ბედრის ღაზვა
ამ ღაზვას მეორე ბედრს, ბედრი ყითალსა და ბედრი ქუბრასაც უწოდებენ. სერიიეებში საჰაბეების წარმატებამ ურწმუნოები შეაშინა. ახლა მათი ქარავნები ჯგუფ-ჯგუფად და ჯარისკაცების თანხლებით გადიოდნენ გზაზე. ჰიჯრეთის მეორე წელს მექქელმა კერპთაყვანისმცემლებმა ყოველი ოჯახისგან კაპიტალი შეაგროვეს და ათასაქლემიანი ქარავანი დამასკოში გაგზავნეს. მის სათავეში მექქის ერთ-ერთი წარჩინებული, ებუ სუფიანი იდგა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამუსლიმებული.1 ქარავნის დასაცავად დაახლოებით ორმოცი მცველიც იყო დავალებული… საქონლის გაყიდვის შემდეგ მთელ ფულზე იარაღი უნდა ეყიდათ და ის მუსლიმებთან ბრძოლაში უნდა გამოეყენებინათ.
როცა ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შეიტყო, რომ კერპთაყვანისმცემლებმა სავაჭროდ დიდი ქარავანი დამასკოში გაგზავნეს, მათი მდგომარეობის გასარკვევად მუჰაჯირთაგან რამდენიმე კაცს მისცა დავალება. როცა ზულ-უშეირედ წოდებულ ადგილს მიაღწიეს, შეიტყვეს, რომ ქარავანს უკვე ჩაევლო, და მედინაში დაბრუნდნენ. თუ ურწმუნოების (ქუფრის) ხალხს იარაღსა და ქონებას ხელიდან გამოსტაცებდნენ, ისლამის ხალხს ზიანს ვეღარ მიაყენებდნენ და მათი წინააღმდეგობა გატყდებოდა. ამიტომ ალლაჰის შუამავალმა ვითარება შეაფასა და მაშინვე ბრძოლისთვის მზადება დაიწყო.
თავის ნაცვლად ნამაზის წასაყვანად აბდულლაჰ იბნი უმმუ მექთუმი დატოვა.2 ჰაზრეთი ტალჰა ბინ უბეიდულლაჰი და სა’იდ ბინ ზეიდი კი ქარავნის დაბრუნების გასაგებად მზვერავებად გაგზავნა.3 რადგან ჰაზრეთი ოსმანის მეუღლე მძიმედ იყო ავად, მას მედინაში დარჩენა უბრძანა. შემდეგ კიდევ ოთხ კაცს მისცა დავალება. ასე რომ, დავალებულთა რიცხვი რვას მიაღწია.
შემთხვევა ხელიდან არ უნდა გაეშვათ. ჩვენი შუამავალი მაშინვე მოემზადა და მუჰაჯირთა და ენსართაგან სამას ხუთ საჰაბესთან ერთად რამაზნის დალოცვილი თვის მეთორმეტე დღეს ბედრისკენ დაიძრა. დავალებულებთან ერთად მათი რიცხვი 313-ს აღწევდა.4 სამოცდაოთხი მათგანი მუჰაჯირი იყო.
ბედრი ის ადგილი იყო, სადაც მექქის, მედინისა და სირიისკენ მიმავალი გზები ერთმანეთს ხვდებოდა.
ამ ლაშქრობაში წასასვლელად ახლად წამოზრდილი ჭაბუკები, ქალებიც კი ევედრებოდნენ ჩვენს შუამავალს. როცა უმმუ ვარაყა ალლაჰის შუამავალთან მივიდა და უთხრა: „დედაჩემიც და მამაჩემიც შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! თუ ნებას დამრთავთ, თქვენთან ერთად წამოსვლა მსურს. დაჭრილებს ჭრილობებს შევუხვევ, ავადმყოფებს მოვუვლი. იქნებ უზენაესმა ალლაჰმა მეც შეჰიდობა მარგუნოს!“, უკეთილშობილესმა ჰაბიბმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: „შენ შინ იჯექი და წმინდა ყურანი იკითხე. უეჭველია, უზენაესი ალლაჰი შეჰიდობას გარგუნებს.“
„შენ (უმმუ ვარაყა) შინ იჯექი და წმინდა ყურანი იკითხე. უეჭველია, უზენაესი ალლაჰი შეჰიდობას გარგუნებს“ ჰადისი შერიფი
ბედრის ღაზვის მარშრუტი
სა’დ ბინ ები ვაყყასი ჰყვებოდა: „როცა ალლაჰის შუამავალს სურდა, უკან დაებრუნებინა ბავშვები, რომლებსაც ჩვენთან ერთად ღაზვაზე წამოსვლა უნდოდათ, დავინახე, რომ ჩემი ძმა, უმეირი, ცდილობდა, სადმე დამალულიყო და თვალში არავის მოხვედროდა. მაშინ თექვსმეტი წლისა იყო. ვკითხე: ‚რა მოგდის, ასე რატომ იმალები?‘ მითხრა: ‚მეშინია, ალლაჰის შუამავალმა მეც პატარად არ ჩამთვალოს და უკან არ დამაბრუნოს! მე კი ღაზვაში მონაწილეობა მსურს და მინდა, რომ უზენაესმა ალლაჰმა შეჰიდობა მარგუნოს.‘ როცა სწორედ მაშინ მის შესახებ ალლაჰის შუამავალს მოახსენეს, ჩემს ძმას უბრძანა: ‚შენ დაბრუნდი.‘ მაშინ ჩემი ძმა, უმეირი, ატირდა. წყალობის ზღვამ, უკეთილშობილესმა ჰაბიბმა, მის ცრემლებს ვერ გაუძლო და წასვლის ნება დართო. ჩემს ძმას ხმალი წელზე მე შევარტყი, რადგან თავად ვერ ახერხებდა მის შემორტყმას.“5 სამყაროთა ბატონის, ჩვენი საყვარელი შუამავლის, დროშა მუს’აბ ბინ უმეირს, სა’დ ბინ მუ’აზსა და ჰაზრეთი ალის ეჭირათ.6 საჰაბეებს მხოლოდ სამი ცხენი და სამოცდაათი აქლემი ჰყავდათ. ცხენებიდან ერთი მიყდადისა იყო, ერთი – ზუბეირისა, ერთიც – მერსედ ბინ ები მერსედისა. ერთ აქლემზე ორი ან სამი კაცი რიგრიგობით სხდებოდა. ალლაჰის შუამავალი ჰაზრეთი ალისთან, ებუ ლუბაბესა და მერსედ ბინ ები მერსედთან ერთად რიგრიგობით მიდიოდა აქლემით. მაგრამ ყველანი ევედრებოდნენ, რომ შუამავალს (ალეიჰისსელამ) ფეხით არ ევლო და მუდამ აქლემზე მჯდარიყო: „ჩვენი სიცოცხლე შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! აქლემიდან ნუ ჩამობრძანდებით. თქვენ ნაცვლად ჩვენ ვივლით ფეხით.“ მაგრამ სამყაროს სულთანმა, რომელიც თავს მათგან განსხვავებულად არ თვლიდა, ბრძანა: „როგორც თქვენ არ ხართ სიარულში ჩემზე ძლიერნი, ისე მეც თქვენზე არანაკლებ მჭირდება ჯილდო და საზღაური.“ უკეთილშობილესი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) და მისი დიდებული საჰაბეები უდაბნოში, მწველი სიცხის ქვეშ მიდიოდნენ. ამასთან, მარხულობდნენ. საჰაბეები ისლამის გასავრცელებლად უამრავ სიძნელეს იტანდნენ და ჩვენს შუამავალს სიყვარულითა და აღტაცებით მიჰყვებოდნენ, რადგან ბოლოს მათ უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის კმაყოფილება, ასე ძლიერ სანატრელი შეჰიდობა და სამოთხე ელოდათ… ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა თავისი საჰაბეების მდგომარეობას შეხედა და ივედრა: „ჩემო ალლაჰო! ისინი ქვეითად არიან. შენ მათ სამგზავრო პირუტყვი უბოძე! ჩემო ალლაჰო! ისინი შიშვლები და უტანსაცმლონი არიან. შენ ისინი შემოსე! ჩემო ალლაჰო! ისინი მშივრები არიან, დააპურე ისინი. ღარიბები არიან, შენი სიკეთითა და გულუხვობით გაამდიდრე ისინი!“
სანამ ჩვენი შუამავალი და მისი დალოცვილი ჯარი ამ მცხუნვარე სიცხეში ბედრისკენ მიიწევდნენ, დამასკოდან მომავალი კერპთაყვანისმცემელთა ქარავანიც ბედრს მიუახლოვდა. ორმა საჰაბემ, რომლებიც ჩვენმა შუამავალმა ქარავნის ამბის გასაგებად გაგზავნა, შეიტყო, რომ ქარავანი ერთ-ორ დღეში შეიძლება ბედრში მისულიყო, და სასწრაფოდ დაბრუნდა. როცა ქარავნის ხალხი იმ სოფელში მივიდა, სადაც ამ ორმა ეს ამბავი შეიტყო, სოფლელებს ჰკითხეს: „მუსლიმების მზვერავების შესახებ ხომ არაფერი იცით?“ მათ უთხრეს: „არ ვიცით. მაგრამ ორი კაცი მოვიდა, აქ ცოტა ხანს ისხდნენ, მერე ადგნენ და წავიდნენ.“
ებუ სუფიანი აღწერილ ადგილას მივიდა და, როცა დაათვალიერა, მიწაზე დაყრილი აქლემის ნეხვი გასრისა და მასში საკვების კურკები დაინახა. თქვა: „ეს მედინური საკვებია. ვფიქრობ, ის ორი კაცი მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) მზვერავები არიან.“ მიხვდა, რომ მუსლიმები ძალიან ახლოს იყვნენ, და დიდმა შიშმა შეიპყრო. ქარავნის ბედით შეშფოთებულმა გადაწყვიტა, დღე და ღამე ევლო და, დროის დაუკარგავად, წითელი ზღვის სანაპიროთი სასწრაფოდ მექქაში მისულიყო. ამასთან, ერთი კაცი, სახელად დამდამ ბინ ამრ ღიფარი, მექქაში შიკრიკად გაგზავნა, რომ მომხდარი ეცნობებინა.7
„ჩემო ალლაჰო! ისინი (ჩემი საჰაბეები) ქვეითად არიან. შენ მათ სამგზავრო პირუტყვი უბოძე! ჩემო ალლაჰო! ისინი შიშვლები და უტანსაცმლონი არიან. შენ ისინი შემოსე! ჩემო ალლაჰო! ისინი მშივრები არიან, დააპურე ისინი. ღარიბები არიან, შენი სიკეთითა და გულუხვობით გაამდიდრე ისინი!“ ჰადისი შერიფი
ეს კაცი, როცა მექქაში ჩავიდა, პერანგი წინიდან და უკნიდან შემოიხია. აქლემს უნაგირი უკუღმა შემოუბრუნა. უცნაურ მდგომარეობაში გოდება და ყვირილი ატეხა: „მიშველეთ! მიშველეთ!… ყურაიშელებო! მოეშველეთ!… თქვენს ქარავანს, ებუ სუფიანთან მყოფ თქვენს ქონებას მუჰამმედი და მისი საჰაბეები დაესხნენ თავს. თუ მიუსწრებთ, ქარავანს გადაარჩენთ!…“
ეს რომ გაიგეს, მექქელები მაშინვე შეიკრიბნენ და მოემზადნენ. შვიდასი აქლემოსანი, ასი მხედარი და ასორმოცდაათი ქვეითი შეაგროვეს. როცა ებუ ლეჰებს უთხრეს: „აბა, შენც შემოგვიერთდი!“, შიშისგან ავადმყოფობა მოიმიზეზა. თავის ნაცვლად ას ბინ ჰიშამი გაგზავნა. ერთი კერპთაყვანისმცემელი, სახელად უმეიიე ბინ ჰალეფი, ომისთვის მზადებაში მეტისმეტად ზანტად იქცეოდა, რადგან გაგონილი ჰქონდა, რომ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ჩემი საჰაბეები უმეიიეს მოკლავენ.“ ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ ის სიმართლეს არასოდეს გადაუხვევდა. ამიტომ ებუ ჯეჰლის დაჟინებულ თხოვნაზე მოხუცებულობასა და ზედმეტ სიმსუქნეს იმიზეზებდა. მაგრამ, როცა ებუ ჯეჰლმა სიმხდალეში დასდო ბრალი, წასვლა მოუწია.
კერპთაყვანისმცემელთა ჯარი დაახლოებით ათასი კაცისგან შედგებოდა. ყველას რკინის ჯავშანი ეცვა. თან ტკბილხმოვანი ქალები ახლდათ. არც საკრავები და სასმელი დავიწყებიათ. ეგონათ, ასეთი ძლიერი ჯარით სამას კაცს კი არა, ათასკაციან ჯარსაც წამსვე დავამარცხებთო. ზოგი გზაზე გასვლამდე ითვლიდა კიდეც, ვის მოკლავდა და რა ნადავლს წაიღებდა. მაგრამ ყველას უდიდესი წადილი ისლამის მოსპობა იყო. კერპთაყვანისმცემელთა ეს თავგასული ბრბო ქალების მიერ ნაცემი დაფების (დეფის) ხმითა და მათ მიერ ნამღერი სიმღერებით დაადგა გზას.
ამასობაში ებუ სუფიანი ბედრს კარგა მანძილით დაშორდა და მექქისკენ გზის დიდი ნაწილი გაიარა. როცა დარწმუნდა, რომ საფრთხე გადაიარა, თავისი კაცი, ყაის ბინ იმრილ-ყაისი, ყურაიშელებთან გაგზავნა და შეუთვალა: „ყურაიშელებო! თქვენ მექქიდან ქარავნის, თქვენი კაცებისა და ქონების დასაცავად გამოხვედით. ჩვენ საფრთხეს გადავურჩით. ახლა უკან დაბრუნდით!…“ ამასთან, ურჩია: „ერიდეთ მედინაში წასვლას მუსლიმებთან შესატაკებლად!“
როცა ყაისმა ამბავი კერპთაყვანისმცემელთა ჯარს მიუტანა, ებუ ჯეჰლმა თქვა: „ვფიცავ, ბედრამდე მივალთ და სამ დღე-ღამეს ვილხენთ, აქლემებს დავკლავთ და ღვინოს დავლევთ. ირგვლივ მცხოვრები ტომები გვიყურებენ, შეგვშურდებათ და დაინახავენ, რომ არავისი გვეშინია. ამის შემდეგ ჩვენი სიძლიერის შიშით ვეღარავინ გაბედავს ჩვენზე თავდასხმას. ყურაიშის უძლეველო ჯარო! წინ!…“ როცა ყაისმა დაინახა, რომ ებუ ჯეჰლი სიტყვის გამგონე არ იყო, უკან დაბრუნდა და ამბავი ებუ სუფიანს აცნობა. შორსმჭვრეტელმა და წინდახედულმა ებუ სუფიანმა თავი ვერ შეიკავა და თქვა: „ვაიმე! ვაი ყურაიშს!… ეს ამრ ბინ ჰიშამის (ებუ ჯეჰლის) გეგმაა. ეს საქმე უთუოდ ხალხის მეთაურობის სურვილით ჩაიდინა. ასეთი თავგასულობა კი ყოველთვის დიდი ნაკლი და უბედურებაა. თუ მუსლიმები მათ შეხვდებიან, ვაი ყურაიშის ბრალი!…“
ებუ სუფიანმა ქარავანი სასწრაფოდ მექქაში მიიყვანა და ჯარს დაეწია. ამ დროს სამყაროს ბატონი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავის საჰაბეებთან ერთად ბედრს უახლოვდებოდა. ერთ წამს ისლამის ჯარში მედინელ კერპთაყვანისმცემელთაგან ჰუბეიბ ბინ იესაფი და ყაის ბინ მუჰარრისი დაინახა. ჰუბეიბს თავზე რკინის ჩაჩქანი ეხურა, მაგრამ მაინც იცნო და ჰაზრეთი სა’დ ბინ მუ’აზს უთხრა: „ეს ჰუბეიბი არ არის?“ მან უპასუხა: „დიახ, ალლაჰის შუამავალო!“ ჰუბეიბი ომის ხელოვნების მცოდნე, მამაცი ფალავანი იყო. ყაისთან ერთად ალლაჰის შუამავლის წინაშე წარსდგა. ჩვენმა შუამავალმა მათ ჰკითხა: „ჩვენთან ერთად რატომ მოდიხართ?“ უპასუხეს: „შენ ჩვენი დის შვილი და ჩვენი მეზობელი ხარ. ჩვენც ჩვენს ხალხთან ერთად ნადავლის მოსაგროვებლად მოვდივართ!“ როცა ჩვენმა შუამავალმა ჰუბეიბს ჰკითხა: „უზენაესი ალლაჰი და მისი შუამავალი ირწმუნე?“, მან თქვა: „არა.“ შუამავალმა (ალეიჰისსელამ) ბრძანა: „მაშინ დაბრუნდი! ვინც ჩვენს რჯულზე არ არის, ჩვენთან ერთად ვერ იქნება.“ ჰუბეიბმა თქვა: „ყველამ იცის ჩემი სიმამაცე, ჩემი გმირობა და ისიც, რომ მტერს მკერდში ჭრილობებს ვაყენებ. ნადავლისთვის შენს გვერდით შენი მტრის წინააღმდეგ ვიბრძოლებ.“ ჩვენმა შუამავალმა მისი დახმარება არ მიიღო.
ცოტა ხნის სიარულის შემდეგ ჰუბეიბმა თავისი თხოვნა გაიმეორა, მაგრამ ჩვენმა შუამავალმა აცნობა, რომ, სანამ არ გამუსლიმდებოდა, მისი სურვილი ვერ შესრულდებოდა. როცა რევჰად წოდებულ ადგილას მივიდნენ, ჰუბეიბი ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წინაშე წარსდგა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ვირწმუნე, რომ უზენაესი ალლაჰი სამყაროთა უფალია და რომ შენ შუამავალი ხარ, იმანი მივიღე“, და სამყაროს ბატონი ძალიან გაიხარა. ყაისსაც მედინაში დაბრუნების შემდეგ რწმენის პატივი ერგო (რადიალლაჰუ ანჰ).
როცა ისლამის ჯარი საფრას ველზე მივიდა, შეიტყო, რომ მექქელებს ჯარი შეეკრიბათ და ქარავნის გადასარჩენად ბედრისკენ მოდიოდნენ. ჩვენმა შუამავალმა საჰაბეები შეკრიბა და ამ მდგომარეობაზე მათ ეთათბირა, რადგან მედინელმა მუსლიმებმა, როცა აყაბეში ალლაჰის შუამავალს ფიცი მისცეს, პირობა დადეს: „ალლაჰის შუამავალო! ჩვენს ქალაქში მობრძანდი. იქ მტრისგან დაგიცავთ, თუნდაც სიცოცხლის ფასად, და შენ გამოგყვებით.“ ახლა კი მედინის გარეთ გამოვიდნენ. მათ წინ კი დიდი მტრული ჯარი იდგა, რომელიც რიცხვით, იარაღითა და ქონებით მათ მრავალჯერ აღემატებოდა.
როცა ალლაჰის შუამავალმა საჰაბეებს აზრი ჰკითხა, მუჰაჯირთაგან ერთიმეორის მიყოლებით ადგნენ ებუ ბექირ სიდდიყი და ომერულ-ფარუყი და თქვეს, რომ მტრის ჯარს უნდა შებრძოლებოდნენ. შემდეგ ადგა მიყდად ბინ ესვედი, ისიც მუჰაჯირთაგან, და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! რასაც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, ის აღასრულე. მისი ბრძანებით იარე. ყოველ წამს შენთან ვართ და ერთი წამითაც არ მოგშორდებით. ჩვენ არ ვიტყვით იმას, რაც ისრაელის შვილებმა უთხრეს მუსას (ალეიჰისსელამ): ‚მუსა! სანამ იმ მხარეში მჩაგვრელი და მოძალადე ხალხია, ჩვენ იქ არ წავალთ და იმ ქალაქში ვერასოდეს შევალთ. ამიტომ წადით შენ და შენი უფალი ერთად და შეებრძოლეთ მათ ორივემ. ჩვენ კი აქ დავსხდებით…‘8 ჩვენს სიცოცხლესა და თავს უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის გზაზე გავწირავთ. ვფიცავთ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც ჭეშმარიტ შუამავლად წარმოგგზავნა: ეთიოპიაში, ზღვის გაღმაც რომ გაგვგზავნო, წავალთ. ოდნავადაც კი არასოდეს აღგიდგებით წინ. ყოველი შენი სურვილის შესასრულებლად მზად ვართ. დედაჩემიც, მამაჩემიც და ჩემი სიცოცხლეც შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო!…“
„ვინც ჩვენს რჯულზე არ არის, ჩვენთან ერთად ვერ იქნება“ ჰადისი შერიფი
ბედრის ბრძოლა
მიყდადის ამ სიტყვებმა ჩვენი საყვარელი შუამავალი ძალიან გაახარა და მისთვის სიკეთე ივედრა.9
აქ მედინელი მუსლიმების აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი უფრო მეტნი იყვნენ და სიტყვა ჰქონდათ მიცემული, რომ ალლაჰის შუამავალს მედინაში დაიცავდნენ. მედინის გარეთ ბრძოლის ვალდებულება არ ჰქონდათ. როცა ეს ყველამ გაიგო, ენსართაგან სა’დ ბინ მუ’აზი ადგა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! თუ ნებას დამრთავთ, ენსარების სახელით ვილაპარაკებ.“ როცა ნება დაერთო, თქვა: „ალლაჰის შუამავალო! შენი გვწამს და შენი შუამავლობა დავადასტურეთ. რაც მოიტანე, ყველაფერი ჭეშმარიტია და სწორია. ამაზე მტკიცე სიტყვა მოგეცით და შევფიცეთ, რომ მოგისმენთ და დაგემორჩილებით. ამ სიტყვას არასოდეს გადავუხვევთ და სადაც არ უნდა წახვიდე, შენი ბრძანების ქვეშ ვართ. შენს ბრძანებას საკუთარ თავზე მაღლა ვაყენებთ. ჩვენს სიცოცხლესა და თავს შენს გზაზე გავწირავთ. ვფიცავთ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც ჭეშმარიტ შუამავლად წარმოგგზავნა: ზღვაშიც რომ ჩაყვინთო, ჩვენც უკან ჩაგყვებით. ჩვენგან არავინ ჩამორჩება ერთი ნაბიჯითაც. რაც შენს დალოცვილ გულშია, ბრძანე და ჩვენ შევასრულებთ. ჩვენს სიცოცხლესთან ერთად ჩვენი ქონებაც გაწირული იყოს. მტერს ზურგს არასოდეს ვაქცევთ. ბრძოლაში მტკიცენი ვართ. ჩვენი იმედი შენი გახარება და შენი კმაყოფილების მოპოვებაა. უზენაესი ალლაჰის წყალობა იყოს შენთან…“ საჰაბეები, რომლებიც ამ სიტყვებს ისმენდნენ, ძალიან აღფრთოვანდნენ. ყველამ განაცხადა, რომ ამ სიტყვებს მთელი გულით ეთანხმებოდა. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ძალიან კმაყოფილი დარჩა. ჰაზრეთი სა’დისა და თავისი საჰაბეებისთვის ივედრა. ახლა ყოველგვარი ყოყმანი გაქრა. მტერი რაც უნდა მრავალრიცხოვანი და ძლიერი ყოფილიყო, დიდებული საჰაბეები მზად იყვნენ, თვალის დაუხამხამებლად გაჰყოლოდნენ ჩვენს საყვარელ შუამავალს თუნდაც შეჰიდობამდე და უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის კმაყოფილება მოეპოვებინათ. სანამ მათ სათავეში სამყაროს ბატონი იდგა, არ არსებობდა ადგილი, სადაც ისინი არ წავიდოდნენ… სამყაროს სიამაყემ, როცა მათი ერთგულება და აღტაცება დაინახა, საჰაბეებს სასიხარულო ამბავი ამცნო: „წამოდით, დაიძარით! გაიხარეთ უზენაესი ალლაჰის წყალობით. ალლაჰს ვფიცავ, თითქოს ახლავე ვხედავ იმ ადგილებს, სადაც ყურაიშის ხალხი ბრძოლის ველზე დაეცემა, და ვხედავ კიდეც!“ ამ სასიხარულო ამბის შემდეგ საჰაბეები სიყვარულით დაიძრნენ ალლაჰის შუამავლის კვალდაკვალ.
ანგელოზები დასახმარებლად მოდიან
როცა ბედრის შემოგარენს მიაღწიეს, პარასკევის ღამე იყო. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა საჰაბეებს უთხრა: „იმედი მაქვს, აი, იმ პატარა ბორცვის გვერდით მდებარე ჭასთან რაიმე ცნობებს შეიტყობთ.“ იქ უზენაესი ალლაჰის ლომი, ჰაზრეთი ალი, სა’დ ბინ ები ვაყყასი, ზუბეირ ბინ ავვამი და რამდენიმე სხვა საჰაბე გაგზავნა. ჰაზრეთი ალი და მისი მეგობრები მაშინვე ჭასთან წავიდნენ. იქ ყურაიშელთა მეაქლემეები და მეწყლეები დაინახეს. ისინი მუსლიმების დანახვაზე გაიქცნენ. მაგრამ მათგან ორი შეიპყრეს. ერთი მათგანი იყო ბენი ჰაჯჯაჯის მონა ესლემი, მეორე კი – ას ბინ სა’იდის შვილების მონა არიდ ებუ იესარი.
როცა ისინი ჩვენი შუამავლის წინაშე მიიყვანეს, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მათ ჰკითხა: „ყურაიშელები სად არიან?“ უპასუხეს: „აი, იქ რომ მოჩანს, იმ ქვიშის ბორცვის იქით დაბანაკდნენ.“ ჩვენმა შუამავალმა ჰკითხა: „ყურაიშელები რამდენნი არიან?“ უთხრეს: „არ ვიცით.“ როცა კითხვაზე: „დღეში რამდენ აქლემს კლავენ?“ ასეთი პასუხი მიიღო: „ერთ დღეს ცხრას, ერთ დღეს ათს“, ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ათასზე ნაკლები და ცხრაასზე მეტი არიან.“ კვლავ ჰკითხა: „ყურაიშის წარჩინებულთაგან ვინ არიან იქ?“ როცა უთხრეს: „უთბე, შეიბე, ჰარის ბინ ამრი, ებულ-ბუჰთერი, ჰაქიმ ბინ ჰიზამი, ებუ ჯეჰლი, უმეიიე ბინ ჰალეფი…“, ალლაჰის შუამავალი საჰაბეებს მიუბრუნდა და ბრძანა: „მექქის ხალხმა თავისი გულის ნატეხები გამოგიგზავნათ მსხვერპლად.“ შემდეგ იმ ორ კაცს ჰკითხა: „როცა აქეთ მოდიოდით, ყურაიშელთაგან ვინმე დაბრუნდა უკან?“ და მათ უპასუხეს: „დიახ. ბენი ზუჰრედან აჰნეს ბინ ები შერიქი დაბრუნდა.“ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „თავად სწორ გზაზე რომ არ არის და არც საიქიო იცის, არც უზენაესი ალლაჰი და არც წიგნი, ბენი ზუჰრეს მაინც სწორი გზა უჩვენა… მათ გარდა კიდევ ვინმე დაბრუნდა?“ და ასეთი პასუხი მიიღო: „ადი ბინ ქა’ბის შვილები დაბრუნდნენ.“10
„ალლაჰის შუამავალო! რასაც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, ის აღასრულე. მისი ბრძანებით იარე. ყოველ წამს შენთან ვართ და ერთი წამითაც არ მოგშორდებით“ მიყდად ბინ ესვედი (რადიალლაჰუ ანჰ)
ჩვენმა შუამავალმა ყურაიშელებთან, ბოლოჯერ გასაფრთხილებლად, ჰაზრეთი ომერი შეთანხმების წინადადებით გაგზავნა. ომერ ბინ ჰატტაბმა მათ უთხრა: „ჯიუტო ხალხო! შუამავალი (ალეიჰისსელამ) გიბრძანებთ: ‚ყველამ ამ საქმეზე ხელი აიღოს და მშვიდობით დაბრუნდეს, რადგან სხვა ვინმესთან ბრძოლა ჩემთვის თქვენთან ბრძოლაზე უფრო სასურველია!…‘“
ამ წინადადების საპასუხოდ ყურაიშელ კერპთაყვანისმცემელთაგან ჰაქიმ ბინ ჰიზამი წინ გამოვიდა და თქვა: „ყურაიშელებო! მუჰამმედმა თქვენ მიმართ დიდი სამართლიანობა გამოიჩინა. რასაც ითხოვს, მაშინვე მიიღეთ. თუ მის ნათქვამს არ შეასრულებთ, ვფიცავ, ამის შემდეგ თქვენ მიმართ აღარასოდეს იქნება სამართლიანი!…“ ებუ ჯეჰლი ჰაქიმის ამ სიტყვებზე გაბრაზდა და თქვა: „ამას არასოდეს მივიღებთ და, სანამ მუსლიმებზე შურს არ ვიძიებთ, უკან არ დავბრუნდებით, რათა ამიერიდან ჩვენს ქარავანს თავდასხმა ვეღარავინ გაუბედოს“, – და ზავის გზები ჩაკეტა. ჰაზრეთი ომერი დაბრუნდა.
იმ ღამეს ჩვენი შუამავალი და მისი დიდებული საჰაბეები ბედრში კერპთაყვანისმცემლებზე ადრე მივიდნენ და ჭებთან ახლოს მდებარე ადგილას დაბანაკდნენ. ჩვენმა შუამავალმა საჰაბეებს ეთათბირა და აზრი ჰკითხა, სად უნდა გაემართათ ბანაკი. მათ შორის ფეხზე წამოდგა სულ ოცდაცამეტი წლის ჰუბაბ ბინ მუნზირი და სიტყვა ითხოვა. როცა ნება დაერთო, იკითხა: „ალლაჰის შუამავალო! ეს ის ადგილია, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა ბანაკის გასამართად გიბრძანათ და სადაც აუცილებლად უნდა დავრჩეთ? თუ პირადი მოსაზრებით, საომარ ღონისძიებად აირჩიეთ?“ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „არა! ეს ადგილი საომარი ღონისძიების მოთხოვნით აირჩიეს.“
ამაზე ჰაზრეთი ჰუბაბმა თქვა: „დედაჩემიც, მამაჩემიც და ჩემი სიცოცხლეც შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო!
ჩვენ მეომარი ხალხი ვართ. ეს ადგილებიც კარგად ვიცით. აი, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ყურაიშელები დაბანაკდებიან, ჭაში ტკბილი და უხვი წყალია. თუ ნებას დაგვრთავთ, იქ დავბანაკდეთ. ირგვლივ ყველა ჭა ამოვავსოთ. მერე აუზი გავაკეთოთ და წყლით გავავსოთ. მტერთან ბრძოლისას, როცა კი მოგვწყურდება, მოვალთ და ჩვენი აუზიდან წყალს დავლევთ. მტერი კი წყალს ვერ იპოვის და გაჭირვებაში ჩავარდება.“11 იმ წამს ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ვაჰიი მოიტანა, რომელიც ამცნობდა, რომ ეს აზრი სწორი იყო. ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ჰუბაბ! სწორი აზრი ის არის, რომელზეც შენ მიუთითე“, და ფეხზე წამოდგა. ყველანი ერთად აღნიშნულ ჭასთან მივიდნენ. ტკბილწყლიანი ჭის გარდა ყველა ჭა ამოავსეს და დიდი აუზი გააკეთეს. წყლით გაავსეს და დასალევად ჭურჭელი დადეს.
ამ დროს ჰაზრეთი სა’დ ბინ მუ’აზი ჩვენი შუამავლის წინაშე წარსდგა და შესთავაზა: „ალლაჰის შუამავალო! ფინიკის პალმის ტოტებისგან ფარდული ხომ არ გაგიკეთოთ, რომ შიგ დაბრძანდე?“ სამყაროს სიამაყე სა’დის ამ აზრით კმაყოფილი დარჩა და მისთვის ივედრა. მაშინვე ფარდული გააკეთეს. შუამავალთა სულთანმა თავის დიდებულ საჰაბეებთან ერთად ბრძოლის ველი შემოიარა და დაათვალიერა. დროდადრო ჩერდებოდა და ბრძანებდა: „ინშააალლაჰ, ხვალ დილით აქ დაეცემა დაჭრილი ესა და ეს! ინშააალლაჰ, ხვალ დილით აქ დაეცემა დაჭრილი ესა და ეს! აი, აქ! აქ…“ და თავისი დალოცვილი ხელებით სათითაოდ აჩვენებდა ადგილებს, სადაც ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლები უნდა მოეკლათ.
შემდგომში ჰაზრეთი ომერმა ეს ასე გადმოსცა: „დავინახე, რომ თითოეული მათგანი ზუსტად იმ ადგილას დაეცა მოკლული, სადაც უკეთილშობილესმა შუამავალმა თავისი დალოცვილი ხელი დაადო. არც ოდნავ წინ იყვნენ და არც ოდნავ უკან.“
სამყაროთა ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) საჰაბეები სამ ჯგუფად დაყო. მუჰაჯირების დროშა მუს’აბ ბინ უმეირს მისცა, ევსელებისა – სა’დ ბინ მუ’აზს, ჰაზრეჯელებისა კი – ჰუბაბ ბინ მუნზირს. თითოეული თავისი დროშის ქვეშ შეიკრიბა.12 ჩვენმა შუამავალმა ჯარი მწკრივებად დააყენა და წესრიგში მოიყვანა.
როცა ჯარს აწესრიგებდა, მწკრივიდან წინ გამოსულ სევად ბინ ღაზიიეს მკერდზე ჯოხით, რომელიც დალოცვილ ხელში ეჭირა, შეეხო და უბრძანა: „სწორად დადექი, სევად!“ სევადმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ჯოხმა, რომელიც ხელში გიჭირავთ, მატკინა. ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც ჭეშმარიტი რჯულით, წიგნითა და სამართლიანობით წარმოგგზავნათ, მეც მსურს, ასევე შეგეხოთ ჯოხით.“ მისმა ამ სიტყვებმა ყველა საჰაბე გააოცა. განა შეიძლებოდა სამყაროს ბატონისგან ყისასის (სამაგიეროს) მოთხოვნა? განა შეიძლებოდა ასეთი რამის გაკეთება? ალლაჰის შუამავალმა კი თავისი დალოცვილი პერანგის წინა მხარე გადაიწია და ბრძანა: „აბა, ყისასი აიღე და შენი უფლება მიიღე.“ ამ დროს ჰაზრეთი სევადმა დიდი სიხარულითა და სიყვარულით ემთხვია უკეთილშობილესი ჰაბიბის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დალოცვილ მკერდს.
სანამ ყველა ყისასს ელოდა, ძმები ამ სანახაობის დანახვაზე სევადით აღფრთოვანდნენ და მისი მდგომარეობა შეშურდათ. როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ჰკითხა: „ასე რატომ მოიქეცი?“, სევადმა თქვა: „დედაჩემიც, მამაჩემიც და ჩემი სიცოცხლეც შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ვხედავ, რომ დღეს უზენაესი ალლაჰის ბრძანებით სიკვდილის ჟამი მომიწია, და მეშინია, რომ თქვენ მოგშორდებით. ამიტომ ამ ბოლო წუთებში, რომლებიც ერთად გვაქვს, ვისურვე, რომ ჩემი ბაგეები თქვენს დალოცვილ სხეულს შეხებოდა. მსურდა, ეს გამხდარიყო მიზეზი, რომ განკითხვის დღეს შეფაათი (შუამდგომლობა) გაგეწიათ ჩემთვის და ასე სასჯელს გადავრჩენილიყავი.“ მისი ამ სიყვარულის წინაშე ჩვენი შუამავალიც ძალიან აღელდა და ჰაზრეთი სევადისთვის ივედრა.
ისლამის დალოცვილი ჯარის მარჯვენა ფრთას გმირ მუჯაჰიდ ზუბეირ ბინ ავვამს უნდა ემეთაურა, მარცხენას კი – მიყდად ბინ ესვედი.13
ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სურდა, თავის დიდებულ საჰაბეებს მოთათბირებოდა, თუ როგორ დაეწყოთ ბრძოლა, და ჰკითხა: „როგორ იბრძოლებთ?“ ასიმ ბინ საბითი ფეხზე წამოდგა, ხელში მშვილდ-ისარი ეჭირა, და თავისი აზრი გამოთქვა: „ალლაჰის შუამავალო! როცა ყურაიშელები დაახლოებით ას მეტრზე მოგვიახლოვდებიან, ისრები დავუშინოთ. მერე, როცა ხელით ნასროლი ქვის მანძილზე მოვლენ, ქვები ვესროლოთ. როცა იმდენად მოგვიახლოვდებიან, რომ შუბი მისწვდება, შუბებით ვიბრძოლოთ, ვიდრე არ დაიმტვრევა. შემდეგ კი ხმლები ვიშიშვლოთ და ვიბრძოლოთ!“ ეს ტაქტიკა ჩვენს შუამავალს მოეწონა. საჰაბეებს ასეთი მითითება მისცა: „თქვენს მწკრივებს ნუ მიატოვებთ. ადგილზე მტკიცედ იდექით და ნუ შეირხევით. სანამ არ გიბრძანებთ, ბრძოლას ნუ დაიწყებთ. სანამ მტერი არ მოგიახლოვდებათ, ისრებს ნუ გაფლანგავთ. როცა მტერი ფარს გადაიწევს, ისარი ესროლეთ. როცა მტერი ძალიან ახლოს მოვა, ხელით ქვები ესროლეთ. როცა მიგიახლოვდებიან, შუბები გამოიყენეთ. ხოლო როცა მტერთან პირისპირ, მკერდით მკერდზე შეხვდებით, ხმლებით იბრძოლეთ…“
„ინშააალლაჰ, ხვალ დილით აქ დაეცემა დაჭრილი ესა და ეს! ინშააალლაჰ, ხვალ დილით აქ დაეცემა დაჭრილი ესა და ეს! აი, აქ! აქ…“ ჰადისი შერიფი
შემდეგ ყარაულები დააყენეს და საჰაბეებს დასვენების საშუალება მისცეს. უზენაესი ალლაჰის სიბრძნით ისინი ისეთ ღრმა ძილს მიეცნენ, რომ ქუთუთოების აწევაც არ შეეძლოთ. როცა ჩვენი შუამავალი ფინიკის პალმის ტოტებისგან გაკეთებულ ფარდულში შევიდა, ჰაზრეთი ებუ ბექირმა, შემდეგ კი სა’დ ბინ მუ’აზმა ხმლები იშიშვლეს და ფარდულის შესასვლელთან ყარაულად დადგნენ. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დალოცვილი ხელები აღაპყრო და დიდ მწუხარებაში უზენაეს ალლაჰს ვედრება დაუწყო: „ჩემო უფალო! ამ ერთ მუჭა თემს თუ დაღუპავ, დედამიწაზე შენ აღარავინ გეთაყვანება…“ ეს მწუხარე ვედრება დილამდე გაგრძელდა.
ისლამის დალოცვილი ჯარის დაბანაკების ადგილი ქვიშიანი იყო. ამიტომ სიარული ძნელი იყო და ფეხები ქვიშაში ეფლობოდა. უზენაესი ალლაჰის წყალობით და ალლაჰის შუამავლის ვედრების ბარაქით იმ ღამეს წვიმა დაიწყო, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა, და ისეთი ნიაღვარი წამოვიდა, რომ ხევებიდან გადმოდიოდა. წყლის ჭურჭელი აავსეს, მიწა კი იმდენად გამაგრდა, რომ ფეხები აღარ ეფლობოდა.
კერპთაყვანისმცემლები კი ტალახსა და ნიაღვარში დარჩნენ.
განთიადის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა საჰაბეები ნამაზზე გააღვიძა.
დილის (სუბჰის) ნამაზის წაყვანის შემდეგ მტერთან ჯიჰადისა და შეჰიდობის ღირსებაზე ესაუბრა და ბრძოლისკენ წაახალისა. ბრძანა: „ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს იმას, რაც სწორი და ჭეშმარიტია. არავისგან არ იღებს საქმეს, რომელიც უზენაესი ალლაჰის კმაყოფილებისთვის არ გაკეთებულა… ეცადეთ, შეასრულოთ ჩვენი უფლის ბრძანება, რომლითაც ამ ადგილებში თავისი წყალობა და პატიება აღგითქვათ, და გამოცდა ჩააბარეთ! რადგან მისი აღთქმა ჭეშმარიტია, მისი სიტყვა – მართალი, მისი სასჯელი კი – მკაცრი. მეც და თქვენც ჰაიი და ყაიიუმ უზენაეს ალლაჰს ვეკუთვნით. მას შევეფარეთ, მას ჩავეჭიდეთ, მას მივენდეთ. ჩვენი საბოლოო დაბრუნებაც მასთანაა. უზენაესმა ალლაჰმა მეც და ყველა მუსლიმსაც მოგვიტევოს!…“
რამაზნის დალოცვილი თვის ჩვიდმეტ რიცხვს პარასკევი დღის მზე ამოვიდა. ცოტა ხანში ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი, ყველაზე უთანასწორო, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ბრძოლა უნდა დაწყებულიყო…
ერთ მხარეს იდგნენ სამყაროს სიამაყე (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) და მისი ერთი მუჭა დიდებული საჰაბე, რომლებიც სიცოცხლის გაწირვას ოდნავადაც არ ერიდებოდნენ; მეორე მხარეს კი ურწმუნოთა თავგასული და აღვირახსნილი ბრბო, რომელიც იმისთვის შეკრებილიყო, რომ ისლამი ერთ კოვზ წყალში დაეხრჩო და უზენაესი ალლაჰის ჰაბიბობის პატივით შემკული შუამავალი მოესპო. სამწუხაროდ, მათ შორის უკეთილშობილესი შუამავლის ნათესავებიც იყვნენ. ისინიც ბედრში თავიანთ საყვარელ ძმისშვილთან საბრძოლველად მოსულიყვნენ.
ჩვენმა შუამავალმა თავისი ჯარის წყობას კვლავ გადახედა და მიცემული მითითებები გაიმეორა. ამ დროს ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლები ბანაკიდან გამოვიდნენ და ბედრის ველისკენ დაიძრნენ. მათი უმეტესობა ჯავშნით იყო შემოსილი. დიდი ამპარტავნებითა და ქედმაღლობით ისლამის ჯარს შეუტიეს. როცა ალლაჰის შუამავალმა კერპთაყვანისმცემელთა ეს მდგომარეობა დაინახა, ჰაზრეთი ებუ ბექირთან ერთად კარავში შევიდა, დალოცვილი ხელები აღაპყრო და უზენაეს ალლაჰს ვედრება დაუწყო: „ჩემო უფალო, აჰა, ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლები მთელი თავიანთი ამპარტავნებითა და ქედმაღლობით მოდიან!… შენ გიწვევენ შესაბრძოლებლად და შენს შუამავალს ცრუს უწოდებენ. ჩემო ალლაჰო! გთხოვ, შეასრულო დახმარებისა და გამარჯვების აღთქმა, რომელიც მომეცი!… ჩემო ალლაჰო! თუ ამ ერთი მუჭა მუსლიმის დაღუპვას ინებებ, მაშინ შენი თაყვანისმცემელი აღარავინ იქნება!…“
ასე განუწყვეტლივ, კვლავ და კვლავ შემწეობას სთხოვდა და ევედრებოდა უზენაეს ალლაჰს. ჩვენი შუამავლის ეს უაღრესად მწუხარე, გულის გამგმირავი ვედრება იქამდე გაგრძელდა, ვიდრე თავდავიწყებაში ჩავარდნილს მოსასხამი დალოცვილი მხრიდან არ ჩამოუვარდა. ჰაზრეთი ებუ ბექირმა, რომელმაც ამ გულწრფელ ვედრებას ვეღარ გაუძლო, დალოცვილი მოსასხამი დიდი მოწიწებით აიღო მიწიდან და, როცა ჩვენს შუამავალს დალოცვილ მხარზე უფენდა, ანუგეშა: „ჩემი სიცოცხლე შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ამდენი ვედრება კმარა!… შენს უფალს უკვე დაჟინებით შეევედრე! ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი მალე მოგცემს გამარჯვებას, რომელიც აღგითქვა.“ იმ წამს სამყაროთა ბატონი ამ წმინდა აიათების კითხვით გამოვიდა კარვიდან. მათში შინაარსით ნაბრძანებია: „(ბედრში) ეს ჯგუფი უეჭველად მალე დაიშლება და დამარცხდება, ზურგს შეაქცევენ და გაიქცევიან. უფრო სწორად, მათი სასჯელის ნამდვილი ჟამი განკითხვის დღეა. იმ ჟამის სასჯელი კიდევ უფრო საშინელი და მწარეა.“14
ჩვენი საყვარელი შუამავალი თავისი ჯარის სათავეში დადგა. დიდებულ საჰაბეებს ეს წმინდა აიათები წაუკითხა: „ჰოი, თქვენ, ვინც ირწმუნეთ! როცა მტრის რომელიმე რაზმს შეხვდებით, მედგარნი იყავით და მრავალჯერ ახსენეთ უზენაესი ალლაჰი, რათა გადარჩეთ… ეგებ ასე შეიქნათ წარმატებულნი. დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს. ნუ მიეცემით ერთმანეთში უთანხმოებას, თორემ წარუმატებლობას განიცდით და თქვენი ძლიერება (ძალა, სიმტკიცე) გაქრება. მომთმენნი იყავით. რადგან უზენაესი ალლაჰი მომთმენებთანაა.“15
ეს უნდა ყოფილიყო მტერთან მთელი ჯარით გამართული პირველი ბრძოლა. ბრძოლა სადაცაა დაიწყებოდა. მღელვარებამ ზენიტს მიაღწია. როცა უკეთილშობილესმა შუამავალმა წაიკითხა წმინდა აიათი, რომლის შინაარსია: „მრავალჯერ ახსენეთ უზენაესი ალლაჰი…“, ყველა საჰაბემ ერთად დაიწყო ძახილი: „ალლაჰუ ექბერ!… ალლაჰუ ექბერ!…“ და უზენაეს ალლაჰს ევედრებოდნენ, რომ გამარჯვება ებოძებინა. ახლა მხოლოდ ჩვენი შუამავლის ერთ ნიშანს ელოდნენ. იმდროინდელი ჩვეულებით, სანამ ორი ჯარი ერთმანეთს შეეჯახებოდა, ორივე მხრიდან ვაჟკაცები გამოდიოდნენ მოედანზე და ერთმანეთს ებრძოდნენ. ამ ორთაბრძოლებში ორივე მხარის საბრძოლო მრისხანება და სურვილი იზრდებოდა, მებრძოლები ცხარდებოდნენ და ბრძოლას ეჩვეოდნენ. კერპთაყვანისმცემელთაგან ამირ ბინ ჰადრემიმ ეს წესი არ დაიცვა, ფეხქვეშ გათელა და ისლამის ჯარს ისარი ესროლა. ისარი მუჰაჯირთაგან მიჰჯას მოხვდა; ის შეჰიდად დაეცა და მისი დალოცვილი სული სამოთხეში ავიდა. შუამავალთა ბატონმა ამ პირველ შეჰიდზე სასიხარულო ამბავი ამცნო: „მიჰჯა შეჰიდების ბატონია.“ საჰაბეებს ადგილზე გაჩერება აღარ შეეძლოთ. მაგრამ ჩვენი შუამავლის ბრძანების გარეშე ოდნავ შერხევაც არ შეეძლოთ.
„ჩემო უფალო, აჰა, ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლები მთელი თავიანთი ამპარტავნებითა და ქედმაღლობით მოდიან!… შენ გიწვევენ შესაბრძოლებლად და შენს შუამავალს ცრუს უწოდებენ. ჩემო ალლაჰო! გთხოვ, შეასრულო დახმარებისა და გამარჯვების აღთქმა, რომელიც მომეცი!…“ ჰადისი შერიფი
თითოეულ მათგანს შიგნით ვულკანივით დუღილი დაეწყო!…
ამ დროს დაინახეს, რომ კერპთაყვანისმცემელთა ჯარიდან სამი კაცი წინ გამოვარდა. ესენი იყვნენ რებიაიანთაგან ისლამის გაბოროტებული მტრები: უთბე, მისი ძმა შეიბე და შვილი ველიდი. მუჯაჰიდებს შესძახეს: „თქვენ შორის არის ვინმე, ვინც ჩვენთან შებრძოლებას შეძლებს?“ როცა საჰაბეთაგან პირველად ჰაზრეთი ებუ ჰუზეიფე გამოვიდა წინ თავის მამასთან, უთბესთან, საბრძოლველად, სამყაროთა სულთანმა უთხრა: „შენ დადექი!“ მაშინ მედინელ მუჯაჰიდთაგან აფრა ჰათუნის შვილები, მუ’აზი და მუ’ავვეზი, და აბდულლაჰ ბინ რევაჰა გამოვიდნენ წინ. უთბეს, შეიბესა და ველიდს წინ აეღუდნენ. ხელში ხმლებით მზად იდგნენ.
კერპთაყვანისმცემლებმა მოითხოვეს, თავი გაეცნოთ: „ვინ ხართ?“ როცა უთხრეს: „მედინელი მუსლიმები ვართ“, კერპთაყვანისმცემლებმა თქვეს: „თქვენთან საქმე არა გვაქვს! ჩვენ აბდულმუტტალიბიანები გვჭირდება. მათთან გვინდა ბრძოლა“, – ისლამის ჯარს მიუბრუნდნენ და დაიძახეს: „მუჰამმედ! ჩვენი ხალხიდან ჩვენი თანასწორები გამოგვიგზავნე!“
უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მოედანზე მყოფი ამ სამი მამაცი საჰაბისთვის ივედრა და ადგილებზე დაბრუნება უბრძანა. შემდეგ საჰაბეებს გადახედა და ბრძანა: „ჰაშიმიანებო! ადექით! ებრძოლეთ ჭეშმარიტების გზაზე მათ, ვინც თავიანთი ცრუ რჯულებით უზენაესი ალლაჰის სხივის ჩასაქრობად მოვიდნენ, რადგან უზენაესმა ალლაჰმა თქვენი შუამავალიც სწორედ ამისთვის წარმოგზავნა. ადექი, უბეიდე! ადექი, ჰამზა! ადექი, ალი!“
უზენაესი ალლაჰის ლომებმა, ჰაზრეთი ჰამზამ, ჰაზრეთი ალიმ და ჰაზრეთი უბეიდემ, ჩაჩქნები დაიხურეს და მოედანზე გავიდნენ. როცა მათ წინ დადგნენ, კერპთაყვანისმცემლებმა თქვეს: „ვინ ხართ? თუ ჩვენი თანასწორები ხართ, თქვენთან ვიბრძოლებთ.“ როცა მათ უპასუხეს: „მე ჰამზა ვარ! მე ალი ვარ! მე უბეიდე ვარ!“, კერპთაყვანისმცემლებმა თქვეს: „თქვენც ჩვენსავით პატივდებული ხალხი ხართ. თქვენთან ბრძოლაზე თანახმა ვართ.“ ისლამის გმირმა მუჯაჰიდებმა კერპთაყვანისმცემლებს ჯერ რწმენისკენ მოუწოდეს, მაგრამ არ მიიღეს. მაშინ სამივემ ერთდროულად იშიშვლა ხმალი და კერპთაყვანისმცემლებს მიესია. ჰაზრეთი ჰამზამ და ჰაზრეთი ალიმ ურწმუნოები უთბე და ველიდი ერთი შეტევით მოკლეს. ჰაზრეთი უბეიდემ შეიბე დაჭრა. შეიბემაც დაჭრა უბეიდე. ჰაზრეთი ჰამზა და ჰაზრეთი ალი უბეიდეს მიეშველნენ და შეიბე იქვე მოკლეს. ჰაზრეთი უბეიდე ხელში აიყვანეს და ალლაჰის შუამავლის წინაშე მიიყვანეს.16 ჰაზრეთი უბეიდე ბინ ჰარისის დალოცვილი კოჭიდან სისხლი და ძვლის ტვინი მოედინებოდა. ის თავის ამ მდგომარეობას ყურადღებასაც არ აქცევდა და იკითხა: „ჩემი სიცოცხლე შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ამ მდგომარეობაში თუ მოვკვდები, შეჰიდი არ ვიქნები?“ ჩვენმა შუამავალმა უბრძანა: „დიახ, შენ შეჰიდი ხარ“ და ახარა, რომ სამოთხის მკვიდრი იყო. (ჰაზრეთი უბეიდე (რადიალლაჰუ ანჰ) ბრძოლიდან დაბრუნებისას, საფრად წოდებულ ადგილას გარდაიცვალა.) ამ ორთაბრძოლაში სამი მნიშვნელოვანი კაცის დაკარგვით კერპთაყვანისმცემლები დაიბნენ. მიუხედავად ამისა, ებუ ჯეჰლი, თავისი ჯარის სულისკვეთების ასამაღლებლად, ცდილობდა, ასე ენუგეშებინა ისინი: „ნუ უყურებთ, რომ უთბე, შეიბე და ველიდი დაიხოცნენ, ბრძოლაში აჩქარდნენ და ტყუილად დაიღუპნენ! ვფიცავ, სანამ მუსლიმებს არ შევიპყრობთ და თოკებით არ შევკრავთ, უკან არ დავბრუნდებით!…“ გმირი საჰაბეები კი მოუთმენლად ელოდნენ, რომ კერპთაყვანისმცემელთა ეს ბრბო რაც შეიძლება მალე დაესაჯათ ხმლებით. ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) კი ამ ვედრებას იმეორებდა, რომელიც მის დალოცვილ ენას არ შორდებოდა: „ჩემო ალლაჰო! შეასრულე აღთქმა, რომელიც მომეცი!… ჩემო ალლაჰო! თუ ისლამის ამ ერთ მუჭა თემს დაღუპავ, დედამიწაზე შენი თაყვანისმცემელი აღარავინ დარჩება!…“
ამ დროს კერპთაყვანისმცემელთა მწკრივებიდან მოედანზე გამოვიდა და ორთაბრძოლაში გამოიწვია ჰაზრეთი ებუ ბექირის შვილმა, აბდურრაჰმანმა, ყურაიშელთა ერთ-ერთმა ყველაზე მამაცმა და საუკეთესო მშვილდოსანმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამუსლიმებული. ივლისის შუადღის იმ სიცხეში დაინახეს, რომ მუჯაჰიდების მწკრივებიდანაც ერთმა კაცმა მაშინვე იშიშვლა ხმალი და წინ გამოვიდა. ეს კაცი იყო გმირი ჰაზრეთი ებუ ბექირი, რომელსაც პირველად გამუსლიმების პატივი და სიდდიყის ხარისხი ერგო, შუამავლების შემდეგ ყველაზე აღმატებული ადამიანი… თავის შვილთან შესაბრძოლებლად წინ გაიჭრა. მაგრამ სამყაროთა ბატონმა უთხრა: „ებუ ბექირ! განა არ იცი, რომ ჩემთვის ხარ, როგორც თვალი, რომლითაც ვხედავ, და ყური, რომლითაც მესმის? ნუ მომშორდები! ყოველი გაჭირვება, რომელიც ჩემს სხეულსა და გულს ეწევა, მსუბუქდება, როცა შენს დალოცვილ სახეს ვხედავ. შენით ჩემი გული ძლიერდება.“
ასე გადააფიქრებინა ბრძოლა. ებუ ბექირ სიდდიყმა თავი ვერ შეიკავა და შვილს უთხრა: „ჰოი, გარყვნილო! სად დარჩა ჩემთან შენი კავშირი?“
შემდეგ დაინახეს, რომ შუამავალთა სულთანი, უკეთილშობილესი ჰაბიბი, დაიხარა და ერთი მუჭა ქვიშა აიღო. ის ქვიშა მტერს ესროლა და ბრძანა: „გაუშავდეთ სახეები!… ჩემო ალლაჰო! მათ გულებში შიში ჩააგდე და ფეხებში კანკალი!“, საჰაბეებს მიუბრუნდა და უბრძანა: „შეტევაზე!… წინ!“ დიდებულმა საჰაბეებმა, რომლებიც მხოლოდ ნიშანს ელოდნენ, წინასწარ მიცემული მითითებების მიხედვით დაიწყეს მოქმედება. „ალლაჰუ ექბერ!… ალლაჰუ ექბერ!…“ ძახილში ისრებმა ზუზუნი დაიწყეს, ქვებმა მიზანს მოხვედრა, შუბებმა ჯავშნებზე ჩახჩახი… უზენაესი ალლაჰის ლომები: ჰაზრეთი ჰამზა ორივე ხელში აღებული ორი ხმლით იბრძოდა; ჰაზრეთი ალი, ჰაზრეთი ომერი, ზუბეირ ბინ ავვამი, სა’დ ბინ ები ვაყყასი, ებუ დუჯანე17 და აბდულლაჰ ბინ ჯაჰში კერპთაყვანისმცემელთა მწკრივებში ერთი მხრიდან შეიჭრებოდნენ, მეორე მხრიდან გამოდიოდნენ და ურწმუნოებს აბნევდნენ. თითოეული მათგანი აუღებელ ციხე-სიმაგრედ იქცა. „ალლაჰუ ექბერ!… ალლაჰუ ექბერ!…“ ძახილი ქვეყანას ავსებდა და უზენაესი ალლაჰის დიდების სიდიადე ურწმუნოებს თავზე უროსავით ეცემოდა. ჩვენი შუამავალი უზენაეს ალლაჰს ევედრებოდა: „ია ჰაიიუ! ია ყაიიუმ! ია ჰაიიუ! ია ყაიიუმ!“ ჰაზრეთი ალიმ თქვა: „ბედრში ჩვენ შორის ყველაზე მამაცი და უდიდესი გმირი შუამავალი (ალეიჰისსელამ) იყო. კერპთაყვანისმცემელთა მწკრივებთან ყველაზე ახლოს ისიც იყო. როცა გაჭირვებაში ვვარდებოდით, მას ვაფარებდით თავს.“
კერპთაყვანისმცემლებმა თავიანთი მეთაური, ებუ ჯეჰლი, შუაში მოიქციეს. თავიანთთაგან ერთი ებუ ჯეჰლივით ჩააცვეს და მას დაამსგავსეს. ამ უბედურს აბდულლაჰ ბინ მუნზირი ერქვა. ჰაზრეთი ალი აბდულლაჰს მივარდა და ებუ ჯეჰლის თვალწინ თავი მოჰკვეთა. შემდეგ ასევე ებუ ყაისი ჩააცვეს. ისიც ჰაზრეთი ჰამზამ მოკლა.
ჰაზრეთი ალი ერთ კერპთაყვანისმცემელს ებრძოდა. კერპთაყვანისმცემელმა ჰაზრეთი ალის ხმალი მოუქნია და ხმალი ფარში გაეჩხირა. როცა ჰაზრეთი ალიმ ზულფიყარი ჯავშნიან სხეულში ჩასცა კერპთაყვანისმცემელს და მას ჯავშანთან ერთად მხრიდან მკერდამდე კვეთდა, დაინახა, რომ თავზე ხმლის პირი გაუელვა. სწრაფად დახარა თავი. სანამ ის, ვისი ხმალიც გაიელვა, ამბობდა: „აჰა! ესეც ჰამზა ბინ აბდულმუტტალიბისგან!“, კერპთაყვანისმცემლის თავი ჩაჩქანთან ერთად მიწაზე დაეცა. ჰაზრეთი ალი მოტრიალდა და დაინახა თავისი ბიძა, ჰაზრეთი ჰამზა, რომელიც ორი ხმლით იბრძოდა. ჩვენი შუამავალი, როცა კი დაინახავდა, რომ მისი საჰაბეები ასე გმირულად იბრძოდნენ, აქებდა მათ და ბრძანებდა: „ისინი უზენაესი ალლაჰის ლომები არიან დედამიწაზე.“
„ჩემო ალლაჰო! შეასრულე აღთქმა, რომელიც მომეცი!… ჩემო ალლაჰო! თუ ისლამის ამ ერთ მუჭა თემს დაღუპავ, დედამიწაზე შენი თაყვანისმცემელი აღარავინ დარჩება!…“ ჰადისი შერიფი
ერთ წამს ალლაჰის შუამავლის გვერდით მებრძოლ ჰაზრეთი უქაშეს ხმალი გადატყდა. ეს რომ დაინახა, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მიწაზე დაგდებული ჯოხი აიღო, მას გაუწოდა და ბრძანა: „უქაშე! ამით იბრძოლე!..“ როგორც კი უქაშემ ჯოხი აიღო, ეს ჯოხი ჩვენი შუამავლის სასწაულით (მუ’ჯიზით) გრძელ, ბრწყინვალე, მაგარზურგიან და ბასრ ხმლად იქცა. ამ ხმლით ბრძოლის დასრულებამდე ბევრი კერპთაყვანისმცემელი მოკლა.
სამყაროთა ბატონი, უკეთილშობილესი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ), იბრძოდა და თან ამ დალოცვილ ჰადისი შერიფს ამბობდა, რომელიც საჰაბეებს აღტაცებით ავსებდა: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომლის ხელშიცაა ჩემი არსება: ვინც დღეს უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების იმედით, მოთმინებითა და სიმტკიცით იბრძვის, და ვინც წინ მიიწევს, ზურგს არ აქცევს და ისე დაეცემა, მათ უზენაესი ალლაჰი უეჭველად თავის სამოთხეში შეიყვანს.“ როცა უმეირ ბინ ჰუმამმა ეს დალოცვილი სიტყვა მოისმინა, თქვა: „რა კარგია! რა კარგია! მაშ, სამოთხეში შესასვლელად შეჰიდობის გარდა სხვა არაფერი მჭირდება!“ და კიდევ უფრო ხშირად შეუტია. მტერს ებრძოდა და თან ამბობდა: „უზენაეს ალლაჰთან ამქვეყნიური საგზლით კი არ მიდიან, არამედ მხოლოდ უზენაესი ალლაჰის შიშით, საიქიოსთვის გაკეთებული საქმეებითა და ჯიჰადში მოთმინებითა და სიმტკიცით. ყველა სხვა საგზალი უეჭველად დაიკარგება და გაქრება!…“ ასე იბრძოდა, ვიდრე შეჰიდად არ დაეცა.
ბრძოლა სულ გაჩაღდა!… ერთ საჰაბეს ერთდროულად სულ მცირე სამი კერპთაყვანისმცემელი ესხმოდა თავს. დიდებულ საჰაბეებს, რომლებიც თითოეულ მათგანს ცალკე ხმლის დარტყმით ხვდებოდნენ, ვერაფერი აშინებდა. როცა კი დაიძახებდნენ „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!…“, ახალი ძალით ივსებოდნენ და კვლავ და კვლავ შეტევით არ იღლებოდნენ. ერთ წამს კერპთაყვანისმცემელთა შეტევა გაძლიერდა და საჰაბეები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მაშინ ალლაჰის შუამავალი ჰაზრეთი ებუ ბექირთან ერთად პალმის ტოტებისგან გაკეთებულ თავის კარავში შევიდა. ჩვენმა შუამავალმა კვლავ მხურვალედ მიმართა უზენაეს ალლაჰს. ევედრებოდა: „ჩემო უფალო! მიბოძე შეწევნა, რომელიც აღმითქვი!…“ იმ წამს ვაჰიი მოვიდა. შინაარსით ნაბრძანები იყო: „მაშინ თქვენ თქვენს უფალს შველასა და გამარჯვებას შესთხოვდით, მან კი გიპასუხათ: ‚მე უეჭველად შეგეწევით ათასი ანგელოზით, ერთიმეორის მიყოლებით მომავლით‘, და თქვენი თხოვნა შეისმინა, თქვენი ვედრება მიიღო.“18 ჩვენი შუამავალი მაშინვე წამოდგა და ბრძანა: „გაიხარე, ებუ ბექირ! უზენაესი ალლაჰის შეწევნა მოგივიდა! აი, ჯებრაილი. ქვიშის ბორცვებზე თავისი ცხენის ლაგამი უჭირავს, შეიარაღებულია და ბრძანებას ელოდება.“ როგორც სურა ენფალშია ნაუწყები, უზენაესმა ალლაჰმა ანგელოზებს შინაარსით უბრძანა: „გაიხსენე, როცა შენმა უფალმა ანგელოზებს შთააგონა: ‚მე თქვენთან ვარ (მუსლიმებისთვის გამარჯვებისა და შეწევნის ბოძებაში). მაშ, განამტკიცეთ მორწმუნენი (გამარჯვების სასიხარულო ამბით) და ძალა და სიმტკიცე მიეცით. მე ახლა ურწმუნოთა გულებში ზარსა და შიშს ჩავნერგავ. დაჰკარით მათ კისრებზე, დაულეწეთ ხელებისა და ფეხების სახსრები და თითების ფალანგები.‘ ეს იმიტომ, რომ ისინი უზენაეს ალლაჰსა და მის შუამავალს დაუპირისპირდნენ. ვინც უზენაეს ალლაჰსა და მის შუამავალს დაუპირისპირდება, (მას მისი სასჯელი ეწევა,) უზენაესი ალლაჰის სასჯელი ძალიან მკაცრია!“19
ამ ბრძანების შემდეგ ჯებრაილმა, მიქაილმა და ისრაფილმა (ალეიჰიმუსსელამ) თითოეულმა ათასი ანგელოზი მოიყვანა და რიგრიგობით დაიკავეს ადგილები ჩვენი საყვარელი შუამავლის მარჯვნივ და მარცხნივ.20
ჯებრაილს (ალეიჰისსელამ) თავზე ყვითელი ჩალმა ეხვია. სხვა ანგელოზებს თავზე თეთრი ჩალმები ეხვიათ. ჩალმების ბოლოები ზურგზე ჩამოეშვათ და თეთრ ცხენებზე ისხდნენ. სამყაროს ბატონმა საჰაბეებს უთხრა: „ანგელოზებს თავიანთი ნიშანი და საცნობელი აქვთ. თქვენც გაიჩინეთ ნიშანი და საცნობელი!“
ზუბეირ ბინ ავვამმა თავზე ყვითელი, ებუ დუჯანემ კი წითელი ქსოვილი ჩალმასავით შემოიხვია. ჰაზრეთი ალიმ თეთრი ფოჩი გაიკეთა, ჰაზრეთი ჰამზამ კი მკერდზე სირაქლემას ბუმბული მიიმაგრა. როცა ანგელოზები ბრძოლაში ჩაერთნენ, მდგომარეობა წამსვე შეიცვალა. სანამ რომელიმე საჰაბე წინ მდგომ ურწმუნოს ხმალს მოუქნევდა, ურწმუნოს თავი სხეულს სცილდებოდა და მიწაზე ეცემოდა. ჩვენი შუამავლის ირგვლივ, მარჯვნივ და მარცხნივ, წინ და უკან ჩანდა, როგორ ებრძოდნენ კერპთაყვანისმცემლებს უცნობი ადამიანები.
ჰაზრეთი სეჰლი ჰყვებოდა: „ბედრის ბრძოლაში, როცა კი ჩვენგან ვინმე რომელიმე კერპთაყვანისმცემელს თავში ხმალს მოუქნევდა, ვხედავდით, რომ, სანამ ხმალი მიზანს მისწვდებოდა, მისი თავი სხეულს სცილდებოდა და მიწაზე გორავდა!…“
ებუ ჯეჰლის მოკვლა
კერპთაყვანისმცემელთა მედროშე, ებუ აზიზ ბინ უმეირი, ტყვედ ჩავარდა. მათი მეთაური ებუ ჯეჰლი კი ყურაიშელთა გასამხნევებლად განუწყვეტლივ ლექსებს ამბობდა და თავისი ჯარის სულისკვეთების ამაღლებას ცდილობდა. ჭაბუკივით უტევდა, „დედამ ამ დღეებისთვის გამაჩინა!…“ – ამბობდა, ტრაბახობდა და ახალგაზრდებს აქეზებდა. კერპთაყვანისმცემელთაგან უბეიდე ბინ სა’იდს თავიდან ფეხებამდე ჯავშანი ეცვა. მხოლოდ თვალები უჩანდა. ცხენზე ხან ერთ მხარეს ტრიალდებოდა, ხან მეორე მხარეს და თავისებურად ორთაბრძოლაში იწვევდა: „მე ებუ ზათულ-ქერიში ვარ! მე ებუ ზათულ-ქერიში ვარ!“, ანუ „დიდმუცელა ვარ, მუცლის მამა ვარ“. გმირი მუჯაჰიდი, ჰაზრეთი ზუბეირ ბინ ავვამი, მიუახლოვდა, შუბი ზუსტად თვალში დაუმიზნა, დაიძახა: „ალლაჰუ ექბერ!“ – და ისროლა. მიზანში მოხვედრილმა შუბმა ცხენიდან მიწაზე ჩამოაგდო. როცა ჰაზრეთი ზუბეირი მისკენ მიირბინა, უბეიდე უკვე მკვდარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი ლოყაზე დაადგა და მთელი ძალით ქაჩა, შუბი ძლივს ამოიღო; ის მოიღუნა. ბედრის ბრძოლაში ჰაზრეთი ზუბეირის მიერ გამოჩენილი გმირობა ძალიან დიდი იყო. სხეულზე დაუჭრელი ადგილი არ დარჩენია. მისმა შვილმა, ურვემ, ეს ასე აღწერა: „მამაჩემმა სამი მძიმე ხმლის დარტყმა მიიღო. ერთი მათგანი კისერში იყო. ჭრილობამ ისეთი ღრმა კვალი დატოვა, რომ შიგ თითს ვყოფდი.“ აბდურრაჰმან ბინ ავფიც ყურაიშელებს დაუნდობლად ებრძოდა: ჭრილობებიდან მომდინარე სისხლს ყურადღებას არ აქცევდა და ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდა, მიწაზე ანარცხებდა. ჰაზრეთი აბდურრაჰმანი ერთ შემთხვევას, რომლის მოწმეც იყო, ასე ჰყვებოდა: „ერთ წამს ჩემ წინ აღარავინ იყო. როცა მარჯვნივ და მარცხნივ გავიხედე, ორი ახალგაზრდა ენსარი დავინახე. ვისურვე, მათგან უფრო ძლიერისა და უკეთესი მებრძოლის გვერდით ვყოფილიყავი. ამ ორი ჭაბუკიდან ერთმა თვალით შემათვალიერა, მერე მომიბრუნდა და მკითხა: ‚ბიძია! ებუ ჯეჰლს იცნობ?‘ ვუთხარი: ‚დიახ, ვიცნობ.‘ როცა ვკითხე: ‚ძმისშვილო, ებუ ჯეჰლისგან რა გინდა?‘, მითხრა: ‚მითხრეს, რომ ალლაჰის შუამავალს ლანძღავდა. ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, თუ დავინახავ, არ მოვშორდები, ვიდრე არ მოვკლავ ან თავად არ დავეცემი.‘ მართალი გითხრათ, ჭაბუკის მიერ აღელვებით წარმოთქმულმა ამ გადამწყვეტმა და მტკიცე სიტყვამ გამაოცა.
„ებუ ბექირ! განა არ იცი, რომ ჩემთვის ხარ, როგორც თვალი, რომლითაც ვხედავ, და ყური, რომლითაც მესმის? ნუ მომშორდები! ყოველი გაჭირვება, რომელიც ჩემს სხეულსა და გულს ეწევა, მსუბუქდება, როცა შენს დალოცვილ სახეს ვხედავ. შენით ჩემი გული ძლიერდება“ ჰადისი შერიფი
ორ ჭაბუკთაგან მეორემაც შემათვალიერა და იგივე მითხრა, რაც პირველმა. სწორედ მაშინ დავინახე ებუ ჯეჰლი! ყურაიშელთა ჯარში განუწყვეტლივ აქეთ-იქით ტრიალებდა. როცა ვუთხარი: ‚ჭაბუკებო! ეს კაცი, რომელიც აჩქარებით დადის აქეთ-იქით, ებუ ჯეჰლია‘, მაშინვე იშიშვლეს ხმლები და ებუ ჯეჰლისკენ გაიჭრნენ.
ბრძოლა დაიწყეს. ის ჭაბუკები აფრა ჰათუნის შვილები, ძმები მუ’აზი და მუ’ავვეზი იყვნენ.“ ამ დროს საჰაბეთა გმირთაგან ერთს, მუ’აზ ბინ ამრს, ებუ ჯეჰლთან მიახლოების შესაძლებლობა მიეცა. გრძელკუდიან ცხენზე მჯდარ ებუ ჯეჰლს მიეჭრა და მთელი ძალით ფეხში ხმალი დაჰკრა. ებუ ჯეჰლის ფეხი მიწაზე დაეცა. მაშინ მამის დასახმარებლად მოვარდნილი იქრიმე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მუსლიმი, ჰაზრეთი მუ’აზ ბინ ამრს შეებრძოლა.
იმ წამს ძმები მუ’აზი და მუ’ავვეზი შევარდნებივით გაიჭრნენ წინ. ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდა, მიწაზე ანარცხებდნენ და ებუ ჯეჰლამდე მიაღწიეს. ხმლებს მანამდე ურტყამდნენ, ვიდრე არ იფიქრეს, რომ მოკვდა.
ჰაზრეთი მუ’აზ ბინ ამრი კი იქრიმესთან ბრძოლაში ხელისგულსა და მკლავში დაიჭრა. დალოცვილი მტევანი მაჯიდან ჰქონდა მოკვეთილი და ტყავზე ეკიდა. მუ’აზ ბინ ამრს, რომელიც მთლიანად ბრძოლას მისცემოდა, არ ეცალა, რომ ხელისთვის მიეხედა ან მოსარჩენად შეეხვია. მოკვეთილი, ტყავზე ჩამოკიდებული მტევნით გმირულად იბრძოდა.
ალლაჰუ ექბერ!… რა ძლიერი რწმენაა!… რა სანახავი სანახაობაა!… ჰაზრეთი მუ’აზი, როცა ცოტა ხანს ასე იბრძოდა, დარწმუნდა, რომ მოძრაობა შეეზღუდა. მიზეზი მოკვეთილი მტევანი იყო. მაშინვე ფეხქვეშ ამოიდო, მოგლიჯა და გადააგდო…21
ნევფელ ბინ ჰუვეილიდი, ისლამის გაბოროტებული მტერი, ყურაიშის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფალავანი იყო. განუწყვეტლივ ყვიროდა და კერპთაყვანისმცემელთა ბრბოს აღელვებასა და წაქეზებას ცდილობდა. როცა ჩვენმა შუამავალმა ის ასეთ მდგომარეობაში დაინახა, ივედრა: „ჩემო ალლაჰო! ნევფელ ბინ ჰუვეილიდის წინააღმდეგ შემეწიე. მოუღე მას ბოლო.“ უზენაესი ალლაჰის ლომი, ჰაზრეთი ალი, როცა კერპთაყვანისმცემელი ნევფელი შენიშნა, მაშინვე მივარდა. ხმალი ისე ძლიერად დაუშვა, რომ ორივე ფეხი ერთბაშად მოჰკვეთა, თუმცა ჯავშნით იყო დაფარული. შემდეგ კისერში დაჰკრა ხმალი და თავი სხეულს მოაშორა.22
უმეიიე ბინ ჰალეფი, რომელიც ბილალ ჰაბეშს გავარვარებულ ქვიშაზე აწვენდა და მკერდზე უზარმაზარ ლოდებს ადებდა, ერთ-ერთი ყველაზე გაბოროტებული კერპთაყვანისმცემელი იყო. ისლამის ეს დიდი მტერი, რომელიც ყოველ შემთხვევას იყენებდა ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სატანჯველად, ბედრის ველზეც კერპთაყვანისმცემელთა შეკრებას ცდილობდა და ისლამის სხივის ჩაქრობას ესწრაფოდა. როცა ჰაზრეთი ბილალმა ის ასეთ მდგომარეობაში დაინახა, შიშველი ხმლით მიუახლოვდა, წინ დაუდგა და შესძახა: „ურწმუნოების (ქუფრის) თავო, უმეიიე ბინ ჰალეფ!… თუ შენ გადარჩები, მე ნუღარ გადავრჩები!“ – და მიეჭრა. როგორც კი დაიძახა: „ძმებო ენსარებო! მოგვეშველეთ, ურწმუნოების თავი აქ არის!“, საჰაბეებმა უმეიიეს ალყა შემოარტყეს და მაშინვე მოკლეს.23
კერპთაყვანისმცემელთა ჯარს მეთაური აღარ ჰყავდა. არცერთმა მათგანმა არ იცოდა, რა ექნა, და ვინ საით შეძლო, იქით გარბოდა. ურწმუნოების ციხე-სიმაგრე დაინგრა. დიდებულმა საჰაბეებმა დევნა განაგრძეს. კერპთაყვანისმცემელთა ნაწილი ტყვედ ჩავარდა. ტყვეებს შორის ჩვენი საყვარელი შუამავლის ბიძა, აბბასიც იყო.24
გამარჯვება მორწმუნეებს ერგოთ
ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავის დიდებულ საჰაბეებს ჰკითხა: „ნევფელ ბინ ჰუვეილიდის ამბავი ვინმემ ხომ არ იცის?“ ჰაზრეთი ალი წინ გამოვიდა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! მე მოვკალი.“ ამ ამბით ძალიან გახარებულმა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა თექბირი წარმოთქვა: „ალლაჰუ ექბერ!“ და ბრძანა: „უზენაესმა ალლაჰმა მის შესახებ ჩემი ვედრება შეისმინა.“
როცა მოახსენეს, რომ უმეიიე ბინ ჰალეფი მოკლეს, ასევე ძალიან გაიხარა და ბრძანა: „ელჰამდულილლაჰ! ქება-დიდება უზენაეს ალლაჰს. ჩემმა უფალმა თავისი მონა დაადასტურა და თავისი რჯული აამაღლა.“
უკეთილშობილესმა შუამავალმა ებუ ჯეჰლზე ბრძანა: „ვინ წავა სანახავად, რა ქნა და რა ბედი ეწია ებუ ჯეჰლს?“ და უბრძანა, მკვდრებს შორის მოეძებნათ. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „მოძებნეთ, მასზე სათქმელი მაქვს. თუ ვერ ცნობთ, მუხლზე ჭრილობის ნაწიბურს დახედეთ. ერთ დღეს მე და ის აბდულლაჰ ბინ ჯუდ’ანთან ნადიმზე ვიყავით. ორივენი ახალგაზრდები ვიყავით. მე მასზე ცოტა უფროსი ვიყავი. ხალხმრავლობაში ხელი ვკარი. მუხლებზე დაეცა. ერთი მუხლი დაუზიანდა და იმ ჭრილობის ნაწიბური მუხლიდან აღარ წაშლია.“
ამაზე აბდულლაჰ იბნი მეს’უდი ებუ ჯეჰლის საძებნელად წავიდა. იპოვა დაჭრილი და იცნო. უთხრა: „შენ ებუ ჯეჰლი ხარ?“ ფეხი კისერზე დაადგა. წვერში ჩაავლო ხელი, მოქაჩა და უთხრა: „უზენაესი ალლაჰის მტერო! ბოლოს და ბოლოს დაგამცირა და შეგარცხვინა უზენაესმა ალლაჰმა?“ ებუ ჯეჰლმა თქვა: „რატომ უნდა დავემცირებინე და შევერცხვინე! ცხვრის მწყემსო! ალლაჰმა შენ დაგამციროს და შეგარცხვინოს. ძალიან ძნელად ასაძრომ ადგილზე აძვერი! მითხარი, დღეს გამარჯვება და უპირატესობა ვის მხარესაა.“ ჰაზრეთი იბნი მეს’უდმა თქვა: „გამარჯვება ალლაჰისა და მისი შუამავლის მხარესაა.“ როცა ებუ ჯეჰლს თავიდან ჩაჩქანს ხსნიდა, უთხრა: „ებუ ჯეჰლ! მოგკლავ.“ ებუ ჯეჰლმა თქვა: „შენ პირველი არ ხარ, ვინც თავისი ხალხის მეთაურს კლავს. მაგრამ მართალი გითხრა, მძიმედ მხვდება, რომ სწორედ შენ მკლავ. ყოველ შემთხვევაში კისერი მკერდთან ახლოს გადამჭერი, რომ ჩემი თავი დიდებულად გამოჩნდეს!“ – და ამით აჩვენა, რა ზომამდე მივიდა მისი ურწმუნოება, ამპარტავნება და ქედმაღლობა.
რადგან იბნი მეს’უდმა საკუთარი ხმლით ებუ ჯეჰლს თავი ვერ მოჰკვეთა, ებუ ჯეჰლისავე ხმლით მოჰკვეთა. შემდეგ მისი იარაღი, ჯავშანი, ჩაჩქანი და თავი მოიტანა და ჩვენი შუამავლის წინ დააწყო ამ სიტყვებით: „მამაჩემიც და დედაჩემიც შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ეს უზენაესი ალლაჰის მტრის, ებუ ჯეჰლის თავია.“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „ის არის ალლაჰი, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს.“ შემდეგ ადგა და საჰაბეებთან ერთად ებუ ჯეჰლის გვამთან მივიდა. იქ ბრძანა: „ქება-დიდება უზენაეს ალლაჰს, რომელმაც დაგამცირა და შეგარცხვინა.
ალლაჰის მტერო! ამ უმმეთის ფარაონი იყავი.“ შემდეგ უზენაეს ალლაჰს მადლობა შესწირა ამ სიტყვებით: „ჩემო უფალო! შეასრულე აღთქმა, რომელიც მომეცი.“ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დაჭრილი საჰაბეებისთვის ჭრილობების შეხვევა ბრძანა. შეჰიდად დაცემულთა გარკვევა ბრძანა. თოთხმეტი შეჰიდი დაეცა: ექვსი მუჰაჯირთაგან, რვა – ენსართაგან. ყველა მათგანის დალოცვილი სული სამოთხეში ავიდა, ისლამის სხივის ჩაქრობის მცდელ კერპთაყვანისმცემელთაგან კი სამოცდაათი მოკლეს და სამოცდაათი დაატყვევეს. ალლაჰის შუამავალმა მედინაში აბდულლაჰ ბინ რევაჰა და ზეიდ ბინ ჰარისე გაგზავნა, რომ მისი მოსახლეობისთვის გამარჯვების ამბავი ეხარებინათ. ჩვენმა შუამავალმა შეჰიდებს დაკრძალვის (ჯენაზე) ნამაზი25 შეუსრულა და საფლავებში დამარხვა ბრძანა. კერპთაყვანისმცემელთა ოცდაოთხი გვამი ერთ მიტოვებულ, დამშრალ ჭაში ჩაყარეს, დანარჩენები კი ორმოებში ერთად ჩაყარეს და მიწა მიაყარეს. სამყაროთა ბატონი თავის დიდებულ საჰაბეებთან ერთად ჭასთან მივიდა და ბრძანა: „ჭაში ჩაყრილებო!“ შემდეგ მოკლული კერპთაყვანისმცემლების სახელები მამების სახელებთან ერთად ჩამოთვალა: „უთბე ბინ რებია! უმეიიე ბინ ჰალეფ! ებუ ჯეჰლ ბინ ჰიშამ!… რა ცუდი ხალხი იყავით თქვენი შუამავლისთვის! თქვენ ცრუდ მრაცხდით, სხვებმა კი დამადასტურეს და აღიარეს, რომ სიმართლეს ვამბობდი. თქვენ ჩემი ქალაქიდან, ჩემი სამშობლოდან გამაძევეთ, სხვებმა კი კარი გამიღეს და გულში ჩამიკრეს. თქვენ ჩემ წინააღმდეგ ომი გამართეთ, სხვები კი დამეხმარნენ. იპოვეთ ის, რაც ჩემმა უფალმა აღგითქვათ? მე ვიპოვე გამარჯვება, რომელიც ჩემმა უფალმა აღმითქვა.“
„(ჩემო საჰაბეებო!) ანგელოზებს თავიანთი ნიშანი და საცნობელი აქვთ. თქვენც გაიჩინეთ ნიშანი და საცნობელი!“ ჰადისი შერიფი
ჰაზრეთი ომერმა ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! გვამებად ქცეულ ადამიანებს ელაპარაკებით?“ ამაზე უკეთილშობილესმა შუამავალმა ბრძანა: „ვფიცავ ჩემს უფალს, რომელმაც ჭეშმარიტ შუამავლად წარმომგზავნა, ჩემს ნათქვამს თქვენ მათზე უკეთ არ ისმენთ. მაგრამ მათ პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.“
კერპთაყვანისმცემლებმა, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლის ველიდან სწრაფად გარბოდნენ, ვერაფერი წაიღეს იმისგან, რაც მოიტანეს. ყველაფერი მუსლიმების ხელში ჩავარდა. ჩვენმა შუამავალმა ომის ნადავლი ბედრის ბრძოლის ყველა მონაწილე საჰაბესა და დავალებულებს შორის გაანაწილა. ბედრში კიდევ სამი ღამე დარჩნენ და ცხრამეტი დღის შემდეგ მედინაში დაბრუნდნენ. ამასობაში სასიხარულო ამბის მაცნეებად გაგზავნილი აბდულლაჰ ბინ რევაჰა და ზეიდ ბინ ჰარისე მედინას მიუახლოვდნენ. კვირას, დუჰას (შუადღემდე) დროს, აყიყად წოდებულ ადგილს რომ მიაღწიეს, გაიყვნენ. აბდულლაჰ ბინ რევაჰა მედინაში ერთი მხრიდან შევიდა, ზეიდ ბინ ჰარისე – მეორიდან. სახლიდან სახლში დადიოდნენ და გამარჯვებას აუწყებდნენ. ალლაჰის შუამავლის პოეტი, აბდულლაჰ ბინ რევაჰა, გამარჯვების სასიხარულო ამბავს ხმამაღლა აუწყებდა და ამ ლექსს ამბობდა:
ენსარებო! სასიხარულო ამბავი მოგიტანეთ:
ცოცხალი და უვნებელია ალლაჰის შუამავალი.
კერპთაყვანისმცემლები დაიხოცნენ და ტყვედ ჩავარდნენ,
ტყვეებს შორის მრავალი სახელოვანი კაცია.
რებიასა და ჰაჯჯაჯის შვილები ყველანი ერთიანად
ბედრში დაიხოცნენ, ებუ ჯეჰლიც – ამრ ბინ ჰიშამი.
ჰაზრეთი ასიმ ბინ ადიიმ იკითხა: „იბნი რევაჰა! მართალია, რასაც ამბობ?“ აბდულლაჰ ბინ რევაჰამ თქვა: „დიახ, ალლაჰს ვფიცავ, მართალია! ინშააალლაჰ, ხვალ ალლაჰის შუამავალიც მოვა ხელშეკრული ტყვეებით!“
ჰაზრეთი რუყაიიეს გარდაცვალება
იმ დღეს ჩვენი საყვარელი შუამავლის ქალიშვილი, ჰაზრეთი რუყაიიე (რადიალლაჰუ ანჰა), გარდაიცვალა. მისი მეუღლე, ჰაზრეთი ოსმანი, დაკრძალვის ნამაზს უძღვა. ამ მწუხარების შემდეგ მოსულმა გამარჯვების ამბავმა მათ ცოტათი შვება მოჰგვარა.
ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) საჰაბეებთან ერთად მადლობა შესწირა უზენაეს ალლაჰს, რომელმაც მას ბედრში გამარჯვება უბოძა, მადლიერების სეჯდე აღასრულა და შემდეგ ტყვეებით მედინეი მუნევვერესკენ დაიძრა.
აბდულლაჰ ბინ რევაჰამ და ზეიდ ბინ ჰარისემ, რომლებმაც ადრე სასიხარულო ამბავი მოიტანეს, უამბეს, რა მოხდა ბედრის ბრძოლაში და ვინ დაეცა შეჰიდად. ბავშვებმა, ქალებმა და მედინაში დარჩენილმა დავალებულებმა გამარჯვებით ძალიან გაიხარეს. ჩვენს შუამავალს შესახვედრად გამოეგებნენ. შეჰიდებს შორის ჰარისე ბინ სურაყაც იყო. ჰაზრეთი ჰარისეს დედამ, რებიმ, შეიტყო, რომ მის შვილს, აუზიდან წყალს რომ სვამდა, მტრის ისარი მოხვდა და შეჰიდად დაეცა. ჩვენმა დედამ, რებიმ, ეს ამბავი რომ გაიგო, თქვა: „სანამ შუამავალი (ალეიჰისსელამ) არ მოვა, შვილზე არ ვიტირებ. როცა მედინას თავისი ბედნიერი მობრძანებით პატივს დასდებს, ვკითხავ. თუ ჩემი შვილი სამოთხეშია, სულაც არ ვიტირებ. ხოლო თუ ჯოჯოხეთშია, თვალებიდან ცრემლის ნაცვლად სისხლს დავღვრი.“
როცა ჩვენი საყვარელი შუამავალი თავის დალოცვილ, დიდებულ საჰაბეებთან ერთად მედინაში მობრძანდა, რები მის წინაშე წარსდგა და თქვა: „მამაჩემიც და დედაჩემიც შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! იცი, როგორ მიყვარს ჩემი შვილი, ჰარისე. შეჰიდად დაეცა და სამოთხეში შევიდა? თუ ასეა, მოვითმენ. თუ არა და, თვალებიდან სისხლის ცრემლებს დავღვრი.“ უკეთილშობილესმა ჰაბიბმა ასეთი სასიხარულო ამბით ანუგეშა: „უმმუ ჰარისე! შენი შვილი ერთ კი არა, რამდენიმე სამოთხეშია. მისი ადგილი ფირდევსია.“ ამაზე რებიმ თქვა: „ახლა შვილზე აღარ ვიტირებ.“ სამყაროს სულთანმა წყლით სავსე ჭურჭელი მოითხოვა. მოწყალედ თავისი დალოცვილი ხელი წყალში ჩაყო და ამოიღო. ეს წყალი ჰაზრეთი ჰარისეს დედასა და დას დაალევინა. ამასთან, ამ წყლით თავი და სახე დაუსველა. იმ დღიდან რებისა და მისი ქალიშვილის სახეები სხივით (ნურით) ძალიან ნათელი იყო. მათი სიცოცხლეც ძალიან ხანგრძლივი იყო. სამყაროს მასწავლებელმა (ალეიჰი ეფდალუს-სალავათ) მედინაში მოყვანილი სამოცდაათი ტყვე საჰაბეებს შორის გაანაწილა და ბრძანა, რომ მათ კარგად მოპყრობოდნენ. ტყვეების ბედის შესახებ უზენაესი ალლაჰისგან ჯერ ვაჰიი არ მოსულიყო. ალლაჰის შუამავალმა საჰაბეებს ეთათბირა და გადაწყვიტა, რომ ტყვეები გამოსასყიდით (ფიდიით) გაეთავისუფლებინა.
გამოსასყიდის ოდენობა თითოეული ტყვის ქონების მიხედვით განისაზღვრა. მათ, ვისაც ფული არ ჰქონდა, მაგრამ კითხვა-წერა იცოდნენ, მედინაში ათი უწიგნური ადამიანისთვის კითხვა-წერა უნდა ესწავლებინათ და შემდეგ შეეძლოთ მექქაში წასვლა. ჩვენმა შუამავალმა ტყვეებს შორის მყოფ თავის ბიძას, აბბასს, უთხრა: „აბბას! გადაიხადე გამოსასყიდი შენი თავის, შენი ძმისშვილის, უყაილ (აყილ) ბინ ები ტალიბისა და ნევფელ ბინ ჰარისისთვის. შენ ხომ მდიდარი ხარ.“ ჰაზრეთი აბბასმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! მე მუსლიმი ვარ. ყურაიშელებმა ბედრში ძალით წამომიყვანეს.“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „შენი ისლამი უზენაესმა ალლაჰმა იცის. თუ მართალს ამბობ, უზენაესი ალლაჰი ამისთვის უეჭველად მოგცემს საზღაურს. მაგრამ გარეგნულად ჩვენ წინააღმდეგ ხარ. ამიტომ შენი გამოსასყიდი უნდა გადაიხადო.“ როცა აბბასმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ჩემგან ნადავლად აღებული 800 დირჰემის გარდა სხვა ქონება არ მაქვს“, ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „აბბას! იმ ოქროზე რატომ არაფერს ამბობ?“ მან იკითხა: „რომელ ოქროზე?“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „იმ ოქროზე, რომელიც მექქიდან გამოსვლის დღეს შენს ცოლს, ჰარისის ქალიშვილს, უმმულ-ფადლს მიეცი! როცა აძლევდი, თქვენთან არავინ იყო. უმმულ-ფადლს უთხარი: ‚არ ვიცი, ამ ლაშქრობაში რა შემემთხვევა. თუ რამე უბედურება დამატყდა და ვერ დავბრუნდი, ამდენი შენია, ამდენი – ფადლისთვის, ამდენი – აბდულლაჰისთვის, ამდენი – უბეიდულლაჰისთვის, ამდენი – ყუსემისთვის.‘“ ჰაზრეთი აბბასი გაოცდა და თქვა: „ვფიცავ, როცა ეს ოქრო ცოლს მივეცი, ჩვენთან არავინ იყო. საიდან იცით?“ როცა ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ეს უზენაესმა ალლაჰმა მაუწყა“, აბბასმა თქვა: „ვმოწმობ, რომ შენ უზენაესი ალლაჰის შუამავალი ხარ და მართალს ამბობ“, და რწმენის მოწმობა (ქელიმეი შეჰადეთი) წარმოთქვა.26 როცა ჰაზრეთი აბბასი გამუსლიმდა, ჩვენმა შუამავალმა მას მექქაში დავალება მისცა: უბრძანა, იქ მუსლიმები დაეცვა და ისლამის მტრების შესახებ ამბები ეცნობებინა.
„ვფიცავ ჩემს უფალს, რომელმაც ჭეშმარიტ შუამავლად წარმომგზავნა, ჩემს ნათქვამს თქვენ მათზე (კერპთაყვანისმცემელთა გვამებზე) უკეთ არ ისმენთ. მაგრამ მათ პასუხის გაცემა არ შეუძლიათ“ ჰადისი შერიფი
ბედრის ბრძოლაში დამარცხებულ ყურაიშელებს შეუთვალეს, რომ ტყვეების გამოსყიდვა გამოსასყიდით შეეძლოთ. მაგრამ ნადრ ბინ ჰარისს, რომელმაც ჰიჯრეთამდე შუამავალთა ბატონს ბევრი ტანჯვა და წვალება მიაყენა, თავი მოჰკვეთეს. მოკლეს საზიზღარი უყბე ბინ ები მუ’აიტიც, რომელმაც ისეთი უბედური თავხედობა გამოიჩინა, რომ ქააბასთან ნამაზის შემსრულებელ შუამავალს (ალეიჰისსელამ) დალოცვილ ზურგზე აქლემის შიგნეული დაადო. როცა ისლამის ამ გაბოროტებული მტრის თავი სხეულს მოსცილდა, ალლაჰის შუამავალმა უზენაეს ალლაჰს მადლობა შესწირა. მასთან მივიდა და ბრძანა: „ალლაჰს ვფიცავ, უზენაესი ალლაჰის, მისი შუამავლისა და წმინდა ყურანის უარმყოფელთა და მისი შუამავლის ერთი გასაჭირიდან მეორეში ჩამგდებთა შორის ისეთი ცუდი არავინ ვიცი, როგორიც შენ იყავი.“
ტყვეები საჰაბეებთან (ალეიჰიმურრიდვან) იმყოფებოდნენ, ვიდრე მათი ხალხი არ გამოისყიდდა. ყველა საჰაბე ტყვეებს ძალიან კარგად ეპყრობოდა და საკვებს უყოფდა.
ტყვეებს შორის იყო მუს’აბ ბინ უმეირის ძმა, ებუ აზიზი. ის ჰყვებოდა: „მეც ერთი მედინელი მუსლიმის სახლში ტყვედ ვიყავი. ძალიან კარგად მექცეოდნენ: დილით და საღამოს საჭმელად რა პურიც ჰქონდათ, მე მაძლევდნენ, თავად კი მხოლოდ ფინიკის ჭამა უწევდათ. თუ რომელიმე მათგანს პურის ნატეხი ერგებოდა, პირდაპირ მე მომიტანდა. მრცხვენოდა და პურს მომტანს ვუბრუნებდი. ის კი პურს ისევ მე მიბრუნებდა.“
ტყვეთაგან ერთმა ყურაიშელმა, სახელად იეზიდმა, ასევე უამბო: „როცა მუსლიმები ბედრიდან მედინაში მიდიოდნენ, ჩვენ, ტყვეები, საჯდომ პირუტყვზე დაგვსვეს, თავად კი ფეხით მიდიოდნენ.“
ტყვეებს შორის იყო ჰატიჯეს (რადიალლაჰუ ანჰა) დის შვილი და ჩვენი შუამავლის სიძე, ებულ-ას ბინ რები. ებულ-ასი მექქელ ვაჭართაგან ერთ-ერთი იყო და დიდი ქონება ჰქონდა. სანდოობითა და პატიოსნებით იყო ცნობილი. როცა მექქიდან ტყვეების გამოსასყიდს აგზავნიდნენ, ჰაზრეთი ზეინებმა გამოსასყიდის შესავსებად ის ყელსაბამიც გაგზავნა, რომელიც დედამ ქორწილზე აჩუქა. როცა გამოსასყიდი მოვიდა, ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ყელსაბამი იცნო და თქვა: „ჩემო საჰაბეებო, თუ საჭიროდ ჩათვლით, ჩემს ქალიშვილს, ზეინებს, მისი ტყვე მისივე გამოსასყიდთან ერთად გაუგზავნეთ.“ საჰაბეები დათანხმდნენ. ებულ-ასს ნება დართეს, თავისი ქონებით მექქაში წასულიყო, იმ პირობით, რომ ზეინებს მედინაში გაგზავნიდა. ებულ-ასმა ზეინები და მისი თანმხლებნი თავის ძმასთან, ქინანესთან ერთად გაისტუმრა. ეს რომ შეიტყვეს, კერპთაყვანისმცემლები განრისხდნენ და თავიანთი რამდენიმე კაცი გაგზავნეს მათ კვალდაკვალ. ზი ტუვაში დაეწივნენ. როცა ჰებარ იბნულ-ესვედმა შუბი ისროლა, აქლემი დაფრთხა და ჰაზრეთი ზეინები მიწაზე ჩამოაგდო. ქინანემ ისრები წინ დაყარა და თქვა, ვინც ზეინებს ხელს ახლებს, ისრით მოვკლავო. ზეინები მექქიდან გაიყვანა და გაჩერების ადგილამდე მიიყვანა. ჰაზრეთი ზეინები მიღებული ჭრილობებისგან დაავადდა. ფეხმძიმედ იყო; მედინაში რომ ჩავიდა, მუცელი მოეშალა. შუამავალმა (ალეიჰისსელამ) ეს რომ გაიგო, ძალიან დამწუხრდა.
ის, რომ კერპთაყვანისმცემლები ბედრში დამარცხდნენ და სასოწარკვეთილნი გაიქცნენ ბრძოლის ველიდან, მექქაში დიდი არეულობის მიზეზი გახდა. მოხდა ის, რასაც არ ელოდნენ და რაც აზრადაც არ მოსვლიათ. ამბის პირველი მომტანის სიტყვებს არც ებუ ლეჰებმა დაუჯერა და არც სხვა კერპთაყვანისმცემლებმა. როცა ბრძოლის ველიდან გაქცეული ებუ სუფიანი მექქაში მივიდა, მაშინვე დაიბარეს. ებუ ლეჰებმა ჰკითხა: „ძმისშვილო! აბა, მოყევი, როგორ მოხდა?“ ებუ სუფიანი იქვე სადღაც დაჯდა. ბევრი ფეხზე მდგომი უსმენდა. ებუ სუფიანმა უამბო:
„ნურაფერს მკითხავ; როცა მუსლიმებს შევეჯახეთ, თითქოს ხელ-ფეხი შეკრული გვქონდა. რაც უნდოდათ, იმას გვიკეთებდნენ: ზოგი ჩვენგანი დახოცეს, ზოგი დაატყვევეს. ვფიცავ, ჩვენებთაგან არავის არაფერს ვუსაყვედურებ და არავის ვადანაშაულებ, რადგან მაშინ ცასა და მიწას შორის თეთრებში ჩაცმულ, ნაცრისფერ ცხენებზე ამხედრებულ ადამიანებს შევხვდით. მათგან ვერაფერს მოიგერიებდი, ვერავინ დაუდგებოდა წინ!“
იქ იყო აბბასის მონა, ჰაზრეთი ებუ რაფი’ც, რომელიც ისლამის პირველ დღეებში გამუსლიმდა, მაგრამ კერპთაყვანისმცემელთა ბოროტების შიშით თავის ისლამს არ ამჟღავნებდა. ჩუმად მსმენელმა ებუ რაფი’მ სიხარულისგან ყველაფერი დაივიწყა და წამოიძახა: „ალლაჰს ვფიცავ, ისინი ანგელოზები იყვნენ!“
ებუ ლეჰებმა მას ძლიერად გაულაწუნა, ასწია და მიწაზე დაანარცხა. შემდეგ დიდხანს სცემა. მაშინ იქ მყოფმა ჰაზრეთი აბბასის ცოლმა, უმმულ-ფადლმა, ვეღარ მოითმინა, რადგან ისიც უკვე გამუსლიმებული იყო. ოთახის ერთ-ერთი ბოძი აიღო, თქვა: „იმიტომ თვლი სუსტად, რომ ახლობელი არავინ ჰყავს, ხომ?“ – და ებუ ლეჰებს ძლიერად დაჰკრა. ებუ ლეჰებს თავი გაუსკდა. სისხლიანი, დამცირებული, შერცხვენილი და გაწბილებული შებრუნდა და წავიდა. შვიდი დღის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა მას ავადმყოფობა მოუვლინა, რომელსაც „შავი წყლული“ ჰქვია. ამ სენით მოკვდა. შვილებმა ის ორი თუ სამი ღამე დაუმარხავი დატოვეს. ბოლოს აყროლდა. ებუ ლეჰებს შეყრილ სენს ყველა ჭირივით გაურბოდა და ეზიზღებოდა. ამაზე ერთმა ყურაიშელმა ებუ ლეჰების შვილებს უთხრა: „ვაი თქვენს ბრალს, არ გრცხვენიათ? მამა სახლში მანამდე დატოვეთ, ვიდრე არ აყროლდა. ერთი სადმე მიწას მიაბარეთ და მოაშორეთ.“ შვილებმა ამ კაცს უპასუხეს: „მისი სენის გვეშინია!“ ამჯერად იმ კაცმა უთხრა: „თქვენ წადით, მეც მოვალ, დაგეხმარებით.“ შემდეგ სამივე შეიკრიბა. წაიღეს და ერთ განმარტოებულ ადგილას დატოვეს. ქვებს ესროდნენ, ვიდრე მთლიანად არ დაფარეს. ასე შევიდა ებუ ლეჰები თავის სამყოფელში, სადაც სამუდამოდ დარჩება სასჯელსა და ცეცხლში – თავის ბნელ საფლავში, ჯოჯოხეთის ორმოში.
ბედრში დატყვევებულ ყურაიშელებს შორის იყო ველიდ ბინ ველიდიც. ის აბდულლაჰ ბინ ჯაჰშმა დაატყვევა. ველიდის ძმები, ჰიშამი და ჰალიდ ბინ ველიდი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მუსლიმი, მედინაში მოვიდნენ. აბდულლაჰ ბინ ჯაჰშს არ სურდა მისი გათავისუფლება, ვიდრე ფიდიეთუნ-ნეჯათს, ანუ განთავისუფლების გამოსასყიდს, არ გადაიხდიდნენ. ძმებიდან ჰალიდი დათანხმდა, მაგრამ ჰიშამმა, მამით ძმამ, სხვა დედისგან, არ მიიღო. ალლაჰის შუამავალმა შესთავაზა, რომ მამის იარაღი და აღჭურვილობა მიეცათ. ამაზე ჰიშამი დათანხმდა, ჰალიდმა კი უარი თქვა. ბოლოს მაინც შეთანხმდნენ მამის ხმალზე, ჯავშანსა და ჩაჩქანზე, რომელთა ღირებულება ასი დინარი იყო. როცა ველიდი ტყვეობიდან გაათავისუფლეს, მექქის გზას დაადგნენ. მაგრამ ველიდი მექქის გზაზე, ზულ-ჰულეიფეში, მედინიდან ოთხი მილის მანძილზე, მათ გამოეყო, ჩვენს შუამავალთან მივიდა, რწმენა მიიღო და დიდებულ საჰაბეთაგან ერთ-ერთი გახდა. გამუსლიმებიდან რაღაც ხნის შემდეგ მექქაში, ძმებთან წავიდა. მაშინ ჰალიდ ბინ ველიდმა ჰკითხა: „თუ მუსლიმობა გინდოდა, გამოსასყიდის გადახდამდე რატომ არ გამუსლიმდი? შენ გამო მამის ნაქონი დავკარგეთ. ასე რატომ მოიქეცი?“ – და ველიდმა უპასუხა: „მეშინოდა, ყურაიშელებს არ ეთქვათ: ‚ტყვეობას ვერ გაუძლო და ამიტომ წავიდა მუჰამმედთან (ალეიჰისსელამ).‘“
„აბბას! შენი ისლამი უზენაესმა ალლაჰმა იცის. თუ მართალს ამბობ, უზენაესი ალლაჰი ამისთვის უეჭველად მოგცემს საზღაურს. მაგრამ გარეგნულად ჩვენ წინააღმდეგ ხარ. ამიტომ შენი გამოსასყიდი უნდა გადაიხადო“ ჰადისი შერიფი
ამ პასუხით ძალიან განრისხებულმა ძმებმა ის მაჰზუმიანთაგან რამდენიმე მუსლიმთან – იიაშ ბინ ები რებიასა და სელემე ბინ ჰიშამთან (რადიალლაჰუ ანჰუმა) – ერთად დააპატიმრეს. ველიდ ბინ ველიდი (რადიალლაჰუ ანჰ) რწმენის მიღების გამო წლების განმავლობაში ციხეში იწვა. ბევრი უსამართლობა და წამება გამოიარა ისლამის გაბოროტებულ მტერთაგან ერთ-ერთის, ბიძამისის, ჰიშამისა და კერპთაყვანისმცემელი ნათესავებისგან. უკეთილშობილესი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) კერპთაყვანისმცემლების მიერ დაჩაგრული იიაშ ბინ ები რებიასთვის, სელემე ბინ ჰიშამისა და ველიდისთვის ასე ევედრებოდა: „ჩემო ალლაჰო! იხსენი ველიდ ბინ ველიდი, სელემე ბინ ჰიშამი, იიაშ ბინ ები რებია და სხვა მორწმუნეები, რომლებიც (ურწმუნოთა ხელში მომწყვდეულნი) სუსტნი ჩანან (და უმწეონი). ჩემო ალლაჰო, მუდარი (ყურაიშელები) კიდევ უფრო მკაცრად შეავიწროე (ძალიან მძიმედ). ეს წლები (მათთვის) იუსუფის წლებივით აქციე.“
ალლაჰის შუამავლის ვედრების ბარაქით ჰაზრეთი ველიდმა შემთხვევა იხელთა და იმ ადგილიდან, სადაც შეკრული იყო, გაიქცა. მედინეი მუნევვერეში მივიდა და ჩვენს საყვარელ შუამავალს შეხვდა. როცა ჰაბიბულლაჰმა იიაშ ბინ ები რებიასა და სელემე ბინ ჰიშამის მდგომარეობა იკითხა, ველიდმა აუწყა, რომ მათ ფეხები ერთმანეთზე ჰქონდათ გადაბმული და მძიმე წამებასა და ტანჯვაში იკლაკნებოდნენ.
სამყაროს სულთანი მათ მდგომარეობაზე ძალიან დამწუხრდა და მათი გადარჩენის გზას ეძებდა. როცა იკითხა, ვის შეეძლო მათი გადარჩენა, ველიდმა, თუმცა წლების განმავლობაში ტანჯვაში იყო, დიდი სიმამაცითა და სიყვარულით უპასუხა: „ალლაჰის შუამავალო! მე გადავარჩენ და შენთან მოვიყვან.“ კვლავ მექქაში მივიდა და, როცა ერთ ქალს უთვალთვალა, რომელიც მათ საჭმელს უტანდა, შეიტყო, სად იყვნენ წამებული მუსლიმები. ორივე ერთ უსახურავო შენობაში ჰყავდათ გამოკეტილი. ველიდი ღამით, სიკვდილისთვის მზადმყოფი, დიდი სიმამაცით კედელზე ჩაეშვა და მეგობრებთან მივიდა. ეს ორი უდანაშაულო, რომელთა ერთადერთი დანაშაული რწმენის მიღება იყო, კერპთაყვანისმცემლებს ერთ ქვაზე მიებათ და არაბეთის უდაბნოს მწველ მზეზე ყოველგვარ უსამართლობას აყენებდნენ. ველიდმა ეს თავისი დალოცვილი ძმები გადაარჩინა და თავის აქლემზე შესვა. თავად კი ფეხით, ფეხშიშველი გაემართა მედინეი მუნევვერესკენ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყო ასე ძლიერ საყვარელ ალლაჰის შუამავალთან. მას უდაბნოს სიცხე კი არ სწვავდა, არამედ სამყაროთა ბატონთან შეხვედრის ლტოლვა.
მედინაში მშიერი, მწყურვალი და ფეხშიშველი სამ დღეში მივიდა. თითები ქვებისგან სულ დაფლეთილი ჰქონდა. სისხლში მოსვრილი ველიდ ბინ ველიდი თავის ასე ძლიერ საყვარელ ჰაბიბულლაჰს შეხვდა.
ბედრის გამარჯვებამ მუსლიმები დიდი სიხარულით აავსო. კერპთაყვანისმცემლები კი დიდ მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ. როცა ეთიოპიის მეფემ, ნეჯაშიმაც, გაიგო, რომ ალლაჰის შუამავალმა გაიმარჯვა, მაშინვე თავის ქვეყანაში მყოფ საჰაბეებთან მივიდა და ასეთი სასიხარულო ამბით გაახარა: „ქება-დიდება უზენაეს ალლაჰს, რომელმაც თავის შუამავალს ბედრში გამარჯვება მიანიჭა და ძლევა უბოძა.“
ბედრის ღაზვის შემდგომი ამბები
ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინაში ებრძოდა იუდეველებს, აბდულლაჰ ბინ უბეიის მსგავს მუნაფიყებს, რომლებიც თავს მუსლიმებად ასაღებდნენ, და კერპთაყვანისმცემლებსაც. ამასთან, მედინის გარეთ მცხოვრებ კერპთაყვანისმცემელ ტომებს ისლამისკენ მოუწოდებდა და ცდილობდა, რომ ისინი ისლამით პატივდებულიყვნენ. ყარყარის, ბენი ყაინუყას, სევიყის, ღატფანის, ბაჰრანის… ღაზვები ყველა ბედრის ბრძოლის შემდეგ მოხდა.
ჰიჯრეთის მეორე წელს მომხდარი ზოგიერთი ამბავი
იმ წელს მოვიდა ბრძანება, რომ ზექათი ფარძია, რომ უნდა გაიცეს სადაყათულ-ფითრი, შესრულდეს ბაირამის ნამაზები და შეიწიროს სამსხვერპლო ცხოველები. ალლაჰის შუამავალმა თავისი ქალიშვილი, უმმუ გულსუმი, ჰაზრეთი ოსმანს მიათხოვა. ჩვენმა შუამავალმა ცოლად შეირთო ჰაზრეთი ომერის ქალიშვილი ჰაფსა და ზეინებ ბინთ ჰუზეიმე (რადიალლაჰუ ანჰუმა). დაიბადა ჰაზრეთი ალის ვაჟი, ჰაზრეთი ჰასანი.
ჰაზრეთი აიშესთან ქორწინება
ჩვენი შუამავალი ჰაზრეთი აიშეს ჯერ კიდევ მექქაში დაენიშნა, მაგრამ ქორწილი ჯერ არ შემდგარიყო. ერთ დღეს ჰაზრეთი ებუ ბექირმა სამყაროს ბატონს ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! რა გიშლის ხელს, რომ შენს მეუღლესთან ქორწილი გადაიხადო?“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „მეჰრი.“ ჰაზრეთი ებუ ბექირმა ალლაჰის შუამავალს მეჰრის (საქორწინო საჩუქრის) ფული გაუგზავნა.27
ამის შემდეგ ჩვენი დედის, ჰაზრეთი აიშეს ქორწილი შედგა. ჩვენი შუამავალი მაშინ ორმოცდათხუთმეტი წლისა იყო.28 ჩვენი დედა, ჰაზრეთი აიშე, ძალიან გონებამახვილი და ნიჭიერი იყო და მოვლენებს ადგილზევე ლექსად გამოხატავდა. რაც ისწავლა და დაიმახსოვრა, არასოდეს ავიწყდებოდა. ძალიან ბრძენი, გამჭრიახი, სწავლული, ლიტერატურულად განათლებული, უბიწო და პატიოსანი იყო. რადგან ძალიან ძლიერი მეხსიერება ჰქონდა, საჰაბეები ბევრ რამეს ეკითხებოდნენ და მისგან სწავლობდნენ. ის წმინდა აიათით შეიქო.
ყარყარათულ-ქუდრის ღაზვა
მოვიდა ამბავი, რომ ბენი სულეიმისა და ღატფანის ერთი ჯგუფი ყარყარაში შეიკრიბა. მაშინ ჩვენი შუამავალი ორას მუჰაჯირთან და ენსართან ერთად მედინიდან გაემართა. მედინაში მოადგილედ ჰაზრეთი იბნი უმმუ მექთუმი დარჩა. თეთრი დროშა ჰაზრეთი ალის ეჭირა. იმ ადგილას მივიდნენ, მაგრამ ვერავინ იპოვეს: კერპთაყვანისმცემლებმა ისლამის ჯარის მოახლოების ამბავი რომ შეიტყვეს, იქაურობა მიატოვეს. როცა ველზე მიიწევდნენ, ერთ მეაქლემეს გადაეყარნენ. ბენი სულეიმისა და ღატფანელების ადგილსამყოფელი ჰკითხეს. მეაქლემემ თქვა: „ხუთი დღით დამიქირავეს, რომ მათი პირუტყვი მეძოვებინა. ახლა არ ვიცი, სად არიან.“ ნადავლად ხუთასი აქლემი აიღეს. მწყემსი იესარიც დაატყვევეს. როცა ყარყარათულ-ქუდრის ველზე სამი ღამე გაათიეს, აქლემები გარეკეს და მედინისკენ დაიძრნენ. ჩვენმა შუამავალმა დირარად წოდებულ ადგილას აქლემების მეხუთედი გამოყო, დანარჩენი კი გაანაწილა. თითოეულს ორ-ორი აქლემი ერგო. მეორე დღეს, დილის (სუბჰის) ნამაზს რომ ასრულებდნენ, დაინახეს, რომ ის მეაქლემე, იესარი, მათთან ერთად ასრულებდა ნამაზს. ჩვენმა შუამავალმა ეს მონა გაათავისუფლა. შემდეგ მშვიდობით დაბრუნდნენ მედინაში.
„ალლაჰს ვფიცავ, უზენაესი ალლაჰის, მისი შუამავლისა და წმინდა ყურანის უარმყოფელთა და მისი შუამავლის ერთი გასაჭირიდან მეორეში ჩამგდებთა შორის ისეთი ცუდი არავინ ვიცი, როგორიც შენ (უყბე ბინ ები მუ’აიტ) იყავი“ ჰადისი შერიფი
ყოველი სული, ლტოლვის ცეცხლში დამწვარი, სხივად (ნურად) იქცევა;
გული, სიყვარულის ტკივილით დანგრეული, ხელახლა შენდება.
ბენი ყაინუყას ღაზვა
ერთ დღეს ბენი ყაინუყას იუდეველებს ერთი მუსლიმი ქალის დაცინვა მოუნდათ. ეს რომ დაინახა, ერთ-ერთმა საჰაბემ მაშინვე იშიშვლა ხმალი და ის იუდეველი მოკლა. იუდეველები კი შეიკრიბნენ და ის დალოცვილი საჰაბე მოკლეს; ის შეჰიდად დაეცა. მომხდარი ჩვენს შუამავალს აცნობეს. უკეთილშობილესმა შუამავალმა ისინი ყაინუყას ბაზარში შეკრიბა და ბრძანა: „იუდეველთა საზოგადოებავ! გეშინოდეთ, რომ ისეთი სასჯელი არ დაგატყდეთ, როგორიც უზენაესმა ალლაჰმა ყურაიშელებს მიუსაჯა, და ისლამი მიიღეთ. კარგად იცით, რომ მე უზენაესი ალლაჰის მიერ წარმოგზავნილი შუამავალი ვარ. ეს, ისევე როგორც უზენაესი ალლაჰის აღთქმა თქვენთან, თქვენს წიგნში წაგიკითხავთ…“
„ქება-დიდება უზენაეს ალლაჰს, რომელმაც თავის შუამავალს ბედრში გამარჯვება მიანიჭა და ძლევა უბოძა“ ნეჯაში ასჰამე (რაჰმეთულლაჰი ალეიჰ)
ბენი ყაინუყას ღაზვა
ამ წყალობის მიუხედავად, შეთანხმების დამრღვევმა იუდეველებმა სამყაროთა სულთანს გამოწვევა შეუთვალეს: „მუჰამმედ! ნუ მოგატყუებს ის, რომ ომში გამოუცდელი ხალხი დაამარცხე! ვფიცავთ, ჩვენ მეომრები ვართ! მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენთან ბრძოლას დაიწყებ, მიხვდები, როგორი გმირები ვართ!…“ ასე საჯაროდ აჩვენეს, რომ წინა შეთანხმება დაარღვიეს და ბრძოლაში იწვევდნენ. ამაზე ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ვაჰიი მოიტანა, რომელშიც შინაარსით ნაბრძანები იყო: „(ჩემო ჰაბიბო!) თუ რომელიმე ხალხისგან, რომელმაც (შენთან) შეთანხმება დადო, ღალატის (შეთანხმების საწინააღმდეგო ქმედების) გეშინია, (ომის დაწყებამდე) სიმართლისა და სამართლიანობის მიხედვით აშკარად აცნობე, რომ მათი შეთანხმება გააუქმე. ჭეშმარიტად, უზენაეს ალლაჰს არ უყვარს მოღალატეები.“29
სხვა წმინდა აიათში შინაარსით ნაბრძანებია: „ჩემო შუამავალო! უთხარი იმ იუდეველებს, რომლებიც ურწმუნოები არიან: უეჭველად ძლეულნი იქნებით და ჯოჯოხეთში თავმოყრილნი და შერეკილნი; ჯოჯოხეთი კი საზარელი სამყოფელია!“30
უკეთილშობილესმა ჰაბიბმა მაშინვე, შევვალის თვის შუა რიცხვებში, შაბათს, ჯარი შეკრიბა და იმ ციხე-სიმაგრისკენ გაემართა, სადაც ყაინუყას იუდეველები იყვნენ. თეთრი დროშა ჰაზრეთი ჰამზას ეჭირა, მედინაში კი მოადგილედ ებუ ლუბაბე დარჩა.31
დალოცვილმა ჯარმა ყაინუყას ციხე-სიმაგრეს ალყა შემოარტყა. იუდეველებმა, რომლებიც ამბობდნენ: „რა მებრძოლი გმირები ვართ!…“, არათუ წინააღმდეგობა არ გაუწიეს, არამედ თავიანთი ციხე-სიმაგრიდან ერთი ისრის სროლაც ვერ გაბედეს. ალლაჰის შუამავალმა შესასვლელები და გასასვლელები მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა. ვერავინ გამოდიოდა. ეს მდგომარეობა თხუთმეტ დღეს გაგრძელდა.32
იუდეველები შეშინდნენ და დანებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი სიკვდილს იმსახურებდა, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, სამყაროთა მოწყალებად წარმოგზავნილმა, შეიწყალა და ყაინუყას იუდეველებს დამასკოში წასვლის ნება დართო. არავის მიეცა იმ მხარეში დარჩენის ნება. ასე განდევნეს ისინი მედინის მიწიდან.33 ბენი ყაინუყამ სამშობლო მიატოვა. მათი ქონება და იარაღი მუსლიმების ნადავლი გახდა.
სევიყის ღაზვა
როცა ბედრის ბრძოლიდან გაქცეული ებუ სუფიანი მექქაში მივიდა, აღთქმა დადო, რომ, სანამ მუჰამმედზე (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შურს არ იძიებდა, „თავს ზეთს არ წაისვამდა და ცოლებს არ მიეკარებოდა“. ჰიჯრეთის მეორე წელს, ზილჰიჯჯეს თვის მეხუთე დღეს, კვირას, აღთქმის შესასრულებლად ორასი მხედრით მედინისკენ დაიძრა. ერთ ღამეს მედინაში ერთი კაცის სახლთან მივიდა და ჩვენი შუამავლის ამბავი გამოჰკითხა. იმ კაცმა მას ყურადღება არ მიაქცია.
კარიც კი არ გაუღო. ებუ სუფიანი იქიდან წავიდა და სელლამ იბნი მიშქემთან სტუმრად დაბინავდა. მეორე დღეს იქიდან დაიძრა და არიზად წოდებულ მხარეში მივიდა. იქ ენსართაგან მა’ბედ იბნი ამრუშს და მის მსახურს გადაეყარა და სამუშაოს დროს მოკლა; ისინი შეჰიდად დაეცნენ. ფინიკის ერთი ბაღი ცეცხლს მისცა, თქვა: „ფიცი შევასრულე“ – და იქიდან წავიდა.
როცა ეს ამბავი ჩვენს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აცნობეს, მედინაში მოადგილედ ებუ ლუბაბე დატოვა და ორასი კაცით ებუ სუფიანის დასადევნად გაემართა.
„უეჭველად ძლეულნი იქნებით და ჯოჯოხეთში თავმოყრილნი და შერეკილნი; ჯოჯოხეთი კი საზარელი სამყოფელია!“ ალი იმრან: 12
ეს რომ შეიტყვეს, კერპთაყვანისმცემლები გაიქცნენ. თავის გადასარჩენად იქ დატოვეს თავიანთი ტვირთი და მარცვლეულის საკვების ერთი სახეობა, რომელსაც „სევიყს“ უწოდებენ, მის მოსამზადებლად მოტანილ ქვაბებთან ერთად, და გაიქცნენ. მუსლიმებმა ეს იპოვეს და ნადავლად აიღეს. ამიტომ ამ ღაზვას სევიყის ღაზვა ეწოდება.
ჰაზრეთი ალისა და ჰაზრეთი ფატიმას ქორწინება
ჰიჯრეთის მეორე წელი იყო. სამყაროს სიამაყის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ქალიშვილი, ჰაზრეთი ფატიმა, თხუთმეტი წლისა გახდა.
ერთ დღეს ჰაზრეთი ფატიმა რაღაც საქმეზე უკეთილშობილეს შუამავალთან მივიდა. ალლაჰის შუამავალმა შენიშნა, რომ მისი ქალიშვილი გასათხოვარი გამხდარიყო. იმ დღიდან ჩვენს დედას, ფატიმა ზეჰრას, ბევრი სთხოვდა ხელს. შუამავალი (ალეიჰისსელამ) მათ ყურადღებას არ აქცევდა და ამბობდა: „მისი საქმე უზენაესი ალლაჰის ბრძანებაზეა დამოკიდებული.“
ერთ დღეს ებუ ბექირი, ომერი და სა’დ ბინ მუ’აზი მეჩეთში ისხდნენ და საუბრობდნენ: „ჰაზრეთი ფატიმას ხელი ყველამ სთხოვა, ჰაზრეთი ალის გარდა. არავინ მიიღეს.“ ჰაზრეთი სიდდიყმა თქვა: „ვფიქრობ, ის ალის ხვდება წილად. მოდით, მოვინახულოთ და ეს საკითხი წამოვჭრათ. თუ სიღარიბეს მოიმიზეზებს, დავეხმარებით.“ სა’დმა თქვა: „ებუ ბექირ! შენ მუდამ სიკეთეს აკეთებ. ადექი, ჩვენც გამოგყვებით.“ სამივე მეჩეთიდან გამოვიდა და ჰაზრეთი ალის სანახავად წავიდა. ჰაზრეთი ალის აქლემი წაეყვანა და ერთ-ერთი ენსარის ფინიკის ბაღის მოსარწყავად წასულიყო. როცა ისინი დაინახა, მიესალმა და ამბავი ჰკითხა. ჰაზრეთი ებუ ბექირმა ჰკითხა: „ალი! შენ ყოველ კეთილ საქმეში პირველი ხარ და უკეთილშობილეს შუამავალთან ისეთი ხარისხი გაქვს, როგორიც არავის მისცემია. ჰაზრეთი ფატიმას ხელი ყველამ სთხოვა. არავინ მიიღეს. ვფიქრობთ, ის შენ გხვდება წილად. რატომ არ სცდი ბედს?“
ეს რომ მოისმინა, ჰაზრეთი ალის დალოცვილი თვალები ცრემლით აევსო და თქვა: „ებუ ბექირ! გული ამინთე. ჩემზე მეტად მას არავინ ესწრაფვის. მაგრამ ჩემი სიღარიბე მიშლის ხელს.“ ჰაზრეთი ებუ ბექირმა თქვა: „ასე ნუ ამბობ. უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის წინაშე ეს ქვეყანა არაფერია. სიღარიბე ამაში დაბრკოლება ვერ იქნება. წადი და ხელი სთხოვე.“
ჰაზრეთი ალი ჰყვება: „ალლაჰის შუამავალთან რიდითა და მორცხვობით შევედი. მთელი თავისი დიდებულებითა და ღირსებით იჯდა. მის წინ დავჯექი, მაგრამ ლაპარაკი ვერ შევძელი. ალლაჰის შუამავალმა მკითხა: ‚რისთვის მოხვედი, რამე საჭიროება ხომ არ გაქვს?‘ ვდუმდი. როცა ბრძანა: ‚ალბათ ფატიმას ხელის სათხოვნელად მოხვედი‘, ძლივს ვთქვი: ‚დიახ.‘ (ჩვენმა შუამავალმა ჰაზრეთი ფატიმას აცნობა, რომ ჰაზრეთი ალი მის ხელს ითხოვდა. ის დადუმდა.) ჩვენმა შუამავალმა მკითხა: ‚ფატიმასთვის მეჰრად მისაცემი რა გაქვს?‘ ვუთხარი: ‚მისთვის მისაცემი არაფერი მაქვს, ალლაჰის შუამავალო.‘
კიდევ მკითხა: ‚ჰუტამის ჯავშანი, რომელიც გაჩუქე, სად არის, რა იქნა?‘ როცა ვუთხარი: ‚ჩემთანაა‘, ბრძანა: ‚გაყიდე და ფული მომიტანე. მეჰრად ეს საკმარისია.‘“34 სხვა გადმოცემით, როცა ალლაჰის შუამავალმა ჰაზრეთი ალის ჰკითხა: „რა გაქვს?“, მან უპასუხა: „ცხენი და ჯავშანი მაქვს“, ალლაჰის შუამავალმა კი ბრძანა: „ცხენი დაგჭირდება, ჯავშანი კი გაყიდე.“ სხვა გადმოცემით კი ბრძანა: „ალი, წადი და სახლი იქირავე.“
ჰაზრეთი ალი ქორწილამდე ჩვენს შუამავალთან ერთად ცხოვრობდა. ჩვენი შუამავლის ბრძანებით მესჯიდი ნებევის ახლოს, ჰაზრეთი აიშეს ოთახის პირდაპირ მდებარე ჰარისე ბინ ნუ’მანის სახლი იქირავა. თავისი ჯავშანი ბაზარში გაგზავნა. ჰაზრეთი ოსმანმა (რადიალლაჰუ თეალა ანჰ), როცა ბაზარს ათვალიერებდა, ჰაზრეთი ალის ჯავშანი იცნო. დალალს დაუძახა და უთხრა: „ამ ჯავშანში პატრონი რამდენს ითხოვს?“ დალალმა უთხრა: „ოთხას დირჰემს ითხოვს.“ ოსმანმა (რადიალლაჰუ ანჰ) თქვა: „მოდი, ფული აიღე.“ შემდეგ თავის სახლში წავიდა. დალალს ჯავშანი გამოართვა და ფული გადაუხადა. თქვა: „ეს ჯავშანი მის გარდა სხვას არ შეჰფერის. ეს ფულიც ქორწილზე დახარჯოს. და ჩვენი ბოდიში მიიღოს.“ ოთხასი დირჰემი მისცა, ზემოდან ჯავშანი დადო და საჩუქრად ჰაზრეთი ალის გაუგზავნა. როცა ჰაზრეთი ალი ჯავშნითა და დირჰემებით ჩვენს შუამავალთან მივიდა, ჩვენმა შუამავალმა ჰაზრეთი ოსმანისთვის ბევრი სიკეთე ივედრა და ბრძანა: „ოსმანი სამოთხეში ჩემი მეგობარია.“ შემდეგ ბილალ ჰაბეშს დაუძახა, ფულის ნაწილი მისცა და უბრძანა: „ეს ფული აიღე და ბაზარში წადი! ცოტა ვარდის წყალი იყიდე, დარჩენილი ფულით კი თაფლი, და ერთ სუფთა ჭურჭელში, მეჩეთის ერთ კუთხეში, წყალში აურიეთ. თაფლის შერბეთი მოამზადეთ, რომ ქორწინების (ნიქაჰის) დადების შემდეგ დავლიოთ. აქ მყოფი ჩემი საჰაბეები ენსართა და მუჰაჯირთაგან მეჩეთში მოიწვიე და ხალხს აუწყე, რომ ფატიმასა და ალის ნიქაჰი იდება.“
ბილალ ჰაბეში გავიდა და ხალხს აუწყა, რომ ჰაზრეთი ალისა და ჰაზრეთი ფატიმას ნიქაჰი იდებოდა. საჰაბეები მესჯიდი ნებევიში მოვიდნენ და შიგნითაც და გარეთაც აავსეს. მაშინ ჩვენი შუამავალი ადგა და ეს ჰუტბე წარმოთქვა: „ყოველგვარი ქება-დიდება და მადლობა სამყაროთა უფალს ეკუთვნის. ის არის, ვისაც ბოძებული სიკეთეებისთვის აქებენ, ვისაც თავისი უსასრულო ძალისა და ძლიერებისთვის ეთაყვანებიან, ვისი სასჯელისა და ანგარიშსწორებისაც ეშინიათ, ვისი განჩინება და ბრძანებაც მოქმედებს დედამიწაზეც და ცაშიც. ის არის, ვინც თავისი ძლიერებით ქმნილებები გააჩინა, თავისი სამართლიანი განჩინებებით ისინი ერთმანეთისგან გამიჯნა და ადამიანებს რჯულით (ისლამით) და შუამავლით, მუჰამმედით (ალეიჰისსელამ), პატივი დასდო… უზენაესმა ალლაჰმა მიბრძანა, რომ ჩემი ქალიშვილი, ფატიმა, ალი ბინ ები ტალიბს მივათხოვო. ახლა თქვენ მოწმეებად გაგიხდით: მე (უზენაესი ალლაჰის ბრძანებით) ვერცხლის 400 მისხლის მეჰრით ფატიმა ალი ბინ ები ტალიბს მივათხოვე. ჩემმა უფალმა შეაერთოს ისინი და ეს მათთვის დალოცვილი გახადოს. მათი შთამომავლობა სპეტაკი, წყალობის გასაღები, სიბრძნის მადანი და მუჰამმედის უმმეთისთვის სანდო გახადოს.
ეს არის ის, რაც მეთქმოდა. ჩემი უფლისგან ჩემთვისაც და თქვენთვისაც პატიებას ვითხოვ.“
ჰაზრეთი ალიც ადგა და ეს მოკლე ჰუტბე წარმოთქვა: „…სალავათსა და სალამს ვუძღვნი მუჰამმედს (ალეიჰისსელამ), რომლის წინაშეც ვიმყოფებით და რომელმაც თავისი დალოცვილი ქალიშვილი, ფატიმა, ვერცხლის 400 მისხლის მეჰრით ცოლად მომცა. რჯულის ძმებო! უეჭველად მოისმინეთ, რაც ჩვენმა შუამავალმა ბრძანა, და მოწმენი გახდით. მეც ამის მოწმე ვარ და კმაყოფილი ვარ. ზუსტად ასე ვიღებ. უზენაესი ალლაჰი ყველა ჩვენგანის სიტყვების მოწმეა და ყველა ჩვენგანის მფარველია.“35
„ოსმანი სამოთხეში ჩემი მეგობარია“ ჰადისი შერიფი
როცა ქორწინების დადება დასრულდა, ჩვენმა შუამავალმა ახალი ფინიკის მოტანა ბრძანა და თქვა: „აბა, ამ ფინიკიდან აიღეთ და მიირთვით.“ ყველამ აიღო და ჭამა. შემდეგ ჰაზრეთი ბილალმა თაფლის შერბეთი დაარიგა, დალიეს და ყველა საჰაბემ ასე ივედრა: „ბარაქალლაჰუ ფიქუმა ვე ალეიქუმა ვე ჯემეა შემლექუმა.“ როცა ნიქაჰი დაიდო, ფატიმა (რადიალლაჰუ ანჰა) თხუთმეტი წლისა იყო, ალი (რადიალლაჰუ ანჰ) კი – ოცდახუთისა.
ქორწინების დადების შემდეგ ჰაზრეთი ფატიმა ტიროდა. ჩვენი შუამავალი მასთან მივიდა და უთხრა: „ფატიმა! რა მოგივიდა, რატომ ტირი? ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომ შენი მთხოვნელებიდან ყველაზე სწავლულს, სიმშვიდითა და გონიერებით ყველაზე აღმატებულს და ყველაზე პირველად გამუსლიმებულს მიგათხოვე.“ ჰაზრეთი ფატიმამ თქვა: „მამიკო! ყოველი გასათხოვარი ქალიშვილის მეჰრი ოქროთი და ვერცხლით ფასდება და განისაზღვრება. ჩემი მეჰრიც ასე რომ განისაზღვროს, რა განსხვავება იქნება შენსა და სხვებს შორის? განკითხვის დღეს, ცოდვილ მორწმუნეთაგან რამდენსაც გაუწევ შეფაათს, მე მათი ქალებისთვის მსურს შეფაათის გაწევა. ეს არის ჩემი სურვილი.“
როცა უზენაესმა ალლაჰმა აუწყა, რომ ჰაზრეთი ფატიმას ეს სურვილი მიღებული იყო, ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ფატიმა, აჩვენე, რომ შუამავლის შვილი ხარ!“
ჰაზრეთი ალიმ თქვა: „იმ ამბების შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. შეკრებებზე ამის შესახებ სიტყვაც არ დაძრულა. მე კი მორცხვობის გამო პირის გაღება ვერ შევძელი. მაგრამ ალლაჰის შუამავალი, როცა ხანდახან მარტო მნახავდა, მეუბნებოდა: ‚რა კარგი ქალია შენი მეუღლე! გაიხარე, ის სამყაროს ქალთა შორის პირველია.‘“
იმ დღეებში ჰაზრეთი ალის ძმამ, ჰაზრეთი უყაილმა, თქვა: „ალი! ამ ქორწინებამ გაგვახარა. მაგრამ ჩემი სურვილია, რომ ეს ორი ბედნიერი ერთად იყოს“, ჰაზრეთი ალიმ კი თქვა: „მეც ეს მსურს, მაგრამ მრცხვენია.“ ჰაზრეთი უყაილმა ჰაზრეთი ალის ხელი მოჰკიდა და, როცა ჩვენი შუამავლის სახლთან მივიდნენ, ალლაჰის შუამავლის მხევალს, უმმუ ეიმენს შეხვდნენ. საქმის ვითარება უამბეს. უმმუ ეიმენმა თქვა: „ამისთვის თქვენი მოსვლა საჭირო არ არის. ჩვენ სპეტაკ მეუღლეებს (ეზვაჯი ტაჰირათს) მოვეთათბირებით და შეგატყობინებთ, რადგან ამ საქმეში ქალების სიტყვა ისმინება.“
უმმუ ეიმენმა ეს ალლაჰის შუამავლის მეუღლეებს უამბო. მაშინ სხვა სპეტაკი მეუღლეებიც ჰაზრეთი აიშეს სახლში შეიკრიბნენ. ჰაზრეთი ჰატიჯე გაიხსენეს და თქვეს: „ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, არანაირი საზრუნავი არ გვექნებოდა.“ ალლაჰის შუამავალი ატირდა და ბრძანა: „ჰატიჯესნაირი ქალი სად არის? როცა ხალხი ცრუდ მრაცხდა, მან დამადასტურა და მთელი თავისი ქონება ჩემს გზაზე დახარჯა. ისლამის რჯულს დიდად დაეხმარა. სანამ ცოცხალი იყო, უზენაესმა ალლაჰმა მიბრძანა: ‚ჰატიჯეს ახარე: სამოთხეში მისთვის ზურმუხტის სასახლეა აშენებული.‘“ ალლაჰის შუამავლის მეუღლეებმა მას ჰაზრეთი ალის სურვილი მოახსენეს. მაშინ ალლაჰის შუამავალმა უმმუ ეიმენს უბრძანა, ჰაზრეთი ალისთვის დაეძახა. როცა ალი მოვიდა, შეკრებაზე მყოფი ქალები ადგნენ და წავიდნენ. ჰაზრეთი ალი თავდახრილი დაჯდა. ალლაჰის შუამავალმა ჰკითხა: „შენი მეუღლე გინდა, ალი?“
ალიმ (რადიალლაჰუ ანჰ) თქვა: „დიახ, ალლაჰის შუამავალო! მამაჩემიც და დედაჩემიც შენ გენაცვალოს.“ უკეთილშობილესმა შუამავალმა ესმა ბინთ უმეისს უთხრა: „წადი და ფატიმას სახლი მოამზადე.“ ესმა იმ სახლში წავიდა, სადაც ფატიმა პატარძლად უნდა შესულიყო. ერთი ლეიბი ახალი ტყავისგან გააკეთა, ერთი – დაკერებული ტყავისგან, ერთიც – ჩალის ფარდაგისგან, და პალმის ბოჭკოთი გატენა. ალლაჰის შუამავალი ღამის (იშა) ნამაზის შემდეგ ფატიმას სახლში მივიდა და მომზადებული დაათვალიერა.
ჩვენმა შუამავალმა ბრძანა, რომ ჰაზრეთი ალის მოტანილი ფულის ორი მესამედით საჭმელი, სამკაულები და სურნელოვანი ნივთები ეყიდათ, ერთი მესამედით კი – ტანსაცმელი, და საოჯახო ნივთები შეავსებინა. ჰაზრეთი ფატიმას მზითევსა და საოჯახო ნივთებს შორის იყო: ესმა ბინთ უმეისის მიერ მომზადებული სამი ლეიბი, ერთი ფოჩებიანი ხალიჩა, პალმის ბოჭკოთი გატენილი ერთი ბალიში, ორი ხელის წისქვილი, ერთი წყლის ტიკი, ერთი თიხის წყლის დოქი, ერთი ტყავის წყლის თასი, ერთი პირსახოცი, ერთი ქვედაბოლო, ერთი გამოყვანილი ცხვრის ტყავი, ერთი გაცვეთილი, ბეწვგაცვენილი ჭრელი იემენური ხალიჩა, პალმის ფოთლებისგან მოწნული ერთი საწოლი, იემენური ნახელავი ორი ჭრელი კაბა და ერთი ხავერდის საბანი. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა ჰაზრეთი ალის ცოტა ფული მისცა და უთხრა, ფინიკი და ერბო ეყიდა. რაც შემდეგ მოხდა, ჰაზრეთი ალი ასე ჰყვებოდა:
„ხუთ დირჰემად ფინიკი ვიყიდე, ოთხად – ერბო. ალლაჰის შუამავალს წინ დავუდე. ტყავის სუფრა მოითხოვა. თავისი დალოცვილი ხელით ფინიკი, ფქვილი, ერბო და მაწონი აურია, ერთგვარი საჭმელი მოამზადა და ბრძანა: ‚ალი! წადი და ვისაც იპოვი, მოიყვანე.‘ გარეთ გავედი, ბევრი ხალხი დავინახე, ყველა მოვიწვიე, შევედი და ვუთხარი: ‚ალლაჰის შუამავალო! ხალხი ბევრია.‘
სამყაროთა ბატონმა, სამყაროს სიამაყემ, ბრძანა: ‚ათ-ათად შემოიყვანე, საჭმელი ჭამონ.‘ მეც ასე მოვიქეცი. დაითვალეს: შვიდასმა კაცმა და ქალმა ჭამა და გაძღა.“
როცა ჰაზრეთი ალისა და ფატიმას ქორწილის ნადიმი (ველიმე) შეჭამეს, უმმუ ეიმენის გადმოცემით, ჩვენმა შუამავალმა ჰაზრეთი ალის უთხრა: „ალი, ჩემი ქალიშვილი, ფატიმა, პატარძლად მოვიდა თქვენს სახლში. მეც საღამოს (მაღრიბის) ნამაზის შემდეგ მოვალ და ვედრებას აღვავლენ. დამელოდეთ.“
როცა ჰაზრეთი ალი შინ მივიდა, ერთ კუთხეში დაჯდა. ჰაზრეთი ფატიმაც სახლის მეორე კუთხეში დაჯდა. შემდეგ ალლაჰის შუამავალი მოვიდა და კარზე დააკაკუნა. კარი უმმუ ეიმენმა გააღო.
ალლაჰის შუამავალმა იკითხა: „ჩემი ძმა აქ არის?“ უმმუ ეიმენმა თქვა: „მამაჩემიც და დედაჩემიც თქვენ გენაცვალოთ, ალლაჰის შუამავალო! ვინ არის თქვენი ძმა?“ როცა ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ეს ალი ბინ ები ტალიბია“, უმმუ ეიმენმა იკითხა: „თქვენი ქალიშვილი თქვენს ძმას მიათხოვეთ?“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „დიახ.“ ალლაჰის შუამავლის სიტყვებიდან „ჩემი ძმა აქ არის?“ უმმუ ეიმენმა იფიქრა, რომ ნიქაჰი დაშვებული არ იქნებოდა. ალლაჰის შუამავალმა კი სიტყვით „დიახ“ მიანიშნა, რომ ქორწინების დაბრკოლება ერთი დედისგან დაბადებაა.
შემდეგ ალლაჰის შუამავალმა უმმუ ეიმენს ჰკითხა: „ესმა ბინთ უმეისიც აქ არის?“ როცა უპასუხა: „დიახ“, ბრძანა: „მაშ, ალლაჰის შუამავლის ქალიშვილის სამსახურად მოსულა.“ როცა უმმუ ეიმენმა თქვა: „დიახ“, ასე ივედრა მისთვის: „სიკეთეს ეწიოს.“
„ფატიმა! რა მოგივიდა, რატომ ტირი? ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომ შენი მთხოვნელებიდან ყველაზე სწავლულს, სიმშვიდითა და გონიერებით ყველაზე აღმატებულს და ყველაზე პირველად გამუსლიმებულს მიგათხოვე“ ჰადისი შერიფი
შემდეგ წყლით სავსე ჭურჭლის მოტანა ბრძანა. დალოცვილი ხელები დაიბანა. წყალში ცოტა მუშკი ჩააწვეთა. შემდეგ ჰაზრეთი ფატიმას დაუძახა. ჰაზრეთი ფატიმა მორცხვობისგან თავის კაბას დაჰყურებდა. ალლაჰის შუამავალმა ცოტა წყალი აიღო, ფატიმას მკერდს, თავსა და ზურგს ასხურა და ივედრა: „ალლაჰუმმე ინნი უიზუჰა ბიქე ვე ზურრიიეთეჰა მინეშ-შეიტანირ-რაჯიმ“ (ჩემო უფალო, მას და მის შთამომავლობას შენ შეგაფარებ რაჯიმის, ანუ წყეული ეშმაკის ბოროტებისგან). შემდეგ იგივე გაუკეთა ჰაზრეთი ალისაც და ივედრა: „ალლაჰუმმე ბარიქ ფიჰიმა ვე ბარიქ ალეიჰიმა ვე ბარიქ ლეჰუმა ფი ნესლიჰიმა.“ სურა იჰლასი და მუავვიზეთეინი წაიკითხა და ბრძანა: „უზენაესი ალლაჰის სახელითა და ბარაქით შედი შენს მეუღლესთან.“ შემდეგ თავისი დალოცვილი ხელებით კარის ორივე ფრთას მოჰკიდა ხელი, ბარაქა ივედრა და წავიდა.36
ჰაზრეთი ალიმ თქვა: „ჩვენი ქორწილიდან ოთხი დღის შემდეგ ალლაჰის შუამავალი ჩვენს სახლს ეწვია. გულის მომგები და სიბრძნით სავსე სიტყვებით დაგვარიგა და ბრძანა: ‚ალი! წყალი მოიტანე!‘ ავდექი და წყალი მოვიტანე. ერთი წმინდა აიათი წაიკითხა და ბრძანა: ‚ამ წყლიდან ცოტა დალიე. ცოტა დარჩეს.‘ მეც ასე მოვიქეცი. დარჩენილი წყალი თავსა და მკერდზე მასხურა. კვლავ ბრძანა: ‚წყალი მოიტანე.‘ ისევ წყალი მოვიტანე. რაც მე გამიკეთა, ფატიმასაც იგივე გაუკეთა. შემდეგ გარეთ გამგზავნა.“
როცა ალი გავიდა, ალლაჰის შუამავალმა ქალიშვილს ჰაზრეთი ალის შესახებ ჰკითხა. ფატიმამ თქვა: „მამიკო, ყველა სრულყოფილი თვისება აქვს. მაგრამ ზოგიერთი ყურაიშელი ქალი მეუბნება: ‚შენი ქმარი ღარიბია‘“, ალლაჰის შუამავალმა კი ბრძანა: „შვილო! არც მამაშენია ღარიბი და არც შენი ქმარი. დედამიწისა და ზეცის ყველა საგანძური და განძი შემომთავაზეს. არ მივიღე. მივიღე ის, რაც უზენაეს ალლაჰთან მიღებულია. ჩემო გოგონა! ის რომ იცოდე, რაც მე ვიცი, ეს ქვეყანა შენს თვალში საძულველი და მდაბალი იქნებოდა. ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, შენი ქმარი საჰაბეთა შორის პირველია. ისლამშიც დიდია და ცოდნით ყველაზე ღრმა. შვილო! უზენაესმა ალლაჰმა ეჰლი ბეითიდან ორი აირჩია. ერთი მამაშენია, მეორე – შენი ქმარი. არასოდეს აუჯანყდე და მის ბრძანებას არ შეეწინააღმდეგო.“
სამყაროს სიამაყემ (ალეიჰი ეფდალუს-სალავათ), როცა ქალიშვილს დაარიგა, ჰაზრეთი ალის დაუძახა. ფატიმა ამ სიტყვებით ჩააბარა: „ალი! ფატიმას გულს გაუფრთხილდი. ის ჩემი ნაწილია. კმაყოფილი ამყოფე. თუ მას დაამწუხრებ, მე დამამწუხრებ.“ ორივე უზენაეს ალლაჰს მიაბარა. შემდეგ, როცა წასასვლელად ადგა, ჰაზრეთი ფატიმამ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! სახლის საქმეებს მე შევასრულებ, სახლის გარეთა საქმეებს კი – ალი. თუ ერთ მოახლეს მაჩუქებთ, ზოგიერთ საქმეში დამეხმარება. გამახარებთ.“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ფატიმა! მსახურზე უკეთესი რამ გაჩუქო, თუ მსახური გაჩუქო?“
ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი ფატიმამ, თქვა: „მსახურზე უკეთესი რამ მაჩუქე.“ მაშინ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ყოველდღე, როცა დასაძინებლად წვები, ოცდაცამეტჯერ თქვი ‚სუბჰანალლაჰ‘, ოცდაცამეტჯერ ‚ელჰამდულილლაჰ‘, ოცდაცამეტჯერ ‚ალლაჰუ ექბერ‘ და ერთხელ ‚ლა ილაჰე ილლალლაჰუ ვაჰდეჰუ ლა შერიქე ლეჰ, ლეჰულ-მულქუ ვე ლეჰულ-ჰამდუ ვე ჰუვე ალა ქულლი შეიინ ყადირ‘. ეს სულ ასი სიტყვაა. განკითხვის დღეს ათას ჰასანათს (სიკეთეს) იპოვი. მიზანზე შენი სიკეთეები მძიმე იქნება.“ შემდეგ ჩვენი შუამავალი ქალიშვილის სახლიდან გამოვიდა და თავის დალოცვილ სახლში წავიდა.
ქა’ბ ბინ ეშრეფის მოკვლა
ბედრის გამარჯვებით შიში ჩაუვარდა გულში იუდეველებსა და მედინის კერპთაყვანისმცემლებს, რომლებიც კერპებს ეთაყვანებოდნენ. ზოგი იუდეველი ჭკუაზე მოვიდა და თქვა: „ეს უეჭველად ის კაცია, რომლის თვისებებიც ჩვენს წიგნებში წაგვიკითხავს. ახლა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეიძლება, რადგან ის ყოველთვის გაიმარჯვებს“, და გამუსლიმდნენ. ზოგმა კი თქვა: „მუჰამმედი ომში გამოუცდელ ყურაიშელებს ებრძოდა. ამიტომ გაიმარჯვა. ჩვენ რომ გვებრძოლოს, ვაჩვენებდით, როგორ იმართება ომი და როგორ მოიპოვება გამარჯვება.“
ერთი იუდეველი, სახელად ქა’ბ ბინ ეშრეფი, როცა გაიგო, რომ ისლამის ჯარმა ბედრში გაიმარჯვა, მუსლიმების სიძულვილით მექქაში წავიდა. იქაური კერპთაყვანისმცემლები შეკრიბა, მედინაზე თავდასხმისკენ მოსაწოდებლად ლექსებს უკითხავდა, აქეზებდა და აღელვებდა. მათ შეუთანხმდა, რომ ჩვენი შუამავლის წინააღმდეგ იბრძოლებდნენ. მეტიც, ჩვენი საყვარელი შუამავლის მკვლელობაც მოამზადა. უზენაესმა ალლაჰმა ეს ალლაჰის შუამავალს აუწყა და შინაარსით ბრძანა: „ესენი არიან, ვინც უზენაესმა ალლაჰმა დაწყევლა (თავისი წყალობისგან განდევნა)…“37
ამაზე უკეთილშობილესმა შუამავალმა თავის დიდებულ საჰაბეებს უთხრა: „ვინ მოკლავს ქა’ბ ბინ ეშრეფს? რადგან ის უზენაეს ალლაჰსა და მის შუამავალს შეურაცხყოფდა.“
მუჰამმედ ბინ მესლემემ იკითხა: „ალლაჰის შუამავალო! გსურს, რომ მე მოვკლა?“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „დიახ, მსურს.“ მუჰამმედ ბინ მესლემე ამაზე რამდენიმე დღე ფიქრობდა და გეგმებს აწყობდა. თავის მეგობრებთან – ებუ ნაილესთან, აბბად ბინ ბიშრთან, ჰარის ბინ ევსთან და ებუ აბს ბინ ჯებრთან – მივიდა და საქმე გაუმხილა. ყველა დათანხმდა და თქვეს: „ერთად მოვკლავთ.“ ერთად მივიდნენ ჩვენს შუამავალთან და უთხრეს: „ალლაჰის შუამავალო! თუ ნებას დაგვრთავთ, მასთან საუბრისას შეგვიძლია თქვენზე ზოგიერთი ისეთი სიტყვა ვთქვათ, რომელიც ქა’ბს მოეწონება?“ ჩვენმა შუამავალმა ნება დართო, ეთქვათ, რაც სურდათ.
მაშინ მუჰამმედ ბინ მესლემე მეგობრებთან ერთად ქა’ბ ბინ ეშრეფთან მივიდა. უთხრა: „ეს მუჰამმედი ჩვენგან მოწყალებას (სადაყას) ითხოვდა. ბევრი გადასახადი დაგვაკისრა. ამიტომ შენთან რაღაცის სასესხებლად მოვედი.“ ქა’ბმა გაიხარა, რადგან ეგონა, მუჰამმედ ბინ მესლემე მისნაირად ფიქრობსო, და თქვა: „კიდევ უფრო მოგბეზრდებათ.“ მუჰამმედ ბინ მესლემემ თქვა: „რაკი ერთხელ გავყევით, კვლავაც გავყვებით. ვნახოთ, როგორი იქნება დასასრული. ახლა ცოტა ფინიკი გვასესხე.“ ქა’ბმა თქვა: „კარგი, მოგცემთ, მაგრამ რამე უნდა მომცეთ გირაოდ!“ მუჰამმედ ბინ მესლემემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „რა გინდა?“ როცა ქა’ბმა თქვა: „გირაოდ თქვენი ცოლები მინდა“, არ დათანხმდნენ. ქა’ბმა თქვა: „მაშინ შვილები მომეცით გირაოდ.“ უთხრეს: „ვერც მათ მოგცემთ გირაოდ. რომელიმე მათგანზე იტყოდნენ: ‚ერთი-ორი აქლემის ფინიკის ტვირთში გირაოდ მისცეს‘, და ეს ჩვენთვის დაუვიწყარი სირცხვილი იქნებოდა. შენ კი იარაღსა და ჯავშნებს მოგცემთ გირაოდ.“ ქა’ბმა ეს წინადადება მიიღო. ისიც უთხრა, როდის მისულიყვნენ.38
„ალი! ფატიმას გულს გაუფრთხილდი. ის ჩემი ნაწილია. კმაყოფილი ამყოფე. თუ მას დაამწუხრებ, მე დამამწუხრებ“ ჰადისი შერიფი
ერთ ღამეს მუჰამმედ ბინ მესლემე ქა’ბთან მივიდა. მასთან ებუ ნაილეც იყო. ქა’ბმა ისინი ციხე-სიმაგრეში დაიბარა და თავად ჩამოვიდა მათ შესახვედრად. ქა’ბის ცოლმა უთხრა: „ამ დროს სად მიდიხარ?“ ქა’ბმა თქვა: „მუჰამმედ ბინ მესლემე და ჩემი ძმა ებუ ნაილე მოვიდნენ.“ ცოლმა თქვა: „ეს ხმა, რომელიც მესმის, სულაც არ მომწონს. თითქოს სისხლი წვეთავს მისგან.“ ქა’ბმა თქვა: „ეს არაფერია, ეს მუჰამმედ ბინ მესლემე და ჩემი ძუძუმტე ძმა ებუ ნაილეა. კარგი ბიჭია. ღამით ხმლებით ბრძოლაზეც რომ დაეძახათ, უყოყმანოდ მივიდოდა. ასეთია ის.“ მუჰამმედ ბინ მესლემემ ციხე-სიმაგრეში თან ორი, ერთი გადმოცემით კი სამი კაცი წაიყვანა. ესენი იყვნენ ებუ აბს ბინ ჯებრი, ჰარის ბინ ევსი და აბბად ბინ ბიშრი.39 ჰაზრეთი მუჰამმედ ბინ მესლემემ მეგობრებს უთხრა: „როცა ქა’ბი მოვა, ვეტყვი, რომ თმას დავუყნოსავ, თავზე მოვკიდებ ხელს და დავყნოსავ. როცა დაინახავთ, რომ ქა’ბს თავზე მაგრად ჩავავლე ხელი, ხმლები დაჰკარით.“ ქა’ბ ბინ ეშრეფი მათთან ლამაზად ჩაცმული მოვიდა და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. იბნი მესლემემ თქვა: „აქამდე ასეთი სასიამოვნო სურნელი არასოდეს მიგრძვნია“ და ქა’ბს მიუახლოვდა. ქა’ბმა იტრაბახა: „არაბთა შორის ყველაზე სურნელოვანი ქალები მყავს.“ მუჰამმედ ბინ მესლემემ თქვა: „ნებას დამრთავთ, თქვენი თავი დავყნოსო?“ ქა’ბმა თქვა, რომ ნებას რთავდა. იბნი მესლემემ დაყნოსა და მეგობრებსაც დააყნოსინა. შემდეგ თქვა, რომ კვლავ დაყნოსვა სურდა. ამჯერად მუჰამმედ ბინ მესლემემ თავში ჩაავლო ხელი და მეგობრებს ნიშანი მისცა, ხმლები დაეკრათ.
როცა პირველი ხმლის დარტყმა დაეცა, ქა’ბმა საშინლად იყვირა, მაგრამ არ მოკვდა. მაშინ მუჰამმედ ბინ მესლემემ ის თავისი ხანჯლით მოკლა. ქა’ბის მომკვლელმა მუჯაჰიდებმა მაშინვე მიატოვეს ის ადგილი და მედინაში მივიდნენ. როცა ალლაჰის შუამავალს სასიხარულო ამბავი მოუტანეს, ჩვენმა შუამავალმა უზენაეს ალლაჰს მადლობა შესწირა და მუჯაჰიდებისთვის ივედრა. ურწმუნო ქა’ბ ბინ ეშრეფის სიკვდილმა იუდეველები დიდ შიშში ჩააგდო, რადგან, როცა ქა’ბის მსგავსი მეთაური მოკლეს, მათი სიკვდილიც წამების საქმე იყო. დილით შეიკრიბნენ და ჩვენი შუამავლის წინაშე წარსდგნენ. იმ ღამით მომხდარზე ჩიოდნენ. უკეთილშობილესმა შუამავალმა ბრძანა: „განუწყვეტლივ გვაწუხებდა და ჩვენ წინააღმდეგ ლექსებს ამბობდა. თუ თქვენგან ვინმე იგივეს გააკეთებს, იცოდეს, რომ მისი სასჯელი ხმალია.“ ამ გაფრთხილების შემდეგ იუდეველებმა შიშით კვლავ დადეს ალლაჰის შუამავალთან შეთანხმება…40
ღატფანის ღაზვა
ამ ღაზვას „ენმარის ღაზვასაც“ და „ზი ემრის ღაზვასაც“ უწოდებენ. ბენი სა’ლებესა და ბენი მუჰარიბის ერთი ჯგუფი ზი ემრად წოდებულ ადგილას შეიკრიბა და გადაწყვიტა, მედინის ირგვლივ რასაც იპოვიდა, ყველაფერი გაეძარცვა. მათი მეთაური იყო ვინმე და’სურ ბინ ჰარის ბინ მუჰარიბი, რომელსაც ღავრესს ეძახდნენ. ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინაში მოადგილედ ოსმან ბინ აფფანი (რადიალლაჰუ ანჰ) დატოვა და ოთხას ორმოცდაათკაციანი ჯარით მედინიდან გაემართა. გზაზე ერთ კაცს, სახელად ჯებბარს, გადაეყარნენ. მტრის შესახებ ჰკითხეს. უთხრა: „თქვენთან ბრძოლა არ სურთ. როგორც კი დაგინახეს, მთებში გაიქცნენ.“ ალლაჰის შუამავალმა მას ისლამი შესთავაზა. მიიღო და მუსლიმი გახდა.
როცა ისლამის ჯარი ხეობისკენ მიიწევდა, წვიმა წამოვიდა. ერთხანს მთელი ძალით ასხამდა, მერე შენელდა და შეწყდა. მუჯაჰიდები, უპირველესად კი ჩვენი შუამავალი, თავიდან ფეხებამდე გაილუმპნენ. ყველა სადღაც განზე ტანსაცმელს იშრობდა. ალლაჰის შუამავალმაც ერთ მიყრუებულ ადგილას ტანსაცმელი გასაშრობად გაიხადა და ხეზე გაფინა. როცა ხის ქვეშ ისვენებდა, ურწმუნოებმა, რომლებიც ისლამის ჯარს უთვალთვალებდნენ, ალლაჰის შუამავალი მარტო დაინახეს და და’სურ ბინ ჰარისს აცნობეს. მან ალლაჰის შუამავლის მოსაკლავად ჩუმად მიაღწია იმ ადგილს, სადაც ის ისვენებდა, ხმალი იშიშვლა და თქვა: „ჩემი ხელიდან ვინ გიხსნის?“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „უზენაესი ალლაჰი მიხსნის.“ იმ წამს ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა, და’სურს მკერდში დაარტყა და მიწაზე დასცა; ხმალი ხელიდან გაუვარდა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) და’სურის ხმალი აიღო და ბრძანა: „შენ ვინღა გიხსნის ჩემი ხელიდან?“ და’სურმა თქვა: „ვერავინ“, ქელიმეი შეჰადეთი წარმოთქვა და მუსლიმი გახდა. ის მრავალი ადამიანის რწმენის მიღების მიზეზი გახდა.41 სიტყვა მისცა, რომ ომისთვის ჯარს აღარასოდეს შეკრებდა. მედინაში შეიარაღებული შეტაკების გარეშე დაბრუნდნენ. ლაშქრობაში თერთმეტი დღე დაჰყვეს.
ბაჰრანის ღაზვა
ამ ღაზვას „ბენი სულეიმის ღაზვასაც“ ან „ნეჯრანის ღაზვასაც“ უწოდებენ. ცნობა მოვიდა, რომ ბენი სულეიმთან შეკრებილი მრავალი კერპთაყვანისმცემელი მედინას თავს დაესხმოდა. მედინაში მოადგილედ ჰაზრეთი იბნი უმმუ მექთუმი დატოვეს. ალლაჰის შუამავალი სამასკაციანი ლაშქრით მტრის წინააღმდეგ დაიძრა. როცა მტერმა შეიტყო, რომ ისლამის ჯარი მოდიოდა, მთებში გაიქცა. ამიტომ შეხვედრა ვერ მოხერხდა. ლაშქრობამ თორმეტი დღე გასტანა.
„ის (ქა’ბ ბინ ეშრეფი) სულ გვაწუხებდა და ჩვენ წინააღმდეგ ლექსებს თხზავდა. თქვენგან ვინც ასე მოიქცევა, იცოდეს, რომ მისი სასჯელი ხმალია“ ჰადისი შერიფი
შენმა სიყვარულმა მე თავი დამავიწყა,
მიყვარხარ, ჩემო უფალო!
შენი სიყვარული რა ტკბილი ყოფილა,
მიყვარხარ, ჩემო უფალო!
არც სიმდიდრით ვიხარებ,
არც სიღარიბით ვიდარდებ.
შენი სიყვარულით ვტკბები,
მიყვარხარ, ჩემო უფალო!
ღვთისმსახურება გვიბრძანე,
კარგი საქმენი შეაქე,
დაუსრულებელი წყალობა გვიბოძე,
მიყვარხარ, ჩემო უფალო!
ნეტავ რა უმადური ნეფსი (ეგო) მაქვს,
თავისი სიამისთვის სულ მე მწირავს!
მე კი ნამდვილი სიამე ვპოვე:
მიყვარხარ, ჩემო უფალო!
ღვთისმსახურების კარგად აღსრულება
და ამქვეყნისთვისაც შრომა –
ესაა ჩემი საქმე დღედაღამ, რადგან
მიყვარხარ, ჩემო უფალო!
სიყვარული სიტყვით არ არის, ჰილმი!
შენმა უფალმა ბრძანა: „იშრომეთ!“
შენს მდგომარეობაშიც გამოჩნდეს:
მიყვარხარ, ჩემო უფალო!
ისლამის მტერი ბევრია,
რჯულს ვერაგულად ესხმიან თავს;
თუ უქმად იჯდები, განა სწორია?
მიყვარხარ, ჩემო უფალო!
განა მიჯნური ზარმაცად იჯდება?
განა სატრფოს მტვერს დააყრევინებს?
მტერი გააჩუმე და მერე თქვი:
„მიყვარხარ, ჩემო უფალო!“
