეგ:) ‚მუჰამმედ! სამოთხის ადგილი ძალიან ნაზია და მისი მიწა სუფთა. შენს უმმეთს უთხარი, იქ ბევრი ხე დარგონ.‘ ვთქვი: ‚სამოთხეში ხე როგორ ირგვება?‘ თქვა: ‚„ლა ჰავლე ველა ყუვვეთე ილლა ბილლაჰ“ თესბიჰის წარმოთქმით‘ (ერთი გადმოცემით კი: ‚„სუბჰანალლაჰი ველ-ჰამდულილლაჰი ვე ლა ილაჰე ილლალლაჰუ ვალლაჰუ ექბერ“ თესბიჰის წარმოთქმით‘). შემდეგ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) სიდრეთულ-მუნთეჰასთან მიმიყვანა. სიდრეთულ-მუნთეჰა ის ხეა, რომლის ფესვი მეექვსე ცაზეა, ღერო და ტოტები კი – მეშვიდე ცის ზემოთ; ფოთლები სპილოს ყურებივით აქვს, ნაყოფი – კოშკებივით.4 ისეთი ხე იყო, რომ თითქოს ჩრდილით მთელ ცებსა და სამოთხეს ფარავდა. როცა მასზე უზენაესი ალლაჰის დიდებულებისა და სიდიადის სხივი ცხადდება (თეჯელლი ხდება), ფერად-ფერად იმოსება, იაგუნდით, ზურმუხტით ან მათი მსგავსი ძვირფასი თვლებით მშვენდება და ისე ლამაზდება, რომ უზენაესი ალლაჰის გაჩენილ ქმნილებათაგან ვერავინ აღწერს მის სილამაზეს.
ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) სიდრეთულ-მუნთეჰას იქით გამაცილა და დამემშვიდობა. ვთქვი: ‚ჯებრაილ! მარტო მტოვებ?‘ ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) შეწუხდა. უზენაესი ალლაჰის დიდებულების წინაშე კანკალი დაიწყო და თქვა: ‚მუჰამმედ! თუ (კიდევ) ერთ ნაბიჯს გადავდგამ, უზენაესი ალლაჰის სიდიადისგან დავიღუპები. მთელი ჩემი არსება დაიწვება და გაქრება.‘“
სამყაროთა ბატონი აქამდე ჯებრაილთან (ალეიჰისსელამ) ერთად მოვიდა. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) აქ ალლაჰის შუამავალს თავი იმ სახით აჩვენა, რომლითაც იყო გაჩენილი: გაშლილი ექვსასი ათასი ფრთით, რომელთაგან თითოეულიდან მარგალიტები და იაგუნდები იფანტებოდა.
შემდეგ მოვიდა სამოთხის მწვანე ხალიჩა, სახელად რეფრეფი, რომლის ნათება მზეზე უფრო კაშკაშა იყო. გამუდმებით უზენაესი ალლაჰის ზიქრით იყო დაკავებული და იმ სამყაროს, სადაც იმყოფებოდა, თესბიჰის ხმა ავსებდა. ჩვენს შუამავალს სალამი მისცა. ალლაჰის შუამავალი რეფრეფზე დაჯდა. წამსვე დიდ სიმაღლეებზე ავიდნენ და სამოცდაათი ათასი ფარდა გაიარეს, რომლებსაც ჰიჯაბი ეწოდება. ყოველ ორ ჰიჯაბს შორის ძალიან დიდი მანძილი იყო. ყოველ ფარდასთან დავალებული ანგელოზები იდგნენ. რეფრეფმა ჩვენი შუამავალი იმ ფარდებში სათითაოდ გაატარა. ასე გადალახეს ქურსის, არშისა და სულების სამყაროები. უკეთილშობილესი ჰაბიბი და პატივდებული შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ყოველ ფარდაში გავლისას ისმენდა ბრძანებას: „ნუ გეშინია, მუჰამმედ! მოახლოვდი, მოახლოვდი!“ იმდენად მიუახლოვდა, რომ ყაბე ყავსეინის მაყამს მიაღწია. შეუცნობელი, გაუგებარი და აღუწერელი სახით იმ სიმაღლეებს მიაღწია, რაც უზენაესმა ალლაჰმა ინება. ადგილის, დროის, მიმართულებისა და სახის გარეშე მოხდა რუიეთი (ხილვა), ანუ უზენაესი ალლაჰი იხილა. თვალის, ყურის, საშუალებისა და შუამავლის გარეშე ესაუბრა თავის უფალს. ეზიარა წყალობებს, რომელთა არც შეცნობა შეუძლია რომელიმე ქმნილებას და არც გაგება.
ჰაზრეთი იმამი რაბბანი წიგნში „მექთუბათი“ ამბობს: „ის ბატონი (ალეიჰისსალათუ ვესსელამ) მი’რაჯის ღამეს თავის უფალს ამ ქვეყნად არ უხილავს; საიქიოში იხილა, რადგან შუამავალი (ალეიჰისსელამ) იმ ღამეს დროისა და ადგილის საზღვრებს გასცდა. დასაწყისისა და დასასრულის არმქონე წამი პოვა. დასაწყისიც და დასასრულიც ერთ წერტილად იხილა. იმ ღამეს იხილა, როგორ შევლენ სამოთხეში ათასობით წლის შემდეგ სამოთხის მკვიდრნი და როგორ იქნებიან იქ. მაშასადამე, ამ მაყამზე ხილვა ამქვეყნიური ხილვა არ არის. ეს საიქიოს ხილვაა.“
როცა ჩვენს შუამავალს უთხრეს: „ქება-დიდება შესწირე შენს უფალს!“, მაშინვე თქვა: „ეთთეჰიიათუ ლილლაჰი ვესსალევათუ ვეტტაიიბათ“ (ანუ: ყველა ენით აღვლენილი ქება, ხოტბა და დიდება, სხეულით აღსრულებული სამსახური და მორჩილება და ქონებით გაღებული სიკეთე და წყალობა უზენაეს ალლაჰს ეკუთვნოდეს).
„უზენაეს ალლაჰს შენზე უფრო ღირსეული არავინ გაუჩენია. შენი უმმეთიც ყველა უმმეთზე მაღლა დგას“ აზრაილი (ალეიჰისსელამ)
პირველად უზენაესმა ალლაჰმა თავის ჰაბიბს თვალის, ყურის, შუამავლისა და ადგილის გარეშე სალამი მისცა სიტყვებით: „ესსელამუ ალეიქე ეიიუჰენ-ნებიიუ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ“ (ჩემო შუამავალო! ჩემი სალამი, ჩემი ბარაქა და ჩემი მოწყალება შენზე იყოს). ჩვენმა შუამავალმა უპასუხა: „ესსელამუ ალეინა ვე ალა იბადილლაჰისსალიჰინ“ (ჩემო უფალო! სალამი ჩვენც და შენს სალიჰ მსახურებსაც).
ეს რომ გაიგონეს, ანგელოზებმა ერთხმად თქვეს: „ეშჰედუ ენ ლა ილაჰე ილლალლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ აბდუჰუ ვე რესულუჰ“ (ვიცი და მწამს, თითქოს საკუთარი თვალით მენახოს, რომ უზენაესი ალლაჰის გარდა არ არის თაყვანისცემის ღირსი ღვთაება. მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) მისი მსახური და შუამავალია).
როცა ჩვენმა შუამავალმა თქვა: „ესსელამუ ალეინა…“, უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: „ჩემო ჰაბიბო! აქ ჩვენ ორის გარდა არავინაა. ‚ალეინა‘ (ჩვენ) რატომ თქვი?“ ალლაჰის შუამავალმა უპასუხა:
„ჩემო ალლაჰო! ჩემი უმმეთის სხეულები, მართალია, ჩემთან არ არის. მაგრამ მათი სულები ჩემთანაა. ჩემი მზრუნველი მზერა და მთელი ჩემი ყურადღება მათგან შორს არ არის. სალამი მომეცი და ყოველგვარ ბოროტებას დამაშორე. ბოლო ჟამის ფითნეში (განსაცდელში) ჩავარდნილი ჩემი ღარიბი, დარდიანი უმმეთი ამ დიდ პატივსა და წყალობას როგორ მოვაკლო? ასეთ წყალობას როგორ დავუტოვო უწილოდ?“
უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: „ჩემო ჰაბიბო! ამაღამ ჩემი სტუმარი ხარ. მთხოვე – რა გსურს?“ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თქვა: „ჩემი უმმეთი მსურს (ჩემო უფალო)!“
გადმოცემით, უზენაესმა ალლაჰმა ეს კითხვა შვიდასჯერ გაიმეორა. ალლაჰის შუამავალმა ყოველ ჯერზე უპასუხა: „ჩემი უმმეთი მსურს.“ როცა უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: „სულ შენს უმმეთს ითხოვ“, შეევედრა: „ჩემო უფალო! მთხოვნელი მე ვარ, მომცემი – შენ. მთელი ჩემი უმმეთი მაპატიე.“ უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: „თუ ამაღამ მთელ შენს უმმეთს გაპატიებ, არც ჩემი მოწყალება გამოჩნდება და არც შენი პატივი. მისი ერთი ნაწილი ამაღამ გაპატიე. ორი ნაწილი გადავდე. განკითხვის დღეს შენ ითხოვე და მე ვაპატიებ. რათა ასე გამოჩნდეს ჩემი მოწყალებაც და შენი პატივიც (ღირსებაც).“
ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ერთ ჰადისი შერიფში ბრძანა: „იმ ღამეს (მი’რაჯის ღამეს) უზენაეს ალლაჰს ვთხოვე, რომ მთელი ჩემი უმმეთის ანგარიში მე მომანდოს. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‚მუჰამმედ! შენი სურვილია, რომ შენი უმმეთის დანაშაულებს ვერავინ შეიტყოს. ჩემი სურვილი კი ესაა: რადგან შენ მზრუნველი შუამავალი ხარ, მათი დანაშაულები და უშვერი საქმეები შენგანაც დაფარული იყოს, როგორც უცხოებისგან. მუჰამმედ! შენ მათი წინამძღოლი ხარ. მე მათი უფალი ვარ. შენ ისინი ახლახან იხილე. მე კი მარადისობიდან მარადისობამდე ვუყურებდი და ვუყურებ მათ. მუჰამმედ! შენს უმმეთთან საუბარი რომ არ მიყვარდეს, განკითხვის დღეს მათ ანგარიშს არ მოვთხოვდი. არც დიდ ცოდვას ვკითხავდი და არც მცირეს.‘“
„უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‚მუჰამმედ! გაახილე დალოცვილი თვალი და ფეხქვეშ დაიხედე.‘ დავიხედე და ერთი მუჭა მიწა დავინახე. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‚ყოველივე არსებული შენი ფეხის მტვერია. ეს ჩემი მიწა მეგობრის წინაშე მოიტანე? მეგობრის კალთაზე მიკრული მტვრის პატიებაზე უფრო ადვილია ჩემთვის შენი უმმეთის პატიება.‘“
შენი უმმეთი შენ გიბოძე, ჰოი, ჰაბიბო!
ჩემი სამოთხე მათ წილად ვარგუნე.
ჩემო ჰაბიბო, ეს რა ითხოვე –
ერთი მუჭა მიწისთვის ასე შემეხვეწე?
ჩვენმა შუამავალმა ერთ ჰადისი შერიფში ბრძანა: „უზენაეს ალლაჰს მრავალი კითხვა დავუსვი. პასუხები მოვისმინე. ვინანე, რომ ვიკითხე. (ზოგიერთი მათგანი ასეთია:)
‚ჩემო უფალო! ჯებრაილს ექვსასი ათასი ფრთა უბოძე. ამის სანაცვლოდ მე რა მიწყალობე?‘ უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‚შენი ერთი ღერი თმა ჩემთვის ჯებრაილის ექვსასი ათას ფრთაზე უფრო საყვარელია. შენი ერთი ღერი თმის გულისთვის განკითხვის დღეს ათასობით ურჩ ცოდვილს გავათავისუფლებ. მუჰამმედ! ჯებრაილი რომ ფრთას გაშლიდეს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სივრცეს აავსებს. შენ რომ შეფაათი გასწიო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სივრცე ურჩებით სავსე რომ იყოს, ყველას შენი ხათრით ვაპატიებ.‘ ვთქვი: ‚ჩემს წინაპარს, ადამს (ალეიჰისსელამ) ანგელოზებს სეჯდე აღასრულებინე. ამის სანაცვლოდ მე რა პატივი მომაგე?‘
უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‚ანგელოზებმა ადამს სეჯდე იმიტომ აღუსრულეს, რომ მის შუბლზე შენი სხივი იყო. მუჰამმედ! შენ იმაზე უმაღლესი რამ გიბოძე. შენი სახელი ჩემს სახელს მივუახლოვე და არში ა’ლაზე დავწერე. მაშინ ადამი ჯერ არ იყო გაჩენილი, არც სახელი ჰქონდა და არც კვალი. შენი სახელი დავწერე ცის კარებზე, ჰიჯაბებზე, სამოთხის კარებზე, სასახლეებსა და ხეებზე, სამოთხის ყოველ ადგილას. სამოთხეში არაფერი იყო, რაზეც არ ეწერა „ლა ილაჰე ილლალლაჰ მუჰამმედუნ რესულულლაჰ“. ეს საფეხური ადამისთვის მინიჭებულ საფეხურზე უმაღლესია.‘
როცა შენ შეგიყვარე, ჰოი, კეთილშობილო,
ორივე სამყარო განა შენი არ იქნება, ჰოი, ნაზო!
შენი არსი ჩემი არსის სარკედ ვიქციე,
შენი სახელი ჩემს სახელთან ერთად დავწერე.
‚ჩემო უფალო! ნუჰს (ალეიჰისსელამ) ხომალდი უბოძე. ამის სანაცვლოდ მე რა მიწყალობე?‘ ბრძანა: ‚შენ ბურაყი გიბოძე და ერთ ღამეში მიწიდან არშამდე მიგიყვანე. სამოთხეც იხილე და ჯოჯოხეთიც. შენს უმმეთს მეჩეთები ვუბოძე, რომ განკითხვის დღეს შენი უმმეთი, თითქოს ხომალდებში სხდებოდეს, იმ მეჩეთებში ჩაჯდეს, სირატი თვალის დახამხამებაში გადალახოს და ჯოჯოხეთს გადაურჩეს.‘ ‚ჩემო უფალო! ისრაელის შვილებს მანანა (ყუდრეთ ჰელვასი) და მწყერის მსგავსი ფრინველის ხორცი გარდამოუვლინე.‘ უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‚შენ და შენს უმმეთს ამქვეყნიური და საიქიო წყალობა გიბოძეთ. ისრაელის შვილების სახე ადამიანის სახიდან დათვის, მაიმუნისა და ჰინზირის სახედ ვაქციე. შენი უმმეთიდან არავის ასე არ მოვექეცი. მათნაირი საქმეები რომ ჩაიდინონ, მაინც ეს უბედურება მათთვის არ ვინებე. მუჰამმედ! შენ ისეთი სურა გიბოძე, რომლის მსგავსი არც თევრათშია და არც ინჯილში. ეს არის სურა ფათიჰა. ვინც ამ სურას წაიკითხავს, მისი სხეული ჯოჯოხეთისთვის ჰარამი იქნება. მის დედასა და მამას სასჯელს შევუმსუბუქებ. მუჰამმედ! შენზე უფრო ექრემი (ძვირფასი, აღმატებული, ღირსეული) არავინ გამიჩენია. შენ და შენს უმმეთს დღე-ღამეში ორმოცდაათი ნამაზი ფარძად დაგიწესეთ.
„იმ ღამეს (მი’რაჯის ღამეს) უზენაეს ალლაჰს ვთხოვე, რომ მთელი ჩემი უმმეთის ანგარიში მე მომანდოს“ ჰადისი შერიფი
მუჰამმედ! ვინც ჩემს ერთობას აღიარებს და მე არავის დამიდგენს თანაზიარად, სამოთხე მისია. შენი უმმეთიდან ასეთებისთვის ჯოჯოხეთი ჰარამად ვაქციე. ჩემი მოწყალება შენი უმმეთისადმი ჩემს რისხვას გადააჭარბა.
მუჰამმედ! ჩემთან შენ ყველა ქმნილებაზე ძვირფასი და ღირსეული ხარ. განკითხვის დღეს ისეთ პატივს მოგაგებ, რომ მთელი სამყარო გაოცდება. ჩემო ჰაბიბო! სანამ შენ სამოთხეში არ შეხვალ, დანარჩენ შუამავლებსა და მათ უმმეთებს იქ შესვლა ეკრძალებათ. სანამ შენი უმმეთი არ შევა, სხვა უმმეთი არ შევა. მუჰამმედ! გსურს იხილო, რა გავამზადე შენთვის და შენი უმმეთისთვის?‘ ვთქვი: ‚მსურს, ჩემო უფალო!‘ ისრაფილს მიმართა და ბრძანა: ‚ისრაფილ! ჩემს მსახურს, ჩემს სანდოსა და ჩემს შუამავალს, ჯებრაილს უთხარი, რომ ჩემი ჰაბიბი სამოთხეში შეიყვანოს და აჩვენოს, რაც სამოთხეში ჩემი ჰაბიბისა და მისი უმმეთისთვის გავამზადე. რათა მისი დალოცვილი გული შფოთისგან განთავისუფლდეს.‘“
სამყაროთა ბატონი, ჩვენი საყვარელი შუამავალი, ისრაფილთან (ალეიჰისსელამ) ერთად ჯებრაილთან (ალეიჰისსელამ) მივიდა. უზენაესი ალლაჰის ბრძანების შესასრულებლად ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სამოთხეში შეიყვანა. ანგელოზები ხელში ლანგრებით ელოდნენ: ერთზე ჰულლე (სამოთხის სამოსი) ეწყო, მეორე კი სხივით იყო სავსე. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ესენი ადამამდე (ალეიჰისსელამ) ოთხმოცი ათასი წლით ადრე გაჩნდნენ. ამ მაყამზე მოუთმენლად ელიან, რომ ლანგრებზე დაწყობილი შენ და შენს უმმეთს მოგაბნიონ. განკითხვის დღეს, როცა შენ და შენი უმმეთი უზენაესი ალლაჰის ბრძანებით სამოთხის ზღურბლზე ფეხს შედგამთ, ეს ანგელოზები ლანგრებიდან ძვირფას თვლებს მოგაბნევენ.“ მათ სამოთხეზე მინდობილი ანგელოზი, სახელად რიდვანი, შეეგება. ჩვენს შუამავალს სასიხარულო ამბები ახარა და თქვა: „უზენაესმა ალლაჰმა სამოთხე სამ ნაწილად გაყო, რათა ორი ნაწილი შენს უმმეთს მისცეს, ერთი კი – სხვა შუამავალთა უმმეთებს.“ შემდეგ მთელი სამოთხე შემოატარა. უკეთილშობილესმა ჰაბიბმა ბრძანა: „სამოთხის შუაგულში ერთი მდინარე ვიხილე.
არშის ზემოთ მიედინება. ერთი ადგილიდან წყალი, რძე, ღვინო და თაფლი გამოედინება. ერთმანეთში სულაც არ ერევა. იმ მდინარის ნაპირი ზებერჯედისგან (ქრიზოლითისგან) იყო. მასში ქვები ძვირფასი თვლები იყო, ლამი – ამბარი, ბალახი კი – ზაფრანა. მის გარშემო ვერცხლის ჭიქები ჩაემწკრივებინათ, რომელთა რიცხვი ცის ვარსკვლავებზე მეტი იყო. მის გარშემო ფრინველები იყვნენ, რომელთა ყელი აქლემის ყელივით იყო. ვინც მათ ხორცს შეჭამს და იმ მდინარიდან დალევს, უზენაესი ალლაჰის კმაყოფილებას ეღირსება. ჯებრაილს ვკითხე: ‚ეს რა მდინარეა?‘ თქვა: ‚ქევსერია. უზენაესმა ალლაჰმა ის შენ გიბოძა. ამ ქევსერიდან რვა სამოთხის ბაღებში წყალი მიედინება.‘ იმ მდინარის ნაპირზე კარვები ვიხილე. ყველა მარგალიტისა და იაგუნდისგან იყო. ჯებრაილს მათზე ვკითხე. თქვა: ‚ეს შენი მეუღლეების სადგომებია.‘ იმ კარვებში ჰურიები ვიხილე. მათი სახეები მზესავით ბრწყინავდა და ყველანი სხვადასხვა ჰანგით მღეროდნენ. ამბობდნენ: ‚ჩვენ მხიარულნი და ლაღნი ვართ. ჩვენ არავითარი დარდი არ გვეკარება.
ჩვენ მორთულნი ვართ, არასოდეს შიშვლად არ ვიქნებით. ჩვენ ახალგაზრდები ვართ, არასოდეს დავბერდებით. ჩვენ კეთილი ხასიათისანი ვართ, არასოდეს გავბრაზდებით. ჩვენ მუდამ ასეთები ვართ, არასოდეს მოვკვდებით.‘ მათი ჰანგები და ხმები ბედნიერების სასახლეებსა და ხეებს აღწევდა და ყოველ ადგილს ავსებდა. ისეთი მშვენიერი ხმები ჰქონდათ, რომ ის ჰანგები ამ ქვეყნად რომ მოსულიყო, ქვეყანაზე არც სიკვდილი იქნებოდა და არც ტანჯვა. ჯებრაილმა თქვა: ‚გსურს მათი სახეების ხილვა?‘ ვთქვი: ‚მსურს.‘ ერთი კარვის კარი გააღო. შევხედე. ისეთი მშვენიერი სახეები ვიხილე, რომ მთელი სიცოცხლე მათი სილამაზე რომ აღვწერო, ვერ დავასრულებ. სახეები რძეზე თეთრი ჰქონდათ, ლოყები იაგუნდზე წითელი და მზეზე კაშკაშა. კანი აბრეშუმზე ნაზი და მთვარესავით ნათელი ჰქონდათ, სურნელი კი – მუშკზე უკეთესი. თმა ძალიან შავი ჰქონდათ: ზოგს დაწნული, ზოგს აკეცილი, ზოგს გაშლილი; თუ ჩამოჯდებოდა, თმა გარშემო კარავივით ეფინებოდა, თუ ადგებოდა – ფეხებამდე სწვდებოდა. თითოეულის წინ ერთი მსახური იდგა. ჯებრაილმა თქვა: ‚ეს შენი უმმეთისთვისაა.‘“
ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: „რვა სამოთხის ბაღები და ბოსტნები და მათი ყოველგვარი წყალობა ვიხილე. მომინდა, ჯოჯოხეთი და მისი საფეხურებიც მენახა. ჯებრაილმა ხელი მომკიდა და ჯოჯოხეთის უდიდეს ანგელოზთან, მალიქთან მიმიყვანა. უთხრა: ‚მალიქ! ჰაზრეთი მუჰამმედს სურს, ჯოჯოხეთში მტრების ადგილები იხილოს, ჯოჯოხეთი აჩვენე.‘“ როცა მალიქმა ჯოჯოხეთს საფარველი ახადა, ჯოჯოხეთმა ისე დაიწყო დუღილი და აზვირთება, რომ ჩვენმა შუამავალმა (ალეიჰისსალათუ ვესსელამ) საკუთარი თვალით იხილა, როგორ იტაცებს და წვავს ჯოჯოხეთი ყოველივეს, იხილა ჯოჯოხეთის წყურვილის სასჯელი, სატანჯველი ჯაჭვები, გველები და მორიელები და იქაური სასჯელებიდან ზოგიერთი.
„მალიქმა ჯოჯოხეთის ფენები გახსნა. (ყველა) შვიდი ფენა ვიხილე. მეშვიდე ფენას ჰავიიე ჰქვია. მისი სასჯელი სხვა ფენების სასჯელზე მრავალჯერ მეტი იყო. მალიქს ვკითხე: ‚ამ ფენაში რომელი ჯგუფი ისჯება?‘ მალიქმა თქვა: ‚ფარაონი, ყარუნი და შენი უმმეთის მუნაფიყები (თვალთმაქცები) ისჯებიან.‘ მეექვსე ფენა ლეზაა. იქ კერპთაყვანისმცემლები (ვისაც არავითარი რჯული არ აქვს) ისჯებიან. მეხუთე ფენა ჰუტამეა. იქ ცეცხლისა და ხარის თაყვანისმცემლები და ბუდისტები ისჯებიან.
მეოთხე ფენა ჯაჰიმია. იქ მზისა და ვარსკვლავების თაყვანისმცემლები ისჯებიან. მესამე ფენა სეყარია. იქ ქრისტიანები ისჯებიან. მეორე ფენა საირია. იქ იუდეველები ისჯებიან. პირველი ფენა ჯეჰენნემია. მისი სასჯელი სხვა ფენების სასჯელზე ნაკლები იყო. (მიუხედავად ამისა,) იქ ცეცხლის სამოცდაათი ათასი ზღვა ვიხილე. ყოველი ზღვა იმდენად დიდი იყო, რომ დედამიწა და ცები ერთ ზღვაში რომ ჩაეგდოთ და ერთი ანგელოზისთვის ებრძანებინათ, ეძებნა, ათას წელიწადშიც ვერ იპოვიდა. ზებანიები (ჯოჯოხეთზე მინდობილი ანგელოზები) ისეთი უზარმაზარნი იყვნენ, რომ მათგან რომელიმეს დედამიწა და ცები პირის ერთ კუთხეში რომ ჩაედო, სულაც არ შეეტყობოდა. ის ზღვები ღელავდა და საშინელ ხმებს გამოსცემდა. იმ ხმიდან ცოტაოდენიც რომ ამ ქვეყანას მოსწვდომოდა, ყველა სულიერი დაიღუპებოდა.
‚ეს ფენა რომელი ჯგუფისთვისაა?‘ – ვიკითხე. მალიქმა არ მიპასუხა. ისევ ვკითხე. დუმდა… ჯებრაილმა მალიქს უთხრა: ‚შენგან პასუხს ელის.‘ მან ბოდიში მოიხადა: ‚მაპატიე.‘ ვთქვი: ‚რაც არ უნდა იყოს, მიპასუხე, რომ დღეს მისი წამალი იპოვებოდეს.‘ მალიქმა თქვა: ‚ალლაჰის შუამავალო! შენი უმმეთის ურჩებისთვისაა; დაარიგე, რომ ამ საშინელ ადგილს მოერიდონ. ერიდონ იმას, რაც მათ სხეულებს ასეთ სასჯელში ჩაითრევს. იმ დღეს ურჩებს არ შევიბრალებ. არც თეთრწვერა მოხუცებს დავინდობ, არც ახალგაზრდებს.‘“
„მი’რაჯი ის ადგილია, სადაც გონება მთავრდება და რწმენა იწყება“ ჰადისი შერიფი
სამყაროთა ბატონი ატირდა. დალოცვილი თავიდან ჩალმა მოიხსნა და (უზენაეს ალლაჰს) შეფაათისთვის ხვეწნა დაუწყო. თავისი უმმეთის სისუსტეზე და იმაზე ლაპარაკობდა, რომ ასეთ სასჯელს ვერ გაუძლებდნენ, და ისე ტიროდა, რომ მასთან ერთად ჯებრაილიც (ალეიჰისსელამ) და ყველა ანგელოზიც ტიროდნენ. მაშინ უზენაესი ალლაჰისგან მიმართვა მოვიდა: „ჩემო ჰაბიბო! შენი პატივი და შენი ფასი ჩემთან დიდია; შენი ვედრება შესმენილია. გული დაიმშვიდე. შენი სურვილი აგისრულე. ისეთ მაყამს გიბოძებ, რომ შენი შეფაათით ურჩთა უამრავ რიცხვს ვაპატიებ, ვიდრე ‚კმარაო‘ არ იტყვი. ჩემო ჰაბიბო! ვინც ჩემს ბრძანებას დაიცავს, სასჯელსა და სასჯელის საზღაურს გადაურჩება და ჩემს მოწყალებას ეღირსება. სამოთხეში ჩემი ხილვის პატივს ეზიარება. შენ და შენს უმმეთს დღე-ღამეში ორმოცდაათი ნამაზი ფარძად დაგიწესეთ.“
ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) განაგრძო და ბრძანა: „იმ მაყამიდან (შემდეგ) არშს მივაღწიე. ცები რომ გავიარე, იმ ადგილას მივედი, სადაც მუსა (ალეიჰისსელამ) იმყოფებოდა. მკითხა: ‚უზენაესმა ალლაჰმა შენ და შენს უმმეთს რა დაგიწესათ ფარძად?‘ ვთქვი: ‚ფარძად დამიწესა, რომ ყოველი დღე-ღამისთვის ორმოცდაათი ნამაზი შესრულდეს.‘ თქვა: ‚შენს უფალთან დაბრუნდი და სთხოვე, ცოტა შეგიმსუბუქოს, რადგან შენი უმმეთი ამას ვერ აიტანს. მე ისრაელის შვილები გამოვცადე და შევამოწმე.‘ ამის შემდეგ ჩემს უფალთან დავბრუნდი და ვთქვი: ‚ჩემო უფალო! ჩემს უმმეთს (ეს ბრძანება) ცოტა შეუმსუბუქე!‘ ამაზე ორმოცდაათი ნამაზიდან მხოლოდ ხუთი ჩამოაკლო. მუსასთან (ალეიჰისსელამ) დავბრუნდი და ვუთხარი (ხუთი ჩამოაკლო-მეთქი). თქვა: ‚შენს უფალთან დაბრუნდი! სთხოვე, კიდევ ცოტა შეგიმსუბუქოს, რადგან შენი უმმეთი ამას ვერ აიტანს.‘ ასე მივდიოდი და მოვდიოდი მუსასა (ალეიჰისსელამ) და ჩემს უფალს შორის, ვიდრე ბოლოს უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‚ეს ნამაზი ხუთამდე შევამცირე. ყოველ ნამაზზე ათი სევაბი (ჯილდო) არის. ამრიგად, ბოლოს ისევ ორმოცდაათი ნამაზი გამოდის, რადგან ვინც რაიმე სიკეთეს განიზრახავს და ვერ შეასრულებს, მას ერთი სევაბი ეწერება. თუ შეასრულებს, ერთის სანაცვლოდ სრული ათი სევაბი ეწერება. ხოლო თუ ცოდვას განიზრახავს და არ ჩაიდენს, არაფერი ეწერება. თუ ჩაიდენს, მხოლოდ ერთ ცოდვად ეწერება.‘ შემდეგ მუსასთან (ალეიჰისსელამ) ჩამოვედი და ვითარება ვუამბე. ისევ თქვა: ‚დაბრუნდი, სთხოვე, კიდევ ცოტა შეგიმსუბუქოს.‘ ამაზე ვუთხარი: ‚ჩემს უფალს იმდენი ვევედრე, რომ ახლა მრცხვენია.‘“5 ასე ანუგეშა უზენაესმა ალლაჰმა ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი გული, რომელიც გადატანილმა ტანჯვამ დაჭრა. უბოძა წყალობები, რაც არცერთ თავის ქმნილებას არ უბოძა და რისი არც შეცნობა შეუძლია ვინმეს და არც გაგება.
მოდი აქ, შენ, ვინც სიყვარულის ცეცხლში იწვი,
ვინც თავს სატრფოს მიჯნურად თვლი.
მოდი, ცხადად ისმინე იმ ხელმწიფის მი’რაჯი,
თუ მიჯნური ხარ, ნუ დგახარ – იწვოდე სიყვარულის ცეცხლში.
ორშაბათის ღამე იყო – ცნობა უტყუარია,
ის ღამე, როგორც ჩანს, ლეილეთულ-ყადრი იყო.
ის ბედნიერი ხვედრისა და მაღალი ღირსების პატრონი
იმ ღამეს უმმუ ჰანის სახლში იყო.
მის წინ ამ პატივს ვერავინ ეზიარა,
ამ სიმაღლეს ვერავინ მისწვდა.
რადგან ყოველივე იხილა და გასცდა,
მიაღწია იმ დიდებულ სამყოფელს.
ზულჯელალმა, რომელიც სივრცის არცერთი მიმართულებით არ შემოიფარგლება,
ზომისა და სახის გარეშე მას თავისი ჯემალი უჩვენა.
ცხადად იხილა დიდებისა და ძლევის უფალი,
ასე იხილავს საიქიოში მისი უმმეთიც.
შენ, რომ მი’რაჯზე ახვედი და მევედრე,
შენი უმმეთის მი’რაჯად ნამაზი დავაწესე.
„ჩემო ჰაბიბო! ვინც ჩემს ბრძანებას დაიცავს, სასჯელსა და სასჯელის საზღაურს გადაურჩება და ჩემს მოწყალებას ეღირსება. სამოთხეში ჩემი ხილვის პატივს ეზიარება“ ჰადისი ყუდსი
ვირწმუნე! სიცოცხლე შემოგწირე, ალლაჰის შუამავალო
შემდეგ სამყაროთა ბატონი წამსვე იერუსალიმში მივიდა და იქიდან, მესჯიდი აყსას კართან მიბმულ ბურაყზე რომ შეჯდა, მექქეი მუქერრემეში დაბრუნდა. იერუსალიმიდან მექქისკენ მომავალი ჩვენი შუამავალი ყურაიშელთა ქარავანს გადაეყარა. ქარავნის ერთი აქლემი დაფრთხა და დაეცა. ალლაჰის შუამავალი მექქეი მუქერრემეში, უმმუ ჰანის სახლში მივიდა. სარეცელი, რომელზეც იწვა, ჯერ არ გაციებულიყო და ტაშტში აბდესის წყალი ჯერ კიდევ ირხეოდა. სახლის გარშემო მოსიარულე უმმუ ჰანის ჩასთვლემოდა და ვერაფერი გაეგო.
როცა გათენდა, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) უმმუ ჰანის თავისი მი’რაჯი უამბო და ბრძანა: „დილით ქააბასთან წავალ და ვიტყვი.“ ჰაზრეთი უმმუ ჰანიმ თქვა: „ბიძაშვილო! ყურაიშელებს არავითარ შემთხვევაში არ უთხრა! ცრუდ შეგრაცხავენ და დაგამწუხრებენ. სუსტი რწმენის მქონენი ამას არ ირწმუნებენ და რჯულიდან გავლენ. კერპთაყვანისმცემლებიც სწორედ ამას ელიან, მათ რწმენას გაუფუჭებენ. ახლა მუსლიმები ცოტანი არიან.
ხომ არ ჯობს, ეს მაშინ უამბო, როცა მუსლიმები ცოტათი გაძლიერდებიან და განმტკიცდებიან?“ სამყაროთა ბატონმა, სამყაროს სულთანმა, ასეთი ისტორიული პასუხი გასცა: „ალლაჰს ვფიცავ, მე მათ ამას ვეტყვი. რაც დღეს დამპალია, ხვალაც დამპალია. მე ამ ისლამს მათთან ერთად ავაშენებ, ვისი რწმენაც მტკიცეა. თუ ვინმეს ჯერაც ეჭვი აქვს ჩემზე, განშორდეს და წავიდეს. მათთან საქმე არ მაქვს. დამპალი ყოველთვის დამპალია. დღეს თუ არა, ხვალ დალპება. სჯობს ახლავე დალპეს, ვიდრე მერე, რომ მასზე იმედით გზას არ გავუდგეთ. მტკიცეები გვეყოფა.“
შემდეგ დილით ქააბასთან წავიდა და მოყოლა დაიწყო… ურწმუნოები დასცინოდნენ: „მუჰამმედმა ჭკუა დაკარგა, სულ გზას აცდა.“ მუსლიმობის მსურველებიც ყოყმანში ჩავარდნენ. კერპთაყვანისმცემელთაგან ზოგიერთები გახარებულნი ებუ ბექირის სახლთან მივიდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ის გონიერი, გამოცდილი და წინდახედული ვაჭარი იყო. როცა კართან გამოვიდა, ჰკითხეს: „ებუ ბექირ! შენ არაერთხელ წასულხარ იერუსალიმში და დაბრუნებულხარ. კარგად იცი. მექქიდან იერუსალიმში წასვლა-დაბრუნებას რამდენი დრო სჭირდება?“ ჰაზრეთი ებუ ბექირმა თქვა: „კარგად ვიცი. ერთ თვეზე მეტი.“ ამ სიტყვებით გახარებულმა ურწმუნოთა ბრბომ თქვა: „გონიერი და გამოცდილი კაცის სიტყვა ასეთი უნდა იყოს.“ იცინოდნენ, დასცინოდნენ და იმ იმედით, რომ ჰაზრეთი ებუ ბექირიც მათსავით იფიქრებდა, უთხრეს: „შენი ბატონი ამბობს, რომ ერთ ღამეში იერუსალიმში წავიდა და დაბრუნდა; ახლა სულ გზას აცდა.“ ჰაზრეთი ებუ ბექირს სიყვარულსა და პატივს ავლენდნენ და მასზე ამყარებდნენ იმედს.
ჰაზრეთი ებუ ბექირმა ალლაჰის შუამავლის დალოცვილი სახელი რომ გაიგონა, (გონებისა და ლოგიკის სასწორზე ოდნავადაც რომ არ აწონა,) თქვა: „თუ მან თქვა, მართალია. მეც ვირწმუნე, რომ წამიერად წავიდა და დაბრუნდა“, – და შინ შევიდა. ურწმუნოებმა გაოგნებულებმა თქვეს: „ნახეთ, რა ოსტატი ჯადოქარი ყოფილა მუჰამმედი! ებუ ბექირიც მოაჯადოვა“, – და უკან გაბრუნდნენ.
ჰაზრეთი ებუ ბექირი მაშინვე ალლაჰის შუამავალთან მივიდა. დიდი ხალხის შუაგულში ხმამაღლა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! შენი მი’რაჯი დალოცვილი იყოს! უსასრულო მადლობას ვწირავ უზენაეს ალლაჰს, რომ შენისთანა დიდი შუამავლის მსახურობის პატივი გვარგუნა და შენი დალოცვილი სახის ხილვისა და გულების დამპყრობი, სულების მიმზიდველი ტკბილი სიტყვების მოსმენის წყალობა გვიბოძა. ალლაჰის შუამავალო! შენი ყოველი სიტყვა მართალია. ვირწმუნე. სიცოცხლე შემოგწირე!“ ჰაზრეთი ებუ ბექირის სიტყვებმა ურწმუნოები გააოგნა. სათქმელი ვერ იპოვეს და დაიშალნენ. ამ სიტყვებმა ეჭვში ჩავარდნილ რამდენიმე სუსტი რწმენის ადამიანსაც გული გაუმაგრა. ალლაჰის შუამავალმა იმ დღეს ებუ ბექირს „სიდდიყი“ უწოდა. ამ სახელის მიღებით მისი საფეხური კიდევ ერთი საფეხურით ამაღლდა.6
ამაზე ძალიან განრისხებულმა ურწმუნოებმა ვეღარ აიტანეს მორწმუნეთა მტკიცე რწმენა, ის, რომ ჩვენი შუამავლის ყოველ სიტყვას მაშინვე ირწმუნებდნენ და მის გარშემო ტრიალებდნენ, როგორც პეპლები სინათლის გარშემო. რათა ალლაჰის შუამავალი შეერცხვინათ და დაემარცხებინათ, მისი გამოცდა დაიწყეს.
ისეთ კითხვებს უსვამდნენ, როგორიცაა: „მუჰამმედ! ამბობ, რომ იერუსალიმში იყავი. აბა, გვითხარი, იმ მეჩეთს რამდენი კარი და რამდენი ფანჯარა აქვს?“
„მი’რაჯი უნდა მოვყვე; ვინც არ ირწმუნებს, მერეც უარყოფს; დამპალ საძირკველზე შენობა არ დგება; ვინც უნდა განშორდეს, ახლავე განშორდეს, მტკიცეები კი დარჩნენ“ ჰადისი შერიფი
მესჯიდი ბეია, აყაბეს ბიათის (ერთგულების ფიცის) ადგილზე აშენებული
ალლაჰის შუამავალმა ყველას სათითაოდ უპასუხა. სანამ პასუხობდა, ჰაზრეთი ებუ ბექირი ამბობდა: „ასეა, ალლაჰის შუამავალო.“ ალლაჰის შუამავალი კი ზრდილობისა და მორცხვობის გამო თანამოსაუბრის სახეშიც კი არ იყურებოდა. ბრძანა: „მესჯიდი აყსაში გარშემო არ მიმიხედავს. რასაც მეკითხებოდნენ, არ მენახა. იმ წამს ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) მესჯიდი აყსა თვალწინ დამიყენა. ვუყურებდი, მის ფანჯრებს ვითვლიდი და მათ კითხვებს მაშინვე ვპასუხობდი.“ ალლაჰის შუამავალმა თქვა, რომ გზაში აქლემებიანი მგზავრები ნახა, და დაუმატა: „ინშააალლაჰ, ოთხშაბათს მოვლენ.“ ოთხშაბათს, მზის ჩასვლისას, ქარავანი მექქაში ჩამოვიდა. როცა ქარავნის ხალხს ჰკითხეს, თქვეს, რომ თითქოს ქარიშხალი ამოვარდა და ერთი აქლემი დაეცა. ამან მორწმუნეთა რწმენა განამტკიცა, ურწმუნოთა მტრობა კი კიდევ უფრო გაზარდა.7 ამ სასწაულს, რომელიც ჰიჯრეთამდე ერთი წლით ადრე, რეჯების ოცდაშვიდში, პარასკევის ღამეს მოხდა, მი’რაჯი ეწოდება. ალლაჰის შუამავალი მი’რაჯზე სულითაც და სხეულითაც, ღვიძილში ავიდა. მი’რაჯის ღამეს მას მრავალი ღვთიური ჭეშმარიტება ეჩვენა და იმ ღამეს ხუთჟამიერი ნამაზი ფარძად დაწესდა. ამასთან, სურა ბაყარას ბოლო ორი აიათი ებოძა. მი’რაჯის შესახებ ნაუწყებია წმინდა ყურანში, სურა ისრას პირველ აიათსა და სურა ნეჯმის პირველ აიათებში, აგრეთვე ზოგიერთ ჰადისი შერიფში.8
როცა ჩვენი საყვარელი შუამავალი მი’რაჯის შემდეგ საჰაბეებს სამოთხეზე უყვებოდა, ბრძანა: „ებუ ბექირ! შენი სასახლე ვიხილე. წითელი ოქროსი იყო. საკუთარი თვალით ვიხილე წყალობები, რაც შენთვისაა გამზადებული.“ ამაზე ჰაზრეთი ებუ ბექირმა თქვა: „სასახლეც და სასახლის პატრონიც შენ შემოგწიროს, ალლაჰის შუამავალო.“
ჩვენი შუამავალი ჰაზრეთი ომერს მიუბრუნდა და ბრძანა: „ომერ! შენი სასახლე ვიხილე. იაგუნდისა იყო. იმ სასახლეში მრავალი ჰური იყო. მაგრამ შიგ არ შევედი. შენი ღირსების დაცვის გრძნობა (ღეირეთი) გამახსენდა.“ ჰაზრეთი ომერი ძალიან ატირდა. ცრემლებში თქვა: „დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი სიცოცხლე შენ შემოგწიროს, ალლაჰის შუამავალო! შენთან ეჭვიანობა როგორ შეიძლება?“ შემდეგ ჰაზრეთი ოსმანს უთხრა: „ოსმან! ყოველ ცაზე გიხილე. სამოთხეში შენი სასახლე რომ ვნახე, გამახსენდი.“ ჰაზრეთი ალის უთხრა: „ალი! შენი სახე მეოთხე ცაზე ვიხილე. ჯებრაილს ვკითხე. თქვა: ‚ალლაჰის შუამავალო! ანგელოზებმა ჰაზრეთი ალის ხილვა მოინატრეს. უზენაესმა ალლაჰმა მისი სახის ერთი ანგელოზი გააჩინა. მეოთხე ცაზე დგას; ანგელოზები მას ნახულობენ და ბარაქას (ბერექეთს) ეზიარებიან.‘ შემდეგ შენს სასახლეში შევედი. ერთი ხის ნაყოფი დავყნოსე. მისგან ჰური გამოვიდა და სახეზე რიდე ჩამოიფარა. ვთქვი: ‚ვინ ხარ და ვისი ხარ?‘ თქვა: ‚შენი ბიძაშვილის, ალისთვის ვარ გაჩენილი, ალლაჰის შუამავალო!‘“
მი’რაჯის ღამის დილას ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და ალლაჰის შუამავალთან ერთად, იმამად, ხუთჟამიერი ნამაზი თავ-თავის დროს შეასრულა. ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) ორი დღე ქააბის კართან იმამობდა ჩემთვის. ჩვენ ორმა დილის (სუბჰის) ნამაზი შევასრულეთ, როცა ფეჯრი (განთიადი) ამოვიდა, შუადღის (ზუჰრის) ნამაზი – როცა მზე ზენიტიდან გადაიხარა, ნაშუადღევის (ასრის) ნამაზი – როცა ყოველი საგნის ჩრდილი მისი სიგრძის ტოლი გახდა, საღამოს (მაღრიბის) ნამაზი – როცა მზე ჩავიდა (მისი ზედა კიდე რომ გაქრა), და ღამის (იშას) ნამაზი – როცა შაფაყი (დაისის ბინდი) ჩაბნელდა. მეორე დღეს დილის ნამაზი შევასრულეთ, როცა გაინათა, შუადღის ნამაზი – როცა ყოველი საგნის ჩრდილი მისი სიგრძის ორმაგი გახდა, ნაშუადღევის ნამაზი – ამის მაშინვე შემდეგ, საღამოს ნამაზი – იფთარის დროს, ღამის ნამაზი კი – როცა ღამის მესამედი გავიდა. შემდეგ თქვა: ‚მუჰამმედ! ეს არის ნამაზის დრო შენთვის და შენამდე მოვლენილი შუამავლებისთვის. შენმა უმმეთმა ხუთჟამიერი ნამაზიდან თითოეული შეასრულოს ამ ორ დროს შორის, როცა ჩვენ შევასრულეთ.‘“9 მას შემდეგ, რაც ნამაზის დრო ასე ეუწყა, ეთიოპიაშიც გაიგზავნა ცნობა: იქ მყოფ მუსლიმებს აუწყეს, რომ ხუთჟამიერი ნამაზი შეესრულებინათ და ყაზად (გადავადებულად) აღესრულებინათ ის ნამაზები, რაც ნამაზის ფარძად დაწესებიდან მისი შესრულების დაწყებამდე დაუგროვდათ.
„(მედინელებო!) პირობას მაძლევთ, რომ ალლაჰის გზაზე, ალლაჰისთვის სიმართლეს იტყვით და ისე იქნებით ჩემი შემწეები, როგორც საკუთარ სიცოცხლესა და ღირსებას იცავთ?“ ჰადისი შერიფი
