მოწვევის წერილები
ხელმწიფეებისთვის გაგზავნილი წერილები
პატივდებულ შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჰუდეიბიიედან დაბრუნების შემდეგ სურდა, რომ ისლამი მთელ ქვეყნიერებაზე გავრცელებულიყო, ადამიანები ჯოჯოხეთის სასჯელს გადარჩენოდნენ და ჭეშმარიტ ბედნიერებას ზიარებოდნენ, რადგან ის მთელი სამყაროსთვის იყო მოწყალებად მოვლენილი. ამიტომ განიზრახა, მეზობელი ქვეყნების ხელმწიფეებთან ელჩები გაეგზავნა და ისინი ისლამზე მოეწვია. ჰიჯრეთის მეექვსე წლის ზილჰიჯჯეს თვის ბოლოს, ანუ მეშვიდე წლის მუჰარრემის თვის დასაწყისში, ამრ ბინ უმეიიე (რადიალლაჰუ ანჰ) ეთიოპიის, დიჰიე ქელბი (რადიალლაჰუ ანჰ) ბიზანტიის, ჰატიბ ბინ ები ბელთეა (რადიალლაჰუ ანჰ) კი ეგვიპტის ხელმწიფესთან გაგზავნა. იმავე დავალებით აბდულლაჰ ბინ ჰუზაფე (რადიალლაჰუ ანჰ) ირანის ხელმწიფესთან გაგზავნა, შუჯა ბინ ვეჰბი (რადიალლაჰუ ანჰ) – ღასსანში, სელიტ ბინ ამრი (რადიალლაჰუ ანჰ) – იემამეში, ალა ჰადრემი კი – ბაჰრეინის ემირთან, მუნზირ ბინ სავისთან.1 ეს ელჩები საჰაბეთა შორის ყველაზე რჩეულები იყვნენ; მათ ყველაზე მშვენიერი გარეგნობა და ყველაზე მშვენიერი მეტყველება ჰქონდათ. თითოეული ხელმწიფისთვის ისლამზე მოწვევის ცალკე წერილი დაიწერა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა წერილები თავისი ბეჭდით დაბეჭდა: მისი ვერცხლის ბეჭდის თვალზე ქვემოდან ზემოთ სამ სტრიქონად ამოკვეთილი იყო „მუჰამმედ, რესულ, ალლაჰ“. ელჩები, რომლებიც ხელმწიფეებთან უნდა წასულიყვნენ, დილით შუამავლის სასწაულით ისე გაიღვიძეს, რომ იმ ქვეყნის ენა იცოდნენ, სადაც უნდა წასულიყვნენ.2
წერილი ნეჯაში ესჰამეს
ამრ ბინ უმეიიეს, რომელიც ეთიოპიაში უნდა წასულიყო, ნეჯაში ესჰამესთვის ისიც უნდა ეთხოვა, რომ მედინაში გამოეგზავნა ის საჰაბეები, რომლებიც ადრე იქ გადასახლებულიყვნენ (ჰიჯრეთი აღესრულებინათ). ალლაჰის შუამავალმა ნეჯაშის ორი წერილი გაუგზავნა. ამრ ბინ უმეიიე მალე ჩავიდა ეთიოპიაში და მეფე ნეჯაში ესჰამეს წინაშე წარდგა. ჯერ პირველი წერილი მიართვა. ნეჯაში ტახტიდან ჩამოვიდა და წერილი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გამოართვა. აკოცა, სახესა და თვალებზე მიიდო, შემდეგ გახსნა და წააკითხებინა: „ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ! უზენაესი ალლაჰის შუამავლის, მუჰამმედისგან (ალეიჰისსელამ), ეთიოპიის მეფეს, ნეჯაში ესჰამეს!… სალამი მას, ვინც ჭეშმარიტ გზას მიჰყვება!…
„ჰოი, ხელმწიფევ! გიწვევ, ირწმუნო უზენაესი ალლაჰი, რომელსაც არც ტოლი ჰყავს და არც თანაზიარი, ღვთისმსახურება აღუვლინო მას, გამომყვე მე და ირწმუნო ის, რაც უზენაესმა ალლაჰმა მე გარდამომივლინა, რადგან მე ვარ უზენაესი ალლაჰის შუამავალი, რომელსაც ამის უწყება დაევალა“ ჩვენი საყვარელი შუამავალი მუჰამმედი (ალეიჰისსელამ)
ერთ-ერთი წერილი, რომელიც ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ)
ხელმწიფეებს გაუგზავნა
წერილის ქვედა მარცხენა კუთხეში დასმულ ბეჭედზე სიტყვები „მუჰამმედ, რესულ, ალლაჰ“ სამ სტრიქონად, ქვემოდან ზემოთ წერია. ეს ბეჭედი, ვერცხლის ბეჭდის თვალზე ამოკვეთილი, ყოველი გაგზავნილი მოწვევის წერილის ბოლოს ესმებოდა. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ამ ბეჭედს სახელმწიფო ბეჭდად იყენებდა, ვიდრე საიქიოს გადაბარგდებოდა. შემდეგ ეს ბეჭედი ჰაზრეთი ებუ ბექირის, მის შემდეგ ჰაზრეთი ომერის და მესამედ ჰაზრეთი ოსმანის ხალიფობის დროს მათი ბეჭედი იყო. ჰაზრეთი ოსმანმა მისი გამოყენება მხოლოდ ექვსი თვე შეძლო. ერთ დღეს ბეჭედი ხალიფას თითიდან წაუცურდა და არისის ჭაში ჩავარდა. მიუხედავად ყველა ძიებისა, ვერაფრით იპოვეს.
ჰოი, ხელმწიფევ! მშვიდობას გისურვებ და უზენაეს ალლაჰს ქება-დიდებას ვწირავ იმ წყალობისთვის, რომელიც შენ გიბოძა. მის გარდა არ არსებობს ღვთაება. ის არის მელიქი (მთელ სამყაროში ერთადერთი განმგებელი). ის არის ყუდდუსი (ყოველგვარი ნაკლისა და ხინჯისგან წმინდა). ის არის სელამი (ვინც თავის მონებს ყოველგვარი საფრთხისგან იცავს). ის არის მუ’მინი (უსაფრთხოების მომნიჭებელი). ის არის მუჰეიმინი (ვინც ყველაფერს ზედამხედველობს და იცავს).
ვმოწმობ, რომ ისა (ალეიჰისსელამ) არის უზენაესი ალლაჰის სული და სიტყვა, რომელიც მან მერიემში ჩადო – უწმინდესსა და უბიწოში, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისგან სრულიად განდგომილი იყო. ასე დაორსულდა ის ისათი. უზენაესმა ალლაჰმა ისა ისევე გააჩინა, როგორც თავისი ძლიერებით ადამი გააჩინა.
ჰოი, ხელმწიფევ! გიწვევ, ირწმუნო უზენაესი ალლაჰი, რომელსაც არც ტოლი ჰყავს და არც თანაზიარი, ღვთისმსახურება აღუვლინო მას, გამომყვე მე და ირწმუნო ის, რაც უზენაესმა ალლაჰმა მე გარდამომივლინა, რადგან მე ვარ უზენაესი ალლაჰის შუამავალი, რომელსაც ამის უწყება დაევალა. აჰა, გაუწყე ის, რაც გჭირდება, და მოგეცი რჩევა, რომელიც ამქვეყნადაც და საიქიოშიც ბედნიერებას მოგიტანს. მიიღეთ ჩემი რჩევა! სალამი მათ, ვინც ჭეშმარიტ გზას დაადგა და სწორ გზას ეზიარა.“
ხელმწიფე ესჰამემ, რომელმაც უკეთილშობილესი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წერილი დიდი თავაზიანობითა და თავმდაბლობით მოისმინა, მაშინვე წარმოთქვა შეჰადეთის სიტყვა (ქელიმეი შეჰადეთი) და მუსლიმი გახდა:
„ეშჰედუ ენ ლა ილაჰე ილლალლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ აბდუჰუ ვე რესულუჰ.“ შემდეგ თქვა: „ვფიცავ, რომ ის არის ის შუამავალი, რომლის მოსვლასაც წიგნის ხალხი, იუდეველები და ქრისტიანები, ელოდნენ და რომლის მოსვლაც წინა შუამავლებმა ახარეს. მასთან მისვლის საშუალება რომ მქონოდა, აუცილებლად წავიდოდი და მისი მსახურების პატივს ვეღირსებოდი!“ წერილი პატივისცემით ლამაზ ყუთში ჩადო და თქვა: „სანამ ეს წერილები აქ იქნება, ეთიოპიას სიკეთე და ბარაქა არ მოაკლდება.“3 ნეჯაში ესჰამემ მეორე წერილში მოცემული ბრძანებები პატივისცემით წაიკითხა და შუამავლის ბრძანებით ჩვენი დედა უმმუ ჰაბიბე უკეთილშობილეს შუამავალს ნიქაჰით შერთო, და ასე ის ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი მეუღლე გახდა. შემდეგ ჩვენი დედა უმმუ ჰაბიბე და იქ მყოფი საჰაბეები ორი თვის მანძილზე სტუმრად ჰყავდა, ბოლოს კი ხომალდებზე დასვა და უამრავი საჩუქრით მედინაში გაგზავნა. მათთვის გატანებულ წერილში აუწყებდა, რომ რწმენა (იმანი) მიიღო.
წერილი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლიუსს
ჰაზრეთი დიჰიე ქელბის ბიზანტიის იმპერატორის ისლამზე მოწვევა დაევალა. წერილი ბუსრაში ღასსანის ხელმწიფე ჰარისისთვის უნდა გადაეცა, ის კი მას ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლიუსს გაუგზავნიდა. ჰაზრეთი დიჰიე, რომელმაც შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მოწვევის წერილი დიდი პატივისცემით გამოართვა, სწრაფად ჩავიდა ბუსრაში. ჰარისს შეხვდა და საქმის ვითარება აუხსნა. ჰარისმა დიჰიეს თანამგზავრად ადი ბინ ჰათემი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მუსლიმი, მისცა და ორივენი ჰერაკლიუსთან გაგზავნა, რომელიც იმ დროს იერუსალიმში იმყოფებოდა. ისინი ერთად ჩავიდნენ იერუსალიმში და იმპერატორთან შესახვედრად გზას ეძებდნენ. იმპერატორის კაცებმა დიჰიეს უთხრეს: „როცა კაისერის წინაშე წარსდგები, თავდახრილი უნდა იარო, მიახლოებისას კი მიწაზე უნდა დაემხო და სეჯდე უნდა აღასრულო. სანამ სეჯდიდან წამოდგომის ნებას არ მოგცემს, თავი მიწიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა ასწიო.“ ეს სიტყვები ჰაზრეთი დიჰიეს მძიმედ მოხვდა და მათ უთხრა: „ჩვენ, მუსლიმები, უზენაესი ალლაჰის გარდა არავის წინაშე ვასრულებთ სეჯდეს. თანაც ადამიანის მიერ ადამიანის წინაშე სეჯდის აღსრულება მისი ბუნების საწინააღმდეგოა.“ ამაზე კაისერის კაცებმა თქვეს: „მაშინ კაისერი შენ მიერ მოტანილ წერილს არასოდეს მიიღებს და თავისგან გაგაძევებს.“ ჰაზრეთი დიჰიემ თქვა: „ჩვენი შუამავალი მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) სხვას მის წინაშე სეჯდის აღსრულების კი არა, ოდნავ თავის დახრის ნებასაც კი არ აძლევს. ვისაც მასთან საუბარი სურს, მონაც რომ იყოს, ყურადღებას აქცევს. თავისთან იღებს, მის დარდს ისმენს, გაჭირვებას უმსუბუქებს და გულს უმშვიდებს. ამიტომაა, რომ ყველა, ვინც მას მიჰყვება, თავისუფალი და პატივდებულია.“
„ვფიცავ, რომ ის არის ის შუამავალი, რომლის მოსვლასაც წიგნის ხალხი, იუდეველები და ქრისტიანები, ელოდნენ და რომლის მოსვლაც წინა შუამავლებმა ახარეს“ ნეჯაში ესჰამე (რაჰმეთულლაჰი ალეიჰ)
ამ სიტყვების მსმენელთაგან ერთმა თქვა: „რაკი კაისერის წინაშე სეჯდეს არ აღასრულებ, მაშინ სხვა გზას გაჩვენებ, რომ შენი დავალება შეასრულო. კაისერს სასახლის წინ ადგილი აქვს, სადაც ისვენებს. ყოველდღე შუადღის შემდეგ ამ ეზოში გამოდის და იქ სეირნობს. იქ მინბარი დგას. თუ მასზე რაიმე ნაწერი დევს, ჯერ მას აიღებს და წაიკითხავს, შემდეგ კი ისვენებს. ახლა წადი, წერილი იმ მინბარზე დადე და გარეთ დაელოდე. წერილს რომ დაინახავს, დაგიძახებს. მაშინ შეასრულებ შენს დავალებას.“
ამის შემდეგ ჰაზრეთი დიჰიემ წერილი ნათქვამ ადგილზე დატოვა. ჰერაკლიუსმა წერილი აიღო და არაბული ენის მცოდნე თარჯიმანი მოითხოვა. თარჯიმანმა ალლაჰის შუამავლის წერილის კითხვა დაიწყო. წერილის თავში ეწერა: „ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ! უზენაესი ალლაჰის შუამავლის, მუჰამმედისგან (ალეიჰისსელამ), ბიზანტიელთა დიდებულ ჰერაკლეს.“ ჰერაკლიუსის ძმისშვილი იენნაქი წერილის ასე დაწყებამ ძალიან გააბრაზა და თარჯიმანს მკერდში ძლიერად მუშტი ჩაარტყა. დარტყმის სიძლიერისგან თარჯიმანი მიწაზე დაეცა და დალოცვილი წერილი ხელიდან გაუვარდა. როცა ჰერაკლიუსმა ჰკითხა: „რატომ მოიქეცი ასე?“, მან უპასუხა: „წერილს ვერ ხედავ? წერილი შენს სახელამდე თავისი სახელით დაუწყია და იმასაც არ ამბობს, რომ ხელმწიფე ხარ, არამედ წერს: ‚ბიზანტიელთა დიდებულ ჰერაკლეს‘. რატომ არ დაწერა ‚ბიზანტიელთა ხელმწიფეს‘ და რატომ არ დაიწყო შენი სახელით? მისი წერილი დღეს არ წაიკითხება.“
ამაზე ჰერაკლიუსმა თქვა: „ალლაჰს ვფიცავ, ან ძალიან უგუნური ხარ, ან სულ შეშლილი. არ ვიცოდი, რომ ასეთი იყავი. ჯერ არც კი შემიხედავს, რა წერია წერილში, და შენ მისი დახევა და გადაგდება გინდა? ჩემს სიცოცხლეს ვფიცავ: თუ ის, როგორც თვითონ ამბობს, ალლაჰის შუამავალია, მაშინ მართალია, რომ წერილში თავის სახელს ჩემს სახელზე წინ წერს და მე ბიზანტიელთა დიდებულს მიწოდებს. მე მხოლოდ მათი უფროსი ვარ, მათი ხელმწიფე არ ვარ.“ და იენნაქი თავისგან გააძევა. ბოლოს უსყუფი, ქრისტიანთა შორის ყველაზე სწავლული, მათი მეთაური და თავისი მრჩეველი, დაიბარა და წერილი წააკითხებინა. წერილის გაგრძელებაში ეწერა: „სალამი მათ, ვინც უზენაესი ალლაჰის ჭეშმარიტ გზას მიჰყვება და სწორ გზას ეზიარა!“ შემდეგ კი: „(ჰოი, ბიზანტიელთა დიდებულო!) გიწვევ ისლამზე. მიიღე ისლამი, რათა ხსნა ჰპოვო. გახდი მუსლიმი, რათა უზენაესმა ალლაჰმა ორმაგი ჯილდო მოგანიჭოს. თუ პირს იბრუნებ, ყველა ქრისტიანის ცოდვა შენს კისერზე იქნება. (ჩემო შუამავალო!) თქვი: ‚ჰოი, წიგნის ხალხო (იუდეველებო და ქრისტიანებო)! მოდით იმ სიტყვისკენ, რომელიც ჩვენთვისაც და თქვენთვისაც საერთოა: არავის ვცეთ თაყვანი, გარდა უზენაესი ალლაჰისა, და არაფერი გავუხადოთ მას თანაზიარად; უზენაესი ალლაჰის გარდა ჩვენგან არავინ ვაღიაროთ გამჩენ უფლად. და თუ ამ სიტყვისგან სახეს იბრუნებენ, უთხარით: დაამოწმეთ, რომ ჩვენ ჭეშმარიტი მუსლიმები ვართ!‘“4
სანამ უკეთილშობილესი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წერილს კითხულობდნენ, ჰერაკლიუსს შუბლიდან ოფლის წვეთები სდიოდა. წერილი რომ დასრულდა, თქვა: „სულეიმანის (ალეიჰისსელამ) შემდეგ არ მინახავს წერილი, რომელიც სიტყვებით ‚ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ‘ იწყებოდა.“ როცა ჰერაკლიუსმა უსყუფს ამ საკითხზე მისი აზრი ჰკითხა, უსყუფმა თქვა:
„ალლაჰს ვფიცავ, ის არის ის შუამავალი, რომლის მოსვლაც მუსამ და ისამ (ალეიჰიმესსელამ) გვახარეს. ჩვენც ხომ მის მოსვლას ველოდით.“
ჰერაკლიუსმა ჰკითხა: „ამ საქმეში რის გაკეთებას მირჩევ, რას მიიჩნევ მართებულად?“ უსყუფმა უპასუხა: „მართებულად მიმაჩნია, რომ მას გაჰყვე.“ ჰერაკლიუსმა თქვა: „რასაც ამბობ, კარგად ვიცი. მაგრამ მისი გაყოლისა და მუსლიმად გახდომის ძალა არ შემწევს, რადგან ხელმწიფებასაც დავკარგავ და მომკლავენ კიდეც.“ ამის შემდეგ ჰაზრეთი დიჰიე და ადი ბინ ჰათემი დაიბარა. ადიმ თქვა: „ჰოი, ხელმწიფევ! ეს კაცი, ჩემ გვერდით რომ დგას, ცხვრისა და აქლემის პატრონი არაბებიდანაა და თავის ქვეყანაში მომხდარ საოცარ ამბავზე ლაპარაკობს.“ როცა ჰერაკლიუსმა იკითხა: „რა ამბავი მოხდა თქვენს ქვეყანაში?“, ჰაზრეთი დიჰიემ თქვა: „ჩვენ შორის ერთი პიროვნება გამოჩნდა. განაცხადა, რომ შუამავალია. ხალხის ნაწილი მას მიჰყვება, ნაწილი კი წინ აღუდგა. ჩვენ შორის, მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის, შეტაკებები ხდება.“
ამის შემდეგ ჰერაკლიუსმა შუამავლის შესახებ გამოკითხვა დაიწყო. დამასკოს მმართველს უბრძანა, რომ უკეთილშობილესი შუამავლის გვარის ვინმე ეპოვათ. ამასობაში რომში მცხოვრებ ერთ სწავლულსაც, თავის მეგობარს, რომელმაც ებრაული ენა იცოდა, მისწერა და ამ საკითხზე ჰკითხა. რომში მყოფი მეგობრისგან წერილი მოვიდა, რომელშიც ეწერა, რომ ის პიროვნება, რომელზეც ეკითხებოდა, ბოლო ჟამის შუამავალია. დამასკოს მმართველი კი ყურაიშელთა სავაჭროდ მიმავალ ქარავანს გადააწყდა. მათ შორის იყო ყურაიშის მეთაური ებუ სუფიანიც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მუსლიმი. ებუ სუფიანი მოგვითხრობს: „როცა ღაზაში ვიყავით, ჰერაკლიუსის დამასკოს მმართველი ჩვენკენ ისე მოვიდა, თითქოს თავს გვესხმოდა, და გვკითხა: ‚ჰიჯაზში მყოფი იმ პიროვნების ხალხიდან ხართ?‘ ვუთხარით: ‚დიახ.‘ თქვა: ‚აბა, ჩვენთან ერთად იმპერატორთან წამოხვალთ!‘“ ებუ სუფიანი და მისი თანმხლებნი დამასკოში წაიყვანა. დამასკოს მმართველმა ებუ სუფიანი და მისი თანმხლებნი ჰერაკლიუსის წინაშე წარადგინა. ჰერაკლიუსი იმ დროს იერუსალიმში, ბეითულ-მაყდისში იმყოფებოდა. ვეზირთან ერთად იჯდა და თავზე გვირგვინი ედგა. აქ მიიღო ჰერაკლიუსმა ებუ სუფიანი და მასთან მყოფი ოცდაათამდე მექქელი.
თარჯიმანი დაიბარა და მათ ჰკითხა: „თქვენგან ვინ არის გვარით ყველაზე ახლოს იმ პიროვნებასთან, რომელიც ამბობს, რომ შუამავალია?“ ებუ სუფიანმა უპასუხა: „გვარით მასთან ყველაზე ახლოს მე ვარ.“ ჰერაკლიუსმა მოისურვა, რომ ებუ სუფიანი მასთან ახლოს მიეყვანათ, დანარჩენები კი ებუ სუფიანის უკან დამდგარიყვნენ. როცა ჰერაკლიუსმა ჰკითხა: „რა ნათესაობა გაკავშირებთ?“, უთხრა: „ჩემი ბიძაშვილია.“ (რადგან ებუ სუფიანის ბაბუა უმეიიეა, ალლაჰის შუამავლის ბაბუა კი – აბდულმუტტალიბი. მათი ბაბუები ორი ძმის შვილები იყვნენ. ამიტომ თქვა „ჩემი ბიძაშვილიაო“. მათი გვარები ბაბუების ბაბუაში, აბდუ მენაფში, ერთდება.) ებუ სუფიანმა თავდაპირველად ტყუილი თქვა, მაგრამ ხელმწიფის მუქარისა შეეშინდა და ტყუილის თქმა ვეღარ შეძლო.
„ალლაჰს ვფიცავ, ის არის ის შუამავალი, რომლის მოსვლაც მუსამ და ისამ (ალეიჰიმესსელამ) გვახარეს. ჩვენც ხომ მის მოსვლას ველოდით“ იერუსალიმის უსყუფი
შემდეგ მათ შორის ასეთი საუბარი შედგა. ჰერაკლიუსი: – როგორია თქვენ შორის იმ პიროვნების გვარი, რომელიც ამბობს, რომ შუამავალია? – ის თავისი დროის ყველაზე წარჩინებული გვარისაა. გვარით ჩვენ შორის ყველაზე რჩეულია. – თქვენ შორის მანამდე ვინმეს განუცხადებია, რომ შუამავალია? – არა. – მის წინაპრებს შორის ვინმე ხელმწიფე ყოფილა? – არა. – მას ხალხის წარჩინებულები მიჰყვებიან თუ ღარიბები და სუსტები? – მას ღარიბები, სუსტები, ახალგაზრდები და ქალები მიჰყვებიან. მისი ხალხის მოხუცებულთა და წარჩინებულთაგან ცოტა თუ მიჰყვება. – მისი მიმდევრები მრავლდებიან თუ მცირდებიან? – მრავლდებიან. – ვინმე ყოფილა ისეთი, ვინც მის რჯულში შესვლის შემდეგ ის არ მოეწონა ან გაბრაზდა და უკან დაბრუნდა? – არა. – სანამ იტყოდა, რომ შუამავალია, ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ტყუილი ეთქვას? – არა. – ამ შუამავალს ოდესმე აღთქმა დაურღვევია, სიტყვა გაუტეხია? – არა, არასოდეს. მაგრამ ახლა მასთან ხელშეკრულება გვაქვს დადებული, რომ გარკვეული ვადით ბრძოლა შევწყვიტოთ. არ ვიცით, ამ ვადაში რას გააკეთებს. – რას გიბრძანებთ? – გვიბრძანებს, მხოლოდ ერთ ალლაჰს მივაგოთ ღვთისმსახურება და არაფერი გავუხადოთ მას თანაზიარად. გვიკრძალავს იმის თაყვანისცემას, რასაც ჩვენი წინაპრები სცემდნენ თაყვანს (კერპებისა). გვიბრძანებს, ნამაზი აღვასრულოთ, მართლები ვიყოთ, ღარიბებს დავეხმაროთ, ჰარამს მოვერიდოთ, აღთქმას ვიყოთ ერთგულნი, მონდობილს (ემანეთს) არ ვუღალატოთ და ნათესავებს ვინახულებდეთ. ეს საუბარი ბეითულ-მაყდისში შედგა და იქ წაიკითხეს ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დალოცვილი წერილი. როცა ჰერაკლიუსმა წერილს აკოცა, თვალებზე მიიდო და თავზე დაიდო, ბიზანტიელებში ხმაური კიდევ უფრო გაძლიერდა.
კაისერმა ბრძანა, რომ ებუ სუფიანი და მასთან მყოფი ყურაიშელები გარეთ გაეყვანათ. ებუ სუფიანმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მუსლიმი, იქ ფიცით თქვა, რომ სწამდა: ჩვენი საყვარელი შუამავლის საქმე წარმატებით დასრულდებოდა. ჰაზრეთი დიჰიე ჰერაკლიუსის პირისპირ დადგა და თავისი დალოცვილი, ლამაზი სახითა და ტკბილი ხმით უთხრა: „ჰოი, კაისერო! შენთან ბუსრიდან ერთმა პიროვნებამ (ჰარისმა) გამომგზავნა, რომელიც შენზე უკეთესია. უზენაეს ალლაჰს ვფიცავ, რომ ის, ვინც მასთან გამომგზავნა (ალლაჰის შუამავალი), მასზეც და შენზეც უკეთესია. ჩემი სიტყვები თავმდაბლად უნდა მოისმინო და მოცემული რჩევები მიიღო! რადგან თუ თავმდაბლობას გამოიჩენ, რჩევებს გაიგებ. თუ რჩევებს არ მიიღებ, სამართლიანი ვერ იქნები!“
როცა ჰერაკლიუსმა უთხრა: „განაგრძე“, ჰაზრეთი დიჰიემ თქვა: „მაშ, გიწვევ, ირწმუნო უზენაესი ალლაჰი, რომლისთვისაც ისა (ალეიჰისსელამ) ნამაზს ასრულებდა. გიწვევ, ირწმუნო ეს უმმი (ვინც კითხვა-წერა არ ისწავლა) შუამავალი, რომლის მოსვლაც ჯერ მუსამ (ალეიჰისსელამ), მის შემდეგ კი ისამ (ალეიჰისსელამ) ახარა და აუწყა. თუ ამის შესახებ რამე იცი და ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერების მოპოვება გსურს, ეს თვალწინ დაიყენე. თორემ საიქიოს ბედნიერებას ხელიდან გაუშვებ და ურწმუნოებასა (ქუფრსა) და შირქში დარჩები. ისიც კარგად იცოდე, რომ უზენაესი ალლაჰი, რომელიც შენი უფალია, ჩაგვრელთა დამღუპველი და წყალობათა შემცვლელია.“
ჰერაკლიუსმა თქვა: „მე არც ხელში ჩავარდნილ ნაწერს ვტოვებ წაუკითხავად და არც ჩემთან მოსულ სწავლულს ვუშვებ, სანამ იმას არ ვკითხავ და არ შევიტყობ, რაც არ ვიცი. ამისგან მხოლოდ სიკეთესა და სარგებელს ვხედავ. ვადა მომეცი, რომ ვიფიქრო და ჭეშმარიტებას მივაგნო.“ მოგვიანებით ჰერაკლიუსმა ჰაზრეთი დიჰიე თავისთან დაიბარა და პირისპირ ესაუბრა. გულში რაც ედო, ასე გაუმხილა: „ვიცი, რომ ის, ვინც შენ გამოგგზავნა, ბოლო ჟამის შუამავალია, რომლის მოსვლაც წიგნებშია ნახარები და რომლის მოსვლასაც ელიან. მაგრამ თუ მას გავყვები, მეშინია, ბიზანტიელებმა არ მომკლან. გაგგზავნი საფატირთან – ის მათი უდიდესი სწავლულია და მას ჩემზე მეტ პატივს სცემენ. ყველა ქრისტიანი მას მიჰყვება. თუ ის ირწმუნებს, ყველა ბიზანტიელი ირწმუნებს. მაშინ მეც გამოვამჟღავნებ იმას, რაც გულში მაქვს და რისიც მწამს.“
ამის შემდეგ ჰერაკლიუსმა წერილი დაწერა, ჰაზრეთი დიჰიეს მისცა და საფატირთან გაგზავნა.
ბერი საფატირი
ალლაჰის შუამავალმა საფატირსაც გაუგზავნა წერილი. როცა საფატირმა წერილები წაიკითხა და შუამავლის თვისებების შესახებ მოისმინა, თქვა, რომ ეჭვი არ იყო, რომ ის იყო ბოლო ჟამის შუამავალი, რომლის მოსვლაც ჰაზრეთი მუსამ და ჰაზრეთი ისამ აუწყეს, და ირწმუნა. სახლში წავიდა, ჩაიკეტა და სამი კვირის განმავლობაში არ გამოსულა ქადაგებებზე, რომლებსაც ყოველ კვირა დღეს წარმოთქვამდა. ქრისტიანები ყვიროდნენ: „რა ემართება საფატირს, რომ იმ არაბთან საუბრის შემდეგ გარეთ აღარ გამოდის? მისი ნახვა გვინდა!“
საფატირმა ბერის შავი სამოსი გაიხადა. თეთრი სამოსი ჩაიცვა, ხელში კვერთხი აიღო და ეკლესიაში მივიდა. ქალაქის მცხოვრებლები რომ შეკრიბა, ფეხზე ადგა და თქვა: „ჰოი, ქრისტიანებო! იცოდეთ, რომ აჰმედისგან (ალეიჰისსელამ) წერილი მოგვივიდა. ჭეშმარიტ რჯულზე გვიწვევს. ცხადად ვიცი და მწამს, რომ ის უზენაესი ალლაჰის ჭეშმარიტი შუამავალია.“ ქრისტიანებმა ეს რომ გაიგონეს, საფატირს თავს დაესხნენ და ცემით შეჰიდად აქციეს. ჰაზრეთი დიჰიე მივიდა და მომხდარი ჰერაკლიუსს აუწყა.
ჰერაკლიუსმა თქვა: „განა არ გითხარი? საფატირი ქრისტიანებისთვის ჩემზე საყვარელი და ძვირფასია. ჩემგან რომ გაეგონათ, მეც მისსავით მომკლავდნენ.“ ბუჰარის მიერ თავის „საჰიჰში“ მოყვანილ და ზუჰრის მიერ გადმოცემულ ამბავში კი ნათქვამია: „ჰერაკლიუსმა ბიზანტიელთა დიდებულები ჰომსში, თავის სასახლეში, დაიბარა და კარების დაკეტვა ბრძანა. შემდეგ მაღალ ადგილზე ავიდა და თქვა: ‚ჰოი, ბიზანტიელთა საზოგადოებავ! გსურთ, ბედნიერებასა და სიმშვიდეს ეზიაროთ, თქვენი ხელმწიფება მყარად დარჩეს და ჰაზრეთი ისას ნათქვამს მიჰყვეთ?‘ ბიზანტიელებმა იკითხეს: ‚ჰოი, ჩვენო ხელმწიფევ! ამის მისაღწევად რა უნდა ვქნათ?‘ ჰერაკლიუსმა თქვა: ‚ჰოი, ბიზანტიელთა საზოგადოებავ! სასიკეთო საქმისთვის შეგკრიბეთ. ჰაზრეთი მუჰამმედისგან წერილი მომივიდა. ისლამის რჯულზე მიწვევს. ალლაჰს ვფიცავ, ის არის ის შუამავალი, რომლის მოსვლასაც გამუდმებით ველოდით, რომელიც ჩვენს წიგნებში ჩაწერილი ვპოვეთ და რომლის ნიშნებიც ვიცით. მოდით, მას გავყვეთ, რომ ამქვეყნადაც და საიქიოშიც ხსნა ვპოვოთ.‘ ამაზე ყველამ უკადრისი სიტყვების ძახილითა და ბუზღუნით გარეთ გასაქცევად კარებისკენ გაიქცა. მაგრამ კარები დაკეტილი იყო და გასვლა ვერ შეძლეს. როცა ჰერაკლიუსმა ბიზანტიელების ეს საქციელი დაინახა და მიხვდა, როგორ გაურბოდნენ ისლამს, სიცოცხლის შეეშინდა და თქვა: ‚ჰოი, ბიზანტიელთა საზოგადოებავ! ეს სიტყვები მხოლოდ იმისთვის ვთქვი, რომ თქვენი რჯულისადმი ერთგულება გამომეცადა. საკუთარი თვალით ვიხილე თქვენი რჯულისადმი ერთგულება და საქციელი, რომელმაც გამახარა.‘ ამაზე ბიზანტიელებმა ჰერაკლიუსს სეჯდე უყვეს და, როცა სასახლის კარები გაიღო, გავიდნენ და წავიდნენ.“5 ჰერაკლიუსმა ჰაზრეთი დიჰიე დაიბარა და მომხდარი უამბო. ერთმანეთზე ძვირფასი საჩუქრები მისცა. გარდა ამისა, შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წერილი მისწერა. თავისი წერილი და მომზადებული საჩუქრები ჰაზრეთი დიჰიეს ხელით ჩვენს საყვარელ შუამავალს გაუგზავნა.
„ეჭვი არ არის, რომ ის არის ბოლო ჟამის შუამავალი, რომლის მოსვლაც ჰაზრეთი მუსამ და ჰაზრეთი ისამ აუწყეს“ ბერი საფატირი
ჰერაკლიუსს მუსლიმობა სურდა, მაგრამ თანამდებობის დაკარგვისა და სიკვდილის შიშით არ ირწმუნა. შუამავლისთვის მიწერილ წერილში ეწერა: „ალლაჰის შუამავალ მუჰამმედს, რომელიც ჰაზრეთი ისამ ახარა, ბიზანტიის ხელმწიფე კაისერისგან! შენი ელჩი შენს წერილთან ერთად მოვიდა ჩემთან. ვმოწმობ, რომ შენ ალლაჰის ჭეშმარიტი შუამავალი ხარ. ჩვენ ხომ ინჯილში ჩაწერილი გპოვეთ და ჰაზრეთი ისამ შენი მოსვლა გვახარა. ბიზანტიელები მოვიწვიე, რომ შენ გიწამონ, მაგრამ არ დამთანხმდნენ. ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, უეჭველად მათთვის სასიკეთო იქნებოდა. ძალიან მსურს, შენ გვერდით ვიყო, გემსახურო და ფეხები დაგბანო.“ ჰაზრეთი დიჰიე ჰერაკლიუსს გამოეთხოვა და ჰისმაში მივიდა. გზაში, ჯუზამის ხეობათაგან ერთ-ერთში, შენარის ხეობაში, ჰუნეიდ ბინ უსმა, მისმა შვილმა და მისმა კაცებმა ჰაზრეთი დიჰიე გაძარცვეს. ძველი ტანისამოსის გარდა ყველაფერი წაართვეს, რაც კი ებადა. ამ ადგილას დუბეიბ ბინ რიფაე ბინ ზეიდს და მის ტომს ისლამი უკვე მიღებული ჰქონდათ. როცა დიჰიე მათთან მივიდა და მომხდარი უამბო, ჰუნეიდ ბინ უსს და მის ტომს თავს დაესხნენ და ყველა ნივთი დააბრუნეს.
მოგვიანებით ალლაჰის შუამავალმა ჰუნეიდ ბინ უსისა და მისი კაცების წინააღმდეგ ზეიდ ბინ ჰარისე გაგზავნა. იმ მხარის ყველა მცხოვრებმა ირწმუნა. როცა ჰაზრეთი დიჰიე მედინაში ჩავიდა, სახლში არც შეუვლია, პირდაპირ უკეთილშობილესი ჰაბიბის კარს მიადგა. კარზე დააკაკუნა. ჩვენმა შუამავალმა იკითხა: „ვინ არის?“ დიჰიემ თქვა: „დიჰიეთულ ქელბი.“ სამყაროთა ბატონმა ბრძანა: „შემობრძანდი.“ ჰაზრეთი დიჰიე შევიდა და მომხდარი ყველა წვრილმანით უამბო. შუამავალს ჰერაკლიუსის წერილი წაუკითხა. ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „მას კიდევ გარკვეული დრო (ხელმწიფებაში) დარჩენა უწერია. სანამ ჩემი წერილი მათთან იქნება, მათი ხელმწიფება გაგრძელდება.“
მართალია, ჰერაკლიუსმა თავის წერილში დაწერა, რომ ჩვენს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ირწმუნა, მაგრამ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ტყუის. თავისი რჯულიდან არ განდგომილა.“ ჰერაკლიუსმა ჩვენი საყვარელი შუამავლის წერილი აბრეშუმის ატლასში გაახვია და ოქროს მრგვალ ყუთში შეინახა. ჰერაკლიუსის ოჯახი ამ წერილს ინახავდა და ყველასგან მალავდა. ამბობდნენ და სწამდათ, რომ სანამ ეს წერილი მათ ხელში იქნებოდა, მათი ხელმწიფება გაგრძელდებოდა. და მართლაც ასე მოხდა.6
წერილი ეგვიპტის მეფე მუყავყასს
სანამ ჰატიბ ბინ ები ბელთეას ეგვიპტის ხელმწიფესთან გაგზავნიდა, უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იკითხა: „ჰოი, ჩემო საჰაბეებო! თქვენგან ვინ წაუღებს ამ წერილს ეგვიპტის ხელმწიფეს და ჯილდოს მხოლოდ უზენაესი ალლაჰისგან მოელის?“ ამაზე ჰაზრეთი ჰატიბი ადგილიდან წამოხტა და თქვა: „ალლაჰის შუამავალო! მე წავიღებ!“ ჩვენმა შუამავალმაც ბრძანა: „ჰოი, ჰატიბ! უზენაესმა ალლაჰმა ეს შენი დავალება შენთვის დალოცვილი გახადოს!“ ჰატიბ ბინ ები ბელთეამ წერილი ჩვენს საყვარელ შუამავალს გამოართვა. გამოეთხოვა და სახლში წავიდა. საჯდომი პირუტყვი მოამზადა. ოჯახსაც რომ გამოეთხოვა, გზას დაადგა. ჰაზრეთი ჰატიბმა შეიტყო, რომ ეგვიპტის ხელმწიფე მუყავყასი ალექსანდრიაში იმყოფებოდა, და მის სასახლეს მიაღწია. მეკარემ, რომელმაც შიგნით შეყვანამდე მისი მისვლის მიზანი შეიტყო, ჰაზრეთი ჰატიბს დიდი პატივი სცა და ერთი წამითაც არ ალოდინა. მუყავყასი იმ დროს ზღვაზე, ერთ ხომალდზე, თავის კაცებს ესაუბრებოდა. ჰაზრეთი ჰატიბი ნავში ჩაჯდა და იქამდე მიცურა, სადაც მუყავყასი იყო. ჩვენი შუამავლის წერილი გადასცა. მუყავყასმა წერილი ჰატიბს გამოართვა და კითხვა დაიწყო:
„ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ!
უზენაესი ალლაჰის მონისა და შუამავლის, მუჰამმედისგან, კოპტების (ეგვიპტის ძველი მკვიდრების) დიდებულ მუყავყასს! სალამი მათ, ვინც ჭეშმარიტ გზას მიჰყვება. გიწვევ ისლამზე, რათა ხსნა ჰპოვო. გახდი მუსლიმი, რათა ხსნა ჰპოვო და უზენაესი ალლაჰის ორმაგ ჯილდოს ეღირსო. თუ პირს იბრუნებ, ყველა კოპტის ცოდვა შენს კისერზე იქნება! ‚(ჩემო შუამავალო!) თქვი: ჰოი, წიგნის ხალხო (იუდეველებო და ქრისტიანებო)! მოდით იმ სიტყვისკენ, რომელიც ჩვენთვისაც და თქვენთვისაც საერთოა: არავის ვცეთ თაყვანი, გარდა უზენაესი ალლაჰისა, და არაფერი გავუხადოთ მას თანაზიარად; უზენაესი ალლაჰის გარდა ჩვენგან არავინ ვაღიაროთ გამჩენ უფლად. და თუ ამ სიტყვისგან სახეს იბრუნებენ, უთხარით: დაამოწმეთ, რომ ჩვენ ჭეშმარიტი მუსლიმები ვართ!‘“7
როცა სამყაროს სულთნის წერილი წაიკითხეს, მუყავყასმა ჰაზრეთი ჰატიბს უთხრა: „სასიკეთოდ იყოს!“ ეგვიპტის ხელმწიფემ თავისი სარდლები და სახელმწიფო მოხელეები შეკრიბა და ჰატიბთან საუბარი დაიწყო. თქვა: „ზოგიერთ რამეს გკითხავ, რისი გაგებაც მსურს, და ამის შესახებ გესაუბრები.“ როცა ჰაზრეთი ჰატიბმა უთხრა: „ბრძანე, ვისაუბროთ!“, მუყავყასმა იკითხა: – იმის შესახებ მიამბე, ვინც შენ გამოგგზავნა. შუამავალია? ცოტა რამ მიამბე მასზე! – დიახ, ის შუამავალია. – თუ ის მართლაც შუამავალია, რატომ არ დაწყევლა თავისი ხალხი, რომელმაც ის მშობლიური მხრიდან განდევნა და სხვა ადგილას თავშესაფრის ძებნა აიძულა? – შენ ხომ გწამს, რომ ისა, მერიემის ძე (ალეიჰისსელამ), შუამავალი იყო? როცა მისმა ხალხმა მისი შეპყრობა და მოკვლა მოინდომა, მან მაინც არ დაწყევლა ისინი და უზენაესმა ალლაჰმა ის ამქვეყნიურ ცაზე აიყვანა და დააჯილდოვა. განა არ უნდა შევედრებოდა უზენაეს ალლაჰს თავისი ხალხის დაღუპვას? ის ასე არ მოქცეულა.
„ჰოი, ჰატიბ! უზენაესმა ალლაჰმა ეს შენი დავალება შენთვის დალოცვილი გახადოს!“ ჰადისი შერიფი
– ძალიან კარგად მიპასუხე. ჭეშმარიტად, შენ ბრძენი ხარ, რომელიც ბრძენი პიროვნებისგან მოსულხარ. ამაღამ ჩვენთან დარჩი, ხვალ კი ჩემს პასუხს გეტყვი.
ჰაზრეთი ჰატიბმა, ჰაზრეთი მუსას დროინდელი ფარაონი რომ იგულისხმა, მუყავყასს უთხრა: – შენამდე აქ ერთი ხელმწიფე იყო. თავის ხალხს უთხრა: „მე ვარ თქვენი უდიდესი ღმერთი!“, და ასე ღვთაებად გამოაცხადა თავი. უზენაესმა ალლაჰმა ის ამქვეყნიური და საიქიოს სასჯელით დასაჯა და შური იძია მასზე. შენ ამისგან გაკვეთილი მიიღე და სხვებისთვის გაკვეთილად ნუ იქცევი! – ჩვენ ჩვენი რჯული გვაქვს. ამ ჩვენს რჯულს არ მივატოვებთ, სანამ მასზე უკეთესი არ მოვა. – რჯული, რომელიც უკეთესია იმ რჯულზე, რომელსაც მისდევ და რომლის შესახებაც ამბობ, რომ არ მიატოვებ, სანამ მასზე უკეთესი არ მოვა, უეჭველად ისლამია. ჩვენ გიწვევთ უზენაესი ალლაჰის ამ უკანასკნელ რჯულზე, ისლამზე. უზენაესმა ალლაჰმა მისით თავისი რჯული დაასრულა და ის ადამიანებისთვის საკმარისი გახადა, და ეს უეჭველია. ამ შუამავალმა ისლამის რჯულზე მარტო შენ კი არა, ყველა ადამიანი მოიწვია. მაშინ ადამიანთაგან მას ყველაზე მძაფრად ყურაიშელები დაუპირისპირდნენ და ყველაზე უხეშად ისინი მოექცნენ, ყველაზე დიდი მტრობა იუდეველებმა გამოიჩინეს, ყველაზე ახლოს კი ქრისტიანები აღმოჩნდნენ. უზენაეს ალლაჰს ვფიცავ: როგორც მუსამ (ალეიჰისსელამ) ისა (ალეიჰისსელამ) ახარა, ზუსტად ისე ახარა ისამ (ალეიჰისსელამ) მუჰამმედი (ალეიჰისსელამ). ამიტომ ჩვენ რომ წმინდა ყურანზე გიწვევთ, იგივეა, რაც შენ რომ იუდეველებს ინჯილზე იწვევდე. უეჭველად იცი, რომ ყოველი შუამავალი ისეთ ხალხთან იყო მოვლენილი, რომელიც მას გაიგებდა და შეიცნობდა. და იმ ხალხისთვის ამ შუამავლისადმი მორჩილება ვაჯიბი გახდა. აჰა, შენც იმათგანი ხარ, ვინც ამ შუამავლის ჟამს მოესწრო. ჩვენ ამ ახალ რჯულზე გიწვევთ.
ჰაზრეთი ჰატიბის ამ სიტყვების შემდეგ მუყავყასმა თქვა: – ამ შუამავლის ვითარებას დავაკვირდი. მის ბრძანებებსა და აკრძალვებში ვერაფერი ვიპოვე, რაც გონებას არ შეესაბამებოდეს. რამდენადაც მივხვდი, ის არც ჯადოქარია, არც მკითხავი და არც მატყუარა.
მასში შუამავლობის ნიშანთაგან ზოგიერთი ვპოვე. დაფარულის გამომჟღავნება ამ ნიშანთაგან ერთ-ერთია. ამ პიროვნებისგან ზოგიერთი საიდუმლოს შესახებ ამბები გამოვიდა. შემდეგ თქვა: „ცოტა კიდევ ვიფიქრებ!“ – და ვადა ითხოვა.
ღამით მუყავყასმა ჰაზრეთი ჰატიბი გააღვიძა და აუწყა, რომ შუამავლის შესახებ კიდევ ბევრი რამის კითხვა სურდა.
შემდეგ მათ შორის ასეთი საუბარი შედგა:
– თუ კითხვებზე, რომლებსაც მასზე დაგისვამ, მართალ პასუხს გამცემ, სამი რამის კითხვა მინდა.
– იკითხე, რაც გინდა! ყოველთვის სიმართლეს გეტყვი.
– რისკენ მოუწოდებს მუჰამმედი ადამიანებს?
– მოუწოდებს, რომ ღვთისმსახურება მხოლოდ უზენაეს ალლაჰს მიაგონ. გვიბრძანებს, დღისა და ღამის განმავლობაში ხუთი დროის ნამაზი აღვასრულოთ, რამაზნის მარხვა ვიმარხულოთ და მიცემულ სიტყვას ვიყოთ ერთგულნი. გვიკრძალავს მკვდარი პირუტყვის ხორცის ჭამას.
„(ჩემო შუამავალო!) თქვი: ‚ჰოი, წიგნის ხალხო (იუდეველებო და ქრისტიანებო)! მოდით იმ სიტყვისკენ, რომელიც ჩვენთვისაც და თქვენთვისაც საერთოა: არავის ვცეთ თაყვანი, გარდა უზენაესი ალლაჰისა, და არაფერი გავუხადოთ მას თანაზიარად; უზენაესი ალლაჰის გარდა ჩვენგან არავინ ვაღიაროთ გამჩენ უფლად. და თუ ამ სიტყვისგან სახეს იბრუნებენ, უთხარით: დაამოწმეთ, რომ ჩვენ ჭეშმარიტი მუსლიმები ვართ!‘“ ალი იმრან: 64
შემდეგ მუყავყასმა იკითხა:
– მისი აღნაგობა და იერი (გარეგნობა) აღმიწერე! ჰატიბმა მოკლედ აღუწერა. ბევრი რამ არ ჩამოუთვლია. მაშინ მუყავყასმა თქვა:
– კიდევ დარჩა ზოგი რამ, რაც არ გითქვამს: თვალებში ოდნავი სიწითლე აქვს, ზურგზე კი შუამავლობის ბეჭედი. ვირზე ჯდება, სუფს (შალის ქსოვილს) ატარებს, ფინიკითა და ცოტა ხორციანი საჭმლით საზრდოობს. მას ბიძები ან ბიძაშვილები იცავენ. ჰაზრეთი ჰატიბმა თქვა: – ესენიც მისი თვისებებია.
მუყავყასმა ჰაზრეთი ჰატიბს ჩვენი შუამავლის შესახებ კვლავ ჰკითხა: – სურმას ხმარობს? – დიახ! სარკეში იხედება, თმას ივარცხნის და მგზავრობაშიც და შინაც სარკეს, სასურმეს, სავარცხელსა და მისვაქს თავისგან არ იშორებს! – ვიცოდი, რომ ერთი შუამავალი კიდევ იყო მოსასვლელი, და მეგონა, შამიდან გამოჩნდებოდა, რადგან წინა შუამავლები ყველანი იქიდან გამოდიოდნენ. მართალია, წიგნებში ისიც მქონდა ნანახი, რომ უკანასკნელი შუამავალი არაბეთში, სისასტიკის, სივიწროვისა და სიღარიბის ქვეყანაში გამოჩნდებოდა. და იმ შუამავლის გამოჩენის დრო, რომლის თვისებებიც წიგნებში ჩაწერილი ვპოვეთ, უეჭველად ეს დროა. მისი აღწერა წიგნში ასე გვქონდა ნაპოვნი: „ორ დას ერთ ქორწინებაში არ შეაერთებს, საჩუქარს იღებს, მოწყალებას (სადაყას) კი არ იღებს. ღარიბებთან და გაჭირვებულებთან ერთად ზის და დგება.“ მის გაყოლაში კოპტები არ დამიჯერებენ. მე კი ჩემს ხელმწიფებას ვერ მოვშორდები. ამაში ძალიან ძუნწი ვარ. ეს შუამავალი ქვეყნებს დაეუფლება, მის შემდეგ კი მისი საჰაბეები ჩვენს ამ მიწებამდე მოვლენ და დასახლდებიან. ბოლოს იმათ სძლევენ, ვინც აქ არიან. ამის შესახებ კოპტებს ერთ სიტყვასაც არ ვეტყვი და არც მინდა, ვინმემ ჩემი ეს საუბარი შეიტყოს!
ამ საუბრის შემდეგ მუყავყასმა თავისი მწიგნობარი, რომელიც არაბულად წერდა, დაიბარა და ჩვენი შუამავლის წერილზე ასეთი პასუხი დააწერინა: „აბდულლაჰის ძე მუჰამმედს, კოპტების დიდებულ მუყავყასისგან! სალამი შენ. წავიკითხე შენ მიერ გამოგზავნილი წერილი. გავიგე, რაც მასში ახსენე, და მოწვევა, რომელსაც მიგზავნი. მეც ვიცოდი, რომ ერთი შუამავალი მოვიდოდა. მაგრამ მეგონა, რომ შამიდან გამოჩნდებოდა. შენს ელჩს პატივი ვეცი. გიგზავნი ორ მხევალს, რომლებსაც კოპტებში დიდი ფასი აქვთ, და ჩასაცმელ სამოსს. ერთი ჯორიც გიძღვენი, რომ ზედ იჯდე.“ მუყავყასს ამის გარდა არაფერი გაუკეთებია და არც მუსლიმი გამხდარა. ჰაზრეთი ჰატიბი ეგვიპტეში ხუთი დღე სტუმრად ჰყავდა. დიდი პატივი სცა და გაუმასპინძლდა. შემდეგ უთხრა: „მაშინვე დაბრუნდი შენს ქვეყანაში, შენს ბატონთან! ვბრძანე, რომ მისთვის გაეგზავნათ ორი მხევალი, ორი საჯდომი პირუტყვი, ათასი მისყალი (ერთი მისყალი 4,8 გრამია) ოქრო, ეგვიპტური ნაკეთობის ოცი ხელი თხელი სამოსი და სხვა საჩუქრები. შენთვისაც ვთქვი, რომ ასი დინარი და ხუთი ხელი სამოსი მოგცენ. ახლა წადი ჩემგან! ფრთხილად იყავი, კოპტებმა შენი პირიდან ერთი სიტყვაც არ გაიგონონ!“ მუყავყასმა შუამავალს ამის გარდა უძღვნა ბროლის თასი, სურნელოვანი თაფლი, ჩალმა, ეგვიპტისთვის დამახასიათებელი სელის ქსოვილი, ისეთი სურნელებანი, როგორიცაა აგარის ხე (უდი, აქვილარია) და მუშკი, ხელჯოხი, ყუთში ჩადებული სასურმე, ვარდის ზეთი, სავარცხელი, მაკრატელი, მისვაქი, სარკე, ნემსი და ძაფი.
მუყავყასმა ისლამის ელჩს, ჰაზრეთი ჰატიბ ბინ ები ბელთეას, მცველი ჯარისკაცები გააყოლა და ისე გაისტუმრა. არაბეთის მიწაზე რომ შედგეს ფეხი, მედინისკენ მიმავალ ქარავანს შეხვდნენ. ჰატიბმა მუყავყასის ჯარისკაცები უკან დააბრუნა და ამ ქარავანს შეუერთდა.
ჰატიბ ბინ ები ბელთეა საჩუქრებით მედინაში ჩავიდა და ალლაჰის შუამავლის წინაშე წარდგა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მუყავყასის საჩუქრები მიიღო. როცა ჰატიბმა მუყავყასის წერილი გადასცა და მისი სიტყვები გადმოსცა, შუამავალმა ბრძანა: „რა ცუდი კაცია! თავისი ხელმწიფება ვერ გაიმეტა. ის ხელმწიფება კი, რომელმაც რწმენაში ხელი შეუშალა, მაინც არ შერჩება!“8
ორი მხევალი, რომლებიც მუყავყასმა ჩვენს შუამავალს საჩუქრად გამოუგზავნა, მარიიე და მისი და სირინი იყვნენ. როცა ჰატიბ ბინ ები ბელთეამ გზაში მათ მუსლიმობა შესთავაზა, მიიღეს და მუსლიმები გახდნენ. შუამავალს ძალიან გაუხარდა, რომ ჩვენი დედა ჰაზრეთი მარიიე მუსლიმი გახდა, და მას ნიქაჰით ცოლად შერთვის პატივი მიაგო. მისგან შეეძინა ვაჟი, სახელად იბრაჰიმი. სირინი კი თავის საჰაბეთაგან ჰასსან ბინ საბითს, შუამავლის პოეტს, მისცა.
უკეთესი ჯიშის, თითქმის თეთრი, ნაცრისფერბეწვიანი ორი საჯდომი პირუტყვიდან ჯორს დულდული დაარქვეს, ვირს კი – უფეირი ან იაფური. იმ დღემდე არაბეთში თეთრბეწვიანი ჯორი არ ენახათ. პირველი თეთრბეწვიანი ჯორი, რომელიც მუსლიმებმა ნახეს, დულდული იყო. შუამავალი საჩუქრად მიღებული ბროლის თასით სვამდა წყალს. მუყავყასმა ჩვენი შუამავლის წერილს დიდი პატივი მიაგო და სპილოს ძვლის ყუთში ჩადო.
ყუთი დაბეჭდა და ერთ-ერთ თავის მხევალს ჩააბარა. (ეს წერილი 1267 (ჩვენი წელთაღრიცხვით 1850) წელს ეგვიპტის ახმიმის მხარეში, ერთ ძველ მონასტერში, კოპტურ წიგნებს შორის იპოვეს; ის ოსმალეთის ფადიშაჰმა, მე-96 ხალიფამ, სულთანმა აბდულმეჯიდ ხანმა შეიძინა და სტამბოლში, თოფქაფის სასახლის წმინდა ამანათების განყოფილებაში დააბრძანა.)
წერილი ირანის ქისრას, ჰუსრევ ფერვიზს
ირანის ხელმწიფესთან აბდულლაჰ ბინ ჰუზაფე იყო გაგზავნილი. როცა ჰაზრეთი აბდულლაჰმა ამპარტავან ირანის ქისრას (შაჰს) სამყაროთა ბატონის ძვირფასი წერილი მიართვა, მან ის თავის მწიგნობარს წასაკითხად მისცა.
„ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ!
უზენაესი ალლაჰის შუამავლის, მუჰამმედისგან (ალეიჰისსელამ), სპარსელთა დიდებულ ქისრას…“
მწიგნობარს აქამდე ჰქონდა წაკითხული, რომ ამპარტავან შაჰს სისხლი თავში აუვარდა. განრისხდა, წერილი გამოგლიჯა და დახია. საშინლად აღაშფოთა იმან, რომ შუამავალმა წერილი თავისი დალოცვილი სახელით დაიწყო. როცა ისლამის ელჩის, ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ჰუზაფეს, თავისგან გაძევებაც მოინდომა, ჰაზრეთი აბდულლაჰმა ქისრასა და მის გარშემო შეკრებილ ცეცხლთაყვანისმცემლებს უთხრა:
„ჰოი, სპარსელო ხალხო! არც შუამავლების გწამთ და არც წიგნებს იღებთ. ამ მიწაზე, სადაც ცხოვრობთ, დათვლილ დღეებს ატარებთ და სიზმრისებურ ცხოვრებას ეწევით!…
„ჩემო ალლაჰო! როგორც მან (ქისრამ) ჩემი წერილი ნაკუწებად აქცია, შენც ის და მისი სამფლობელო (მისი ხელმწიფება) ნაკუწებად აქციე!…“ ჰადისი შერიფი
ჰოი, ქისრა! შენამდე ამ ტახტზე მრავალი ხელმწიფე იჯდა და მეფობდა. ისინი, ვინც უზენაესი ალლაჰის ბრძანებებს ასრულებდნენ, თავიანთი საიქიო მოიპოვეს და ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ისინი კი, ვინც არ ასრულებდნენ, ღვთიურ სასჯელს ეწივნენ!…
ჰოი, ქისრა! ეს წერილი, რომელიც მოგიტანე და მოგართვი, სინამდვილეში შენთვის დიდი ბედნიერება იყო. შენ ის დაამცირე. უზენაეს ალლაჰს ვფიცავ, როცა ეს რჯული, რომელიც დაამცირე, აქ მოვა, გასაქცევ ადგილს დაეძებ!…“
შემდეგ ქისრას სასახლე დატოვა და თავის პირუტყვზე შეჯდა. სწრაფად გაეცალა იქაურობას. როცა მედინაში ჩავიდა და მომხდარი სამყაროს სულთანს უამბო, მან ბრძანა: „ჩემო ალლაჰო! როგორც მან ჩემი წერილი ნაკუწებად აქცია, შენც ის და მისი სამფლობელო ნაკუწებად აქციე!…“
უზენაესმა ალლაჰმა თავისი შუამავლის ვედრება შეისმინა: ერთ ღამეს ქისრა საკუთარმა შვილმა ხანჯლით დაჩეხა და ნაკუწებად აქცია. ჰაზრეთი ომერის დროს კი ირანის ყველა მიწა დაიპყრეს და მუსლიმების ხელში გადავიდა.9
წერილი ღასსანის ხელმწიფე ჰარის ბინ ები შიმრს
ჰაზრეთი შუჯა ბინ ვეჰბი ღასსანის ხელმწიფესთან იყო გაგზავნილი. შუჯა (რადიალლაჰუ ანჰ) ჯერ ხელმწიფის მეკარეს შეხვდა. ისლამზე რომ მოიწვია, მეკარემ ისლამი მიიღო და ალლაჰის შუამავალს თავისი პატივისცემა და სალამი შეუთვალა. სულ არ ალოდინა და ჰაზრეთი შუჯა ხელმწიფეს შეახვედრა. ჰარის ბინ ები შიმრმა წერილი რომ წაიკითხა, განრისხდა და მიწაზე დააგდო. ჰაზრეთი შუჯა მაშინვე მედინეი მუნევვერეში დაბრუნდა და მომხდარი უზენაესი ალლაჰის ჰაბიბს აუწყა. ჩვენს საყვარელ შუამავალს ეწყინა, რომ მისი წერილი მიწაზე დააგდეს, და ბრძანა: „მოისპოს მისი ხელმწიფება!“ ცოტა ხნის შემდეგ ჰარის ბინ ები შიმრი მოკვდა და მისი სახელმწიფო დაიშალა.10
წერილი იემამეს ხელმწიფე ჰევზე ბინ ალის
იემამეს ხელმწიფესთან სელიტ ბინ ამრი იყო გაგზავნილი. ჰევზე ქრისტიანი იყო. შუამავალი თავის წერილში ბრძანებდა: „ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ! უზენაესი ალლაჰის შუამავლის, მუჰამმედისგან (ალეიჰისსელამ), ჰევზე ბინ ალის! სალამი მათ, ვინც ჭეშმარიტ გზას დაადგა და სწორ გზას ეზიარა! (ჰოი, ჰევზე!) იცოდე, რომ ისლამი იმ უშორეს ადგილებამდე გავრცელდება, სადამდეც აქლემებსა და ცხენებს მიღწევა შეუძლიათ, და ყველა რჯულს სძლევს. შენც მიიღე ისლამი, რათა ხსნა ჰპოვო. თუ მუსლიმი გახდები, შენს ხელისუფლებაში მყოფი მიწების მართვას ისევ შენ დაგიტოვებ…“
იემამეს ხელმწიფემ ჰევზემ ამ დალოცვილი მოწვევის მიღებაზე უარი თქვა. ტახტის სიყვარულმა და თანამდებობის სიხარბემ თვალი აუბნია. ამიტომ ისეთ უდიდეს ბედნიერებას მოაკლდა, როგორიცაა სამყაროს სულთნის ვედრების ზიარება. ისლამის ელჩმა, ჰაზრეთი სელიტ ბინ ამრმა, შეიბრალა და უთხრა:
„ჰოი, ჰევზე, იემამეს ხელმწიფევ! შენ ამ ხალხის დიდებული ხარ! კაისერები, რომლებიც დიდებად მიგაჩნდა, დაიხოცნენ და მიწად იქცნენ.
ჭეშმარიტი დიდებულები კი ისინი არიან, ვინც უზენაესი ალლაჰის ბრძანებების შესრულებითა და მისი აკრძალვებისგან თავის არიდებით სამოთხეს იმსახურებენ. თუ რომელიმე ხალხს რწმენის პატივი ერგო, ერიდე, რომ შენი მრუდე რწმენით ის თავისი სწორი გზიდან გადაიყვანო!… გულწრფელად გირჩევ, უზენაესი ალლაჰის ბრძანებები შეასრულო და მისი აკრძალვებისგან თავი შეიკავო. თუ უზენაეს ალლაჰს ირწმუნებ და მის ბრძანებებს შეასრულებ, სამოთხეში შეხვალ. თუ ეშმაკს გაჰყვები, ჯოჯოხეთში დარჩები.
თუ ამ ჩემს რჩევებს მიიღებ, იმისგან, რისიც გეშინია, დაცული იქნები და იმას ეწევი, რისიც გაქვს იმედი. თუ ჩემს რჩევებს უარყოფ, მაშინ შენთვის მეტი აღარაფერი შემიძლია. დანარჩენზე თავად იფიქრე!…“
ჰევზემ ისლამის ელჩის არც ეს მშვენიერი რჩევები ისმინა. სელიტ ბინ ამრი მიხვდა, რომ იემამეში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, და სწრაფად დაბრუნდა მედინაში. ჩვენს საყვარელ შუამავალს საქმის შედეგი აუწყა. უკეთილშობილეს შუამავალს ეწყინა, რომ ჰევზე ისლამში შესვლის ბედნიერებას მოაკლდა. ცოტა ხნის შემდეგ ჰევზეს სიკვდილის ამბავი მოვიდა. ტახტის სიყვარული და თანამდებობის სიხარბე მის საფლავში, რომელიც ჯოჯოხეთის ორმოა, დასრულდა.11
წერილი ბაჰრეინის ემირ მუნზირ ბინ სავის
ალა ბინ ჰადრემიმაც ბაჰრეინის ემირს წერილი მიუტანა. ემირმა დალოცვილი წერილი სიყვარულით წაიკითხა, მისი შინაარსი გაიგო და რწმენის პატივს ეღირსა.
სხვებივით (ნეჯაში ესჰამეს გარდა) არ უთქვამს: „სხვები ამასა და იმას მეტყვიან და ტახტს დავკარგავ.“
„ეშჰედუ ენ ლა ილაჰე ილლალლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედენ აბდუჰუ ვე რესულუჰ!“ – თქვა და ამით თავიც და თავის ქვეშევრდომთაგან ისინიც, ვინც მას გაჰყვნენ, ჯოჯოხეთის ცეცხლს გადაარჩინა. როცა წერილით მუსლიმობაზე მოიწვიეს, კიდევ ერთმა თანამდებობის პატრონმა გამოიჩინა რწმენის მიღების გონიერება. მისი ქვეშევრდომებიდან ზოგი მას გაჰყვა და მუსლიმი გახდა, ზოგმა კი არ ირწმუნა. მუნზირმა თავისი ვითარება აღწერა და ალა ბინ ჰადრემის (რადიალლაჰუ ანჰ) ხელით ჩვენს საყვარელ შუამავალს მოახსენა. შუამავლის საპასუხო წერილი ასეთი იყო: „ვინც შენ გემორჩილება, ისლამი ასწავლონ. ვინც ურჩობს და ჯიუტობს, ჯიზიე დაეკისროს. მეჯუსების (ცეცხლთაყვანისმცემლების) დაკლული არ იჭამოს და არც ქალიშვილები მიათხოვონ მათ და არც მათგან შეირთონ ცოლები.“
ასე შეასრულა შვიდმა ელჩმა თავიანთი დავალება და იმდროინდელ დიდ სახელმწიფოებს ისლამის არსებობა აუწყა. მათ ჭეშმარიტი ბედნიერების ამბავი მიუტანეს და განკითხვის დღეს სიტყვებისთვის „ჩვენ არ გაგვიგონია“ ადგილი აღარ დატოვეს. მოკლედ, თანამდებობის პატრონთაგან ორმა ირწმუნა: ერთი ნეჯაში იყო, მეორე – მუნზირი. დანარჩენები ურწმუნოებაში დარჩნენ. ეთიოპიის ხელმწიფე ესჰამე (რაჰმეთულლაჰი ალეიჰ) იმის პატივს ეღირსა, რომ მუსლიმი გახდა, ზოგიერთი საჰაბე იხილა, შუამავლის დალოცვილ ვედრებას ეზიარა და ალლაჰის შუამავლისა და უმმუ ჰაბიბეს (რადიალლაჰუ ანჰა) ნიქაჰი შეკრა.
„ჩემო ალლაჰო! ის გაჭირვება, რომელიც უმმუ რუმანმა შენს გზაზე და შენი შუამავლის გულისთვის გადაიტანა, შენთვის დაფარული არ არის“ ჰადისი შერიფი
ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლიუსი და ეგვიპტის სულთანი მუყავყასი მუსლიმები არ გამხდარან, მაგრამ მოსულ წერილებს დიდი პატივი მიაგეს, რბილი პასუხები გასცეს, ელჩებს კარგად მოექცნენ და ალლაჰის შუამავალს საჩუქრები გაუგზავნეს.
ღასსანისა და ირანის ხელმწიფეები ელჩებს კარგად არ მოექცნენ და თავიანთი მტრობა აშკარად გამოამჟღავნეს. იემამეს ხელმწიფე კი ისლამის ელჩს რბილად მოეპყრო.
ჰიჯრეთის მეექვსე წელს მომხდარი სხვა ამბები
ჰავლე ბინთი სა’ლებე ბინ ყაის ბინ მალიქ ჰაზრეჯისა და მის ქმარს, ევს ბინ სამით ბინ აჰზემ ენსარის შორის ზიჰარი მოხდა და სურა მუჯადელე გარდამოევლინა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ცხენებისა და აქლემების შეჯიბრის ნება დართო. როცა მისი აქლემი, რომელსაც მანამდე ვერავინ უსწრებდა, ერთი ბედუინის აქლემმა გაუსწრო და საჰაბეებს ეწყინათ, ბრძანა: „ყოველ სრულყოფილებას თავისი დაცემა აქვს, ანუ ყოველ აღმასვლას თავისი დაღმასვლა აქვს.“
უმმუ რუმანი (რადიალლაჰუ ანჰა), ჩვენი დედის აიშეს (რადიალლაჰუ ანჰა) დედა, საიქიოს გადაბარგდა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მისი დაკრძალვის (ჯენაზე) ნამაზი წარმართა და დაკრძალვას დაესწრო. ალლაჰის შუამავალმა საფლავში თავად ჩაასვენა. შუამავალმა მას სამოთხე ახარა და ბრძანა: „ვისაც სამოთხის ჰურითაგან ერთ-ერთის ხილვა გაახარებს, უმმუ რუმანს შეხედოს.“ მისთვის პატიების თხოვნის შემდეგაც ბრძანა: „ჩემო ალლაჰო! ის გაჭირვება, რომელიც უმმუ რუმანმა შენს გზაზე და შენი შუამავლის გულისთვის გადაიტანა, შენთვის დაფარული არ არის.“
