უჰუდის ღაზვა
ჰიჯრეთის მესამე წელი, შევვალის თვე… მექქელმა კერპთაყვანისმცემლებმა ბედრის ღაზვაში განცდილი მარცხიდან არამარტო გაკვეთილი არ გამოიტანეს, არამედ მის ტკივილსაც ვერაფრით ივიწყებდნენ. ყურაიშმა ამ ბრძოლაში თავისი წარჩინებულებიდან ბევრი დაკარგა. ამას გარდა, ის, რომ შამის (სირიის) სავაჭრო გზა მუსლიმთა ხელში გადავიდა, მათ მოთმინებიდან გამოჰყავდა.
ებუ სუფიანის მეთაურობით წასული სავაჭრო ქარავანი მექქაში ასპროცენტიანი მოგებით დაბრუნდა. რადგან კაპიტალში წილის შემტანთა უმეტესობა ბედრის ღაზვაში მოკლეს, ქარავნის მოგება ინახებოდა შენობაში, რომელსაც დარ-უნ ნედვე ერქვა და სადაც კერპთაყვანისმცემლები გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბებოდნენ.
ისინი, ვინც ბედრში მამები, ძმები, ქმრები და ვაჟები დაკარგეს, როგორებიც იყვნენ საფვან ბინ უმეიიე, იქრიმე ბინ ები ჯეჰლი და აბდულლაჰ ბინ რებია, ებუ სუფიანს მიმართეს: „მუსლიმებმა ჩვენი წარჩინებულები დახოცეს. გაგვანადგურეს. დადგა დრო, მათზე შური ვიძიოთ. ქარავნის მოგებით ჯარი მოვამზადოთ. მედინას თავს დავესხათ და შური ვიძიოთ!“
რადგან ებუ ჯეჰლის, უთბესა და შეიბეს მსგავსი გაავებული ურწმუნოები უკვე მოკლულები იყვნენ, კერპთაყვანისმცემლებს სათავეში ებუ სუფიანი ედგა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მუსლიმი არ იყო. შამთან ვაჭრობით ასი ათასი ოქროს მონეტა მოიპოვეს. მისი ნახევარი კაპიტალი იყო, ნახევარი კი – მოგება. კაპიტალი მაშინვე პატრონებს დაურიგეს, მოგება კი ორად გაყვეს: ერთი ნახევრით იარაღი შეიძინეს, მეორით კი ჯარი შეკრიბეს. ამას გარდა, ფულის ნაწილი პოეტებსა და ორატორებსაც მისცეს. ორატორები და პოეტები ხალხის ასაღელვებლად და ომისკენ წასაქეზებლად ლექსებსა და გლოვის სიმღერებს კითხულობდნენ, ქალები კი დაირებსა და დოლებს უკრავდნენ და მათ უერთდებოდნენ. კერპთაყვანისმცემლებმა, რომელთა მიზანიც მუსლიმების მედინიდან განდევნა, ჩვენი საყვარელი შუამავლის მოშორება და ისლამის განადგურება იყო, მიმდებარე ტომებიც შემოიარეს და ჯარი შეკრიბეს.
ბოლოს მექქაში 3 000-კაციანი დიდი ჯარი მომზადდა. მათგან 700 ჯაჭვის პერანგით იყო აღჭურვილი, 200 ცხენოსანი იყო, და 3 000 აქლემიც ჰყავდათ. ამ დიდ ჯარს, რომელშიც მუსიკოსებიც და ქალებიც მონაწილეობდნენ, ებუ სუფიანი მეთაურობდა. მისი ცოლი ჰინდი ქალებს ედგა სათავეში და კერპთაყვანისმცემლებს ომისკენ უზომოდ აქეზებდა. ბედრის ღაზვაში ხომ მამა და ორი ძმა დაკარგა. ამ ტკივილს ვერ ივიწყებდა და მათ, ვისაც არ სურდა, რომ ქალები ომში წასულიყვნენ, ასე აჩუმებდა: „გაიხსენეთ ბედრის ომი! ცოლ-შვილს რომ დაბრუნებოდით, ბედრიდან გამოიქეცით!… ამიერიდან ვინც გაქცევას მოინდომებს, ჩვენ დაგვხვდება წინ!…“ ამგვარად ყურაიშელებს აღაგზნებდა და მთელი ძალით ომისკენ აქეზებდა.1
კერპთაყვანისმცემელ ჯუბეირ ბინ მუტ’იმს ჰყავდა მონა, სახელად ვაჰში, რომელიც შუბის სტყორცნაში დიდი ოსტატი იყო. ის ზუსტი მსროლელი იყო: რასაც დაუმიზნებდა, მოარტყამდა. რადგან ჰაზრეთი ჰამზამ ბედრში ჰინდის მამა უთბე და ჯუბეირის ბიძა ტუაიმე მოკლა, ჰინდი და ჯუბეირი მის მიმართ შურისძიების საშინელი ცეცხლით იწვოდნენ. ჯუბეირმა თავის მონას, ვაჰშის, უთხრა:
„თუ ჰამზას მოკლავ, გაგათავისუფლებ, თავისუფლებას მოგცემ!“ ჰინდიც შეჰპირდა: „თუ მას მოკლავ, ბევრ ოქროსა და ძვირფასეულობას მოგცემ!“2
„უჰუდს ჩვენ ვუყვარვართ, ჩვენც ის გვიყვარს“ ჰადისი შერიფი
როცა ყურაიშის ჯარმა ყველა სამზადისი დაასრულა, დროშები გაშალა: ერთი ტალჰა ბინ ები ტალჰას მისცეს, ერთი – აჰაბიშელთაგან ერთ კაცს, ერთიც – უვეიფის ვაჟს, სუფიანს.
მექქაში სამზადისი დასრულებული იყო. ჰაზრეთი აბბასმა მაშინვე ერთი სანდო კაცის ხელით მედინაში წერილი გაგზავნა. მასში აუწყებდა, რომ კერპთაყვანისმცემლებმა სამიათასკაციანი ჯარი შეადგინეს, რომელთაგან შვიდასს ჯაჭვის პერანგი ეცვა, ორასი კი ცხენოსანი იყო, და რომ სამი ათასი აქლემი და უთვალავი იარაღი ჰქონდათ. აბბასმა ისიც აცნობა, რომ ჯარი გზაზე დასადგომად ემზადებოდა, და სთხოვა, ამის მიხედვით ზომები მიეღოთ.
ამის შემდეგ ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ვითარების შესასწავლად თავის რამდენიმე მეგობარს დაავალა. ეს საჰაბეები მექქისკენ გაემართნენ. გზაში შეიტყვეს, რომ კერპთაყვანისმცემელთა ჯარი მოდიოდა, და ცნობების შეგროვებას შეუდგნენ. საქმე მალე დაასრულეს და სასწრაფოდ მედინაში დაბრუნდნენ. ის, რაც ნახეს და შეიტყვეს, მოსულ წერილს ემთხვეოდა.
სამყაროთა ბატონი მაშინვე მზადებას შეუდგა. ამას გარდა, მოულოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად მედინის გარშემო გუშაგები დააყენა და ამგვარად ზომები მიიღო. საჰაბეები მალე შეიკრიბნენ და სამზადისი დაასრულეს. ოჯახებს გამოეთხოვნენ, ერთმანეთს ყველაფერი აპატიეს (ჰალალი უყვეს) და შუამავალთა სულთნის გარშემო შეიკრიბნენ.
იმ დღეს პარასკევი იყო. ჩვენმა შუამავალმა საჰაბეებს პარასკევის (ჯუმა) ნამაზში იმამობა გაუწია. ჰუტბეში ისაუბრა იმაზე, რა დიდი მნიშვნელობა აქვს უზენაესი ალლაჰის რჯულის გასავრცელებლად ჯიჰადს, ალლაჰის გზაზე ბრძოლას. ახარა, რომ ვინც ამ გზაზე დაიღუპებოდა, შეჰიდი იქნებოდა და სამოთხეში შევიდოდა. აუწყა, რომ უზენაესი ალლაჰი შეეწეოდა მათ, ვინც მტრის წინაშე მტკიცედ დადგებოდა და სიძნელეებს მკერდით დაუხვდებოდა.
უკეთილშობილესმა შუამავალმა თქვა, რომ საჰაბეებთან თათბირი სურდა იმის შესახებ, თუ სად უნდა გამართულიყო ბრძოლა, და იმ ღამით ნანახი სიზმარი უამბო. ბრძანა: „სიზმარში ვიხილე, რომ მტკიცე ჯაჭვის პერანგი მეცვა. ვიხილე, რომ ჩემი ხმლის, ზულფიყარის, პირზე ნაპრალი გაჩნდა; ვიხილე დაკლული ძროხა, მის შემდეგ კი – როგორ მოიყვანეს ერთი ვერძი.“ როცა საჰაბეებმა ჰკითხეს: „ალლაჰის შუამავალო! ეს სიზმარი როგორ ახსენი?“, ბრძანა: „მტკიცე ჯაჭვის პერანგის ჩაცმა მედინაზე, მედინაში დარჩენაზე მიუთითებს. იქ დარჩით…
ის, რომ ჩემი ხმლის პირზე ნაპრალი ვიხილე, იმაზე მიუთითებს, რომ რაიმე ზიანი მომადგება. დაკლული ძროხა იმაზე მიუთითებს, რომ ჩემი საჰაბეებიდან ზოგიერთი შეჰიდად დაეცემა. ხოლო ვერძი, რომელიც მის შემდეგ მოიყვანეს, ერთ სამხედრო რაზმზე მიუთითებს, რომელსაც, ინშააალლაჰ, უზენაესი ალლაჰი გაანადგურებს.“
სხვა გადმოცემით კი ბრძანა: „სიზმარში ხმალი მიწას დავკარი და პირი გადაუტყდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ უჰუდის დღეს ჩემი საჰაბეებიდან ზოგიერთი შეჰიდად დაეცემა. ხმალი კვლავ მიწას დავკარი და თავის პირვანდელ, უვნებელ სახეს დაუბრუნდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ უზენაესი ალლაჰისგან გამარჯვება (ფეთჰი) მოვა და მორწმუნეები კვლავ შეიკრიბებიან.“
ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იმ საკითხებში, რომლებიც მას ვაჰიით (ზეშთაგონებით) არ ეუწყებოდა, საჰაბეებს ეთათბირებოდა და ამის მიხედვით მოქმედებდა. იმაზე, თუ სად უნდა დახვედროდნენ მტერს, ზოგიერთმა საჰაბემ თქვა: „მედინაში დავრჩეთ და თავდაცვითი ომი ვაწარმოოთ.“ ეს წინადადება ჩვენი შუამავლის სურვილსაც შეესაბამებოდა. საჰაბეთა უფროსები, როგორებიც იყვნენ ჰაზრეთი ებუ ბექირი, ომერი და სა’დ ბინ მუ’აზი (რადიალლაჰუ ანჰუმ), ჩვენი შუამავლის მსგავსად ფიქრობდნენ. მაგრამ გმირ ახალგაზრდა საჰაბეებს, რომლებმაც ბედრის ღაზვაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, ყოველ ჯერზე, როცა ჩვენი შუამავლისგან ისმენდნენ იმ ეჯრსა და სევაბზე3, რაც ბედრის ღაზვის მონაწილე საჰაბეებმა მოიპოვეს, და იმ მაღალ ხარისხებზე, რასაც ბედრის შეჰიდებმა მიაღწიეს, უზომოდ წყდებოდათ გული, რომ იმ ბრძოლაში არ იყვნენ. ამიტომ სურდათ, მტერს მედინის გარეთ დახვედროდნენ და პირისპირ შებრძოლებოდნენ. მათ შორის იყვნენ ჰაზრეთი ჰამზა, ნუ’მან ბინ მალიქი და სა’დ ბინ უბადე. ჰაზრეთი ჰაისემემ ნებართვა ითხოვა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ყურაიშელმა კერპთაყვანისმცემლებმა სხვადასხვა არაბული ტომიდან ჯარი შეკრიბეს. აქლემებსა და ცხენებზე შესხდნენ და ჩვენს მიწაზე შემოვიდნენ. სახლებსა და ციხე-სიმაგრეებში ალყას შემოგვარტყამენ, მერე კი მობრუნდებიან და წავლენ. ზურგს უკან ბევრ რამეს იტყვიან ჩვენზე. ეს მათ გამბედაობას გაზრდის და ახალ თავდასხმებს მოაწყობენ. თუ ახლა მათ წინააღმდეგ არ გავალთ, სხვა არაბულ ტომებსაც თვალი დაგვადგებათ. იმედი მაქვს, რომ უზენაესი ალლაჰი კერპთაყვანისმცემლებზე გამარჯვებას გვიბოძებს.
თუკი მეორე მოხდება, ანუ შეჰიდობა, – ბედრმა ის მომაკლო. მე კი ძალიან ვნატრობდი მას. როცა ჩემმა ვაჟმა გაიგო, რომ ბედრის ღაზვაში მონაწილეობა მსურდა, ჩემთან წილი ყარა. ის ჩემზე იღბლიანი აღმოჩნდა და შეჰიდობის პატივს ეღირსა.
ალლაჰის შუამავალო! შეჰიდობა ძალიან მომენატრა. წუხელ სიზმარში ჩემი ვაჟი მშვენიერი სახით ვიხილე. სამოთხის ბაღებსა და მდინარეებს შორის დასეირნობდა და მეუბნებოდა: ‚სამოთხის ხალხს შემოუერთდი! მე ვეწიე იმ ჭეშმარიტებას, რაც უზენაესმა ალლაჰმა აღგვითქვა!‘
ალლაჰის შუამავალო! ალლაჰს ვფიცავ, დილიდან მოყოლებული უზომოდ მსურს, სამოთხეში ჩემი ვაჟის ამხანაგი ვიყო. უკვე ასაკშიც შევედი. ჩემი უფლის შეხვედრის გარდა სხვა სურვილი აღარ დამრჩა.
ჩემი სული შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! უზენაეს ალლაჰს შეევედრე, რომ შეჰიდი გავხდე და სამოთხეში ჩემი ვაჟის ამხანაგობის პატივს ვეღირსო!…“ – ასე ევედრებოდა. ჩვენმა შუამავალმა მისი თხოვნა არ უარყო და ვედრება აღავლინა, რომ შეჰიდი გამხდარიყო.
როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა დაინახა, რომ უმრავლესობა ამ აზრისა იყო, გადაწყვიტა, მტერს მედინის გარეთ დახვედროდა. შემდეგ ბრძანა: „(ჩემო საჰაბეებო!) თუ მოთმინებასა და სიმტკიცეს გამოიჩენთ, ამჯერადაც უზენაესი ალლაჰი თავის შეწევნას გიბოძებთ. ჩვენი ვალი მონდომებისა და გულმოდგინების გამოჩენაა!“
როცა სამყაროს სულთანმა ნაშუადღევის (ასრი) ნამაზი იმამობით შეასრულა, თავის ბედნიერ და დალოცვილ სახლში მივიდა. მის შემდეგ, ნებართვის თხოვნით, ჰაზრეთი ებუ ბექირი და ომერი შევიდნენ. უკეთილშობილეს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჩალმის დახვევასა და ჯაჭვის პერანგის ჩაცმაში დაეხმარნენ. შუამავალმა ხმალი შემოირტყა და ფარი ზურგზე მოიკიდა.
ამ დროს გარეთ საჰაბეები შეკრებილიყვნენ და ჩვენს შუამავალს ელოდნენ. ვისაც მედინაში დარჩენა და თავდაცვითი ომის წარმოება სურდა, დანარჩენებს უთხრეს: „ალლაჰის შუამავალს მედინის გარეთ გასვლა არ ჰქონდა განზრახული. თქვენი სიტყვების გამო დათანხმდა. ალლაჰის შუამავალი კი ბრძანებას უზენაესი ალლაჰისგან იღებს. ეს საქმე მას მიანდეთ. ის აკეთეთ, რასაც ის ბრძანებს.“ დანარჩენებმაც ინანეს თავიანთი საქციელი, თქვეს: „ნუ შევეწინააღმდეგებით უკეთილშობილეს შუამავალს“ და თავიანთ აზრზე უარი თქვეს. როცა ჩვენი საყვარელი შუამავალი თავისი ბედნიერი სახლიდან გამოვიდა, მასთან მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს: „ჩვენი სული შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! როგორც გსურს, ისე მოიქეცი. თუ მედინაში დარჩენა გსურს, დავრჩეთ. შენი ბრძანების წინააღმდეგ წასვლისგან უზენაეს ალლაჰს შევეფარებით.“
„ნუ აუგებთ ჩემს საჰაბეებს! უჰუდის მთის ოდენა ოქროც რომ გაიღოთ მოწყალებად, მათ მიერ მოწყალებად გაცემული ერთი მუჭა ქერის სევაბს ვერ გაუთანაბრდება!“ ჰადისი შერიფი
უკეთილშობილესმა ჰაბიბმა ბრძანა: „შუამავალი თავის ჩაცმულ ჯაჭვის პერანგს ბრძოლის გარეშე არ გაიხდის, ვიდრე უზენაესი ალლაჰი მასა და მის მტერს შორის არ განსჯის. ჩემი რჩევა თქვენთვის ეს არის: თუ იმას გააკეთებთ, რასაც გიბრძანებთ, და უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენებით მოთმინებასა და სიმტკიცეს გამოიჩენთ, უზენაესი ალლაჰი შეგეწევათ…“
ამ დროს ჰაზრეთი ამრ ბინ ჯემუჰი შინ თავის ოთხ ვაჟს ეუბნებოდა: „შვილებო! მეც წამიყვანეთ ამ ღაზვაში!“, ვაჟები კი მამის დარწმუნებას ცდილობდნენ: „მამა! ფეხი რომ გიკოჭლობს, უზენაესმა ალლაჰმა საპატიო მიზეზის მქონედ ჩაგთვალა. ალლაჰის შუამავალმაც საპატიო მიზეზის მქონედ ჩაგთვალა. ჯიჰადში გასვლა არ გევალება. შენ ნაცვლად ჩვენ მივდივართ!“ მაგრამ ჰაზრეთი ამრმა თქვა: „ვაი ისეთ შვილებს, როგორებიც თქვენ ხართ! ბედრის ღაზვაშიც ასე მეუბნებოდით და სამოთხის მოპოვება მომაკელით. ახლა ამ ლაშქრობასაც მომაკლებთ?…“ შემდეგ ჩვენი საყვარელი შუამავლის წინაშე წარდგა და თქვა: „ჩემი სული შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ჩემს ვაჟებს სხვადასხვა მიზეზის მოგონებით უნდათ, ეს ღაზვა მომაკლონ. ალლაჰს ვფიცავ, მსურს შენთან ერთად ლაშქრობაში წავიდე და სამოთხეში შესვლის პატივს ვეღირსო. ალლაჰის შუამავალო! განა შესაფერისად არ მიიჩნევ, რომ ალლაჰის გზაზე ვიბრძოლო, შეჰიდად დავეცე და ამ კოჭლი ფეხებით სამოთხეში ვისეირნო?“ სამყაროს სიამაყემ ბრძანა: „დიახ, შესაფერისად მივიჩნევ.“ ამით ძალიან გახარებული ამრ ბინ ჯემუჰი მოემზადა და ჯარს შეუერთდა.4
მედინაში ნამაზის იმამობისთვის აბდულლაჰ იბნი უმმუ მექთუმი დატოვეს.5
შუამავალთა სულთანმა სამი დროშა შეკრა. ერთი ჰუბაბ ბინ მუნზირს მისცა, მეორე – უსეიდ ბინ ჰუდაირს, მესამე კი – მუს’აბ ბინ უმეირს. დაახლოებით ათასკაციან ჯარში ორი ცხენოსანი და ასი ჯაჭვის პერანგიანი მეომარი იყო.6
პარასკევს, ნაშუადღევის (ასრი) ნამაზის შემდეგ, ჩვენი საყვარელი შუამავალი თექბირის ხმებში: „ალლაჰუ ექბერ!“ – თითქოს ბაირამზე მიდიოდა, ისე დაიძრა უჰუდისკენ. წინ ჯაჭვის პერანგებში გამოწყობილი ჰაზრეთი სა’დ ბინ უბადე და სა’დ ბინ მუ’აზი მიდიოდნენ, მარჯვნივ – მუჰაჯირები, მარცხნივ კი – ენსარები.
გზაში იუდეველებისგან შემდგარ ექვსასკაციან სამხედრო რაზმს გადაეყარნენ. ესენი მუნაფიყების (თვალთმაქცების) მეთაურის, აბდულლაჰ ბინ უბეიი ბინ სელულის, მოკავშირეები იყვნენ და ისლამის ჯარს შეერთება სურდათ. ჩვენმა შუამავალმა იკითხა: „ისინი მუსლიმები გახდნენ?“ უპასუხეს: „არა, ალლაჰის შუამავალო.“ მაშინ ბრძანა: „წადით და უთხარით, უკან დაბრუნდნენ, რადგან ჩვენ კერპთაყვანისმცემელთა წინააღმდეგ ურწმუნოთა დახმარებას არ ვითხოვთ.“ პატივდებული შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინასა და უჰუდს შორის მდებარე ადგილას, რომელსაც შეიჰაინი ერქვა, მივიდა. იქ ღამის გასათევად დაბანაკდნენ. მზე ჯერ არ ჩასულიყო. ჯარში იყვნენ ბავშვობის ასაკის საჰაბეებიც, რომლებსაც სურდათ, მტერს შებრძოლებოდნენ და შეჰიდის ხარისხს მიეღწიათ. როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა იქ ჯარი დაათვალიერა, დაინახა, რომ მათ შორის ჩვიდმეტამდე ბავშვი იყო.
მათ შორის რაფი’ ბინ ჰადიჯი ფეხის წვერებზე დგებოდა, რომ მაღალი გამოჩენილიყო. როცა ჰაზრეთი ზუჰეირმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! რაფი’ კარგად ისვრის ისარს“, ის ჯარში მიიღეს. ეს რომ დაინახა, სემურე ბინ ჯუნდუბმა თქვა: „მე ჭიდაობაში რაფი’ს დავამარცხებ. ამიტომ მეც მინდა ღაზვაში მონაწილეობა.“ ჩვენმა შუამავალმა გაიღიმა და ორივე აჭიდავა. როცა ჰაზრეთი სემურემ რაფი’ დაამარცხა, ისიც მუჯაჰიდებს შორის მიიღეს. დანარჩენი ბავშვები მედინაში გაგზავნეს, იქ დარჩენილთა დასაცავად.7
საღამოს (მაღრიბი) და ღამის (იშა) ნამაზების ეზანი ბილალ ჰაბეშიმ თავისი გულის ამაჩუყებელი ხმით წაიკითხა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, როცა ნამაზი იმამობით შეასრულა, მუჰამმედ ბინ მესლემე ორმოცდაათკაციანი რაზმის სათავეში ჩააყენა და უბრძანა, დილამდე ყარაულად მდგარიყვნენ. საჰაბეები მოსასვენებლად დაწვნენ. იმ ღამით ჩვენი შუამავლის სასთუმალთან ყარაულობის პატივი ჰაზრეთი ზექვანს ხვდა წილად.
ამასობაში მტრის ჯარმა შეიტყო, რომ ისლამის ჯარი შეიჰაინში მოსასვენებლად დაბანაკდა, და იქრიმეს მეთაურობით ცხენოსანთა ერთ რაზმს დაზვერვა დაავალა. იქრიმე, რომელიც ჯერ მუსლიმი არ იყო, თავისი რაზმით ისლამის ჯარს ჰარრედ წოდებულ ადგილამდე მიუახლოვდა, მაგრამ მუჯაჰიდთა ყარაულის შეეშინდა და უკან დაიხია. განთიადის შემდეგ სამყაროთა ბატონმა თავისი საჰაბეები გააღვიძა. უჰუდის მთასთან მივიდნენ. აქედან ორივე ჯარს ერთმანეთის დანახვა შეეძლო. ბილალ ჰაბეშიმ თავისი სულის ამაღელვებელი, გულის დამდნობი, ამაჩუყებელი ხმით დილის (სუბჰი) ნამაზის ეზანი წაიკითხა. შეიარაღებულმა მუჯაჰიდებმა ჩვენი საყვარელი შუამავლის უკან ნამაზი შეასრულეს და ვედრებები აღავლინეს. სამყაროს სულთანმა მეორე ჯაჭვის პერანგი ჩაიცვა, დალოცვილ თავზე კი მუზარადი დაიხურა.
ამ დროს მუნაფიყების მეთაურმა აბდულლაჰ ბინ უბეიიმ თქვა: „განა აქ იმისთვის მოვედით, რომ თავი დავახოცინოთ? ეს თავიდანვე რატომ ვერ გავიგეთ?“ და დაახლოებით 300 მუნაფიყთან ერთად ისლამის ჯარი მიატოვა და მედინაში დაბრუნდა.
ისინი, ვისაც სწამდა, ვინც ერთსულოვანი იყო, ამ გზაზე სიცოცხლე და თავი უყოყმანოდ დადო და შეჰიდობის ხარისხის მისაღწევად იწვოდა, დაახლოებით შვიდასნი იყვნენ. ყველამ სიტყვა მისცა, რომ ჩვენს საყვარელ შუამავალს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავდნენ.
შუამავალთა ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მუჯაჰიდები საბრძოლო წყობაში ჩააყენა. ჯარი ისე განალაგა, რომ ზურგით უჰუდის მთისკენ, პირით კი მედინისკენ იდგა.
„შუამავალი თავის ჩაცმულ ჯაჭვის პერანგს ბრძოლის გარეშე არ გაიხდის, ვიდრე უზენაესი ალლაჰი მასა და მის მტერს შორის არ განსჯის“ ჰადისი შერიფი
უჰუდის ღაზვა
მარჯვენა ფრთის სარდლად უქაშე ბინ მიჰსანი დანიშნა, მარცხენასი – ებუ სელემე ბინ აბდულესედი. სა’დ ბინ ები ვაყყასმა და ებუ უბეიდე ბინ ჯერრაჰმა წინ, მშვილდოსანთა რაზმების სათავეში დაიკავეს ადგილი. ჯაჭვის პერანგიან რაზმებს სათავეში ზუბეირ ბინ ავვამი ჩაუდგა, წინ მდგარ უჯავშნო რაზმებს კი – ჰაზრეთი ჰამზა. მიყდად ბინ ამრს უკანა რაზმების სათავეში დგომა დაევალა.
მხოლოდ ალლაჰისთვის უყვარდა ხალხი და მხოლოდ ალლაჰისთვის სძულდა,
თავისთვის არც მეგობარი ჰყავდა, არც მტერი ამ სიუხვის მადანს.
არასოდეს გადაუხარხარია, არც არასოდეს არავინ გაულანძღავს,
ტკბილსიტყვიერი და ღიმილიანი იყო ყოველ წამს ეს სიუხვის მადანი.
სირცხვილითა და ლმობიერებით იყო შემკული, წყალობითა და პატივით,
მისულ მთხოვნელს ცრემლიანს არ დატოვებდა ეს სიუხვის მადანი.
ისლამის ჯარის მარცხენა მხარეს აინეინის ბორცვი იყო. ამ ბორცვზე ვიწრო გადასასვლელი იყო. უკეთილშობილესმა შუამავალმა ამ გადასასვლელში აბდულლაჰ ბინ ჯუბეირის მეთაურობით ორმოცდაათი მშვილდოსანი ჩააყენა. მშვილდოსნებმა გადასასვლელში ადგილები დაიკავეს. ჩვენი საყვარელი შუამავალი მათთან მივიდა და ეს მკაცრი ბრძანება მისცა:
„ზურგიდან დაგვიცავით. ადგილზე იდექით და აქედან არამც და არამც არ მოშორდეთ. ისიც რომ ნახოთ, რომ მტერი დავამარცხეთ, სანამ არ შეგატყობინებთ, სანამ კაცს არ გამოგიგზავნით, ადგილებს არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ. ისიც რომ ნახოთ, რომ მტერი გვხოცავს და გვკლავს, ჩვენ დასახმარებლად ნუ მოხვალთ.
მათგან ჩვენს დაცვას ნუ შეეცდებით. როცა კი მტრის ცხენოსნები თქვენკენ დაიძვრებიან, ისრები დაუშინეთ, რადგან ცხენოსნები ნასროლი ისრების პირისპირ ვერ წამოვლენ. ჩემო ალლაჰო! შენ გიხმობ მოწმედ, რომ ეს მათ ვაუწყე!“ ეს ბრძანებები რამდენჯერმე რომ გაიმეორა, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „ისიც რომ ნახოთ, რომ ჩვენს გვამებს ფრინველები გლეჯენ, სანამ კაცს არ გამოგიგზავნით, ადგილიდან არავითარ შემთხვევაში არ დაიძრათ.8 ისიც რომ ნახოთ, რომ ურწმუნოები გავჟლიტეთ და ფეხქვეშ ვთელავთ, სანამ ამბავს არ გამოგიგზავნით, ადგილს არამც და არამც არ დატოვოთ!…“ შემდეგ იქიდან წავიდა და ჯარის სათავეში დადგა.
დროშა მუს’აბ ბინ უმეირს მისცა. ჰაზრეთი მუს’აბი ხელში დროშით ჩვენი შუამავლის წინ ჩადგა.9 ამ დროს ახლახან დაქორწინებული ჰაზრეთი ჰანზალა მედინიდან სასწრაფოდ უჰუდში მოვიდა და მუჯაჰიდთა მწკრივებს შეუერთდა.
კერპთაყვანისმცემელთა ჯარს, რომელიც უჰუდში სამი დღით ადრე მოვიდა, ებუ სუფიანი მეთაურობდა. ისინი ისე განლაგდნენ, რომ მედინა ზურგს უკან ჰქონდათ. მარჯვენა ფრთის ცხენოსნებს ჰალიდ ბინ ველიდს უნდა ემეთაურა, მარცხენა ფრთისას – იქრიმეს. გადმოცემით, საფვან ბინ უმეიიეც ცხენოსანთა რაზმების სათავეში იდგა. კერპთაყვანისმცემელთა დროშა ტალჰა ბინ ები ტალჰას ეჭირა.
ორ ჯარს შორის ძალთა თანაფარდობა ძალიან არათანაბარი იყო. ყურაიშის ჯარი რიცხვით, იარაღითა და აღჭურვილობით ისლამის ჯარს ოთხჯერ მეტადაც აღემატებოდა.
ყურაიშის ჯარში ხმაური და ყაყანი არ წყდებოდა; ქალები, რომლებსაც შურისძიების წყურვილისგან თვალთ დაბნელებოდათ, დაირებსა და დოლებს უკრავდნენ, სიმღერებით ჯარს ომისკენ აქეზებდნენ და კერპებს, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ, შეწევნას სთხოვდნენ.
მუჯაჰიდთა მხარეს კი ვედრებები აღევლინებოდა და თექბირები ისმოდა: „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!…“ ისლამის რჯულის დაცვისა და გავრცელებისთვის უზენაეს ალლაჰს შეწევნას სთხოვდნენ.
ჩვენი საყვარელი შუამავალი თავის გმირ საჰაბეებს ჯიჰადისკენ, უზენაესი ალლაჰის გზაზე ბრძოლისკენ მოუწოდებდა, უყვებოდა იმ სევაბებზე, რასაც ამ გზაზე მოიპოვებდნენ, და ეუბნებოდა: „ჩემო საჰაბეებო! ვინც რიცხვით მცირეა, მათთვის მტერთან ბრძოლა ძნელია. თუ ისინი სიმტკიცესა და გულმოდგინებას გამოიჩენენ, უზენაესი ალლაჰი მათ შვებას მიანიჭებს, რადგან უზენაესი ალლაჰი მათთანაა, ვინც მას ემორჩილება… ის ჯილდო ითხოვეთ, რაც უზენაესმა ალლაჰმა აღგითქვათ…“ უჰუდის ღაზვასთან დაკავშირებულ წმინდა აიათებშიც შინაარსით ნაბრძანებია: „(მორწმუნეებო!) მორჩილებდეთ უზენაეს ალლაჰს და მის შუამავალს (იმაში, რასაც გიბრძანებენ), ეგებ შეწყნარებულ იქნათ.
ესწრაფეთ თქვენი უფლისგან მიტევების თხოვნას და სამოთხეს, რომელიც უზენაესი ალლაჰის მოშიშთათვისაა გამზადებული და რომლის სივრცეც ცათა და ქვეყნის ოდენაა (ამისთვის თითქოს ერთმანეთს შეეჯიბრეთ). (ის ღვთისმოშიშები) თავიანთ ქონებას ალლაჰის გზაზე გასცემენ ლხინშიც და ჭირშიც. იოკებენ მრისხანებას და პატიობენ ადამიანებს. უზენაეს ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც იჰსანს (სიკეთეს) იქმს.“10
„აი, მათი საზღაური მიტევებაა მათი უფლისგან და სამოთხეები, სადაც ხეების ქვეშ მდინარეები მოედინება. ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან. რა მშვენიერია საზღაური იმათი, ვინც ასე იქცევა, ვინც უზენაეს ალლაჰსა და მის შუამავალს ემორჩილება!“11
„ისიც რომ ნახოთ, რომ ურწმუნოები გავჟლიტეთ და ფეხქვეშ ვთელავთ, სანამ ამბავს არ გამოგიგზავნით, ადგილს არამც და არამც არ დატოვოთ!…“ ჰადისი შერიფი
საჰაბეები, რომელთა გულები რწმენით იყო სავსე, რომელთა თვალებიდანაც გამბედაობის ნაპერწკლები ცვიოდა და რომლებიც შეჰიდობის სურვილით იწვოდნენ, ადგილზე ვეღარ ჩერდებოდნენ და ბრძანებას ელოდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მტერს ეცნენ. ბედრის ღაზვის მსგავსად, ჰაზრეთი ალიმ თავზე თეთრი ჩალმა შემოიხვია, ზუბეირ ბინ ავვამმა – ყვითელი, ებუ დუჯანემ კი – წითელი. ჰაზრეთი ჰამზამაც სირაქლემას ბუმბულისგან გაკეთებული ჯიღა დაიმაგრა. ორი ჯარი ერთმანეთს სულ ახლოს მიუახლოვდა. დაძაბულობამ უკიდურეს წერტილს მიაღწია.
ცოტა ხანში დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღებულიყო ისლამის მუჯაჰიდებს, რომლებიც უზენაესი ალლაჰის რჯულის გასავრცელებლად უახლოეს ნათესავებთან ბრძოლასაც არ ერიდებოდნენ, და ისლამის მტრებს შორის, რომლებიც თავიანთ ცრუ გზაზე ჯიუტად იდგნენ.
როცა ისრის სატყორცნ მანძილზე მიუახლოვდნენ, მტრის მწკრივებიდან ერთმა ჯაჭვის პერანგიანმა კერპთაყვანისმცემელმა აქლემი წინ გამოაგდო და მუჯაჰიდებისგან ორთაბრძოლისთვის მეტოქე მოითხოვა. ეგონა, რომ ყველას მისი ეშინოდა, და თავისი მოთხოვნა სამჯერ გაიმეორა. მაშინ ისლამის ჯარიდან გამოჩნდა ერთი ტანმაღალი, ყვითელჩალმიანი გმირი მუჯაჰიდი, რომელიც ფეხით მიდიოდა ბრძოლის ველისკენ. ეს იყო ჩვენი შუამავლის მამიდაშვილი, ზუბეირ ბინ ავვამი (რადიალლაჰუ ანჰ). ისლამის ჯარიდან „ალლაჰუ ექბერ!…“ ძახილი ისმოდა და ჰაზრეთი ზუბეირის გამარჯვებისთვის ვედრებას აღავლენდნენ. ჩანდა, როგორ შეხტა ზუბეირ ბინ ავვამი კერპთაყვანისმცემლის აქლემზე, როგორც კი მას მიუახლოვდა. აქლემზე საშინელი ჭიდილი გაჩაღდა. ამ დროს ისმოდა, როგორ ბრძანა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა: „მიწაზე ჩამოაგდე!“ ჰაზრეთი ზუბეირმა ეს ბრძანება მიიღო თუ არა, მეტოქე ძირს გადააგდო. შემდეგ თვითონაც ჩამოხტა და ხმალი კისერში დაჰკრა. კერპთაყვანისმცემლის მუზარადიანი თავი ჯაჭვის პერანგიან ტანს მოსწყდა. ჩვენმა შუამავალმა ჰაზრეთი ზუბეირისთვის ვედრება აღავლინა.
შემდეგ კერპთაყვანისმცემელთა მედროშე ტალჰა ბინ ები ტალჰა ბრძოლის ველზე გამოიჭრა და დაიყვირა: „თქვენ შორის არის ვინმე, ვინც ჩემ წინააღმდეგ გამოვა?“ მის წინ უზენაესი ალლაჰის ლომი, ჰაზრეთი ალი, გამოვიდა. ერთი დარტყმით თავიდან ფეხებამდე ჯაჭვის პერანგებში გახვეულ კერპთაყვანისმცემელთა მედროშეს თავი ნიკაპამდე გაუპო. ეს რომ დაინახა, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა თექბირი წარმოთქვა: „ალლაჰუ ექბერ!… ალლაჰუ ექბერ!…“ როცა მას საჰაბეებიც შეუერთდნენ, თექბირის ხმებმა მიწა და ცა შეაზანზარა.12
როცა ტალჰას ძმამ, ოსმან ბინ ები ტალჰამ, დაინახა, რომ კერპთაყვანისმცემელთა დროშა მიწაზე დაეცა, ბრძოლის ველზე გამოიქცა. მათი დროშა აიღო და მეტოქე მოითხოვა. მის წინ ჰაზრეთი ჰამზა გამოვიდა. „ალლაჰო!“ – დაიძახა და ოსმანს მხარში ისეთი ძალით ჩასცა ხმალი, რომ კერპთაყვანისმცემელი, რომელსაც დროშის მჭერი მკლავი მოეკვეთა, მიწაზე დაეცა და სული განუტევა.13
ამჯერად, როცა ებუ სა’დ ბინ ები ტალჰამ დაინახა, რომ კერპთაყვანისმცემელთა დროშა კვლავ მიწაზე დაეცა, ფეხით გამოვიდა ბრძოლის ველზე. ისიც თავიდან ფეხებამდე ჯაჭვის პერანგში იყო. ურწმუნოების (ქუფრის) დროშა მიწიდან აიღო, ისლამის ჯარისკენ შებრუნდა და ყვირილი დაიწყო: „მე ყუსემის მამა ვარ. ჩემ წინააღმდეგ ვინ გამოვა?“ ჩვენმა შუამავალმა მის წინააღმდეგაც ჰაზრეთი ალი გაგზავნა. როცა ჰაზრეთი ალიმ ეს კერპთაყვანისმცემელიც მოკლა და მათი დროშა მიწაზე დააგდო, მუჯაჰიდთა მწკრივებში დაიკავა ადგილი.
ამის შემდეგ ბევრი კერპთაყვანისმცემელი რიგრიგობით გამოდიოდა ბრძოლის ველზე, დაცემულ დროშას იღებდა და მუჯაჰიდებისგან მეტოქეს ითხოვდა. მაგრამ ყოველ ჯერზე უზენაესი ალლაჰის ნებით გმირი საჰაბეები იმარჯვებდნენ. ყოველ ჯერზე, როცა მედროშეს კლავდნენ, ისლამის ჯარიდან თექბირის ხმები ისმოდა, მტრის მწკრივებს კი დიდი მწუხარება და სასოწარკვეთა ეუფლებოდა. კერპთაყვანისმცემელი ქალებიც კი, რომელთა ყაყანი ცას სწვდებოდა, ერთი მხრივ, საკუთარ ჯარისკაცებს შეურაცხყოფდნენ: „ვაი თქვენ!…“, მეორე მხრივ კი ბრძოლისკენ აქეზებდნენ: „კიდევ რას უცდით?…“
ამ ხმალს ჯეროვანს ვინ მიაგებს?
ერთ მძაფრ წუთს, როცა უკვე ვერც ერთი მხარე ვეღარ ჩერდებოდა ადგილზე, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ხელში დაჭერილი ხმალი აჩვენა. მასზე ეს ბეითი ეწერა:
სიმხდალეში სირცხვილია, წინსვლაში – პატივი და დიდება.
შიშით კაცი ბედისწერას (ყადერს) ვერ გაექცევა.
და ისმოდა, როგორ ბრძანებდა: „ამ ხმალს ჩემგან ვინ აიღებს?“ ეს რომ გაიგეს, ბევრმა საჰაბემ ერთბაშად გაიწოდა ხელი მის ასაღებად. როცა ჩვენმა შუამავალმა კვლავ ბრძანა: „ვინ აიღებს, რომ მას ჯეროვანი მიაგოს?“, საჰაბეები გაჩუმდნენ და უკან დაიხიეს. მათგან, ვინც ხმალს მხურვალედ ითხოვდა, ზუბეირ ბინ ავვამმა თქვა: „მე ავიღებ, ალლაჰის შუამავალო.“ ჩვენმა შუამავალმა ხმალი ჰაზრეთი ზუბეირს არ მისცა. ჩვენმა შუამავალმა არც ებუ ბექირის, ომერისა და ალის (რადიალლაჰუ ანჰუმ) თხოვნა მიიღო.
ებუ დუჯანემ ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! რა ეკუთვნის ამ ხმალს?“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „მას ის ეკუთვნის, რომ მტერს ურტყა, ვიდრე არ მოიღუნება და არ მოიკაკვება. მას ის ეკუთვნის, რომ მისით მუსლიმი არ მოკლა და მისით ურწმუნოებს არ გაექცე. რომ მისით ალლაჰის გზაზე იბრძოლო, ვიდრე უზენაესი ალლაჰი გამარჯვებას ან შეჰიდობას არ გიბოძებს.“ მაშინ ებუ დუჯანემ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! მე მას ვიღებ, რომ ჯეროვანი მივაგო.“ ჩვენმა შუამავალმა ხელში დაჭერილი ხმალი მას გადასცა.14
ებუ დუჯანე (რადიალლაჰუ ანჰ) ბრძოლის ველზე რამდენადაც გამბედავი და გმირი იყო, იმდენად მოხერხებულიც, და ჰადისი შერიფს „ომი ხრიკია“15 ზედმიწევნით იცავდა. როცა ჰაზრეთი ებუ დუჯანემ ხმალი აიღო, ბრძოლის ველისკენ ამაყად, ღირსეულად და ქედმაღლურად, ბეითების კითხვით გაემართა. ტანზე პერანგისა და თავზე წითელი ჩალმის გარდა არაფერი ეცვა.
ჰაზრეთი ებუ დუჯანეს ეს სიარული საჰაბეებს ძალიან არ მოეწონათ. მაშინ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ეს ისეთი სიარულია, რომელიც ამგვარი ადგილების (ბრძოლის ველების) გარეთ უზენაესი ალლაჰის რისხვას იწვევს“, – და ამით აუწყა, რომ ქედმაღლური სიარული მხოლოდ მტრის წინაშეა ნებადართული.
ჰალიდ ბინ ველიდმა მეტი მოცდა ვეღარ შეძლო და კერპთაყვანისმცემელთა მწკრივებიდან თავისი მეთაურობის ქვეშ მყოფი რაზმებით შეტევაზე გადავიდა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმაც შეტევის ბრძანება მისცა საჰაბეებს, რომლებიც ადგილზე ვეღარ ჩერდებოდნენ. წამში „ალლაჰუ ექბერ!“ ძახილმა ბრძოლის ველი აავსო. სულ წინ, უჯავშნო რაზმების სათავეში, ჰაზრეთი ჰამზამ ხელში დაჭერილი ხმლებით ყველა შემხვედრ ურწმუნოს კაფვა დაუწყო. ჰალიდ ბინ ველიდის რაზმები, რომლებიც დიდი გააფთრებით მოდიოდნენ, მაშინვე უკუაგდეს. მაშინ ჰალიდ ბინ ველიდმა, რომ მთის გადასასვლელიდან ზურგიდან დაერტყა, ფართო რკალი შემოხაზა და აინეინის ბორცვს მიადგა. მაგრამ ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ჯუბეირმა და მისი მეთაურობის ქვეშ მყოფმა ორმოცდაათმა ვაჟკაცმა ისრების წვიმით უკუაგდეს ისინი.
ბრძოლა უკვე გაჩაღდა. ორივე მხარე მთელი ძალით იბრძოდა. ყოველი საჰაბე წინ წაწევას ცდილობდა და ამასობაში სულ ცოტა ოთხ კერპთაყვანისმცემელს ებრძოდა.
„ჩემო საჰაბეებო! ვინც რიცხვით მცირეა, მათთვის მტერთან ბრძოლა ძნელია. თუ ისინი სიმტკიცესა და გულმოდგინებას გამოიჩენენ, უზენაესი ალლაჰი მათ შვებას მიანიჭებს“ ჰადისი შერიფი
ჰაზრეთი ჰამზა, ერთი მხრივ, იძახდა: „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“, მეორე მხრივ კი ამბობდა: „მე უზენაესი ალლაჰის ლომი ვარ!“, მტერს ამსხვრევდა და წინ მიიწევდა. საფვან ბინ უმეიიე გარშემომყოფებს ეუბნებოდა: „სადაა ჰამზა? მაჩვენეთ“, – და ბრძოლის ველს ათვალიერებდა. უცებ თვალი მოჰკრა ერთ კაცს, რომელიც ორი ხმლით იბრძოდა, და იკითხა: „ვინ არის ეს მებრძოლი?“ გარშემომყოფებმა უთხრეს: „ის, ვისაც ეძებ! ჰამზა!“ საფვანმა თქვა: „დღემდე მისნაირი გააფთრებული და უშიშარი კაცი არ მინახავს, რომელიც საკუთარი ტომის დასახოცად ასე ეკვეთებოდეს.“
როცა ბრძოლა სულ გაჩაღდა, მუჰაჯირთაგან ზუბეირ ბინ ავვამმა, რომელსაც გული სწყდებოდა, რომ ხმალი მას არ მისცეს, თავისთვის თქვა: „ხმალი ალლაჰის შუამავალს ვთხოვე, მაგრამ მან ებუ დუჯანეს მისცა. მე კი მისი მამიდის, საფიიეს, ვაჟი ვარ. თანაც ყურაიშელი ვარ. თანაც პირველმა მე ვთხოვე. წავალ და ვნახავ, ებუ დუჯანე ჩემზე მეტს რას გააკეთებს?“ შემდეგ ებუ დუჯანეს თვალყურის დევნება დაიწყო. ჰაზრეთი ებუ დუჯანე „ალლაჰუ ექბერ!“ ძახილით თექბირს ამბობდა და კერპთაყვანისმცემელთაგან ვისაც შეხვდებოდა, დაჰკრავდა და კლავდა. კერპთაყვანისმცემელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გააფთრებული, ტანადი კაცი, რომელიც მთლიანად ჯაჭვის პერანგებით იყო დაფარული და მხოლოდ თვალები უჩანდა, ებუ დუჯანეს შეხვდა. ჯერ თვითონ შეუტია ჰაზრეთი ებუ დუჯანეს. ებუ დუჯანემ მისი დარტყმისგან ფარით დაიცვა თავი. კერპთაყვანისმცემლის ხმალი ებუ დუჯანეს ფარში ჩაერჭო. ხმალს ექაჩებოდა, მაგრამ ვერ ამოაძრო. ახლა ებუ დუჯანეს ჯერი დადგა. ხმლის ერთი დარტყმით მოკლა მეტოქე.
შემდეგ ებუ დუჯანემ, რომელიც ყოველ შემხვედრ ურწმუნოს ძირს ანარცხებდა, მთის ძირამდე, იმ ქალებამდე მიაღწია, რომლებიც დაირებით კერპთაყვანისმცემლებს აქეზებდნენ. თუმცა ხმალი უკვე აღმართული ჰქონდა, ებუ სუფიანის ცოლის, ჰინდის, მოკვლაზე უარი თქვა.16 ეს რომ დაინახა, ზუბეირ ბინ ავვამმა თავისთვის თქვა: „ალლაჰმა და მისმა შუამავალმა ჩემზე უკეთ იციან, ვისთვის უნდა მიეცათ ხმალი.“ და დაამატა: „ალლაჰს ვფიცავ, მასზე უკეთ მებრძოლი და დამრტყმელი კაცი არ მინახავს.“
მიყდად ბინ ესვედი, ზუბეირ ბინ ავვამი, ჰაზრეთი ალი, ჰაზრეთი ომერი, ტალჰა ბინ უბეიდულლაჰი და მუს’აბ ბინ უმეირი – ყველანი აუღებელ ციხე-სიმაგრეს ჰგავდნენ. როცა სახელოვანმა საჰაბეებმა დაინახეს, რომ ჩვენი შუამავალი მტერთან სულ ახლოს იბრძოდა და ისევ და ისევ უტევდა, ადგილზე ვეღარ ჩერდებოდნენ. ეშინოდათ, ალლაჰის შუამავალს რაიმე ზიანი არ მისდგომოდა, ამიტომ მის გარშემო იკრიბებოდნენ და ჯაჭვის პერანგებში გახვეულ მტერს სულის მოთქმას არ აცლიდნენ. ამ დროს დაინახეს, რომ ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ამრი შეჰიდად დაეცა. ის იყო უჰუდის პირველი შეჰიდი. მისმა ამხანაგებმა, როცა მისი შეჰიდად დაცემა დაინახეს, ლომებად იქცნენ და უზენაესი ალლაჰის კმაყოფილებისთვის მტრის შუაგულში შეიჭრნენ.
ერთ წუთს, როცა ბრძოლა ძალიან გაცხარდა, ვაჟკაცობის სიმბოლო ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ჯაჰში და მშვილდოსანთა ოსტატი ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასი ერთმანეთს შეხვდნენ. ორივე სხვადასხვა ადგილას იყო დაჭრილი. ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასი გვიამბობს: „უჰუდში ბრძოლის ერთი მძაფრი წუთი იყო. უცებ აბდულლაჰ ბინ ჯაჰში მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა და ერთი კლდის ძირში გამიყვანა. მითხრა: ‚ახლა აქ შენ ივედრე, მე ამინს ვიტყვი. მერე მე ვივედრებ, შენ თქვი ამინ!‘ ვუთხარი: ‚კარგი.‘ ასე ვივედრე: ‚ჩემო ალლაჰო! ძალიან ძლიერი და მძლავრი მტრები მომივლინე. მათ დაუნდობლად შევებრძოლო. ყველა დავხოცო. ღაზიდ (გამარჯვებულად) დავბრუნდე.‘ ჩემს ამ ვედრებაზე მთელი გულით თქვა: ‚ამინ.‘
შემდეგ თვითონ დაიწყო ვედრება: ‚ჩემო ალლაჰო! მძლავრი მტრები მომივლინე, მათ დაუნდობლად შევებრძოლო. ჯიჰადს ჯეროვანი მივაგო. ყველა დავხოცო. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა შეჰიდად მაქციოს. მერე ტუჩები, ცხვირი და ყურები მომჭრას. სისხლში მოსვრილი წარვდგე შენს წინაშე. როცა შენ მკითხავ: „აბდულლაჰ! ტუჩები, ცხვირი და ყურები რა უყავი?“, ვთქვა: „ჩემო ალლაჰო! მათით ბევრი შეცდომა ჩავიდინე, ისე არ ვიყენებდი, როგორც საჭირო იყო. შენს წინაშე მათი მოტანა შემრცხვა. ბრძოლაში, სადაც ჩემი საყვარელი შუამავალი იყო, მტვერსა და მიწაში ამოვისვარე და ასე მოვედი.“‘ ჩემს გულს არ სურდა ასეთ ვედრებაზე ამინის თქმა. მაგრამ რადგან მას სურდა და მე წინასწარ სიტყვა მივეცი, უნებლიეთ ვთქვი: ‚ამინ.‘
შემდეგ ხმლები ვიშიშვლეთ და ბრძოლა განვაგრძეთ. ორივე ვკლავდით ყველას, ვინც წინ შეგვხვდებოდა. ის უზომო ვაჟკაცობით უტევდა და მტრის მწკრივებს ფანტავდა. ისევ და ისევ ურტყამდა მტერს და შეჰიდობის დაუშრეტელი სურვილით კვლავ უტევდა. როცა ‚ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!…‘ ძახილით იბრძოდა, ხმალი გადაუტყდა. იმ წამს ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ფინიკის პალმის ტოტი გაუწოდა და ბრძოლის გაგრძელება უბრძანა. ეს ტოტი სასწაულად ხმლად იქცა და ის ყველას ებრძოდა, ვინც წინ შეხვდებოდა. მრავალი მტერი მოკლა. ბრძოლის დასასრულისკენ ერთი კერპთაყვანისმცემლის, სახელად ებულ ჰაქემის, ნასროლი ისრებით სასურველ შეჰიდობას ეწია. როცა შეჰიდად დაეცა, ურწმუნოები მის გვამს დაესხნენ და ცხვირი, ტუჩები და ყურები მოაჭრეს. მთლიანად სისხლით იყო შეღებილი.“
მუჯაჰიდთა მწკრივებში იყო ერთი კაცი, სახელად ყაზმანი. მან ხმლის ქარქაში გადატეხა, თქვა: „სიკვდილი გაქცევას სჯობს!“ და შიშველი ხმლით კერპთაყვანისმცემელთა შორის შეიჭრა. ყაზმანმა დიდი ვაჟკაცობა და გმირობა გამოიჩინა. მარტომ შვიდი-რვა ურწმუნო მოკლა. ბოლოს დაჭრილი მიწაზე დაეცა. როცა საჰაბეებმა, რომლებიც მისმა გმირობამ გააოცა, ეს ჩვენს შუამავალს აუწყეს, ბრძანა: „ის ჯოჯოხეთის ხალხთაგანია.“ ჰაზრეთი ყათადე ბინ ნუ’მანი ყაზმანთან მივიდა და უთხრა: „ყაზმან! შეჰიდობა დალოცვილი იყოს შენთვის!“, ყაზმანმა კი უპასუხა: „მე რჯულის გულისთვის კი არ ვიბრძოდი, არამედ იმისთვის, რომ ყურაიშელები მედინაში არ მოსულიყვნენ და ჩემი ფინიკის ბაღი არ გაენადგურებინათ!“ შემდეგ ისრით მაჯის ძარღვები გაიხსნა და თავი მოიკლა. ამგვარად გასაგები გახდა ჩვენი შუამავლის სიტყვების სიბრძნე: „ის ჯოჯოხეთის ხალხთაგანია!“
ბრძოლის დასაწყისიდან ყველა საჰაბე, უპირველესად კი სამყაროთა ბატონი, ჩვენი საყვარელი შუამავალი, დიდ ბრძოლას ეწეოდა. ძლიერი შეტევებით კერპთაყვანისმცემელთა ჯარი უკუაგდეს. კერპთაყვანისმცემელთა ბრბო ქვისა და ხისგან გაკეთებულ კერპებს, რომლებსაც „ლათ! უზზა! ჰუბელ!“ ძახილით თაყვანს სცემდა, სარგებელსა და შეწევნას სთხოვდა; ახლა კი მუჯაჰიდთა ამ გმირობის წინაშე აირია და გაქცევა დაიწყო. ქალები, რომლებიც მათ ომისკენ წასაქეზებლად მოვიდნენ, ყვირილ-ვაებით მორბენალ ჯარისკაცებს ეწეოდნენ.
როცა ყურაიშელმა კერპთაყვანისმცემლებმა ბრძოლის ველი მიატოვეს, თან მოტანილი ქონება დაყარეს და მექქისკენ გაქცევა დაიწყეს, ისლამის ჯარისკაცებმა გაიხარეს და უზენაეს ალლაჰს ქება-დიდება შესწირეს იმისთვის, რომ მის მიერ აღთქმულ გამარჯვებას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვითა და ძალით რამდენჯერმე აღემატებოდნენ, კერპთაყვანისმცემლები მუსლიმთა წინაშე სასტიკად დამარცხდნენ. როცა ერთმანეთს თელავდნენ და გარბოდნენ, სახელოვანი საჰაბეები მათ მისდევდნენ და ვისაც დაეწეოდნენ, კლავდნენ. ამ აურზაურში ახლახან დაქორწინებული ჰაზრეთი ჰანზალა ბინ ები ამირი კერპთაყვანისმცემელთა ჯარის მთავარსარდალს, ებუ სუფიანს, დაეწია, რომელიც ცხენით გაქცევას ცდილობდა. ცხენს ფეხებში ხმალი დაჰკრა და მიწაზე დასცა. მიწაზე დაცემულმა ებუ სუფიანმა მთელი ხმით დაიწყო ყვირილი: „ყურაიშელებო!… მიშველეთ!… მე ებუ სუფიანი ვარ! ჰანზალას ხმლით ჩემი აკუწვა უნდა!…“ კერპთაყვანისმცემლები, რომლებიც მასთან ერთად გაქცევას ცდილობდნენ, ამას ხედავდნენ, მაგრამ მხოლოდ თავიანთ სიცოცხლეზე ფიქრობდნენ და მეთაურს ყურადღებას არ აქცევდნენ.
„ომი ხრიკია“ ჰადისი შერიფი
მაგრამ იმ წამს ჰაზრეთი ჰანზალას უკან მდგომმა კერპთაყვანისმცემელმა შედდად ბინ ესვედმა ჰანზალას ზურგში შუბი ჩასცა. ჰაზრეთი ჰანზალას „ალლაჰუ ექბერ!“ ძახილით კიდევ ერთხელ წინ გაჭრა სურდა, მაგრამ მიწაზე დაეცა შეჰიდად და მისი დალოცვილი სული სამოთხეში აფრინდა. უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: „ვიხილე, როგორ ბანდნენ ანგელოზები ცასა და მიწას შორის ჰანზალას წვიმის წყლით ვერცხლის ლანგარში.“ ებუ უსეიდმა უამბო: „როცა ალლაჰის შუამავლის ეს სიტყვები გავიგე, ჰანზალასთან მივედი. თავიდან წვიმის წყალი ჩამოსდიოდა. დავბრუნდი და ეს უკეთილშობილეს შუამავალს ვაუწყე.“ ჰაზრეთი ჰანზალას „ღასილულ-მელაიქე“, ანუ ის, ვინც ანგელოზებმა განბანეს, უწოდეს.17
როცა აინეინის გადასასვლელში მდგარმა ზოგიერთმა მშვილდოსანმა დაინახა, რომ კერპთაყვანისმცემლები გარბოდნენ, იფიქრეს, რომ ბრძოლა დამთავრდა, და თავიანთი ადგილები მიატოვეს. მათი მეთაური აბდულლაჰ ბინ ჯუბეირი და თორმეტი კაცი თავიანთ ადგილებზე დარჩნენ.18
ჰაზრეთი ალის გმირობა
ამ დროს ყურაიშელ მშვილდოსანთა რაზმის მეთაურმა ჰალიდ ბინ ველიდმა, რომელიც ფხიზლად ელოდა და ყოველი შემთხვევის გამოყენებას ცდილობდა, დაინახა, რომ გადასასვლელში მუჯაჰიდები შემცირდნენ, და თავისი მეთაურობის ქვეშ მყოფი ცხენოსნები დაძრა.
ჰალიდი და იქრიმე ბინ ები ჯეჰლი წამში აინეინის გადასასვლელთან გაჩნდნენ. ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ჯუბეირი და მისი ერთგული, თავდადებული ამხანაგები მწკრივად დადგნენ და გაიშალნენ. ვიდრე კაპარჭებში ისრები არ გაუთავდათ, მტერს ისრებს აწვიმდნენ. შემდეგ შუბებით იბრძოდნენ, ხოლო როცა პირისპირ შეეჯახნენ, „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“ ძახილით ხმლებით დიდი გმირობა გამოიჩინეს. მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის ძალიან უთანასწორო თანაფარდობა იყო: ერთი ოცდახუთზე. სახელოვანი საჰაბეები თავიანთი შუამავლის ბრძანების შესასრულებლად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. ერთიმეორის მიყოლებით შესვეს შეჰიდობის შერბეთი, მათი დალოცვილი სხეულები მიწაზე დაეცა, სულები კი სამოთხეში აფრინდნენ (რადიალლაჰუ ანჰუმ).
კერპთაყვანისმცემლებმა სიძულვილის გამო ჰაზრეთი აბდულლაჰს ტანსაცმელი გახადეს და დალოცვილი სხეული შუბებით დაუფლითეს. მუცელი გაუპეს და შიგნეული გამოუღეს.
როცა ჰალიდ ბინ ველიდმა და იქრიმემ გადასასვლელში მდგარი მუჯაჰიდები შეჰიდებად აქციეს, ისლამის ჯარს სწრაფად ზურგიდან დაესხნენ. საჰაბეებმა, როცა ზურგს უკან უცებ გაჩენილი მტერი დაინახეს, თავის მოყრა ვერ მოასწრეს, რადგან ბევრ მათგანს იარაღიც კი ძირს დაეყარა. ყველაფერი უცებ შეიცვალა. წინ გაქცეულმა ყურაიშელმა კერპთაყვანისმცემლებმა, როცა დაინახეს, რომ ჰალიდ ბინ ველიდი ზურგიდან შეტევაზე გადავიდა, კვლავ უკან მობრუნდნენ. მუჯაჰიდები ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდნენ. მტერმა წინიდანაც და ზურგიდანაც შეუტია და მუჯაჰიდების შევიწროება დაიწყო. საჰაბეებს შორის კავშირი გაწყდა. იძულებული გახდნენ, დაფანტულიყვნენ.19
ჰაზრეთი ალიმ ასე უამბო: „კერპთაყვანისმცემელთა ერთ რაზმს, რომელშიც იქრიმე ბინ ები ჯეჰლიც იყო, შუაგულში შევეჭერი. გარს შემომერტყნენ, მათი უმეტესობა ხმლით ავკაფე. სხვა რაზმში შევიჭერი და იქიდანაც ბევრი გამოვიყვანე მწყობრიდან. რადგან აჯალი (სიკვდილის ჟამი) ჯერ არ მომსვლოდა, არაფერი დამმართნია. ერთ წამს ალლაჰის შუამავალი ვეღარ დავინახე. თავისთვის ვთქვი: ‚ვფიცავ, ის ისეთი კაცი არ არის, ბრძოლის ველი მიატოვოს და წავიდეს. ალბათ უზენაესმა ალლაჰმა ჩვენი უკადრისი საქციელის გამო ის ჩვენგან წაიყვანა და აიყვანა! ახლა ჩემთვის ბრძოლაში სიკვდილის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა‘, – და ჩემი ხმლის ქარქაში გადავტეხე. როცა კერპთაყვანისმცემლებს შევუტიე და დავფანტე, დავინახე, რომ ალლაჰის შუამავალი მათ შორის იყო დარჩენილი. მაშინ მივხვდი, რომ ალლაჰის შუამავალს უზენაესი ალლაჰი თავისი ანგელოზებით იცავდა.“
მტრის ჯარისკაცები უკეთილშობილეს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სულ ახლოს მიუახლოვდნენ. ვითარება ძალიან სახიფათო იყო. ჩვენი საყვარელი შუამავალი ციცაბო მთასავით იდგა, მტკიცედ იყო და ადგილიდან არ იძვროდა. ერთი მხრივ, მტერს ებრძოდა, მეორე მხრივ კი თავისი დაფანტული საჰაბეების შეკრებას ცდილობდა და ამბობდა: „ჰეი, ესა და ეს, ჩემკენ მოდი! ჰეი, ესა და ეს, ჩემკენ მოდი! მე ალლაჰის შუამავალი ვარ.
ვინც ჩემთან დაბრუნდება, მისთვის სამოთხეა!“ ჰაზრეთი ებუ ბექირი, ჰაზრეთი ომერი, აბდურრაჰმან ბინ ავფი, ტალჰა ბინ უბეიდულლაჰი, ალი ბინ ები ტალიბი, ზუბეირ ბინ ავვამი, ებუ დუჯანე, ებუ უბეიდე ბინ ჯერრაჰი, სა’დ ბინ მუ’აზი, სა’დ ბინ ები ვაყყასი, ჰუბაბ ბინ მუნზირი, უსეიდ ბინ ჰუდაირი, სეჰლ ბინ ჰანიფი, ასიმ ბინ საბითი და ჰარის ბინ სიმმე (რადიალლაჰუ ანჰუმ) წამში რგოლად შემოეხვივნენ ჩვენს საყვარელ შუამავალს და მის დასაცავად ციხის ცოცხალი კედელი აღმართეს.
ამ დროს ისმოდა ჰაზრეთი აბბას ბინ უბადეს ხმა, რომელიც დაფანტული საჰაბეების შესაკრებად ყვიროდა: „ჩემო ძმებო! ეს უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა, ჩვენი შუამავლის ბრძანების შეუსრულებლობის შედეგია. ნუ იფანტებით! ჩვენი შუამავლის გარშემო მოდით! თუ დამცველთა გვერდით ადგილს არ დავიკავებთ და ალლაჰის შუამავლისთვის ზიანის მიყენების მიზეზი გავხდებით, ჩვენი უფლის წინაშე თავის გასამართლებელი აღარაფერი დაგვრჩება!“ ჰაზრეთი აბბას ბინ უბადე, ჰარიჯე ბინ ზეიდთან და ევს ბინ ერყამთან ერთად, „ალლაჰუ ექბერ!“ ძახილით შიშველი ხმლით მტრის შუაგულში შეიჭრა. ალლაჰის შუამავლის გზაზე, მის დასაცავად, გმირულად იბრძოდნენ. ჰარიჯე ბინ ზეიდი ცხრამეტ ადგილას იყო დაჭრილი. დანარჩენ ორს ჭრილობები არანაკლები ჰქონდა. და სამივემ მიაღწია შეჰიდობის ხარისხს, რომელსაც ასე ნატრობდნენ.
ამ ძალიან სახიფათო წუთს საჰაბეებმა ნელ-ნელა დაიწყეს ჩვენი შუამავლის გარშემო შეკრება. კერპთაყვანისმცემლებმა ჩვენი საყვარელი შუამავალი და მისი სახელოვანი საჰაბეები, რომლებიც მას სხეულებით იფარავდნენ, ალყაში მოაქციეს. ყოველი მხრიდან რაზმებად მოიწევდნენ და რკალს ავიწროებდნენ. როცა სამყაროთა ბატონმა დაინახა, რომ ყურაიშელთა ერთი ჯგუფი წინ გამოიჭრა, გვერდით მყოფ საჰაბეებს, რომლებიც სიცოცხლის გაწირვისთვის მზად იყვნენ, უთხრა: „ამ რაზმს ვინ დაუხვდება?“, და დაინახეს, როგორ გამოიჭრა წინ ჰაზრეთი ვეჰბ ბინ ქაბუსი სიტყვებით: „ჩემი სული შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! მე დავუხვდები!“ ეს გმირი, რომელსაც უზენაესი ალლაჰის დიდებული სახელი ენიდან არ შორდებოდა, შიშველი ხმლით კერპთაყვანისმცემელთა შორის შეიჭრა. ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „სამოთხეს გახარებ.“ ხოლო როცა დაინახა სიმტკიცე და გულმოდგინება, რომელსაც მტრის წინაშე იჩენდა, ბრძანა: „ჩემო ალლაჰო! შეიწყალე იგი! შეიბრალე იგი!“
როცა სა’დ ბინ ები ვაყყასმა დაინახა, რომ კერპთაყვანისმცემლებმა ჰაზრეთი ვეჰბი შუაში მოიმწყვდიეს და შუბით შეჰიდად აქციეს, მის დასახმარებლად წინ გამოიჭრა, მტრის შუაგულში შევიდა და არნახული გმირობა გამოიჩინა. ბევრი ურწმუნო გამოიყვანა მწყობრიდან, დანარჩენები უკუაგდო და თავის საყვარელ შუამავალთან დაბრუნდა. უკეთილშობილესმა შუამავალმა ჰაზრეთი ვეჰბის შესახებ ბრძანა: „მე შენით კმაყოფილი ვარ. უზენაესი ალლაჰიც იყოს კმაყოფილი!“ როცა უკეთილშობილესმა ჰაბიბმა დაინახა, რომ კერპთაყვანისმცემელთა ერთმა ჯგუფმა მუჯაჰიდთა რკალი გაარღვია და მისკენ მოიწევდა, ჰაზრეთი ალის უთხრა: „შეუტიე მათ!“ ჰაზრეთი ალიმ შეუტია, ამრ ბინ აბდულლაჰი მოკლა და დანარჩენები გააქცია. როცა ხმალი გადაუტყდა, ჩვენმა შუამავალმა მას ზულფიყარი მისცა. როცა სხვა ჯგუფი მოდიოდა, ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ალი! ამათი ბოროტება ჩემგან მოიცილე!“ უზენაესი ალლაჰის ლომი, რომელმაც სიცოცხლე ალლაჰის შუამავალს შესწირა, მაშინვე შეტევაზე გადავიდა. შეიბე ბინ მალიქი მოკლა, დანარჩენები უკუაგდო. იმ წამს ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და ჩვენს შუამავალს უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! ეს ალისგან გამოვლენილი არაჩვეულებრივი ვაჟკაცობაა.“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ის ჩემგანაა და მე მისგან.“
„ვიხილე, როგორ ბანდნენ ანგელოზები ცასა და მიწას შორის ჰანზალას წვიმის წყლით ვერცხლის ლანგარში“ ჰადისი შერიფი
ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) კი თქვა: „მე კი თქვენ ორივესგან ვარ.“ იმავე წამს ისმოდა ხმა: „არ არსებობს ალის მსგავსი ვაჟკაცი და ზულფიყარის მსგავსი ხმალი.“
როცა კერპთაყვანისმცემლები მიხვდნენ, რომ ჩვენს საყვარელ შუამავალს ვერ მიუახლოვდებოდნენ, ისრების სროლა დაიწყეს. ნასროლი ისრები ან თავზემოთ გადაუფრენდა, ან წინ უვარდებოდა, ან მარჯვნივ, ან მარცხნივ.
მტრის უკუსაგდებად თავგანწირვით მებრძოლმა საჰაბეებმა, ეს რომ დაინახეს, მაშინვე სამყაროთა ბატონის გარშემო მოიყარეს თავი და მოფრენილ ისრებს თავიანთი დალოცვილი სხეულებით დაუდგნენ წინ. როცა ჩვენმა შუამავალმა საჰაბეებს უბრძანა, ისრებით ეპასუხათ, საჰაბეებმაც მტრისთვის ისრების სროლა დაიწყეს. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასი თავის წინ დასვა. ჰაზრეთი სა’დი, რომელიც ძალიან ზუსტი მსროლელი იყო, სწრაფად, ერთიმეორის მიყოლებით აწვიმდა მტერს ისრებს. ყოველ ჯერზე, როცა კაპარჭიდან, ანუ ისრების ჩანთიდან, ისარს იღებდა, ამბობდა: „ჩემო უფალო! ეს შენი ისარია. მისით მტერს მოარტყი!“, ჩვენი შუამავალი კი ბრძანებდა: „ჩემო ალლაჰო! სა’დის ვედრება მიიღე! ჩემო ალლაჰო! სა’დის ისარი მიზანს მიაწიე!… განაგრძე, სა’დ! განაგრძე! დედაჩემიცა და მამაჩემიც შენ გენაცვალოს!“ ამგვარად ყოველ სროლაზე ჩვენი შუამავალი ერთსა და იმავე ვედრებებს იმეორებდა.
როცა ჰაზრეთი სა’დს ისრები გაუთავდა, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა თავისი ისრები მისცა და ასროლინა. ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასის ყოველი ისარი ან რომელიმე მტერს ხვდებოდა, ან ცხოველს, რომელზეც ის იჯდა.
როცა კერპთაყვანისმცემლები ისრებს ისროდნენ, ჰაზრეთი ებუ ტალჰა ჩვენს საყვარელ შუამავალს წინიდან ეფარებოდა, ყოველ მომავალ ისარს საკუთარი სხეულითა და ფარით აჩერებდა და დროდადრო მტრის დამაბნეველ საბრძოლო ყიჟინას გასცემდა. ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ჯარში ებუ ტალჰას ხმა ას კაცზე უკეთესია.“ ებუ ტალჰა, როცა კი შემთხვევა მიეცემოდა, კერპთაყვანისმცემლებისთვის ისრების სროლას არ იშლიდა; ძლიერად და ძალიან სწრაფად ისროდა და მისი არც ერთი ისარი ტყუილად არ იკარგებოდა. ყოველ ჯერზე, როცა უკეთილშობილესი შუამავალი, მისი ნასროლი ისრების ნახვის სურვილით, დალოცვილ თავს მაღლა სწევდა, ებუ ტალჰა, რომელსაც ეშინოდა, ალლაჰის შუამავალს ისარი არ მოხვედროდა, ეუბნებოდა: „დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი სული შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! დალოცვილ თავს ნუ წევთ მაღლა, რომ მტრის ისარი არ მოგხვდეთ და ზიანი არ მოგაყენოთ! ჩემი სხეული შენი დალოცვილი სხეულის ფარია და შენთვის შეწირულია! სანამ არ დამკლავენ, შენამდე ვერ მოაღწევენ! სანამ მე არ მოვკვდები, თქვენ არაფერი მოგივათ!…“ ასე ამჯობინებდა ჩვენს საყვარელ შუამავალს საკუთარ თავს.
უჰუდის ველის ყველა მხარეს დაუნდობელი, საშინელი ბრძოლა მთელი სიმძაფრით გრძელდებოდა; ზოგი ცხენზე, ზოგი ფეხით რწმენისა და ურწმუნოების ბრძოლას აგრძელებდა. საჰაბეებმა ჯერ თავის მოყრა ვერ მოასწრეს. ჩვენი შუამავლის გარშემო მხოლოდ ოცდაათამდე საჰაბე ტრიალებდა, როგორც ფარვანა სანთლის გარშემო. მოფრენილ ისრებს, შუბებსა და ხმლის დარტყმებს საკუთარ სხეულებს უფენდნენ ფარად. მათი ერთადერთი სურვილი იყო, ჩვენი შუამავლის ბრძანება შეესრულებინათ და მისთვის ყოველგვარი ზიანი აეცილებინათ. ვაჟკაცთა წინამძღოლი ჰაზრეთი ჰამზა ამ აურზაურში ჩვენს შუამავალს დაშორდა. ერთი ჯგუფის შუაგულში, ორივე ხელში თითო ხმლით იბრძოდა და „ალლაჰუ ექბერ!…“ ძახილით მტერს გულში შიშს უნერგავდა. ამ დრომდე მარტომ ოცდათერთმეტი კერპთაყვანისმცემელი მოკლა, ბევრს კი ან ხელი მოაკვეთა, ან ფეხი. როცა ჰაზრეთი ჰამზა კერპთაყვანისმცემელთა ბრბოს, რომელშიც შეიჭრა, ფანტავდა, სიბა ბინ უმმუ ენმარმა ორთაბრძოლაში გამოიწვია: „არის აქ ვაჟკაცი, ვინც ჩემ წინააღმდეგ დადგომას შეძლებს?“ ჰაზრეთი ჰამზამ უთხრა: „ჩემთან მოდი, წინადამცვეთი ქალის შვილო! მაშ, შენ ალლაჰსა და მის შუამავალს იწვევ?“ და სულის მოთქმა არ აცალა, ფეხებში სტაცა ხელი და მიწაზე დასცა.20 ჰაზრეთი ჰამზა ზედ დაეცა და თავი ტანს მოაშორა. შემდეგ დაინახა, რომ მოპირდაპირე კლდის უკან ვაჰში, რომელიც ჯერ მუსლიმი არ იყო, ხელში შუბით მას უმიზნებდა. მაშინვე მისკენ გაემართა, მაგრამ როცა წინ ნიაღვრების მიერ ამოთხრილ ორმოსთან მივიდა, ფეხი დაუსხლტა და ზურგზე დაეცა. იმ წამს მუცელთან ჯაჭვის პერანგი გადაეხსნა. ვაჰშიმ შემთხვევით ისარგებლა და შუბი ისროლა!… შუბი მოფრინდა, ჰაზრეთი ჰამზას დალოცვილ სხეულს ჩაერჭო და მეორე მხრიდან გავიდა. ვაჟკაცთა უდიდესი სიტყვებით: „ჩემო ალლაჰო!“ იქვე ჩაიკეცა. შეჰიდად დაეცა და იმ ხარისხს მიაღწია, რომელსაც ნატრობდა. თავისი სიცოცხლე უზენაესი ალლაჰის გზაზე, თავისი საყვარელი შუამავლისთვის შესწირა (რადიალლაჰუ ანჰ).
„სა’დ! დედაჩემიცა და მამაჩემიც შენ გენაცვალოს! ჩემო უფალო! მისი ისრები მიზანს მიაწიე და მისი ვედრებები მიიღე!“ ჰადისი შერიფი
ამ დროს მტრის მწკრივებში ვიღაც კერპთაყვანისმცემლებს სამყაროს ბატონზე (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავდასხმისკენ აქეზებდა: „ყურაიშის ხალხო! ნუ შეწყვეტთ ბრძოლას მუჰამმედთან, რომელიც ნათესაობის უფლებებს არ იცავს და თქვენი ტომი გაყო. თუ მუჰამმედი გადარჩება, მე ნუღარ გადავრჩები!…“ ეს ასიმ ბინ ები ავფის ხმა იყო. ჰაზრეთი ებუ დუჯანემ ეს ხმა გაიგონა. ბრძოლით გზა გაიკაფა, ასიმ ბინ ები ავფი იპოვა და მაშინვე მოკლა. მაგრამ მის უკან მდგომმა კერპთაყვანისმცემელმა მა’ბედმა მთელი ძალით მოუქნია ხმალი ჰაზრეთი ებუ დუჯანეს. უზენაესი ალლაჰის წყალობით ებუ დუჯანე უეცარი და ძალიან სწრაფი მოძრაობით მიწამდე დაიხარა და სასიკვდილო დარტყმას გადაურჩა. მაშინვე წამოდგა, მა’ბედს ხმალი დაჰკრა და მოკლა.
ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლების მიზანი სამყაროთა ბატონი იყო. მასთან მისაახლოებლად მთელ ძალებს ხარჯავდნენ. მაგრამ ვერაფრით ვერ გადალახეს მისი სახელოვანი და პატივდებული საჰაბეები, რომლებიც მის გარშემო ფარვანებივით ტრიალებდნენ და მას ზიანი არ მისდგომოდაო, სიცოცხლის გაწირვას ოდნავადაც არ ერიდებოდნენ. ამ ოცდაათმა გმირმა ალლაჰის შუამავლის წინაშე თქვა: „ალლაჰის შუამავალო! შენგან არასოდეს მოვშორდებით: ჩვენი სახეები შენი დალოცვილი სახის წინ საფარი და ფარია; ჩვენი სხეულები შენს დალოცვილ სხეულს ენაცვლება; ოღონდ შენ იყავი მშვიდობით!“
კერპთაყვანისმცემლები ჯგუფ-ჯგუფად უტევდნენ. სამყაროს სიამაყემ ერთ ჯგუფზე მიუთითა და გვერდით მყოფ გმირ საჰაბეებს, რომლებიც მას სხეულებით იფარავდნენ, უთხრა: „ვინ შეგვწირავს თავის სხეულს უზენაესი ალლაჰის გზაზე?“, რაზეც მედინელი ხუთი საჰაბე წინ გამოიჭრა. ეს გმირი ფარვანები ალლაჰის შუამავლის დალოცვილი თვალების წინ იბრძოდნენ, თექბირებს ამბობდნენ და მის გარშემო ტრიალებდნენ. ბოლოს მათგან ოთხი იქვე შეჰიდად დაეცა. როცა მეხუთე, თოთხმეტ ადგილას დაჭრილი, მიწაზე დაეცა, სამყაროთა ბატონმა ბრძანა: „ჩემთან ახლოს მოიყვანეთ.“ სხეულის ყოველი ნაწილიდან სისხლი სდიოდა. ჩვენი საყვარელი შუამავალი დაჯდა და თავისი დალოცვილი ფეხი მას თავქვეშ ბალიშად ამოუდო. ის ბედნიერი საჰაბე, რომელიც ამ მდგომარეობაში ეღირსა შეჰიდობის პატივს, ჰაზრეთი უმარე ბინ იეზიდი იყო.
ტალჰა ბინ უბეიდულლაჰის გმირობა
ერთ წუთს, როცა კერპთაყვანისმცემლები სულ ახლოს მოვიდნენ, ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ამათ ვინ დაუხვდება, ვინ შეაჩერებს?“ ჰაზრეთი ტალჰა ბინ უბეიდულლაჰმა თქვა: „მე! ალლაჰის შუამავალო!“ და წინ გაჭრა მოინდომა. ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „კიდევ ვინ არის შენნაირი?“ მედინელ საჰაბეთაგან ერთმა ნებართვა ითხოვა: „ალლაჰის შუამავალო! მე!“ როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „წადი, შენ დაუხვდი“, წინ გამოიჭრა და კერპთაყვანისმცემლებს ეცა.
მან ისეთი გმირობა გამოიჩინა, რომლის მსგავსიც არავის უნახავს. რამდენიმე ურწმუნოს მოკვლის შემდეგ შეჰიდობის შერბეთი შესვა.21 უკეთილშობილესმა შუამავალმა კვლავ ბრძანა: „ამათ ვინ დაუდგება წინ?“ ყველაზე წინ კვლავ ჰაზრეთი ტალჰა გამოვიდა. როცა ჩვენმა შუამავალმა იკითხა: „კიდევ ვინ არის შენნაირი?“, ენსართაგან ერთმა დალოცვილმა კაცმა თქვა: „მე დავუხვდები, ალლაჰის შუამავალო.“ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „წადი, შენ დაუხვდი მათ.“ ისიც კერპთაყვანისმცემლებთან ბრძოლაში შეჰიდად დაეცა. ამგვარად ყველა საჰაბე, რომელიც იმ წუთს ჩვენს შუამავალთან იყო, ბრძოლით შეჰიდობას ეწია.
ახლა სამყაროს სულთანთან ჰაზრეთი ტალჰა ბინ უბეიდულლაჰის გარდა აღარავინ დარჩა. ჰაზრეთი ტალჰა შიშობდა, ალლაჰის შუამავალს რაიმე ზიანი არ მისდგომოდა, ამიტომ ოთხივე მხარეს დარბოდა და ურწმუნოებს დაუნდობლად ებრძოდა. ის სისწრაფე, რომლითაც ხმალს იქნევდა, ის სისხარტე, რომლითაც წამში ალლაჰის შუამავლის ყოველი მხრიდან მტერს პასუხს სცემდა, და ის, თუ როგორ უფენდა თავის სხეულს ფარად ისრების, შუბებისა და ხმლების დარტყმებს, მანამდე არნახული რამ იყო. ჰაზრეთი ტალჰა ფარვანასავით ტრიალებდა და მასზე მოხვედრილ ხმლებს სულაც ყურადღებას არ აქცევდა. მისი სურვილი იყო, სამყაროს სულთანი დაეცვა და ამ გზაზე, თავისი სხვა ძმების მსგავსად, შეჰიდი გამხდარიყო. სხეულზე ჭრილობის გარეშე ადგილი აღარ დარჩენოდა, ტანსაცმელზე სისხლის მეტი აღარაფერი ჩანდა. და მაინც ოთხივე მხარეს ერთბაშად ასწრებდა. ამ დროს უკეთილშობილეს შუამავალთან ჰაზრეთი ებუ ბექირი და ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასი მივიდნენ.
ამასობაში ვაჟკაცთა ბატონი ჰაზრეთი ტალჰა სისხლის დაკარგვისგან ცხელ მიწაზე დაეცა და გონება დაკარგა. მთელი სხეული ხმლის, შუბისა და ისრის დარტყმებით ჰქონდა დაფლეთილი. სამოცდაექვსი დიდი და უთვალავი პატარა ჭრილობა ჰქონდა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ჰაზრეთი ებუ ბექირს უბრძანა, მაშინვე ჰაზრეთი ტალჰას დასახმარებლად მისულიყო. ებუ ბექირ სიდდიყმა ჰაზრეთი ტალჰას დალოცვილ სახეს წყალი შეასხურა, რომ გონს მოსულიყო. ჰაზრეთი ტალჰა ბინ უბეიდულლაჰი გონს მოვიდა თუ არა, იკითხა: „ებუ ბექირ! ალლაჰის შუამავალი კარგად არის?“, და ამით სიყვარულისა და ერთგულების უმშვენიერესი მაგალითი გამოავლინა. უკეთილშობილესი შუამავლის სიყვარული, მისი დალოცვილი სხეულისთვის სიცოცხლის შეწირვა – ამაზე დიდი სიყვარული და ერთგულება არ შეიძლება არსებობდეს. როცა ჰაზრეთი ებუ ბექირმა უთხრა: „ალლაჰის შუამავალი კარგად არის. მან გამომგზავნა“, ტალჰამ შვებით ამოისუნთქა და თქვა: „უზენაეს ალლაჰს დაუსრულებელი მადლობა. რაკი ის ცოცხალია, ყოველი უბედურება არაფერია.“ ამ დროს კიდევ რამდენიმე საჰაბე მოვიდა.
სამყაროთა ბატონი, მუჰამმედ მუსტაფა (სალლალლაჰუ თეალა ალეიჰი ვესელლემ), ჰაზრეთი ტალჰასთან მობრძანდა. დაჭრილ მუჯაჰიდს, როცა ალლაჰის შუამავალი ცოცხალი დაინახა, სიხარულისგან ცრემლი წასკდა. ჩვენმა შუამავალმა მის სხეულს ხელი გადაუსვა, შემდეგ ხელები გაშალა და ვედრება აღავლინა: „ჩემო ალლაჰო! განკურნება (შიფა) მიეცი და ძალა უბოძე.“ უკეთილშობილესი შუამავლის სასწაულით ჰაზრეთი ტალჰა სრულიად ჯანმრთელი წამოდგა და კვლავ მტერთან ბრძოლა დაიწყო. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მის შესახებ ბრძანა: „უჰუდის დღეს დავინახე, რომ დედამიწაზე ჩემ მარჯვნივ ჯებრაილისა და ჩემ მარცხნივ ტალჰა ბინ უბეიდულლაჰის გარდა ჩემთან ახლოს არავინ იყო.“22 „ვისაც დედამიწაზე მოსიარულე სამოთხის ხალხთაგან ერთი კაცის ნახვა სურს, ტალჰა ბინ უბეიდულლაჰს შეხედოს.“
„ტალჰა და ზუბეირი სამოთხეში ჩემი მეზობლები არიან“ ჰადისი შერიფი
ბრძოლის ველის ყველა მხარეს ბრძოლა მთელი სიმძაფრით გრძელდებოდა. ჩვენი შუამავლის გარშემო იყვნენ ებუ დუჯანე, მედროშე მუს’აბ ბინ უმეირი, ტალჰა ბინ უბეიდულლაჰი, ნესიბე ჰათუნი, რომელიც ჩვენი შუამავლის დასაცავად უკანა მწკრივებიდან მოირბინა, და კიდევ რამდენიმე საჰაბე. ალლაჰის შუამავალთან ერთად კერპთაყვანისმცემლებს ებრძოდნენ. თავიდან ფეხებამდე შეიარაღებულმა, ჯაჭვის პერანგსა და მუზარადში გამოწყობილმა გაავებულმა კერპთაყვანისმცემელმა აბდულლაჰ ბინ ჰუნეიდმა, როცა ჩვენი საყვარელი შუამავალი დაინახა, ცხენს დეზი ჰკრა. ყვიროდა: „მე ზუჰეირის შვილი ვარ. მუჰამმედი მაჩვენეთ. ან მე მოვკლავ მას, ან მის გვერდით მოვკვდები!“ როცა ცხენს ჩვენი შუამავლისკენ მიაქროლებდა, ჰაზრეთი ებუ დუჯანე წინ აღუდგა და უთხრა: „აბა, მოდი! მე ის კაცი ვარ, რომელიც თავისი სხეულით მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) დალოცვილ სხეულს იცავს. სანამ ჩემზე არ გადაივლი, მას ვერ მიაღწევ!“ ცხენს ფეხებში ხმალი დაჰკრა, აბდულლაჰ ბინ ჰუნეიდი მიწაზე ჩამოაგდო, ხმალი აღმართა და თქვა: „აჰა, ესეც ჰარეშეს შვილისგან!“ და ერთი დარტყმით მიწაზე გააგორა. ამის მაყურებელმა სამყაროთა ბატონმა ვედრება აღავლინა: „ჩემო ალლაჰო! როგორც მე ვარ კმაყოფილი ჰარეშეს შვილით (ებუ დუჯანეთი), შენც ისე იყავი მისით კმაყოფილი!“
კერპთაყვანისმცემელთაგან ძალიან ზუსტი მსროლელი, მშვილდოსანი, რომლის ნასროლი ისარი მიზანს არ აცდებოდა, მალიქ ბინ ზუჰეირი, ყველგან ეძებდა ჩვენს შუამავალს და სურდა, შემთხვევისთანავე ისრით დაეჭრა. ალლაჰის შუამავალს ახლოს მიუახლოვდა, მშვილდი მოზიდა, ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილ თავს დაუმიზნა და ისარი ისროლა. თვალის დახამხამების დროც არ იყო. ჰაზრეთი ტალჰამ წამში ხელისგული გაშალა და ისარს მიუშვირა. ისარი ჰაზრეთი ტალჰას ხელისგულში ჩაერჭო და ხელი დაუსახიჩრა. თითების ყველა ძარღვი გადაუჭრა, ხელის ძვლები დაუმტვრია. რაც მოხდა, სამყაროს სიამაყემაც (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დაინახა, ძალიან შეწუხდა და ბრძანა: „შენ რომ (როცა ჩემს დასაცავად ხელი ისარს გაუწოდე) გეთქვა: ‚ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ‘, ანგელოზები ხალხის თვალწინ ცაში აგიყვანდნენ.“23
მექქელი კერპთაყვანისმცემლებიდან ოთხი – აბდულლაჰ ბინ ყამიე, უბეიი ბინ ჰალეფი, უთბე ბინ ები ვაყყასი და აბდულლაჰ ბინ შიჰაბ ზუჰრი – შეთანხმდნენ და დაიფიცეს, რომ უკეთილშობილეს შუამავალს სიცოცხლეს მოუსპობდნენ. ამ მძიმე წუთს ალლაჰის შუამავალი გვერდით მყოფ რამდენიმე საჰაბესთან ერთად მტერს დაუნდობლად ებრძოდა. ჩვენი შუამავლის წინ მედროშე ჰაზრეთი მუს’აბ ბინ უმეირი იყო. ჩაცმული ჯაჭვის პერანგის გამო ჰაზრეთი მუს’აბი ჩვენს საყვარელ შუამავალს ძალიან ჰგავდა. ისიც, მარჯვენა ხელში ისლამის დროშით, კერპთაყვანისმცემლებთან საშინელ ბრძოლაში ჩაება. ამ დროს ჯაჭვის პერანგებში გახვეული იბნი ყამიე ცხენით მოუახლოვდა. მთელი ხმით ყვიროდა: „მუჰამმედი მაჩვენეთ! თუ ის გადარჩება, მე ნუღარ გადავრჩები!“ და ცხენს ჩვენი შუამავლისკენ მიაქროლებდა. ჰაზრეთი მუს’აბი და ნესიბე ჰათუნი წინ აღუდგნენ და ბრძოლა დაიწყეს; თავიანთ სხეულებს ჩვენს შუამავალს უფარებდნენ. რამდენი ხმალიც არ უნდა დაეკრათ ამ ურწმუნოსთვის, ჯაჭვის პერანგის გამო არ მოქმედებდა. იბნი ყამიემ ნესიბე ჰათუნს ხმალი დაჰკრა და მხარი დაუფლითა. შემდეგ ჰაზრეთი მუს’აბის მარჯვენა ხელს, რომლითაც დროშა ეჭირა, ხმალი დაუშვა. მარჯვენა ხელმოკვეთილმა მუს’აბ ბინ უმეირმა ისლამის დალოცვილი დროშა, რომელსაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად აფასებდა, მიწაზე არ დააგდო და მარცხენა ხელში აიღო.
იმ წამს კითხულობდა წმინდა აიათს, რომლის შინაარსია: „მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) შუამავალია. მის მოსვლამდეც იყვნენ შუამავლები.“24 ამჯერად იბნი ყამიემ ხმალი ჰაზრეთი მუს’აბის მარცხენა ხელს დაჰკრა. სახელოვანმა მედროშემ, რომელსაც მარცხენა ხელიც მოკვეთეს, ისლამის დროშა არც მაშინ დააგდო მიწაზე. გმირმა საჰაბემ დროშა მკლავებით მოიხვია, მკერდზე მიიკრა და აფრიალებას განაგრძობდა. მაშინ იბნი ყამიემ სახელოვან საჰაბეს სხეულში შუბი ჩასცა. ისიც, თავისი სხვა ამხანაგების მსგავსად, შეჰიდად დაეცა და საიქიოს გადაბარგდა.
როცა ჰაზრეთი მუს’აბი დაეცა, ისლამის სახელოვანი დროშა მიწაზე არ დაცემულა: ის მაშინვე აიტაცა ანგელოზმა, რომელმაც მუს’აბის სახე მიიღო. როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „წინ, მუს’აბ! წინ!“, დროშის მჭერმა ანგელოზმა თქვა: „მე მუს’აბი არ ვარ.“ მაშინ სამყაროს სულთანი მიხვდა, რომ ის ანგელოზი იყო, და დროშა ჰაზრეთი ალის მისცა.25
იბნი ყამიე კი, რადგან ეგონა, რომ ჰაზრეთი მუს’აბი ჩვენი შუამავალი იყო, სასწრაფოდ კერპთაყვანისმცემლებთან მივიდა და ყვირილი დაიწყო: „მუჰამმედი მოვკალი!“ ეს რომ გაიგეს, კერპთაყვანისმცემლები, მიზნის მიღწევით მოგვრილი სიამით, კიდევ უფრო გაცოფდნენ. საჰაბეებს კი, რომლებმაც ვერ გაიგეს, რა მოხდა სინამდვილეში, ხელ-ფეხი წაერთვათ. ირგვლივ გლოვის სული ტრიალებდა. ჰაზრეთი ომერსაც კი ხელები ჩამოუვარდა და ამხანაგებთან ერთად იქვე დაჯდა, სადაც იყო. როცა ენეს ბინ ნადრმა ისინი ამ მდგომარეობაში დაინახა, ჰკითხა: „რატომ სხედხართ?“
მათ უპასუხეს: „ალლაჰის შუამავალი შეჰიდად დაეცა!…“ ჰაზრეთი ენესმა თქვა: „თუ ალლაჰის შუამავალი შეჰიდად დაეცა, მისი უფალი (უზენაესი ალლაჰი) მარადიულია. ალლაჰის შუამავლის შემდეგ ცოცხლები რაღას ვიზამთ! აბა, ადექით! რისთვისაც ჩვენმა შუამავალმა იბრძოლა და თავისი დალოცვილი სიცოცხლე შესწირა, ჩვენც იმისთვის შევწიროთ სიცოცხლე.“ ენესმა თავისი ხმლის ქარქაში გადატეხა26 და „ალლაჰუ ექბერ!…“ ძახილით შიშველი ხმლით მტრის შუაგულში შეიჭრა. ბევრი ურწმუნო გაჟლიტა და შეჰიდად დაეცა. მხოლოდ სახეზე სამოცდაათი ჭრილობა ჰქონდა. რადგან სხეულზე უთვალავი ჭრილობა ჰქონდა, მისი დის გარდა ვერავინ იცნო.
ბევრი საჰაბე დაიფანტა, ნაწილმა კი შეჰიდობას მიაღწია. მათი ამ დაფანტულობით კერპთაყვანისმცემლებმა ისარგებლეს და უკეთილშობილესი შუამავლის გარშემო შეიკრიბნენ. ქვებითა და ხმლით ცდილობდნენ ორივე სამყაროს სულთნის შეჰიდად ქცევას. რადგან ორი ჯაჭვის პერანგი ეცვა, დარტყმები არ მოქმედებდა. უთბე ბინ ები ვაყყასის ნასროლი ქვები ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილ სახეს მოხვდა და ქვედა ტუჩი დაუჭრა. ქვედა ყბის დალოცვილი მარჯვენა რებაიიე, ანუ საჭრელი კბილი, მოსტეხა. ამ დროს იბნი ყამიედ წოდებული კერპთაყვანისმცემელიც მოვიდა და სამყაროთა ბატონის დალოცვილ თავს ხმალი დაჰკრა. ჩვენი საყვარელი შუამავლის მუზარადი დაიმსხვრა და მისი ორი რგოლი დალოცვილ საფეთქლებში ჩაერჭო.
იბნი ყამიეს მიერ დარტყმული კიდევ ერთი ხმლით დალოცვილ მხარში დაიჭრა და გვერდულად ჩავარდა ღრმა ორმოში, რომელიც ებუ ამირმა მუსლიმების ჩასაგდებად ამოთხარა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მზაკვარი იბნი ყამიესთვის ასეთი ვედრება აღავლინა: „უზენაესმა ალლაჰმა დაგამციროს და გაგანადგუროს!“ იბნი ყამიემ ძალიან გაიხარა და ყვირილით: „მუჰამმედი მოვკალი! მუჰამმედი მოვკალი!…“ – ებუ სუფიანთან წავიდა. კერპთაყვანისმცემლებმა მიზანს მიაღწიეს! ჩვენი შუამავლით აღარ ინტერესდებოდნენ. იმ ორმოს, სადაც ჩვენი შუამავალი იყო, მოშორდნენ და საჰაბეებთან ბრძოლა დაიწყეს.27
„ვისაც დედამიწაზე მოსიარულე სამოთხის ხალხთაგან ერთი კაცის ნახვა სურს, ტალჰა ბინ უბეიდულლაჰს შეხედოს“ ჰადისი შერიფი
როცა უკეთილშობილესი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ორმოში ჩავარდა, დალოცვილი ლოყებიდან სისხლი სდიოდა. როცა დალოცვილი ხელები სახეზე ჩამოისვა, დაინახა, რომ ხელები და წმინდა წვერი სისხლით ჰქონდა შეღებილი. სანამ ერთი წვეთი მიწაზე დაეცემოდა, ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოეშურა, ის დალოცვილი სისხლი აიტაცა და თქვა: „ჰაბიბულლაჰ! უზენაესი ალლაჰის სახელით ვფიცავ, ამ სისხლიდან ერთი წვეთი რომ მიწაზე დაცემულიყო, განკითხვის დღემდე მიწაზე ბალახი აღარ ამოვიდოდა.“ სამყაროს სიამაყემ კი ბრძანა: „თუ ჩემგან სისხლის ერთი წვეთი მიწაზე დაეცემა, ზეციდან სასჯელი გარდამოვა. ჩემო უფალო! ჩემს ხალხს აპატიე! რადგან მათ არ იციან“, – და ვედრებას აღავლენდა, რომ ჭეშმარიტ გზაზე (ჰიდაიეთზე) დამდგარიყვნენ ისინი, ვინც მისი მოკვლა სცადა, მის დალოცვილ სხეულს ხმალი დაჰკრა, დალოცვილი კბილები ჩაუმტვრია და დალოცვილი სახე სისხლით შეუღება.
ამ დროს ჰაზრეთი ქა’ბ ბინ მალიქი ხმამაღლა ყვიროდა: „მუსლიმებო! სასიხარულო ამბავი! აი, ალლაჰის შუამავალი აქ არის!…“ ეს ხმა რომ გაიგეს, სახელოვანი საჰაბეები, თითქოს ხელახლა გაცოცხლდნენო, სიხარულით იქით გაიქცნენ. ჰაზრეთი ალი და ტალჰა ბინ უბეიდულლაჰი მაშინვე მივიდნენ და ორმოდან ამოიყვანეს. ჰაზრეთი ებუ უბეიდე ბინ ჯერრაჰმა ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილ საფეთქლებში ჩარჭობილი მუზარადის რგოლები კბილებით ამოაძრო. როცა ამ რკინის ნატეხებს აძრობდა, ორი წინა კბილიც ამოუვარდა. საჰაბეთაგან ჰაზრეთი მალიქ ბინ სინანმა ალლაჰის შუამავლის დალოცვილი სახიდან მომდინარე სისხლი ამოწოვა. მაშინ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ვისი სისხლიც ჩემს სისხლს შეერია, მას ჯოჯოხეთის ცეცხლი ვერ შეეხება.“
კერპთაყვანისმცემლებმა კვლავ დაიწყეს მათკენ წამოსვლა. საჰაბეებმა, ჩვენს შუამავალთან ხელახლა შეხვედრის სიხარულით, წამში რგოლი შეკრეს ალლაჰის შუამავლის გარშემო და მასთან არც ერთი კერპთაყვანისმცემელი არ მიუშვეს. როცა კერპთაყვანისმცემლები მიხვდნენ, რომ ჩვენს შუამავალს ვეღარაფერს დააკლებდნენ, მთის მწვერვალზე ასვლა დაიწყეს. ორივე სამყაროს სულთანმა გვერდით მყოფ ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასს უთხრა: „უკან გააბრუნე ისინი.“ როცა ჰაზრეთი სა’დმა იკითხა: „ალლაჰის შუამავალო! თან მხოლოდ ერთი ისარი მაქვს. მისით როგორ გავაბრუნო?“, უკეთილშობილესმა შუამავალმა იგივე ბრძანება გაიმეორა. მაშინ მშვილდოსანთა ოსტატმა ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასმა ხელი კაპარჭში ჩაყო და ისარი ისროლა. მიზანში მოხვედრილმა ისარმა ერთი კერპთაყვანისმცემელი წააქცია. როცა ხელი კვლავ კაპარჭში ჩაყო, დაინახა, რომ იქ კიდევ ერთი ისარი იყო. დააკვირდა: ეს ის ისარი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ისროლა. კიდევ ერთი კერპთაყვანისმცემელი მოკვდა. ეს მრავალჯერ განმეორდა. ჩვენი საყვარელი შუამავლის სასწაულით ჰაზრეთი სა’დი ყოველ ჯერზე კაპარჭში წინა ნასროლ ისარს პოულობდა. როცა ყურაიშელებმა დაინახეს, რომ მათ კაცებს ერთმანეთის მიყოლებით ხოცავდნენ, მთაზე ასვლაზე ხელი აიღეს. დაბლა ჩამოვიდნენ და უკან დაიხიეს.
მათ შორის უბეიი ბინ ჰალეფმა ცხენი ჩვენი შუამავლისკენ გამოაქროლა და ყვირილი დაიწყო: „სად არის ის, ვინც შუამავლობას იჩემებს? ჩემ წინ გამოვიდეს და შემებრძოლოს!“ თუმცა საჰაბეებს მის წინააღმდეგ გასვლა სურდათ, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ნება არ დართო. ჰაზრეთი ჰარის ბინ სიმმეს შუბი აიღო და თვითონ გავიდა წინ. საძაგელმა უბეიიმ ცხენს დეზი ჰკრა, მოუახლოვდა და დაიძახა: „მუჰამმედ! თუ შენ გადარჩები, მე ნუღარ გადავრჩები!“ თავიდან ფეხებამდე ჯაჭვის პერანგებში იყო გახვეული. სამყაროთა ბატონმა ხელში დაჭერილი შუბი უბეიის კისერში ესროლა. შუბი მოფრინდა და მუზარადსა და ჯაჭვის პერანგის საყელოს შუა კისერში ჩაერჭო. უბეიი ხარივით აბღავლდა და ცხენიდან მიწაზე გადმოგორდა. ნეკნები ჩაემტვრა. კერპთაყვანისმცემლებმა აიყვანეს და წაიყვანეს. გზაში ყვიროდა: „მუჰამმედმა მომკლა!…“ და ასე განუტევა სული. ალლაჰის შუამავალმა გვერდით მყოფ საჰაბეებთან ერთად უჰუდის კლდეებისკენ ასვლა დაიწყო. კლდეებთან რომ მივიდა, ზემოთ ასვლა მოინდომა. მაგრამ რადგან ძალიან დაღლილი იყო, ერთმანეთზე ორი ჯაჭვის პერანგი ეცვა და დალოცვილ სხეულზე სამოცდაათზე მეტი ხმლის დარტყმა ჰქონდა მიღებული, ძალა არ ეყო. მაშინ ჰაზრეთი ტალჰამ ჩვენი შუამავალი ზურგზე შეისვა და კლდეებზე აიყვანა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „როცა ტალჰა ალლაჰის შუამავალს დაეხმარა, სამოთხე მისთვის ვაჯიბი გახდა.“ რადგან ძალა სულ აღარ შერჩენოდა, შუადღის (ზუჰრი) ნამაზი მჯდომარემ შეასრულა.
მთის ძირში საჰაბეები, რომელთაგან თითოეული ლომად იქცა, კერპთაყვანისმცემლებს ეკვეთებოდნენ. მათ, ვინც ჩვენს შუამავალს ხმალი დაჰკრა, წუთისოფელი ციხედ უქციეს. ერთ წუთს ჰატიბ ბინ ები ბელთეა ჩვენს საყვარელ შუამავალთან მივიდა და ჰკითხა: „ჩემი სული შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ეს ვინ გაგიკეთა?“ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა:
„უთბე ბინ ები ვაყყასმა ქვა მესროლა, სახეში მომარტყა და რებაიიე კბილი ჩამიმტვრია.“ მაშინ ჰაზრეთი ჰატიბმა კვლავ იკითხა: „ალლაჰის შუამავალო! რომელი მხრისკენ წავიდა?“ ჩვენმა შუამავალმა ხელით მიუთითა მხარე, საითაც წავიდა. ჰაზრეთი ჰატიბი მაშინვე იქით გაიქცა. დიდი ძებნის შემდეგ უთბე იპოვა. ცხენიდან ჩამოაგდო, ერთი დარტყმით თავი მოჰკვეთა, ალლაჰის შუამავალთან მოიტანა და სასიხარულო ამბავი ახარა. ჩვენმა შუამავალმა მისთვის ვედრება აღავლინა: „უზენაესი ალლაჰი იყოს შენით კმაყოფილი. უზენაესი ალლაჰი იყოს შენით კმაყოფილი.“ კერპთაყვანისმცემლებმა ვერ გაუძლეს საჰაბეებს, რომლებმაც თავი მოიყარეს და კვლავ შეტევაზე გადავიდნენ. ოცდაათამდე მოკლული დაკარგეს, ბრძოლის ველი მიატოვეს და მექქის გზას დაადგნენ. ხმა, რომ ჩვენი შუამავალი შეჰიდად დაეცა, უკვე მედინამდე მისულიყო. ქალები – ჰაზრეთი ფატიმა, ჰაზრეთი აიშე, უმმუ სულეიმი, უმმუ ეიმენი, ჰამნე ბინთი ჯაჰში, ქუაიბე და სხვები – უჰუდისკენ გაიქცნენ. ჰაზრეთი ფატიმა, როცა მამამისი, ჩვენი შუამავალი, დაჭრილი დაინახა, ატირდა. ალლაჰის შუამავალმა ის ანუგეშა. ჰაზრეთი ალიმ თავისი ფარით წყალი მოიტანა. ჩვენმა დედამ ფატიმამ ამ წყლით ჩვენი შუამავლის დალოცვილი სახე დაბანა და სისხლი ჩამორეცხა. მაგრამ სახიდან სისხლი არ წყდებოდა. როცა ჰაზრეთი ფატიმამ ჭილობის ნაჭერი დაწვა და ფერფლი ჭრილობას დააჭირა, სისხლი შეჩერდა.28
შემდეგ ბრძოლის ველზე ჩავიდნენ. ჯერ დაჭრილები მოძებნეს და ჭრილობები შეუხვიეს. კერპთაყვანისმცემლებს ზოგიერთი შეჰიდი ამოუცნობლად დაესახიჩრებინათ.
ყურები, ცხვირები და სხეულის სხვა ნაწილები მოეჭრათ, მუცლები გაეპოთ. მათ შორის იყო ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ჯაჰშიც. ეს რომ დაინახეს, ჩვენი საყვარელი შუამავალი და მისი საჰაბეები ძალიან დამწუხრდნენ. ურჩეულესმა საჰაბეებმა შეჰიდობის შერბეთი შესვეს, უჰუდის მიწა თავიანთი სისხლით მორწყეს და სამოთხეში გაფრინდნენ. მაგრამ შეჰიდებისადმი ასეთი მოპყრობის ატანა შეუძლებელი იყო. არამარტო ჩვენს შუამავალს, არამედ ყველა საჰაბეს მწუხარებისგან გული ეკუმშებოდა. ამ სანახაობის შემხედვარე სამყაროთა ბატონი ატირდა. დალოცვილი თვალებიდან ცრემლი სდიოდა და ბრძანა: „მე განკითხვის დღეს დავმოწმებ, რომ ამ შეჰიდებმა თავიანთი სიცოცხლე უზენაესი ალლაჰის გზაზე შესწირეს. დამარხეთ ისინი თავიანთი სისხლით. ალლაჰს ვფიცავ, განკითხვის დღეს მაჰშერში29 სისხლმდინარე ჭრილობებით მოვლენ. მათი სისხლის ფერი სისხლის ფერი იქნება, სურნელი კი – მუშკის სურნელი.“
ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „ჰამზას ვერ ვხედავ. რა დაემართა?“ ჰაზრეთი ალიმ მოძებნა და იპოვა. როცა ჩვენი შუამავალი იქ მივიდა და წარმოუდგენელ სანახაობას შეესწრო, ვეღარ გაუძლო. ჰაზრეთი ჰამზას ყურები, ცხვირი და სხეულის სხვა ნაწილები მოეჭრათ, სახე ამოუცნობი გაეხადათ, მუცელი გაეპოთ და ღვიძლი ამოეღოთ. ჩვენმა შუამავალმა, დალოცვილი თვალებიდან ცრემლის დენით, ჰაზრეთი ჰამზას მიმართა: „ჰამზა! არასოდეს არავის შემთხვევია და არც შეემთხვევა შენნაირი უბედურება. ალლაჰის შუამავლის ბიძავ! უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის ლომო, ჰამზა! სიკეთის მქმნელო ჰამზა! ალლაჰის შუამავლის დამცველო ჰამზა! უზენაესმა ალლაჰმა შეგიწყალოს!…“
„როცა ტალჰა ალლაჰის შუამავალს დაეხმარა, სამოთხე მისთვის ვაჯიბი გახდა“ ჰადისი შერიფი
ამ დროს გამოჩნდა ერთი ქალი, რომელიც მოპირდაპირე მხრიდან აჩქარებით და შეშფოთებული მოდიოდა. ეს იყო ჩვენი საყვარელი შუამავლის მამიდა, ჩვენი დედა ჰაზრეთი საფიიე. ისიც, სხვა ქალების მსგავსად, როცა ხმა გაიგო, რომ ალლაჰის შუამავალი შეჰიდად დაეცა, ყველაფერი დაავიწყდა და სირბილით მოვიდა უჰუდში. უკეთილშობილესმა შუამავალმა, როცა თავისი მამიდა დაინახა, იფიქრა, რომ შეჰიდების მდგომარეობის ხილვას ვერ აიტანდა, და მის ვაჟს, ზუბეირ ბინ ავვამს, უთხრა: „დედაშენი უკან გააბრუნე, ძმის გვამი არ დაინახოს.“ ჰაზრეთი ზუბეირი სირბილით მივიდა დედასთან. დალოცვილმა ქალბატონმა აღელვებით თქვა: „შვილო! ალლაჰის შუამავლის ამბავი მითხარი!…“ მათთან ჰაზრეთი ალიც მივიდა. როცა მან თქვა: „ელჰამდულილლაჰ30, ალლაჰის შუამავალი კარგად არის“, საფიიემ შვება იგრძნო, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და თქვა: „მაჩვენეთ.“ ჰაზრეთი ალიმ სამყაროთა ბატონზე ხელით მიუთითა. როცა ჩვენმა დედამ ჰაზრეთი საფიიემ ორივე სამყაროს მზე ცოცხალი დაინახა, ძალიან გაიხარა და უზენაეს ალლაჰს ქება-დიდება შესწირა. შემდეგ წინ წასვლა მოინდომა, რომ ენახა, რა მდგომარეობაში იყო მისი ძმა, ჰაზრეთი ჰამზა. როცა მისმა ვაჟმა ზუბეირმა უთხრა: „დედიკო! ალლაჰის შუამავალი გიბრძანებთ, უკან დაბრუნდეთ“, ჰაზრეთი საფიიემ თქვა: „თუ იმიტომ უნდა დავბრუნდე, რომ რაც მას დამართეს, არ მაჩვენოთ, ისედაც უკვე გავიგე, რომ ჩემი ძმის გვამი დაკაფეს და დაასახიჩრეს. ეს მას უზენაესი ალლაჰის გზაზე დაემართა. ჩვენ ამ გზაზე ამაზე უარესსაც ვჯერდებით. მის სევაბს უზენაესი ალლაჰისგან მოველით. ინშააალლაჰ, მოვითმენთ და გავუძლებთ.“ როცა ზუბეირ ბინ ავვამი მოვიდა და ეს აცნობა, ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „მაშ, მიუშვი, ნახოს.“
ჰაზრეთი საფიიე ჰაზრეთი ჰამზას გვამთან დაჯდა და ჩუმად ტიროდა. მოსვლისას ორი ჰირყა (მოსასხამი) მოეტანა. გამოიღო და თქვა: „ესენი ჩემი ძმისთვის, ჰამზასთვის, მოვიტანე, მათში შეახვიეთ.“ ჰაზრეთი ჰამზა, „სეიიდუშ-შუჰედა“, ანუ შეჰიდთა ბატონი, ამ ჰირყებიდან ერთ-ერთში, როგორც სუდარაში, შეახვიეს.31 ჰაბიბულლაჰი მედროშე მუს’აბ ბინ უმეირის თავთან მივიდა. ჰაზრეთი მუს’აბს ხელები მოკვეთილი ჰქონდა და მრავალ ადგილას იყო დაჭრილი. მის გარშემო სისხლის ტბა იდგა. ჩვენი შუამავალი აქაც ძალიან დამწუხრდა, ამ ძვირფას შეჰიდებს მიმართა და სურა აჰზაბის ოცდამესამე წმინდა აიათი წაიკითხა, რომლის შინაარსია: „მორწმუნეებს შორის არიან კაცნი, რომლებიც ერთგულნი დარჩნენ უზენაეს ალლაჰთან დადებული აღთქმისა. მათ შორის ზოგმა აღასრულა თავისი აღთქმა, რომ შეჰიდობამდე იბრძოლებდა (შეჰიდი გახდა). ზოგიც შეჰიდობას ელოდება. მათ თავიანთი აღთქმა სულაც არ შეუცვლიათ.“ შემდეგ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „უზენაესი ალლაჰის შუამავალიც მოწმეა, რომ განკითხვის დღეს უზენაესი ალლაჰის წინაშე შეჰიდებად აღდგებით.“
შემდეგ გვერდით მყოფთ მიუბრუნდა და ბრძანა: „მოინახულეთ ისინი. სალამი მიეცით. უზენაეს ალლაჰს ვფიცავ, ვინც ამქვეყნად მათ სალამს მისცემს, განკითხვის დღეს ეს ძვირფასი შეჰიდები სალამს დაუბრუნებენ.“
მუს’აბ ბინ უმეირისთვის სუდარად გამოსადეგი ვერაფერი იპოვეს. მისი საკუთარი ყაფთანი მის დალოცვილ სხეულს მთლიანად ვერ ფარავდა. თავს თუ დაუფარავდნენ, ფეხები რჩებოდა ღია, ფეხებს თუ დაუფარავდნენ – თავი. უკეთილშობილესმა ჰაბიბმა ბრძანა: „თავი ყაფთანით დაუფარეთ, ფეხები კი – იზჰირის ბალახით.“32
ეს ბედნიერი საჰაბე, რომელმაც სიცოცხლე ისლამის სამსახურში გაატარა და ამ გზაზე შეჰიდობის ხარისხს მიაღწია, ამ ქვეყნიდან ნახევარი სუდარით წავიდა.33
დანარჩენ შეჰიდებს დაკრძალვის (ჯენაზე) ნამაზი შეუსრულეს და სისხლიანი ტანსაცმლით, ორ-ორი და სამ-სამი ერთ საფლავში დაკრძალეს (რადიალლაჰუ ანჰუმ). უჰუდის ღაზვაში სამოცდაათი შეჰიდი დაეცა. მათგან სამოცდაოთხი ენსართაგან იყო, ექვსი კი – მუჰაჯირთაგან.
საჰაბეთა უმეტესობას ნათესავები შეჰიდად დაეცა. ამიტომ გულები დაჭრილი ჰქონდათ. დარჩენილთა სანუგეშებლად უკეთილშობილესმა ჰაბიბმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: „ალლაჰს ვფიცავ, როგორ მსურდა, ჩემს საჰაბეებთან ერთად მეც შეჰიდად დავცემულიყავი და უჰუდის მთის წიაღში ღამე გამეთია. როცა თქვენი ძმები შეჰიდად დაეცნენ, უზენაესმა ალლაჰმა მათი სულები მწვანე ფრინველების ჩიჩახვებში მოათავსა.
ისინი სამოთხის მდინარეებთან მიფრინავენ და მათ წყალს სვამენ. მის ხილს მიირთმევენ. სამოთხის ოთხივე კუთხეს ათვალიერებენ. მის ვარდნარებში დაფრინავენ. შემდეგ არში ა’ლას ქვეშ ჩამოკიდებულ ოქროს კანდელებში შედიან და იქ ათევენ ღამეს. როცა ასეთი საჭმლისა და სასმლის სიამესა და მშვენიერებას ხედავენ, ამბობენ: ‚ნეტავ ჩვენმა ძმებმა იცოდნენ, რით დაგვასაჩუქრა უზენაესმა ალლაჰმა, რომ ჯიჰადს არ გაურბოდნენ და ბრძოლის შიშით მტერს ზურგს არ აქცევდნენ!‘ უზენაესმა ალლაჰმა კი ბრძანა: ‚მე თქვენს მდგომარეობას მათ ვაუწყებ.‘“ (და უზენაესმა ალლაჰმა წმინდა აიათი გარდამოავლინა და შინაარსით ბრძანა:) „არამც და არამც არ შერაცხოთ მკვდრებად ისინი, ვინც უზენაესი ალლაჰის გზაზე შეჰიდად დაეცა! პირიქით, ისინი ცოცხლები არიან და თავიანთი უფლის წინაშე საზრდოს იღებენ. ხარობენ იმით, რაც უზენაესმა ალლაჰმა უბოძა (მის მიერ ნაწყალობევი შეჰიდობის ხარისხით). მათზე, ვინც მათ შემდეგ (შეჰიდობით) ჯერ კიდევ არ შეერთებია, სურთ ახარონ: ‚მათ არც შიში ექნებათ და არც დამწუხრდებიან.‘ ხარობენ უზენაესი ალლაჰისგან მოსული წყალობითა და სიკეთით და იმ სასიხარულო ამბით, რომ უზენაესი ალლაჰი მორწმუნეთა საზღაურს არ დაკარგავს.“34 „უზენაესი ალლაჰი მათ ეჩვენება და ეტყვის: ‚ჩემო მონებო! თქვით, რას ესწრაფვის თქვენი სული, და ამას უხვად გაგაგემინებთ.‘ ისინი იტყვიან: ‚ჩვენო უფალო! შენ მიერ ნაბოძებ წყალობებზე უფრო მაღალი წყალობა არ არსებობს, რომ ის ვითხოვოთ. სამოთხეში რასაც ვისურვებთ, ყველაფერს მივირთმევთ. მაგრამ თუ ვითხოვდით, იმას ვითხოვდით, რომ ჩვენი სულები სხეულებს დაბრუნებოდა, ქვეყანაზე დავებრუნებინეთ და შენს გზაზე ბრძოლაში კვლავ მოვკლულიყავით.‘“
ამის შემდეგ იქ გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა. თავი მოიყარეს და გზისთვის მოემზადნენ. უჰუდში, სადაც ალლაჰის გზაზე ჯიჰადისთვის, ანუ უზენაესი ალლაჰის რჯულის გასავრცელებლად მოვიდნენ, ისტორიაში შეუდარებელი ღაზვა გადაიხადეს. საჰაბეთა უამრავ გმირობას, რომელიც თვალს არ უნახავს და წარმოსახვას აღემატება, შეესწრნენ, ურწმუნოებმა კი კიდევ ერთი გაკვეთილი მიიღეს.
„ჰამზა! არასოდეს არავის შემთხვევია და არც შეემთხვევა შენნაირი უბედურება. ალლაჰის შუამავლის ბიძავ! უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის ლომო, ჰამზა! სიკეთის მქმნელო ჰამზა! ალლაჰის შუამავლის დამცველო ჰამზა! უზენაესმა ალლაჰმა შეგიწყალოს!…“ ჰადისი შერიფი
სამყაროთა ბატონი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავის დალოცვილ საჰაბეებთან ერთად ნათელი მედინისკენ დაიძრა. როცა ჰარრედ წოდებულ ადგილს მიაღწიეს, საჰაბეები მწკრივად დააყენა, დალოცვილი ხელები აღმართა და უზენაეს ალლაჰს ამ ვედრებით შეევედრა: „ჩემო ალლაჰო! ქება-დიდება ყველაზე მეტად შენ გეკუთვნის. ჩემო ალლაჰო! ვისაც შენ გზასაცდენილობაში დატოვებ, მას ჭეშმარიტ გზაზე ვერავინ დააყენებს, ხოლო ვისაც შენ ჭეშმარიტ გზაზე დააყენებ, მას გზას ვერავინ ააცდენს… ჩემო ალლაჰო! რწმენა შეგვაყვარე. ჩვენი გულები რწმენით შეამკე. ურწმუნოება, თავგასულობა და ზღვრის გადალახვა შეგვაძულე. გვამყოფე იმათ შორის, ვინც იცის, რა ავნებს ჩვენს რჯულსა და ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებას, და იმათ შორის, ვინც ჭეშმარიტ გზას ეწია. ჩემო ალლაჰო! მუსლიმებად გვაცოცხლე და მუსლიმებად მოგვაკვდინე. სალიჰთა და კეთილთა დასს შეგვაერთე, რადგან ისინი არც პატივისა და ღირსების დამკარგავნი არიან და არც რჯულიდან განდგომილნი. ჩემო ალლაჰო! შენი შუამავლის ცრუდ შემრაცხველ, შენი გზიდან პირის მბრუნებელ და შენს შუამავალთან მებრძოლ ურწმუნოებსაც მიუზღე სასჯელი! მოუვლინე მათ შენი სასჯელი, რომელიც ჭეშმარიტება და სინამდვილეა!… ამინ!“
საჰაბეებიც შეუერთდნენ ამ ვედრებას სიტყვებით: „ამინ! ამინ!“ ჩვენი საყვარელი შუამავალი საჰაბეებთან ერთად მედინას მიუახლოვდა. მედინაში დარჩენილი ქალები და ბავშვები გზებზე გამოფენილიყვნენ და შეშფოთებითა და მწუხარებით ცდილობდნენ, დაბრუნებულ ჯარში სამყაროს ბატონი დაენახათ. როცა მისი ქვეყნის გამანათებელი ნათელი სახე დაინახეს, უზენაეს ალლაჰს ქება-დიდება შესწირეს. შემდეგ მზერა ჯარს მიაპყრეს; ეძებდნენ მამებს, ქმრებს, ვაჟებს, დედის ძმებსა და ბიძებს. თუ ვერ ხედავდნენ… ცრემლებს ვეღარ იკავებდნენ. როცა მოწყალების ზღვამ, უკეთილშობილესმა შუამავალმა, საჰაბეების ეს მწუხარე მდგომარეობა დაინახა, ისიც ძალიან დამწუხრდა და დალოცვილი თვალებიდან ცრემლი ჩამოსდიოდა.
ერთ წუთს დაინახეს, როგორ უახლოვდებოდა ჩვენს შუამავალს ჰაზრეთი სა’დ ბინ მუ’აზის დედა, ქებშე ჰათუნი. უჰუდში მისი ვაჟი ამრი შეჰიდად დაეცა. როცა ჩვენს შუამავალთან მივიდა, თქვა: „დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი სული შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ელჰამდულილლაჰ, საღ-სალამათი გიხილე. რაკი შენ მშვიდობით ხარ, ყველა უბედურება ჩემთვის არაფერია!“ თავის გულის ნატეხ ვაჟზე არც უკითხავს. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, როცა ვაჟის, ამრის, გამო სამძიმარი გამოუცხადა, უთხრა: „სა’დის დედავ! სასიხარულო ამბავი შენ და მის ოჯახს: მათგან ყველა, ვინც შეჰიდად დაეცა, სამოთხეში შეიკრიბა და ერთმანეთის ამხანაგები გახდნენ. ისინი თავიანთ ოჯახებსაც შეფაათს (შუამდგომლობას) გაუწევენ.“
ქებშე ჰათუნმა თქვა: „უზენაესი ალლაჰისგან მოსულ ყველაფერს ვჯერდებით, ალლაჰის შუამავალო! ამ სასიხარულო ამბების შემდეგ მათ ვინღა იტირებს! თქვენ ვედრება აღავლინეთ მათ შემდეგ დარჩენილთათვის.“ სამყაროთა ბატონმა ასეთი ვედრება აღავლინა: „ჩემო ალლაჰო! მათ გულებში არსებული მწუხარება გაფანტე! მათ შემდეგ დარჩენილნი კი დარჩენილთა შორის საუკეთესონი გახადე!“
ჩვენმა შუამავალმა, ხორციელ სურვილებთან ბრძოლას რომ გულისხმობდა, საჰაბეებს უთხრა: „(ჩემო საჰაბეებო! ახლა) მცირე ჯიჰადიდან დავბრუნდით, დიდ ჯიჰადს ვიწყებთ.“35 შემდეგ ყველას ურჩია, თავიანთ სახლებში დაესვენათ, დაჭრილებს კი – ჭრილობები ემკურნალათ. თვითონაც დაჭრილი იყო. პირდაპირ თავის ბედნიერ სახლში წავიდა.
ჰამრაულ-ესედის ღაზვა
რადგან შესაძლებელი იყო, რომ კერპთაყვანისმცემლები ნებისმიერ წამს დაბრუნებულიყვნენ და მედინას თავს დასხმოდნენ, უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინაში დაბრუნებისთანავე ზომები მიიღო.
უჰუდის ღაზვის მომდევნო ორშაბათს, თუმცა თვითონაც დაჭრილი იყო, რომ ეჩვენებინა, მუსლიმები გუშინდელი ბრძოლის გამო არ დასუსტებულან, და რომ მტერი დაეშინებინა და მედინაში დაბრუნებისგან შეეკავებინა, ბილალ ჰაბეშს უთხრა: „თქვი: ‚ალლაჰის შუამავალი გიბრძანებთ, მტერს დაედევნოთ! გუშინ უჰუდში ჩვენთან ერთად ვინც არ იბრძოდა, არ მოვიდეს, მხოლოდ ბრძოლის მონაწილეები მოვიდნენ!‘“ როცა ბილალმა ეს ბრძანება საჰაბეებს აუწყა, თუმცა მათი უმეტესობა დაჭრილი იყო, მაშინვე მოემზადნენ. მძიმედ დაჭრილი ძმებიც კი, სახელად აბდულლაჰი და რაფი’, როგორც კი უკეთილშობილესი შუამავლის ეს მოწოდება გაიგეს, ყოველგვარი ტკივილისა და წვალების მიუხედავად, მუჯაჰიდთა მწკრივებისკენ გაიქცნენ სიტყვებით: „ნუთუ ალლაჰის შუამავალთან ერთად ღაზვაში გასვლის შემთხვევას ხელიდან გავუშვებთ?!“
ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა თავის სახელოვან საჰაბეებთან ერთად კერპთაყვანისმცემლებს დევნა დაუწყო. რევჰად წოდებულ ადგილას შეიტყვეს, რომ კერპთაყვანისმცემლები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, მედინას თავს დასხმოდნენ და მუსლიმები გაენადგურებინათ. გამოჩნდა, რომ ეს ზომაც ჩვენი შუამავლის სასწაული იყო.
როცა კერპთაყვანისმცემლებმა გაიგეს, რომ უკეთილშობილესი შუამავალი მათზე მოდიოდა, შეშინდნენ, თავიანთი ადგილი მიატოვეს და მექქაში დაბრუნდნენ.36
ჩვენი შუამავალი მათ ჰამრაულ-ესედად წოდებულ ადგილამდე დაედევნა. კერპთაყვანისმცემელთაგან ორი კაცი შეიპყრეს. იქ სამი დღე დარჩნენ, შემდეგ მედინაში დაბრუნდნენ.
უზენაესმა ალლაჰმა ჰამრაულ-ესედში წასული ეს პატივდებული საჰაბეები წმინდა აიათში შეაქო და შინაარსით ბრძანა: „მათთვის, ვინც დაჭრის შემდეგაც უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის მოწოდებას გამოეხმაურა, და განსაკუთრებით მათთვის, ვინც მათგან სიკეთეს იქმს და ბოროტებას ერიდება, ძალიან დიდი საზღაურია.“37
იმათგან, ვინც უჰუდში ჩვენი საყვარელი შუამავლის მოკვლა დაიფიცა, იბნი ყამიე, როცა მექქაში დაბრუნდა, ერთ დღეს ცხვრების სანახავად მთაზე ავიდა. მთის მწვერვალზე თავისი ცხვრები იპოვა. მათგან ერთი ვერძი სწრაფად გამოიქცა და იბნი ყამიეს რქების რტყმა დაუწყო. ურტყა და ურტყა, ვიდრე იბნი ყამიე არ დაგლიჯა და არ მოკლა.
აბდულლაჰ შიჰაბ ზუჰრი, როცა მექქაში მიდიოდა, თეთრწინწკლებიანმა გველმა უკბინა და მოკლა.
ყველამ, ვინც ჩვენს შუამავალს ხელი აღმართა, ერთი წლის განმავლობაში მიიღო თავისი სასჯელი და დაიხოცა.
„ჩემო საჰაბეებო! ახლა მცირე ჯიჰადიდან დავბრუნდით, დიდ ჯიჰადს ვიწყებთ“ ჰადისი შერიფი
თუ მისი მეგობარი გველის შხამს შესვამს, ააბ-ი ჰაიათად ექცევა,
თუ მისი მტერი წყალს დალევს, გველის შხამად ექცევა წყალი.
ყოველ წვეთში ათასი წყალობის ზღვა აღელვდება,
როცა აბდესისთვის ხელს გაიწვდის და ვარდისფერ ღაწვს შეასხამს წყალს.
„მის ფერხთა მტვერს მივწვდეო“, – საუკუნეებია, განუწყვეტლივ
თავს ქვიდან ქვას ახლის და დახეტიალობს მაწანწალა წყალი.
მისი კარიბჭის მტვრის ყოველ ნაწილაკზე ნურის მოფენა სურს,
იმ კარიბჭიდან არ ბრუნდება, ნაკუწებად რომც დაიმსხვრეს წყალი.
ცოდვილებმა იციან: შენი ქების (ნათის) გამეორება წამალია,
ისე, როგორც ხუმარის გასაქარვებლად
ლოთი სვამს წყალს.
ჰოი, ჰაბიბულლაჰ, ჰოი, ჰაირულ-ბეშერ, შენ გეტრფი,
როგორც დამწვარი, დაწყურებული ბაგეები ნატრობენ წყალს.
შენ ხარ ის სიუხვის ზღვა, რომლის მადლის ცვარი მი’რაჯის ღამეს
ვარსკვლავებსა და პლანეტებამდე მიიტანა წყალმა.
