საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

ბი’რი მაუნეს ამბავი

იმავე წლის საფერის თვეში მედინაში მოვიდა არაბეთის ნეჯდის მხარეში მცხოვრები ამირიანების მეთაური ებუ ბერა ამირ ბინ მალიქი. უკეთილშობილეს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ეწვია. ჩვენმა შუამავალმა მას ისლამი აუხსნა და მუსლიმობა ურჩია. ებუ ბერა მუსლიმი არ გახდა, მაგრამ თქვა, რომ ისლამი მშვენიერი და პატიოსანი რჯულია. ამას გარდა, სთხოვა, ნეჯდში ისლამის გასავრცელებლად საჰაბეთაგან რამდენიმე კაცი გაეგზავნა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „ნეჯდის ხალხს არ ვენდობი: ვშიშობ, ვისაც გავგზავნი, ზიანი არ მიაყენონ!“ ამირმა თქვა: „მე მათ ჩემს მფარველობაში ავიყვან. მაშინ მათ ვერავინ ავნებს.“

სამყაროთა ბატონმა ეს მტკიცე პირობა მიიღო და სოფფას საჰაბეებიდან (ასჰაბი სოფფა) სამოცდაათკაციანი დელეგაცია მოამზადა. ისინი ღამღამობით წმინდა ყურანს კითხულობდნენ. ყველანი ყურანის ჰაფიზები იყვნენ. მათ „ასჰაბი ყურრას“ უწოდებდნენ. რამდენიმე მათგანის სახელია: ამირ ბინ ფეჰრი, ამრ იბნი ზამრი, ატიიე ბინ აბდულლაჰი, ენეს ბინ მუ’ავიიე, ჰაქემ ბინ ქეისანი, ჰარის ბინ სიმმე, ქა’ბ ბინ ზეიდი, მალიქ ბინ საბითი, მუნზირ ბინ ამრი, რაფი’ ბინ მეზილი, სა’იდ ბინ ჰუზამი, სელიმ ბინ მილჰანი, სუჰეილ ბინ ამირი, ტუფეილ ბინ ეს’ადი, ურვე ბინ სალთი (რადიალლაჰუ თეალა ანჰუმ). ალლაჰის შუამავლის ბრძანებით ჰაზრეთი მუნზირ ბინ ამრის მეთაურობით გაემგზავრნენ. ალლაჰის შუამავალმა თითო წერილიც დააწერინა და ბენი ამრისა და ბენი ნეჯდის მეთაურებს გაუგზავნა.

ებუ ბერა, რომელსაც სურდა, მისი ტომი ისლამის პატივს ღირსებოდა, სოფფას საჰაბეებზე ადრე გაემგზავრა, თავის ტომთან მივიდა, თქვა, რომ დელეგაცია თავის მფარველობაში აიყვანა, და გააფრთხილა, რომ მათ არავინ შეხებოდა. ყველა, გარდა მისი ძმისშვილის, ამირ ბინ ტუფეილისა, დათანხმდა, რომ მათ არ შეხებოდნენ. მაგრამ ამირ ბინ ტუფეილმა სამი ტომის კაცები შეაიარაღა, მათ სათავეში ჩაუდგა და ბი’რი მაუნესთან მისული საჰაბეები ალყაში მოაქცია. ოთხივე მხრიდან ალყაშემორტყმულმა საჰაბეებმა ხმლებს მოჰკიდეს ხელი და ყველამ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გმირულად იბრძოლა. ორის გარდა ყველამ შეჰიდობის შერბეთი შესვა. ჰაზრეთი ამრ ბინ უმეიიე დაატყვევეს. ჰაზრეთი ქა’ბ ბინ ზეიდი კი მკვდარი ეგონათ და დატოვეს.

შეჰიდად დაცემული ამ დალოცვილი საჰაბეების უკანასკნელი სიტყვები იყო: „ჩემო უფალო! ახლა შენ გარდა არავინ არის, ვინც ალლაჰის შუამავალს ჩვენს მდგომარეობას აუწყებს. ჩვენი სალამი გადაეცი მას!“ იმ წამს ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) უაღრესად დამწუხრებული მივიდა ჩვენს შუამავალთან, მათი სალამი გადასცა და თქვა: „ისინი უზენაეს ალლაჰს შეხვდნენ. უზენაესი ალლაჰი მათით კმაყოფილია, ისინიც უზენაესი ალლაჰით არიან კმაყოფილნი.“

როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა უპასუხა: „ვე ალეიჰისსელამ“, ძალიან დამწუხრებული მიუბრუნდა საჰაბეებს და მომხდარი აცნობა: „თქვენი ძმები კერპთაყვანისმცემლებს შეხვდნენ. კერპთაყვანისმცემლებმა ისინი აკაფეს და შუბებით დაფლითეს…“

„ისინი (ბი’რი მაუნეს შეჰიდები) უზენაეს ალლაჰს შეხვდნენ. უზენაესი ალლაჰი მათით კმაყოფილია, ისინიც უზენაესი ალლაჰით არიან კმაყოფილნი“ ჰადისი შერიფი

ბი’რი მაუნეს ამბავი

შენი სული ალლაჰის ნურის წერტილია, ალლაჰის შუამავალო, შენი მშვენება სულს ამაღლებს და გულებს ხსნის, ალლაჰის შუამავალო. წყალობის ნიშნების მატარებელი შენი არსების დაბადებამ ურწმუნოების წყვდიადი გაფანტა – ეს ყველა მორწმუნემ იცის, ალლაჰის შუამავალო. შუამავლობის ვარდნარში შენ ხარ ვარდის ბუჩქი, და მაინც ალლაჰის მიერ აღზრდილი უკანასკნელი ნერგი შენა ხარ, ალლაჰის შუამავალო. სიუხვე გამოიჩინე, ჩემო ბატონო, უფლის დიდებულო საბუთო! ნეჯიბის სატკივარს შენი უხვი მადლი (ფეიზი) წამლობს, ალლაჰის შუამავალო. სულთანი აჰმედ III (ნეჯიბი)

ამ ამბის დროს, როცა ჰაზრეთი ამირ ბინ ფუჰეირე მტერს ებრძოდა, მას ზურგში ერთმა კაცმა, სახელად ჯებბარმა, შუბი ჩასცა. იმ წამს ჰაზრეთი ამირმა თქვა: „ალლაჰს ვფიცავ, სამოთხე მოვიპოვე!“ შემდეგ ჯებბარისა და სხვა კერპთაყვანისმცემლების თვალწინ ზეცისკენ აიტაცეს. ამით ყველა გაოცდა, მაგრამ მათგან მუსლიმი მხოლოდ ჯებბარი გახდა, რომელმაც ის შეჰიდად აქცია.

ჩვენი შუამავალი რეჯი’სა და ბი’რი მაუნეს ამბებმა ძალიან დაამწუხრა. ერთი თვის განმავლობაში ყოველი ნამაზის შემდეგ ვედრებას აღავლენდა, რომ იმ ტომებს, რომლებმაც ეს მწარე საქმე ჩაიდინეს, უბედურება დასტყდომოდათ. უზენაესმა ალლაჰმა თავისი შუამავლის ვედრება შეისმინა. იმ ტომებს საშინელი გვალვა და შიმშილი მოუვლინა. შემდეგ გადამდები სენით შვიდასი კაცი დაიხოცა.1

შენ სამყაროთა მკურნალი ხარ, ჩემი გული კი ძალიან სნეულია,
განკურნების იმედით შენთან მოვიტანე.
ზურგზე ცოდვების მთა მაწევს, შიშით სახე ჩალასავით გამიყვითლდა,
მაგრამ დიდი იმედი მაქვს: აქ მოვიტანე, რომ ცოდვები გაქრეს.
სამყაროთა ბატონო! შენი მიჯნური ვარ, შენით მოხიბლული;
შენგან განშორებული დღედაღამ ვტირი.
შენი დიდი წყალობა ააბ-ი ჰაიათია, მე კი მწყურია;
თუ ერთი წვეთიც არ იქნება, მოვკვდები, სულს განვუტევებ.
მისი ზნით ქება ამაო მცდელობაა,
მისი სიტყვით აღწერა კი უფრო ძნელია.
მიმტევებელია, უხვი და ისეთი გულუხვი: წყლიდან მარგალიტი,
ქვიდან გოჰარი, ეკლიდან ვარდი მოდის.
მზე თუ ნურს აფრქვევს, ეს მისი ნურებიდანაა,
ვარდზე ცვარის წვეთი მისი ვარდისფერი სახიდან მოდის.
მისი აღწერა ამაზე უფრო მაღალია,
მაგრამ უფრო მაღლა თუ ვიტყვი, უცხონი უარყოფენ.
სამყაროს ერთ ნაწილაკში მოთავსება შესაძლებელი იქნებოდა,
მისი სიტყვით აღწერა კი უფრო ძნელია.
მევლანა ჰალიდ ბაღდადი

„ალლაჰს ვფიცავ, სამოთხე მოვიპოვე!“ ამირ ბინ ფუჰეირე (რადიალლაჰუ ანჰ)

ბენი ნადირის ღაზვა