საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

მედინეი მუნევვერეს ხანა

ჩვენი საყვარელი შუამავლის მედინაში ჰიჯრეთით, ბისეთის მეცამეტე წელს, რებიულ ევველის 12-ში, ჩვენი წელთაღრიცხვის 622 წელს, დაიწყო მედინის ხანა, რომელიც ათ წელს უნდა გაგრძელებულიყო. როცა ჩვენმა შუამავალმა ჰალიდ ბინ ზეიდ ებუ ეიიუბ ელ-ენსარის სახლს თავისი მობრძანებით პატივი დასდო, ქვედა სართულზე ცხოვრება ამჯობინა და იქ დაბინავდა.1 ასე ამ დალოცვილ კაცს წილად ხვდა პატივი, რომ სამყაროს ბატონი თავის სახლში სტუმრად ჰყოლოდა.

ჰაზრეთი ჰალიდი მოგვითხრობს: „როცა ალლაჰის შუამავალმა ჩემს სახლს პატივი დასდო, ქვედა სართულზე ცხოვრება ამჯობინა. ჩვენ ზედა სართულზე ვცხოვრობდით და ეს ძალიან გვაწუხებდა. ერთ დღეს ვუთხარი: ‚დედ-მამა გენაცვალოთ, ალლაჰის შუამავალო! გული არ მიდევს, რომ მე ზემოთ ვცხოვრობდე, თქვენ კი – ქვემოთ, ეს შესაფერისად არ მიმაჩნია. ეს ძალიან მძიმედ მაწევს. გთხოვთ, ნება მოგვეცით, რომ თქვენ ზემოთ იცხოვროთ, ჩვენ კი – ქვემოთ.‘ ამაზე ბრძანა: ‚ებუ ეიიუბ! ჩვენთვის სახლის ქვედა სართულზე ყოფნა უფრო შესაფერისი და მოხერხებულია.‘ მომსვლელ სტუმრებთან უფრო თავისუფლად შეხვედრის მიზნით ქვედა სართულზე დარჩენა მიიჩნია მიზანშეწონილად. ჩვენ კი სახლის ზედა სართულზე ვიყავით.

ერთ დღეს წყლის დოქი გაგვიტყდა. იმის შიშით, რომ დაღვრილი წყალი ალლაჰის შუამავალს არ დასწვეთებოდა და არ შეეწუხებინა, მე და ჩემმა ცოლმა ერთადერთი ხავერდის საბანი, რომლითაც ვიფარებოდით, მაშინვე წყალს დავაფარეთ.“

ებუ ეიიუბ ელ-ენსარის ზედა სართულზე ყოფნა უაღრესად აწუხებდა. ბოლოს თვითონ ჩავიდა ქვედა სართულზე და ალლაჰის შუამავალი ზემოთ აიყვანა. ჰაზრეთი ებუ ეიიუბმა თქვა: „ალლაჰის შუამავალს მუდამ ვახშამს ვუმზადებდით და ვუგზავნიდით. როცა დანარჩენს უკან გამოგვიგზავნიდა, მე და ჩემი ცოლი, უმმუ ეიიუბი, ვეძებდით ადგილებს, რომლებსაც ალლაჰის შუამავლის ხელი შეხებოდა, იქიდან ვჭამდით და ამით ბარაქას ვეზიარებოდით. ერთ ღამეს ალლაჰის შუამავალმა ხახვიანი თუ ნივრიანი კერძი, რომელიც მოვამზადეთ და გავუგზავნეთ, უკან დაგვიბრუნა. როცა ზედ მისი ხელის კვალი ვერ დავინახე, მოთქმით მივედი მასთან და ვუთხარი: ‚ალლაჰის შუამავალო! დედ-მამა გენაცვალოს! ვახშამი უკან დააბრუნეთ. მაგრამ ზედ თქვენი დალოცვილი ხელის კვალი ვერ დავინახე. მე და უმმუ ეიიუბი კი თქვენ მიერ დაბრუნებულ საჭმელში ვეძებთ ადგილებს, რომლებსაც თქვენი ხელი შეეხო, და ამით ბარაქას ვეზიარებით.‘ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: ‚ამ მწვანილში რაღაც სუნი ვიგრძენი. ამიტომ არ ვჭამე. მე ანგელოზთან მოსაუბრე კაცი ვარ.‘ ვკითხე: ‚ის საჭმელი ჰარამია?‘ როცა ბრძანა: ‚არა! მაგრამ მისი სუნის გამო არ მომეწონა‘, ვუთხარი: ‚რაც თქვენ არ მოგწონთ, არც მე მომწონს!‘ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: ‚თქვენ ჭამეთ.‘ ამაზე ჩვენ ის ვჭამეთ და ალლაჰის შუამავლისთვის იმ მწვანილით საჭმელი აღარასოდეს მოგვიმზადებია.

კიდევ ერთხელ ალლაჰის შუამავლისა და ებუ ბექირისთვის საკმარისი საჭმელი მოვამზადე და მათ წინაშე მივიტანე. ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: ‚ებუ ეიიუბ! ენსართა წარჩინებულთაგან ოცდაათი კაცი მოიწვიე.‘ როცა ვფიქრობდი, რომ საჭმელი ცოტა იყო და, ალბათ, უკეთილშობილეს შუამავალს ის ბევრი ეგონა, კვლავ ბრძანა: ‚ებუ ეიიუბ! ენსართა წარჩინებულთაგან ოცდაათი კაცი მოიწვიე.‘ ათასგვარ ფიქრში გართულმა ენსართაგან ოცდაათი კაცი მოვიწვიე და მოვიდნენ. იმ საჭმლიდან ჭამეს და გაძღნენ. მიხვდნენ, რომ ეს სასწაული იყო, მოსულებს რწმენა განუმტკიცდათ და კიდევ ერთხელ დადეს ბიათი. შემდეგ წავიდნენ. ამ რჩეული საჰაბეების წასვლის შემდეგ ამჯერად ბრძანა: ‚სამოცი კაცი მოიწვიე.‘ რადგან ვხედავდი, რომ საჭმელი სასწაულებრივად არ კლებულობდა, კიდევ უფრო გახარებულმა სამოცი კაცი მოვიწვიე ალლაჰის შუამავლის წინაშე.

„აქლემს გზა მიეცით! მას ნაბრძანები აქვს, სად დაიჩოქოს“ ჰადისი შერიფი

მედინეი მუნევვერე და მისი შემოგარენი

მოვიდნენ და იმ საჭმლიდან ჭამეს. ყველამ ალლაჰის შუამავლის სასწაული დაადასტურა და დაბრუნდა. შემდეგ ბრძანა: ‚ენსართაგან ოთხმოცდაათი კაცი დაუძახე.‘ დავუძახე და მოვიდნენ. ალლაჰის შუამავლის ბრძანებით ათ-ათად სხდებოდნენ სუფრასთან და ჭამდნენ; ყველამ ეს დიდი სასწაული იხილა და წავიდა. ასე ას ოთხმოცმა კაცმა ჭამა. საჭმელი კი იმდენივე იყო, რამდენიც მე მივიტანე, და ისე გამოიყურებოდა, თითქოს ხელიც არავის ეხლო.“2

ენსარებისა და მუჰაჯირების დაძმობილება

ჩვენმა შუამავალმა მედინეი მუნევვერეში უფრო მტკიცე ერთობის დასამყარებლად გადასახლებული მუჰაჯირები და ენსარები, რომლებმაც ისინი თავიანთ სახლებში შეიფარეს, ერთმანეთს დააძმო. როცა ჰაზრეთი ალი ბოლოს დარჩა, ეგონა, დამივიწყესო, და ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! დამივიწყეთ?“ მაშინ სამყაროთა ბატონმა ბრძანა: „შენ ამქვეყნადაც და საიქიოშიც ჩემი ძმა ხარ.“ ეს ძმობა მატერიალურ და სულიერ ურთიერთშემწეობას ეფუძნებოდა. ამით სამშობლოს, კერისა და ნათესავების მოშორების სევდა ცოტათი მაინც გაქარწყლდებოდა. ისედაც მედინელი მუსლიმები თავიანთ მუჰაჯირ ძმებს, რომლებმაც უზენაესი ალლაჰის რჯულით ცხოვრებისა და მისი გავრცელებისთვის სამშობლო მიატოვეს, მკლავგაშლილნი შეხვდნენ, სახლებში მიიპატიჟეს და ყოველგვარი დახმარების აღმოსაჩენად თავგამოდებით ირჯებოდნენ. ამ ძმობის დამყარებით ერთმანეთს კიდევ უფრო გულითადად ჩაეხვივნენ. ალლაჰის შუამავალმა ყოველი მუჰაჯირი მისი ხასიათის შესაფერის ენსართან დააძმო. ეს ძმობა იმდენად მტკიცე იყო, რომ მამისგან დარჩენილ ქონებასაც კი ინაწილებდნენ.3

ყოველი მედინელი თავის მიწას, ვენახს, ბაღს, სახლს, ქონებას… რაც ებადა, ორად ყოფდა და ნახევარს სიამოვნებით აძლევდა თავის მუჰაჯირ ძმას. მუჰაჯირთაგან ჰაზრეთი აბდურრაჰმან ბინ ავფი მოგვითხრობს: „როცა მედინეი მუნევვერეში ჰიჯრეთი აღვასრულეთ, ალლაჰის შუამავალმა სა’დ ბინ რებისთან დამაძმო. მაშინ ჩემმა ძმამ, სა’დმა, მითხრა: ‚ჩემო ძმაო, აბდურრაჰმან! მედინელ მუსლიმთა შორის ქონებით ყველაზე მდიდარი მე ვარ. ჩემი ქონება ორად გავყავი, ნახევარი შენია.‘ მე კი ვუთხარი: ‚უზენაესმა ალლაჰმა შენი ქონება დალოცვილი და სასიკეთო გაგიხადოს. მე ქონება არ მჭირდება. მხოლოდ თქვენს ბაზარში წამიყვანე, სადაც ვაჭრობთ, და ესეც კმარა.‘“

ასეთი თავგანწირვა მხოლოდ ისლამური ძმობით იყო შესაძლებელი. ადამიდან (ალეიჰისსელამ) იმ დრომდე უამრავი გადასახლება მომხდარიყო. მაგრამ ასეთი აზრიანი და ამაღლებული ჰიჯრეთი, მოსულებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ასეთი სიყვარულით აღსავსე დაახლოება და გულწრფელი ჩახუტება არ ყოფილა. ამიტომაც უზენაესმა ალლაჰმა შინაარსით ბრძანა: „მორწმუნეები მხოლოდ ძმები არიან.“4 ამით მითითებული იყო, რომ ნამდვილი სიყვარული და გულწრფელობა მატერიალურ სარგებელს კი არა, მხოლოდ რწმენასა და რჯულს შეიძლება ეფუძნებოდეს. საჰაბეებში ეს მდგომარეობა ალლაჰის შუამავლის ერთი საუბრით მიიღწეოდა. ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი გულიდან ზღვებივით აღმოხეთქილი სულიერი სიუხვე (ფეიზი) და ბარაქა საჰაბეთა გულებში იღვრებოდა და ამის შედეგად მათ ერთმანეთი არნახული თავგანწირვით უყვარდათ და თავიანთ ძმებს საკუთარ თავზე წინ აყენებდნენ.

„ჩემო უფალო! როგორც მექქა გვიყვარს, ისე შეგვაყვარე მედინაც. მექქაზე მეტადაც შეგვაყვარე. ჩემო უფალო! ჩვენს საწყაოებსა და ჭურჭელს ბარაქა მიეცი. მედინა ჩვენთვის ჯანსაღ ქალაქად აქციე. მისი ჰაერი სასიკეთო გახადე!“ ჰადისი შერიფი

ენსარებმა და მუჰაჯირებმა ამ ახალ ისლამურ ცენტრში ხელიხელჩაკიდებულებმა, გულით გულს მიკრულებმა, სიტყვა მისცეს ერთმანეთს, რომ ისლამის რჯულის გაძლიერებისთვის ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებდნენ და ბოლოს შეჰიდობის ხარისხს მიაღწევდნენ. ასე ალლაჰის შუამავლის გარშემო შემოიკრიბნენ, ისლამის რჯულის საფუძვლებს მიჰყვნენ და ახალ წესრიგსა და ბედნიერ ცხოვრებას აშენებდნენ. ისლამმა ჰიჯრეთის მოვლენით „სახელმწიფოდ“ ქცევის გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა. მედინეი მუნევვერე კი ისლამის რჯულის აკვნად და ცენტრად იქცეოდა.

მედინაში საჰაბეების გარდა ქრისტიანები, იუდეველები და კერპთაყვანისმცემლებიც ცხოვრობდნენ. იუდეველები სამი ტომისგან შედგებოდნენ: ბენი ყაინუყა, ბენი ყურეიზა და ბენი ნადირი. ისინი ისლამისა და განსაკუთრებით ჩვენი საყვარელი შუამავლის მიმართ უაღრესად მტრულად იყვნენ განწყობილნი.

ამასობაში მექქელმა კერპთაყვანისმცემლებმა თავიანთთვის დიდ საფრთხედ მიიჩნიეს ის, რომ ჩვენმა შუამავალმა მედინაში თავისი საჰაბეები ერთმანეთის დაძმობილებით შეაკავშირა. თუ ამ საქმეს მალე არ მოერეოდნენ, მუსლიმები გაძლიერდებოდნენ, მექქას თავს დაესხმოდნენ და მათ მიერ მიტოვებულ მიწებს, სახლებსა და სამშობლოს წაართმევდნენ… ამ ფიქრებით შეპყრობილი მექქელი კერპთაყვანისმცემლებისგან მედინელ მუსლიმებს მუქარის წერილები მოსდიოდათ. ამ წერილებიდან ერთ-ერთში ეწერა: „ეჭვი არ არის, რომ არაბთა არცერთ ტომს, რომელთანაც მტრობა გვაქვს, ისე არ გავუბრაზებივართ, როგორც თქვენ, რადგან, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენიანი კაცი ჩვენთვის გადმოგეცათ, მას შემწეობა გაუწიეთ და მკლავგაშლილებმა შეიფარეთ. ეს თქვენი ძალიან დიდი დანაშაულია. გთხოვთ, ჩვენსა და მას შორის ნუ ჩადგებით და ის ჩვენ დაგვითმეთ. თუ მისი საქმე კარგად წავა, ამით ყველაზე მეტად ჩვენ გავიხარებთ. თუ პირიქით მოხდება, მისი დაოკება ისევ ჩვენ გვმართებს!..“

ამ წერილს ჰაზრეთი ქა’ბ ბინ მალიქმა ძალიან მშვენიერი პასუხი გასცა, რომელშიც ჩვენს შუამავალს აქებდა.

მექქელმა კერპთაყვანისმცემლებმა მედინელ კერპთაყვანისმცემლებსაც ასეთივე მუქარის წერილები მისწერეს. მათაც ემუქრებოდნენ: „თუ ჩვენს კაცს თქვენი ქალაქიდან არ გააძევებთ ან არ მოკლავთ, თავს დაგესხმებით, დაგხოცავთ და თქვენს ქალებს ჩვენს სამსახურში ჩავაყენებთ!..“

ამაზე მედინელი კერპთაყვანისმცემლები მუნაფიყის (თვალთმაქცის), აბდულლაჰ ბინ უბეიის, გარშემო შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, ალლაჰის შუამავლისთვის ზიანი მიეყენებინათ, როგორც კი შემთხვევა მიეცემოდათ.

როცა მუსლიმებმა ეს შეიტყვეს, ჩვენი საყვარელი შუამავლის დასაცავად ყველაფერი იღონეს, რაც შეეძლოთ, და მის გარშემო მჭიდროდ შეიკრნენ. ისეთ დღეში ჩავარდნენ, რომ ღამით ვერც ქუჩაში გამოდიოდნენ და ვერც თავიანთ სახლებში იძინებდნენ.

უბეიი ბინ ქა’ბი მოგვითხრობს: „როცა ალლაჰის შუამავალმა და მისმა საჰაბეებმა მედინეი მუნევვერეს თავიანთი მობრძანებით პატივი დასდეს, მუსლიმები კერპთაყვანისმცემელი არაბული ტომების მტრობის სამიზნედ იქცნენ. საჰაბეები შეიარაღებულნი დილამდე დარაჯობდნენ.“

ასჰაბი ქირამი ერთ სხეულად იქცა და საშიშ ვითარებაში მთელი ძალით მიეშველებოდა მუსლიმ ძმებს. მათ სათავეში ჩვენი საყვარელი შუამავალი იდგა. როგორც ყოველ მშვენიერ თვისებაში, ისე სიმამაცეშიც ალლაჰის შუამავალი თავის საჰაბეებზე წინ იყო. ღამის რომელ საათზეც არ უნდა გაგონილიყო რაიმე ყვირილი, ჩვენი შუამავალი, სანამ ვინმე მივიდოდა, ცხენით ელვასავით იქ ჩნდებოდა, საჰაბეებს აუწყებდა, რომ შიშის საფუძველი არ იყო, და ამშვიდებდა მათ.

„ალი! შენ ამქვეყნადაც და საიქიოშიც ჩემი ძმა ხარ“ ჰადისი შერიფი

ორი სამყაროს სულთნის
დაბადების თვე კვლავ დადგა,
ცოდნისა და შემეცნების მადნის
დაბადების თვე კვლავ დადგა.
მოვიდეს, ვინც შეფაათს ითხოვს,
იხაროს, ვისაც ის უყვარს,
მშვენიერი ზნეობის პატრონის
დაბადების თვე კვლავ დადგა.
წყვდიადის სავსე მთვარის, დილის მზის,
ალლაჰის ვარდნარის ვარდის,
ალლაჰის ჰაბიბის, მუსტაფას
დაბადების თვე კვლავ დადგა.
სადაა ერთგული შეყვარებული? –
დაე, ჰპოვოს სიმშვიდე მისმა სულმა და სხეულმა,
ჭეშმარიტების საიდუმლოს საგანძურის
დაბადების თვე კვლავ დადგა.
ვისაც ის, ჰუდაიი, უყვარს,
სანატრელ მიზანს ეწევა,
სამყაროს სიამაყის, ადამიანთა საუკეთესოს
დაბადების თვე კვლავ დადგა.

მედინის ძველი ხედი

მესჯიდი ნებევი / მედინეი მუნევვერე

ნაკვეთი, სადაც ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აქლემმა, ყუსვამ, დაიჩოქა, როცა ის მედინეი მუნევვერეში ჰიჯრეთით მივიდა.

ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ეს ნაკვეთი იყიდა და მასზე მეჩეთი ააშენებინა.

ის გარდაიცვალა თავის სახლში, რომელიც ამ მეჩეთს ეკვროდა,

და მისი დალოცვილი წმინდა საფლავიც ამ ოთახში მოეწყო.

შემდგომში ამ ოთახში დაკრძალეს ჰაზრეთი ებუ ბექირი და ჰაზრეთი ომერი (რადიალლაჰუ ანჰუმა).

ნაუწყებია, რომ მათ გვერდით, ერთი კაცის ადგილას,

ისა (ალეიჰისსელამ) დაიკრძალება.