ლეილეი თარისის ამბავი
ჰეიბერის ღაზვიდან დაბრუნებისას დასასვენებლად თარისის ადგილას შეჩერდნენ. იმ ღამით ალლაჰის შუამავალმა ჰაზრეთი ბილალს დაუძახა და ბრძანა: „ჰოი, ბილალ! ამ ღამით არ დაიძინო! განთიადს უყურე და ნამაზზე გაგვაღვიძე.“ შემდეგ ალლაჰის შუამავალმა საჰაბეებთან ერთად დაიძინა. ჰაზრეთი ბილალმა ცოტა ხანს ნამაზი აღასრულა. სახით აღმოსავლეთისკენ მიტრიალდა და ზურგით თავის ტვირთს მიეყრდნო. ნამაზის დროს რომ ელოდა, ჩაეძინა. ისე დაღლილები იყვნენ, რომ ვიდრე მზის სხივებმა დედამიწა არ გაათბო და სახეზე არ მოადგათ, თვალი არავის გაუხელია. ყველაზე ადრე ალლაჰის შუამავალმა გაიღვიძა. ადგნენ და აბდესი აიღეს. ჰაზრეთი ბილალმა იყამეთი წარმოთქვა და დილის ნამაზი ჯემაათით (ერთობლივად) ყაზად (აღდგენით) შეასრულეს. როცა ნამაზი დასრულდა, ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: „თუ ვინმეს ნამაზი დაავიწყდება, როგორც კი გაახსენდება, მაშინვე შეასრულოს, რადგან უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: ‚ეყიმის-სალათე ლი ზიქრი (ნამაზი აღასრულე, რომ მე მომიხსენიებდე და ჩემი სიდიადე გახსოვდეს)‘.“
ჰაზრეთი ალისთვის მზის დაბრუნება
ჰეიბერის ღაზვიდან დაბრუნებისას ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სეჰბაში ისვენებდა. დალოცვილი თავი ჰაზრეთი ალის (რადიალლაჰუ ანჰ) მუხლზე ედო. ამ დროს ვაჰიი (ზეშთაგონება) მოსვლა დაიწყო. მზე ჰორიზონტზე იყო. ჰაზრეთი ალის (რადიალლაჰუ ანჰ) ნაშუადღევის (ასრის) ნამაზი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული. როცა ვაჰიი დასრულდა, მზე ჩავიდა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ასე ივედრა: „ჩემო უფალო! თუ ალი შენს მხარესაა და შენი შუამავლის მხარესაა, მზე დააბრუნე.“ როცა ჰაზრეთი ალიმ ნამაზი აღასრულა, მზე ისევ ჩავიდა. ესმა ბინთი უმეისი ამბობს: „ვიხილე, რომ მზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩასული იყო, უკან ამოვიდა და დედამიწა გაანათა.“
ვადილ-ყურას ღაზვა
ეს ღაზვა ჯემაზიელ ახირის თვეში ვადილ-ყურაში მოხდა. იმ მხარის იუდეველები, როცა შეიტყვეს, რომ ალლაჰის შუამავალი ისლამის ლაშქრით ვადილ-ყურაში მოვიდა, არაბ კერპთაყვანისმცემელთა ერთი ჯგუფის დახმარებით საბრძოლველად მოემზადნენ. თავიანთი სახლებიდან გამოვიდნენ და საბრძოლო წყობა მიიღეს. შუამავალმაც (ალეიჰისსელამ) ლაშქარი საბრძოლო წყობაში დააყენა და დროშა ერთ-ერთ საჰაბეს მისცა. ურწმუნოები ისლამზე მოიწვია და ბრძანა: „თუ რწმენას მიიღებთ, თქვენს სიცოცხლესაც და ქონებასაც გადაარჩენთ.“ რჩევა არ მიიღეს. კერპთაყვანისმცემელთაგან ერთი ასპარეზზე გამოვიდა და ორთაბრძოლაში იწვევდა. ზუბეირ ბინ ავვამმა (რადიალლაჰუ ანჰ) ის მოკლა. მეორე ჰაზრეთი ალის წინ გამოვიდა. ჰაზრეთი იმამმა ის ურწმუნო წამსვე ჯოჯოხეთის ცეცხლში გაგზავნა. კიდევ ერთი მოვიდა. ისიც მოკლა. ორი იუდეველი ებუ დუჯანემ (რადიალლაჰუ ანჰ) მოკლა. იმ დღეს თხუთმეტი ურწმუნო მოკლეს. ღამე რომ დადგა, ყველა თავის ადგილზე დაბრუნდა. დილით ორივე მხარემ ისევ იშიშვლა ხმლები და საბრძოლველად მოემზადა. როცა მზე შუბის სიმაღლეზე ავიდა, ურწმუნოებს შიში შეეყარათ და გაიქცნენ. მუჯაჰიდებმა ბევრი სიმდიდრე და ნადავლი აიღეს. თეიმას იუდეველებსაც შეეშინდათ ისეთი ბედისა, როგორიც ვადილ-ყურას იუდეველებს ეწია. თავიანთი ქონების შესანარჩუნებლად ჯიზიეს გადახდას დათანხმდნენ და ზავი დაიდო.
„ჰეიბერის ციხის კარი ხორციელი ძალით კი არა, სულიერი ძალით ავწიე“ ჰაზრეთი ალი (რადიალლაჰუ ანჰ)
ვადილ-ყურას ღაზვა
