საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

სელმან ფარისის გამუსლიმება

დღითიდღე ისლამის სხივი ვრცელდებოდა და ალლაჰის შუამავლის დალოცვილი სახელი, როცა კი გაისმოდა, გულებში იდგამდა ფესვს. ცოდნის ხალხი, ვინც მის მოსვლას მონატრებით ელოდა, ძიებითა და აღელვებით მედინაში მიიჩქაროდა და რწმენის პატივს ეწეოდა. ერთ-ერთი მათგანი ჰაზრეთი სელმან ფარისი იყო. თავისი გამუსლიმება ასე უამბო: – სპარსეთის (ირანის) ქალაქ ისფაჰანის სოფელ ჯეიდან ვარ. მამაჩემი სოფელში ყველაზე მდიდარი იყო და ბევრი მიწა და ქონება გვქონდა. სახლში ერთადერთი შვილი და მამაჩემის ერთადერთი საყვარელი ვიყავი. ამიტომ გოგონასავით მზრდიდა. სახლიდან გასვლის ნებას არ მაძლევდა. რადგან მეჯუსი (ცეცხლთაყვანისმცემელი) იყო, მეჯუსობა ისე, როგორც სურდა, უნაკლოდ მასწავლა. სახლში მუდამ ცეცხლი ენთო, ჩვენ კი მას თაყვანს ვცემდით და სეჯდეს ვუსრულებდით.

რადგან მამაჩემს ბევრი ქონება და მამული ჰქონდა, ერთხელ გარეთ გამიყვანა და მითხრა: „შვილო! როცა მოვკვდები, ამ ქონების პატრონი შენ იქნები, ამიტომ წადი და შენი ქონება და მიწები გაიცანი.“ მეც ვუთხარი: „კარგი“, და ჩვენი ბაღები შემოვიარე.

ერთ დღეს, როცა მინდვრების დასათვალიერებლად წავედი, ერთ ეკლესიას გადავაწყდი. ქრისტიანების ხმები გავიგონე და, მათთან რომ მივედი, დავინახე, რომ შიგნით ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ. რადგან მანამდე მსგავსი არაფერი მენახა, განცვიფრებული დავრჩი. ჩვენი ღვთისმსახურება ხომ ცეცხლის დანთებისა და მის წინაშე სეჯდის აღსრულების მეტი არაფერი იყო. ისინი კი უხილავ ალლაჰს ეთაყვანებოდნენ. ჩემთვის ვთქვი: „ალლაჰს ვფიცავ, მათი რჯული ჭეშმარიტია, ჩვენი კი – ცრუ.“ საღამომდე ცნობისმოყვარეობით ვუყურებდი მათ. ჩვენს მინდვრებამდე ჯერ არ მივსულიყავი, რომ დაბნელება დაიწყო. როცა ვკითხე: „ამ რჯულის სათავე სადაა?“, მითხრეს: „დამასკოში.“ შემდეგ ვკითხე: „დამასკოში რომ წავიდე, მეც მიმიღებენ?“ და მიპასუხეს: „დიახ, მიგიღებენ.“ როცა ვკითხე: „თქვენ შორის არიან ისეთები, ვინც მალე დამასკოში წავა?“, მითხრეს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ერთი ქარავანი წავიდოდა. ხალხი, ვისაც ველაპარაკე, ცოტანი იყვნენ და დამასკოდან ისფაჰანში ჩამოსულიყვნენ. სანამ მათთან ვიყავი, დავიგვიანე და შინ დროზე ვერ მივედი. მამაჩემმა რომ დაინახა, რომ არ დავბრუნებულვარ, ჩემი ძებნა დაიწყო და ხალხი გამოგზავნა.

მეძებეს, მაგრამ ვერ მიპოვეს. ისინი ჯერ კიდევ შეშფოთებულნი იყვნენ, როცა შინ დავბრუნდი. მამამ მითხრა: „აქამდე სად იყავი? ისეთი ადგილი აღარ დარჩა, სადაც არ გეძებეთ.“ ვუთხარი: „მამიკო! დღეს მინდვრების შემოსავლელად გავედი. მაგრამ გზაზე ერთ ქრისტიანულ ეკლესიას გადავაწყდი. შიგნით შევედი. დავინახე, რომ იმ ალლაჰის სწამთ, რომელსაც ვერ ხედავენ და რომელიც ყველაფერზე ბატონია და ყველაფრის შემძლეა. მათმა ღვთისმსახურებამ განმაცვიფრა. საღამომდე ვუყურებდი. მივხვდი, რომ მათი რჯული ჭეშმარიტია.“ ეს რომ მამამ გაიგო, მითხრა: „შვილო! ცდები, შენი მამებისა და პაპების რჯული მათ რჯულზე უფრო სწორია. მათი რჯული გახრწნილია. ფრთხილად, არ მოტყუვდე და არ ირწმუნო!“ მე კი ვუთხარი: „არა, მათი რჯული ჩვენსაზე უკეთესია; მათი ჭეშმარიტია, ჩვენი კი – ცრუ.“ ამაზე მამაჩემი ძალიან გაბრაზდა, ხელ-ფეხი შემიკრა და სახლში გამომკეტა.

ამ მდგომარეობაში მყოფი გამუდმებით დამასკოში წამსვლელი ქარავნის ამბავს ველოდი. ბოლოს შევიტყვე, რომ ქრისტიანი ბერები ქარავანს ამზადებდნენ.

თოკები შევიხსენი, გავიქეცი და იმ ეკლესიაში მივედი, სადაც ქარავანი იყო. ვუთხარი, რომ ამ მხარეებში ვეღარ დავრჩებოდი, ქარავანს შევუერთდი და დამასკოს გზას დავადექი. დამასკოში ქრისტიანული რჯულის უდიდესი სწავლული ვიკითხე. ერთი კაცი მიმასწავლეს, მასთან მივედი და ჩემი მდგომარეობა ვუამბე. ვუთხარი, რომ მასთან დარჩენა და მისი მსახურება მსურდა, და ვთხოვე, ქრისტიანობა ესწავლებინა და უზენაესი ალლაჰი შემაცნობინა. დამთანხმდა. დავიწყე მისი მსახურება და ეკლესიის საქმეების კეთება. ისიც ქრისტიანობას მასწავლიდა.

„რასაც ჩემგან ისმენთ, თქვენს რჯულით ძმებსაც მოუყევით! ერთმანეთს გადაეცით!“ ჰადისი შერიფი

მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ცუდი კაცი იყო, რადგან სადაყას (მოწყალებას), ოქროსა და ვერცხლს, რომელიც ქრისტიანებს ღარიბებისთვის დასარიგებლად მოჰქონდათ, მალავდა და გაჭირვებულებს არ აძლევდა. ოქროთი და ვერცხლით სავსე შვიდი ქოთანი დააგროვა. ეს ჩემს გარდა არავინ იცოდა. გარკვეული ხნის შემდეგ მოკვდა.

ქრისტიანები მის დასაკრძალავად შეიკრიბნენ. ვუთხარი: „მას ასე რატომ სცემთ პატივს, ის ამ პატივის ღირსი ადამიანი არ არის!“ მითხრეს: „ეს საიდან მოიტანე?“ და არ დამიჯერეს. მაშინ დავანახე, სად იყო მის მიერ დაგროვილი ოქრო. ოქროთი და ვერცხლით სავსე შვიდი ქოთანი ამოიღეს და შემდეგ თქვეს: „ეს კაცი ღირსი არ არის, რომ დაკრძალვისთვის მოამზადონ და დაკრძალონ“, ერთ ადგილას დააგდეს და ზემოდან ქვები დააყარეს. მის ადგილას სხვა დადგა.1

ეს კაცი ნამდვილად სწავლული და ასკეტი (ზაჰიდი) იყო და ამ ქვეყანას სულ არ ანიჭებდა მნიშვნელობას. საიქიოს მოსურნე იყო, მუდამ საიქიოსთვის შრომობდა და დღე და ღამე გამუდმებით ღვთისმსახურებას აღასრულებდა. ძალიან შემიყვარდა და დიდხანს დავრჩი მასთან. სიამოვნებით ვემსახურებოდი. ერთად აღვასრულებდით ღვთისმსახურებას.

ერთ დღეს ვკითხე: „ჩემო ბატონო! დიდი ხანია, თქვენთან ვარ და ძალიან შემიყვარდით, რადგან უზენაესი ალლაჰის ბრძანებებს ემორჩილებით და იმას, რაც აკრძალა, ერიდებით. როცა გარდაიცვლებით, რა ვქნა, რას მირჩევთ?“ მიპასუხა: „შვილო, დამასკოში აღარავინ დარჩა, ვინც ადამიანებს გამოასწორებს. ვისთანაც არ უნდა წახვიდე, გაგრყვნის. მაგრამ მოსულში ერთი კაცია, გირჩევ, ის მოძებნო.“

როცა გარდაიცვალა, მოსულში გადავედი, ის კაცი, რომელიც აღმიწერა, ვიპოვე და რაც თავს გადამხდა, ვუამბე. სამსახურში მიმიღო. ისიც, პირველივით, ძალიან ღირსეული კაცი იყო, ამ ქვეყანას არ იყო მიჯაჭვული და გამუდმებით ღვთისმსახურებას აღასრულებდა. მასაც დიდხანს ვემსახურე. მაგრამ ერთ დღეს დაავადდა. გარდაცვალების წინ მასაც იგივე კითხვები დავუსვი. ნუსაიბინში ერთი კაცი მირჩია. მისი გარდაცვალების შემდეგ მაშინვე ნუსაიბინში წავედი. ის კაცი, ვინც მითხრა, ვიპოვე და ვაცნობე, რომ მასთან დარჩენა მსურდა. დამთანხმდა და გარკვეული ხანი მის სამსახურში ვიყავი. როცა დაავადდა, ვთხოვე, სხვასთან გავეგზავნე. ამჯერად ბიზანტიის ქალაქ ამურიიეში მყოფი სხვა კაცი აღმიწერა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამურიიეს გზას დავადექი. ისიც, ვინც მითხრა, ვიპოვე, მის სამსახურში შევედი და დიდხანს დავრჩი.

შემდეგ მისი გარდაცვალებაც მოახლოვდა. როცა ვთხოვე, ვინმესთან გავეგზავნე, მითხრა: „ალლაჰს ვფიცავ, ახლა ასეთ კაცს არ ვიცნობ. მაგრამ ბოლო ჟამის შუამავლის მოსვლა მოახლოვდა.“ და მისი ნიშნები ჩამოთვალა: „ის არაბთა შორის გამოჩნდება, თავისი სამშობლოდან ჰიჯრეთს აღასრულებს და ქვიან მიწებს შორის მდებარე, ფინიკით მდიდარ ქალაქში დასახლდება.

საჩუქარს იღებს, სადაყას არ იღებს. მის მხრებს შორის შუამავლობის ბეჭედია.“ როცა ეს კაციც გარდაიცვალა, მის სიტყვებს მივყევი და არაბთა ქვეყანაში წასვლა გადავწყვიტე. ამურიიეში მუშაობით რამდენიმე ხარი და ცოტაოდენი ცხვარი შევიძინე. ბენი ქელბის ტომის ერთი ქარავანი არაბთა მხარეში მიდიოდა. როცა ვუთხარი: „ეს ხარები და ცხვრები თქვენი იყოს, არაბთა ქვეყანაში წამიყვანეთ!“, ჩემი წინადადება მიიღეს და თან წამიყვანეს. მაგრამ როცა ადგილს, სახელად ვადილ-ყურას, მივედით, მიღალატეს, მონააო, თქვეს და ერთ იუდეველს მიმყიდეს. იქ, სადაც ის იუდეველი იყო, ფინიკის ბაღები დავინახე. ვიფიქრე: „ბოლო ჟამის შუამავლის ჰიჯრეთის ადგილი, ალბათ, ესაა.“ მაგრამ იქაურობას გული ვერაფრით დავუდე. გარკვეული ხანი იმ იუდეველს ვემსახურე. შემდეგ თავის ბიძაშვილს მიმყიდა. მან მედინაში ჩამიყვანა. მედინაში რომ ჩავედი, ისე შევეჩვიე, თითქოს ადრე მენახა. ახლა ჩემი დღეები მედინაში გადიოდა: იმ იუდეველის ვენახსა და ბაღში ვმუშაობდი, ვინც შემიძინა, და ვემსახურებოდი. ამავდროულად, ჩემი ნამდვილი მიზნის მიღწევას მოუთმენლად ველოდი.

ერთ დღეს ფინიკის პალმაზე ავედი და ვმუშაობდი. ჩემი ბატონი ხის ქვეშ ვიღაცას ელაპარაკებოდა. ერთ მომენტში თქვეს: „დაიღუპონ ევსისა და ჰაზრეჯის ტომები! მექქიდან ყუბაში ვიღაც კაცი ჩამოვიდა. ამბობს, შუამავალი ვარო. ეს ტომებიც იღებენ მას და მის რჯულში შედიან…“ ეს სიტყვები რომ გავიგონე, თითქოს გონება დავკარგე. მაშინვე ჩამოვედი და იმ კაცს ვუთხარი: „რას ამბობ?“ ჩემმა ბატონმა სილა გამარტყა და მითხრა: „შენ რა გესაქმება, რატომ კითხულობ, შენს საქმეს მიხედე!“ იმ დღეს, საღამო რომ დადგა, ცოტაოდენი ფინიკი ავიღე და მაშინვე ყუბაში მივედი. ალლაჰის შუამავალთან (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შევედი და ვუთხარი: „შენ სალიჰი (ღვთისმოსავი) კაცი ხარ და შენთან ღარიბებიც არიან. ეს ფინიკი სადაყად მოვიტანე.“

ალლაჰის შუამავალმა მასთან მყოფ საჰაბეებს უთხრა: „მობრძანდით, ფინიკი ჭამეთ.“ მათ ჭამეს. თვითონ კი სულ არ უჭამია. ჩემთვის ვთქვი: „აი, ერთი ნიშანი ესაა. სადაყას არ იღებს.“ ალლაჰის შუამავალმა მედინას რომ პატივი დასდო, კიდევ ცოტაოდენი ფინიკი ავიღე და ალლაჰის შუამავალს მივუტანე. ვუთხარი: „ეს საჩუქარია.“ ამჯერად მასთან მყოფ საჰაბეებთან ერთად ჭამა. ვთქვი: „აი, მეორე ნიშანიც გამოჩნდა.“ ჩემ მიერ მიტანილი ფინიკი ოცდახუთამდე იყო. ნაჭამი ფინიკის კურკები კი ათასამდე იყო. ალლაჰის შუამავლის სასწაულით ფინიკი გამრავლდა. ჩემთვის ვთქვი: „კიდევ ერთი ნიშანი ვიხილე.“ კვლავ მივედი ალლაჰის შუამავალთან. ერთ გარდაცვლილს კრძალავდნენ. რადგან შუამავლობის ბეჭდის ხილვა მსურდა, სულ ახლოს მივედი. ჩემს სურვილს მიხვდა და პერანგი აიწია. როცა დალოცვილი ზურგი გამოუჩნდა, შუამავლობის ბეჭედი დავინახე; მაშინვე ვეამბორე და ავტირდი. იმ წამს ქელიმეი შეჰადეთი წარმოვთქვი და მუსლიმი გავხდი.

შემდეგ ალლაჰის შუამავალს სათითაოდ ვუამბე, რაც თავს გადამხდა. ეს მოეწონა. მიბრძანა, საჰაბეებისთვისაც მომეყოლა. საჰაბეები შეიკრიბნენ და მეც ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, უმცირეს წვრილმანამდე ვუამბე…2

როცა სელმან ფარისიმ ირწმუნა, რადგან არაბული არ იცოდა, თარჯიმანი ითხოვა. მოსული იუდეველი თარჯიმანი მის მიერ ჩვენი საყვარელი შუამავლის ქებას პირიქით თარგმნიდა. ამ დროს ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და ჰაზრეთი სელმანის სიტყვები ალლაჰის შუამავალს სწორად აუწყა. იუდეველი რომ მიხვდა, რაშიც იყო საქმე, ქელიმეი შეჰადეთი წარმოთქვა და მუსლიმი გახდა.

სელმან ფარისი გამუსლიმების შემდეგ კიდევ გარკვეული ხანი მონობაში დარჩა. როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა უთხრა: „თავი მონობისგან დაიხსენი, სელმან!“, თავის ბატონთან მივიდა და უთხრა, რომ გათავისუფლება სურდა. იუდეველი ამაზე ძლივს დათანხმდა და პირობად დაუდო, რომ სამასი ფინიკის ნერგი დაერგო და ნაყოფის მომცემ ხეებად გაეზარდა, და ათას ექვსასი დირჰემი ოქრო (ერთი გადმოცემით, დაახლოებით ოთხი ათასი დირჰემი ვერცხლი) მიეცა.

ეს ალლაჰის შუამავალს აცნობა. მანაც საჰაბეებს უთხრა: „თქვენს ძმას დაეხმარეთ.“ მისთვის სამასი ფინიკის ნერგი შეაგროვეს. ალლაჰის შუამავალმა უთხრა: „მათთვის ორმოები მოამზადე და, რომ დაასრულებ, მაცნობე.“ ორმოები რომ მოამზადა და აცნობა, ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იქ მიბრძანდა და ნერგები თავისი დალოცვილი ხელებით დარგო. ერთი მათგანი ჰაზრეთი ომერმა დარგო. ჰაზრეთი ომერის დარგულის გარდა, ყველამ უზენაესი ალლაჰის ნებით იმავე წელს ფინიკი გამოიღო. ალლაჰის შუამავალმა ის ერთი ნერგიც ამოთხარა, თავისი დალოცვილი ხელით ხელახლა დარგო და დარგვისთანავე ფინიკი გამოიღო.

„ბოლო ჟამის შუამავლის მოსვლა მოახლოვდა. ის არაბთა შორის გამოჩნდება, თავისი სამშობლოდან ჰიჯრეთს აღასრულებს და ქვიან მიწებს შორის მდებარე, ფინიკით მდიდარ ქალაქში დასახლდება. საჩუქარს იღებს, სადაყას არ იღებს. მის მხრებს შორის შუამავლობის ბეჭედია“ ამურიიელი ბერი

ჰაზრეთი სელმან ფარისი მოგვითხრობს: „ერთ დღეს ვიღაც კაცი მეძებდა და კითხულობდა: ‚სად არის ღარიბი მუქათები (მონა, რომელიც თავისუფლების მოსაპოვებლად ბატონს გარკვეულ თანხაზე შეუთანხმდა) სელმან ფარისი?‘ მიპოვა და კვერცხის ოდენა ოქრო, რომელიც ხელში ეჭირა, მომცა. ავიღე, ჩვენს შუამავალთან მივედი და ვითარება მოვახსენე.

ალლაჰის შუამავალმა ოქრო უკან მომცა და ბრძანა: ‚ეს ოქრო აიღე და ვალი გადაიხადე!‘ როცა ვუთხარი: ‚ალლაჰის შუამავალო! ეს ოქრო იმ წონისა არ არის, რასაც იუდეველი მოითხოვს‘, ალლაჰის შუამავალმა ის ოქრო აიღო და თავის დალოცვილ ენაზე გადაისვა. შემდეგ ბრძანა: ‚აიღე! უზენაესი ალლაჰი ამით შენს ვალს გადაიხდის.‘ ალლაჰს ვფიცავ, ის ოქრო ავწონე და ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც მოითხოვეს. წავიღე და ჩავაბარე. ასე მონობისგან გავთავისუფლდი.“3

იმ დღიდან სელმან ფარისი სოფფას საჰაბეებს შეუერთდა.

ანგელოზები მოსასმენად მოდიოდნენ

ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წმინდა ყურანს ისე მშვენივრად, ისე ტკბილად და შთამბეჭდავად კითხულობდა, რომ არამუსლიმებიც, ვინც მას უსმენდა, აღფრთოვანებულნი რჩებოდნენ. ბევრი მისი მოსმენით გამუსლიმდა.

ჰაზრეთი ბერა ბინ აზიბი მოგვითხრობს: „ერთხელ ღამის (იშა) ნამაზის შემდეგ ვუსმინე, როგორ კითხულობდა ალლაჰის შუამავალი სურა თინს. ისე მშვენივრად კითხულობდა, რომ არავინ მომისმენია, ვისი ხმა და კითხვაც მისაზე უფრო სრულყოფილი ყოფილიყო.“

საჰაბეთა შორის ბევრი იყო ისეთი, ვისაც ძალიან მშვენიერი ხმა ჰქონდა და წმინდა ყურანის კითხვისას ტიროდა და სხვებსაც ატირებდა. ერთ-ერთი მათგანი უსეიდ ბინ ჰუდაირი იყო. ერთ ღამეს ცხენი გვერდით დაიბა და სურა ბაყარას კითხვა დაიწყო. კითხვისას ცხენი უცებ დაფრთხა. ჰაზრეთი უსეიდი გაჩუმდა, ცხენი დამშვიდდა. კითხვა დაიწყო, ცხენი კვლავ დაფრთხა. გაჩუმდა თუ არა, დამშვიდდა. კვლავ რომ დაიწყო კითხვა, ცხენი ისევ დაფრთხა. უსეიდ ბინ ჰუდაირის ვაჟი, იაჰია, ცხენთან ახლოს იწვა. უსეიდს შეეშინდა, ცხენს ბავშვისთვის ზიანი არ მიეყენებინა, და კითხვა შეწყვიტა.

ცას რომ ახედა, თეთრი ღრუბლის ჩრდილის მსგავს ბურუსში ლამპრებივით მოციმციმე რაღაცები შენიშნა. კითხვა რომ შეწყვიტა, დაინახა, როგორ ადიოდნენ ის მოციმციმე რაღაცები ცისკენ და მიდიოდნენ.

როცა გათენდა, ჩვენი საყვარელი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წინაშე წარსდგა და რაც თავს გადახდა, უამბო.

როცა ალლაჰის შუამავალმა ჰკითხა: „იცი, ისინი რა იყვნენ?“, ჰაზრეთი უსეიდმა უპასუხა: „დედ-მამა გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! არ ვიცი.“

ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ისინი ანგელოზები იყვნენ. შენს ხმას მიუახლოვდნენ. კითხვა რომ განეგრძო, დილამდე მოგისმენდნენ, ადამიანებიც დაინახავდნენ მათ და უყურებდნენ. ისინი ხალხის თვალს არ დაემალებოდნენ.“

წმინდა ყურანის ყველაზე გულშიჩამწვდომად მკითხველთა შორის ჰაზრეთი ებუ ბექირ სიდდიყიც იყო. ნამაზში კითხვას რომ დაიწყებდა, თავს ვერ იკავებდა და დალოცვილი თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ვინც ხედავდა, მისი ამ მდგომარეობით აღფრთოვანდებოდა. ერთ დღეს კერპთაყვანისმცემლები შეიკრიბნენ და თქვეს: „ეს კაცი შუამავლის მოტანილს გულშიჩამწვდომად კითხულობს და ტირის. გვეშინია, ჩვენი შვილები და ქალები მისი ამ მდგომარეობით არ მოიხიბლონ და არ გამუსლიმდნენ.“

აბდულლაჰ ბინ სელამის გამუსლიმება

ერთ-ერთი მათგანი, ვინც ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი სახე იხილა და შეყვარებულთა სიყვარულით შეუყვარდა, მისი დალოცვილი სიტყვებისა და მის მიერ წაკითხული წმინდა ყურანის მოსმენისას აღფრთოვანებული დარჩა და მუსლიმი გახდა, ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ სელამია.

აბდულლაჰ ბინ სელამი, რომელმაც თევრათი და ინჯილი კარგად იცოდა, რწმენის მიღებამდე იუდეველი სწავლული იყო. თავის გამუსლიმებას ასე მოგვითხრობს: „თევრათი და მისი განმარტებები მამაჩემისგან ვისწავლე. ერთ დღეს მამაჩემმა ბოლო ჟამს მოსავლენი შუამავლის თვისებები, ნიშნები და საქმეები, რომლებსაც გააკეთებდა, მიამბო და მითხრა: ‚თუ ის ჰარუნის შთამომავლობიდან იქნება, მას გავყვები; თუ არა და, არ გავყვები!‘ ალლაჰის შუამავლის მედინაში მოსვლამდე მოკვდა.

როცა გავიგე, რომ ალლაჰის შუამავალმა მექქაში თავისი შუამავლობა გამოაცხადა, მისი თვისებები, სახელი და მოსვლის დრო ვიცოდი. ამიტომ გამუდმებით ველოდი. სანამ ვინმესგან არ გავიგე, რომ ალლაჰის შუამავალი მედინასთან ახლოს, ყუბად წოდებულ ადგილას, ამრ ბინ ავფიანების სახლში დაბინავდა სტუმრად, ჩემს ამ მდგომარეობას იუდეველებს ვუმალავდი და ვდუმდი.

ერთ დღეს, როცა ჩემს ბაღში ფინიკის პალმიდან ახალ ფინიკს ვკრეფდი, ნადირიანთაგან ვიღაცამ დაიძახა: ‚დღეს არაბების კაცი მოვიდა!‘ ჟრჟოლამ ამიტანა. მაშინვე თექბირი წარმოვთქვი: ‚ალლაჰუ ექბერ.‘ ამ დროს ხის ქვეშ მამიდაჩემი, ჰალიდე ბინთი ჰარისი, იჯდა. ძალიან მოხუცი ქალი იყო. ჩემი თექბირი რომ გაიგონა, შემიტია: ‚ალლაჰმა ხელი ცარიელი დაგიტოვოს და იმას, რასაც ელი, ნუ მიგაწიოს! ალლაჰს ვფიცავ, მუსა ბინ იმრანის4 მოსვლა რომ გაგეგონა, ამაზე მეტად არ გაიხარებდი!‘ ვუთხარი: ‚მამიდა! ალლაჰს ვფიცავ, ის მუსა ბინ იმრანის ძმაა და მისნაირი შუამავალია. მის გზას მიჰყვება და იმავე თევჰიდით არის მოვლენილი, რომლითაც ისიც მოევლინა.‘

ამაზე მითხრა: ‚ძმისშვილო! ნუთუ ის ის შუამავალია, რომლის შესახებაც გვეუწყა, რომ ყიამეთის მოახლოებისას მოევლინება?‘ ‚დიახ‘, – ვუთხარი. ‚მაშ, მართალი ყოფილხარ‘, – მითხრა.5

როცა ალლაჰის შუამავალმა მედინაში ჰიჯრეთი აღასრულა, მის სანახავად მაშინვე ხალხში გავერიე. როგორც კი მისი დალოცვილი სახე, მისი ნათელი სახე დავინახე, ვთქვი: ‚მისი სახე მატყუარას სახე ვერ იქნება!‘ ალლაჰის შუამავალი შეკრებილ ხალხს ისლამს უხსნიდა და რჩევა-დარიგებას აძლევდა. პირველი ჰადისი შერიფი, რომელიც იქ ალლაჰის შუამავლისგან მოვისმინე, ეს იყო: ‚სალამი თქვენ შორის გაავრცელეთ, მშივრები დააპურეთ, სილაი რაჰმი აღასრულეთ (ახლო ნათესავები მოინახულეთ), ნამაზი ასრულეთ, როცა ხალხს სძინავს. ასე სამოთხეში მშვიდობით შეხვალთ.‘

სამყაროს სიამაყემ (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შუამავლობის სხივით მიცნო და ბრძანა: ‚შენ ხარ იბნი სელამი, მედინის სწავლული?‘ როცა ვუთხარი: ‚დიახ‘, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: ‚ახლოს მოდი‘, და ეს კითხვა დამისვა: ‚აბდულლაჰ! უზენაესი ალლაჰის გულისთვის მითხარი! თევრათში ჩემი თვისებები არ წაგიკითხავს და არ გისწავლია?‘ მე კი ვუთხარი: ‚შეგიძლიათ, მითხრათ, როგორია უზენაესი ალლაჰის თვისებები?‘

ამ კითხვაზე ალლაჰის შუამავალმა ცოტა ხანს მოიცადა და ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) სურა იჰლასი ჩამოიტანა. ალლაჰის შუამავლის მიერ წაკითხული ეს სურა რომ მოვისმინე, ჩვენს შუამავალს მაშინვე ვუთხარი: ‚დიახ, ალლაჰის შუამავალო! მართალს ამბობ, ვმოწმობ, რომ უზენაესი ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს. შენ მისი მსახური და შუამავალი ხარ‘, ქელიმეი შეჰადეთი წარმოვთქვი და მუსლიმი გავხდი. შემდეგ ვუთხარი: ‚ალლაჰის შუამავალო! იუდეველები მოძალადე ხალხია, რომელიც ისე იტყუება, რომ ადამიანს აოცებს, უსაფუძვლო ბრალდებებსა და ცილისწამებას მიმართავს. თუ, სანამ თქვენ ჩემს ბუნებასა და მთელ ჩემს მდგომარეობაზე მათ ჰკითხავთ, ისინი გაიგებენ, რომ მუსლიმი გავხდი, უეჭველად წარმოუდგენელი ცილისწამებით დამასმენენ თქვენთან. ჯერ თქვენ ჰკითხეთ მათ ჩემზე!‘, და სახლის ერთ კუთხეში დავიმალე. ჩემ შემდეგ იუდეველთა წარჩინებულების ერთი ჯგუფი შემოვიდა. ალლაჰის შუამავალმა იუდეველებს ჰკითხა: ‚როგორი კაცია აბდულლაჰ ბინ სელამი, რომელიც თქვენ შორისაა?‘ იუდეველებმა თქვეს: ‚ის ჩვენი უმაღლესი სწავლული და ჩვენი უდიდესი სწავლულის შვილია! იბნი სელამი ჩვენი საუკეთესოა და ჩვენი საუკეთესოს შვილია!‘ მაშინ ალლაჰის შუამავალმა იუდეველებს ჰკითხა: ‚თუ ის მუსლიმი გახდა, ამაზე რას იტყვით?‘

„უზენაესმა ალლაჰმა მაუწყა, რომ ოთხი კაცი უყვარს. მიბრძანა, ეს ოთხი მეც მიყვარდეს. ესენი არიან: ალი, ებუ ზერი, მიყდადი და სელმანი“ ჰადისი შერიფი

იუდეველებმა მიუგეს: ‚ალლაჰმა დაიფაროს ის ასეთი რამისგან!‘

ამ დროს სამალავიდან გამოვედი და ის ამ სიტყვებით დავადასტურე: ‚იუდეველთა საზოგადოებავ! გეშინოდეთ უზენაესი ალლაჰისა! მიიღეთ ის, რაც თქვენთან მოვიდა. უზენაეს ალლაჰს ვფიცავ – და თქვენც იცით, – რომ ეს არის უზენაესი ალლაჰის შუამავალი, რომლის სახელიც და თვისებებიც თქვენს ხელთ არსებულ თევრათში ჩაწერილი გინახავთ. ვმოწმობ, რომ უზენაესი ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს. ისიც ვმოწმობ, რომ მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) მისი მონა და შუამავალია.‘ ამაზე იუდეველებმა თქვეს: ‚ის ჩვენ შორის ყველაზე ცუდია და ჩვენ შორის ყველაზე ცუდის შვილია!‘ და ათასგვარი ნაკლი და ცილი დამწამეს და მაძაგეს. მე ვთქვი: ‚სწორედ ამის მეშინოდა. ალლაჰის შუამავალო! განა არ გითხარით, რომ ისინი უსამართლო, მატყუარა, ბოროტებისგან თავშეუკავებელი და ცილისმწამებელი ხალხია? აჰა, ყველაფერი გამოაშკარავდა!‘ ალლაჰის შუამავალმა იუდეველებს უთხრა: ‚თქვენი პირველი მოწმობა ჩვენთვის საკმარისია, მეორე კი ზედმეტია.‘ ამის შემდეგ მაშინვე შინ დავბრუნდი.

ოჯახის წევრები და ნათესავები ისლამისკენ მოვუწოდე. მამიდაჩემის ჩათვლით ყველანი მუსლიმები გახდნენ.

ჩემმა რწმენამ იუდეველები ძალიან განარისხა. ამიტომ შევიწროება დამიწყეს. მეტიც, ზოგიერთი იუდეველი სწავლული ცდილობდა, ისლამისთვის ზურგი შემექცევინებინა, და მეუბნებოდა: ‚არაბებისგან შუამავალი არ გამოვა, შენი კაცი ხელმწიფეა‘, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.“

მასთან ერთად გულწრფელად გამუსლიმდნენ სა’ლებე ბინ საიე, უსეიდ ბინ საიე, ესედ ბინ უბეიდი და ზოგიერთი სხვა იუდეველი. მაგრამ ზოგიერთმა იუდეველმა სწავლულმა თქვა: „მუჰამმედი მხოლოდ ჩვენ შორის ყველაზე ცუდებმა ირწმუნეს. ჩვენს საუკეთესოთაგან რომ ყოფილიყვნენ, წინაპართა რჯულს არ მიატოვებდნენ.“ ამაზე უზენაესმა ალლაჰმა მათ პასუხად წმინდა აიათი გარდამოავლინა და შინაარსით ბრძანა: „ისინი (წიგნის ხალხი) ყველანი ერთნაირნი არ არიან. წიგნის ხალხში არის ერთი თემი, რომელიც ღვთისმსახურებასა და მორჩილებაშია: ისინი ღამის ჟამს სეჯდეზე დამხობილნი უზენაესი ალლაჰის აიათებს კითხულობენ.“6

დღითიდღე უარესდება ჩემი მდგომარეობა, ალლაჰის შუამავალო!
დე, გამოსწორდეს ჩემი საქმენი – შემეწიე, ალლაჰის შუამავალო!
ამ მდაბალმა ნეფსმა გზა ამიბნია, ეშმაკს ამაყოლა,
ამდენი ცოდვით როგორ შეგეხიზნო, ალლაჰის შუამავალო?
ნუთუ შესაძლოა ნეფსისა და ეშმაკის სურვილთაგან ხსნა,
თუ შენგან ჰიდაიეთი (ჭეშმარიტი გზა) არ მეწია, ალლაჰის შუამავალო?
როცა შენი მადლი და სიკეთე ცოდვილს თუნდაც წამით ეწევა,
მისი გზა ორივე სამყაროში ხსნაა, ალლაჰის შუამავალო!
ბრძანებებს და აკრძალვებს პატივი ვეცი, ჰარამს ჰალალი არ ვუწოდე,
ყოველი ცოდვის ბოლო სინანული იყო, ალლაჰის შუამავალო!
ჰოი, ადამიანთა და ჯინთა შუამავალო, ადამიანთა უაღმატებულესო,
ჩემი გულწრფელობისთვის შეფაათი მიბოძე, ალლაჰის შუამავალო!

„ერთმანეთში სალამი გაავრცელეთ, მშივრები დააპურეთ, ნათესაური კავშირი (სილაი რაჰმი) შეინარჩუნეთ, ნამაზი შეასრულეთ, როცა ხალხს სძინავს. ასე სამოთხეში მშვიდობით შეხვალთ“ ჰადისი შერიფი

მედინეი მუნევვერეს ძველი ხედი (1890)

ჰიჯრეთის პირველ წელს მომხდარი ზოგიერთი ამბავი

ჰიჯრეთის პირველ წელს ენსართაგან ეს’ად ბინ ზურარე, ბერა ბინ მა’რური და ქულსუმ ბინ ჰიდმი, მუჰაჯირთაგან კი ოსმან ბინ მაზ’უნი გარდაიცვალნენ. ამასთან, ჰაზრეთი ებუ ბექირი და ბილალ ჰაბეში (რადიალლაჰუ ანჰუმა), რომლებმაც მედინის ჰავასა და წყალს ვერ გაუძლეს, ციებ-ცხელებით (მალარიით) დაავადდნენ. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ასე ივედრა: „ჩემო უფალო! როგორც მექქა შეგვაყვარე, ისე მედინაც შეგვაყვარე და აქ ბარაქა და უხვი სარჩო გვიბოძე.“ უზენაესმა ალლაჰმა მისი ვედრება შეისმინა და მუჰაჯირებს მედინა შეაყვარა.

პირველი წერილობითი შეთანხმება

ალლაჰის შუამავლის ჰიჯრეთამდე მედინაში მცხოვრები ჰაზრეჯის ტომის მეთაური, აბდულლაჰ ბინ უბეიი, მედინის ხელმწიფედ უნდა აერჩიათ. მაგრამ, როცა აყაბეს ფიცების შემდეგ, მოგვიანებით კი ჰიჯრეთის შედეგად, ევსისა და ჰაზრეჯის ტომების უმეტესობა გამუსლიმდა, აბდულლაჰ ბინ უბეიის ხელმწიფობა აღარ შედგა. ამიტომ აბდულლაჰ ბინ უბეიი პირველ რიგში ჩვენს შუამავალსა და მუჰაჯირ საჰაბეებზე, შემდეგ კი მედინელ საჰაბეებზე კბილს ილესავდა, მაგრამ თავის მტრობას აშკარად ვერ ამჟღავნებდა. თავის მსგავს რამდენიმე კაცთან ერთად მუნაფიყების (თვალთმაქცების) დაჯგუფება შექმნა. ისინი მუსლიმებთან ამბობდნენ, ისლამის რჯული მივიღეთო, ზურგს უკან კი დასცინოდნენ. ფარულად ნიფაყის (თვალთმაქცობის) თესლის თესვა და შფოთის აღძვრა დაიწყეს. ამაში იქამდე მივიდნენ, რომ სამყაროს სიამაყის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დალოცვილი სიტყვების უკუღმა გადმოცემასა და შეცვლას შეეცადნენ.

ამასობაში მექქელი კერპთაყვანისმცემლებიც ხელს არ იკრეფდნენ: რისი გაკეთებაც ალლაჰის შუამავლისთვის მექქაში ვერ შეძლეს, მედინაში ცდილობდნენ. როგორც მედინელ კერპთაყვანისმცემლებს უგზავნიდნენ მუქარის წერილებს, ისე მედინის იუდეველ ტომებსაც მუქარით სავსე წერილებსა და ცნობებს უგზავნიდნენ. მათმა ამ მუქარამ იუდეველებს ალლაჰის შუამავალთან დაახლოებისკენ უბიძგა.

ამ დროს იუდეველები ალლაჰის შუამავალთან მივიდნენ და უთხრეს: „თქვენთან ზავის დასადებად მოვედით. შეთანხმება დავდოთ, რომ ერთმანეთს ზიანი არ მივაყენოთ.“ ჩვენმა შუამავალმაც მათთან ორმოცდათხუთმეტმუხლიანი შეთანხმება დადო. მიღებული დადგენილებებიდან ზოგიერთი ასეთია:

1. ეს შეთანხმება არის დოკუმენტი, რომელიც ალლაჰის შუამავალმა, მუჰამმედმა (ალეიჰისსელამ), შეადგინა მექქელ და მედინელ მუსლიმებს, მათ მიმდევრებს, მოგვიანებით მათთან შეერთებულებსა და მათთან ერთად მებრძოლებს შორის.

2. უეჭველია, ისინი სხვა ადამიანებისგან განცალკევებული თემია.

3. ყოველი ტომი თავისი ტყვეების გამოსასყიდს (მუსლიმებს შორის არსებული სამართლიანობის მიხედვით) ერთობლივად გადაიხდის.

4. მუსლიმები აღუდგებიან მათ, ვინც მათ შორის არეულობას იწვევს, თუნდაც ისინი მათი საკუთარი შვილები იყვნენ.

5. იუდეველთაგან მათ, ვინც მუსლიმებს მიემხრობა, არანაირი უსამართლობა არ მიადგებათ, მეტიც, დახმარებასაც გაუწევენ.

6. იუდეველები მუსლიმებთან ერთად ერთ ჯგუფს შეადგენენ და თითოეული თავისი რჯულის მოთხოვნებს შეასრულებს.

7. იუდეველთაგან არცერთი მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) ნებართვის გარეშე სამხედრო ლაშქრობაში ვერ გავა.

8. არავინ ბოროტებას არ ჩაიდენს იმის მიმართ, ვისთანაც შეთანხმება აქვს დადებული, ხოლო უსამართლობის მსხვერპლს აუცილებლად დაეხმარებიან.

9. მედინის ველი ამ შეთანხმების დამდებთათვის ხელშეუხებელი, ჰარამი (წმინდა) ტერიტორიაა.

10. მექქელ კერპთაყვანისმცემლებსა და მათ დამხმარეებს არავითარ შემთხვევაში არ დაიცავენ.

11. მედინაზე თავდამსხმელთა წინააღმდეგ მუსლიმები და იუდეველები ერთმანეთს დაეხმარებიან.

ამ შეთანხმებით იუდეველები (გარეგნულად) მუსლიმებთან მეგობრობას შეინარჩუნებდნენ, მათ მიმართ სიძულვილს გულში არ ჩაიდებდნენ და მტრობას არ გამოიჩენდნენ.7

ჩემო ჰაბიბო, ნუ დამწუხრდები

იუდეველები, რომლებიც მტრობას გულში მალავდნენ, ზემოხსენებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ ჩვენს შუამავალთან. ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რომლებიც, მათი აზრით, ძალიან ძნელი იყო. მიღებული პასუხებიდან მიხვდნენ, რომ ის ჭეშმარიტი შუამავალია. მაგრამ სიჯიუტისა და შურის გამო არ ირწმუნეს. ამაზე ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „იუდეველ სწავლულთაგან ათ კაცს რომ ვერწმუნე, ყველა იუდეველი ირწმუნებდა.“ ასე დამწუხრებული ალლაჰის შუამავალი უზენაესმა ალლაჰმა ამ წმინდა აიათით ანუგეშა: „(ჩემო ჰაბიბო!) დიდებულო შუამავალო! ნუ დაგამწუხრებს (მდგომარეობა) იმათი, ვინც გულით არ სწამს, პირით კი ამბობს: ‚ვირწმუნეთ‘ (მუნაფიყებისა), და იუდეველთაგან იმათი, ვინც ურწმუნოებაში ეჯიბრება ერთმანეთს. ისინი განუწყვეტლივ სიცრუეს ისმენენ და (ყურეიზიანთაგან) ჯაშუშობენ სხვა ხალხისთვის (ჰეიბერის იუდეველებისთვის), რომელიც შენთან არ მოსულა. ისინი გაგონილ სიტყვებს, ჭეშმარიტებებს ადგილს უცვლიან და ისე გადმოსცემენ, რომ ჭეშმარიტებას დააშორონ. და ამბობენ: ‚თუ ეს (ფეთვა) მოგეცათ, მიიღეთ, თუ არ მოგეცათ, გაფრთხილდით!‘ ვისაც ინებებს უზენაესი ალლაჰი ფითნაში (გამოცდაში) ჩავარდნას, შენ ვერანაირად ვერ შეძლებ, უზენაესი ალლაჰის ნებას აღუდგე წინ. ისინი ის ხალხია, ვისი გულების განწმენდაც უზენაეს ალლაჰს არ უნებებია. მათ ამქვეყნად დამცირება და გაჭირვება, საიქიოში კი უდიდესი სასჯელი ელით.“8

დადებული შეთანხმების გამო ზოგიერთმა საჰაბემ თავის მეზობელ იუდეველებთან მეგობრობა გააბა. უზენაესმა ალლაჰმა მათაც აუკრძალა ეს და ბრძანა: „ჰოი, მორწმუნენო! რჯულის ძმების გარდა სხვას (ურწმუნოებსა და მუნაფიყებს) ნუ გაიხდით ახლო მეგობრად. ისინი არ დააყოვნებენ, რომ ზიანი მოგაყენონ და შფოთი აღძრან, და ნატრობენ, რომ გაჭირვებაში ჩავარდეთ. მათი სიძულვილი და მტრობა თქვენდამი უკვე მათი პირიდან გადმოიღვარა. გულში დამალული მტრობა კი უფრო დიდია. თუ დაფიქრდებით და გაიგებთ, – მათი მტრობის შესახებ აიათები განგიმარტეთ (ძალიან ცხადად გიჩვენეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება).“9

მექქელი კერპთაყვანისმცემლები მედინის კერპთაყვანისმცემლებს, მუნაფიყებს, იუდეველებს და მედინის შემოგარენის ტომებს განუწყვეტლივ აქეზებდნენ და ემუქრებოდნენ. ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე ჩაექროთ ისლამის სხივი, და ეძებდნენ გზებს, რომ ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი არსება მოესპოთ.

„იუდეველ სწავლულთაგან ათ კაცს რომ ვერწმუნე, ყველა იუდეველი ირწმუნებდა“ ჰადისი შერიფი

მუნაფიყებისა და კერპთაყვანისმცემლების ასეთი ქმედებების საპასუხოდ ალლაჰის შუამავალი ყოველთვის მშვიდობის გზას ირჩევდა. ზოგიერთი საჰაბე კი უკვე დარწმუნებული იყო, რომ მტერს უნდა დაპირისპირებოდნენ, და ასე ევედრებოდა: „ჩემო უფალო! ჩვენთვის შენს გზაზე ამ კერპთაყვანისმცემლებთან ბრძოლაზე უფრო ძვირფასი არაფერია. ამ ყურაიშელმა კერპთაყვანისმცემლებმა შენი ჰაბიბის შუამავლობა უარყვეს და მექქიდან წასვლა აიძულეს. ჩემო ალლაჰო! ალბათ ნებას დაგვრთავ, რომ მათ ვებრძოლოთ!..“ ალლაჰის შუამავალი კი ამ საქმეში უზენაესი ალლაჰის ბრძანებას ელოდა, რათა როგორც ებრძანებოდა, ისე მოქცეულიყო. ახლა კი დრო დადგა. ჯებრაილის (ალეიჰისსელამ) მოტანილ ვაჰიიში (ზეშთაგონებაში) ნაბრძანები იყო: „თქვენც ებრძოლეთ უზენაესი ალლაჰის გზაზე იმათ, ვინც თქვენ გებრძვით. მაგრამ ზღვარს ნუ გადახვალთ და ნუ გადაამეტებთ. ჭეშმარიტად, უზენაეს ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი. მოკალით ისინი (ურწმუნოები), სადაც შეხვდებით. გააძევეთ ისინი, როგორც მათ გაგაძევეს (მექქიდან). მათი შირქის ფითნა (შფოთი) მკვლელობაზე უარესია. ნუ შეებრძოლებით მათ მესჯიდი ჰარამთან, ვიდრე თავად არ შეგებრძოლებიან იქ. ხოლო თუ იქ დაგხოცავენ, თქვენც მოკალით ისინი იქ. ასეთია ურწმუნოთა საზღაური. თუ ისინი უზენაესი ალლაჰის უარყოფასა და ბრძოლას შეწყვეტენ, (თქვენც თავი დაანებეთ. რადგან) ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი დიდად მიმტევებელი და მოწყალეა.“10

მოგვიანებით გარდამოვლენილ წმინდა აიათში კი ნაბრძანებია: „ებრძოლეთ ამ კერპთაყვანისმცემლებს, ვიდრე შირქის ფითნის კვალიც აღარ დარჩება და რჯული მხოლოდ უზენაესი ალლაჰისა გახდება (ვიდრე მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეთაყვანებიან). თუ (შირქზე) ხელს აიღებენ, (მათ მიმართ ძალადობა აღარ იქნება.) მტრობა (სასჯელი) მხოლოდ უსამართლოთა მიმართაა.“11

მა მედაჰთუ მუჰამმედენ ბი მაყალათი,
ლაქინ მედაჰთუ მაყალათი ბი მუჰამმედინ.
(მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) ვერ შევაქებ,
მისით ჩემს ნაწერებს ფასს ვმატებ.)
იმამი რაბბანი (რაჰმეთულლაჰი ალეიჰ)