აყაბეს ბიათები
აყაბეს პირველი ბიათი
ბისეთის (შუამავლობის დაწყების) მეთერთმეტე წელს, ზილჰიჯჯეს თვეში, ეს’ად ბინ ზურარე და მისი თერთმეტი ამხანაგი ჰაჯის დროს კვლავ მექქაში ჩავიდნენ. სამყაროთა ბატონთან მათი წინა შეხვედრიდან სრული ერთი წელი იყო გასული. იმ წელს კერპთაყვანისმცემლები მუსლიმებს ყველა წინა წელზე მეტად ავიწროებდნენ და აწამებდნენ. ალლაჰის შუამავალს გამუდმებით უთვალთვალებდნენ და ყველას, ვინც მას დაელაპარაკებოდა, აწამებდნენ. ეს რომ შეიტყვეს, მედინელები ჩვენს შუამავალთან ღამით, აყაბეში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. როცა დაღამდა, შეხვდნენ ერთმანეთს. ერთგულება გამოუცხადეს, სიტყვა მისცეს, რომ მის ყველა ბრძანებასა და სურვილს დაემორჩილებოდნენ, და ბიათი დადეს (ერთგულების ფიცი მისცეს). ამ შეთანხმებაში იკისრეს, „რომ უზენაეს ალლაჰს თანაზიარს არ დაუდგენდნენ, არ იმრუშებდნენ, არ იქურდებდნენ, ცილისწამებას განერიდებოდნენ და სირცხვილისა და სარჩოს შიშით შვილებს არ მოკლავდნენ“.1
ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ეს თორმეტი კაცი, რომელთაგან ორი ევსის ტომს ეკუთვნოდა, დანარჩენები კი ჰაზრეჯის ტომს, თავიანთი ტომების წარმომადგენლებად დანიშნა. მათ თავიანთი ტომებისთვის ისლამი უნდა აეხსნათ და მათი სახელით ალლაჰის შუამავლის წინაშე თავდებნი ყოფილიყვნენ. ეს’ად ბინ ზურარე კი ყველას სახელით წარმომადგენლად დაინიშნა. ის ხუთი კაცი, რომლებიც გასულ წელს აყაბეს შეხვედრას დაესწრნენ, და შვიდი, რომლებმაც ისლამი ახლახან მიიღეს, იყვნენ: მალიქ ბინ ნეჯჯარიანთაგან – ეს’ად ბინ ზურარე, ავფ ბინ ჰარისი და მუ’აზ ბინ ჰარისი; ზურეიყ ბინ ამირიანთაგან – რაფი’ ბინ მალიქი და ზექვან ბინ აბდიყაისი; ღანმ ბინ ავფიანთაგან – უბადე ბინ სამითი; ღუსაინიანთაგან – იეზიდ ბინ სა’ლებე; აჯლან ბინ ზეიდიანთაგან – აბბას ბინ უბადე; ჰარამ ბინ ქა’ბიანთაგან – უყბე ბინ ამირი; სევად ბინ ღანმიანთაგან – ყუთბე ბინ ამირი; აბდულეშჰელ ბინ ჯუშემიანთაგან – ებულ ჰეისემ მალიქ ბინ თეიიჰანი და ამრ ბინ ავფიანთაგან – უვეიმ ბინ სა’იდე.
მზე, რომელიც მედინაში ამოვიდა
აყაბეს პირველი ბიათის (შეთანხმების) შემდეგ მედინაში დაბრუნებული ჰაზრეთი ეს’ად ბინ ზურარე და მისი ამხანაგები თავიანთ ტომებს დღე და ღამე ისლამს უხსნიდნენ და ჭეშმარიტი რჯულისკენ მოუწოდებდნენ. ამ მოწოდების შედეგად ისლამი მედინაში სწრაფად გავრცელდა – იმდენად, რომ ევსისა და ჰაზრეჯის ტომები, რომლებიც მანამდე ერთმანეთის მტრები იყვნენ, ერთად შეიკრიბნენ და ისლამის უკეთ შესასწავლად ალლაჰის შუამავალს მასწავლებელი სთხოვეს. უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წმინდა ყურანისა და ისლამის სასწავლებლად მედინაში მასწავლებლად გაგზავნა თავისი მექქელი საჰაბეთაგან ჰაზრეთი მუს’აბ ბინ უმეირი. ჰაზრეთი მუს’აბი ჰაზრეთი ეს’ადის სახლში დარჩა. ისინი ერთად კარდაკარ დადიოდნენ და ისლამს ყველას აცნობდნენ. ხალხს სთხოვდნენ, ალლაჰის შუამავალი შეეყვარებინათ და სიტყვა მიეცათ, რომ მისი ყველა მტრისგან დასაცავად თავს არ დაზოგავდნენ. ასე ამზადებდნენ მათ ალლაჰის შუამავალთან დასადები ბიათისთვის. ჰაზრეთი ეს’ად ბინ ზურარეს ტომის მეთაური სა’დ ბინ მუ’აზი იყო; ისინი ნათესავები იყვნენ. რადგან იმ დროს არაბებში ნათესავის შეურაცხყოფისგან თავის არიდება ჩვეულებად იყო, სა’დ ბინ მუ’აზი, რომელსაც ჯერ რწმენა არ მიეღო, ჰაზრეთი ეს’ად ბინ ზურარეს სახლში არ მისულა, რომ ეს საქმე ჩაეშალა. როგორც ტომის მეთაურს, ამ საქმეში თავად ჩარევა არ სურდა. ამიტომ თავისი ტომის ერთ-ერთ წარჩინებულს, უსეიდ ბინ ჰუდაირს, უთხრა: „ჩვენს უბანში წადი, ნახე, ვინ არის ის მოსული, და მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი. ეს’ადი ჩემი დეიდაშვილი რომ არ იყოს, ამას შენ არ დაგავალებდი.“
ამის შემდეგ უსეიდ ბინ ჰუდაირმა შუბი აიღო და იმ სახლისკენ წავიდა, სადაც ჰაზრეთი მუს’აბ ბინ უმეირი იმყოფებოდა. იქ რომ მივიდა, რისხვით ალაპარაკდა: „ჩვენთან რატომ მოხვედით? ხალხს ატყუებთ! თუ სიცოცხლის დაკარგვა არ გსურთ, აქედან ახლავე წადით!“ მისი ეს გაბრაზებული სახე რომ დაინახა, მუს’აბ ბინ უმეირმა ძალიან რბილად და თავაზიანად უპასუხა: „ჯერ ცოტა დაჯექი და ჩვენს სიტყვას მოუსმინე! გაიგე, რა გვინდა, და თუ მოგეწონება, მიიღებ. თუ არა და, ხელს შეგვიშლი…“ უსეიდი დაწყნარდა, თქვა: „მართალს ამბობ“, შუბი მიწაში ჩაარჭო და დაჯდა. ჰაზრეთი მუს’აბის ტკბილ საუბარს, მის გულში ჩამწვდომ სიტყვებს და მისი სასიამოვნო ხმით წაკითხულ წმინდა ყურანის აიათებს უსმენდა. თავდავიწყებულმა ჩაილაპარაკა: „რა მშვენიერია ეს!“ შემდეგ იკითხა: „ამ რჯულში შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს?“ აუხსნეს, და უსეიდ ბინ ჰუდაირმა ქელიმეი შეჰადეთი წარმოთქვა და მუსლიმი გახდა. სიხარულისგან ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა ჰაზრეთი უსეიდი; თქვა: „წავალ და ერთ კაცს გამოგიგზავნით. თუ ის მუსლიმი გახდება, მედინაში მისი ხალხიდან აღარავინ დარჩება, ვინც არ ირწმუნებს…“, სწრაფად ადგა და წავიდა. პირდაპირ სა’დ ბინ მუ’აზთან მივიდა. სა’დ ბინ მუ’აზმა რომ დაინახა, თქვა: „ვფიცავ, უსეიდი იმ სახით არ ბრუნდება, რომლითაც აქედან წავიდა.“ შემდეგ ჰკითხა: „რა ქენი, უსეიდ?“ ჰაზრეთი უსეიდ ბინ ჰუდაირს ძალიან სურდა, რომ სა’დ ბინ მუ’აზი მუსლიმი გამხდარიყო, ამიტომ უპასუხა: „იმ კაცს (მუს’აბ ბინ უმეირს) ველაპარაკე და მათში ცუდი არაფერი დამინახავს. ოღონდ გავიგეთ, რომ ბენი ჰარისე, რადგან ეჭვი შეიტანეს, რომ შენი დეიდაშვილი ეს’ადი თავის სახლში ასეთ კაცს იფარებს, მის მოსაკლავად დაიძრა.“ ეს სიტყვები სა’დ ბინ მუ’აზს ძალიან ეწყინა, რადგან რამდენიმე წლით ადრე ერთ ბრძოლაში ბენი ჰარისე დაამარცხეს და აიძულეს, ჰეიბერს შეჰფარებოდნენ. ერთი წლის შემდეგ კი აპატიეს და თავიანთ მხარეში დაბრუნების ნება მისცეს. ამის მიუხედავად, თვით ფიქრმა, რომ ისინი ასე მოიქცეოდნენ, სა’დ ბინ მუ’აზი ძალიან გააბრაზა. სინამდვილეში კი არაფერი ამგვარი არ ხდებოდა. უსეიდ ბინ ჰუდაირმა ამ ხერხს იმიტომ მიმართა, რომ სა’დ ბინ მუ’აზს თავისი დეიდისთვის, მისი შვილის, ეს’ად ბინ ზურარესთვის და, მაშასადამე, მუს’აბ ბინ უმეირისთვისაც ზიანი არ მიეყენებინა. ასე ნიადაგი მოუმზადა, რომ მათ მხარეს გადასულიყო და ბოლოს მუსლიმი გამხდარიყო. უსეიდ ბინ ჰუდაირის ამ სიტყვებზე სა’დ ბინ მუ’აზი ადგილიდან წამოვარდა და ჰაზრეთი ეს’ად ბინ ზურარესთან წავიდა. იქ რომ მივიდა, დაინახა, რომ ეს’ადი და მუს’აბ ბინ უმეირი სრულ სიმშვიდესა და მყუდროებაში ისხდნენ და საუბრობდნენ. მიუახლოვდა და უთხრა: „ეს’ად! ჩვენ შორის ნათესაობა რომ არ ყოფილიყო, ამას ვერ გააკეთებდი…“ ამ სიტყვებს ჰაზრეთი მუს’აბ ბინ უმეირმა უპასუხა: „სა’დ! ცოტა მოიცადე, დაჯექი, მოგვისმინე, გაიგე… თუ ჩვენი სიტყვები მოგეწონება, რა ჯობია, თუ არ მოგეწონება, ამას აღარ შემოგთავაზებთ და შენც ადგები და წახვალ!“ ამ რბილი და ტკბილი სიტყვების წინაშე სა’დ ბინ მუ’აზი დაწყნარდა, განზე დაჯდა და მათი მოსმენა დაიწყო. მუს’აბ ბინ უმეირმა სა’დ ბინ მუ’აზს ჯერ ისლამის შესახებ უამბო. ისლამის საფუძვლები განუმარტა. შემდეგ ტკბილი და მშვენიერი ხმით წმინდა ყურანიდან ცოტა რამ წაუკითხა. რაც უფრო მეტს კითხულობდა, მით უფრო იცვლებოდა სა’დ ბინ მუ’აზის მდგომარეობა და თავს ივიწყებდა. წმინდა ყურანის შეუდარებელი მჭევრმეტყველების წინაშე გული მოულბა და დიდი ზეგავლენის ქვეშ მოექცა. თავი ვეღარ შეიკავა და იკითხა: „ამ რჯულში შესასვლელად თქვენ რას აკეთებთ?“ მუს’აბ ბინ უმეირმა მაშინვე ქელიმეი შეჰადეთი ასწავლა. მანაც თქვა: „ეშჰედუ ენ ლა ილაჰე ილლალლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ აბდუჰუ ვე რესულუჰუ“ და მუსლიმი გახდა. სა’დ ბინ მუ’აზი მუსლიმობით მოგვრილი სიმშვიდითა და სიხარულით ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა. მაშინვე შინ წავიდა და, როგორც ისწავლა, ღუსლი აიღო. შემდეგ თავისი ხალხის შეკრება ითხოვა. უსეიდ ბინ ჰუდაირი თან იახლა და იქ მივიდა, სადაც ხალხი იყო. აბდულეშჰელიანებს მიმართა: „აბდულეშჰელიანებო! მე როგორ მიცნობთ?“ მათ ერთხმად უპასუხეს: „შენ ჩვენი მეთაური და ჩვენი უფროსი ხარ, ჩვენ შენ მოგყვებით!“ ამ სიტყვებზე სა’დ ბინ მუ’აზმა თქვა: „მაშ, ყველას გაუწყებთ: მე მუსლიმობის პატივი მერგო. მსურს, რომ თქვენც ირწმუნოთ უზენაესი ალლაჰი და მისი შუამავალი. თუ არ ირწმუნებთ, არცერთ თქვენგანს აღარც დაველაპარაკები და აღარც შევხვდები!…“
„მაშ, ყველას გაუწყებთ: მე მუსლიმობის პატივი მერგო. მსურს, რომ თქვენც ირწმუნოთ უზენაესი ალლაჰი და მისი შუამავალი“ სა’დ ბინ მუ’აზი (რადიალლაჰუ ანჰ)
სენეთუს-სურური (სიხარულის წელი)
როგორც კი აბდულეშჰელიანებმა გაიგეს, რომ მათი მეთაური სა’დ ბინ მუ’აზი მუსლიმი გახდა და მათაც ისლამისკენ მოუწოდებდა, ყველანი ერთად გამუსლიმდნენ. იმ დღეს საღამომდე მედინის ცა ქელიმეი შეჰადეთისა და თექბირების ხმით აახმიანეს.2 აბდულეშჰელიანების ერთობლივი გამუსლიმებიდან მცირე ხნის შემდეგ ისლამი მიიღო მედინის მთელმა მოსახლეობამ, ევსისა და ჰაზრეჯის ტომებმა. ყოველი სახლი ისლამის სხივით გაბრწყინდა. სა’დ ბინ მუ’აზმა და უსეიდ ბინ ჰუდაირმა მათი ტომების კუთვნილი ყველა კერპი დაამსხვრიეს. როცა ეს ჩვენს საყვარელ შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აცნობეს, ძალიან გაიხარა. მექქელი მუსლიმები სიხარულით იყვნენ აღვსილნი. ამიტომ ამ წელს (ჩვ. წ. 621) „სენეთუს-სურური“ (სიხარულის წელი) ეწოდა.
ესსალათუ ვესსელამუ ალეიქე ია რესულალლაჰ!
ესსალათუ ვესსელამუ ალეიქე ია ჰაბიბალლაჰ!
ესსალათუ ვესსელამუ ალეიქე ია სეიიდელ-ევველინე ველ-აჰირინ!
აყაბეს მეორე ბიათი
ბისეთის მეთორმეტე წელს მექქელი კერპთაყვანისმცემლების მიერ მუსლიმთა ჩაგვრამ ზღვარს მიაღწია და აუტანელი გახდა. მედინაში კი ეს’ად ბინ ზურარესა და მუს’აბ ბინ უმეირის ღვაწლის წყალობით ევსელები და ჰაზრეჯელები ისეთი სიყვარულითა და აღფრთოვანებით იყვნენ ანთებულნი, რომ მზად იყვნენ, მუსლიმებისთვის მკლავები გაეშალათ, გულში ჩაეკრათ და მათთვის ყოველგვარი მსხვერპლი გაეღოთ. ნატრობდნენ, რომ ალლაჰის შუამავალს რაც შეიძლება მალე მედინისთვის თავისი მობრძანებით პატივი დაედო, და სიტყვას იძლეოდნენ, რომ მისთვის არც ქონებას დაიშურებდნენ და არც სიცოცხლეს. ჰაჯის დრო დადგა. ზილჰიჯჯეს თვეში მუს’აბ ბინ უმეირთან ერთად მედინიდან მექქაში 73 მუსლიმი მამაკაცი და 2 ქალი ჩავიდა. ჰაჯის შემდეგ ყველანი კვლავ აყაბეში შეხვდნენ ჩვენს შუამავალს. 12-მა წარმომადგენელმა, მათ შორის ეს’ად ბინ ზურარემაც, თავიანთი ტომების სახელით ჩვენს შუამავალს სთხოვა და შესთავაზა, რომ მედინაში ჰიჯრეთი აღესრულებინა. ალლაჰის შუამავალმა წმინდა ყურანიდან რამდენიმე წმინდა აიათი წაუკითხა და შემდეგ მათგან მტკიცე სიტყვა მოითხოვა, რომ მას ისე დაიცავდნენ, როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ცოლებსა და შვილებს იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ. იქვე იმყოფებოდა ალლაჰის შუამავლის ბიძა, ჰაზრეთი აბბასი, რომელიც ჯერ მუსლიმი არ იყო. ბიათის დასადებად მოსულ ამ ჯგუფს ასე მიმართა: „მედინელებო! ეს ჩემი ძმისშვილია. ადამიანთაგან ყველაზე მეტად ის მიყვარს. თუ მას ადასტურებთ, გწამთ, რაც ალლაჰისგან მოიტანა, და თან წაყვანა გსურთ, ისეთი მტკიცე სიტყვა უნდა მომცეთ, რომელიც დამამშვიდებს. როგორც იცით, მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) ჩვენიანია. ჩვენ ის დავიცავით მათგან, ვისაც მისი არ სწამს. ის ჩვენ შორის ღირსებითა და პატივით, დაცული ცხოვრობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველას პირი აქცია და გადაწყვიტა, თქვენ შემოგიერთდეთ და თქვენთან ერთად წამოვიდეს. თუ იმდენი საბრძოლო ძალა გაქვთ, რომ წინ აღუდგეთ არაბთა ყველა ტომს, როცა ისინი გაერთიანდებიან და თავს დაგესხმიან, მაშინ ამ საქმეს შეუდექით. ეს საკითხი თქვენ შორის კარგად განიხილეთ და მოილაპარაკეთ, რომ მერე უთანხმოება არ ჩამოვარდეს. შეძლებთ, მიცემულ სიტყვას შეასრულოთ და ის მტრებისგან დაიცვათ? თუ ამას ღირსეულად შეძლებთ, რა ჯობია. თუ არა და, მექქიდან გასვლის შემდეგ მარტო მიატოვებთ, ახლავე უარი თქვით, რომ თავის სამშობლოში ღირსეულად და დაცული იცხოვროს.“ ჰაზრეთი აბბასის ამ სიტყვებმა მედინელი მუსლიმები დაამწუხრა. თითქოს ისეთი სიტყვა მოესმათ, რომ ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავიანთ ქვეყანაში რომ წაიყვანდნენ, კერპთაყვანისმცემლებისგან ვერ დაიცავდნენ და გაჭირვებისას მიატოვებდნენ. მედინელი საჰაბეთაგან ჰაზრეთი ეს’ად ბინ ზურარე ჩვენს შუამავალს მიუბრუნდა და უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! თუ ნებას მომცემთ, რამდენიმე სიტყვა მაქვს. ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ.“ როცა სამყაროს სიამაყემ ნება დართო, ჰაზრეთი ეს’ადმა თქვა: „დედ-მამა გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ყოველ მოწოდებას თავისი რბილი ან მკაცრი გზა და წესი აქვს. ახლა თქვენ ისეთი რამისკენ მოგვიწოდებთ, რისი მიღებაც ადამიანებისთვის ძალიან ძნელია, რადგან ადამიანებისთვის ძალიან ძნელია, მიატოვონ კერპები, რომლებსაც ძველთაგანვე სცემდნენ თაყვანს, და ისლამი მიიღონ. ამის მიუხედავად, ჩვენ ისლამი მთელი გულით მივიღეთ. შემდეგ გვიბრძანეთ, კერპთაყვანისმცემელ ნათესავებთან კავშირი გაგვეწყვიტა, და ესეც გულწრფელად მივიღეთ. იცით, რომ ამის მიღებაც ძალიან ძნელია. თქვენ, ვინც საკუთარმა ბიძებმაც კი არ დაგიცვეს, არამედ მტრებად გადაგექცნენ, მკლავები გაგიშალეთ და ეს საპატიო მოვალეობა ჩვენთვის ვაჯიბად, აუცილებელ ვალად მივიჩნიეთ. ამ სიტყვებში ყველანი ერთსულოვანნი ვართ. რასაც ენით ვამბობთ, იმას გულით ვადასტურებთ. ვფიცავთ, რომ თქვენს დალოცვილ სხეულს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ისე დავიცავთ, როგორც საკუთარ ცოლ-შვილს ვიცავთ. თუ ამ აღთქმას დავარღვევთ, დაე, უზენაესი ალლაჰისთვის მიცემული სიტყვის გამტეხ უბედურთა ჯგუფს მივეკუთვნოთ. ალლაჰის შუამავალო! ჩვენ ამ სიტყვაში გულწრფელნი ვართ. უზენაესმა ალლაჰმა წარმატება მოგვცეს!“ შემდეგ განაგრძო: „ალლაჰის შუამავალო! შეგიძლიათ, ჩვენგან თქვენთვის სასურველი თავდებობა აიღოთ და პირობები დაგვიდგინოთ.“
ჩვენმა შუამავალმა ისინი ისლამისკენ წაახალისა და წმინდა ყურანი წაუკითხა. შემდეგ ბრძანა: „ჩემი პირობა თქვენთან ჩემი უფლის სახელით ის არის, რომ უზენაეს ალლაჰს ღვთისმსახურება აღუვლინოთ და მას არაფერი დაუდგინოთ თანაზიარად; ჩემი პირობა ჩემი და ჩემი საჰაბეების სახელით კი ის არის, რომ თავშესაფარი მოგვცეთ, მე და ჩემს საჰაბეებს შემწეობა გაგვიწიოთ და ჩვენც დაგვიცვათ იმისგან, რისგანაც საკუთარ თავს იცავთ და იფარავთ.“
ბერა ბინ მა’რურმა თქვა: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც შენ ჭეშმარიტი რჯულითა და წიგნით შუამავლად მოგავლინა, რომ შენც ისე დაგიცავთ, როგორც ჩვენს ცოლ-შვილს ვიცავთ და ვუფრთხილდებით! ბიათი დადე ჩვენთან, ალლაჰის შუამავალო!“ მედინელი მუსლიმებიდან აბბას ბინ უბადემ, ჩვენს შუამავალთან დადებული შეთანხმების განსამტკიცებლად, ამხანაგებს უთხრა: „ჰაზრეჯელებო! იცით, მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) რატომ იღებთ?“ მათ უპასუხეს: „ვიცით.“ მაშინ თქვა: „თქვენ მას როგორც მშვიდობის, ისე ომის ჟამისთვის იღებთ და მას მიჰყვებით. თუ, როცა ქონებას ზიანი მიადგება და ნათესავები და ახლობლები დაიღუპებიან, ჩვენს შუამავალს მარტოს და შემწის გარეშე მიატოვებთ, ეს ახლავე გააკეთეთ. ალლაჰს ვფიცავ, თუ ასეთ რამეს ჩაიდენთ, ამქვეყნადაც დაიღუპებით და საიქიოშიც! ხოლო თუ დარწმუნებული ხართ, რომ იმაში, რისკენაც მოგიწოდებთ, მას ერთგულებას შეუნახავთ, თუნდაც ქონება დაგეკარგოთ და უახლოესი ნათესავები დაგეხოცოთ, მაშინ მას მიეკარით. ალლაჰს ვფიცავ, ეს თქვენი ამქვეყნიური და საიქიო ცხოვრებისთვის სასიკეთოა.“ ამაზე ამხანაგებმა თქვეს: „ჩვენს შუამავალს არ მივატოვებთ, თუნდაც ქონება დაგვეკარგოს და ახლობლები დაგვეხოცოს. მას არასოდეს გავეყრებით. სიკვდილი – კი, უკან დახევა – არა!“
„თუ ამ აღთქმას დავარღვევთ, დაე, უზენაესი ალლაჰისთვის მიცემული სიტყვის გამტეხ უბედურთა ჯგუფს მივეკუთვნოთ. ალლაჰის შუამავალო! ჩვენ ამ სიტყვაში გულწრფელნი ვართ. უზენაესმა ალლაჰმა წარმატება მოგვცეს!“ ეს’ად ბინ ზურარე (რადიალლაჰუ ანჰ)
შემდეგ ჩვენს შუამავალს მიუბრუნდნენ და ჰკითხეს: „ალლაჰის შუამავალო! თუ ამ აღთქმას შევასრულებთ, რა გვექნება?“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მაშინ ბრძანა: „უზენაესი ალლაჰის კმაყოფილება და სამოთხე!“ თითოეულმა მათგანმა თავისი ხალხის წარმომადგენლისა და რწმუნებულის სახით მისცა სიტყვა. პირველად ჰაზრეთი ეს’ად ბინ ზურარემ თქვა: „ბიათს ვდებ, რომ უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლისთვის მიცემულ სიტყვას შევასრულებ და ჩემს აღთქმას, რომ მას სიცოცხლითა და ქონებით შევეწევი, აღვასრულებ“, – და ხელი ჩამოართვა. მის შემდეგ თითოეულმა ასევე დადო ბიათი და თავისი კმაყოფილება და მორჩილება ამ სიტყვებით გამოხატა: „უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის მოწოდება მივიღეთ, მოვისმინეთ და დავემორჩილეთ.“ ასე ალლაჰის შუამავლის გზაზე უყოყმანოდ გაიღეს თავიანთი სიცოცხლე და ქონება. ქალებთან ბიათი მხოლოდ სიტყვით დაიდო. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მათგან სიტყვა აიღო, „რომ უზენაეს ალლაჰს არაფერს დაუდგენდნენ თანაზიარად, არ იქურდებდნენ, ცილს არ დასწამებდნენ და არ იმრუშებდნენ, შვილებს არ მოკლავდნენ, ტყუილს არ იტყოდნენ და სასიკეთო საქმეებს არ შეეწინააღმდეგებოდნენ…“ როცა მედინელები ჩვენს შუამავალს ბიათს უდებდნენ, აყაბეს მწვერვალიდან ვიღაცის ხმამ იყვირა: „მინაში დაბანაკებულებო! შუამავალი და მედინელი მუსლიმები შეთანხმდნენ, რომ თქვენ გებრძოლონ!“ ჩვენმა შუამავალმა ამ ხმაზე ბრძანა: „ეს აყაბეს ეშმაკია“, ხოლო მყვირალს უთხრა: „უზენაესი ალლაჰის მტერო! შენც გაგისწორდები!“ ბიათის დამდებ მედინელებს კი უბრძანა: „ახლავე თქვენს ბანაკებს დაუბრუნდით.“ აბბას ბინ უბადემ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ვფიცავ, თუ ისურვებ, ხვალ დილით მინაში მყოფ ურწმუნოებს თავს დავესხმით და ყველას მახვილით გავჟლეტთ.“ ჩვენი შუამავალი ამით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ბრძანა: „ჩვენ ჯერ ასე მოქმედება არ გვებრძანა. ახლა თქვენს ადგილებს დაუბრუნდით.“ იმამ ნესაის მიერ აბდულლაჰ იბნი აბბასისგან გადმოცემულის თანახმად, ენსარებიდან ისინი, ვინც აყაბეს ბიათს დაესწრნენ, ალლაჰის შუამავალთან მოსვლით მუჰაჯირებიც გახდნენ.3
კვიპაროსი ამაყობს, გვრიტის ვედრებას არ ისმენს,
თუ ფეხქვეშ არ ჩაუვარდა და არ შეევედრა წყალი.
ვარდს სურს, ეშმაკურად ბულბულის სისხლი დალიოს,
თუ ვარდის ტოტის ბუნებაში არ შეაღწია და არ იხსნა წყალი.
მთელ სამყაროს გაუცხადა თავისი სპეტაკი ბუნება,
აჰმედ მუჰთარის გზას დაადგა წყალი.
კაცობრიობის სეიიდი, რჩეულ მარგალიტთა ზღვა –
მისი სასწაულები ბოროტთა ცეცხლისთვის არის წყალი.
შუამავლობის ვარდნარის ბრწყინვალების განსაახლებლად
მისი სასწაულით მაგარ კლდეს გადმოსკდა წყალი.
მისი სასწაული ამ ქვეყნად უნაპირო ზღვა ყოფილა –
მისგან ურწმუნოთა ცეცხლის ტაძრებამდე მიაღწია წყალი.
ვინც ამას მოისმენს, გაოცებისგან თითს იკბენს:
ჭირის დღეს ენსარებს მისი თითებიდან გადმოსდინდა წყალი.
