ღაზვები და სერიიეები
სანამ მუსლიმები მექქაში იყვნენ, კერპთაყვანისმცემლები მათ დიდ უსამართლობას აყენებდნენ. ზოგს სცემდნენ, ზოგს თავს უხეთქავდნენ, ზოგს კი წარმოუდგენელ წამებას უწყობდნენ. მაშინ ბრძოლის ნებართვა არ იყო, რადგან კერპთაყვანისმცემლები ბევრნი იყვნენ და ბრძოლა მუსლიმების საზიანოდ იქნებოდა. მედინაში ჩასვლის შემდეგ საჰაბეები გამრავლდნენ. ენსარების დახმარებით ძალა შეიქმნა. ისლამი გაძლიერდა და ჯიჰადი კანონიერი გახდა. ურწმუნოებთან ბრძოლის ნებართვა მიეცათ.
სეფერი, ღაზვა და სერიიე
სამყაროს სიამაყე (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინის წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად და მტრების მდგომარეობის გასაკონტროლებლად სერიიეებს (სათავდასხმო რაზმებს, ასეულებს), ანუ მცირე სამხედრო დანაყოფებს აწყობდა. იმ სერიიეებში, რომლებშიც ალლაჰის შუამავალი პირადად არ მონაწილეობდა და ურწმუნოების წინააღმდეგ აგზავნიდა, მონაწილეთა რიცხვი ხუთიდან ოთხასამდე მერყეობდა. ბრძოლებს, რომლებშიც ჩვენი შუამავალი მონაწილეობდა და პირადად ხელმძღვანელობდა, ღაზა (ღაზვა) ეწოდება. ჯარის ბრძოლაში წასვლას სეფერი ეწოდება, ომის მდგომარეობას კი – სეფერბერლიქი (მობილიზაცია).
ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მტრის მოულოდნელი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად მედინაში ყარაულის დგომის წესი შემოიღო, პატრულებს აგზავნიდა და ამით უსაფრთხოების საჭირო ზომები მიიღო.
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ოცდაშვიდი ღაზვა მოაწყო. ესენია: ებვა (ვედდანი), ბუვატი, პირველი ბედრი (საფევანი, ადრეული ბედრი), ზულ-უშეირე, ბედრი (ბედრი ქუბრა), ყარყარათულ-ქუდრი, ბენი ყაინუყა, სევიყი, ღატფანი (ენმარი, ზი ემრი), ბაჰრანი (ბენი სულეიმი, ნეჯრანი), უჰუდი, ჰამრაულ-ესედი, ბენი ნადირი, მცირე ბედრი (ბედრი სუღრა), ზათურ-რიყა, დუმეთულ-ჯენდელი, მურეისი (ბენი მუსტალაყი), ჰენდექი (აჰზაბი), ბენი ყურეიზა, ბენი ლიჰიანი, ღაბე (ზი ყარადი), ჰეიბერი, ვადილ-ყურა, მექქის დაპყრობა, ჰუნეინი, ტაიფი და თებუქი.
ამ ღაზვებიდან მხოლოდ ცხრაში მოხდა შეტაკება. ესენია: ბედრი (ბედრი ქუბრა), უჰუდი, მურეისი (ბენი მუსტალაყი), ჰენდექი (აჰზაბი), ბენი ყურეიზა, ჰეიბერი, ვადილ-ყურა, ჰუნეინი და ტაიფი. მექქა ბრძოლის გარეშე დაიპყრეს და მთელი მისი მოსახლეობა გამუსლიმდა.
დანარჩენ ღაზვებში არანაირი შეტაკება არ მომხდარა: ზოგში შეთანხმება დაიდო, ზოგში მტერი დანებდა; ურწმუნოთა ნაწილმა ისლამის ჯართან შეხვედრა ვერ გაბედა, ხოლო ურწმუნოთა უმეტესობა, როგორც კი ისლამის ჯარის მოახლოების ამბავს გაიგებდა, მთებში გარბოდა და უკვალოდ ქრებოდა.
ამ იგავით პოულობს ყოველი სახელმწიფო წარმატებასა და ხსნას:
„ომისთვის მზად იყავ, თუ მშვიდობა და კეთილდღეობა გსურს.“
აბდულჰაყ მოლლა
„თქვენც ებრძოლეთ უზენაესი ალლაჰის გზაზე იმათ, ვინც თქვენ გებრძვით. მაგრამ ზღვარს ნუ გადახვალთ და ნუ გადაამეტებთ“ ბაყარა: 190
ალლაჰის შუამავლის მიერ გაგზავნილი სერიიეები
პირველი სერიიეები – ჰაზრეთი ჰამზას რაზმი
კერპთაყვანისმცემლები ვაჭრობისა და ეკონომიკის მხრივ უნდა დაესუსტებინათ და ჭკუაზე მოეყვანათ. ამისთვის სირიის სავაჭრო გზების გადაკეტვა იყო საჭირო. ამ დროს გაიგეს, რომ კერპთაყვანისმცემელთა ერთი ქარავანი მედინის მახლობლად გადიოდა. ჰიჯრეთის პირველი წლის მეშვიდე თვეს, რამაზნის დასაწყისში, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა, დაუყოვნებლივ მოემზადებინათ ლაშქრობისთვის, და ოცდაათ მხედარს მეთაურად ჰაზრეთი ჰამზა დაუყენა. მას ურჩია, უზენაესი ალლაჰისა შეშინებოდა და თავის ხელქვეითებს კარგად მოპყრობოდა, შემდეგ კი ბრძანა: „უზენაესი ალლაჰის გზაზე, უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენებით გადით ღაზვაზე! ებრძოლეთ მათ, ვინც უზენაეს ალლაჰს არ ცნობს…“ ჰაზრეთი ჰამზას თეთრი დროშა გადასცა და გააცილა.
ჰაზრეთი ჰამზა თავის მხედრებთან ერთად სამასი მხედრის მიერ დაცული კერპთაყვანისმცემელთა ქარავნისკენ დაიძრა. როცა დამასკოდან მექქისკენ მიმავალი ქარავანი სიფულ-ბაჰრად წოდებულ ადგილს მიადგა, მუჯაჰიდებს გადაეყარა. დიდებული საჰაბეები მაშინვე საბრძოლო წყობით დადგნენ და შეტაკებისთვის მოემზადნენ. ამ დროს იქ მყოფი მეჯდი ბინ ამრ ჯუჰენი მოვიდა და შუაში ჩადგა. მეჯდი ბინ ამრ ჯუჰენი ორივე მხარის მოკავშირე იყო. როცა დაინახა, რომ მუსლიმები რიცხობრივად ძალიან ცოტანი იყვნენ, კერპთაყვანისმცემლები კი ძალიან ბევრნი, იფიქრა, რომ მუსლიმები შეიძლება დამარცხებულიყვნენ. მუსლიმთა სახელმწიფოს მარადიული არსებობის იმედით მომრიგებლად გამოვიდა და ორივე მხარეს შეტაკება გადააფიქრებინა. შემდეგ ჰაზრეთი ჰამზა და მისი მეგობრები მედინაში დაბრუნდნენ. როცა მეჯდის საქციელი ჩვენს შუამავალს მოახსენეს, კმაყოფილება გამოხატა და ბრძანა: „მან დალოცვილი, კარგი და სწორი საქმე გააკეთა.“1
უბეიდე ბინ ჰარისის რაზმი
ამის შემდეგ სერიიეები აღარ შეწყვეტილა. ჰაზრეთი უბეიდე ბინ ჰარისს სამოცი ან დაახლოებით ოთხმოცი მუჯაჰიდი ჩააბარეს და რაბიღში გაგზავნეს. როგორც კი ორი ჯარი ერთმანეთს შეხვდა, ორივე მხარემ ისრების სროლა დაიწყო. ისლამის ჯარიდან პირველი ისარი სა’დ ბინ ები ვაყყასმა ისროლა. ებუ სუფიანის მეთაურობით მყოფმა ორასმა კერპთაყვანისმცემელმა იფიქრა, რომ ისლამის ჯარის დიდი ნაწილი ჩასაფრებულია, მუსლიმებს შეუშინდა და ხსნა გაქცევაში ჰპოვა.2
ალლაჰის გზაზე ვიბრძოლოთ, დიდება მოვიპოვოთ, დიდება…
წმინდა ყურანში გამარჯვებას გვპირდება უზენაესი ალლაჰი.
„უზენაესი ალლაჰის გზაზე, უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენებით გადით ღაზვაზე! ებრძოლეთ მათ, ვინც უზენაეს ალლაჰს არ ცნობს“ ჰადისი შერიფი
ალლაჰის შუამავლის ღაზვები
პირველი ღაზვები – ვედდანის ღაზვა
მას ებვას ღაზვასაც უწოდებენ. ეს ალლაჰის შუამავლის პირველი ღაზვაა. ჰიჯრეთის მეთორმეტე თვეს მოხდა. მედინაში მოადგილედ ჰაზრეთი სა’დ ბინ უბადე დატოვეს. ყურაიშისა და ბენი დამრეს ტომის წინააღმდეგ სამოცი კაცით გაემართნენ. დროშა ჰაზრეთი ჰამზას ეჭირა. მექქელებს ვერ გადაეყარნენ. მივიდნენ ადგილას, რომელსაც ვედდანი ერქვა. ბენი დამრეს ტომთან წერილობითი შეთანხმება დაიდო. მის თანახმად:
1. დამრეიანები მტერს არავითარ შემთხვევაში არ დაეხმარებიან,
2. დამრეიანთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოება მუსლიმების თავდებობით იქნება დაცული,
3. სამაგიეროდ, როცა ჩვენი შუამავალი დამრეიანებს რაიმე ბრძოლისთვის მოუხმობს, ისინი მაშინვე დასახმარებლად გამოეშურებიან.
ბუვატის ღაზვა
ეს ღაზვა ალლაჰის შუამავლის მეორე ღაზვაა. ჰიჯრეთის მეორე წლის რებიულ ევველის თვე იყო. მედინაში მოადგილედ ჰაზრეთი საიბ ბინ ოსმან ბინ მაზ’უნი დატოვეს. როცა შეიტყვეს, რომ ებუ სუფიანის მეთაურობით ასკაციანი კერპთაყვანისმცემელთა ქარავანი ორიათასხუთასი აქლემით დამასკოში მიდიოდა, ორასი კაცით ყურაიშელთა ქარავნის წინააღმდეგ გაემართნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბუვატის მთამდე ყველაფერი ფეხდაფეხ მოჩხრიკეს, კერპთაყვანისმცემლები ვერ დაიჭირეს.
ზულ-უშეირეს ღაზვა
ჰიჯრეთის მეთექვსმეტე თვის დასაწყისში მოეწყო. მოვიდა ამბავი, რომ ებუ სუფიანის მეთაურობით მექქელ კერპთაყვანისმცემელთა დიდი სავაჭრო ქარავანი დამასკოში მიდიოდა. ალლაჰის შუამავალმა თავის ნაცვლად მოადგილედ ებუ სელემე ბინ აბდულესედი დატოვა. დროშა ჰაზრეთი ჰამზას (რადიალლაჰუ ანჰ) გადასცა. ოცდაათი აქლემი ჰყავდათ და მათზე რიგრიგობით სხდებოდნენ. ასორმოცდაათი ან დაახლოებით ორასი მუჯაჰიდით უშეირედ წოდებულ ადგილას მივიდნენ და რამდენიმე დღე ელოდნენ. ქარავნის დაჭერა ვერ მოხერხდა. მუდლიჯიანებთან ზავი დადეს და მედინაში დაბრუნდნენ.
პირველი ბედრის ღაზვა
მას საფევანის ღაზვასაც უწოდებენ. ბუვატის ღაზვიდან დაბრუნების შემდეგ სულ რამდენიმე დღე იყო გასული, რომ ამბავი მოვიდა: ერთი ყურაიშელი, სახელად ქურზ ბინ ჯაბირ ფიჰრი, თავის კაცებთან ერთად ჯემმას მთას დაესხა თავს და იქ მომძოვარი მსხვილფეხა პირუტყვი და აქლემები გაირეკა.
ჩვენმა შუამავალმა თავის ნაცვლად მოადგილედ ზეიდ ბინ ჰარისე დატოვა და რამდენიმე საჰაბესთან ერთად შემთხვევის ადგილისკენ დაიძრა. დროშა ამჯერად ჰაზრეთი ალის გადასცა.
როცა მუჯაჰიდები შემთხვევის ადგილას მივიდნენ, ქურზმა და სხვებმა პირუტყვი მიატოვეს და კვალი აურიეს. მიუხედავად იმისა, რომ ბედრის საფევანის ველამდე ყოველი ქვის ქვეშ ჩაიხედეს, ვერ იპოვეს.
აბდულლაჰ ბინ ჯაჰშის რაზმი (ბატნი ნაჰლეს სერიიე)
ერთ დღეს ჩვენს შუამავალს სურდა, ყურაიშელ კერპთაყვანისმცემელთა სათვალთვალოდ ნაჰლეში სერიიე გაეგზავნა. გასაგზავნ მეომრებს მეთაურად ჰაზრეთი ებუ უბეიდე ბინ ჯერრაჰის დანიშვნა ისურვა. როცა ებუ უბეიდე ბინ ჯერრაჰმა ეს ბრძანება მიიღო, ჩვენი შუამავლისგან შორს ყოფნის ტკივილით ტირილი დაიწყო.
„სასიხარულო ამბავი მათ, ვინც ჰაჯის გზაზე კვდება და ვინც ალლაჰის გზაზე ღაზვას ეწევა!“ ჰადისი შერიფი
ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მის ნაცვლად ემირად ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ჯაჰში დანიშნა.3
აბდულლაჰ ბინ ჯაჰში იმ პირთაგან იყო, ვინც ისლამით აღტაცებით ცხოვრობდა. როცა გამუსლიმდა, ურწმუნოებმა მას წარმოუდგენელი წამება მიაყენეს, მაგრამ ის მათ რწმენის ძალით დაუპირისპირდა და მათ ტანჯვა-წვალებას სიმტკიცით გაუძლო. ამიტომ ჩვენმა შუამავალმა მასზე თავის საჰაბეებს უთხრა: „ის თქვენ შორის შიმშილსა და წყურვილს ყველაზე მეტად უძლებს და იტანს.“ აბდულლაჰ ბინ ჯაჰში, მას შემდეგ რაც ალლაჰის შუამავლისგან შეჰიდებისთვის ნაუწყებ სასიხარულო ამბებს მოისმენდა, მუდამ შეჰიდობისკენ ისწრაფოდა. ბრძოლებში ყველაზე წინ გმირულად იბრძოდა.
ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ჯაჰში ჰყვება: „იმ დღეს, როცა შუამავალმა (ალეიჰისსელამ) ღამის (იშა) ნამაზი შეასრულა, თავისთან დამიძახა და ბრძანა: ‚დილით ადრე ჩემთან მოდი. იარაღიც თან გქონდეს. ერთ მხარეს გაგგზავნი.‘
როცა გათენდა, მეჩეთში წავედი. ხმალი, მშვილდი, ისრები და ჩანთა თან მქონდა, ფარიც გვერდით მედო. შუამავალმა (ალეიჰისსელამ) დილის (სუბჰის) ნამაზს იმამობა გაუწია და შინ დაბრუნდა. რადგან მე ადრე მოვედი, კართან ველოდი. მუჰაჯირთაგან რამდენიმე კაცი იპოვა, ვინც ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო. ბრძანა: ‚ამ კაცებზე მეთაურად დაგნიშნე‘ და წერილი მომცა. შემდეგ ბრძანა: ‚წადი! ორი ღამის სავალის შემდეგ წერილი გახსენი. როგორც მასში ნაბრძანები იქნება, ისე მოიქეცი.‘ ვკითხე: ‚ალლაჰის შუამავალო! რომელი მხარისკენ წავიდე?‘ ბრძანა: ‚ნეჯდიიეს გზას დაადექი. რექიიესკენ, ჭისკენ გასწიე!‘“
როცა აბდულლაჰ ბინ ჯაჰში ნაჰლეს ლაშქრობაზე დაინიშნა, მას პირველად მიენიჭა ემირულ-მუ’მინინის წოდება. ის იყო ისლამში პირველი ემირი, ვინც ამ სახელით მოიხსენიეს. როცა რვა ან თორმეტკაციანი რაზმით ორი დღის შემდეგ მელელად წოდებულ ადგილს მიაღწიეს, წერილი გახსნა, რომელშიც ეწერა:
„ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ. როცა ამ წერილს წაიკითხავ, უზენაესი ალლაჰის სახელითა და ბარაქით იარე, ვიდრე მექქასა და ტაიფს შორის მდებარე ნაჰლეს ველზე არ ჩახვალ. შენს მეგობართაგან არავინ აიძულო, რომ შენთან ერთად წამოვიდეს! ნაჰლეს ველზე ყურაიშელებსა და ყურაიშელთა ქარავანს უთვალთვალე, თვალი ადევნე და აკონტროლე. მათი ამბები ჩვენ გვაცნობე.“
ემირულ-მუ’მინინმა ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ჯაჰშმა წერილის წაკითხვის შემდეგ თქვა: „ჩვენ უზენაესი ალლაჰის მონები ვართ და ყველანი მასთან დავბრუნდებით. მოვისმინე და დავემორჩილე. უზენაესი ალლაჰისა და მისი საყვარელი შუამავლის ბრძანებას შევასრულებ“, – წერილს ეამბორა და თავზე დაიდო. შემდეგ მეგობრებს მიუბრუნდა და უთხრა: „თქვენ შორის ვინც შეჰიდობას ესწრაფვის, ჩემთან ერთად წამოვიდეს. ვისაც წამოსვლა არ სურს, შეუძლია დაბრუნდეს. არცერთ თქვენგანს არ ვაიძულებ. თუ არ წამოხვალთ, მარტო წავალ და შუამავლის (ალეიჰისსელამ) ბრძანებას შევასრულებ.“ მეგობრებმა ერთხმად უპასუხეს: „ჩვენი შუამავლის ბრძანებები მოვისმინეთ. უზენაეს ალლაჰს, ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) და შენ გემორჩილებით. სადაც გსურს, უზენაესი ალლაჰის ბარაქით იარე.“
ეს მცირე ჯარი, რომელშიც ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასიც იყო, ჰიჯაზისკენ გაემართა და ნაჰლეში მივიდა. ერთ ადგილას დაიმალნენ და იქ მიმავალ-მომავალ ყურაიშელებს თვალთვალი დაუწყეს. ამ დროს ყურაიშელთა ერთმა ქარავანმა ჩაიარა. მისი აქლემები დატვირთული იყო. მუჯაჰიდები ქარავანს მიუახლოვდნენ და ისლამისკენ მოუწოდეს, ხოლო როცა არ მიიღეს, შეტაკება დაიწყეს. ერთი მოკლეს, ორი დაატყვევეს, ერთს კი, რადგან ცხენზე იჯდა, ვერ დაეწივნენ. ურწმუნოთა მთელი ქონება მუჯაჰიდებს დარჩა. აბდულლაჰ ბინ ჯაჰშმა ამ ნადავლის მეხუთედი ალლაჰის შუამავლისთვის გამოყო. ეს იყო მუსლიმების მიერ მოპოვებული პირველი ნადავლი.4
ჩვენმა შუამავალმა ტყვეებს ისლამი აუხსნა და რწმენის მიღება შესთავაზა. ჰაქემ ბინ ქეისანი გამუსლიმდა. ოსმან ბინ ქეისანმა ისლამი უარყო და მექქაში წავიდა.
მესჯიდი ყიბლეთეინი
ჩვენი საყვარელი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინეი მუნევვერეში ჰიჯრეთიდან ჩვიდმეტი თვე იყო გასული. მანამდე ნამაზს ყოველთვის წმინდა იერუსალიმში მდებარე ბეითულ-მაყდისისკენ მიბრუნებული ასრულებდა. ამ დღეებში ალლაჰის შუამავლამდე იუდეველთა სიტყვებმა მოაღწია: „რა უცნაური საქმეა! მისი რჯული ჩვენსას არ ჰგავს, ყიბლა კი ჩვენნაირი აქვს!“ ამ ლაპარაკმა მისი წმინდა გული დაჰკოდა.
ერთ დღეს, როცა ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა, უბრძანა: „ჯებრაილ! მსურს, უზენაესმა ალლაჰმა ჩემი სახე იუდეველთა ყიბლიდან ქააბისკენ მიაბრუნოს.“
ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) უპასუხა: „მე მხოლოდ მონა ვარ. ეს უზენაეს ალლაჰს შესთხოვე!“
ამის შემდეგ სურა ბაყარას 144-ე წმინდა აიათი გარდამოევლინა. ნაბრძანებია: „(ჩემო ჰაბიბო! ვაჰიის მოსვლის მოლოდინში) ჭეშმარიტად ვხედავთ, როგორ აღაპყრობ განუწყვეტლივ სახეს ზეცისკენ. ამიტომ მიგაბრუნებთ ყიბლისკენ, რომლითაც კმაყოფილი იქნები. ახლა კი მიაბრუნე შენი სახე მესჯიდი ჰარამის მხარეს (ქააბისკენ). (ჰოი, მორწმუნენო!) თქვენც, სადაც არ უნდა იყოთ, ნამაზებში სახე იმ მხარეს მიაბრუნეთ. უეჭველია, ვისაც წიგნი მიეცა, მათ კარგად იციან, რომ ყიბლის ეს შეცვლა ჭეშმარიტებაა მათი უფლისგან. უზენაესი ალლაჰი კი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ.“
როცა ეს წმინდა აიათი შა’ბანის თვის შუა რიცხვებში, სამშაბათს, გარდამოევლინა, ალლაჰის შუამავალი ბენი სელიმეს მეჩეთში თავის საჰაბეებს შუადღის ან ნაშუადღევის ნამაზს უძღვებოდა. ნამაზის მესამე რექა’თზე იყო, როცა ქააბისკენ მიბრუნება ებრძანა. როგორც კი ვაჰიი მიიღო, სახე ქააბეი მუაზზამასკენ მიაბრუნა. საჰაბეებმაც უკეთილშობილეს ჰაბიბს მიჰბაძეს და იმ მხარეს მიბრუნდნენ. ამიერიდან ამ მეჩეთს მესჯიდი ყიბლეთეინი, ანუ „ორყიბლიანი მეჩეთი“ ეწოდა.
ალლაჰის შუამავალი ყუბაშიც წავიდა, იქ პირველად აგებული მეჩეთის მიჰრაბი თავისი დალოცვილი ხელებით ხელახლა გააკეთა და მეჩეთის კედლები განაახლა.5
„ჯებრაილ! მსურს, უზენაესმა ალლაჰმა ჩემი სახე იუდეველთა ყიბლიდან ქააბისკენ მიაბრუნოს“ ჰადისი შერიფი
მესჯიდი ყიბლეთეინი
მუსლიმების პირველი ყიბლა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მესჯიდი აყსა იყო. ის იუდეველთა ყიბლაც იყო. იუდეველები, „მუსლიმები ჩვენს ყიბლას მიმართავენო“, საჰაბეებს დასცინოდნენ. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) უზენაეს ალლაჰს შეევედრა და ითხოვა, რომ ჩვენი ყიბლა ქააბეი მუაზზამა ყოფილიყო. როცა ალლაჰის შუამავალი ამ მეჩეთში შუადღის ნამაზს (სხვა გადმოცემით ნაშუადღევის ნამაზს) უძღვებოდა და გარდამოევლინა წმინდა აიათი, რომლის შინაარსია: „ქააბისკენ მიბრუნდით“, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქააბეი მუაზზამასკენ მიბრუნდნენ. ამიტომ ამ მეჩეთს მესჯიდი ყიბლეთეინი ეწოდება, რაც „ორყიბლიან მეჩეთს“ ნიშნავს.
