საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

ჰენდექის ღაზვა

მას აჰზაბის ღაზვასაც უწოდებენ. აჰზაბი სიტყვა ჰიზბის მრავლობითია. ჰიზბი ნიშნავს დასს, ჯგუფს, ნაწილს. რადგან ამ ღაზვაში ალლაჰის შუამავალთან საბრძოლველად რამდენიმე დასი გაერთიანდა, მას აჰზაბის ღაზვა ეწოდა. ჰიჯრეთის მეხუთე წელი იდგა. მედინეი მუნევვერედან გაძევებული იუდეველი ნადირიანები, შფოთისა და არეულობის წყარო, ჯგუფებად დაიყვნენ: ნაწილი შამში (სირიაში) წავიდა, ნაწილი კი ჰეიბერში. მაგრამ მათი გულები ისლამისა და ჩვენი შუამავლის მიმართ სიძულვილითა და შურისძიების გრძნობით იყო მოცული. მათი მეთაური ჰუიეი ბინ აჰტაბი თავისი ხალხის წარჩინებულთაგან შეკრებილ ოც კაცთან ერთად მექქაში წავიდა. ებუ სუფიანს შეხვდნენ და იმაზე მოსალაპარაკებლად დასხდნენ, თუ როგორ მოეშორებინათ ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი პიროვნება. თქვეს: „ვიდრე ამ საქმეს არ დავასრულებთ, თქვენ გვერდით ვიქნებით და არ მოგშორდებით!“ ებუ სუფიანმა თქვა: „ვინც ჩვენი მტრის მტერია, ის ჩვენთან მისაღებია. მაგრამ, რომ თქვენ ვენდოთ, ჩვენს კერპებს უნდა სცეთ თაყვანი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ გულწრფელნი ხართ, და დავრწმუნდეთ თქვენში.“ მოღალატე იუდეველები, რომლებიც მიზნის მისაღწევად თავიანთ რჯულსაც კი გასცემდნენ, კერპების წინაშე პირქვე დაემხნენ… წიგნიანი ურწმუნოებიდან უწიგნო ურწმუნოებად იქცნენ. ფიცი დადეს, რომ ჩვენს საყვარელ შუამავალს მოიშორებდნენ და ისლამის რჯულს დაანგრევდნენ.

კერპთაყვანისმცემლებმა მაშინვე დაიწყეს ომისთვის მზადება. მეზობელ კერპთაყვანისმცემელ ტომებსაც გაუგზავნეს კაცები. იუდეველებიც ამოძრავდნენ, რომ სხვადასხვა ტომი დაეყოლიებინათ. ზოგიერთ ტომს ფული და ფინიკი აღუთქვეს და ასე შეაიარაღეს. კერპთაყვანისმცემლებმა მექქის მიდამოებიდან ოთხიათასკაციანი დიდი ძალა გამოიყვანეს. ებუ სუფიანმა დარ-უნ ნედვეში დროშა შეკრა და ოსმან ბინ ტალჰას გადასცა. ჯარს სამასი ცხენი, უამრავი იარაღი და ათას ხუთასი აქლემი ჰყავდა.

როცა ოთხიათასკაციანი კერპთაყვანისმცემელთა ჯარი მერრუზ-ზაჰრანს მიადგა, ბევრმა ტომმა – სულეიმიანებმა, ფეზარეიანებმა, ღატფანელებმა, მურრეიანებმა და ესედიანებმა – ექვსი ათასი კაცი მიაშველა და კერპთაყვანისმცემელთა ჯარის რიცხვი ათ ათასამდე გაზარდა. იმ დროისთვის ეს უაღრესად დიდი ძალა იყო.

ჰუზაას ტომმა, რომელიც ოდითგანვე უკეთილშობილეს შუამავალთან (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მეგობრობდა, მაშინვე მედინაში ამბავი გააფრინა: ერთმა მხედარმა, რომელმაც ათდღიანი გზა ოთხ დღეში გაიარა, შუამავალს კერპთაყვანისმცემელთა ვითარება დაწვრილებით აუწყა.

ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, რომელიც თავის საქმეებს საჰაბეებთან თათბირით აკეთებდა, მაშინვე შეკრიბა საჰაბეები და ვითარება განიხილა. ყოველმა საჰაბემ თავისი წინადადება თქვა, სად და როგორ უნდა ებრძოლათ. ამ თათბირზე მყოფმა ჰაზრეთი სელმან ფარისიმ სიტყვა აიღო და თქვა:

„ალლაჰის შუამავალო! ჩვენ ბრძოლის ერთი წესი გვაქვს: როცა გვეშინოდა, რომ მტერი უეცრად დაგვესხმოდა, ირგვლივ თხრილს (ჰენდექს) ვთხრიდით და ასე ვიცავდით თავს.“ ეს წესი შუამავალსაც და საჰაბეებსაც მოეწონათ და გადაწყდა, რომ მტერს ასე შებრძოლებოდნენ.1

შუამავალმა მაშინვე თან წაიყვანა საჰაბეთაგან ზოგიერთი და დაადგინა, სად უნდა გაეთხარათ თხრილი. მედინის სამხრეთი მხარე ბაღებით იყო სავსე და ხშირი ხეებით დაფარული. ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ კერპთაყვანისმცემლები იქიდან მთელი ძალით შემოუტევდნენ.

„გიხაროდეს, აიშე! უზენაესმა ალლაჰმა შენ გაგამართლა და შენს სიწმინდეს დაემოწმა“ ჰადისი შერიფი

გარდა ამისა, ამ მხარის დაცვას მცირე ძალაც შეძლებდა. აღმოსავლეთით კი ცხოვრობდა იუდეური ტომი ბენი ყურეიზა, რომელთანაც ხელშეკრულება იყო დადებული. ამიტომ კერპთაყვანისმცემლებს შეტევა მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხარეს, გაშლილი ადგილიდან შეეძლოთ. ამ მხარეებში დაადგინეს, სად უნდა გაეთხარათ თხრილი. თითოეულ საჰაბეს დაახლოებით სამი მეტრი ერგებოდა. ყველას თავისი წილი ორი კაცის სიმაღლეზე (დაახლოებით 3,5 მეტრზე) უნდა გაეთხარა, თხრილი კი იმდენად განიერი (7–8 მეტრი) უნდა ყოფილიყო, რომ სწრაფად მორბენალ ცხენს ვერ გადაეხტა. დრო ცოტა იყო. მტერი მექქიდან გამოსულიყო და მედინისკენ მოემართებოდა. თხრილი რაც შეიძლება მალე უნდა გაეთხარათ.

ჩვენი საყვარელი შუამავალი თავის გმირ საჰაბეებს თვითონ ჩაუდგა სათავეში, თქვა: „ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ“ და პირველი წერაქვი დაჰკრა. ყველა მთელი მონდომებით ცდილობდა, თხრილი რაც შეიძლება მალე გაეთხარა. ამ საქმეში ბავშვებიც კი მონაწილეობდნენ. ალლაჰის შუამავლისთვის ზუბაბის გორაზე თურქული კარავი გაშალეს. თხრილიდან ამოღებული მიწა კალათებით ამ გორის ირგვლივ იყრებოდა, მობრუნებისას კი სელის მთიდან მტრისთვის სასროლად ქვები მოჰქონდათ. ვინც კალათას ვერ შოულობდა, მიწას კალთით ეზიდებოდა. ჩვენი საყვარელი შუამავალიც დაღლამდე მუშაობდა. ამის მხილველი საჰაბეები უფრო მეტი გულმოდგინებით ივსებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეუბნებოდნენ: „ჩვენი სიცოცხლე შენ შემოგწირვია, ალლაჰის შუამავალო! ჩვენი შრომაც საკმარისია. შენ ნუ შრომობ, დაისვენე“, ის მათ პასუხობდა: „მეც მინდა, ვიყო თანაზიარი იმ სევაბისა, რომელსაც შრომით იხვეჭთ.“2

იმ დღეებში ძალიან ციოდა. გარდა ამისა, იმ წელს გვალვის გამო შიმშილობა მეფობდა. საჭმლის შოვნაც საკმაოდ ძნელი იყო. სამყაროს ბატონის ჩათვლით ყველა საჰაბე საშინელ შიმშილს განიცდიდა. რომ თავი ძლიერად ეგრძნოთ, შიმშილისგან მუცელზე ქვებს იკრავდნენ და კუჭის მოჭერით საჭმლის მოთხოვნილების დაოკებას ცდილობდნენ. ჩვენი საყვარელი შუამავალი, რომელიც სამყაროთა მოწყალებად იყო წარმოგზავნილი, საკუთარ შიმშილზე არ ფიქრობდა. ძალიან სწუხდა, რომ მისი საჰაბეები ამ სიცივეში მშივრები შრომობდნენ და ამდენ გასაჭირს ითმენდნენ; ებრალებოდა ისინი და ევედრებოდა: „ჩემო ალლაჰო! საიქიოს ცხოვრების გარდა სხვა (სასურველი) ცხოვრება არ არსებობს. ჩემო უფალო! შეუნდე ენსარებსა და მუჰაჯირებს!“ ისინიც თავიანთ სიცოცხლეზე მეტად საყვარელ უკეთილშობილეს ჰაბიბს პასუხობდნენ: „სიცოცხლის ბოლომდე ალლაჰის შუამავალს გავყევით, რომ უზენაესი ალლაჰის გზაზე ისლამის რჯული გაგვევრცელებინა.“ ეს ორმხრივი სიყვარული შიმშილისა და წყურვილის მსგავს ბევრ გასაჭირს ფესვიანად ძირკვავდა და მიჰქონდა.

ელვამ გაიელვა

თხრილის თხრა ყოველდღე დილით ადრე იწყებოდა და საღამომდე გრძელდებოდა. ერთ დღეს თხრისას ჰაზრეთი ალი ბინ ჰაქემმა ფეხი დაიზიანა. ცხენზე შესვეს და შუამავალთან მიიყვანეს. სამყაროს ბატონმა თქვა: „ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ“ და ფეხზე ხელი გადაუსვა. შუამავლის სასწაულით (მუ’ჯიზეთი) მას ფეხიდან სისხლი წამსვე შეუწყდა და ტკივილი გაუქრა. თხრილის თხრა გრძელდებოდა. საჰაბეები ერთხელ ძალიან მაგარ ადგილს წააწყდნენ. თხრა შეუძლებელი იყო. უკეთილშობილეს შუამავალთან მივიდნენ და ეს აუწყეს. ის მობრძანდა და თხრილში ჩავიდა. წყლიანი ჭურჭელი მოითხოვა. ერთი ყლუპი მოსვა და ისევ ჭურჭელში ჩააბრუნა. შემდეგ ეს წყალი მაგარ მიწას მოასხურა. ურო აიღო და ის ადგილი ერთი დარტყმით ქვიშასავით დაშალა. ახლა იქ თხრა ადვილი გახდა. ამ დარტყმისას ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი მუცელი რომ გამოჩნდა, იქ მყოფებმა დაინახეს, რომ შიმშილისგან დალოცვილ კუჭზე ქვა ჰქონდა მიკრული. ალლაჰის შუამავლის ასეთ მდგომარეობაში მხილველი ჰაზრეთი ჯაბირ ბინ აბდულლაჰი მასთან მივიდა და ნებართვა სთხოვა: „დედ-მამა შენ შემოგწირვია, ალლაჰის შუამავალო! თუ ნებას დამრთავთ, სახლში წავალ და დავბრუნდები.“ ნებართვის მიღების შემდეგ რაც მოხდა, ჰაზრეთი ჯაბირმა ასე მოგვითხრო:

„როცა ნებართვა მომეცა, სახლში მივედი და ცოლს ვკითხე: ‚ალლაჰის შუამავალთან (ალეიჰისსელამ) ისეთი შიმშილი ვნახე, რომ ატანა შეუძლებელია. სახლში საჭმელი რამე გვაქვს?‘ მან მითხრა: ‚ამ თიკნისა და რამდენიმე მუჭა ქერის გარდა არაფერი გვაქვს.‘ მაშინვე თიკანი დავკალი, ცოლმა კი ქერი ხელის წისქვილზე დაფქვა და ფქვილად აქცია. შემდეგ ცომი მოზილა. ხორცი ქოთანში ჩადო და თონეში დაიწყო მისი მოხარშვა. ალლაჰის შუამავალთან რომ ვბრუნდებოდი, ცოლმა მკაცრად გამაფრთხილა, საჭმლის სიმცირის გამო არ შევრცხვენილიყავით. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალთან მივედი და ვუთხარი: ‚ალლაჰის შუამავალო! ძალიან ცოტა საჭმელი მაქვს. ერთი-ორი კაცი თან იახლეთ და საჭმელად გვეწვიეთ!‘

ალლაჰის შუამავალმა მიბრძანა: ‚შენს ცოლს უთხარი, ვიდრე მე არ მოვალ, თონიდან არც ხორცის ქოთანი ამოიღოს და არც პური.‘ შემდეგ მუჯაჰიდებს მიუბრუნდა და ბრძანა: ‚ჰოი, ჰენდექის ხალხო! ჯაბირს ჩვენთვის სუფრა გაუშლია, საჭმელად გვიწვევს. მისი საჭმელი უხვიცაა და გემრიელიც. ადექით! ჯაბირის სუფრაზე მივდივართ!‘ ამ ბრძანებით საჰაბეები შეიკრიბნენ და ჩვენს შუამავალს უკან გაჰყვნენ. მე მაშინვე სახლში დავბრუნდი, ცოლს მომხდარი ვუამბე და ვუთხარი: ‚ახლა რა ვქნათ?‘ მან მკითხა: ‚ალლაჰის შუამავალს (ალეიჰისსელამ) არ უკითხავს, რამდენი საჭმელია?‘ ვუთხარი: ‚მკითხა და ვუთხარი.‘ ცოლმა მკითხა: ‚საჰაბეები შენ დაპატიჟე თუ ალლაჰის შუამავალმა?‘ როცა ვუთხარი: ‚ალლაჰის შუამავალმა დაპატიჟა‘, ამ სიტყვებით დამამშვიდა: ‚ალლაჰის შუამავალმა (ალეიჰისსელამ) უკეთ იცის.‘

ცოტა ხანში ჩვენს კარზე შუამავლის ნათელი სახე გამოჩნდა. მრავალრიცხოვან საჰაბეებს უბრძანა: ‚შემოდით, ოღონდ ერთმანეთს ნუ აწვებით.‘ ჩემი ძმები, საჰაბეები, ათ-ათკაციან ჯგუფებად დასხდნენ. პატივცემულმა ნებიმ პურისა და ხორცის ბარაქისთვის ივედრა. შემდეგ ქოთანი თონიდან არ ამოუღია, ისე ჩამჩით იღებდა მის შიგთავსს, აღებულ პურებზე აწყობდა და თავის საჰაბეებს უმასპინძლდებოდა. ასე განაგრძო, ვიდრე ყველა საჰაბე არ გაძღა. ვფიცავ, თუმცა მჭამელები ათასზე მეტნი იყვნენ, პური და ხორცი ისევ ისე იყო. როცა ჩვენც ვჭამეთ, დანარჩენი მეზობლებს დავურიგეთ.“3

ჰაზრეთი სელმან ფარისი თხრილს ძალიან კარგად თხრიდა. მარტო ათი კაცის საქმეს აკეთებდა. როცა ის თავის ამხანაგებთან ერთად მისთვის განკუთვნილ ადგილს თხრიდა, ძალიან მაგარ და დიდ, თეთრ კლდეს წააწყდნენ. მის დასამსხვრევად დიდხანს იწვალეს, მაგრამ მთელი მათი შრომა ფუჭი გამოდგა. ამასთან, უროებიც, წერაქვებიც და ნიჩბებიც დაემტვრათ. ჰაზრეთი სელმანი ჩვენს საყვარელ შუამავალთან მივიდა და თავისი გასაჭირი მოახსენა: „დედ-მამა და ჩემი სიცოცხლე შენ შემოგწირვია, ალლაჰის შუამავალო! თხრილს რომ ვთხრიდით, მაგარ კლდეს წავაწყდით. რკინის ყველა იარაღი დაგვემტვრა, მაგრამ ადგილიდან ვერც კი დავძარით.“ უკეთილშობილესი ჰაბიბი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იმ ადგილას მობრძანდა და ურო მოითხოვა. იქ მყოფი საჰაბეები მოუთმენლად ელოდნენ, რით დამთავრდებოდა საქმე. შუამავალთა სულთანი თხრილში ჩავიდა. ურო აღმართა, თქვა: „ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ“ და კლდეს ისე ძლიერად დაჰკრა, რომ ამ დარტყმისგან ელვამ გაიელვა, ელვამ მედინა გაანათა და კლდეს ნატეხი ჩამოსცილდა.

უკეთილშობილესმა შუამავალმა თექბირი წარმოთქვა: „ალლაჰუ ექბერ!“ ეს რომ გაიგონეს, საჰაბეებმაც წარმოთქვეს თექბირი. შემდეგ მეორედ დაჰკრა ურო. ისევ ელვა, რომელმაც ირგვლივ ყველაფერი გაანათა!…

„მეც მინდა, ვიყო თანაზიარი იმ სევაბისა, რომელსაც შრომით იხვეჭთ“ ჰადისი შერიფი

და კლდეს მოწყვეტილი ნატეხები… ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა კვლავ წარმოთქვა თექბირი: „ალლაჰუ ექბერ!“ მას საჰაბეების თექბირი მოჰყვა. როცა ურო მესამედ დაეშვა, კიდევ ერთხელ გაიელვა ელვამ, ირგვლივ ყველაფერი გაანათა და კლდე ნაწილებად დაიშალა. სამყაროს ბატონმა კვლავ წარმოთქვა თექბირი: „ალლაჰუ ექბერ!“ მისმა სახელოვანმა საჰაბეებმა მას მიჰბაძეს და კვლავ წარმოთქვეს თექბირი.

ჰაზრეთი სელმანმა ხელი გაუწოდა. ჩვენი საყვარელი შუამავალი თხრილიდან ამოვიდა. სელმან ფარისიმ თქვა: „დედ-მამა და ჩემი სიცოცხლე შენ შემოგწირვია, ალლაჰის შუამავალო! ახლა ის ვნახე, რაც მთელი ჩემი სიცოცხლე არ მენახა. რა სიბრძნეა ამაში?“ ამაზე შუამავალი თავის საჰაბეებს მიუბრუნდა და ჰკითხა: „თქვენც ნახეთ, რაც სელმანმა ნახა?“ მათ თქვეს: „დიახ, ალლაჰის შუამავალო! როცა ურო კლდეს დაჰკარით, დავინახეთ, როგორ გაიელვა ძლიერმა ელვამ. თქვენ რომ თექბირი წარმოთქვით, ჩვენც წარმოვთქვით.“ შუამავალმა ბრძანა: „პირველი დარტყმის სინათლეზე ირანის ხელმწიფის (ქისრას) (მედაინში მდებარე) სასახლეები მეჩვენა. მოვიდა ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) და მაუწყა: ‚შენი უმმეთი იმ ქვეყნებს დაეპატრონება.‘ მეორე დარტყმისას ბიზანტიის ოლქის (შამის) წითელი სასახლეები მეჩვენა. მოვიდა ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) და მითხრა: ‚შენი უმმეთი იმ მხარესაც დაეპატრონება.‘ მესამისას სან’ას (იემენის) სასახლეები მეჩვენა. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) მაუწყა: ‚იმ ადგილსაც შენი უმმეთი დაეუფლება.‘“

როცა ამის შემდეგ სამყაროს სულთანმა სპარსთა ქისრას მედაინში მდებარე სასახლე აღწერა, ჰაზრეთი სელმანმა, რომელიც იმ მხარიდან იყო, თქვა: „ჩემი სიცოცხლე შენ შემოგწირვია, ალლაჰის შუამავალო! ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც შენ ჭეშმარიტი რჯულითა და წიგნით წარმოგგზავნა, ის სასახლეები ზუსტად ისეთია, როგორც აღწერეთ. ვმოწმობ, რომ შენ უზენაესი ალლაჰის შუამავალი ხარ.“ შუამავალმა ბრძანა: „სელმან! შამი უთუოდ დაიპყრობა. ჰერაკლიუსი თავისი ქვეყნის ყველაზე შორეულ კუთხეში გაიქცევა. თქვენ შამის ყველა მხარეს დაეუფლებით. ვერავინ დაგიდგებათ წინ. იემენი უთუოდ დაიპყრობა. ეს ‚დიიარი მეშრიყიც‘ უთუოდ დაიპყრობა და ქისრას მოკლავენ. უზენაესი ალლაჰი ამ დაპყრობებს ჩემ შემდეგ თქვენ გარგუნებთ.“4

ჰაზრეთი სელმან ფარისიმ გადმოსცა: „ვნახე, რომ ალლაჰის შუამავლის ყველა ეს სასიხარულო ამბავი აღსრულდა.“

მტერი აგერ-აგერ მოვიდოდა. თხრილს უდიდესი სისწრაფით თხრიდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე დაესრულებინათ. მუჯაჰიდები საქმეს მხოლოდ აუცილებლობისას, შუამავლის ნებართვით ტოვებდნენ და, საჭიროებას რომ მოიგვარებდნენ, ისევ თავიანთ საქმეს უბრუნდებოდნენ.

მუნაფიყები კი ძალიან დაუდევრად იქცეოდნენ: როცა უნდოდათ, მაშინ მოდიოდნენ სამუშაოდ და როცა უნდოდათ, ნებართვის გარეშე ტოვებდნენ და მიდიოდნენ. ამასთან, საჰაბეების ასეთ შრომას დასცინოდნენ და შუამავლის მიერ მოცემულ სასიხარულო ამბებზეც კი ამბობდნენ: „ჩვენ მტრის შიშით თხრილებს ვაფარებთ თავს, ის კი იემენის, ბიზანტიისა და სპარსეთის სასახლეებს გვპირდება. გაკვირვებული ვართ თქვენი ამ მდგომარეობით!…“

ამის გამო მუჯაჰიდების შესახებ გარდამოვლენილ წმინდა აიათში ბრძანებულია, შინაარსით: „ჭეშმარიტი მორწმუნეები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ირწმუნა უზენაესი ალლაჰი და მისი შუამავალი და, როცა მის (ალლაჰის შუამავლის) გვერდით არიან საერთო საქმეში (რომელიც ყველას ეხება), არ მიდიან, ვიდრე მისგან ნებართვას არ აიღებენ. მაშასადამე, (ჩემო ჰაბიბო!) ისინი, ვინც შენგან ნებართვას ითხოვენ, ჭეშმარიტად ისინი არიან, ვისაც სწამს უზენაესი ალლაჰი და მისი შუამავალი. როცა ეს მორწმუნეები თავიანთი ზოგიერთი საქმის გამო ნებართვას გთხოვენ, ნება მიეცი მათგან იმას, ვისაც ინებებ, და შესთხოვე უზენაეს ალლაჰს, მიუტევოს მათ. ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი ღაფურ-ურ-რაჰიმია, დიდად მიმტევებელი, დიდად მწყალობელი.“5

მუნაფიყების შესახებ გარდამოვლენილ აიათებში კი ბრძანებულია, შინაარსით: „ნუ გაუთანაბრებთ უზენაესი ალლაჰის შუამავლის მოწოდებას იმას, როგორც თქვენ ერთმანეთს უხმობთ! უზენაესმა ალლაჰმა უთუოდ იცის თქვენგან ისინი, ვინც ერთმანეთს ეფარება და ფარულად (იპარება და) გარბის. დაე, გაფრთხილდნენ ისინი, ვინც მის ბრძანებას ეწინააღმდეგება, რომ ამქვეყნად განსაცდელი არ დაატყდეთ თავს და საიქიოში მტკივნეული სასჯელი არ ეწიოთ! იცოდეთ! რაც ცათა შინაა და ქვეყანასა ზედა, ყველაფერი უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის. მან იცის, რა მდგომარეობაშიც ხართ (თქვენი ყველა თვისება, თქვენი განზრახვები, მორწმუნეები ხართ თუ მუნაფიყები). უზენაესი ალლაჰი განკითხვის დღეს, როცა მასთან დაბრუნდებით, გაუწყებთ ყველაფერს, რაც გაგიკეთებიათ. უზენაესმა ალლაჰმა ყველაფერი იცის.“6

თხრილის თხრის დაწყებიდან ექვსი დღე გავიდა. ყველამ თავისი საქმე ჯეროვნად დაასრულა. მხოლოდ ერთი ადგილის, დროის უქონლობის გამო, საკმარისად განიერად და ღრმად გათხრა ვერ მოასწრეს. შუამავალმა ამ ადგილის გამო შეშფოთება გამოთქვა და ბრძანა: „კერპთაყვანისმცემლები აქედან გარდა ვერსაიდან გადმოვლენ.“ იქ გუშაგები დააყენა.

უზენაესი ალლაჰი საუკეთესო მფარველია

როცა კერპთაყვანისმცემელთა ჯარი მედინას ძალიან მიუახლოვდა, იუდეველი ნადირიანების მეთაურმა ჰუიეიმ ყურაიშის ჯარის სარდალს აუწყა, რომ მედინელ ყურეიზელ იუდეველებს მუსლიმებთან ხელშეკრულება ჰქონდათ, მაგრამ მას შეეძლო მათი მეთაური, ქა’ბ ბინ ესედი, მოეტყუებინა და ყურაიშის მხარეს გადმოებირებინა. სარდალმა უთხრა: „ჰუიეი! მაშინვე წადი ქა’ბ ბინ ესედთან. მუსლიმებთან დადებული ხელშეკრულება დაარღვიონ და დაგვეხმარონ.“ ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ასეთი იყო: „თუ მედინას რომელიმე მტრული ჯარი შეუტევს, მუსლიმებთან ერთად უნდა გაერთიანდნენ და მტერს წინ აღუდგნენ.“

იუდეველი ჰუიეი კერპთაყვანისმცემელთა ჯარს გამოეყო და ღამით ბენი ყურეიზას მეთაურის, ქა’ბის, სახლთან მივიდა. კარზე დააკაკუნა, თავი გააცნო და თქვა: „ქა’ბ! ყურაიშის მთელი ჯარი და ბევრი ტომი – ქინანიანები, ღატფანელები და სხვები – ათიათასკაციან ჯარად მოვიყვანე. მუჰამმედი და მისი საჰაბეები ახლა ვეღარ გადარჩებიან. ყურაიშელებთან ერთად შევფიცეთ, რომ აქედან არ წავალთ, ვიდრე მათ სრულიად არ მოვსპობთ!…“ ქა’ბმა თავისი შიში გამოთქვა: „თუ მუჰამმედსა და მის საჰაბეებს ვერ მოკლავენ და ყურაიშელები და ღატფანელები თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან, აქ მარტონი დავრჩებით. მეშინია, ბოლოს ყველას არ დაგვხოცონ!…“ ჰუიეიმ უპასუხა: „რომ ეს შიში გაქრეს, ყურაიშელებსა და ღატფანელებს მძევლად სამოცდაათი კაცი მოსთხოვე. ვიდრე ეს მძევლები შენთან იქნებიან, ისინი აქედან ვერ წავლენ. თუ დამარცხდებიან და წავლენ, მე თქვენგან არ წავალ. ის უბედურება, რაც თქვენ დაგატყდებათ, მეც დამატყდება.“ ასე მოატყუა ქა’ბი, შემდეგ კი სხვა იუდეველებიც. მუსლიმებთან დადებული ხელშეკრულება დაახევინა. ასე დაირღვა ხელშეკრულება.

ჰუიეი კერპთაყვანისმცემელთა ჯარში დაბრუნდა და მომხდარი უამბო. აუწყა, რომ ბენი ყურეიზა მუსლიმებს ზურგიდან დაარტყამდა.

„ჰოი, ჰენდექის ხალხო! ჯაბირს ჩვენთვის სუფრა გაუშლია, საჭმელად გვიწვევს. მისი საჭმელი უხვიცაა და გემრიელიც. ადექით! ჯაბირის სუფრაზე მივდივართ!“ ჰადისი შერიფი

მეშვიდე დღეს კერპთაყვანისმცემლები ათიათასკაციანი დიდი ჯარით მედინის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მოვიდნენ და ბანაკი გაშალეს. ეს ბანაკი თხრილის გათხრილი ადგილის პირდაპირ იყო. კერპთაყვანისმცემლების ჩანაფიქრი იყო, ამ დიდი ჯარით მედინა თავიდან ბოლომდე გადაეწვათ და დაენგრიათ, შუამავალი და მისი საჰაბეები მოესპოთ და ისლამი გაენადგურებინათ. ეს გარეგნულად ძნელად დასაძლევი, უზარმაზარი ჯარი იყო. როცა კერპთაყვანისმცემლებმა დაინახეს თხრილის დაბრკოლება, რომელიც წარმოდგენაშიც არ მოსვლიათ, გაოგნდნენ და სული დაეცათ, რადგან თხრილი ისეთი განიერი იყო, რომ კარგი ცხენი ჭენებითაც ვერ გადაახტებოდა. ვინც შიგ ჩავარდებოდა, ადვილად ვერ ამოვიდოდა. მით უფრო ძნელი იყო ჯავშნიანი კაცისთვის ზემოთ აცოცება. როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა კერპთაყვანისმცემელთა მოსვლა გაიგო, მაშინვე შეკრიბა ექვსი დღის განუწყვეტელი შრომით დაღლილი საჰაბეები და თხრილის ამ მხარეს, სელის მთის ძირას ბანაკი გაშალა. მათ ზურგს უკან სელის მთა და მედინა იყო, წინ თხრილი, თხრილის იქით კი მტერი… მედინაში შუამავლის მოადგილედ კვლავ იბნი უმმუ მექთუმი დარჩა. ქალები და ბავშვები ციხე-კოშკებში მოათავსეს. სამიათასკაციან ისლამის ჯარს ოცდათექვსმეტი მხედარი ჰყავდა. დროშები ჰაზრეთი ზეიდ ბინ ჰარისეს და ჰაზრეთი სა’დ ბინ უბადეს ეჭირათ.7 ალლაჰის შუამავლის ტყავის კარავი სელის მთის ძირას დადგეს. საჰაბეებმა, რომლებსაც კვლავ ბევრი გმირობა უნდა გამოეჩინათ, მტრის ყოველ მოძრაობას ყურადღებით დაუწყეს თვალყურის დევნება. ამ დროს ჩვენს საყვარელ შუამავალთან ჰაზრეთი ომერი მივიდა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! როგორც გავიგე, ყურეიზელ იუდეველებს ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულება დაურღვევიათ და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის ემზადებიან!“ ამ მოულოდნელ ამბავზე სამყაროს ბატონმა მიუგო: „ჰასბუნალლაჰუ ვე ნიმელ-ვექილ (უზენაესი ალლაჰი გვყოფნის ჩვენ. რა მშვენიერი მფარველია ის!)“ ძალიან დამწუხრდა. ისლამის ჯარი ახლა ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა. ჩრდილოეთით და დასავლეთით კერპთაყვანისმცემელთა ჯარები იდგნენ, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი იუდეველები. ალლაჰის შუამავალმა ჰაზრეთი ზუბეირ ბინ ავვამი ყურეიზიანების ციხე-სიმაგრეში გაგზავნა. ჰაზრეთი ზუბეირი წავიდა და ვითარება შეიტყო. დაბრუნებულმა ნანახი უამბო: „ალლაჰის შუამავალო! ვნახე, როგორ ამაგრებდნენ ციხე-სიმაგრეებს, საომარ წვრთნებსა და მანევრებს ატარებდნენ. ამასთან, საქონელსაც აგროვებდნენ.“ ამაზე უკეთილშობილესმა ჰაბიბმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სა’დ ბინ მუ’აზი, სა’დ ბინ უბადე, ჰავვატ ბინ ჯუბეირი, ამრ ბინ ავფი და აბდულლაჰ ბინ რევაჰა ყურეიზიანებთან გაგზავნა, რომ მათთვის რჩევა-დარიგება მიეცათ და ხელშეკრულება განეახლებინათ.8 ეს ხუთი საჰაბე, რომლებსაც ეს დავალება მიეცათ, ყურეიზელი იუდეველების ციხე-სიმაგრეში წავიდა და მათ დარიგება დაუწყო. მაგრამ დარიგება არაფერს შველოდა. ამასთან, შეურაცხყოფაც დაიწყეს. ბოლო სიტყვად თქვეს: „ჩვენი ძმების, ნადირიანების, სამშობლოდან გაძევებით ხელ-ფრთა მოგვტეხეთ. ვინ ყოფილა საერთოდ ეს მუჰამმედი! ჩვენსა და მას შორის არანაირი სიტყვა და ხელშეკრულება არ არსებობს. ფიცი დავდეთ, რომ ყველანი ერთად თავს დავესხმებით თქვენს შუამავალს და მოვკლავთ. ჩვენს ძმებს უთუოდ მხარში ამოვუდგებით და დავეხმარებით!…“ ჰაზრეთი სა’დ ბინ მუ’აზი და მისი ამხანაგები ალლაჰის შუამავალთან მივიდნენ და ვითარება ისე, შეფარვით უამბეს, რომ ყველას არ გაეგო. შუამავალმა ბრძანა: „თქვენი ამბავი საიდუმლოდ შეინახეთ. მხოლოდ მას გაუმხილეთ, ვინც ისედაც იცის, რადგან ომი სიფრთხილე და ეშმაკობაა.“9

საჰაბეები თხრილის ამ მხარეს შუამავალს ელოდნენ და ფიქრობდნენ, როგორ მოიქცეოდა. ცოტა ხანში სამყაროს სულთანი თავის გმირ საჰაბეებთან მობრძანდა და თექბირი წარმოთქვა: „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“ ეს რომ გაიგონეს, სახელოვანმა საჰაბეებმა ერთხმად წარმოთქვეს თექბირი, უზენაესი ალლაჰის დალოცვილი სახელის სიდიადე გამოაცხადეს და თხრილის იქით ქვიშასავით მოფუთფუთე ურწმუნოთა გულებს შიში ჩაუგდეს. როცა კერპთაყვანისმცემლებმა თექბირები გაიგონეს, თქვეს: „მუჰამმედსა და მის საჰაბეებს, ალბათ, რაღაც სასიხარულო ამბავი მოუვიდათ.“

შუამავალმა თავის საჰაბეებს უბრძანა: „ჰოი, მუსლიმთა ჯემაათო! გაიხარეთ უზენაესი ალლაჰის გამარჯვებითა და შეწევნით!“ და ასე ახარა, რომ გაიმარჯვებდნენ. სახელოვანი საჰაბეები მანამდე ბევრ სერიიეში (რაზმში) იყვნენ და ბედრისა და უჰუდის ღაზვებში მონაწილეობდნენ. რიცხვითა და ძალით უპირატეს კერპთაყვანისმცემლებს ყოველ ჯერზე ამარცხებდნენ უზენაესი ალლაჰის ნებითა და უკეთილშობილესი შუამავლის ვედრების ბარაქით. როცა მათ სათავეში არსებათა „თავის გვირგვინი“ ედგა, არ შეიძლებოდა ყოფილიყო საქმე, რომელსაც ვერ გააკეთებდნენ, ან გასაჭირი, რომელსაც ვერ აიტანდნენ. ციოდა, შიმშილობა მძიმე იყო, შიმშილი დიდი… შუამავლის ჩათვლით ბევრს დალოცვილ მუცელზე ქვა ჰქონდა მიკრული. პირისპირ კი მტერი ქვიშასავით ფუთფუთებდა!… მაგრამ სახელოვანი საჰაბეებისთვის არც მტრის სიმრავლეს და არც გადატანილ გასაჭირს არ ჰქონდა მნიშვნელობა. უზენაესი ალლაჰი საუკეთესო მფარველი იყო… მას მიენდნენ, მას დაეყრდნენ, მას შეეფარნენ. ვიდრე საერთო შეტევის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ყურაიშის წარჩინებულმა სარდლებმა და ყურაიშელებთან ერთად მოსული სხვა ტომების ბელადებმა თხრილის გარშემო დაიწყეს ისეთი ადგილის ძებნა, საიდანაც გადასვლას შეძლებდნენ. თხრილი ერთი ბოლოდან მეორემდე შემოიარეს. ბოლოს იმ ვიწრო ადგილას გაჩერდნენ, რომელიც აჩქარების გამო დაუმთავრებელი დარჩა, და გადაწყვიტეს, რომ შეტევა აქედან აჯობებდა. კერპთაყვანისმცემელი მეომრებიც თავიანთ სარდლებს მიჰყვებოდნენ და ხან თხრილს უყურებდნენ, ხან სახელოვან საჰაბეებს და უკვირდათ. ამბობდნენ: „ვფიცავთ, ეს ის წესი არ არის, რასაც არაბები მიმართავენ. ეს უთუოდ იმ სპარსმა კაცმა ურჩია!“ როცა ყურაიშელმა სარდლებმა მეომრებს თხრილის ვიწრო ადგილი უჩვენეს და ჰკითხეს: „ვის შეუძლია აქედან გადახტეს და იქით გადავიდეს?“, მათგან ხუთი მხედარი გამოეყო. მათ თხრილის მეორე მხარეს უნდა გადასულიყვნენ და იქ პირისპირ ორთაბრძოლაში შებმოდნენ. სახელოვანმა საჰაბეებმაც და კერპთაყვანისმცემელმა მეომრებმაც ცნობისმოყვარეობით დაუწყეს თვალყურის დევნება ამ ხუთი მხედრის მოქმედებას. მხედრები გასაქანებლად უკან დაიხიეს. შემდეგ ცხენებს თავები თხრილის ყველაზე ვიწრო ადგილისკენ მიუტრიალეს და აჩქარეს. ჭენებით მიმავალმა ხუთმა ჯიშიანმა ცხენმა ერთი ნახტომით შეძლო თხრილის მეორე მხარეს გადასვლა. ბევრ მხედარს უნდოდა მათთვის მიებაძა, მაგრამ ვერ შეძლეს და თხრილის მეორე მხარეს დარჩნენ. გადასულთა შორის იყო ამრ ბინ აბდუდი, ძალიან ძლიერი ფალავანი, რომლის ზურგსაც მიწა არასოდეს შეხებია; ყველას ეშინოდა მისი და ვერავინ უბედავდა წინ დგომას. მარტო ერთ ჯარად ღირდა. ამას ისიც ადასტურებდა, რომ ათიათასკაციანი ჯარიდან აქ სწორედ ის გამოვიდა. თავიდან ფეხებამდე ჯავშანი ეცვა. ცხენზე ძალიან შემზარავად იჯდა. ამ კაცმა, რომლის შესახედაობაც გულებს შიშს ჰგვრიდა, მუჯაჰიდებს დაუყვირა: „არის ვინმე, ვისაც ჩემთან შებრძოლება შეუძლია? გამოვიდეს მოედანზე!…“ როცა ჰაზრეთი ალიმ ეს ქედმაღლობის ძეგლი დაინახა, ჩვენი საყვარელი შუამავლის წინაშე წარდგა და ნებართვა სთხოვა: „ჩემი სიცოცხლე შენ შემოგწირვია, ალლაჰის შუამავალო! ნება მომეცი, მე შევებრძოლო მას.“ ჯავშანიც კი არ ეცვა.

„სელმან! შამი უთუოდ დაიპყრობა. ჰერაკლიუსი თავისი ქვეყნის ყველაზე შორეულ კუთხეში გაიქცევა. თქვენ შამის ყველა მხარეს დაეუფლებით. ვერავინ დაგიდგებათ წინ. იემენი უთუოდ დაიპყრობა. ეს ‚დიიარი მეშრიყიც‘ უთუოდ დაიპყრობა და ქისრას მოკლავენ. უზენაესი ალლაჰი ამ დაპყრობებს ჩემ შემდეგ თქვენ გარგუნებთ“ ჰადისი შერიფი

საჰაბეები მას კეთილი შურით უყურებდნენ. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა თავისი დალოცვილი ჯავშანი გაიხადა და ჰაზრეთი ალის ჩააცვა. თავისი ხმალი შემოარტყა. დალოცვილი თავიდან ჩალმა მოიხსნა და თავისი დალოცვილი ხელებით თვითონ შემოახვია მას თავზე. შემდეგ კი ვედრებით ევედრა: „ჩემო ალლაჰო! ბედრის ღაზვაში ჩემი ბიძაშვილი უბეიდე დაეცა შეჰიდად, უჰუდის ღაზვაში კი ჩემი ბიძა ჰამზა. ჩემთან დარჩა ალი, ჩემი ძმა და ბიძაშვილი. შენ დაიფარე ის. შენი შეწევნა უბოძე მას. მარტო ნუ დამტოვებ!“ საჰაბეებმა თქვეს: „ამინ!“ ვედრებებსა და თექბირებს შორის ფეხით წინ მიმავალი უზენაესი ალლაჰის ლომი ცხენზე მოჩვენებასავით მჯდომი ამრ ბინ აბდუდის წინ აღიმართა. ამრმა, რომელსაც თვალების გარდა ყველაფერი ჯავშნით ჰქონდა დაფარული, ეს გმირი ვერ იცნო და ჰკითხა, ვინ იყო. როცა მან თავი გააცნო: „მე ალი ბინ ები ტალიბი ვარ“, ამრმა თითქოს შეიბრალა და უთხრა: „ძმისწულო! მამაშენი ჩემი მეგობარია. ამიტომ შენი სისხლის დაღვრა არ მსურს. ბიძებიდან არავინ გყავს, ვინც ჩემ წინ გამოვა?“ ჰაზრეთი ალიმ კი ასე გამოიწვია: „ამრ! ალლაჰს ვფიცავ, მე შენი სისხლის დაღვრა მსურს. ოღონდ განა ორივე თანაბარ მდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ? განა ეს ვაჟკაცობის ღირსებასაც არ შეეფერება? მე კი ქვეითი ვარ, შენ – ცხენოსანი!…“

ეს რომ გაიგონა, ამრს ვაჟკაცური ძარღვი აუდუღდა; მაშინვე ცხენიდან ჩამოხტა, ცხენს ხმლით ფეხები მოსჭრა და რისხვით ჰაზრეთი ალის წინ დადგა. როცა შეტევას აპირებდა, უზენაესი ალლაჰის ლომმა ჰკითხა: „ამრ! გავიგე, რომ შეგიფიცავს, როცა ყურაიშელთაგან ვინმეს შეხვდები, მის ორ სურვილთაგან ერთს შეასრულებ. ეს მართალია?“ როცა მან უპასუხა: „დიახ, მართალია“, ჰაზრეთი ალიმ რწმენისკენ მოუწოდა: „მაშინ ჩემი პირველი სურვილია, ირწმუნო უზენაესი ალლაჰი და მისი შუამავალი და მუსლიმი გახდე!“ ეს რომ გაიგონა, ამრი გაბრაზდა და თქვა: „ეს დაანებე! ეს მე არ მჭირდება!“ ჰაზრეთი ალიმ თქვა: „ჩემი მეორე სურვილია, ბრძოლას თავი დაანებო და მექქაში დაბრუნდე, რადგან თუ შუამავალი (ალეიჰისსელამ) მტერს დაამარცხებს, შენ ამ შენი საქციელით მას დაეხმარები!…“ როცა ამრმა თქვა: „ესეც დაანებე! შევფიცე, რომ სურნელს არ ვიცხებ, ვიდრე შურს არ ვიძიებ. სხვა სურვილი თუ გაქვს, ის თქვი!“, ჰაზრეთი ალიმ თქვა: „ჰოი, უზენაესი ალლაჰის მტერო! ახლა შენთან ბრძოლის გარდა აღარაფერი დარჩა!“

ამ სიტყვებზე ამრს გაეცინა და თქვა: „რა საკვირველია! ფიქრადაც არ მომსვლია, რომ არაბთა ქვეყანაში არის ვაჟკაცი, ჩემ წინ გამოსვლას რომ გაბედავს! ძმისწულო! ვფიცავ, შენი მოკვლა არ მსურს, რადგან მამაშენი ჩემი მეგობარი იყო. მინდოდა, ჩემ წინ ყურაიშის წარჩინებულთაგან ვინმე გამოსულიყო, ებუ ბექირის მსგავსი, ომერის მსგავსი.“ როცა ჰაზრეთი ალიმ თქვა: „თუნდაც ასე იყოს, მე აქ შენს მოსაკლავად გამოვედი“, ამრს სისხლი თავში აუვარდა. ხმლის აღმართვა და დაშვება ერთი იყო. უზენაესი ალლაჰის ლომი, ჰაზრეთი ალი (ქერრემალლაჰუ ვეჯჰეჰ), რომელიც ასეთ რამეს ელოდა, ელვასავით გვერდზე გადახტა და დარტყმა ფარით დაიჭირა. მაგრამ ამრს ამგვარი ბევრი ფარი ჰქონდა დამსხვრეული. მის დარტყმას ყველაზე მტკიცე ფარებიც ვერ უძლებდა. ახლაც ასე მოხდა. ჰაზრეთი ალის ფარი დაიმსხვრა, ამასთან ხმალმა თავზე გადაუსვა და დაჭრა. ახლა დარტყმის რიგი ჰაზრეთი ალიზე მიდგა.

მან უზენაეს ალლაჰს შეაფარა თავი, თქვა: „ია ალლაჰ!…“ და ზულფიყარი ამრს კისერზე დაჰკრა. დაკვრისთანავე ისლამის ჯარში „ალლაჰუ ექბერ!… ალლაჰუ ექბერ!…“ ისე გაისმა, რომ მიწა და ცა შეაზანზარა, ურწმუნოთა ჯარში კი გოდება ატყდა… დიახ, შუამავალთა სულთნის, არსებათა თავის გვირგვინის, ვედრება შესმენილ იქნა. ვეებერთელა ამრი მიწაზე ეგდო; ტანიდან ღარივით სდიოდა სისხლი, თავი კი მუზარადიანად გაუფრინდა. როცა მისმა ამხანაგებმა დაინახეს, რომ დაეცა ამრი, რომლის იმედიც ყველაზე მეტად ჰქონდათ, მაშინვე ჰაზრეთი ალის დაესხნენ თავს. ეს რომ დაინახეს, საჰაბეები იქით გაიქცნენ. ზუბეირ ბინ ავვამმა ნევფელ ბინ აბდულლაჰი დაჭრა და ცხენიანად თხრილში ჩააგდო.

ჰაზრეთი ალი თხრილში ჩავიდა და ნევფელი შუაზე გაკვეთა. დანარჩენებმა თხრილი ძლივს გადალახეს და უკან გაიქცნენ. კერპთაყვანისმცემელთა ჯარის მთავარსარდალი კი ბრძოლის დასაწყისშივე დიდ სასოწარკვეთილებას მიეცა.

ახლა უკვე ცხადი იყო, როგორი იქნებოდა ბრძოლა. თხრილი ხელჩართულ ბრძოლას შეუძლებელს ხდიდა. ორივე მხარე ისრების სროლით ცდილობდა ერთმანეთისთვის ზარალის მიყენებას. ეს მხოლოდ შედეგს აჭიანურებდა. როცა კერპთაყვანისმცემლები მიხვდნენ, რომ ასე ვერ გაიმარჯვებდნენ, გადაწყვიტეს, რომ თხრილის ყველა მხრიდან შეტევა უკეთესი გზა იქნებოდა, და შეტევაზე გადავიდნენ. ათიათასკაციანი უზარმაზარი მტრული ჯარი თხრილის გადალახვას ცდილობდა, სამიათასკაციანი სახელოვანი ისლამის ჯარი კი ისრებითა და ქვებით ცდილობდა, თხრილი არ გადმოელახვინებინა. საშინელი ბრძოლა გაჩაღდა. ეს ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა.

უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ღამით თხრილის სხვადასხვა ადგილას გუშაგები დააყენა. თვითონაც ვიწრო ადგილას დაიწყო გუშაგობა. მედინაში ხუთასკაციანი საპატრულო რაზმი გაგზავნა და უბრძანა, ქუჩებში ხმამაღლა წარმოეთქვათ თექბირები. ასე იუდეველთაგან ან ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლებისგან მოსალოდნელი საფრთხე დროულად აიცილებოდა და ქალები და ბავშვები დაცული იქნებოდნენ.

ყურეიზელმა იუდეველებმა კი ჰუიეი ბინ აჰტაბი კერპთაყვანისმცემლებთან გაგზავნეს და ღამის თავდასხმებისთვის ორიათასკაციანი ძალა ითხოვეს. ღამით დაუცველად დარჩენილ ქალებსა და ბავშვებს უნდა დასხმოდნენ თავს. მაგრამ მუჯაჰიდების მიერ განთიადამდე პატრულირებამ და „ალლაჰუ ექბერ!“ შეძახილით თექბირების წარმოთქმამ მათ გულებს დიდი შიში ჩაუგდო. თავიანთ ციხე-სიმაგრეებში მიიმალნენ და შესაფერის დროს დაუწყეს ლოდინი. დროდადრო პატარა ჯგუფებად ცდილობდნენ მედინაში შეღწევას.

ერთ ღამეს ყურეიზიანების ერთ-ერთმა წარჩინებულმა, ღაზზალმა, ათკაციანი რაზმით მიაღწია იმ კოშკამდე, სადაც შუამავლის მამიდა, ჩვენი დედა საფიიე იმყოფებოდა. შიგნით ქალები და ბავშვები იყვნენ. თავდასაცავად ერთი იარაღიც კი არ ჰქონდათ. იუდეველებმა ჯერ კოშკს ისრები დაუშინეს, შემდეგ კი შიგნით შეღწევა სცადეს. ერთმა მათგანმა შიდა ეზოში გადასვლა მოახერხა და ირგვლივ დაიწყო თვალიერება, როგორ შესულიყო. ამ დროს ჩვენი საყვარელი შუამავლის გმირმა მამიდამ თავისთან მყოფებს უბრძანა, ხმა არ ამოეღოთ, ჩამოვიდა და კართან მივიდა. თავზე თავსაფარი მაგრად შემოიხვია, რომ კაცს დამსგავსებოდა, ხელში ჯოხი აიღო, წელზე დანა გაირჭო. კარი ჩუმად გააღო, იმ იუდეველს ზურგიდან მიეპარა და ჯოხი ძლიერად დაჰკრა თავში. დროის დაუკარგავად მოკლა მიწაზე დაცემული იუდეველი. შემდეგ მოკლული იუდეველის თავი გარეთ ისრების სროლით გართულ იუდეველებს გადაუგდო. როცა იუდეველებმა თავიანთი ამხანაგის მოკვეთილი თავი ფეხებთან დაინახეს, საშინლად შეშინდნენ და გაქცევა დაიწყეს.

გაქცევისას ბუზღუნებდნენ: „გვითხრეს, რომ მუსლიმებს სახლებში ერთი კაციც არ დაუტოვებიათ, ყველა ომში გაუგზავნიათ!…“10 დილით ბრძოლა იმავე სიმძაფრით გაგრძელდა. ისრები ჰაერში ზუზუნით დაფრინავდა. სამყაროს ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავის სახელოვან საჰაბეებს უბრძანა: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომლის ძალაუფლების ხელშიცაა ჩემი არსება, რომ გასაჭირი, რომელსაც შევხვდით, უთუოდ აგეცლებათ და შვებას ეწევით“, მოთმინება ურჩია და ახარა, რომ გამარჯვება მორწმუნეებს ეკუთვნოდა. ეს სასიხარულო ამბავი რომ მიიღეს, გმირმა საჰაბეებმა შიმშილისა და სიდუხჭირის მსგავსი გასაჭირი დაივიწყეს.

„ჰოი, მუსლიმთა ჯემაათო! გაიხარეთ უზენაესი ალლაჰის გამარჯვებითა და შეწევნით!“ ჰადისი შერიფი

მთელი გულითა და სულით იბრძოდნენ და ერთ კერპთაყვანისმცემელსაც არ მისცეს თხრილის გადალახვის საშუალება.

ჰაზრეთი სა’დ ბინ მუ’აზი, ერთ-ერთი წარჩინებული საჰაბე, დიდ გმირობას იჩენდა ბრძოლაში. ბრძოლის დროს ერთი კერპთაყვანისმცემლის, ჰიბბან ბინ ყაის ბინ არაყას, ნასროლმა ისარმა მკლავში დაჭრა. ისარი არტერიას მოხვდა და დიდი სისხლის დაკარგვა გამოიწვია. დაჭრილმა ჰაზრეთი სა’დმა დაინახა, როგორ ცდილობდნენ ირგვლივ მყოფნი სისხლის შეჩერებას, მიხვდა, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო, და ივედრა: „ჩემო უფალო! თუ ყურაიში ომს განაგრძობს, სიცოცხლე მიბოძე, რადგან არაფერი მიხარია ისე, როგორც ბრძოლა ამ კერპთაყვანისმცემლებთან, რომლებიც შენს შუამავალს აწამებდნენ და ცრუდ რაცხდნენ. თუ ჩვენ შორის ომი მთავრდება, შეჰიდობის ხარისხამდე ამამაღლე. ოღონდ, ვიდრე ბენი ყურეიზას აღსასრულს არ ვიხილავ, სული ნუ ამომხდება.“ მისი ვედრება შესმენილ იქნა და სისხლი შეუწყდა. აბდულლაჰ ბინ უბეიის მსგავსი მუნაფიყები კი, რომლებიც თითქოს საჰაბეებს შორის იბრძოდნენ, ძალიან ზანტად იქცეოდნენ და წინა ხაზებს არ უახლოვდებოდნენ. ამასთან, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მუჯაჰიდებს სული დასცემოდათ, და ასეთი სიტყვებით შფოთის თესვას ცდილობდნენ: „მუჰამმედი გამუდმებით ბიზანტიის იმპერატორის (კაისერის) და ირანის ხელმწიფის (ქისრას) საგანძურს გპირდებათ. ჩვენ კი ახლა თხრილში ვართ გამოკეტილნი. შიშისგან საჭიროების მოსაგვარებლადაც ვერ გავდივართ. ალლაჰი და მისი შუამავალი მოტყუების გარდა არაფერს გვიკეთებენ და ამქვეყნიურს არაფერს გვპირდებიან!…“ როცა გაუჭირდებოდათ, იმის მომიზეზებით, რომ მტერი მათ სახლებს შეიძლება დასხმოდა თავს, თავიანთ საგუშაგოებს ტოვებდნენ. მუნაფიყების ეს საქციელიც ცალკე სადარდებელი და ცალკე გასაჭირი იყო. კერპთაყვანისმცემელთა ჯარი მთელ ძალას ხარჯავდა, რომ რაც შეიძლება მალე მიეღწია შედეგს, მაგრამ ღირსეული საჰაბეების გმირული თავდაცვის წინაშე ვერაფერი გააწყო. ყველაზე მეტად ვიწრო გასასვლელს უტევდნენ. ჩვენი საყვარელი შუამავალი იქიდან არ შორდებოდა და თავის საჰაბეებს ბრძოლისკენ აქეზებდა. საჰაბეები, რომლებსაც თვით შუამავლის გვერდით ბრძოლის პატივის მოპოვება სურდათ, ბრძოლის ველზე არნახულ გმირობას იჩენდნენ. ერთ დროს შენიშნეს, რომ კერპთაყვანისმცემლებმა ისრების ძლიერი სროლა დაიწყეს. მთელი მათი სამიზნე ის კარავი იყო, რომელშიც სამყაროს სულთანი იმყოფებოდა.

ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილ სხეულს ჯავშანი ფარავდა. დალოცვილ თავზე მუზარადი ეხურა. კარვის წინ წელგამართული იდგა და ბრძოლის მსვლელობის მიხედვით თავის საჰაბეებს ბრძანებებს აძლევდა. კერპთაყვანისმცემლები ზოგჯერ უეცრად ყველაზე სუსტად მოჩვენებულ ადგილს მიაწყდებოდნენ, დალოცვილი საჰაბეები კი იქ მიცვივდებოდნენ და მგზნებარედ იბრძოდნენ, ვიდრე რჯულის მტრებს არ მოიგერიებდნენ.

„ალის ერთი ხმლის დარტყმა ყველა ადამიანისა და ჯინის ღვთისმსახურებაზე ძვირფასია“ ჰადისი შერიფი

ჰენდექის ღაზვა

ეს არნახული ბრძოლა ძალიან სასტიკი იყო: გმირ საჰაბეებს გვერდზე გახედვის დროც კი არ ჰქონდათ. იმ დღეს დილით დაწყებული ბრძოლა გვიან საათებამდე გაგრძელდა. როცა კი ნამაზის დრო დგებოდა, სახელოვანი საჰაბეები ამბობდნენ: „ალლაჰის შუამავალო! ნამაზი ვერ შევასრულეთ“, და სამყაროს ბატონი, სამყაროს სულთანი, დიდი მწუხარებით პასუხობდა: „ალლაჰს ვფიცავ, ვერც მე შევასრულე.“ ღამის ნამაზის დროისთვის ძალიან ძლიერი შეტევით უკუაგდეს და გაფანტეს კერპთაყვანისმცემელთა ბრბო, რომელიც ღვთისმსახურების აღსრულების საშუალებას არ აძლევდა. ყურაიშელები და ღატფანელები, რომლებმაც ამ არეულობას თავი ვერ დააღწიეს, ღამის გასათევად თავიანთ ბანაკებში დაბრუნდნენ. მუჯაჰიდებიც ჩვენი საყვარელი შუამავლის კარვისკენ გაემართნენ. მაშინ სამყაროთა მოწყალებად წარმოგზავნილმა სამყაროს სიამაყემ (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ), თუმცა წყევლა მის დალოცვილ ჩვეულებაში არ შედიოდა, ნამაზის გამო ვეღარ მოითმინა და კერპთაყვანისმცემლებს დასწყევლა: „როგორც ისინი მზის ჩასვლამდე ბრძოლით გვაკავებდნენ და ნამაზს გვაცდენინებდნენ, ისე აავსოს უზენაესმა ალლაჰმა ცეცხლით მათი სახლები, მუცლები და საფლავები!“ შემდეგ ყადად (გაცდენილად) დარჩენილი შუადღის, ნაშუადღევისა და საღამოს ნამაზები შეასრულა, ღამის ნამაზი კი იმამობით შეასრულა.

ჩემო უფალო, დაამარცხე ურწმუნოები

ამ ბრძოლების შემდეგ, რომლებიც ისლამის სრულიად აღმოსაფხვრელად გამართეს, კერპთაყვანისმცემლები მიხვდნენ, რომ მუსლიმებს დღისით ვერ დაამარცხებდნენ. მათი აზრით, ერთადერთი გამოსავალი იმავე სიმძაფრით ღამის თავდასხმების მოწყობა იყო. მუსლიმების დამარცხება მხოლოდ ასე შეიძლებოდა. ეს გადაწყვეტილება მაშინვე სისრულეში მოიყვანეს და იუდეველ ყურეიზიანებთან ერთად ღამის თავდასხმები დაიწყეს. კერპთაყვანისმცემლებმა მეომრები ჯგუფებად დაყვეს და მორიგეობით უტევდნენ. ეს დღეების განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენი საყვარელი შუამავლის წინამძღოლობით გმირი საჰაბეები, მიუხედავად იმისა, რომ მშივრები, უძილოები და დაღლილები იყვნენ, თავდაცვას განაგრძობდნენ. მტრის ერთ მეომარსაც არ მისცეს თხრილის ამ მხარეს გადმოსვლის საშუალება. მთელი გულითა და სულით წარმოებული ეს თავდაცვა ყველა წინა ღაზვაზე უფრო შიშის მომგვრელი, უფრო სასტიკი, უფრო მძიმე და უფრო დამქანცველი იყო.

დღეების განმავლობაში მებრძოლ კერპთაყვანისმცემლებს საკვების ნაკლებობა დაეწყოთ. ცხენები და აქლემებიც დაეხოცათ, რადგან მიწაზე ერთ მუჭა ხმელ ბალახსაც ვერ პოულობდნენ. ამიტომ კერპთაყვანისმცემელთა სარდალმა დირარ ბინ ჰატტაბის მეთაურობით რაზმი ყურეიზელ იუდეველებთან სურსათისთვის გაგზავნა. იუდეველებმა, რომლებიც ურწმუნოებისთვის ყველაფერს სწირავდნენ, მაშინვე ოც აქლემს აჰკიდეს ხორბალი, ქერი, ფინიკი და საქონლისთვის ჩალა და ჩააბარეს. როცა დირარი თავის მეომრებთან ერთად სიხარულით ბრუნდებოდა, ყუბასთან საჰაბეთა ერთ ჯგუფს გადააწყდნენ. გმირმა საჰაბეებმა მაშინვე შეუტიეს. სისხლიანი შეტაკების შემდეგ კერპთაყვანისმცემლები გააქციეს, დატვირთული აქლემები შუამავალს ჩააბარეს და მისი მრავალი ვედრების ღირსნი გახდნენ.11 სამყაროს სულთანს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ებრალებოდა თავისი გმირი საჰაბეები, რომლებიც თითქმის ერთი თვის მანძილზე მიმდინარე ამ სასტიკ ბრძოლაში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, და მათ საკუთარ მამებზე ბევრჯერ მეტ სინაზეს იჩენდა. თავისი სახელოვანი საჰაბეების ამ ზეადამიანური ძალისხმევის გამო თავის დალოცვილ შუბლს მიწაზე დებდა და მათთვის უზენაეს ალლაჰს ასე ევედრებოდა:

„ჰოი, გაჭირვებულთა შემწევ! ჩემო ალლაჰო, მოკლებულთა და უღონოთა ვედრების შემსმენო! შენ უთუოდ ხედავ და იცი ჩემი და ჩემი საჰაბეების მდგომარეობა. ჩემო უფალო! დაამარცხე ურწმუნოები, მათ შორის განხეთქილება ჩამოაგდე, მათ წინააღმდეგ შეწევნა მოგვეცი და გამარჯვება გვიბოძე!…“

ჩვენი საყვარელი შუამავალი ამ ვედრებას ბოლო დღეებში ხშირად იმეორებდა. შიმშილობით მიყენებული ტანჯვის გამოც კერპთაყვანისმცემლები მთელ ძალას ხარჯავდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოესპოთ მუსლიმები. ერთ საღამოს, როცა ასე იბრძოდნენ, კერპთაყვანისმცემელთა ჯარიდან შუამავალთან მივიდა ერთი კაცი, რომლის გულშიც ისლამის სიყვარული ჩავარდა. ეს იყო ღატფანის ტომიდან ნუ’აიმ ბინ მეს’უდი. მან ჩვენს საყვარელ შუამავალს უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! მოვედი, რომ ვაღიარო, რომ უზენაესი ალლაჰი ერთია და შენ ჭეშმარიტი შუამავალი ხარ. ქება-დიდება ალლაჰს, მუსლიმობის პატივი მერგო. აქამდე თქვენ წინააღმდეგ ვიბრძოდი. ამიერიდან ურწმუნოების წინააღმდეგ ვიბრძოლებ. მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რასაც მიბრძანებთ! ალლაჰის შუამავალო! ჩემმა ხალხმაც კი არ იცის, რომ მუსლიმი გავხდი.“ უკეთილშობილესმა შუამავალმა ბრძანა: „შეგიძლია, ამ ურწმუნოებს შორის შეხვიდე, განხეთქილება ჩამოაგდო და ერთმანეთს დააშორო?“ მან უპასუხა: „ალლაჰის შუამავალო! უზენაესი ალლაჰის შეწევნით შევძლებ მათ ერთმანეთისგან დაშორებას. ოღონდ შემიძლია, რაც მსურს, ის ვთქვა?“ შუამავალმა ბრძანა: „ომი ეშმაკობაა, შეგიძლია, რაც გსურს, ის თქვა.“

ჰაზრეთი ნუ’აიმ ბინ მეს’უდი ჯერ ყურეიზელ იუდეველებთან მივიდა და უთხრა: „იცით, რა ძალიან მიყვარხართ. ოღონდ ის, რაზეც ვილაპარაკებთ, ჩვენ შორის დარჩეს, ვერავინ გაიგოს!“ იუდეველებმა დაიფიცეს: „ვერავინ გაიგებს.“ მაშინ ჰაზრეთი ნუ’აიმმა თქვა: „ამ კაცის (შუამავლის) საქმე ნამდვილი უბედურებაა. იცით, რა უყო ნადირიანებსა და ყაინუყაიანებს. ყველამ ნახეთ, როგორ გააძევა ისინი თავიანთი ქვეყნიდან და კერიიდან. ახლა ყურაიშელები და ღატფანელები მოვიდნენ და მუსლიმებს ებრძვიან, თქვენ კი მათ ეხმარებით. თუმცა დღეებია ვიბრძვით, ჯერ ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, ეტყობა, ალყა გაჭიანურდება. ყურაიშელებისა და ღატფანელების ქონება, მამული, სამშობლო და შვილები თქვენსავით აქ არ არის. თუ ამ ომში შემთხვევას იპოვიან და გაიმარჯვებენ, ნადავლს აკრეფენ და წავლენ. თუ დამარცხდებიან, უკან დაიხევენ და მუსლიმებთან პირისპირ მარტოს დაგტოვებენ. თქვენ კი არც ძალა გაქვთ და არც ღონე, რომ მუსლიმებს გაუმკლავდეთ. ომის ახლანდელი მდგომარეობა კი იმას აჩვენებს, რომ მუსლიმები გაიმარჯვებენ. თუ ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობ, მუსლიმები არ მოგეშვებიან, ვიდრე ყველას ხმალს არ გამოგატარებენ. ამიტომ სასწრაფოდ რაიმე ზომა უნდა მივიღოთ!…“12 იუდეველებმა, რომლებიც ამ სიტყვებს დიდი მღელვარებითა და შიშით უსმენდნენ, ძალიან მოიწონეს, რომ ჰაზრეთი ნუ’აიმი მათზე ასე ზრუნავდა, და თქვეს: „შენ ჩვენდამი მეგობრობა ჯეროვნად გამოიჩინე. ისიც გვითხარი, როგორი ზომა უნდა მივიღოთ.“ ნუ’აიმ ბინ მეს’უდმა, რომელიც სწორედ ამას ელოდა, თქვა: „სწორი ეს არის: არავითარ შემთხვევაში არ შეებათ მუსლიმებს ომში, ვიდრე ყურაიშისა და ღატფანის წარჩინებულთაგან ზოგიერთს მძევლად არ აიყვანთ! ვიდრე მძევლები თქვენთან იქნებიან, ისინი ომიდან ვერ გაიქცევიან და ვერ წავლენ!“ იუდეველებმა ეს ზომაც ძალიან კარგად მიიჩნიეს, მადლობა გადაუხადეს, პატივი სცეს და გაუმასპინძლდნენ. ჰაზრეთი ნუ’აიმი იუდეველებს გამოეყო და პირდაპირ ყურაიშის ბანაკში მივიდა. მათ სარდლებს უთხრა: „იცით ჩემი მტრობა მუჰამმედისადმი და ისიც, რა ძალიან მიყვარხართ. რაღაც შევიტყვე და, როგორც ჩვენი მეგობრობა მოითხოვს, დიდ მოვალეობად ჩავთვალე, ის თქვენთვის მეცნობებინა. ოღონდ სიტყვა უნდა მომცეთ და დაიფიცოთ, რომ რასაც გეტყვით, არავის გაუმხელთ!“ მათაც დაიფიცეს და ცნობისმოყვარეობით თქვეს: „თქვი, გისმენთ.“ მან თქვა: „იცოდეთ, რომ ყურეიზელი იუდეველები ინანიებენ, რომ თქვენთან კავშირი შეკრეს, და მუჰამმედს შეუთვალეს: ‚ყურაიშელთაგან და ღატფანის წარჩინებულთაგან მძევლებს ავიყვანთ და შენ ჩაგაბარებთ, რომ თავები მოჰკვეთო. შემდეგ შენთან გავერთიანდებით და ვიბრძოლებთ, ვიდრე კერპთაყვანისმცემლებს ფესვიანად არ ამოვძირკვავთ! ოღონდ ჩვენს ძმებს, ნადირიანებს, უნდა აპატიო და მათი სამშობლო დაუბრუნო!‘ მუჰამმედმაც იუდეველების ეს მოთხოვნები მიიღო! თუ იუდეველები თქვენგან მძევლებს მოითხოვენ, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ, ყველას დახოცავენ! ფრთხილად, ჩემი ნათქვამი ვინმემ არ გაიგოს!…“ ყურაიშელებმა ჰაზრეთი ნუ’აიმს ამ მნიშვნელოვანი ამბისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს და დიდი ყურადღება გამოიჩინეს.

„ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომლის ძალაუფლების ხელშიცაა ჩემი არსება, რომ გასაჭირი, რომელსაც შევხვდით, უთუოდ აგეცლებათ და შვებას ეწევით“ ჰადისი შერიფი

ნუ’აიმ ბინ მეს’უდი (რადიალლაჰუ ანჰ) იქიდან წავიდა და ღატფანელებთან მივიდა. მათაც უთხრა ის, რაც ყურაიშელებს უამბო.

ერთი დღის შემდეგ ყურაიშის სარდალმა ყურეიზიანებს შეუთვალა: „ჩვენთვის აქ დარჩენა უკვე ძალიან გაძნელდა, რადგან ცივა და ჩვენი საქონელი შიმშილისგან იხოცება. ამაღამ კარგად მოემზადეთ, რომ ხვალ ყველამ ერთად ძლიერ შეტევაზე გადავიდეთ.“ იუდეველებმა უპასუხეს: „ჯერ ერთი, შაბათობით არ ვიბრძვით, მეორეც, რომ თქვენთან ერთად ბრძოლაში მონაწილეობა შევძლოთ, თქვენი წარჩინებულებიდან ბევრი მძევლად უნდა მოგვცეთ. თუ ალყა გაჭიანურდება და თქვენ უძლურნი დარჩებით და თქვენს ქვეყანაში წახვალთ, მუჰამმედს ჩაგვაბარებთ. თუ მძევლებს მოგვცემთ, არ მიგვატოვებთ და არ წახვალთ!…“ როცა ამ ამბავმა ყურაიშის სარდალს მიაღწია, თქვა: „ნუ’აიმ ბინ მეს’უდს მართალი უთქვამს!“ ყურაიშელებმა იუდეველებს ხელახლა შეუთვალეს: „ერთ კაცსაც კი არ მოგცემთ მძევლად. თუ ხვალ მოხვალთ და ჩვენთან ერთად იბრძოლებთ, ხომ კარგი, თუ არა და, ჩვენ ჩვენს ქვეყანაში მივდივართ. თქვენ კი მუჰამმედთან და მის საჰაბეებთან პირისპირ დარჩებით!…“

ეს რომ გაიგონეს, ყურეიზელმა იუდეველებმა ჩათვალეს, რომ ნუ’აიმის სიტყვები გამართლდა, და უპასუხეს: „ასეთ შემთხვევაში არც ჩვენ გავერთიანდებით თქვენთან მუსლიმების წინააღმდეგ საბრძოლველად…“ ამრიგად, ორივე მხარის გულებში შიში ჩავარდა.13 შუამავალთან ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და ახარა, რომ უზენაესი ალლაჰი კერპთაყვანისმცემლებს ქარიშხლით გაანადგურებდა. ამაზე სამყაროს ბატონი თავის დალოცვილ მუხლებზე დაეშვა, დალოცვილი ხელები გაშალა და თქვა: „ჩემო ალლაჰო! მადლობას გწირავ, რომ მე და ჩემი საჰაბეები შეგვიბრალე“, და ასე გამოხატა მადლიერება უზენაესი ალლაჰისადმი. შემდეგ ეს სასიხარულო ამბავი თავის გმირ საჰაბეებს აუწყა. ის ღამე შაბათის ღამე იყო. ყველაფერი ისეთმა საშინელმა სიბნელემ მოიცვა, რომ თვალი თვალს ვერ ხედავდა. შემდეგ მკაცრი ყინვა დაეცა და მას მერე ძალიან ძლიერმა ქარმა დაუბერა.

ჰაზრეთი ჰუზეიფე ბინ იემანმა ის ღამე ასე აღწერა: „ისეთ ღამეში ვიყავით, რომ მანამდე მასზე უფრო ბნელი ღამე არასოდეს გვენახა. ამ ხშირ სიბნელესთან ერთად ქუხილის მსგავსი გუგუნით საშინელმა ქარმაც დაუბერა. ამ დროს შუამავალმა გვაუწყა, რომ კერპთაყვანისმცემელთა ჯარს მღელვარება და შიში დაეუფლა და ერთმანეთში წაიკიდნენ. ჩვენ მკაცრი სიცივისგან, შიმშილისგან და ღამის საშინელებისგან ფეხზე ვერ ვდგებოდით, ზედ რაღაცას ვიფარებდით და იქვე ვიცდიდით, სადაც ვიყავით. ალლაჰის შუამავალი ნამაზზე დადგა და ღამის ნაწილი ნამაზის შესრულებით გაატარა.

შემდეგ ჩვენკენ შემობრუნდა და ბრძანა: ‚არის თქვენ შორის ვინმე, ვინც კერპთაყვანისმცემელთა ჯართან წავა, მათ მდგომარეობას შეისწავლის და ამბავს მომიტანს? უზენაეს ალლაჰს შევევედრები, რომ ამ ამბის მომტანი სამოთხეში ჩემი მეგობარი იყოს.‘ იქ მყოფები მწარე შიმშილისა და სიცივისგან ფეხზე ვერ წამოდგნენ. შემდეგ ალლაჰის შუამავალი ჩემთან მოვიდა. სიცივისა და შიმშილისგან ორივე მუხლზე დაჩოქილი, მოკუნტული ვიჯექი. ალლაჰის შუამავალი შემეხო და მკითხა: ‚ვინ ხარ?‘ ვუთხარი: ‚ჰუზეიფე ვარ, ალლაჰის შუამავალო.‘ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: ‚წადი, ნახე, რას აკეთებს ის ხალხი! ვიდრე ჩემთან არ დაბრუნდები, მათ არც ისარი ესროლო და არც ქვა, არც შუბი დაჰკრა და არც ხმალი. ვიდრე ჩემთან არ დაბრუნდები, ვერც სიცივე და ვერც სიცხე ვერ გავნებს, არც ტყვედ ჩავარდები და არც წამებას განიცდი.‘

ხმალი და მშვილდი ავიღე და წასასვლელად მოვემზადე. ალლაჰის შუამავალმა ჩემთვის ივედრა: ‚ჩემო ალლაჰო, დაიფარე ის წინიდან და უკნიდან, მარჯვნიდან და მარცხნიდან, ზემოდან და ქვემოდან.‘

კერპთაყვანისმცემლებისკენ წავედი. თითქოს აბანოში (ჰამამში) მივდიოდი. ალლაჰს ვფიცავ, ჩემში არც შიში იყო, არც სიცივე, არც ჟრჟოლა. ბოლოს კერპთაყვანისმცემელთა ბანაკს მივაღწიე. მათ სარდლებსა და წარჩინებულებს ერთ თავშესაფარში ცეცხლი დაენთოთ და თბებოდნენ. ებუ სუფიანი ამბობდა: ‚აქედან უნდა წავიდეთ.‘ მაშინვე გამიელვა აზრმა, იქვე მომეკლა. კაპარჭიდან ისარი ამოვიღე და მშვილდზე დავადე. მინდოდა, ცეცხლის შუქზე მესროლა. სწორედ სროლას რომ ვაპირებდი, გამახსენდა ალლაჰის შუამავლის ბრძანება: ‚ვიდრე ჩემთან არ დაბრუნდები, რაიმე ამბავს ნუ აატეხ‘, და მოკვლაზე ხელი ავიღე. ამის შემდეგ ჩემში დიდი სიმამაცე ვიგრძენი. კერპთაყვანისმცემლებს შევერიე და ცეცხლთან დავჯექი. არნახულად ძლიერი ქარი და უზენაესი ალლაჰის უხილავი ლაშქარი (ანგელოზები) მათ თავისას უკეთებდნენ. ქარისგან ჭურჭელი უყირავდებოდათ, ცეცხლი და სინათლე უქრებოდათ, კარვები თავზე ენგრეოდათ. ერთ დროს კერპთაყვანისმცემელთა ჯარის სარდალი ებუ სუფიანი ადგა და თქვა: ‚თქვენ შორის შეიძლება იყვნენ მზვერავები და ჯაშუშები, ფრთხილად იყავით, ყველამ შეხედოს, ვინ არის მის გვერდით! ყველამ ხელი მოჰკიდოს გვერდით მჯდომს!‘ ებუ სუფიანმა თითქოს იგრძნო, რომ მათ შორის ვიღაც უცხო შეიპარა. მაშინვე ხელები გავიწოდე, ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ მსხდომ ორ კაცს ხელები დავუჭირე და, ვიდრე ისინი მკითხავდნენ, მე ვკითხე მათ სახელები. ასე ავიცილე ამოცნობა. ბოლოს ებუ სუფიანმა თავის ჯარს ასე მიმართა: ‚ყურაიშელებო! თქვენ ისეთ ადგილას არ ხართ, სადაც დარჩენა შეიძლება. ცხენები და აქლემები იხოცება. შიმშილობამ ყველაფერი მოიცვა.

ხედავთ, რაც ქარისგან დაგვემართა. მაშინვე აიყარეთ და წადით! აჰა, მე მივდივარ!‘ – თქვა და აქლემზე შეჯდა. დამარცხებული კერპთაყვანისმცემელთა ჯარი შეიკრიბა და მექქისკენ გაემართა. ზედ ქვიშა და ხრეში აწვიმდათ.14 როცა კერპთაყვანისმცემელთა ჯარი წავიდა, მეც ალლაჰის შუამავლისკენ გავემართე. შუა გზაზე რომ ვიყავი, ჩემ წინ დაახლოებით ოცი თეთრჩალმიანი მხედარი (ანგელოზები) გამოჩნდა. მითხრეს: ‚აუწყე ალლაჰის შუამავალს: უზენაესმა ალლაჰმა მტერი გაანადგურა…‘ როცა ალლაჰის შუამავალთან დავბრუნდი, ერთ ფარდაგზე ნამაზს ასრულებდა. მაგრამ დაბრუნებისთანავე წასვლამდელი სიცივე და ჟრჟოლა კვლავ დამეწყო. ნამაზის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა მკითხა, რა ამბავი მოვიტანე. ვაუწყე, რა დღეში ჩავარდნენ კერპთაყვანისმცემლები და რომ წავიდნენ. ალლაჰის შუამავალი ამ ამბავმა ძალიან გაახარა და გაიღიმა. დღეები უძილოდ ვიყავით. ჩვენმა შუამავალმა მეც თავის გვერდით მიმიღო და ზედ წაფარებული ფარდაგის ერთი ბოლო მე გადამაფარა. ის ღამე ასე გავათენეთ. სეჰერის (განთიადისწინა) ჟამს ალლაჰის შუამავალმა გამაღვიძა. რომ გათენდა, კერპთაყვანისმცემელთა ჯარისგან კვალიც აღარ დარჩენილიყო.“ ვიდრე მექქას მიუახლოვდებოდნენ, მათ კვალდაკვალ ძლიერი ქარი უბერავდა და ზურგს უკან განუწყვეტლივ თექბირების ხმა ესმოდათ.

როცა ყურაიშელმა კერპთაყვანისმცემლებმა თავიანთი ბანაკი მიატოვეს და გაიქცნენ, მათ თან მოყოლილმა დანარჩენმა კერპთაყვანისმცემელმა ტომებმაც მიატოვეს მედინა. ძალიან დიდი მარცხის გამო, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებდნენ, მწუხარებასა და დარდში ჩაიძირნენ. როცა ისინი ამ მარცხს განიცდიდნენ, სამყაროს ბატონი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) და მისი სახელოვანი საჰაბეები (რადიალლაჰუ ანჰუმ) უზენაესი ალლაჰისადმი მადლიერების სეჯდეზე ემხობოდნენ, ქება-დიდებას წირავდნენ და მადლიერებას გამოხატავდნენ.

„ჩემო ალლაჰო! მადლობას გწირავ, რომ მე და ჩემი საჰაბეები შეგვიბრალე“ ჰადისი შერიფი

მუჯაჰიდები „ალლაჰუ ექბერ!… ალლაჰუ ექბერ!…“ შეძახილებით ნათელი მედინისკენ დაადგნენ გზას. მედინის ქუჩები წამსვე ბავშვებით აივსო, რომლებიც სამყაროს სულთნისა და თავიანთი დალოცვილი მამების, ბიძების, დედის ძმებისა და უფროსი ძმების დასახვედრად გამოვიდნენ. შუამავალიც ღიმილით პასუხობდა მათ… ჰენდექის ღაზვაში ექვსი მუსლიმი დაეცა შეჰიდად… ამ ღაზვის შესახებ უზენაესი ალლაჰი წმინდა აიათებში ბრძანებს, შინაარსით: „უზენაესმა ალლაჰმა ის ურწმუნოები (ჰენდექის ღაზვაში) თავიანთი ბოღმითურთ უკან გააბრუნა ისე, რომ ვერანაირ სიკეთეს, ვერანაირ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს. ამრიგად, უზენაესი ალლაჰი (ანგელოზებითა და ქარით) საკმარისი იყო მორწმუნეთათვის ბრძოლაში (რომ წარმატებას მიეღწიათ). უზენაესი ალლაჰი ყოვლისშემძლეა. ის აზიზია, ყველაფერზე მძლეველი.“15

„ჰოი, თქვენ, ვისაც გწამთ! გახსოვდეთ უზენაესი ალლაჰის წყალობანი, თქვენზე მონიჭებული. როცა (ჰენდექის ღაზვაში) ლაშქარი დაგესხათ თავს, ჩვენ მათ წინააღმდეგ გავგზავნეთ ქარი და ლაშქარი (ანგელოზთაგან), რომელსაც თქვენ ვერ ხედავდით…“16

ამ ღაზვის შემდეგ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „ახლა თქვენი ჯერია. ამიერიდან ყურაიში თქვენზე ვეღარ გამოილაშქრებს.“

ბენი ყურეიზას ღაზვა