საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

საჰაბეთა აღზრდა

მესჯიდი ნებევი

როცა ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინას თავისი მობრძანებით პატივი დასდო, პირველ საქმედ ისეთი მეჩეთის აშენება ისურვა, სადაც თავის საჰაბეებს აღზრდიდა და ჯემაათით ნამაზს შეასრულებდა. ამ დროს ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! უზენაესი ალლაჰი გიბრძანებს, რომ მისთვის ქვისა და ალიზისგან სახლი (მეჩეთი) ააშენო.“ უკეთილშობილესმა ჰაბიბმა მაშინვე ისურვა, პატრონებისგან ეყიდა ის ადგილი, სადაც მედინაში მოსვლისას მისმა აქლემმა, ყუსვამ, დაიჩოქა. პატრონებს ძალიან სურდათ, ის ეჩუქებინათ, და ამბობდნენ: „ალლაჰის შუამავალო! მის საფასურს მხოლოდ უზენაესი ალლაჰისგან მოველით. ამ ადგილს ალლაჰის კმაყოფილებისთვის გჩუქნით.“ ამის მიუხედავად, ჩვენმა შუამავალმა საჩუქარი არ მიიღო და საფასური, თანაც მეტით, გადაიხადა.1

ერთი მხრივ, ნაკვეთს ასწორებდნენ და ამზადებდნენ, მეორე მხრივ კი ალიზს ჭრიდნენ და ქვებს ეზიდებოდნენ. ბოლოს, როცა ყველაფერი მომზადდა, საძირკვლის ჩასაყრელად შეიკრიბნენ. საძირკველში პირველი ქვა მუჰამმედ მუსტაფამ (სალლალლაჰუ თეალა ალეიჰი ვესელლემ) თავისი დალოცვილი ხელებით ჩადო. შემდეგ თანმიმდევრობით ბრძანა: „ებუ ბექირმა თავისი ქვა ჩემი ქვის გვერდით დადოს! ომერმა თავისი ქვა ებუ ბექირის ქვის გვერდით დადოს! ოსმანმა თავისი ქვა ომერის ქვის გვერდით დადოს! ალიმ თავისი ქვა ოსმანის ქვის გვერდით დადოს!“ მისი ბრძანებები რომ შესრულდა, იქ მყოფ საჰაბეებს უბრძანა: „თქვენც დადეთ თქვენი ქვები.“ მათაც დაიწყეს დადება.

მეჩეთის მშენებლობაზე, ჩვენი საყვარელი შუამავლით დაწყებული, ყველა საჰაბე შეუსვენებლად მუშაობდა. თავიანთი დალოცვილი ზურგებით ქვასა და ალიზს ეზიდებოდნენ. საძირკველი ქვით ერთნახევარი მეტრის სიმაღლეზე ამოიყვანეს, ზემოთ კი ალიზით ააშენეს. ერთ დღეს ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ალიზი მიჰქონდა. ერთ-ერთი საჰაბე მივიდა მასთან და განსაკუთრებული თავაზიანობით უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! ნებას მომცემთ, ალიზი მე წავიღო?“ შუამავალთა ბეჭედმა (ხათემულ-ენბიამ) მას კიდევ უფრო დიდი თავაზიანობით აუწყა, რომ თავად უფრო მეტად საჭიროებდა სევაბის (ჯილდოს) მოპოვებას, და ალიზი არ მისცა. ურჩია, რომ ისიც წასულიყო და ქვა მოეტანა.

მესჯიდი ნებევის მშენებლობაზე ყველაზე მეტად მომუშავეთა შორის ალლაჰის შუამავალიც იყო. ყველაზე მძიმე ლოდებს იკიდებდა და, თუმცა დალოცვილი მკერდი ეკუმშებოდა, ოსტატებთან მიჰქონდა. ამ ქვებისა და ალიზის ზიდვისას საჰაბეებს აქეზებდა: ესაუბრებოდა იმ საქმის ფასზე, რასაც აკეთებდნენ, და ახარებდა წყალობებს, რომლებსაც ეწეოდნენ.

როცა მუსლიმებმა ჩვენი შუამავლის ეს მონდომება დაინახეს, დიდი სიყვარულით მუშაობდნენ. მეტიც, როცა ყველას თითო ალიზი მიჰქონდა, ამმარ ბინ იასერს ორი მიჰქონდა – ერთი ჩვენი შუამავლისთვის, ერთიც თავისთვის. ეს რომ ალლაჰის შუამავალმა დაინახა, მასთან მივიდა. თავისი დალოცვილი ხელით ჰაზრეთი ამმარს ზურგზე მოეფერა და ბრძანა: „სუმეიიეს შვილო! შენ ორი ჯილდო გაქვს, სხვებს კი – ერთი!“

მეჩეთის კედლები მალე დასრულდა და ზემოდან გადახურეს. ოთახები, არაბული ჩვეულებისამებრ, ფინიკის პალმის ტოტებისგან იყო და ზემოდან თმის ნაბდით იყო გადახურული. კარებზე მხოლოდ ფარდა ეკიდა. ოთახები მეჩეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით იყო. მათი უმეტესობის კარი მეჩეთში იღებოდა. ჭერის სიმაღლე საშუალო ტანის ადამიანის სიმაღლეზე ერთი მტკაველით მეტი იყო. ჰაზრეთი ფატიმასა და ჰაზრეთი აიშეს ოთახებს შორის კარი იყო. ამას გარდა, ალლაჰის შუამავლისთვის მეჩეთზე მიდგმით ალიზისგან ორი ოთახი ააშენეს. ესენიც ფინიკის პალმის მორებითა და ტოტებით გადახურეს. დროთა განმავლობაში ამ ოთახების რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. მეჩეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩვენი შუამავალი ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ზეიდის სახლიდან მისთვის აშენებულ სახლში გადავიდა.2

„მორწმუნეები მხოლოდ ძმები არიან“ ჰუჯურათ: 10

ალლაჰის შუამავალო!
შეყვარებულებს მუდამ რაც აგიჟებს,
– შენი სახეა, ალლაჰის შუამავალო.
დილით და საღამოს რაც მათ ოხვრას ათქმევინებს,
– შენი მონატრებაა, ალლაჰის შუამავალო!
დღე და ღამე ჩემს საქმეს რაც ქვითინად აქცევს,
მონატრების ცეცხლით გულს რაც მიწვავს,
ჩემს თვალებს გამუდმებით რაც ატირებს,
– შენგან განშორებაა, ალლაჰის შუამავალო!
ალლაჰის წყალობა, რომელიც ასფიაებმა იხილეს,3
სიამე და ნეტარება, რომელიც ევლიაებმა იგემეს,4
ამაღლება, რომელსაც შუამავლები ეწიეს, ჰოი, შაჰო,
– შენი ბედნიერება და სიდიადეა, ალლაჰის შუამავალო!
შემიწყალე მე – უცხო და მოხეტიალე,
ცოდვილი ვარ, შეიწყალე ჩემი შავი სახე,
უპატრონოსა და უმწეოს თანაგრძნობა
– შენი ჩვეულებაა, ალლაჰის შუამავალო!
ჰოი, ცოდვილთა შეფაათის გამწევო, ერთადერთის სხივო,
ნასუჰი შენი მსახურია, ნუ განდევნი,
მოწყალე იყავ, შენი წყალობის კარიდან ნუ გააძევებ,
შენი უმმეთიდანაა, ალლაჰის შუამავალო!
ნასუჰი უსქუდარი

ფინიკის მორის ქვითინი

მესჯიდი ნებევიში ერთი ჩარჭობილი ფინიკის მორი იყო. ჩვენი შუამავალი პარასკევობით ჰუტბეს მეჩეთში ამ ბოძზე მიყრდნობილი წარმოთქვამდა, რომელსაც ჰანნანე ერქვა.

შემდეგ სამსაფეხურიანი მინბარი გააკეთებინა. ერთ პარასკევს ალლაჰის შუამავალი და საჰაბეები მესჯიდი ნებევიში შეიკრიბნენ. როცა ჩვენი შუამავალი ჰუტბის წარმოსათქმელად ახალ მინბარზე ავიდა, ფინიკის გამხმარმა მორმა, რომელსაც ადრე ეყრდნობოდა, ისე, რომ ყველას ესმოდა, ტირილი და ქვითინი დაიწყო ხმით, რომელიც მაკე აქლემის ტირილს მოგაგონებდათ. ყველა საჰაბე გაოცებით უსმენდა ამ ხმას. მაგრამ ხმა არაფრით წყდებოდა. მაშინ სამყაროთა ბატონი მინბარიდან ჩამოვიდა და თავისი დალოცვილი ხელებით მორს მოეფერა. იმ წამს ტირილი და ქვითინი შეწყდა. როცა საჰაბეებმა ფინიკის გამხმარი მორის ეს სიყვარული და ტრფიალი ჩვენი შუამავლისადმი დაინახეს, ცრემლები ვეღარ შეიკავეს.

ამ ამბავთან დაკავშირებით ჰაზრეთი ენეს ბინ მალიქმა თქვა: „მისი ხმისგან მეჩეთიც კი შეზანზარდა“, ხოლო იბნი ები ვედაამ: „ფინიკის მორი გაიბზარა და ადგილიდან დაიძრა. ალლაჰის შუამავალი რომ მივიდა და მასზე თავისი დალოცვილი ხელი დადო, მხოლოდ მაშინ დადუმდა.“

ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომლის ძლიერების ხელშიცაა ჩემი სული, მას რომ არ მოვფერებოდი, ჩემდამი მონატრებისა და სევდის გამო განკითხვის დღემდე ასე იტირებდა.“ სხვა გადმოცემით ასე ითქვა: შუამავალი (ალეიჰისსელამ) ფინიკის გამხმარ მორს მიუბრუნდა და ბრძანა: „თუ გსურს, იმ ბაღს დაგიბრუნებ, სადაც იყავი. კვლავ ტოტები და ფოთლები გამოიღე და წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდი. თუ გსურს, სამოთხეში დაგრგავ და უზენაესი ალლაჰის მეგობრებმა შენი ნაყოფიდან ჭამონ.“ ალლაჰის შუამავალმა მას ყური მიუგდო და გაიგონა, რომ ამბობდა: „სამოთხეში დამრგე, ჩემი ნაყოფი უზენაესი ალლაჰის მეგობრებმა ჭამონ, და ისეთ ადგილას ვიყო, სადაც არც დავბერდები და არც დავლპები.“ ხის ეს საუბარი ჩვენი შუამავლის გვერდით მყოფებმაც გაიგონეს. მაშინ ალლაჰის შუამავალმა მიუგო: „გავაკეთებ, რაც გსურს.“ შემდეგ საჰაბეებს მიუბრუნდა და ბრძანა: „დარი ბექა დარი ფენას (ამ ქვეყანას) ამჯობინა.“5 შემდეგ ალლაჰის შუამავლის ბრძანებით ფინიკის მორი მიწაში ჩაფლეს.

ოჯახის წევრების მედინაში ჩამოსვლა

როცა სამყაროს ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) და ჰაზრეთი ებუ ბექირმა ჰიჯრეთი აღასრულეს, შვილები მექქაში დატოვეს. იმამ ბუჰარის მიერ გადმოცემულ ჰადისი შერიფში ჰაზრეთი აიშემ თქვა, რომ ალლაჰის შუამავალმა მას უთხრა: „აიშე! ორჯერ მაჩვენეს სიზმარში. თითქოს მწვანე აბრეშუმის ქსოვილის ნაჭერზე შენი სურათი ვიხილე და მითხრეს: ‚ამ სურათის პატრონი შენი მომავალი მეუღლეა.‘“ ამ სიზმრის შემდეგ (ჩვენი დედის, ჰაზრეთი ჰატიჯეს, გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ) ჩვენი შუამავალი და ჩვენი დედა, ჰაზრეთი აიშე, ჯერ კიდევ მექქაში ყოფნისას დაინიშნენ. მაგრამ ქორწილი ჯერ არ გამართულა. ჩვენი დედა ჰაზრეთი აიშე ამას ასე მოგვითხრობდა: „როცა ალლაჰის შუამავალმა მედინაში ჰიჯრეთი აღასრულა, ჩვენ და თავისი ქალიშვილები მექქაში დაგვტოვა. მედინას რომ პატივი დასდო, თავისი გათავისუფლებული მონა, ზეიდ ბინ ჰარისე, და ებუ რაფი’ ჩვენთან გამოგზავნა 500 დირჰემით, რომ ორი აქლემი და ის, რაც დაგვჭირდებოდა, ეყიდათ.

მამაჩემმაც აბდულლაჰ ბინ ურეიყიტი ორი-სამი აქლემით მათ მიაყოლა და ჩემს ძმას, აბდულლაჰს, წერილით დაავალა ჩვენი – დედაჩემის, ჩემი და ჩემი დის, ესმას – აქლემებზე შესმა და გამოგზავნა. მე, დედაჩემი უმმუ რუმანი, ალლაჰის შუამავლის ქალიშვილები, ჰაზრეთი ფატიმათუზ-ზეჰრა და უმმუ გულსუმი, მისი მეუღლე სევდე, აგრეთვე უმმუ ეიმენი და უსამე, ყველანი ერთად გავუდექით გზას. ყუდეიდში რომ მივედით, ზეიდმა 500 დირჰემით კიდევ სამი აქლემი იყიდა. ქარავანს ტალჰა ბინ უბეიდულლაჰიც შეუერთდა. მინადან ადგილს, სახელად ბეიდს, რომ მივაღწიეთ, ჩემი აქლემი გაიქცა. მე კაჟავაში ვიყავი. დედაჩემიც ჩემთან იყო. დედა თავში იცემდა: ‚ვაიმე, ჩემო გოგონავ, ვაიმე, ჩემო პატარძალო!‘ უზენაესმა ალლაჰმა ჩვენი აქლემი დააწყნარა და გადაგვარჩინა. ბოლოს მედინაში ჩავედით. მე მამაჩემის ოჯახთან ერთად ჩამოვედი. ალლაჰის შუამავლის ოჯახი კი მისი ოთახების წინ ჩამოვიდა.“

„მას (ჰანნანეს) რომ არ ჩავხვეოდი, ჩემგან განშორების გამო განკითხვის დღემდე იტირებდა“ ჰადისი შერიფი

ჩვენი დედა, ჰაზრეთი აიშე, გარკვეული ხნის განმავლობაში მამამისის, ჰაზრეთი ებუ ბექირის, სახლში ცხოვრობდა. მათი ქორწილი ბედრის ღაზვის შემდეგ გაიმართა.

რა ბედნიერია ის კაცი,
ვისი საკითხავიც ყურანია!
ეზანსა და იყამეთს რომ ისმენს,
გული რწმენით ევსება!

ეზანი მუჰამმედი

მესჯიდი ნებევის აშენების შემდეგ არ არსებობდა წესი, რომელიც ნამაზის დროის დადგომას აუწყებდა და მუსლიმებს მეჩეთში მოუწოდებდა. მხოლოდ ამბობდნენ: „ესსალათუ ჯამია (მობრძანდით ნამაზზე)“.

ერთ დღეს ალლაჰის შუამავალმა საჰაბეებს რჩევა ჰკითხა, ნამაზის დროს მორწმუნეები მეჩეთში როგორ მოეწვიათ. ზოგმა თქვა, ნამაზის დროის საუწყებლად ქრისტიანების მსგავსად ნაყუსი, ანუ ზარი დავრეკოთო; ზოგმა – იუდეველების მსგავსად საყვირი ჩაიბეროსო. ზოგმა კი თავისი აზრი ასე თქვა: „ნამაზის დროს ცეცხლი დავანთოთ და მაღლა ავწიოთ.“ ალლაჰის შუამავალმა არცერთი არ მიიღო.6

აბდულლაჰ ბინ ზეიდ ბინ სა’ლებემ და ჰაზრეთი ომერმა სიზმარში ეზანის წაკითხვა იხილეს. ჰაზრეთი აბდულლაჰი ჩვენს საყვარელ შუამავალთან მივიდა და თავისი სიზმარი ასე უამბო: „ვიხილე კაცი, რომელსაც მწვანე შალი და წინსაფარი ჰქონდა შემოკრული და ხელში ზარი ეჭირა. ვკითხე: ‚ხელში რომ ზარი გიჭირავს, გაყიდი?‘ მითხრა: ‚რად გინდა?‘ როცა ვუთხარი: ‚ნამაზის დროის საუწყებლად დავრეკავ‘, იმ კაცმა მითხრა: ‚მე შენ უკეთესს გასწავლი‘, ყიბლისკენ მიბრუნდა და ხმამაღლა დაიწყო: ‚ალლაჰუ ექბერ, ალლაჰუ ექბერ…‘ როცა დაასრულა, თქვა: ‚ნამაზზე დადგომისასაც‘, ეზანი გაიმეორა და ბოლოსკენ დაუმატა სიტყვები: ‚ყად ყამეთის-სალათუ‘.“

ამაზე ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „სიზმარი ჭეშმარიტია. ეს სიტყვები ბილალს ასწავლე, მან წაიკითხოს!“ ამას ეზანი ეწოდა.7

ჰაზრეთი ბილალი წმინდა მეჩეთთან ახლოს მდებარე ერთ მაღალ ბანზე ავიდა და პირველი ეზანი ნასწავლი სიტყვებით წაიკითხა.

როცა ჰაზრეთი ომერმა ეზანის ხმა გაიგონა, სირბილით მივიდა ალლაჰის შუამავლის წინაშე. მოახსენა, რომ ჰაზრეთი ბილალის მიერ წარმოთქმული სიტყვები სიზმარში ზუსტად ასევე იხილა. იმ ღამეს საჰაბეთა ნაწილსაც იგივე სიზმარი ენახა. სწორედ ამ დროს გარდამოევლინა სურა ჯუმას მე-9 წმინდა აიათი და ეზანი ვაჰიით (ზეშთაგონებითაც) ეუწყათ.

ერთ დღეს, დილის ნამაზის დროს, ბილალ ჰაბეშიმ ჩვენი საყვარელი შუამავლის კართან ორჯერ დაიძახა: „ესსალათუ ჰაირუნ მინენ-ნევმ“.8 ეს ჩვენს შუამავალს მოეწონა. ბრძანა: „ბილალ, რა მშვენიერი სიტყვაა! დილის ეზანის წაკითხვისას ესეც თქვი.“ ასე დილის ეზანში ეს სიტყვაც დაიწყეს თქმა.

ბილალ ჰაბეშს, რომელიც ჩვენი შუამავლის გარდაცვალებამდე მუეზინი იყო, მძლავრი, ძალიან მშვენიერი და მეტად შთამბეჭდავი ხმა ჰქონდა. როცა ეზანის წაკითხვას იწყებდა, ყველა დიდი სიყვარულითა და აღტაცებით უსმენდა და თავს ივიწყებდა. ეზანს რომ კითხულობდა, ყველას ატირებდა.

საჰაბეები ნამაზის დროს ერთმანეთს მეჩეთში ეზანი მუჰამმედით რომ იწვევდნენ, მედინელ კერპთაყვანისმცემლებსა და იუდეველებს ძალიან უცნაურად მოეჩვენათ. როცა ეზანს კითხულობდნენ, დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ. მათი ამ მასხარაობის საპასუხოდ უზენაესმა ალლაჰმა წმინდა ყურანში შინაარსით ბრძანა: „როცა ნამაზისკენ ეზანით მოუწოდებთ, მას მასხრად იგდებენ და დასცინიან. ეს იმიტომ, რომ ისინი უგუნური ხალხია.“9

დაიძახა მუეზინმა, დადგა და იყამეთი თქვა,
ქააბისკენ მიაბრუნა სახე და ნიეთიც ჩაიდო.
ეს რომ რწმენის ხალხმა გაიგო, მოწიწებით მოისმინა,
შემდეგ ნამაზზე დადგა და უფალს ემსახურა.

სოფფას საჰაბეები

ჩვენმა შუამავალმა მესჯიდი ნებევის ჩრდილოეთ კედელთან ფინიკის პალმის ტოტებით ფარდული გააკეთებინა. ბრძანა, რომ იქ ეძინათ და ეცხოვრათ მექქიდან გადასახლებულ უცოლო საჰაბეებს, რომლებსაც არც ქონება ჰქონდათ და არც მამული.10 ეს უცოლო საჰაბეები, აგრეთვე ენსარებისა და მუჰაჯირების ღარიბები, მესჯიდი ნებევის გვერდით მდებარე დიდი ფარდულის ქვეშ, რომელსაც სოფფა ერქვა, ცხოვრობდნენ და ცოდნის სწავლითა და სწავლებით იყვნენ დაკავებულნი. მათი რიცხვი ათიდან ოთხასამდე მერყეობდა. ხშირად სამოცდაათნი იყვნენ. ეს საჰაბეები ალლაჰის შუამავალს არასოდეს შორდებოდნენ და მის არცერთ საუბარს არ აცდენდნენ. დღე და ღამე წმინდა ყურანს კითხულობდნენ, ცოდნას იძენდნენ და ჰადისი შერიფებს ზეპირად სწავლობდნენ. დღეების უმეტესობას მარხვაში ატარებდნენ და ღვთისმსახურებასა და მორჩილებას წამითაც არ შორდებოდნენ. აქ აღზრდილებს ახლად გამუსლიმებულ ტომებთან გზავნიდნენ და ისინი მათ წმინდა ყურანსა და უზენაეს სუნნეთს, ანუ ისლამის რჯულს, ასწავლიდნენ. ეს დალოცვილი საჰაბეები, უამრავი ღირსებით შემკულნი, შემეცნების (ირფანის) დიდი ლაშქარი იყვნენ. ჩვენს შუამავალს ისინი ძალიან უყვარდა, მათთან ერთად იჯდა, ესაუბრებოდა და ერთად სადილობდა. აქ მცხოვრებთ სოფფას საჰაბეები ეწოდებოდათ. ერთ დღეს ალლაჰის შუამავალმა სოფფას საჰაბეებს შეხედა და გაიფიქრა, რომ უაღრესად ღარიბები იყვნენ. ასეთ მდგომარეობაში მყოფნიც კი გულის სიმშვიდითა და სინათლით აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. ჩვენმა შუამავალმა შეიბრალა ისინი და ბრძანა: „სოფფას საჰაბეებო! გიხაროდეთ! თუ ჩემი უმმეთიდან ვინმე დარჩება, ვინც დასჯერდება ამ მძიმე პირობებს, რომლებშიც თქვენ ხართ, ის, უეჭველად, ჩემი მეგობართაგანი იქნება.“

„როცა ნამაზისკენ ეზანით მოუწოდებთ, მას მასხრად იგდებენ და დასცინიან. ეს იმიტომ, რომ ისინი უგუნური ხალხია“ მაიდე: 58

უკეთილშობილესი ჰაბიბი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ყველაფერზე ადრე თავისი ამ რჩეული საჰაბეების საჭიროებებს აკმაყოფილებდა და მხოლოდ შემდეგ ცდილობდა თავისი ეჰლი ბეითის (ოჯახის) საჭიროებების დაკმაყოფილებას. ებუ ჰურეირე მოგვითხრობს: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს, რომ ზოგჯერ შიმშილისგან მუცლით მიწას ვეყრდნობოდი, ზოგჯერ კი მიწიდან აღებულ ქვას მუცელზე ვიჭერდი. კვლავ ასეთ დღეში ვიყავი. იმ დღეს იმ გზაზე ვიჯექი, რომლითაც ალლაჰის შუამავალი მეჩეთში მიდიოდა. ამ დროს ჩემთან მოვიდა, სხივს აფრქვევდა, სამყაროთა მოწყალებად მოვლენილი, ორივე სამყაროს მშვენება. ჩემს მდგომარეობას მიხვდა, გაიღიმა და ბრძანა: ‚ებუ ჰურეირე!‘ როცა ვუთხარი: ‚ჩემი სიცოცხლე გენაცვალოს, მიბრძანე, ალლაჰის შუამავალო!‘, ბრძანა: ‚გამომყევი.‘ მაშინვე უკან გავყევი. თავის დალოცვილ სახლში შევიდა. სახლში ერთი ჭიქა რძე იყო. ბრძანა: ‚აბა, სოფფას საჰაბეებთან წადი. ჩემთან დაუძახე.‘ მათ დასაძახებლად რომ მივდიოდი, ჩემთვის ვფიქრობდი: ‚ერთი ჭიქა რძე სოფფას ყველა საჰაბეს როგორ ეყოფა? ნეტავ მეც ერთი ყლუპი თუ შემხვდება?…‘ დავუძახე, მის დალოცვილ სახლში მოვედით, ნება ვითხოვეთ და შევედით. როცა შესაფერის ადგილებზე დავსხედით, ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: ‚ებუ ჰურეირე! ეს ჭიქა რძე აიღე და მათ მიეცი!‘ ჭიქა ავიღე და რიგრიგობით ვაწვდიდი ამხანაგებს. თითოეული იღებდა ჭიქას, გაძღომამდე სვამდა და მიბრუნებდა. ყველასგან რომ ვიღებდი, ვხედავდი, რომ ჭიქა სულაც არ დაკლებულა, ისევ რძით იყო სავსე. ასე ყველა მოსულ ამხანაგს მივაწოდე. ყველამ დალია და გაძღა. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჭიქა აიღო, გამიღიმა და ბრძანა: ‚ებუ ჰურეირე! რძე მხოლოდ მე და შენ არ დაგვილევია. აბა, შენც დაჯექი და დალიე!‘ დავჯექი და დავლიე. ბრძანა: ‚კიდევ დალიე!‘ დავლიე. ჩვენმა შუამავალმა რამდენჯერმე ბრძანა: ‚დალიე!‘, და მეც ყოველ ჯერზე ვსვამდი. ბოლოს ვთქვი: ‚დედ-მამა გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! მეტს ვეღარ დავლევ. ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც შენ ჭეშმარიტი რჯულით მოგავლინა, კარგად გავძეხი.‘ ბრძანა: ‚მაშინ ჭიქა მე მომეცი.‘ მივეცი. უზენაეს ალლაჰს ქება-დიდება რომ შესწირა, ბისმილლაჰ თქვა და რძე დალია.“

მედინელი საჰაბეები არნახული სიყვარულით იყვნენ განმსჭვალულნი ამ გამორჩეული საჰაბეების მიმართ, რომლებიც მეჩეთში ცოდნას სწავლობდნენ და ალლაჰის შუამავლის არცერთ საუბარს არ აცდენდნენ. ერთ საღამოს სოფფას ერთი საჰაბე, რომელსაც შიმშილისგან ღონე აღარ ჰქონდა, ალლაჰის შუამავლის წინაშე მივიდა და თავისი მდგომარეობა მოახსენა. ჩვენმა შუამავალმა თავის ოჯახს ჰკითხა, სახლში საჭმელი თუ იყო რამე. როცა პასუხი მიიღო: „ამჟამად სახლში წყლის გარდა საჭმელი არაფერია“, იქ მყოფ საჰაბეებს უთხრა: „ვინ უმასპინძლებს ამ მშიერს?“ მედინელ საჰაბეთაგან ერთი ყველაზე ადრე გამოეხმაურა და თქვა: „დედ-მამა გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! მე ვუმასპინძლებ.“ სტუმართან ერთად შინ წავიდა და ცოლს უთხრა: „რამე მოამზადე, ალლაჰის შუამავლის სტუმარს რომ ვუმასპინძლდეთ.“ ცოლმა უპასუხა: „ამჟამად სახლში ბავშვების საჭმლის გარდა არაფერი გვაქვს.“ საჰაბემ უთხრა: „ჯერ ბავშვები დააძინე. მერე ის საჭმელი მოიტანე.“ მხოლოდ ერთი კაცისთვის საკმარისი საჭმელი აიღო და იმ ოთახში შევიდა, სადაც სტუმარი იყო. სუფრა გაშალა და სტუმარი მიიწვია. ერთად რომ დაიწყეს ჭამა, ადგა, თითქოს ლამპას ასწორებდა, და ჩააქრო. სიბნელეში კვლავ სუფრასთან დაჯდა. თითქოს ჭამდა, ისე მოძრაობდა და ელოდა, სანამ სტუმარი გაძღებოდა. სტუმარი რომ გაძღა, სუფრა აალაგა. იმ ღამეს ბავშვებიანად მშივრებმა გაათენეს. დილით, როცა ჩვენი შუამავლის წინაშე წარსდგნენ, ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „უზენაესი ალლაჰი კმაყოფილი დარჩა თქვენი წუხანდელი საქციელით.“ ამაზე უზენაესმა ალლაჰმა სურა ჰაშრის მე-9 წმინდა აიათი გარდამოავლინა და შინაარსით ბრძანა: „ისინი (ენსარები) მათ (მუჰაჯირებს) საკუთარ თავზე წინ აყენებენ, თუნდაც თავად სიღარიბესა და გაჭირვებაში იყვნენ.“

ტაეპი:

რაც უნდა იყოს, საყვარელზე საუბარი ყველაზე ტკბილია!

გულთა სულთნის საუბარი

სამყაროს სიამაყე (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) საჰაბეთა აღსაზრდელად და სრულსაყოფად მესჯიდი ნებევიში შეუდარებელ საუბრებს მართავდა და სულიერ სიუხვესა (ფეიზს) და ბარაქას, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა უბოძა, მათ გულებში აღვრიდა. ვისაც ჩვენი შუამავლის საუბარზე დასწრების პატივი ხვდა, უკვე პირველ საუბარზე გულში დიდ ცვლილებას გრძნობდა და ღვთიური შემეცნების (მარიფეთის) ძალიან მაღალ ხარისხს აღწევდა. ამ საუბრების ბარაქით საჰაბეებს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი საყვარელი შუამავალი, შემდეგ კი თავიანთი ყველა ამხანაგი საჰაბე საკუთარ სიცოცხლეზე მეტად შეუყვარდათ. უზენაესმა ალლაჰმა ისინი წმინდა აიათებით შეაქო. ალლაჰის შუამავლის წინაშე ისე თავაზიანად და ყურადღებით ისხდნენ, თითქოს თავზე ჩიტი ეჯდათ, რომელიც, ოდნავ თუ გაინძრეოდნენ, გაფრინდებოდა. ასე საჰაბეები შუამავლებისა და დიდი ანგელოზების შემდეგ ქმნილებათა შორის უაღმატებულესნი და უმაღლესნი გახდნენ. ალლაჰის შუამავალი თავის საჰაბეებს ჩვენი რჯულის ბრძანებებსა და აკრძალვებს წვრილად უხსნიდა და ასწავლიდა: რწმენისა და ისლამის პირობებს; ნამაზის, მარხვის, ჰაჯისა და ზექათის ყველა წესს; წმინდა აიათების თეფსირს; ჰარამ და ჰალალ საჭმელსა და სამოსს; ფიცს, აღთქმას11 და ქეფფარეთს (გამოსასყიდს); ვაჭრობის ცოდნას; ჭამა-სმის, ჩაცმის, სტუმრობისა და საუბრის, მისალმების ადაბს (ზრდილობის წესებს); მეზობლობის, ნათესაობისა და მეგობრობის ურთიერთობებს; ქორწინების, ნაფაყის (სარჩოს), მემკვიდრეობისა და დანატოვარის წესებს; დავებს, სასჯელებს, შეთანხმებებსა და ამხანაგობას; ჯანმრთელობის ცოდნას; მტერთან ბრძოლას, ომის სამართალს… ერთი სიტყვით, ისლამის რჯულის მთელ ცოდნას ანიდან ჰოემდე, რომელიც საიქიოსაც ეხება და ამ ქვეყანასაც, ყველასთვის გასაგებად უხსნიდა, ხოლო საკითხს, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, სამჯერ იმეორებდა.12 ქალებთან დაკავშირებულ ცოდნას თავისი დალოცვილი მეუღლეების მეშვეობით ასწავლიდა.

ჯებრაილის ჰადისი შერიფი

მუსლიმთა გმირი იმამი, საჰაბეთა შორის ერთ-ერთი უდიდესი, მუდამ სიმართლის მთქმელად განთქმული, ჩვენი საყვარელი დიდი ომერ ბინ ჰატტაბი (რადიალლაჰუ ანჰ) ბრძანებს:

– ერთი ისეთი დღე იყო: ჩვენ, საჰაბეთაგან რამდენიმენი, ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წინაშე და მის სამსახურში ვიმყოფებოდით. ის დღე, ის საათი ისეთი საპატიო, ისეთი ძვირფასი და ისეთი განუმეორებელი იყო. იმ დღეს წილად გვხვდა პატივი, რომ ალლაჰის შუამავლის საუბარზე მის გვერდით ვყოფილიყავით და გვეხილა მისი მშვენიერი სახე, რომელიც სულების საზრდოა და გულებს სიამესა და ნეტარებას ანიჭებს. (ამ დღის პატივისა და ფასის გადმოსაცემად თქვა: „ერთი ისეთი დღე იყო…“ შეიძლება კი რომელიმე ჟამი ისეთი საპატიო და ძვირფასი იყოს, როგორიც ის დღე, როცა წილად ხვდათ, რომ ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) ადამიანის სახით ეხილათ, მისი ხმა მოესმინათ და მსახურთათვის საჭირო ცოდნა ალლაჰის შუამავლის დალოცვილი ბაგეებიდან ძალიან მშვენივრად და ნათლად მოესმინათ?)

„სოფფას საჰაბეებო! გიხაროდეთ! თუ ჩემი უმმეთიდან ვინმე დარჩება, ვინც დასჯერდება ამ მძიმე პირობებს, რომლებშიც თქვენ ხართ, ის, უეჭველად, ჩემი მეგობართაგანი იქნება“ ჰადისი შერიფი

მაშინ ჩვენთან ერთი კაცი მოვიდა, თითქოს მთვარე ამოვიდაო. მისი სამოსი ძალიან თეთრი იყო, თმა – ძალიან შავი. მასზე მგზავრობის ნიშნები – მტვერი, მიწა, ოფლი – არ ჩანდა. ჩვენგან, ალლაჰის შუამავლის საჰაბეებიდან, მას არავინ იცნობდა. ანუ იმ ხალხიდან არ იყო, ვისაც ვხედავდით და ვიცნობდით. ალლაჰის შუამავლის წინაშე დაჯდა. თავისი მუხლები მის დალოცვილ მუხლებს მიადო. (ეს მოსული ჯებრაილი იყო. ადამიანის სახე მიეღო. ჯებრაილის (ალეიჰისსელამ) ასე დაჯდომა რაიმე მნიშვნელოვანის საუწყებლად იყო. ანუ ის გვიჩვენებს, რომ რჯულის ცოდნის სწავლისას მორცხვობა სწორი არ არის და მასწავლებელს ქედმაღლობა და ამპარტავნება არ შეჰფერის. ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) ამ თავისი საქციელით საჰაბეებს აუწყებდა, რომ ყველამ, რისი სწავლაც რჯულში სურს, მასწავლებლებს თავისუფლად და მორიდების გარეშე უნდა ჰკითხოს, რადგან რჯულის სწავლისას მორცხვობა და უზენაესი ალლაჰის უფლების აღსრულებისას, სწავლებისა და სწავლისას მორიდება სწორი არ არის.)

იმ ღირსეულმა კაცმა ხელები უკეთილშობილესი შუამავლის დალოცვილ მუხლებზე დადო და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ისლამი, მუსლიმობა ამიხსენი.“

უკეთილშობილესმა შუამავალმა ბრძანა: „ისლამის პირობებიდან პირველია ქელიმეი შეჰადეთის წარმოთქმა. (ქელიმეი შეჰადეთის წარმოთქმა ნიშნავს თქმას: ‚ეშჰედუ ენ ლა ილაჰე ილლალლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ აბდუჰუ ვე რესულუჰუ‘. ანუ გონიერმა და ბალიღმა (რელიგიურად სრულწლოვანმა) ადამიანმა, რომელსაც ლაპარაკი შეუძლია, თქვას: ‚არც დედამიწაზე და არც ცაში მის გარდა არ არსებობს არაფერი და არავინ, ვინც ღირსია, რომ მას ღვთისმსახურება აღუვლინონ და თაყვანი სცენ.

ჭეშმარიტი მა’ბუდი მხოლოდ უზენაესი ალლაჰია. ის ვაჯიბულ-ვუჯუდია (ვისი არსებობაც აუცილებელია). ყოველგვარი აღმატებულება მასშია. მასში არავითარი ნაკლი არ არის. მისი სახელი ალლაჰია‘, და ამის გულით მტკიცედ სწამდეს. და ისიც თქვას: ‚ვარდისფერი, თეთრ-წითელი, ნათელი, სანდომიანი სახის, შავწარბა და შავთვალა, დალოცვილი გახსნილი შუბლის, მშვენიერი ხასიათის, ვისი ჩრდილიც მიწაზე არ ეცემა, ტკბილი სიტყვის, არაბად წოდებული იმიტომ, რომ არაბეთში, მექქაში დაიბადა, ჰაშიმის შთამომავალთაგან, აბდულლაჰის ვაჟი, უზენაესი პიროვნება, სახელად მუჰამმედი, უზენაესი ალლაჰის მსახური და რესული, ანუ მისი შუამავალია.‘)

შემდეგ – დროის დადგომისას ნამაზის შესრულება. ქონებიდან ზექათის გაცემა. წმინდა რამაზნის თვეში ყოველდღე მარხვა. ვისაც შეუძლია, სიცოცხლეში ერთხელ ჰაჯის აღსრულება.“

როცა იმ კაცმა ალლაჰის შუამავლისგან ეს პასუხები მოისმინა, თქვა: „მართალი თქვი, ალლაჰის შუამავალო!“ ჩვენ, მსმენელებს, მისმა სიტყვამ გაგვაოცა: „თვითონ კითხულობს და თვითონვე ადასტურებს!“

კვლავ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! რწმენა (იმანი) რა არის, ესეც მაუწყე.“ (ამ ჰადისი შერიფში რწმენის ლექსიკური მნიშვნელობა არ უნდა ვიგულისხმოთ, რადგან ლექსიკური მნიშვნელობა დადასტურებასა და რწმენას ნიშნავს და უვიცი არაბებიდანაც კი არავინ იყო, ვინც ეს მნიშვნელობა არ იცოდა. მით უმეტეს, როგორ არ ეცოდინებოდათ ის საჰაბეებს (რადიალლაჰუ თეალა ანჰუმ ეჯმაინ)! ჯებრაილს (ალეიჰისსელამ) სურდა, საჰაბეებისთვის რწმენის მნიშვნელობა ესწავლებინა. აქ კითხულობს, რას ეწოდება რწმენა ისლამში.) ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აუწყა, რომ რწმენა განსაზღვრული ექვსი რამის რწმენაა, ასე: „უპირველესად, ირწმუნო უზენაესი ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები, განკითხვის დღე, ყადერი (ბედისწერა) და ის, რომ სიკეთეც და ბოროტებაც უზენაესი ალლაჰისგანაა.“ იმ კაცმა კვლავ დაადასტურა: „მართალი თქვი.“

შემდეგ კვლავ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! იჰსანი რა არის, ესეც მაუწყე.“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ეს არის, რომ უზენაეს ალლაჰს ისე აღუვლინო ღვთისმსახურება, თითქოს მას ხედავდე, რადგან, თუმცა შენ მას ვერ ხედავ, ის შენ უეჭველად გხედავს.“ კვლავ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ყიამეთის შესახებ მაუწყე!“ შუამავალმა (ალეიჰისსელამ) ბრძანა: „ამ საკითხში ის, ვისაც ეკითხებიან, შემკითხველზე მეტი არ იცის.“ კვლავ თქვა: „მაშ, მისი ნიშნები მაუწყე.“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „როცა მხევლები თავიანთ ბატონებს შობენ და როცა იხილავ ფეხშიშველ, შიშველ, ღარიბ მწყემსებს (გამდიდრებულებს), ერთმანეთს მაღალი შენობების აშენებაში რომ ეჯიბრებიან.“ ამის შემდეგ შებრუნდა და წავიდა. ალლაჰის შუამავალი მე მომიბრუნდა და მკითხა: „ომერ! იცი, ვინ იყო შემკითხველი?“ ვუთხარი: „უზენაესმა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან.“ მაშინ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ის ჯიბრილი (ჯებრაილი) იყო. თქვენი რჯულის სასწავლებლად მოვიდა.“13 ჩვენი შუამავალი საჰაბეებს რჯულში მათი ხარისხის მიხედვით, მათთვის გასაგებად უხსნიდა.

საჰაბეთა შორის ერთ-ერთმა უდიდესმა, ჰაზრეთი ომერმა, ერთ დღეს მეჩეთისკენ მიმავალმა დაინახა, რომ ალლაჰის შუამავალი ებუ ბექირ სიდდიყს რაღაცას უხსნიდა. მათთან მივიდა და მოუსმინა. ეს სხვებმაც დაინახეს, მაგრამ მისვლა და მოსმენა მოერიდათ. მეორე დღეს, ჰაზრეთი ომერი რომ დაინახეს, უთხრეს: „ომერ! ალლაჰის შუამავალი გუშინ თქვენ რაღაცას გიხსნიდათ. გვითხარი, ჩვენც ვისწავლოთ.“ რადგან ალლაჰის შუამავალი მუდამ ბრძანებდა: „რასაც ჩემგან ისმენთ, თქვენს რჯულით ძმებსაც მოუყევით! ერთმანეთს გადაეცით!“ ჰაზრეთი ომერმა თქვა: „გუშინ ჰაზრეთი ებუ ბექირმა წმინდა ყურანის ერთი წმინდა აიათის მნიშვნელობა იკითხა, რომელიც ვერ გაიგო, და ალლაჰის შუამავალი უხსნიდა. ერთი საათი ვუსმინე, მაგრამ ვერაფერი გავიგე.“ რადგან ჰაზრეთი ებუ ბექირის მაღალი ხარისხის მიხედვით უხსნიდა. ჰაზრეთი ომერი ისეთი მაღალი ხარისხის იყო, რომ ალლაჰის შუამავალმა მასზე ბრძანა: „მე შუამავალთა უკანასკნელი ვარ. ჩემს შემდეგ შუამავალი არ მოვა. ჩემს შემდეგ შუამავალი რომ მოსულიყო, ომერი იქნებოდა შუამავალი.“ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი ხარისხის იყო და არაბული, მისი მშობლიური ენა, შესანიშნავად იცოდა, ვერ გაიგო წმინდა ყურანის თეფსირი, რომელსაც ჰაზრეთი ებუ ბექირს უხსნიდნენ. ებუ ბექირის ხარისხი მასზე გაცილებით მაღალი იყო. ჰაზრეთი ებუ ბექირიც და თვით ჯებრაილიც (ალეიჰისსელამ) ალლაჰის შუამავალს წმინდა ყურანის მნიშვნელობასა და საიდუმლოებებს ეკითხებოდნენ. ალლაჰის შუამავალმა საჰაბეებს მთელი წმინდა ყურანის თეფსირი აუწყა.

ჩვენი საყვარელი შუამავალი, საჰაბეებს რჯულს რომ ასწავლიდა, ამასთან ერთად დავებს განიხილავდა, მოწმეებს ისმენდა და ყველაზე რთულ უთანხმოებებს წყვეტდა; დიდ ძალისხმევას იჩენდა ისლამის გასაცნობად და გასავრცელებლად, რომ კიდევ ერთი ადამიანი ჯოჯოხეთის ცეცხლს გადაერჩინა; თავისი ქცევითა და საქმეებით ადამიანებს მაგალითს აძლევდა და ზრუნავდა, რომ მორწმუნეთა კერპთაყვანისმცემლების ბოროტებისგან დასაცავად საჭირო ზომები მიღებულიყო.

„ომერ! იცი, ვინ იყო შემკითხველი? ის ჯიბრილი (ჯებრაილი) იყო. თქვენი რჯულის სასწავლებლად მოვიდა“ ჰადისი შერიფი

ჰოი, მშვენებავ, ევლიაების თვალთა სხივო,
მიშველე, ჰოი, ალლაჰის სხივის მადანო!
შენი ფეხის მტვერი ასფიაების თვალთა სურმაა,
მიშველე, ჰოი, ალლაჰის სხივის მადანო!
შენ გარეშე ვერავინ მიაღწევს ალლაჰთან სიახლოვეს,
შენი წყალობით ხდება კაცი შეწყნარებული,
შენ „სამყაროთა მოწყალება“ ხარ, ჰოი, შუამავალო,
მიშველე, ჰოი, ალლაჰის სხივის მადანო!
ურიცხვი შეცოდება და ცოდვა ჩავიდინე,
ვნებას აყოლილებს დავუმეგობრდი,
ჩემს ცოდვებს შეფაათი გაუწიე, ჰოი, უხვო,
მიშველე, ჰოი, ალლაჰის სხივის მადანო!
ჰოი, სიუხვის მადანო, უზენაესი ალლაჰის შუამავალო,
ეს ცოდვებით სავსე სელიმი შენი მსახურთაგან უმდაბლესია,
შენს კარს აფარებს თავს, შენგან წყალობას ითხოვს,
მიშველე, ჰოი, ალლაჰის სხივის მადანო!
იავუზ სულთან სელიმი (სელიმი)