ჰეიბერის აღება
ნათელ მედინაში იყვნენ იუდეველები, რომლებიც გარეგნულად მუსლიმები იყვნენ, სინამდვილეში კი მუნაფიყები (თვალთმაქცები). ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინაში ჰიჯრეთამდე მედინელებს თავიანთ მეთაურად აბდულლაჰ ბინ უბეიი ბინ სელული ჰყავდათ არჩეული. ძვირფასი თვლებით მორთული გვირგვინიც მისცეს. როცა ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინაში მობრძანდა, მედინელები სრულიად ჩვენი საყვარელი შუამავლისკენ მიიქცნენ, პატივისცემა და ყურადღება დაუწყეს და გაჰყვნენ. იბნი სელული კუთხეში, ყოველგვარი ფასის გარეშე დარჩა. იბნი სელულს ყურადღებას აღარ აქცევდნენ. მაშინ იბნი სელული ამოქმედდა, რომ ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მოეკლა ან რაიმე ევნო. ერთ დღეს იუდეველები მასთან შეიკრიბნენ. ამის შესახებ ზოგიერთი გეგმა შეადგინეს. ლებიდ ბინ ასიმს დახმარება სთხოვეს. ლებიდმა თქვა: „ამა და ამ უბანში ცხოვრობს ერთი მოხუცი ქალი, სახელად ჰაირე. ჯადოქრობაში (სიჰრში) ძალიან დახელოვნებულია. იპოვეთ ის.“ ის წყეული ქალი იპოვეს და ათასი ოქროს დირჰემი და ათი თოფი ქსოვილი მისცეს. უთხრეს: „თუ მუჰამმედს დაღუპავ, კიდევ ბევრ რამეს მოგცემთ.“ მოხუცმა ქალმა მტრედის ბარტყს ნემსები ჩაასო, ძაფებს კვანძები გაუკეთა და მტრედის ბარტყს შემოახვია. მედინის გარეთ ერთ ნანგრევ ჭაში ჩადო და პირი ამოუქოლა. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ავად გახდა. მისი სხეულის ნაწილები უძრავი შეიქნა. სხვადასხვა წამალი მისცეს, მაგრამ არ უშველა. ეს მდგომარეობა ცხრა დღე გაგრძელდა.
შემდეგ ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და ვითარება აუწყა. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იქ მიიყვანეს. ჭა გახსნა და მტრედი ამოიღო. მაგრამ ძაფებზე გაკეთებული კვანძების გახსნა შეუძლებელი იყო. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) მუავვიზეთეინის (ფელეყისა და ნასის) სურები მოიტანა. უთხრა: „ჰოი, მუჰამმედ (ალეიჰისსელამ)! ეს სურები იმ კვანძებს წაუკითხე.“ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ამ სურების კითხვა დაიწყო. ყოველ წაკითხულ აიათზე კვანძებიდან ერთი იხსნებოდა და ნემსებიდან ერთი ამოდიოდა. როცა სურები (ორივე სურის თერთმეტი აიათი) ბოლომდე წაიკითხა, ყველა კვანძი გაიხსნა. ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სნეულებისგან სრულიად გათავისუფლდა და განიკურნა. შემდეგ ის წყეული ხალხი დაიბარა და გაკიცხა. მედინელებმა ისეთი სასჯელი მიუსაჯეს, რომ დაიღუპნენ. იუდეველი ლებიდიც შეიპყრეს და ალლაჰის შუამავალთან მიიყვანეს. როცა შუამავალმა ჰკითხა: „ეს რატომ გააკეთებინე?“, უპასუხა: „ოქროს სიყვარულის გამო.“ როცა ზოგიერთმა საჰაბემ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! თუ ნებას მოგვცემ, ამ იუდეველს თავს მოვკვეთთ!“, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, რომელიც საკუთარი თავის გამო არასოდეს არავის სჯიდა, ბრძანა: „ღვთიური სასჯელი, რომელსაც ბოლოს იხილავს, ბევრად უფრო მძიმეა“, და მისი მოკვლის ნება არ დართო.1 იუდეველები, როცა მედინიდან განდევნეს, არაბეთის ჩრდილოეთ მხარეებში წავიდნენ. მათი ნაწილი ჰეიბერში დარჩა და იქ დასახლდა. ნაწილი კი ჩრდილოეთით, შამში წავიდა. ისინი მშობლიური მიწიდან იმის გამო განდევნეს, რომ ალლაჰის შუამავალზე თავდასხმას ამზადებდნენ. მაგრამ მუსლიმების მიმართ მათში ჩაბუდებული სიძულვილი, სიხარბე და შურისძიების გრძნობა არასოდეს ჩამქრალა. პირიქით, დღითიდღე ძლიერდებოდა: სურდათ, რაც შეიძლება მალე მოესპოთ სამყაროს სულთნის, უზენაესი ალლაჰის ჰაბიბის, სიცოცხლე და ისლამის რჯული აღეგავათ პირისაგან მიწისა.
მათმა ზოგიერთმა წარჩინებულმა თქვა: „ღატფანელებთან წავიდეთ და დახმარება ვთხოვოთ, რომ მათთან ერთად ვებრძოლოთ მუსლიმებს!“ ზოგმა კი თქვა: „ფედექის, თეიმასა და ვადილ-ყურას იუდეველებიც მოვიხმოთ დასახმარებლად და, სანამ მუსლიმები ჩვენ დაგვესხმიან თავს, ჩვენ შევუტიოთ მათ ქალაქს და ყველაფრისთვის, რაც მოხდა, შური ვიძიოთ!…“ ჰეიბერელმა იუდეველებმა ეს წინადადება მიიღეს და დასახმარებლად მიმდებარე იუდეური ტომები და ღატფანელები მოიხმეს. მარტო ღატფანელებიდან უამრავი რჩეული მებრძოლი მოვიდა და ჰეიბერში მზადება დაიწყო. სანამ ისინი ამ სამზადისში იყვნენ, სამყაროთა ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იუდეველთა ვითარება შეიტყო. ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ რევაჰას სამი საჰაბე გააყოლა და მაშინვე გაგზავნა, რომ ჰეიბერში მიმდინარე ამბები შეეტყო. აბდულლაჰ ბინ რევაჰა და მისი სამი ამხანაგი სწრაფად ჩავიდნენ ჰეიბერში. ეს იყო მდიდარი ქალაქი რვა მტკიცე ციხე-სიმაგრით, კიდევ რამდენიმე პატარა სიმაგრით, ნაყოფიერი მიწებითა და უამრავი ვენახითა და ბაღით. ჰაზრეთი აბდულლაჰმა ამხანაგებიდან ერთი შიყყის ციხეში გაგზავნა, მეორე – ქეთიბეს ციხეში, მესამე – ნატათის ციხეში. თავად სხვა ციხეში შევიდა. სამი დღის განმავლობაში ახლოდან სწავლობდნენ იუდეველთა ვითარებასა და ომისთვის მზადებას. სამი დღის შემდეგ შეხვედრის ადგილას შეიკრიბნენ, სწრაფად დაბრუნდნენ მედინაში და იუდეველთა ყველა სამზადისი შუამავალს სათითაოდ უამბეს.
ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა საჰაბეებს უბრძანა, სასწრაფოდ მომზადებულიყვნენ. რომ იუდეველებისთვის მედინეი მუნევვერეზე თავდასხმის საშუალება არ მიეცა, ჰეიბერზე ლაშქრობა გადაწყვიტა. მედინაში მყოფი იუდეველები, ამ გადაწყვეტილების გაგონებისთანავე, შეშფოთდნენ. მუსლიმების სულიერი სიმტკიცის შესარყევად ამბობდნენ: „ვფიცავთ, ჰეიბერის ციხეები და იქ შეკრებილი მამაცი მებრძოლები რომ გენახათ, იქ ფეხს არასოდეს შედგამდით!… მთების მწვერვალებზე აღმართულ მაღალკოშკებიან ციხეებს აბჯრით შემოსილი გმირები იცავენ. ყოველი მხრიდან ათასობით ჯარისკაცი მოვიდა მათ დასახმარებლად!… განა შესაძლებელია, თქვენ ჰეიბერი აიღოთ?!…“ მამაცი საჰაბეები კი ამბობდნენ: „უზენაესმა ალლაჰმა თავის ჰაბიბს ჰეიბერის აღება აღუთქვა“ – და ამით ცხადყოფდნენ, რომ იუდეველების არასოდეს შეეშინდებოდათ. საჰაბეების ეს შეუდრეკელი განწყობა იუდეველებს კიდევ უფრო აწუხებდა და შიშში აგდებდა. მუნაფიყების მეთაურმა აბდულლაჰ ბინ უბეიიმ ჰეიბერში სასწრაფოდ შეუთვალა: „მუჰამმედი მცირე ძალით მოდის თქვენზე. საშიში არაფერია, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ და ქონება ციხეებში შეიტანეთ. ციხეებიდან გამოდით და ისე დახვდით მათ!“ საჰაბეებმა სამზადისი დაასრულეს, შინაურებს ჰალალობა (შეცოდებათა პატიება) სთხოვეს, გამოეთხოვნენ და შუამავლის გარშემო შეიკრიბნენ. ორასი მხედარი და ათას ოთხასი ქვეითი იყვნენ. ჩვენი საყვარელი შუამავლის ბრძანებით მზად იყვნენ, უზენაესი ალლაჰის რჯული გაევრცელებინათ, ჯიჰადი ეწარმოებინათ და შეჰიდობის ხარისხს ზიარებოდნენ. ამ დროს ზოგიერთმა ქალმა შუამავალს დავალება სთხოვა: ომში საჰაბეებისთვის საჭმელი მოემზადებინათ, დაჭრილებსა და ავადმყოფებს მოვლოდნენ, ჭრილობები შეეხვიათ, წამლები დაემზადებინათ და სხვა საქმეები გაეკეთებინათ, რასაც შეძლებდნენ. ალლაჰის შუამავალმა მათ მოწყალება გამოიჩინა და ამ სევაბს (ჯილდოს) არ მოაკლო. ასე მუჯაჰიდებს, ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი მეუღლის, ჰაზრეთი უმმუ სელემეს, მეთაურობით ოცი მუჯაჰიდი ქალიც შეუერთდა.2
უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მედინაში თავის მოადგილედ ღიფარის ტომიდან ჰაზრეთი სიბა დატოვა და ჰეიბერისკენ დაძვრის ბრძანება გასცა. (გადმოცემულია, რომ ნუმეილე ბინ აბდულლაჰი დატოვა.) ლაშქრობა თექბირებით დაიწყო. საჰაბეები, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ მონაწილეობდნენ ბრძოლაში, და ისინი, ვისაც ასაკის სიმცირის გამო ნება არ დართეს, კეთილი შურით უყურებდნენ შუამავალს და თავიანთ მამაც მამებს, ბაბუებს, ბიძებს, დედის ძმებსა და უფროს ძმებს და თექბირებითა და ვედრებებით აცილებდნენ.
„ჰეიბერის ციხე ალი ბინ ები ტალიბის ხელით აიღება“ ჰადისი შერიფი
კალენდარი ჰიჯრეთის მეშვიდე წლის მუჰარრემის თვეს აჩვენებდა. შუამავლის წმინდა დროშას ჰაზრეთი ალი მიჰქონდა, მარჯვენა ფრთას კი ჰაზრეთი ომერი სარდლობდა.3 მარცხენა ფრთისთვის შუამავალმა სხვა საჰაბე დანიშნა. მგზავრობა მხიარულად მიმდინარეობდა. პოეტები თავიანთი ლექსებით უზენაეს ალლაჰს ქება-დიდებას სწირავდნენ მის მიერ ბოძებული წყალობისთვის, ჩვენს საყვარელ შუამავალს სალავათს უძღვნიდნენ და სახელოვან საჰაბეებს აქებდნენ. საჰაბეები კი, თითქოს ბაირამზე მიდიოდნენ, ერთხმად შესძახოდნენ: „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ! ლა ილაჰე ილლალლაჰუ ვალლაჰუ ექბერ!“ – და ირგვლივ ყველაფერს აზრიალებდნენ.
ყოველ სადგომზე სამყაროს სულთანი ასე ევედრებოდა: „ჩემო ალლაჰო! შენ შეგეფარები მომავალზე შფოთვისგან, წარსულზე დარდისგან, უძლურებისა და სიზარმაცისგან, სიძუნწის, სილაჩრისა და წელში მომხრელი ვალისგან, ჩაგვრელი და უსამართლო ადამიანების ბატონობისგან!“
როცა ჰეიბერს მიუახლოვდნენ, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა საჰაბეები შეაჩერა. ხელები აღაპყრო და მუნაჯათი (ფარული ვედრება) დაიწყო: „ჩემო ალლაჰო, ცათა და მათ მიერ დაჩრდილულის უფალო! ჩემო ალლაჰო, მიწათა და მათზე არსებულის უფალო! ჩემო ალლაჰო, ეშმაკებისა და მათ მიერ გზასაცდენილთა უფალო! ჩემო ალლაჰო, ქარებისა და მათ მიერ გაბნეულის უფალო! გთხოვთ ამ მხარის სიკეთესა და კეთილდღეობას, ამ მხარეში მცხოვრები ადამიანების სიკეთესა და კეთილდღეობას და ამ მხარეში არსებული ყოველივეს სიკეთესა და კეთილდღეობას. და შენ შეგეფარებით ამ მხარის ბოროტებისგან, ადამიანების ბოროტებისგან და მასში არსებული ყოველივეს ბოროტებისგან!“
საჰაბეების ბაგეებიდან ისმოდა: „ამინ, ამინ“. ამის შემდეგ საჰაბეებს ბრძანა: „თქვით ‚ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ‘ და წინ წადით.“
საჰაბეები უკეთილშობილესი შუამავლის გარშემო შეიკრიბნენ და კვლავ დაიძრნენ. ჰეიბერის ყველაზე ძლიერ ციხეთაგან ერთ-ერთს, ნატათის ციხეს, მიუახლოვდნენ.
იქ ბანაკი გაშალეს. საღამოს (მაღრიბის) ნამაზის დრო იყო. ალლაჰის შუამავლის კეთილშობილი ჩვეულება იყო, რომ ვიდრე არ გათენდებოდა, თავს არ დაესხმოდა და ჯერ ისლამზე მოიწვევდა. თუ მოწვევას არ მიიღებდნენ, ბრძოლა იწყებოდა. ამიტომ საჰაბეები დილას ელოდნენ. იუდეველთაგან ვერავინ მიხვდა, რომ ისლამის ლაშქარი მოვიდა. სამყაროთა ბატონმა დილის (სუბჰის) ნამაზი რომ წარმართა, სამზადისი დაასრულა და მუჯაჰიდები დაძრა. ორასი მხედარი და ათას ოთხასი ქვეითი მწყობრად მიუახლოვდა ნატათის ციხეს. ამ დროს იუდეველები, რომლებიც ციხიდან ვენახებში, ბაღებსა და ყანებში სამუშაოდ გამოვიდნენ, მოულოდნელად ისლამის ჯარისკაცებს გადააწყდნენ და გაოგნებულები დარჩნენ.
თქვეს: „ვფიცავთ, ეს მუჰამმედი და მისი მწყობრი ლაშქარია!…“ – და უკან გაქცევა დაიწყეს. როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ისინი ამ მდგომარეობაში დაინახა, ბრძანა: „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ! ჰეიბერი დაიქცა“, და ეს თავისი დალოცვილი სიტყვები სამჯერ გაიმეორა. შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იუდეველებს შეუთვალა, რომ ან მუსლიმები გამხდარიყვნენ, ან დანებებულიყვნენ და ხარაჯი და ჯიზიე ეხადათ, თორემ ომი იქნებოდა და სისხლი დაიღვრებოდა. იუდეველები თავიანთ ერთ-ერთ წარჩინებულთან, სელლამ ბინ მიშქემთან, მივიდნენ და ვითარება აცნობეს. სელლამმა ისინი ბრძოლისკენ ასე წააქეზა: „ადრეც გითხარით, მუჰამმედზე გაგველაშქრა, და არ მიიღეთ. ახლა მაინც ნუ მოდუნდებით მასთან ბრძოლაში. მუსლიმებთან ბრძოლაში დაღუპვა თქვენთვის უკეთესია, ვიდრე ცოცხლად უპატრონოდ დარჩენა!…“ იუდეველებმა სწრაფად მოათავსეს ბავშვები და ქალები ქეთიბეს ციხეში, სურსათი – ნაიმში, ჯარისკაცები კი – ნატათის ციხეში.
ისლამის ლაშქრის მოწოდებას, ისლამი მიეღოთ, იუდეველებმა ისრების სროლით უპასუხეს. მუჯაჰიდებმა ისრები ფარებით მიიღეს. ჩვენი საყვარელი შუამავლის ბრძანებით მშვილდები მოიმარჯვეს და შეძახილით „ალლაჰუ ექბერ!…“ ისრები ციხის კოშკებზე მყოფ იუდეველებს დაუშინეს. ახლა უკვე ბრძოლა დაიწყო. ერთ მხარეს სამყაროს სულთანი და მისი მამაცი საჰაბეები იბრძოდნენ, რომ ისლამი გაევრცელებინათ და მიზეზი გამხდარიყვნენ იმისა, რომ იუდეველები მუსლიმები გამხდარიყვნენ და ჯოჯოხეთს გადარჩენოდნენ. მეორე მხარეს იყვნენ იუდეველები, რომლებსაც რჩევა არ ესმოდათ, ყოველ შემთხვევაში მუსლიმებისთვის ზურგში დარტყმა სურდათ და ჭეშმარიტების დანახვაზე ჯიუტად უარს ამბობდნენ. როცა დაინახეს, რომ შუამავალთა ბეჭედი (ხათემულ-ენბია) მათი ხალხიდან არ გამოვიდა, შურის გამო არ მიიღეს. ჯერ კიდევ მისი ბავშვობიდან ყოველგვარ ეშმაკობას მიმართავდნენ, რაც კი თავში მოუვიდოდათ, რომ ის მოესპოთ, მაგრამ უზენაესი ალლაჰის მფარველობით ვერაფერი შეძლეს.
ათას ექვსას სახელოვან მუჯაჰიდს ათი ათასზე მეტი იუდეველი ჯარისკაცი ისრებს უშენდა. საჰაბეები ერთიმეორის მიყოლებით მოფრენილი ამ ისრებისგან ფარებით იცავდნენ თავს, და როგორც კი შემთხვევა მიეცემოდათ, მიწაზე დაცვენილ ისრებს უკან, იუდეველებს ესროდნენ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი საჰაბე დაიჭრა.
ერთ მომენტში ჰაზრეთი ჰუბაბ ბინ მუნზირი დიდი თავაზიანობით მიუახლოვდა ჰაბიბულლაჰს და ჰკითხა: „სიცოცხლე შემოგწირე, ალლაჰის შუამავალო! უკეთესი ხომ არ იქნებოდა, ბანაკი სხვა ადგილას გაგვეშალა?“ შუამავალმა ბრძანა: „ინშააალლაჰუ თეალა, საღამო რომ დადგება, შევცვლით!“ მუჯაჰიდები ისრის სასროლ მანძილზე აღმოჩნდნენ. ისრები, რომლებსაც იუდეველები ციხიდან ისროდნენ, ისლამის ბანაკის უკანა ნაწილებამდე აღწევდა.4 იმ დღეს საღამომდე ისრებით იბრძოდნენ. ნასროლი ისრებით ორმოცდაათამდე საჰაბე დაიჭრა. საღამო რომ დადგა, ჰაზრეთი მუჰამმედ ბინ მესლემეს ბანაკისთვის ახალი ადგილის მოძებნა დაევალა. როცა თქვა, რომ შესაფერისი იყო ადგილი, რომელსაც რეჯი’ ერქვა, ისლამის ბანაკი იქ გადაიტანეს.
„ჩვენ, შუამავლები, მემკვიდრეობას არ ვტოვებთ. რასაც დავტოვებთ, ღარიბებისთვის მოწყალებაა (სადაყაა)“ ჰადისი შერიფი
ჰეიბერის ღაზვა
დაჭრილების მკურნალობაც დაიწყეს.5 მეორე დღეს მამაცი საჰაბეები ნატათს მიადგნენ და საღამომდე იბრძოდნენ. ალყა მესამე, მეოთხე და მეხუთე დღესაც გაგრძელდა. იუდეველები მუდამ მხოლოდ თავს იცავდნენ. იმ დღეებში ჩვენს საყვარელ შუამავალს ძლიერი თავის ტკივილი შეეყარა და ორი დღე მუჯაჰიდებს შორის ვერ იმყოფებოდა. პირველ დღეს დროშა ჰაზრეთი ებუ ბექირს მისცა, მეორე დღეს – ჰაზრეთი ომერს. ორივე საჰაბეების სათავეში იუდეველების წინააღმდეგ ძალიან მძაფრად იბრძოდა, მაგრამ ციხის აღება ვერ მოხერხდა. ამასობაში იუდეველებმა, რომლებსაც გამბედაობა მოემატათ, ციხის კარები გააღეს და შეტევაზე გადმოვიდნენ. ახლა უკვე პირისპირ, მკერდით მკერდზე იბრძოდნენ. ბრძოლა საშინლად გაჩაღდა. ყოველთვის, როცა შუამავალი საჰაბეებს ეუბნებოდა: „თექბირი წარმოთქვით: ‚ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!…‘“, ისინი თექბირის ხმებში სიყვარულითა და აღფრთოვანებით უქნევდნენ მტერს ხმალს. ერთ მომენტში მუჰამმედ ბინ მესლემეს ძმა, მაჰმუდი, შეჰიდად დაეცა. შეტაკებები საღამომდე მძაფრად გაგრძელდა.
მეორე დღეს ციხიდან აბჯარში ჩაჭედილი გამოვიდა მერჰაბი, ჰეიბერის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სარდალი. ძლიერი და ღონიერი, დევივით კაცი იყო. აქამდე მის წინააღმდეგ ისეთი ფალავანი არ გამოსულა, რომელიც მას დაამარცხებდა. მუჯაჰიდებისკენ მიტრიალდა და ტრაბახი დაიწყო: „მე ვარ მერჰაბი, თავისი სიმამაცითა და გმირობით განთქმული!“ როცა ის ასე ტრაბახობდა, საჰაბეთა რიგებიდან ერთი მუჯაჰიდი გამოხტა. მერჰაბს შესძახა: „მე კი ამირი ვარ, საშინელი და მძაფრი ბრძოლების შუაგულში შევარდნის რომ არ ეშინია!“ – და მაშინვე პირისპირ დაუდგა. დევმა მერჰაბმა თავისი ხმალი, რომელზეც ეწერა: „ვისაც შეეხება, დაღუპავს!…“, მთელი ძალით დაჰკრა ჰაზრეთი ამირს. მამაცმა ამირმა წამსვე ფარი ასწია. როცა ფართო ხმალი ფარს მოხვდა, ძლიერმა ხმამ იქაურობა გააყრუა და ხმალი ფარში ჩაერჭო.
ჰაზრეთი ამირი გამჩენს შეეფარა, შესძახა: „ია ალლაჰ!“ – და ხმალი მერჰაბის აბჯრით დაფარულ ფეხებს დაჰკრა. ხმალი ფოლადის აბჯარს შეეხო თუ არა, უკან აისხლიტა და მოულოდნელად საჰაბეს ფეხს მოხვდა. ხმლის ძლიერმა უკუსხლეტამ ჰაზრეთი ამირს ფეხზე არტერია გადაუჭრა. საჰაბეები მიცვივდნენ, ამირი ხელში აიყვანეს და სამკურნალოდ ბანაკში წაიყვანეს. მაგრამ ამირი (რადიალლაჰუ ანჰ) იქ შეჰიდობას ეზიარა და სამოთხის უმაღლეს ხარისხებში აფრინდა.6
ბრძოლა მთელი სიმძაფრით გრძელდებოდა. საღამოსკენ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა კერპთაყვანისმცემელ ღატფანელებს, რომლებიც იუდეველებს ოთხი ათასი ჯარისკაცით მოეშველნენ და ბრძოლაში ჩაებნენ, შესთავაზა, გამოყოფილიყვნენ და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ. ისიც აღუთქვა, რომ თუ ასე მოიქცეოდნენ, ჰეიბერის ერთი წლის ფინიკის მოსავალს მისცემდა. მაგრამ ღატფანელებმა ეს წინადადება უარყვეს. მაშინ სამყაროთა ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) საჰაბეებს უბრძანა, ღამე იმ ციხის ირგვლივ გაეთენებინათ, სადაც ღატფანელები იყვნენ. ღატფანელებს ძალიან ეშინოდათ, რომ მუჯაჰიდები ღამით თავს დაესხმოდნენ, და ვერაფრით დაიძინეს. იმ ღამით ერთი ხმა, რომლის წარმომავლობაც არავინ იცოდა, აუწყებდა, რომ ღატფანის ქვეყანას თავს დაესხნენ და მათი ცოლ-შვილი და ქონება ტყვედ ჩაიგდეს. ეს ხმა სამჯერ გაისმა და ყველა ღატფანელი მას დიდი შიშით უსმენდა. მათმა სარდალმა უიეინემაც იგივე ხმა სამჯერ გაიგონა და, როცა განთიადი დგებოდა, თავისი ჯარი წაიყვანა, ჰეიბერს სასწრაფოდ გაეცალა და თავისი ქვეყნის გზას დაადგა. დილით იუდეველებს გაუკვირდათ, რომ ღატფანელებმა უმიზეზოდ მიატოვეს ჰეიბერი, და სასოწარკვეთილებას მიეცნენ. ძალიან ინანეს კიდეც, რომ ისინი დასახმარებლად მოიხმეს.
„იმ დღეს, როცა ჰეიბერის ციხე ავიღეთ, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აკრძალა შინაური ვირის ხორცის ჭამა და მუთა ნიქაჰით (დროებითი ქორწინებით) ცოლის შერთვა“ ჰაზრეთი ალი (რადიალლაჰუ ანჰ)
ჰაზრეთი ალის გმირობა
იმ დღესაც ჰეიბერის წინ მძაფრი შეტაკებები მოხდა, მაგრამ ციხე ვერ აიღეს. საღამოს სამყაროს სულთანმა ახარა: „ხვალ დროშას ისეთ ვაჟკაცს მივცემ, რომელსაც უყვარს უზენაესი ალლაჰი და მისი შუამავალი და რომელიც უყვართ უზენაეს ალლაჰსა და მის შუამავალს. უზენაესი ალლაჰი მისი ხელით გამარჯვებას მოგვანიჭებს!“
იმ ღამით საჰაბეები მღელვარებით ელოდნენ დილას. თითოეული იმედოვნებდა, რომ დროშა მას მიეცემოდა, და ამისთვის უზენაეს ალლაჰს ევედრებოდა. ჰაზრეთი ბილალ ჰაბეშიმ დილის ეზანი თავისი გულისამაჩუყებელი და მშვენიერი ხმით წარმოთქვა. როცა ეზანი ისმოდა, ყველას განსაკუთრებული მღელვარება და განსაკუთრებული სიამე ეუფლებოდა, და იმ ღვთიური სიამით ვერ ძღებოდნენ. ჩვენი საყვარელი შუამავალი, როცა საჰაბეებს დილის ნამაზი წაუძღვა, ფეხზე ადგა. ისლამის დალოცვილი დროშის მოტანა ბრძანა. სანამ წმინდა დროშა მოჰქონდათ, საჰაბეები ფეხზე იდგნენ და დაძაბული ყურადღებით უსმენდნენ, რომ გაეგონათ სიტყვები, რომლებიც უკეთილშობილესი შუამავლის დალოცვილი ბაგეებიდან გამოვიდოდა.
ბოლოს სამყაროთა ბატონმა ბრძანა: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც მუჰამმედის არსება შუამავლობით დააპატივა, რომ ამ დროშას ისეთ ვაჟკაცს მივცემ, რომელმაც არ იცის, რა არის გაქცევა“, შემდეგ დალოცვილი თვალები საჰაბეებს მოავლო და ბრძანა: „სად არის ალი?“ საჰაბეებმა თქვეს: „ალლაჰის შუამავალო! თვალები სტკივა.“ შუამავალმა ბრძანა: „ჩემთან დაუძახეთ.“ იმ დღეებში ჰაზრეთი ალის თვალები ასტკივდა და მათი გახელა აღარ შეეძლო. მასთან მივიდნენ, ვითარება აუწყეს, დალოცვილ მკლავში ხელი გაუყარეს და ალლაჰის შუამავლის წინაშე მიიყვანეს. სამყაროს სულთანმა უზენაეს ალლაჰს ჰაზრეთი ალის განკურნება შესთხოვა, თავისი დალოცვილი თითები ნერწყვით დაისველა და თვალებზე გადაუსვა. იმავე წამს ჰაზრეთი ალის თვალებში ტკივილი აღარ დარჩა. ამასთანავე მისთვის ასეთი ვედრებაც აღავლინა: „ჩემო უფალო! სიცხისა და სიცივის სიმძიმე მოაშორე მას!“ შემდეგ ჰაზრეთი ალის თავისი დალოცვილი ხელებით აბჯარი ჩააცვა, წელზე თავისი ხმალი შემოარტყა, ხელში ისლამის თეთრი დროშა მისცა და ბრძანა: „იბრძოლე, სანამ უზენაესი ალლაჰი გამარჯვებას გარგუნებს. ფრთხილად იყავი, უკან არ მოიხედო!“ ჰაზრეთი ალიმ თქვა: „სიცოცხლე შემოგწირე, ალლაჰის შუამავალო! მათ მანამდე ვებრძოლები, ვიდრე ისლამის რჯულში შევლენ.“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა კი ბრძანა: „ალლაჰს ვფიცავ, თუ შენი მიზეზით უზენაესი ალლაჰი მათგან თუნდაც ერთ კაცს დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ეს შენთვის უკეთესია, ვიდრე ბევრი წითელი აქლემის პატრონი რომ იყო და ისინი უზენაესი ალლაჰის გზაზე მოწყალებად გაგეღო.“7
როცა ჰაზრეთი ალი დროშით ხელში იუდეველთა ციხისკენ მიიწევდა, სახელოვანი საჰაბეები უკან მიჰყვებოდნენ. როცა ციხეს ძალიან მიუახლოვდნენ და დროშა ერთი ქვის ძირში ჩაარჭეს, ნატათის ციხის კარები გაიღო.
გარეთ იუდეველთა შემტევი რაზმები გამოვიდნენ. ესენი ჰეიბერის ყველაზე რჩეული გმირები იყვნენ. თითოეულს ორმაგი აბჯარი ეცვა და რკინის საჭურველში იყო გახვეული. ერთი მათგანი ჰაზრეთი ალისკენ წამოვიდა და საბრძოლველად პირისპირ დაუდგა. ეს იყო ჰარისი, მერჰაბის ძმა, რომელსაც სიმამაცეში ბადალი არ ჰყავდა. სწრაფად შეუტია… სანამ ორი ფოლადის ხმა ასპარეზს ავსებდა, ზულფიყარი ელვასავით დაეშვა და ჰარისს თავი ტანს მოაშორა. ამ დროს „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“ შეძახილები ცამდე ადიოდა. როცა მერჰაბმა გაიგო, რომ ძმა მოუკლეს, თავისი ჯარისკაცებით სულმოუთქმელად გამოვარდა ასპარეზზე და ჰაზრეთი ალის წინ აღიმართა. მასაც ორმაგი აბჯარი ეცვა. ორი ხმლით შემოსარტყლული, თავისი ვეება ტანით დევს მოგაგონებდათ. მთელი რისხვით ტრაბახი დაიწყო: „მე ვარ მერჰაბი, ომების ყველაზე მძაფრ ჟამს ასპარეზზე რომ გამოდის და გმირულად იბრძვის! მე მღრიალა ლომებსაც კი შუბით ან ხმლით ვცხრილავ!…“
ჰაზრეთი ალიმ (ქერრემალლაჰუ ვეჯჰეჰ ვე რადიალლაჰუ ანჰ) მიუგო: „მე ის ვარ, ვისაც დედამ ჰაიდარი (ლომი) დაარქვა. შიშის მომგვრელი ლომივით ვარ! ვაჟკაცი ვარ, ერთი დარტყმით რომ დაგცემ მიწაზე!…“
როცა მერჰაბმა ჰაზრეთი ალისგან სიტყვა „ჰაიდარი“ გაიგონა, გულში შიში ჩაუვარდა, რადგან იმ ღამით სიზმარში ერთმა ლომმა ნაკუწებად აქცია. ნუთუ სწორედ ეს იყო ის ლომი, სიზმარში რომ ნახა? ამ დროს დევმა მერჰაბმა შეუტია, ჰაზრეთი ალიმ კი დარტყმა ფარით მოიგერია. შემდეგ უზენაეს ალლაჰს შეეფარა, შესძახა: „ია ალლაჰ!…“ – და ზულფიყარი ურწმუნოს თავს ისე დაატეხა, რომ ვეება მერჰაბის მიერ ზულფიყარის წინააღმდეგ აღმართული სქელი ფოლადის ფარი და ფოლადის ჩაფხუტი შუაზე გაკვეთა და თავი თხემიდან კეფამდე გაუპო; კისრიდან სისხლმა ღარივით გადმოხეთქა და მისი დევისებრი სხეული მიწაზე დაეცა. ზულფიყარის საშინელი ხმა ჰეიბერის ყველა კუთხეში გაისმა. შუამავალმა ბრძანა: „გაიხარეთ! ჰეიბერის აღება ახლა გაადვილდა.“ საჰაბეები ჰაზრეთი ალის ამ გმირობით აღფრთოვანდნენ და „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!…“ შეძახილებით ზეცა ააზრიალეს.
ბრძოლა მთელი სიმძაფრით გრძელდებოდა. ერთ მომენტში, როცა საჰაბეები ბრძოლა-ბრძოლით ციხის კარს მიუახლოვდნენ, ერთმა იუდეველმა ხმალი ჰაზრეთი ალის ფარს დაჰკრა. ფარი მიწაზე დაეცა, მაგრამ დახრისა და აღების დრო არ იყო. იუდეველმა, რომელსაც შემთხვევის ხელიდან გაშვება არ სურდა, ფარი სტაცა და უკან გაიქცა. ალლაჰის ლომმა, რომელსაც ეს ძალიან ეწყინა, ზულფიყარით ირგვლივ მყოფი მტრები გაფანტა და შემდეგ განიზრახა, ციხის კარი ფარად ექცია. სიტყვებით „ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ“ უზარმაზარი რკინის კარის რგოლებს ჩაეჭიდა. ანჯამები შეარყია და კედლიდან ამოგლიჯა… სანამ ჰაზრეთი ალი კარს გლეჯდა, ციხე საძირკვლიანად შეირყა. ეს კარი, რომელსაც რვა-ათი ფალავანი ადგილიდანაც ვერ დაძრავდა, ცალი ხელით ფარად აიღო და ბრძოლა დაიწყო. ეს დაუჯერებელი ამბავი ჩვენი საყვარელი შუამავლის სასწაული და ჰაზრეთი ალის ქერამეთი იყო.8
მის წინააღმდეგ ერთიმეორის მიყოლებით იუდეველთა კიდევ ექვსი ყველაზე მამაცი ფალავანი გამოვიდა. როცა ისინიც, უზენაესი ალლაჰის ნებით, დაამარცხა, ჰაზრეთი ალი თავის მამაც ამხანაგებთან ერთად ციხეში შევიდა. ახლა უკვე ციხის შიგნით იბრძოდნენ. მალე აღარავინ დარჩა, ვინც მათ წინ აღუდგებოდა. ისლამის დროშა ციხეზე აღმართეს. ასე აიღეს ნატათი, მათი ყველაზე მტკიცე ციხე. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ჰაზრეთი ალის თვალებზე აკოცა და ბრძანა: „გამოჩენილი გმირობისთვის უზენაესი ალლაჰიც და მისი შუამავალიც შენით კმაყოფილნი არიან.“ ეს დალოცვილი სიტყვები რომ გაიგონა, ალი სიხარულისგან ატირდა. როცა შუამავალმა ჰკითხა: „რატომ ტირი?“, თქვა: „სიცოცხლე შემოგწირე, ალლაჰის შუამავალო! სიხარულისგან ვტირი, რადგან უზენაესი ალლაჰი და მისი შუამავალი ჩემით კმაყოფილნი არიან.“ ამაზე ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „მარტო მე კი არა, ჯებრაილიც, მიქაილიც და ყველა ანგელოზიც შენით კმაყოფილნი არიან.“ ამ დროს დევსის ტომიდან ოთხასი მუსლიმი მოვიდა შუამავლის დასახმარებლად.9 ამის შემდეგ სხვა ციხეების ასაღებად ბრძოლები მძაფრად გაგრძელდა. როცა ჰეიბერის დარჩენილი შვიდი მტკიცე ციხეც სათითაოდ დაეცა, უიმედოდ დარჩენილმა იუდეველებმა დელეგაცია გამოგზავნეს და ზავი ითხოვეს. ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ეს წინადადება მიიღო და შემდეგ პუნქტებზე შეთანხმდნენ: 1. იმ იუდეველების სისხლი, რომლებიც ამ ღაზვაში მუსლიმებს ებრძოდნენ, არ დაიღვრება. 2. იუდეველები, რომლებიც ჰეიბერს დატოვებენ, თან მხოლოდ თავიანთ შვილებსა და ერთი აქლემის ტვირთის ოდენა აუცილებელ საოჯახო ნივთებს წაიღებენ. 3. დანარჩენი მოძრავი და უძრავი ქონება მთლიანად – ყველა იარაღი, როგორიცაა აბჯარი, ხმალი, ფარი, მშვილდი და ისარი, მთელი ტანსაცმელი, ტანზე ჩაცმულის გარდა, ქსოვილები, ოქრო, ამასთან ერთად საგანძურები, ყველა პირუტყვი, როგორიცაა ცხენი, აქლემი და ცხვარი… რაც კი აქვთ, ყველაფერი მუსლიმებს დარჩება. 4. არაფერი, რაც მუსლიმებისთვის უნდა დატოვონ, არანაირად არ დაიმალება. ვინც რამეს დამალავს, უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის დაცვის (ემანისა) და მფარველობის გარეშე დარჩება…
„მე ის ვარ, ვისაც დედამ ჰაიდარი (ლომი) დაარქვა. შიშის მომგვრელი ლომივით ვარ!“ ჰაზრეთი ალი (რადიალლაჰუ ანჰ)
ქინანე ბინ რები, რომელმაც ეს პირობები არ დაიცვა და თავისი საგანძური ტყავის ტიკებით მიწაში ჩამარხა, დაისაჯა. ხელში ჩაგდებული ნადავლი უთვალავი იყო. ჰეიბერის ის ნაყოფიერი მიწები და ფინიკის ბაღები მთლიანად ისლამის ლაშქარს დარჩა.10 ამ დროს ღატფანელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ, იუდეველების დასახმარებლად ისევ ჰეიბერში მოვიდნენ. როცა დაინახეს, რომ შუამავალმა ჰეიბერი აიღო და იუდეველთა დანებება მიიღო, თქვეს: „ჰოი, მუჰამმედ! აღგვითქვი, რომ თუ ჰეიბერს დავტოვებდით, ჰეიბერის ერთი წლის ფინიკის მოსავალს მოგვცემდი. ჩვენ სიტყვა შევასრულეთ. აბა, მოგვეცი!“ შუამავალმა მათ ბრძანა: „ესა და ეს მთა თქვენი იყოს.“ ღატფანელები დაემუქრნენ: „მაშინ თქვენ შეგებრძოლებით.“ უკეთილშობილესმა შუამავალმა ბრძანა: „ჩვენი ბრძოლის ადგილი ჯენეფა იყოს.“ ჯენეფა ღატფანელთა ერთი მხარის სახელი იყო. ღატფანელებმა ეს რომ გაიგონეს, შიშისგან უკან დაიხიეს და წავიდნენ.
ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) და მისი მამაცი საჰაბეები ჰეიბერის აღებისას ძალიან დაიღალნენ. ერთი მხრივ დაჭრილებს მკურნალობდნენ, მეორე მხრივ კი ისვენებდნენ.
იუდეველთა ერთ-ერთი წარჩინებულის, სელლამ ბინ მიშქემის, ცოლმა ზეინებმა შუამავლის მოწამვლა და მოკვლა მოინდომა. ამისთვის ცხვარი დაკლა, შეწვა და ხორცს ბევრი შხამი შეურია. შემდეგ ალლაჰის შუამავლის წინაშე წარდგა და თქვა, რომ საჩუქარი მოიტანა. უკეთილშობილესმა შუამავალმა მიიღო, საჰაბეებს დაუძახა და ყველანი ერთად დასხდნენ საჭმელად. სამყაროთა ბატონმა შემწვარი ცხვრისგან ერთი ნაჭერი მოგლიჯა, თქვა: „ბისმილლაჰირრაჰმანირრაჰიმ“ – და დალოცვილ პირში ჩაიდო. რამდენჯერმე რომ დაღეჭა, მაშინვე დალოცვილი პირიდან გამოიღო და ბრძანა: „ჰოი, ჩემო საჰაბეებო! ამ საჭმელს ხელი აუღეთ! რადგან ამ ბეჭის ხორცმა მაუწყა, რომ მოწამლულია.“ საჰაბეებმა მაშინვე ხელი აუღეს საჭმელს. მაგრამ ჰაზრეთი ბიშრ ბინ ბერა, რომელმაც ხორცის ერთი ლუკმა შეჭამა, მაშინვე გალურჯდა და შეჰიდად დაეცა. ჩვენს საყვარელ შუამავალთან ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და უთხრა, რომ დალოცვილ ნერწყვში შერეული შხამის მოქმედებისგან თავის დასაღწევად დალოცვილ მხრებს შორის ჰიჯამით (ქილებით) სისხლი გამოეშვა. ასეც მოიქცნენ. შემდეგ მოწამლული შემწვარი ხორცი მიწაში ჩამარხეს. ამ საქმის ჩამდენი ზეინები შეიპყრეს და შუამავლის წინაშე მიიყვანეს.
შუამავალმა ჰკითხა: „ეს შემწვარი ცხვარი შენ მოწამლე?“ მან თავისი ნამოქმედარი აღიარა და თქვა: „დიახ! მე მოვწამლე!“ როცა შუამავალმა ჰკითხა: „რატომ მოინდომე ეს?“, თქვა: „შენ ჩემი ქმარი, მამა და ბიძა მოკალი. ჩემთვის ვთქვი: ‚თუ ის მართლა შუამავალია, ალლაჰი აუწყებს. თუ არა, შხამი იმოქმედებს და მოკვდება. ასე მისგან თავს დავიხსნით.‘“ საჰაბეებს ეს ამბავი ძალიან დაემძიმათ. როცა იკითხეს: „სიცოცხლე შემოგწირეთ, ალლაჰის შუამავალო! მოვკლათ?“, სამყაროთა ბატონმა, რომელიც საკუთარი პიროვნებისთვის მიყენებულ ყოველ შეურაცხყოფას პატიობდა, ესეც აპატია. ზეინებმა ეს დიდი მოწყალება რომ იხილა, შეჰადეთის სიტყვა (ქელიმეი შეჰადეთი) წარმოთქვა და მუსლიმი გახდა.11 ჰეიბერში ხელში ჩაგდებულ ნადავლსა და ტყვეებს შორის იყო ჰუიეი ბინ აჰტაბის ქალიშვილი საფიიეც. მთავარსარდლის უფლებით შუამავლის წილში მოხვდა. სამყაროთა ბატონმა თავისი ტყვე გაათავისუფლა. მან, ამით ძალზე აღელვებულმა, მთელი გულით წარმოთქვა შეჰადეთის სიტყვა (ქელიმეი შეჰადეთი) და მუსლიმი გახდა. ჩვენს საყვარელ შუამავალს ეს ძალიან გაუხარდა და ჩვენი დედა ჰაზრეთი საფიიე ნიქაჰით დაიმშვენა და გაახარა. ასე გახდა ჰაზრეთი საფიიე მორწმუნეთა დედა. ქორწილი სეჰბაში გაიმართა და ნესვითა და ფინიკით ველიმე, ანუ საქორწილო ნადიმი, მოეწყო.12
ჩვენი დედის, საფიიეს, დალოცვილ თვალზე სილურჯე ჩანდა.
როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ჰკითხა: „ეს რა კვალია?“, თქვა: „ერთ ღამეს სიზმარში ვნახე, რომ მთვარე ციდან ჩამოვიდა და უბეში ჩამივარდა. როცა ჩემს ქმარს, ქინანეს, მოვუყევი, თქვა: ‚შენ იმ არაბ მეფეზე, ჩვენზე რომ მოდის, ცოლად გაყოლა მოგინდომებია!‘ – და თვალში სილა გამარტყა და, როგორც ხედავთ, გამილურჯდა.“ ჰეიბერის აღების შემდეგ იუდეველებმა შუამავალს ასეთი წინადადებით მიმართეს: „ჰოი, მუჰამმედ! ჩვენ ჰეიბერს დავტოვებთ. მაგრამ მიწათმოქმედებაში, ყანების, ვენახებისა და ბაღების მოვლაში კარგად ვერკვევით. თუ გინდა, ეს ნაყოფიერი მიწები იჯარით მოგვეცი. ჩვენ ამ მამულებს დავამუშავებთ და მოსავლის ნახევარს შენ მოგცემთ!“ ჩვენს საყვარელ შუამავალსა და საჰაბეებს მიწის სამუშაოებისთვის დრო არ ჰქონდათ. ისინი ისლამის რჯულის გავრცელებისთვის იღვწოდნენ და ალლაჰის გზაზე ჯიჰადისთვის (ჯიჰადი ფი სებილილლაჰ)13 ღამეს დღეს უერთებდნენ და შეუსვენებლად შრომობდნენ. ეს წინადადება შუამავალს მოეწონა და ბრძანა: „იმ პირობით, რომ როცა მოვისურვებთ, გაგასახლებთ.“ იუდეველები დათანხმდნენ და ჰეიბერის მიწების დამუშავება დაიწყეს.14 შუამავალი საჰაბეებთან ერთად გამარჯვებული დაბრუნდა მედინაში. ამ დღეებში ეთიოპიაში გადასახლებული მუჰაჯირებიდან ბოლოს დარჩენილი საჰაბეები, რომელთა შორისაც უმმუ ჰაბიბეც (რადიალლაჰუ ანჰა) იყო, ჯა’ფერ ბინ ები ტალიბის მეთაურობით ნეჯაშის მიერ დამზადებულ ორ ხომალდზე ჩასხდნენ და ნავსადგურ ჯარში გადმოვიდნენ. შემდეგ აქლემებით ჩამოვიდნენ მედინაში. როცა შუამავალმა დაინახა, რომ მისი საჰაბეები, რომლებიც თორმეტი წლის წინ ეთიოპიაში გადასახლდნენ, ჯა’ფერ ბინ ები ტალიბის მეთაურობით დაბრუნდნენ, ძალიან გაიხარა. ჰაზრეთი ჯა’ფერს შუბლზე აკოცა, გულში ჩაიკრა და ბრძანა:
„ჰოი, ჩემო საჰაბეებო! ამ საჭმელს ხელი აუღეთ! რადგან ამ ბეჭის ხორცმა მაუწყა, რომ მოწამლულია“ ჰადისი შერიფი
„არ ვიცი, ჰეიბერის აღებით გავიხარო თუ ჯა’ფერის მოსვლით. თქვენი ჰიჯრეთი ორმაგია: გადასახლდით როგორც ეთიოპიის ქვეყანაში, ისე ჩემს სამშობლოში.“ ალლაჰის შუამავალს მიართვეს საჩუქრები და წერილი, რომელიც ნეჯაში ესჰამემ გამოგზავნა. ჩვენს დედასთან, უმმუ ჰაბიბესთან, ქორწილიც იმავე წელს მოხდა. ჩვენი დედა უმმუ ჰაბიბე მაშინ ოცდათექვსმეტი წლისა იყო. ჰეიბერში მოპოვებული ნადავლი გაუნაწილეს ყველა საჰაბეს, ვინც ჰუდეიბიიეს შეთანხმებაში მონაწილეობდა, ჰეიბერის ღაზვის მონაწილეებს, ეთიოპიაში ჰიჯრეთიდან დაბრუნებულ საჰაბეებს და დევსის ტომს, რომელიც აღებაში მონაწილეობდა.15
ჰეიბერის აღებით არაბეთის ყველა იუდეველი შუამავლის ხელისუფლების ქვეშ მოექცა. კერპთაყვანისმცემლების დახმარების საშუალება აღარ ჰქონდათ. მიმდებარე ტომები და სახელმწიფოებიც მიხვდნენ, რომ მუსლიმებს, რომლებმაც ჰეიბერის ციხე აიღეს, რომლის აღებაც მისი იარაღისა და ჯარის გამო თითქოს შეუძლებელი იყო, დიდი ძალა ჰქონდათ, და ამ ისლამურ სახელმწიფოს მოერიდნენ. მექქელი კერპთაყვანისმცემლები ჰეიბერის აღების გამო დიდ მწუხარებასა და სასოწარკვეთილებას მიეცნენ. ამ აღების შემდეგ მრავალი ტომი, პატარაც და დიდიც, ისლამის მისაღებად მედინეი მუნევვერეში მოვიდა და საჰაბეებად გახდომის პატივს ეღირსა, ღატფანელებიც კი… ზოგიერთი ტომი კი, რომელიც გონს არ მოეგო, ჯარის გაგზავნით დაემორჩილა.
