საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

ჰიჯრეთი

ევსისა და ჰაზრეჯის ტომების მოულოდნელმა გამუსლიმებამ და მექქელი და მედინელი მუსლიმების გაერთიანების შესაძლებლობამ კერპთაყვანისმცემლები საშინლად შეაშფოთა და გააცოფა. აყაბეს მეორე ბიათის ამბავი რომ შეიტყვეს, მექქელი კერპთაყვანისმცემლების დამოკიდებულება ძალიან მკაცრი და მეტად საშიში გახდა. მუსლიმებისთვის მექქაში დარჩენა აუტანელი შეიქნა. აყაბეს უკანასკნელი ბიათით მედინა მუსლიმებისთვის ისეთ ადგილად იქცა, სადაც სიმშვიდეს ჰპოვებდნენ და თავს შეაფარებდნენ. ნატრობდნენ, როგორმე გზა ეპოვათ, ამ ქალაქიდან ჰიჯრეთი აღესრულებინათ და ისეთ მიწაზე წასულიყვნენ, სადაც ცოტათი მაინც ამოისუნთქებდნენ და ცოტათი მაინც თავისუფლად იცხოვრებდნენ. ჩვენს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავიანთი მდგომარეობა მოახსენეს და ჰიჯრეთის ნება სთხოვეს. მან საჰაბეებს მოთმინება ურჩია, რადგან მექქის დატოვების ნება ჯერ არ იყო მოსული. ბოლოს ჰიჯრეთისთვის ნანატრი ღვთიური ნება მოვიდა. იმ დღეს ჩვენი საყვარელი შუამავალი გახარებული მივიდა ასჰაბი ქირამთან და ბრძანა: „მეუწყა ადგილი, სადაც ჰიჯრეთს აღასრულებთ. ის იესრიბია (მედინა). იქ გადასახლდით. იქ თქვენს მუსლიმ ძმებს შეუერთდით. უზენაესმა ალლაჰმა ისინი თქვენს ძმებად აქცია. იესრიბი (მედინა) თქვენთვის სამშობლოდ აქცია, სადაც უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს ჰპოვებთ.“ ალლაჰის შუამავლის ნებითა და რჩევით მუსლიმებმა ერთიმეორის მიყოლებით, ჯგუფ-ჯგუფად დაიწყეს მედინაში გადასახლება.1 ჩვენი შუამავალი გადასახლებულებს მკაცრად აფრთხილებდა, რომ უაღრესად ფრთხილად და წინდახედულად მოქცეულიყვნენ. კერპთაყვანისმცემელთა ყურადღება რომ არ მიეპყროთ, მუსლიმები პატარ-პატარა ქარავნებად გადიოდნენ გზაზე და შეძლებისდაგვარად ფარულად მოქმედებდნენ. მედინაში პირველმა გადასახლებულმა ებუ სელემემ კერპთაყვანისმცემლებისგან ბევრი წამება გამოიარა. კერპთაყვანისმცემლები, რომლებიც საქმეს მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ მიხვდნენ, ჰიჯრეთისთვის გზას დამდგარ მუსლიმებს, ვისაც ხედავდნენ, გზიდან აბრუნებდნენ, ცოლებს ქმრებს აშორებდნენ, ვისზეც ძალა მიუწვდებოდათ, საპყრობილეში აგდებდნენ და სხვადასხვაგვარად აწამებდნენ. რჯულიდან რომ გადაებირებინათ, ყოველგვარ ტანჯვას აყენებდნენ. მაგრამ შინაომის აფეთქების შიშით მათი მოკვლა ვერ გაბედეს. მუსლიმები კი, ამის მიუხედავად, ყოველ შესაძლებლობას იყენებდნენ და მედინის გზას ადგებოდნენ. ერთ დღეს ჰაზრეთი ომერმაც ხმალი შემოირტყა. ისრები და შუბი თან წაიღო და ყველას თვალწინ ქააბას შვიდჯერ შემოუარა თავაფით. იქ მყოფ კერპთაყვანისმცემლებს ხმამაღლა უთხრა: „აჰა, მეც ჩემი რჯულის დასაცავად უზენაესი ალლაჰის გზაზე ჰიჯრეთს აღვასრულებ. ვისაც სურს, ცოლი დაქვრივებული, შვილები ობლად დატოვოს და დედა აატიროს, ამ ხეობის იქით გადამეღობოს!…“ ასე ჰაზრეთი ომერი და ოცამდე მუსლიმი დღისით-მზისით, უშიშრად დაადგნენ მედინის გზას. მისი შიშით ამ ქარავანს ვერავინ შეეხო. ამის შემდეგ გადასახლებას ბოლო აღარ ჰქონდა და ასჰაბი ქირამი ჯგუფ-ჯგუფად აღწევდა მედინას.

„მეუწყა ადგილი, სადაც ჰიჯრეთს აღასრულებთ. ის იესრიბია (მედინა). იქ გადასახლდით“ და „იქ თქვენს მუსლიმ ძმებს შეუერთდით. უზენაესმა ალლაჰმა ისინი თქვენს ძმებად აქცია. იესრიბი (მედინა) თქვენთვის სამშობლოდ აქცია, სადაც უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს ჰპოვებთ“ ჰადისი შერიფი

ჰიჯრეთის გზა

ამასობაში ჰაზრეთი ებუ ბექირმაც ჰიჯრეთის ნება ითხოვა. უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: „მოითმინე. იმედი მაქვს, უზენაესი ალლაჰი მეც მომცემს ნებას. ერთად აღვასრულებთ ჰიჯრეთს.“ როცა ჰაზრეთი ებუ ბექირმა ჰკითხა: „დედ-მამა გენაცვალოს! ასეთი იმედი არსებობს?“, ჩვენმა შუამავალმა გაახარა: „დიახ, არსებობს.“ ჰაზრეთი ებუ ბექირმა რვაასი დირჰემით ორი აქლემი იყიდა და იმ დღის ლოდინი დაიწყო. მექქაში უკვე მხოლოდ ჩვენი საყვარელი შუამავალი, ჰაზრეთი ებუ ბექირი, ჰაზრეთი ალი, ღარიბები, ავადმყოფები, მოხუცები და ის მორწმუნეები იყვნენ დარჩენილნი, რომლებიც კერპთაყვანისმცემლებს საპყრობილეში ჰყავდათ ჩაყრილი.

მეორე მხრივ, მედინელებმა (ენსარებმა) გადასახლებული მექქელები (მუჰაჯირები) ძალიან კარგად მიიღეს და უმასპინძლეს. მათ შორის მტკიცე ერთობა დამყარდა.

მექქელი კერპთაყვანისმცემლები შეშფოთდნენ, რადგან შესაძლოა ალლაჰის შუამავალიც გადასახლებულიყო და მუსლიმების სათავეში ჩამდგარიყო. დარ-უნ ნედვეში შეიკრიბნენ, სადაც მნიშვნელოვანი საქმეების განსახილველად იკრიბებოდნენ, და დაიწყეს მსჯელობა, რა უნდა ექნათ. ეშმაკი კერპთაყვანისმცემლებთან შეიხი ნეჯდის, ანუ ნეჯდელი მოხუცის სახით მივიდა. მათ საუბარს ყური დაუგდო. სხვადასხვა წინადადება წამოაყენეს, მაგრამ არცერთი არ მოეწონათ. მაშინ ეშმაკი საუბარში ჩაერია და თავისი აზრი თქვა: „თქვენი მოფიქრებულიდან არაფერი გამოდგება, რადგან მისი მომღიმარი სახე და ტკბილი სიტყვა ყოველ ხრიკს ჩაშლის. სხვა გამოსავალი მოიფიქრეთ.“

ყურაიშის მეთაურმა ებუ ჯეჰლმა თქვა: „ყოველი ტომიდან თითო ძლიერი კაცი ავირჩიოთ. ხმლებით ხელში მუჰამმედს თავს დაესხან. ხმალი დასცენ და სისხლი დაღვარონ. არ გაირკვეს, ვინ მოკლა. ასე მისი ნათესავები იძულებულნი იქნებიან, სისხლის საფასურს (დიეთს) დასჯერდნენ. ჩვენც მისი სისხლის საფასურს გადავიხდით და ამ უბედურებას თავიდან მოვიშორებთ.“ ეს აზრი ეშმაკსაც მოეწონა, გულმხურვალედ მხარი დაუჭირა და ურჩია.2

სანამ კერპთაყვანისმცემლები ამ სამზადისში იყვნენ, ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა, უკეთილშობილეს შუამავალს კერპთაყვანისმცემელთა გადაწყვეტილება აუწყა, უთხრა, რომ იმ ღამეს თავის ლოგინში არ დაწოლილიყო, და უზენაესი ალლაჰის ბრძანება ჰიჯრეთის შესახებაც გადასცა. ამ ღვთიური ბრძანებით ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ჰაზრეთი ალის უთხრა, მის ლოგინში დაწოლილიყო და მასთან დატოვებული ამანათები პატრონებისთვის დაებრუნებინა, და ბრძანა: „ამაღამ ჩემს ლოგინში დაწექი და დაიძინე, ეს ჩემი მოსასხამიც ზედ დაიფარე! ნუ გეშინია, არავითარი ზიანი არ მოგადგება.“

ჰაზრეთი ალი ისე დაწვა, როგორც ჩვენმა შუამავალმა უბრძანა. მაშინ ოცდასამი წლისა იყო. მზად იყო, ჰაბიბულლაჰის ნაცვლად უშიშრად გაეწირა თავი.

ჰიჯრეთის ღამეს ურწმუნოებს ალლაჰის შუამავლის სახლი გარს ჰქონდათ შემორტყმული. იმ ღამეს სურა იასინის პირველი აიათები გარდამოევლინა. როცა ჩვენი შუამავალი თავისი დალოცვილი სახლიდან გამოდიოდა, მათ სურა იასინის მეცხრე წმინდა აიათი წაუკითხა, რომლის შინაარსია: „მათ წინ ზღუდე აღვმართეთ და მათ უკან ზღუდე, და დავფარეთ ისინი, ასე რომ, ვეღარ ხედავენ“, მიწიდან ერთი მუჭა მიწა აიღო და ურწმუნოებს თავზე მოაყარა. (გადმოცემულია, რომ ყველა, ვისაც თავზე ამ მიწისგან რამე მოხვდა, ბედრის ღაზვაში მოკლეს.) ალლაჰის შუამავალმა მათ შორის უვნებლად გაიარა და ჰაზრეთი ებუ ბექირის სახლამდე მიაღწია. კერპთაყვანისმცემელთაგან ვერცერთმა ვერ დაინახა.

„ებუ ბექირ! მოითმინე. იმედი მაქვს, უზენაესი ალლაჰი მეც მომცემს ნებას. ერთად აღვასრულებთ ჰიჯრეთს“ ჰადისი შერიფი

ცოტა ხნის შემდეგ კერპთაყვანისმცემლებთან ვიღაც მივიდა და ჰკითხა: „აქ რას ელოდებით?“ მათ უპასუხეს: „მუჰამმედის სახლიდან გამოსვლას.“ ამ კაცმა უთხრა: „ვფიცავ, მუჰამმედმა თქვენ შორის გაიარა და წავიდა, თან თავზე მიწაც მოგაყარათ.“ კერპთაყვანისმცემლებმა თავზე ხელი მოისვეს. მართლაც, თავზე მიწა აღმოაჩნდათ. სახიდან და თავიდან მიწა ჩამოიბერტყეს. მაშინვე კარს ეცნენ და შიგნით შევარდნენ. როცა შუამავლის (ალეიჰისსელამ) ლოგინში ჰაზრეთი ალი დაინახეს, ჰკითხეს, სად იყო უკეთილშობილესი შუამავალი.

ჰაზრეთი ალიმ თქვა: „არ ვიცი! განა მის დარაჯად დამაყენეთ?“ ამაზე ჰაზრეთი ალის უხეშად მოეპყრნენ და სცემეს. ურწმუნოები ალლაჰის შუამავლის საპოვნელად გარეთ გავიდნენ და ძებნა დაიწყეს. ჰაზრეთი ალი კი ქააბასთან ცოტა ხნით დაატყვევეს და შემდეგ გაუშვეს.3

შემდეგ ჰაზრეთი ებუ ბექირის სახლში მივიდნენ და ჰაზრეთი ებუ ბექირის ქალიშვილს, ესმას, ჰკითხეს. როცა არ უპასუხა, სცემეს. ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს და გაცოფდნენ. მათგან ყველაზე გააფთრებულმა, ებუ ჯეჰლმა, მექქასა და მის შემოგარენში მაცნეებს გამოაცხადებინა, რომ ვინც ჩვენს საყვარელ შუამავალსა და ჰაზრეთი ებუ ბექირს იპოვიდა და მოიყვანდა, ან მათ ადგილსამყოფელს აცნობებდა, 100 აქლემს მისცემდა. ეს დაპირება რომ გაიგეს, ზოგიერთებმა, ქონებას დახარბებულებმა, იარაღი აისხეს, ცხენებზე შესხდნენ და ძებნას შეუდგნენ.

როცა ალლაჰის შუამავალი ჰაზრეთი ებუ ბექირის სახლში მიბრძანდა და ბრძანა: „ჰიჯრეთის ნება მომეცა“, ჰაზრეთი ებუ ბექირ სიდდიყმა აღელვებულმა ჰკითხა: „თქვენი დალოცვილი ფეხის მტვერს სახე შევახო, ალლაჰის შუამავალო!.. მეც თქვენთან ერთად ვარ?“ შუამავალმა ბრძანა: „დიახ…“ ჰაზრეთი სიდდიყი სიხარულისგან ატირდა. ცრემლებში თქვა: „დედ-მამა და ჩემი სიცოცხლე გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! აქლემები მზადაა. რომელიც გსურთ, ის მიიღეთ.“ სამყაროთა სულთანმა ბრძანა: „აქლემზე, რომელიც ჩემი არ არის, არ შევჯდები. (მხოლოდ) საფასურით ვიყიდი.“ ამ მტკიცე ბრძანების წინაშე ჰაზრეთი სიდდიყს სხვა გზა არ დარჩა და აქლემის ფასი თქვა. ჰაზრეთი ებუ ბექირმა დაიბარა კაცი, სახელად აბდულლაჰ ბინ ურეიყიტი, რომელიც მეგზურობით იყო განთქმული, გზის საჩვენებლად ქირით აიყვანა და უბრძანა, სამი დღის შემდეგ აქლემები სევრის მთაზე მდებარე მღვიმესთან მიეყვანა.

ბისეთის მეცამეტე წელს, საფერის თვის 27-ში, ხუთშაბათს, ჩვენმა შუამავალმა და ებუ ბექირ სიდდიყმა ცოტაოდენი საგზალი აიღეს და გზას დაადგნენ.

ჰაზრეთი ებუ ბექირი ალლაჰის შუამავლის გარშემო ხან მარჯვნივ მიდიოდა, ხან მარცხნივ, ხან წინ, ხან კი უკან. როცა ჩვენმა შუამავალმა ჰკითხა, ასე რატომ იქცეოდა, უთხრა: „ირგვლივ მოსალოდნელი საფრთხე რომ ავიცილო. თუ რამე ზიანი მოვა, ჯერ მე მომწვდეს. ჩემი სიცოცხლე თქვენ შემოგწიროთ, ალლაჰის შუამავალო!“

სამყაროს ბატონმა ბრძანა: „ებუ ბექირ! ისურვებდი, ჩემს თავს დასატეხი უბედურება ჩემს ნაცვლად შენ დაგტყდომოდა?“ ჰაზრეთი სიდდიყმა თქვა: „დიახ, ალლაჰის შუამავალო! ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც შენ ჭეშმარიტი რჯულით, ჭეშმარიტ შუამავლად მოგავლინა, მსურს, რომ მოსალოდნელი უბედურება შენს ნაცვლად მე დამატყდეს თავს.“4

ჩვენი საყვარელი შუამავლის სანდლები ვიწრო იყო, ამიტომ გზაში დაეხა, მისი დალოცვილი ფეხები დაიჭრა და სიარულის თავი აღარ ჰქონდა. ძლივს ავიდნენ მთაზე და მღვიმეს მიაღწიეს. შესასვლელთან რომ მივიდნენ, ჰაზრეთი ებუ ბექირმა თქვა: „ალლაჰის გულისთვის, ალლაჰის შუამავალო, შიგნით ნუ შეხვალთ! მე შევალ; თუ იქ რაიმე მავნებელია, მე მომწვდეს, თქვენს დალოცვილ არსებას ნურც დარდი შეეხება, ნურც ტკივილი“, – და შიგნით შევიდა. მღვიმის შიგნით დაგავა და გაწმინდა. მარჯვნივაც და მარცხნივაც ბევრი დიდი და პატარა ხვრელი იყო. მოსასხამი დახია და ხვრელები ამოქოლა, მაგრამ ერთი ღია დარჩა. ისიც ქუსლით დაფარა და ალლაჰის შუამავალი შიგნით მიიწვია. ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შევიდა, თავისი დალოცვილი თავი ებუ ბექირს კალთაში ჩაუდო და დაიძინა.

ამ დროს ჰაზრეთი სიდდიყს ფეხზე გველმა უკბინა. რომ ალლაჰის შუამავალს არ გაეღვიძა, მოითმინა და არც კი განძრეულა. მაგრამ როცა მისი ცრემლი ალლაჰის შუამავლის დალოცვილ სახეზე დაეწვეთა, ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „რა მოხდა, ებუ ბექირ?“ ჰაზრეთი ებუ ბექირმა თქვა: „იმ ხვრელიდან, რომელიც ფეხით მქონდა დაფარული, გველმა ფეხზე მიკბინა.“ როცა ალლაჰის შუამავალმა ებუ ბექირის ჭრილობას, რომ მოშუშებოდა, თავისი დალოცვილი ნერწყვი წაუსვა, ტკივილი მაშინვე ჩაცხრა და განიკურნა.

სანამ ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) და ებუ ბექირ სიდდიყი შიგნით იყვნენ, კერპთაყვანისმცემლები კვალდაკვალ მიჰყვნენ და მღვიმის შესასვლელთან მივიდნენ. დაინახეს, რომ მის პირზე ობობას ქსელი ჰქონდა გაბმული და ორ მტრედს ბუდე გაეკეთებინა. კვალის მაძიებელმა ქურზ ბინ ალყამემ თქვა: „აი, აქ წყდება კვალი.“ ურწმუნოებმა თქვეს: „ისინი აქ რომ შესულიყვნენ, შესასვლელზე ობობას ქსელი გაწყვეტილი უნდა ყოფილიყო.“

როცა ზოგიერთებმა თქვეს: „აქამდე მოვედით და, ერთი თქვენგანი შევიდეს მღვიმეში და ნახოს!..“, ურწმუნო უმეიიე ბინ ჰალეფმა თქვა: „ნუთუ სულ არ გაქვთ ჭკუა? რა გესაქმებათ ამ მღვიმეში, რომელსაც ფენა-ფენა ობობას ქსელი ადევს? ვფიცავ, ამ ობობამ თავისი ქსელი მუჰამმედის დაბადებამდე მოქსოვა.“

სანამ კერპთაყვანისმცემლები შესასვლელთან კამათობდნენ, შიგნით ჰაზრეთი ებუ ბექირი შეშფოთდა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ალლაჰს ვფიცავ, ჩემს თავზე არ ვდარდობ. მაგრამ მეშინია, თქვენ რამე არ შეგემთხვეთ. მე თუ მომკლავენ, ერთი კაცი ვარ, არაფერი შეიცვლება. მაგრამ თქვენ თუ რამე ზიანი მოგადგათ, მთელი უმმეთი დაიღუპება, რჯული დაინგრევა.“ სამყაროს სულთანმა ბრძანა: „ებუ ბექირ! ნუ დარდობ!.. უეჭველად, უზენაესი ალლაჰი ჩვენთანაა.“

როცა ებუ ბექირ სიდდიყმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ჩემი სიცოცხლე შენ შემოგწიროს! მათგან ერთმა რომ თავი დახაროს და ჩაიხედოს, დაგვინახავს!“, ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ებუ ბექირ! ორნი ვართ, რომელთა მესამეც უზენაესი ალლაჰია. ნუ დარდობ!.. უეჭველად, უზენაესი ალლაჰი ჩვენთანაა.“ კერპთაყვანისმცემლები შიგნით ჩაუხედავად დაბრუნდნენ.5

უზენაესი ალლაჰი ამ ამბავს წმინდა ყურანში შინაარსით ასე ბრძანებს: „თუ თქვენ მას (ჩემს ჰაბიბს) არ შეეწევით, (გაიხსენეთ ის დრო, როცა) ურწმუნოებმა ის (მექქიდან) ორთაგან მეორედ (ჰაზრეთი ებუ ბექირთან ერთად) გამოაძევეს, როცა (სევრის მთის მწვერვალზე მდებარე) მღვიმეში იყვნენ, უზენაესი ალლაჰი მას (ალლაჰის შუამავალს) შეეწია. მაშინ თავის თანამგზავრს (ებუ ბექირ სიდდიყს) უთხრა: ‚ნუ დარდობ, უზენაესი ალლაჰის შემწეობა და ნუსრეთი უეჭველად ჩვენთანაა.‘ უზენაესმა ალლაჰმა მასზე თავისი სექინე, გულებისთვის სიმშვიდის მომნიჭებელი, გარდამოავლინა, ის (თავისი ჰაბიბი) განამტკიცა (სულიერი) მხედრობით, რომელიც თქვენთვის უჩინარი იყო (ანგელოზებით დაიცვა), და ურწმუნოთა სიტყვა უკიდურესად დაამცირა. უზენაესი ალლაჰის (თევჰიდის) სიტყვა კი მაღალთა უმაღლესია (ალლაჰის სახელი მთელ ქვეყნიერებას მოჰფინა და გაბატონებული გახადა). უზენაესი ალლაჰი უსაზღვროდ ძლევამოსილია. მხოლოდ მას ეკუთვნის განაჩენი და სიბრძნე.“6

„ალლაჰის გულისთვის, ალლაჰის შუამავალო, შიგნით ნუ შეხვალთ! მე შევალ; თუ იქ რაიმე მავნებელია, მე მომწვდეს, თქვენს დალოცვილ არსებას ნურც დარდი შეეხება, ნურც ტკივილი“ ებუ ბექირ სიდდიყი (რადიალლაჰუ ანჰ)

ჩვენი საყვარელი შუამავალი და ჰაზრეთი ებუ ბექირი ამ მღვიმეში სამი დღე და სამი ღამე დარჩნენ. ჰაზრეთი ებუ ბექირის ვაჟი, აბდულლაჰი, მექქაში გაგონილის შესატყობინებლად ღამით მღვიმეში მოდიოდა, ხოლო მისი გათავისუფლებული მონა და ფარის მწყემსი, ამირ ბინ ფუჰეირე, ღამღამობით რძეს უზიდავდა და კვალს შლიდა.

მეოთხე დღეს, ორშაბათის ღამეს, განთიადის წინ (სეჰერის ჟამს), ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა სევრის მღვიმე დატოვა და თავის აქლემზე, სახელად ყუსვაზე, შეჯდა. ერთი გადმოცემით, ჰაზრეთი ებუ ბექირი უკან შეისვა. მეორე აქლემზე ჰაზრეთი ამირ ბინ ფუჰეირე და გზების კარგად მცოდნე აბდულლაჰ ბინ ურეიყიტი შესხდნენ.

სამყაროთა ბატონი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს, მექქეი მუქერრემეს, რომელსაც უზენაესი ალლაჰი აქებს და რომელიც ქალაქთა შორის უძვირფასესია. აქლემი ჰარემი შერიფისკენ მიაბრუნა და დანაღვლიანებულმა ბრძანა: „ალლაჰს ვფიცავ! შენ ხარ უზენაესი ალლაჰის გაჩენილ ადგილთაგან საუკეთესო და ჩემი უფლის წინაშე ყველაზე საყვარელი! შენგან განდევნილი რომ არ ვყოფილიყავი, არ წავიდოდი. შენზე უფრო მშვენიერი და საყვარელი სამშობლო არ მაქვს. ჩემს ხალხს შენგან რომ არ განვედევნე, არ წავიდოდი და შენ გარდა სხვაგან არც სამშობლოს გავიჩენდი და არც ბინას.“

ამ დროს ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) ჩამოვიდა და უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! შენი სამშობლოს მონატრული ხარ, მოგენატრა?“ ჩვენმა შუამავალმაც ბრძანა: „დიახ, მონატრებული ვარ!“ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) წაუკითხა სურა ყასასის 85-ე წმინდა აიათი, რომელიც ახარებდა, რომ ბოლოს მექქაში დაბრუნდებოდა, და მისი დალოცვილი გული ანუგეშა.

მგზავრობა მშვიდად მიმდინარეობდა. კერპთაყვანისმცემლები ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ: უზენაესი ალლაჰი თავის ჰაბიბს მათი ბოროტებისგან იცავდა. როცა ალლაჰის შუამავალი ადგილს, სახელად ყუდეიდს, მიადგა, სიუხვით განთქმული, გონიერი და ღირსეული ქალის, სახელად უმმუ მა’ბედის, კარვის წინ შეჩერდნენ. საფასურით საჭმლის, ფინიკისა და ხორცის ყიდვა უნდოდათ. უმმუ მა’ბედმა თქვა: „რომ მქონოდა, ფულს არ ავიღებდი, სუფრას გაგიშლიდით და გაგიმასპინძლდებოდით. სიდუხჭირისა და გაჭირვებული ცხოვრების გამო ხელში არაფერი შეგვრჩა.“ როცა ჰკითხეს: „რძე გაქვთ?“, უპასუხა: „არა. საქონელი ბერწია.“ სამყაროს სულთანმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) კარავთან მდგარ ერთ გამხდარ ცხვარზე მიუთითა და ბრძანა: „უმმუ მა’ბედ! ეს ცხვარი აქ რატომ არის დაბმული?“ მან თქვა: „ძალიან ავადაა და სუსტი, ამიტომ ფარას ჩამორჩა. წასვლის ღონე არ ჰქონდა.“ როცა ჩვენმა შუამავალმა ჰკითხა: „ცოტა რძე მაინც აქვს? ნებას მომცემთ, ეს ცხვარი მოვწველო?“, მან თქვა: „დედ-მამა გენაცვალოს, რძე არ აქვს, მაგრამ მის მოწველაში არაფერი გიშლით.“

ალლაჰის შუამავალი ცხვარს მიუახლოვდა და უზენაესი ალლაჰის სახელი ახსენა. ბარაქისთვის ევედრა და შემდეგ თავისი დალოცვილი ხელი ცხვრის ცურზე გადაუსვა. იმავე წამს ცური რძით აევსო და რძე წამოვიდა. მაშინვე ჭურჭელი მოიტანეს და აავსეს. ჯერ უმმუ მა’ბედს მიაწოდა. როცა მან დალია, ჰაზრეთი ებუ ბექირს და სხვებს მისცა და გაძღომამდე ასვა. ბოლოს თავად დალია. კიდევ ერთხელ შეეხო თავისი დალოცვილი ხელით ცხვრის ცურს, მოწველა და კარავში არსებული ყველაზე დიდი ჭურჭელი მოითხოვა. ისიც აავსო და უმმუ მა’ბედს ჩააბარა. გადმოცემით, ის ცხვარი თვრამეტ წელს ცოცხლობდა და სამყაროს სიამაყის ბარაქით დილითაც და საღამოთიც მისით ირჩენდნენ თავს. იქიდან რომ წავიდნენ, უმმუ მა’ბედის ქმარი მოვიდა და რძე დაინახა. გახარებულმა ჰკითხა: „ეს რძე საიდანაა?“ უმმუ მა’ბედმა უთხრა: „ერთი დალოცვილი კაცი მოვიდა და ჩვენს სახლს პატივი დასდო. რასაც ხედავ, მისი ჰიმმეთი და ბარაქაა.“ ქმარმა ჰკითხა: „შეგიძლია, აღმიწერო? როგორია მისი თვისებები და მშვენიერება?“

უმმუ მა’ბედმა თქვა: „ის დალოცვილი კაცი, რომელიც ვიხილე, ძალიან ტანადი და მომღიმარი სახისა იყო. თვალებში ოდნავი სიწითლე ჰქონდა, ხმაში – სინაზე. დალოცვილი წამწამები გრძელი ჰქონდა. თვალის თეთრი ძალიან თეთრი ჰქონდა, გუგა კი – ძალიან შავი, თითქოს ბუნებით სურმით ჰქონოდა თვალები შეღებილი. თმა შავი ჰქონდა, წვერი – ხშირი. როცა დუმდა, მასში დიდებულება და დინჯი სიმშვიდე ჩანდა. როცა ლაპარაკობდა, იღიმებოდა და სიტყვები, თითქოს ასხმული მარგალიტები, ტკბილად სცვიოდა ბაგეებიდან. შორიდან ძალიან დიდებული ჩანდა, ახლოს რომ მოვიდოდა, ძალიან ტკბილი და მიმზიდველი ხდებოდა. მის გვერდით მყოფნი მისი ბრძანების შესასრულებლად თავგამოდებით მიიჩქაროდნენ“, – და მისი კიდევ ბევრი მშვენიერი თვისება ჩამოთვალა. ამის გაოცებით მსმენელმა ქმარმა თქვა: „ვფიცავ, ეს კაცი ის არის, ვისაც ყურაიში ეძებს. მას რომ შევხვედროდი, მის სამსახურს ვეღირსებოდი და აღარ მოვშორდებოდი.“ უმმუ მა’ბედის ქმარი ალლაჰის შუამავალს გაჰყვა, რიმის ველზე დაეწია და მუსლიმი გახდა. საჰაბეობის პატივი ერგო. შემდეგ უმმუ მა’ბედიც გამუსლიმდა.7

სურაყა ბინ მალიქი

კერპთაყვანისმცემლები გამუდმებით ეძებდნენ მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) და ჰაზრეთი ებუ ბექირს, რომლებიც მედინისკენ გაემართნენ. თუ ვერ იპოვიდნენ, თავად მათთვის ძალიან დიდი საფრთხე გაჩნდებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ მუსლიმები „ისლამურ სახელმწიფოს“ დააარსებდნენ და მოკლე დროში მათ მოსპობდნენ. ამიტომ კერპთაყვანისმცემლებმა ამ საქმეს ყველაფერი შეალიეს. აღუთქვეს, რომ ვინც ჩვენს შუამავალსა და ჰაზრეთი ებუ ბექირს მოკლავდა ან დაატყვევებდა, ას აქლემთან ერთად უთვალავ ქონებასა და ფულს მისცემდნენ. ეს ამბავი მუდლიჯიანებშიც გავრცელდა, რომლებსაც სურაყა ბინ მალიქი ეკუთვნოდა.

სურაყა ბინ მალიქი კვალის კარგი მაძიებელი იყო. ამიტომ რაც ხდებოდა, ახლოდან აინტერესებდა.

ერთ სამშაბათს მუდლიჯიანები ყუდეიდში შეიკრიბნენ – იმ მხარეში, სადაც სურაყა ბინ მალიქი ცხოვრობდა. შეკრებაზე თავად სურაყა ბინ მალიქიც იყო. ამ დროს ყურაიშელთაგან ერთი კაცი მოვიდა და სურაყას უთხრა: „სურაყა! ალლაჰს ვფიცავ, ცოტა ხნის წინ სამ-ოთხკაციანი ქარავანი დავინახე, ზღვის ნაპირისკენ მიდიოდა. ისინი, ალბათ, მუჰამმედი და მისი საჰაბეები არიან.“ სურაყა მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მაგრამ რადგან ძალიან დიდი ჯილდო იყო დაწესებული, მისი მარტო მოპოვება სურდა. ამიტომ არ უნდოდა, სხვას გაეგო. „არა, ვინც შენ დაინახე, ესა და ეს ხალხია. ცოტა ხნის წინ გაიარეს. ჩვენც დავინახეთ“, – თქვა ისე, თითქოს რაიმე მნიშვნელოვანი არ ყოფილიყოს.

სურაყა ბინ მალიქმა კიდევ ცოტა ხანს მოიცადა. შეუმჩნევლად შინ მივიდა. მსახურს უთხრა, ცხენი და იარაღი წაეყვანა-წაეღო და ხეობის იქით დალოდებოდა. თავად შუბი აიღო და, რომ მისი ბრწყინვალება არავის შეემჩნია, წვერი ქვემოთ დაუშვა. ცხენი გააჭენა. გზა განაგრძო და ბოლოს მათ კვალს მიაგნო. იმდენად მიუახლოვდა, რომ ჩვენი შუამავლის მიერ წაკითხულ წმინდა ყურანსაც კი ისმენდა. მაგრამ უკეთილშობილეს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ერთხელაც არ მოუხედავს. როცა ჰაზრეთი ებუ ბექირმა მოიხედა და სურაყა დაინახა, შეშფოთდა. ჩვენმა შუამავალმა მას, როგორც მღვიმეში, უთხრა: „ნუ დარდობ, უზენაესი ალლაჰი ჩვენთანაა.“

„(მექქეი მუქერრემე!) შენზე უფრო მშვენიერი და საყვარელი სამშობლო არ მაქვს. ჩემს ხალხს შენგან რომ არ განვედევნე, არ წავიდოდი და შენ გარდა სხვაგან არც სამშობლოს გავიჩენდი და არც ბინას“ ჰადისი შერიფი

ჰაზრეთი ბუჰარის გადმოცემით, ამ დროს, როცა ჰაზრეთი ებუ ბექირმა უკეთილშობილეს შუამავალს მოახსენა, რომ ერთი მხედარი დაეწიათ, ჩვენი შუამავალი ევედრა: „ჩემო უფალო! დასცე იგი!“ სხვა გადმოცემით, როცა სურაყა სულ ახლოს მივიდა, ჰაზრეთი ებუ ბექირი ატირდა. როცა უკეთილშობილესმა შუამავალმა ჰკითხა, რატომ ტიროდა, უთხრა: „ალლაჰს ვფიცავ, ჩემს თავზე არ ვტირი. ვტირი, რადგან მეშინია, შენ რამე ზიანი არ მოგადგეს.“ სურაყა იმდენად მიუახლოვდა, რომ ჩვენს შუამავალს თავს დაესხმოდა. თქვა: „მუჰამმედ! დღეს ჩემგან ვინ დაგიცავს!“ სამყაროს ბატონმა უპასუხა: „მე დამიცავს უზენაესი ალლაჰი, რომელიც ჯებბარი და ყაჰჰარია.“ იმ წამს სურაყას ცხენს ორივე წინა ფეხი მუხლებამდე მიწაში ჩაეფლო. როცა ამას თავი დააღწია და სურაყამ კვლავ თავდასხმა სცადა, ცხენის ფეხები ისევ მიწაში ჩაეფლო. რამდენიც არ უნდა ერეკა სურაყას ცხენი, ვერაფრით ამოიყვანა. სხვა არაფერი დარჩენოდა. უღონოდ დარჩენილმა ვედრება დაუწყო ალლაჰის შუამავალს, რომელიც თანაგრძნობისა და მოწყალების პატრონია. ჩვენმა შუამავალმა, რომელმაც ყველა სრულყოფილება და მშვენიერი ზნეობა თავის თავში შეკრიბა და უმაღლესი ზნეობითა და ბუნებით იყო გაჩენილი, მისი ეს თხოვნა შეიწყნარა. სურაყა ამბობდა: „მუჰამმედ! მივხვდი, რომ დაცული ხარ. ევედრე, რომ გადავრჩე. ამიერიდან შენ არასოდეს ზიანს არ მოგაყენებ. შენს მდევრებს შენზე არაფერს ვეტყვი.“ როცა სამყაროს ბატონი ევედრა: „ჩემო უფალო! თუ თავის სიტყვაში მართალი და გულწრფელია, მისი ცხენი იხსენი“, უზენაესმა ალლაჰმა ეს ვედრება შეიწყნარა. სურაყა ბინ მალიქის ცხენმა ორმოდან თავის დაღწევა მხოლოდ ამ ვედრების შემდეგ შეძლო. ამ დროს იმ ადგილიდან, სადაც ცხენის ფეხი ჩაეფლო, ცისკენ კვამლის მსგავსი რამ ადიოდა. სურაყა გაოცებული დარჩა და ყოველივე ამისგან მიხვდა, რომ მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) მუდამ დაცულია. ბევრ რამეს გახდა მოწმე. ბოლოს თქვა: „მუჰამმედ! მე სურაყა ბინ მალიქი ვარ! ჩემში ეჭვი სულაც ნუ შეგეპარებათ. სიტყვას გაძლევთ: ამიერიდან არაფერს გავაკეთებ, რაც არ მოგეწონებათ. შენმა ხალხმა დიდი ჯილდო აღუთქვა მას, ვინც შენ და შენს ამხანაგებს შეიპყრობს“, – და სათითაოდ უამბო, რისი გაკეთებაც სურდათ ყურაიშელ კერპთაყვანისმცემლებს. მათთვის საგზლისა და საჯდომი აქლემის მიცემაც კი მოინდომა, მაგრამ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა არ მიიღო და უთხრა: „სურაყა! სანამ ისლამის რჯულს არ მიიღებ, არც მე მსურს და არც მინდა შენი აქლემი და შენი საქონელი. შენ მხოლოდ ის დამალე, რომ დაგვინახე, ესეც კმარა.“ იბნი სა’დი კი ასე გადმოგვცემს: როცა სურაყამ ჩვენს შუამავალს უთხრა: „მიბრძანე, რაც გსურს“, ალლაჰის შუამავალმა უთხრა: „შენს მხარეში დარჩი. არავის მისცე ჩვენი დაწევის საშუალება.“ როცა უზენაესი ალლაჰი ინებებს, ყველაფერი ხდება. როცა ადამიანი გულწრფელად მიენდობა მას და მისი კმაყოფილების გზით ივლის, ისეთი რამ ხდება, რასაც გონება ვერ წვდება. სურაყა, რომელიც ალლაჰის შუამავლის მოკვლისა და დიდი ჯილდოს მოპოვების სიხარბით მბრდღვინავი ლომივით დაადგა გზას, ახლა მშვიდ, მორჩილ ბავშვს ჰგავდა. ყოვლისშემძლე უზენაესმა ალლაჰმა სურაყას გული სიკეთისკენ მიაბრუნა, რომ მის ჰაბიბს ზიანი არ მიეყენებინა. რა თქმა უნდა, უზენაესი ალლაჰი თავის ჰაბიბს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მარტოს არ მიატოვებდა, რადგან ის მისი საყვარელი შუამავალი იყო, რომელიც ადამიანების მიმართ მოწყალებისთვის მოავლინა, რათა მათ ამქვეყნადაც და საიქიოშიც მარადიულ ბედნიერებას ეწიათ. ამის შემდეგ სურაყა თავისი კვალით უკან დაბრუნდა. რაც თავს გადახდა, შემხვედრებსაც არ უამბო.8

სამყაროს სულთანი მოდის!

ჩვენი შუამავალი, ჰაზრეთი ებუ ბექირი, ამირ ბინ ფუჰეირე და მათი მეგზური აბდულლაჰ ბინ ურეიყიტი ერთკვირიანი მგზავრობის შემდეგ, ბისეთის მეცამეტე წელს (ჩვ. წ. 622 წელს), სექტემბრის ოცში, ჰიჯრეთის პირველი წლის რებიულ ევველის თვის მერვე დღეს, ორშაბათს, დუჰას ჟამს (შუადღემდე) სოფელ „ყუბას“ მიადგნენ. ერთი მუსლიმის, ქულსუმ ბინ ჰიდმის, სახლში დაბინავდნენ. პირველმა მუჰაჯირებმა უკეთილშობილესი შუამავლის მედინაში მოსვლამდე ყუბაში ამრ ბინ ავფიანების კუთვნილი ფინიკის საშრობი ადგილი სანამაზოდ აქციეს. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ), ყუბაში რომ მივიდა, ეს სანამაზო გააფართოვა და პირველი მეჩეთი ააგო. თავიანთ ნამაზებს ყუბას მეჩეთში ასრულებდნენ. ყუბას მეჩეთი შექებულია სურა თევბეს 108-ე წმინდა აიათში, შინაარსით: „…მეჩეთი, რომელიც ღვთისმოსაობაზეა დაფუძნებული“.9

სექტემბრის ოცდასამი, როცა დღე და ღამე თანაბარია, სოფელ ყუბაში გაატარეს და რებიულ ევველის თორმეტში, პარასკევს, მედინისკენ დაიძრნენ. შუადღის ნამაზის დროს მედინასა და ყუბას შორის მდებარე რანუნას ველზე შეჩერდნენ. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აქ პირველი პარასკევის (ჯუმა) ნამაზი შეასრულა და პირველი ჰუტბე წარმოთქვა.10 იმავე დღეს მედინაში ჩავიდნენ. (შემდგომში აქ პირველი პარასკევის ნამაზის სახსოვრად მეჩეთი ააგეს, სახელად „მესჯიდი ჯუმა“.) ამასობაში მექქაში დარჩენილი ჰაზრეთი ალი იმ ადგილას დაჯდა, სადაც ალლაჰის შუამავალი ქააბასთან მუდამ იჯდა. გამოაცხადებინა: „ვისაც უკეთილშობილეს შუამავალთან რამე აქვს, მოვიდეს და წაიღოს.“ ყველა მოვიდა, თავისი ნივთის ნიშანი თქვა და თავისი ამანათი წაიღო. ასე ამანათები პატრონებს ჩაბარდა. ალლაჰის ლომი, ჰაზრეთი ალი, იქ მივიდა, სადაც ყურაიშელი ურწმუნოები იკრიბებოდნენ, და თქვა: „ინშააალლაჰუ თეალა, ხვალ მედინეი მუნევვერეში მივდივარ. სათქმელი ხომ არაფერი გაქვთ? სანამ აქ ვარ, მითხარით.“ ყველამ თავი ჩაღუნა და არაფერი უთქვამს. როცა გათენდა, ჰაზრეთი ალიმ უკეთილშობილესი შუამავლის პირადი ნივთები შეაგროვა და გზას დაადგა. ყურაიშელთაგან ოთხმა-ხუთმა კაცმა გზა გადაუღობა, მაგრამ მათ შეებრძოლა და დაამარცხა. შემდეგ გზაზე მიყდად ბინ ესვედი გადაეყარა. ისიც ერთი დარტყმით მიწაზე დასცა და რწმენისკენ მოუწოდა. ისიც მუსლიმი გახდა. კვლავ გზას დაადგა და ალლაჰის შუამავალს ყუბაში დაეწია; დასიებული ფეხებიდან სისხლი სდიოდა. ამ მგზავრობის ბოლოს, რომლის დროსაც დღისით იმალებოდა, ღამით კი ფეხით მიდიოდა, ისეთ დღეში ჩავარდა, რომ ჩვენი შუამავლის წინაშე წარდგომა ვეღარ შეძლო. როცა უკეთილშობილესმა შუამავალმა ეს შეიტყო, თავად მიბრძანდა მასთან. ჰაზრეთი ალი რომ დაინახა, მისი მდგომარეობა შეეცოდა, თავისი საყვარელი, თავგანწირული ბიძაშვილი გულში ჩაიკრა, თავისი დალოცვილი ხელებით მოეფერა მის ნაზ, ფაქიზ ფეხებს, რომლებმაც ჭეშმარიტების გზაზე ათასობით ტანჯვა აიტანეს, და მისი გამოჯანმრთელებისთვის ევედრა. მეტიც, გადმოცემულია, რომ ჰაზრეთი ალის ამ თავგანწირვის გამო გარდამოევლინა წმინდა აიათი, რომლის შინაარსია: „ადამიანთა შორის არიან ისეთები, ვინც უზენაესი ალლაჰის კმაყოფილებისთვის თავის სულს (თავს) სწირავს“.1112

„სურაყა! ახლა თითქოს ვხედავ, როგორ გიკეთია ირანის ხელმწიფის (ქისრას) სამაჯურები, როგორ გაქვს შემორტყმული მისი სარტყელი და დადგმული მისი გვირგვინი!“ ჰადისი შერიფი

საჰაბეებმა, რომლებიც მედინაში ადრე გადასახლდნენ, და მედინელმა მუსლიმებმა, როცა გაიგეს, რომ სამყაროს სულთანი მექქიდან ჰიჯრეთისთვის დაიძრა, მის მობრძანებას მხურვალედ და აღელვებით ელოდნენ. ამიტომ მედინეი მუნევვერეს განაპირა უბნებში გუშაგები დააყენეს და მოუთმენლად ელოდნენ იმ წამს, როცა ჩვენს შუამავალს შეეგებებოდნენ, როცა ის მათ ქალაქს თავისი მობრძანებით პატივს დასდებდა. მისი სიყვარულით ანთებულნი, როგორც გავარვარებული უდაბნო ნატრობს წყალს, დღეების მანძილზე ელოდნენ, თვალი ჰორიზონტისკენ ჰქონდათ მიპყრობილი.

ბოლოს უცებ ხმა გაისმა: „მოდიან! მოდიან!…“ ვინც ეს ხმა გაიგო, ცხელ უდაბნოს თვალი მოავლო. დიახ!.. დიახ!.. მათაც დაინახეს, როგორ უახლოვდებოდნენ მათ გავარვარებულ უდაბნოში, მწველი მზის სიცხის მიუხედავად, დიდი დიდებულებით. სიხარულით ერთმანეთს დაუძახეს: „სასიხარულო ამბავი!.. სასიხარულო ამბავი!.. ალლაჰის შუამავალი მოდის!.. ჩვენი შუამავალი მოდის!.. გაიხარეთ, მედინელებო! იდღესასწაულეთ! ჰაბიბულლაჰი მოდის!.. ჩვენი თავის გვირგვინი მოდის!..“ ეს ამბავი ერთ წამში მოედო მედინეი მუნევვერეს ქუჩებს. შვიდი წლისიდან სამოცდაათი წლისამდე, მოხუციდან ავადმყოფამდე, ყველა ელოდა ამ არნახულ სასიხარულო ამბავს.

მედინელები თავიანთ საუკეთესო სამოსში გამოეწყვნენ და სამყაროთა ბატონის შესახვედრად გაეშურნენ. თექბირების ხმა ცას აზანზარებდა, სიხარულის ცრემლები ნიაღვარივით მოედინებოდა. სევდითა და ბედნიერებით სავსე ნიავი ქროდა და მედინა თავის ისტორიაში ყველაზე მშვენიერ დღეს განიცდიდა. ერთ მხარეს იყვნენ ისინი, ვინც უზენაესი ალლაჰის ჰაბიბის, რომელსაც ყველა „ემინის“ ზედწოდებით იცნობდა, მოსაკლავად მის თავზე ჯილდო დააწესეს; მეორე მხარეს კი – ისინი, ვისაც სურდათ, ის და მისი ამხანაგები დაეცვათ, გულში ჩაეკრათ და ამ გზაზე სიცოცხლე გაეწირათ.

მედინელებს ჩვენი საყვარელი შუამავლის ნათელი სახის რაც შეიძლება მალე ხილვა სურდათ. რაც მედინა მედინაა, ასეთი სასიხარულო, ასეთი დალოცვილი წამი არ ენახა. ეს იყო დღესასწაული, რომელიც იმ დღემდე არ განეცადათ. ამ დღესასწაულზე, რომლის მსგავსი არც უნახავთ და არც ნახავენ, ბავშვები, ახალგაზრდები, უფროსები, ბედნიერი ადამიანები პირველად ერთდროულად, ერთხმად მღეროდნენ ამ ლექსს:13

თალეალ-ბედრუ ალეინა,
სავსე მთვარე ამოგვიბრწყინდა
მინ სენიიათილ-ვედა,
სენიიეთულ-ვედას გორაკებიდან.
ვეჯებეშ-შუქრუ ალეინა,
მადლიერება ჩვენთვის ვაჯიბი გახდა,
მა დეა-ლილლაჰი და.
როცა კი მომწოდებელი ალლაჰისკენ მოგვიწოდებს.
ეიიუჰელ-მებუსუ ფინა,
შენ, ვინც ჩვენთან ხარ მოვლინებული,
ჯითე ბილ-ემრილ-მუთა,
ალლაჰის ბრძანება (ემრულლაჰი) მოგვიტანე.
ჯითე შერრაფთელ-მედინე,
მოხვედი და მედინას პატივი დასდე,
მერჰაბენ ია ჰაირა და.
მოგესალმებით, ჰოი, საუკეთესო მომწოდებელო!
ენთე შემსუნ, ენთე ბედრუნ,
შენ მზე ხარ, შენ სავსე მთვარე ხარ,
ენთე ნურუნ ალა ნურ,
შენ სხივი ხარ სხივზე,
ენთე მისბაჰუს-სურეიია,
შენ ხომლის ნათება ხარ,
ია ჰაბიბი, ია რესულ!
ჰოი, საყვარელო, ჰოი, შუამავალო!
ყად ლებისნა სევბე იზზინ,
ღირსებითა და პატივით აღვივსეთ,
ბადე ესვაბირ-რიქა,
ძველი ძონძებისგან გავთავისუფლდით,
ვე რადანა სედიე მეჯდინ,
დიდებას ვეწიეთ და გავძეხით,
ბადე ეიიამიდ-დაია.
ზიანში ვიყავით – მოგება ვპოვეთ.
ყალეთ აჰმარუდ-დეიაჯი,
წყვდიადის გამფანტველი მთვარე ამბობს:
ქულლი ერბაბილ-ისლამ,
„ისლამის ხალხს უთხარით:
ქულლუ მენ იეთბა მუჰამმედ,
ვინც მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) მიჰყვება,
იენბეღი ენ ლა იუდამ.
მას არასოდეს უსამართლოდ არ მოეპყროთ.“
ვე თეაჰედნა ჯემიან,
ყველამ ერთად მივეცით სიტყვა
იევმე აყსემნელ-იემინ,
იმ დღეს, როცა ფიცი დაიდო:
ლენ ნეჰუნელ-აჰდე იევმენ,
სიმართლეა ჩვენი გზა,
ვეთთეჰაზნეს-სიდყა დინ.
რჯულში ღალატი არ არის.
ლესთე ვალლაჰი ნეზიიენ,
ალლაჰს ვფიცავ, არ დავივიწყებ,
მა იუყასიჰილ-იბად,
უტკივილო დღე არ ყოფილა,
მეშჰედენ ია ნეჯმე ემნინ,
შენ მოწმე ხარ, ჰოი, მშვიდობის ვარსკვლავო:
ზუ ვებაინ ვე ვიდად.
შენი ერთგულება და სიყვარული დიდია.

„მოგესალმებით, ალლაჰის შუამავალო“, „ჩვენთან მობრძანდით, ალლაჰის შუამავალო“ – ასეთი თხოვნები ყველა მხრიდან გაისმოდა. მედინის ზოგიერთმა წარჩინებულმა ყუსვას ავშარას ჩასჭიდა ხელი და ევედრებოდა: „ალლაჰის შუამავალო! ჩვენთან მობრძანდით…“ მაშინ ჩვენმა შუამავალმა უთხრა: „ჩემი აქლემის ავშარა გაუშვით, მას ბრძანება აქვს. ვისი სახლის წინაც დაიჩოქებს, იქ ვიქნები სტუმრად!“

„ადამიანთა შორის არიან ისეთები, ვინც უზენაესი ალლაჰის კმაყოფილებისთვის თავის სულს (თავს) სწირავს“ ბაყარა: 207

ყველას დიდი მღელვარება და ცნობისმოყვარეობა დაეუფლა. ნეტავ სად დაიჩოქებდა ყუსვა? ყუსვა მედინის სიღრმისკენ მიიწევდა და ყოველი კარის წინ რომ ჩაივლიდა, სახლის პატრონები ევედრებოდნენ: „ალლაჰის შუამავალო! ჩვენთან მობრძანდით, ჩვენთან მობრძანდით!“ ჩვენი შუამავალი მათ ღიმილით ეუბნებოდა: „აქლემს გზა მიეცით! მას ნაბრძანები აქვს, სად დაიჩოქოს.“

ბოლოს ყუსვამ დაიჩოქა იქ, სადაც დღეს შუამავლის დალოცვილი მეჩეთის კარია. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აქლემიდან არ ჩამოსულა. ცხოველი კვლავ წამოდგა და წავიდა. შემდეგ წინანდელ ადგილას დაიჩოქა და აღარ ადგა. მაშინ ჩვენი შუამავალი ყუსვადან ჩამოვიდა და ბრძანა: „ინშააალლაჰ, ჩვენი სადგომი ეს არის“, შემდეგ კი იკითხა: „ეს ადგილი ვისია?“ უპასუხეს: „ალლაჰის შუამავალო! ამრის ვაჟებისაა, სუჰეილისა და სეჰლის.“ ეს ბავშვები ობლები იყვნენ. ჩვენმა შუამავალმა იკითხა: „ჩვენი ნათესავებიდან რომლის სახლია ამ ადგილთან ყველაზე ახლოს?“ ასე იმიტომ იკითხა, რომ ალლაჰის შუამავლის ბაბუის, აბდულმუტტალიბის, დედა ნეჯჯარიანებიდან იყო. ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ზეიდ ებუ ეიიუბ ელ-ენსარიმ სიხარულით თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ჩემი სახლია ყველაზე ახლოს. აი, ეს ჩემი სახლია და ეს მისი კარი“, – და აღელვებულმა მიუთითა. ყუსვას ტვირთი ჩამოხსნა და ალლაჰის შუამავალი თავის სახლში მიიწვია.14

მედინელ მუსლიმებს და მუჰაჯირებს ჩვენი შუამავლის ჰიჯრეთი უზომოდ გაუხარდათ. ამ წელს „სენეთულ-იზნი“ ეწოდება.

ჰიჯრეთის დროს გულთა წამალი, კაცობრიობის თავის გვირგვინი, უზენაესი ალლაჰის ჰაბიბი, ჩვენი შუამავალი ორმოცდაცამეტი წლისა იყო.

რა მემართება?
რა მემართება, ალლაჰის შუამავალო?
მეწვის სული და სხეული, ალლაჰის შუამავალო.
ცახცახა ალივით, საცეცხლურივით
შენი სიყვარულით ვბოლავ, ალლაჰის შუამავალო.
შენთან განშორების ნაღველით ამდენი ხანია
ვდნები და ვილევი, ალლაჰის შუამავალო.
შენ ხარ შაჰი ლევლაქი – შენთვის გაჩნდა სამყარო; შენს მაღალ კარზე
თავს მორჩილად ვხრი, ალლაჰის შუამავალო.
მიწაზე, სადაც შენ გაიარე, ვარდები აყვავდა,
და მე მასზე ეკალი ვარ, ალლაჰის შუამავალო.

ებუ ეიიუბ ელ-ენსარი (რადიალლაჰუ ანჰ)