საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

მუთეს ბრძოლა

ჰიჯრეთის მერვე წელს სამყაროთა მოწყალებამ, სამყაროს ბატონმა (ალეიჰი ეფდალუს-სალავათ), ისლამის გასავრცელებლად კვლავ გაგზავნა ელჩები სხვადასხვა ტომსა და სახელმწიფოსთან. ზოგიერთი მათგანისგან კეთილი პასუხები მოვიდა, მაგრამ ჰაზრეთი ჰარის ბინ უმეირი, რომელიც ბუსრის მმართველთან იყო გაგზავნილი, შამის ბელყას მხარის სოფელ მუთეში ქრისტიანმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს. ჰაზრეთი ჰარისი, რომელიც შამის მმართველის, შერაჰბილ ბინ ამრის, წინაშე მიიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ელჩი იყო, ვერაგულად მოკლეს და შეჰიდად აქციეს.1

ამ ამბავმა ჩვენი საყვარელი შუამავალი ძალიან დაამწუხრა და მაშინვე ბრძანა, მამაცი საჰაბეები შეკრებილიყვნენ. ეს ბრძანება რომ მიიღეს, საჰაბეებმა შვილებს ჰალალობა სთხოვეს, გამოეთხოვნენ და სასწრაფოდ ჯურფის ბანაკში შეიკრიბნენ. უკეთილშობილესმა ჰაბიბმა, შუადღის ნამაზს რომ წაუძღვა, ბრძანა: „ამ ხალხს, რომელიც ჯიჰადზე გადის, სარდლად ზეიდ ბინ ჰარისე დავუნიშნე! თუ ზეიდ ბინ ჰარისე შეჰიდად დაეცემა, მის ნაცვლად ჯა’ფერ ბინ ები ტალიბი დადგეს. თუ ჯა’ფერ ბინ ები ტალიბი შეჰიდად დაეცემა, აბდულლაჰ ბინ რევაჰა დადგეს. თუ აბდულლაჰ ბინ რევაჰაც შეჰიდად დაეცემა, მუსლიმებმა თავიანთ შორის ღირსეული ვინმე აირჩიონ და ის დაიყენონ სარდლად!“

ამაზე საჰაბეები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ჩამოთვლილი გმირები შეჰიდად დაეცემოდნენ, ატირდნენ: „ალლაჰის შუამავალო! ნეტავ ცოცხლები დარჩნენ, რომ მათგან სარგებელი ვნახოთ!…“ შუამავალმა არ უპასუხა, დადუმდა.2 ეს იქ მყოფმა ჰაზრეთი ზეიდმა, ჯა’ფერმა და აბდულლაჰმაც გაიგონეს და დიდმა სიხარულმა მოიცვა, რადგან მათი უდიდესი მიზანი იყო, უზენაესი ალლაჰის რჯულის გავრცელებისას შეჰიდად დაცემულიყვნენ. ახარება უკვე მოცემული იყო და საკუთარი ყურით გაიგონეს. მუჯაჰიდებმა სამზადისი დაასრულეს და თავიანთ სარდლებს ელოდნენ. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ისლამის თეთრი დროშა ჰაზრეთი ზეიდ ბინ ჰარისეს გადასცა. უბრძანა, იქამდე წასულიყო, სადაც ჰაზრეთი ჰარის ბინ უმეირი შეჰიდად აქციეს, და იქ ისლამი ეუწყებინა. თუ არ მიიღებდნენ, მტერთან ბრძოლა უბრძანა. ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ რევაჰა, როცა სარდალ ამხანაგებთან ერთად ემშვიდობებოდა, ატირდა. ჰკითხეს: „ჰოი, იბნი რევაჰა! რატომ ტირი?“ პოეტმა აბდულლაჰ ბინ რევაჰამ თქვა:

ჩემი ტირილის მიზეზი
ამ ქვეყნის სიყვარული არ არის
და არც, ალლაჰს ვფიცავ,
ის, რომ თქვენ მომენატრებით.
ნამდვილი მიზეზი ესაა:
თავის წმინდა ყურანში
ჩვენი უფალი ერთ აიათში
ასე ბრძანებს:
„იცოდეთ უეჭველად,
რომ თქვენ შორის
არავინ არის ისეთი,
ჯოჯოხეთზე რომ არ გაიაროს…“
ეს აიათი მოვისმინე,
როცა ალლაჰის შუამავალი კითხულობდა.
თუ ჯოჯოხეთზე გავივლი,
როგორ მოვითმენ!

ამხანაგებმა მისთვის ივედრეს: „უზენაესმა ალლაჰმა თავის საყვარელ მონებს შეგაერთოს და მართალთაგანი იყო!“ შემდეგ ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ რევაჰამ თქვა: „მაგრამ მე მინდა, რომ უზენაესმა ალლაჰმა მაპატიოს. თან მინდა შეჰიდად დავეცე ხმლის დარტყმით, რომელიც სისხლს ააშხეფებს და აქაფებს, ან შუბის ჩარჭობით, რომელიც ღვიძლსა და შიგნეულს ამომიწვავს!…“ როცა ლაშქარი დასაძრავად ემზადებოდა, ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ რევაჰა შუამავალთან მივიდა, გამოეთხოვა და ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! რაიმე რჩევას ხომ არ მომცემ, რომელსაც დავიმახსოვრებ და არასოდეს დავივიწყებ?“ შუამავალმა მას ბრძანა: „ხვალ ისეთ ქვეყანაში მიხვალ, სადაც უზენაეს ალლაჰს ძალიან ცოტა სეჯდეს უძღვნიან. იქ სეჯდეები და ნამაზები გაამრავლე.“ როცა აბდულლაჰ ბინ რევაჰამ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! კიდევ ხომ არ მომცემ რჩევას?“, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „უზენაესი ალლაჰი მუდამ ახსენე, რადგან უზენაესი ალლაჰის ხსენება (ზიქრი) იმის მიღწევაში დაგეხმარება, რისიც იმედი გაქვს.“

სამი ათასკაციანი ისლამის ლაშქარი შეძახილებით „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“ დაიძრა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა და მედინაში დარჩენილმა საჰაბეებმა მუჯაჰიდ ღაზიები ვედას აღმართამდე მიაცილეს. იქ სამყაროთა ბატონმა ისლამის დალოცვილ ლაშქარს ასე მიმართა: „გირჩევთ, უზენაესი ალლაჰის ბრძანებები შეასრულოთ და მისი აკრძალვებისგან თავი შეიკავოთ, თქვენთან მყოფი მუსლიმების მიმართ კეთილნი იყოთ და მათ კარგად მოეპყრათ. იბრძოლეთ უზენაესი ალლაჰის გზაზე და ამ დროს მისი სახელი ახსენეთ. ნადავლად აღებულ ქონებას ნუ უღალატებთ. ფიცს ნუ გატეხთ. ბავშვებს ნუ მოკლავთ! იქ, ქრისტიანთა ეკლესიებში, იპოვით ზოგიერთ ადამიანს, რომლებიც ხალხს განშორდნენ და ღვთისმსახურებას მიუძღვნეს თავი. ერიდეთ მათ შეხებას! მათ გარდა ისეთ ადამიანებსაც შეხვდებით, რომელთა თავებშიც ეშმაკებს დაუბუდებიათ, – მათ ხმლით მოჰკვეთეთ თავები. ქალებსა და დაუძლურებულ მოხუცებს ნუ მოკლავთ. ხეებს ნუ დაწვავთ და ნუ მოჭრით. და სახლებს ნუ დაანგრევთ!“

მთავარსარდალ ზეიდ ბინ ჰარისეს უთხრა: „როცა კერპთაყვანისმცემელთაგან შენს მტერს შეხვდები, სამი რამიდან ერთ-ერთზე მოიწვიე!… (თუ მუსლიმები გახდებიან,) მოიწვიე, რომ მუჰაჯირების სამკვიდრებელ მედინაში გადასახლდნენ (ჰიჯრეთი აღასრულონ)! თუ შენს მოწვევას მიიღებენ, აუწყე, რომ მათაც ისეთივე უფლებები ექნებათ, როგორიც მუჰაჯირებს აქვთ, და ისეთივე მოვალეობები, როგორიც მუჰაჯირებს აკისრიათ.

თუ მუსლიმები გახდებიან, მაგრამ თავიანთ ქვეყანაში დარჩენას ამჯობინებენ, აუწყე, რომ ისინი მუსლიმთა შორის ბედუინების მსგავსნი იქნებიან, მათზე ის ღვთიური განაჩენი გავრცელდება, რომელიც ბედუინებზე ვრცელდება, ომის ნადავლიდან მათ არაფერი გამოეყოფათ და ნადავლით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, ვინც მუსლიმების გვერდით იბრძვის!

თუ ისლამს არ მიიღებენ, მოიწვიე, რომ ჯიზიე გადაიხადონ! მათგან ვინც ამას მიიღებს, ნუ შეეხები! თუ ჯიზიეს გადახდასაც არ დათანხმდებიან, უზენაესი ალლაჰის შეწევნას შეეფარე და შეებრძოლე მათ!…“

ამ რჩევების შემდეგ მუჯაჰიდებს გამოეთხოვა. ისლამის ლაშქარი თექბირის შეძახილებით გაემართა. დარჩენილები წამსვლელებს ხელს უქნევდნენ და ევედრებოდნენ: „უზენაესმა ალლაჰმა ყოველგვარი საფრთხისგან დაგიფაროთ და საღ-სალამათი დაგაბრუნოთ…“ ვიდრე ჰორიზონტს მიღმა არ გაუჩინარდნენ, ცრემლიანი თვალებითა და კეთილი შურით მისჩერებოდნენ…

„ზეიდ ბინ ჰარისე დავნიშნე სარდლად! თუ ის შეჰიდად დაეცემა, მის ნაცვლად ჯა’ფერ ბინ ები ტალიბი დადგეს. თუ ის შეჰიდად დაეცემა, აბდულლაჰ ბინ რევაჰა დადგეს. თუ ისიც შეჰიდად დაეცემა, თქვენ შორის ვინმეს აირჩევთ“ ჰადისი შერიფი

წმინდა დროშა ზეიდ ბინ ჰარისეს ხელში ფრიალებდა და მუჯაჰიდები უცნობ, შორეულ გზას უზენაესი ალლაჰის რჯულის სამსახურად მიუყვებოდნენ. ისლამის ლაშქარი სწრაფად მიიწევდა სირიისკენ. მგზავრობა უშფოთველად და მხიარულად მიდიოდა. მუჯაჰიდები მოუთმენლად ელოდნენ, როდის შეხვდებოდნენ მტერს. შეჰიდობის მსურველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დაჟინებული ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ რევაჰა იყო. ზეიდ ბინ ერყამმა ეს ასე მოგვითხრო: „მე ობოლი ვიყავი, აბდულლაჰ ბინ რევაჰას მზრუნველობით აღზრდილი. როცა მუთეს ლაშქრობაში გაემართა, მეც აქლემზე უკან შემისვა. ღამით, ცოტა ხნის სვლის შემდეგ, მისი ბაგეებიდან ეს ბეითები გადმოიღვარა:

ჰოი, ჩემო აქლემო! თუ უდაბნოს ჭამდე მიმიყვან
და იქიდან კიდევ ოთხი სადგომით წინ წამიყვან,
სხვა გზაზე აღარ გაგიყვან, ეს იცოდე,
მალე უპატრონოდ დარჩები, ეს იცოდე.
მე, ალბათ, ჩემს სახლში აღარ დავბრუნდები,
იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში შეჰიდად დავეცემი.
ბოლო სადგომზე მორწმუნეებმა სწრაფად გამასწრეს,
ჰოი, რევაჰას ძეო, შენი უახლოესებიც კი
ძმობის კავშირი გაწყვიტეს და გაგისწრეს,
უზენაეს ალლაჰს მიგანდეს და წავიდნენ.
აღარ ვფიქრობ, რა ქონება დამრჩა უკან,
სულაც არ მადარდებს არც ხეები და არც ფინიკი!

ეს რომ გავიგონე, ავტირდი. აბდულლაჰ ბინ რევაჰამ მათრახით შემეხო და მითხრა: ‚ჰოი, ცელქო! რა გემართება? რა ზიანი მოგადგება იმით, რომ ასე ვამბობ? თუ უზენაესი ალლაჰი შეჰიდობას მარგუნებს, შენ პირუტყვზე მჯდომი დაბრუნდები და შენს ადგილს მიაღწევ. მე კი ამქვეყნიური ყველა დარდის, ნაღველისა და მწუხარების, ყველა უბედურებისგან ვიხსნები და სიმშვიდეს ვეზიარები.‘ ჩამოხტა და ორი რექა’თი ნამაზი აღასრულა. ბოლოს, ხანგრძლივი ვედრების შემდეგ, დამიძახა: ‚ჰოი, ბავშვო!‘ როცა ვუთხარი: ‚ბრძანე‘, თქვა: ‚ამ ლაშქრობაში, ინშააალლაჰ, შეჰიდობა მერგება!‘“

სანამ მამაცი საჰაბეები სირიას უახლოვდებოდნენ, შამის მმართველს, შერაჰბილ ბინ ამრს, დიდი ხნის წინ შეეტყო, რომ ისლამის ლაშქარი მოახლოვდა. მაშინვე აცნობა ბიზანტიის კაისერს, ჰერაკლიუსს, და მისგან დიდი დახმარება რომ მიიღო, დამშვიდდა, რადგან მის მიერ შეკრებილი ცნობებით, მუსლიმები მხოლოდ სამიდან ხუთ ათასამდე იყვნენ. მისი ლაშქარი კი ას ათასს აღემატებოდა, იარაღი კი უთვალავი ჰქონდა. როცა საჰაბეებმა (ალეიჰიმურრიდვან) შამის მიწებიდან მაანს მიაღწიეს, შეიტყვეს, რომ ბიზანტიელები ასი ათასკაციანი ლაშქრით მოდიოდნენ მათზე. იქ შეჩერდნენ და ორი ღამე დარჩნენ. სარდალმა ჰაზრეთი ზეიდ ბინ ჰარისემ თავისი ამხანაგები შეკრიბა და ვითარება აუწყა. ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინათ, მათი აზრით, ბიზანტიის ლაშქრის წინააღმდეგ. ზოგიერთი საჰაბე ამბობდა: „ბიზანტიის ლაშქარს ნუ შევხვდებით, არამედ მოულოდნელად შევიჭრათ მათ ქვეყანაში. მათი ხალხი ტყვედ წამოვიყვანოთ და მედინაში დავბრუნდეთ.“ ზოგი კი ამბობდა: „შუამავალს (ალეიჰისსელამ) წერილი მივწეროთ და ვაუწყოთ, რამდენად დიდია მტრის რიცხვი. ვთხოვოთ, სასწრაფოდ ლაშქარი გამოგვიგზავნოს, ან ვკითხოთ, რა უნდა ვქნათ.“ როცა უკვე მეორე აზრი მიიჩნიეს უფრო შესაფერისად, ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ რევაჰა საუბარში ჩაერთო და თქვა:

„უზენაესი ალლაჰი მუდამ ახსენე, რადგან უზენაესი ალლაჰის ხსენება (ზიქრი) იმის მიღწევაში დაგეხმარება, რისიც იმედი გაქვს“ ჰადისი შერიფი

ჰოი, ჩემო ხალხო, რატომ ყოყმანობთ?
განა შეჰიდად დაცემის განზრახვით არ მოვედით ბრძოლაში?
ურწმუნოებს არასოდეს ვებრძოდით იმიტომ,
რომ ბევრი იარაღი და მხედარი გვყავდა.
ლომებივით ვიბრძოდით იმ რჯულის ძალით,
რომელიც უზენაესმა ალლაჰმა გვიბოძა.
წადით, იბრძოლეთ, ამაშია უეჭველად სიკეთე,
ამ საქმის დასასრული ან შეჰიდობაა, ან გამარჯვება.
ალლაჰს ვფიცავ, ბედრის დღეს ორი ცხენი გვყავდა,
უჰუდში კი ერთი ცხენი და ძალიან ცოტა იარაღი.
თუ ამ ბრძოლაში გამარჯვება გვიწერია,
ეს ხომ ალლაჰმაც და შუამავალმაც აღგვითქვეს.
უზენაესი ალლაჰი თავის აღთქმას არასოდეს გადავა,
ამიტომ, ჰოი, მორწმუნეებო, წინ!
და თუ შეჰიდობა გვიწერია,
სამოთხეში ჩვენს შეჰიდ ძმებს შევხვდებით.

ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ რევაჰას ამ სიტყვებმა მუჯაჰიდებს გამბედაობა შემატა. თქვეს: „ალლაჰს ვფიცავ, იბნი რევაჰა მართალს ამბობს.“ ახლა უკვე გადაწყვეტილება მიღებული იყო: შეჰიდად დაცემამდე იბრძოლებდნენ. როცა სახელოვანმა საჰაბეებმა სოფელ მუთეს მიაღწიეს, ასი ათასკაციან ბიზანტიის ლაშქარს შეხვდნენ.

მუთეს ბრძოლა

მთები და ქვიანი ველები მტრის ჯარისკაცებით აივსო. ერთ მხარეს იყო სამი ათასკაციანი ისლამის ლაშქარი, რომელიც უზენაესი ალლაჰის რჯულის გასავრცელებლად შორეული მედინიდან დაიძრა და შამამდე მოვიდა, მეორე მხარეს კი – ისლამის დასახრჩობად შეკრებილი ასი ათასი ურწმუნოს ბრბო… გარეგნულად ძალთა თანაფარდობა შეუდარებელი იყო. ამის მიხედვით, ერთ მუსლიმს ოცდაათზე მეტ ბიზანტიელთან უნდა ებრძოლა. ორივე მხარე საბრძოლო წყობაში დადგა. ამ დროს შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანებით ისლამის ლაშქრიდან დელეგაცია ბიზანტიის ბანაკისკენ გაემართა. ბიზანტიის ლაშქარს შესთავაზეს, ისლამი მიეღოთ ან ჯიზიე გადაეხადათ. მაგრამ მათ ეს მოწვევა უარყვეს. დასაკარგი დრო აღარ იყო. სარდალმა ჰაზრეთი ზეიდ ბინ ჰარისემ, ხელში ისლამის წმინდა დროშით, თავის ლაშქარს შეტევა უბრძანა. მუჯაჰიდები, რომლებიც ამ წამს ელოდნენ, შეძახილებით „ალლაჰუ ექბერ!“ ისარივით გაიჭრნენ წინ. ელვასავით იშიშვლეს ხმლები და ქარიშხალივით შეიჭრნენ მტრის შუაგულში… ცხენების ჭიხვინი, ხმლების წკრიალი, თექბირის შეძახილები და დაჭრილთა კვნესა ცამდე ადიოდა, და ბრძოლის ველი ბრძოლის დასაწყისშივე სისხლის ტბად იქცა. სახელოვანი საჰაბეები ხმლის ყოველ მოქნევაზე ან ერთ თავს აგდებდნენ, ან ერთ მკლავს.

ჰაზრეთი ზეიდი, რომლის ხელშიც ალლაჰის შუამავლის თეთრი დროშა იყო, მტრის შუაგულში შეძახილით „ალლაჰ, ალლაჰ“ იბრძოდა. ხმლის მოქნევით წამსვე იწმენდდა ირგვლივ სივრცეს და მტერს ანანებდა, რომ მის წინ დადგა. სახელოვანი საჰაბეები, რომლებმაც თავიანთი სარდლის გმირული ბრძოლა იხილეს, მას არ ჩამორჩებოდნენ: თითოეული ცდილობდა, მარტოს ოცდაათი მტრისთვის მიეწვდინა ხმალი და დაემხო ისინი. ერთ მომენტში რამდენიმე შუბი ერთბაშად ჩაერჭო სარდალ ჰაზრეთი ზეიდს დალოცვილ მკერდში. მათ სხვა შუბებიც მოჰყვა. სახელოვანი საჰაბის სხეული სულ დაცხრილული იყო. ბოლოს ზეიდ ბინ ჰარისე გავარვარებულ მიწაზე დაეცა და შეჰიდობის შერბეთი შესვა, რომელსაც ასე ნატრობდა.

ჰაზრეთი ჯა’ფერმა, რომელიც ზეიდ ბინ ჰარისეს მოჰყვებოდა, მაშინვე სტაცა დროშას ხელი. მუჯაჰიდებმა, რომლებმაც დაინახეს, რომ ისლამის დროშა ფრიალებდა, ბრძოლა ახალი აღფრთოვანებით განაგრძეს. ჰაზრეთი ჯა’ფერიც ზეიდ ბინ ჰარისესავით გმირულად იბრძოდა. ერთი მხრივ მტერს უტევდა, მეორე მხრივ კი ამხანაგებს გამბედაობასა და მღელვარებას მატებდა. ეს ახალი სარდალი, ნამდვილი ვაჟკაცივით რომ იბრძოდა, კიდევ უფრო სწრაფი და მარდი მოძრაობებით იქნევდა ხმალს და მტერს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდა. თავდავიწყებით მებრძოლმა ჰაზრეთი ჯა’ფერმა ამხანაგებს კარგა მანძილით გაუსწრო წინ. ბიზანტიელთა შუაგულში მარტო იბრძოდა და თითოეულს ცალ-ცალკე ურტყამდა ხმალს. მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ამ გზიდან დაბრუნება აღარ იყო. მამაცი სარდალი ამბობდა: „ჩემი საქმეა, ყოველ ურწმუნოს ხმალი დავკრა!“ – და დალოცვილი სიტყვებიდან „ალლაჰუ ექბერ!… ალლაჰუ ექბერ!…“ ახალ სულიერ ძალას იღებდა. ხმლის ყოველი დარტყმით ერთ მტერს აქრობდა და თავისთან არავის აკარებდა. უზენაესი ალლაჰის დალოცვილი სახელი ენიდან არ შორდებოდა და დაუშრეტელი ძალით იბრძოდა. ბოლოს მტრის ერთმა ჯარისკაცმა ჰაზრეთი ჯა’ფერს მარჯვენა მკლავზე ხმალი დაჰკრა. მარჯვენა ხელმოკვეთილმა ჰაზრეთი ჯა’ფერმა ისლამის წმინდა დროშა, ვიდრე მიწაზე დაეცემოდა, მარცხენა ხელით დაიჭირა. ასწია და კვლავ აფრიალა. და მერე ხმლის კიდევ ერთი დარტყმა… მარცხენა ხელიც მოკვეთეს. ამჯერად დროშის ფრიალება სცადა, მოკვეთილ მკლავებს შორის მკერდზე რომ მიიკრა. მაგრამ ერთიმეორის მიყოლებით ძლიერად დაშვებული მტრის ხმლებით შეჰიდობის ხარისხს ეზიარა, რომელსაც ასე ნატრობდა. მისი დალოცვილი სული სამოთხის უმაღლეს ხარისხებში აფრინდა… მის სხეულზე ხმლისა და შუბის ოთხმოცდაათზე მეტი ჭრილობა დაითვალეს.3 მამაცმა მუჯაჰიდებმა, რომლებმაც დაინახეს, რომ მათი სარდალი შეჰიდად დაეცა, მიწაზე დავარდნილი ისლამის დროშა აიტაცეს და ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ რევაჰას გადასცეს.

„ჰოი, ჩემო ხალხო, რატომ ყოყმანობთ? განა შეჰიდად დაცემის განზრახვით არ მოვედით ბრძოლაში?“ აბდულლაჰ ბინ რევაჰა (რადიალლაჰუ ანჰ)

მანაც, ცხენზე მჯდომმა, დროშის ფრიალებით მძლავრად შეუტია მტერს. ერთი მხრივ გზაზე გადაღობილ მტერს ამხობდა, მეორე მხრივ კი ამბობდა:

ჰოი, ჩემო ნეფსო, უეჭველად დამემორჩილები,
დღეს შეჰიდად დავეცემი, ამ ბრძოლაში დავიფიცე.
ან თავად, ნებით დათანხმდები ამაზე,
ან ძალით დაგაჯერებ ამას.
თუ ამ ბრძოლაში არ მოგკლავენ, მითხარი, ჩემო ნეფსო,
განა არასოდეს მოკვდები?
თუ იმას გააკეთებ, რაც გააკეთეს
ჯა’ფერ ბინ ები ტალიბმა და ზეიდ ბინ ჰარისემ, იცოდე, კარგად მოიქცევი.
ისინი შეჰიდებად დაეცნენ, ჩემო ნეფსო, ნუ ჩამორჩები,
თორემ უბედური იქნები, აბა, წინ, შეტევაზე!

ჰაზრეთი აბდულლაჰიც შეძახილით „ალლაჰუ ექბერ!“ მტერთან დაუნდობელ ბრძოლაში ჩაება. ერთ მომენტში ხმლის დარტყმა თითში მოხვდა და მოჭრილი თითი ხელზე ჩამოეკიდა. ეს დალოცვილი სარდალი, რომელიც უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარულით იწვოდა, მაშინვე ცხენიდან მიწაზე ჩამოხტა, დაჭრილ თითს, რომელიც ბრძოლაში ხელს უშლიდა, ფეხი დააბიჯა და სიტყვებით: „განა მხოლოდ ერთი დაჭრილი თითი არ ხარ? ეს უბედურებაც ხომ უზენაესი ალლაჰის გზაზე შეგემთხვა!“ – მოგლიჯა. ელვასავით მოახტა ცხენს და კვლავ მთელი ძალით დაიწყო ბრძოლა. მაგრამ რაკი ამდენი ბრძოლის მიუხედავად შეჰიდობის ხარისხს ვერ ეწია, საკუთარი თავის საყვედური დაიწყო… კვლავ და კვლავ ეკვეთებოდა მტერს. ბოლოს შუბის დარტყმით მიწაზე დაეცა. უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის გზაზე ბრძოლაში შეჰიდად დაეცა და მისი დალოცვილი სული სამოთხეში აფრინდა… ამ დროს ებულ-იუსრ ქა’ბ ბინ უმეირმა, რომელიც ჰაზრეთი აბდულლაჰის გვერდით იბრძოდა, დროშის აფრიალება სცადა. თვალი საჰაბეებს მოავლო და თავისზე უფროსსა და გამოცდილს ეძებდა. როცა საბით ბინ ეყრემი დაინახა, დროშა მას გადასცა. ჰაზრეთი საბითმა დროშა მუჯაჰიდების წინ ჩაარჭო და თქვა: „ჰოი, ჩემო ძმებო! სასწრაფოდ თქვენ შორის ერთი სარდლად აირჩიეთ და მას გაჰყევით!“ თქვეს: „შენ აგირჩიეთ“, მაგრამ ჰაზრეთი საბითმა არ მიიღო. თვალი ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდზე შეაჩერა. უთხრა: „ჰოი, ებუ სულეიმან! დროშა შენ აიღე!“ ჰაზრეთი ჰალიდმა, რომელიც სულ ახლახან შეუერთდა მუსლიმებს, მოკრძალების გამო წმინდა დროშის აღება არ ისურვა და მისი დალოცვილი ბაგეებიდან ეს სიტყვები აღმოხდა: „მე ამ დროშას შენგან ვერ ავიღებ! შენ მასზე ჩემზე მეტად ღირსი ხარ, რადგან უფროსი ხარ და ბედრის ღაზვაში ალლაჰის შუამავლის გვერდით ბრძოლის პატივს ეღირსე!…“ მაგრამ დრო ძვირფასი იყო. მათ გარშემო საჰაბეები მტერს დაუნდობლად ებრძოდნენ და ასი ათასკაციანი მტრის უკუგდებას ცდილობდნენ. ჰაზრეთი საბითმა თავისი სიტყვები გაიმეორა: „ჰოი, ჰალიდ! ალლაჰის შუამავლის წმინდა დროშა სწრაფად აიღე! ალლაჰს ვფიცავ, შენთვის რომ მომეცა, იმიტომ ავიღე. შენ ომის ხელოვნებაში ჩემზე უკეთ ერკვევი!“ შემდეგ ირგვლივ მყოფ მუჯაჰიდებს ჰკითხა: „ჰოი, ჩემო ძმებო! რას იტყვით, ჰალიდი რომ იყოს სარდალი?“ ყველამ ერთხმად თქვა: „ის დავიყენეთ სარდლად.“ ამაზე ჰაზრეთი ჰალიდმა დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით აიღო დროშა, რომელიც სამყაროთა ბატონმა თავისი დალოცვილი ხელით გადასცა, და აკოცა. ცხენს მოახტა და მთელი თავისი სიდიადითა და ძალით ეკვეთა მტერს.4

მამაცი საჰაბეები თავიანთი ახალი სარდლის კვალდაკვალ კვლავ შეტევაზე გადავიდნენ. ჰაზრეთი ჰალიდი არნახული გამბედაობითა და ოსტატობით იბრძოდა და ყველას ამხობდა, ვინც გზაზე გადაეღობებოდა. ერთ მომენტში ჰაზრეთი ყუთბე ბინ ყათადემ მტრის ერთ-ერთ სარდალს, მალიქ ბინ ზაფილეს, თავი ტანს მოაშორა. ბიზანტიელებს სულიერი ძალა გაუტყდათ. მაგრამ დრო ილეოდა, საღამო დადგა და ბნელდებოდა. სიბნელეში ბრძოლა საკმაოდ საშიში იყო, რადგან შეცდომით საკუთარ ამხანაგებს შეიძლება დასცემოდნენ…

ამიტომ ორივე მხარე თავის ბანაკს დაუბრუნდა. დაჭრილების მკურნალობა დაიწყეს. ჰაზრეთი ჰალიდი ომის ხელოვნების გენიოსი იყო. დილით მტრის წინაშე ახალი ტაქტიკით წარდგომა და მისი დაბნევა სურდა. იმ ღამით ჯარისკაცებს ადგილები გაუცვალა: მარჯვნივ მყოფები მარცხნივ გადაიყვანა, მარცხნივ მყოფები – მარჯვნივ, წინ მყოფები – უკან, უკან მყოფები კი – წინ.

დილით მამაცი მუჯაჰიდები კვლავ შეტევაზე გადავიდნენ და შეძახილით „ალლაჰუ ექბერ“ ბრძოლა დაიწყეს. მტრის ჯარისკაცები თავდამსხმელ ჯარისკაცებს პირველად ხედავდნენ. ესენი ისინი არ იყვნენ, ვისაც გუშინ ებრძოდნენ.

მუსლიმებს ალბათ ახალი ლაშქარი მოეშველა!… ბიზანტიელი ჯარისკაცები, რომლებსაც შეეშინდათ, რადგან ეგონათ, რომ დამხმარე ძალები მოვიდა, სულიერად გატყდნენ. პანიკამ მოიცვა და გაქცევა დაიწყეს. ისლამის ლაშქარმა ეს ხელსაყრელ შემთხვევად მიიჩნია და მძლავრად შეუტია.

როცა მტერი უკუაგდეს, მუთეს ციხეს მიადგნენ. ციხეც აიღეს და მისი ბევრი წარჩინებული მოკლეს. ჰაზრეთი ჰალიდი და მამაცი საჰაბეები იმ დღეს კიდევ უკეთ იბრძოდნენ, მტერს ხმლებს ურტყამდნენ და ათასობით მათგანი ჯოჯოხეთში გაგზავნეს. იმ დღეს ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდს ხელში ცხრა ხმალი გაუტყდა.5 უზენაესი ალლაჰის სიკეთითა და უკეთილშობილესი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ვედრებების ბარაქით სამმა ათასმა მუჯაჰიდმა ღაზიმ ასი ათასკაციანი მტრის ლაშქარი დაამარცხა. ამ დიდ ბრძოლაში ბრძოლის ველზე თხუთმეტი შეჰიდი დაეცა. ასე ბიზანტიის იმპერიას საზღვარი დაანახეს და სამხრეთით ახალი ლაშქრობების წამოწყება აღუკვეთეს… უკეთილშობილესმა შუამავალმა, პატივდებულმა შუამავალმა, საჰაბეები მეჩეთში შეკრიბა, რომ მუთეში მომხდარი ეუწყებინა, ვიდრე ბრძოლის ველიდან რაიმე ამბავი მოვიდოდა. ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილ სახეზე ჩანდა, რომ ძალიან მწუხარე იყო, და ვერავინ ბედავდა რამის კითხვას, შიშით, რომ კიდევ უფრო არ დამწუხრებულიყო. ბოლოს ერთმა საჰაბემ თქვა: „სიცოცხლე შემოგწირეთ, ალლაჰის შუამავალო! შენზე რომ მწუხარება ვიხილეთ, გული გვისისხლიანდება, და რამხელაა ჩვენი მწუხარება, მხოლოდ უზენაესმა ალლაჰმა იცის!“ ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილ თვალებს ცრემლები წასკდა და ბრძანა: „მწუხარება, რომელიც ჩემზე იხილეთ, რამაც ნაღველში ჩამაგდო, ის იყო, რომ ჩემი საჰაბეები შეჰიდად დაეცნენ. ეს მდგომარეობა მანამდე გაგრძელდა, ვიდრე სამოთხეში არ ვიხილე ისინი, როგორც ძმები, ტახტებზე ერთმანეთის პირისპირ მსხდომნი. ზეიდ ბინ ჰარისემ დროშა ხელში აიღო. ბოლოს შეჰიდად დაეცა. ახლა სამოთხეში შევიდა. იქ დარბის. შემდეგ დროშა ჯა’ფერ ბინ ები ტალიბმა აიღო. მტრის ლაშქრებს ეკვეთა. იბრძოდა და ბოლოს ისიც შეჰიდად დაეცა. შეჰიდად შევიდა სამოთხეში და ლალის ორი ფრთით დაფრინავს, სადაც უნდა. ჯა’ფერის შემდეგ დროშა აბდულლაჰ ბინ რევაჰამ აიღო. დროშით ხელში მტრებს ებრძოდა, შეჰიდად დაეცა და სამოთხეში შევიდა. სამოთხეში ოქროს ტახტებზე მაჩვენეს ისინი. ჩემო ალლაჰო! შეუნდე ზეიდს!… ჩემო ალლაჰო! შეუნდე ჯა’ფერს! ჩემო ალლაჰო! შეუნდე აბდულლაჰ ბინ რევაჰას!“

„ჰოი, ჰალიდ! ალლაჰის შუამავლის წმინდა დროშა სწრაფად აიღე! ალლაჰს ვფიცავ, შენთვის რომ მომეცა, იმიტომ ავიღე. შენ ომის ხელოვნებაში ჩემზე უკეთ ერკვევი!“ საბით ბინ ეყრემი (რადიალლაჰუ ანჰ)

სამყაროთა ბატონის დალოცვილი თვალებიდან ცრემლები ისევ მოედინებოდა. ცრემლიანი თვალებით ასე განაგრძო: „აბდულლაჰ ბინ რევაჰას შემდეგ დროშა ჰალიდ ბინ ველიდმა აიღო. ახლა ბრძოლა გაცხარდა. ჩემო ალლაჰო! ის (ჰალიდ ბინ ველიდი) შენი ხმლებიდან ერთ-ერთი ხმალია. შეეწიე მას!…“6 ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა უზენაესი ალლაჰის ნებით, სასწაულის სახით, იხილა, რაც ათას კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ ბრძოლის ველზე ხდებოდა, და თავის საჰაბეებს აუწყა. იმ დღეს, როცა ჯა’ფერ ბინ ები ტალიბი შეჰიდად დაეცა, შუამავალი ამ ამბის მოყოლის შემდეგ ადგა და ჰაზრეთი ჯა’ფერის სახლში მიბრძანდა. მის მეუღლეს, ესმას, ის-ის იყო, საშინაო საქმე მოეთავებინა, შვილები დაებანა და თმა დაევარცხნა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „ესმა! სად არიან ჯა’ფერის ვაჟები? მომიყვანე ისინი!“ როცა ესმა ჰათუნმა ბავშვები მოიყვანა, ალლაჰის შუამავალმა ისინი გულში ჩაიკრა, გულიანად დაკოცნა და დიდხანს ყნოსავდა. მისმა დალოცვილმა გულმა ვეღარ გაუძლო და დალოცვილი თვალებიდან ცრემლები ღვარად წასკდა. ეს რომ დაინახა, ჰაზრეთი ჯა’ფერის მეუღლემ შევედრებით ჰკითხა: „დედაჩემი და მამაჩემი, ჩემი სიცოცხლეც შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! რატომ იჩენ ჩემი ვაჟების მიმართ ისეთ თანაგრძნობას, როგორსაც ობლების მიმართ იჩენენ? ხომ არ მიგიღია ჯა’ფერისა და მისი ამხანაგების შესახებ რაიმე მწარე ამბავი?!“ სამყაროთა ბატონი ღრმად იყო დამწუხრებული. ბრძანა: „დიახ!… ისინი დღეს შეჰიდები გახდნენ!…“ ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი ესმამაც, ობლად დარჩენილი შვილები გულში ჩაიკრა და ტირილი დაიწყო. ამ სანახაობას ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა დიდხანს ვეღარ გაუძლო და იქიდან წავიდა.7

როცა უკეთილშობილესი ჰაბიბი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავის ბედნიერ სახლში დაბრუნდა, თავის სპეტაკ მეუღლეებს უთხრა: „ჯა’ფერის ოჯახისთვის საჭმლის მომზადება არ დაგავიწყდეთ!“ სამი დღის განმავლობაში შეჰიდების ოჯახებს საჭმელი ეგზავნებოდათ. რამდენიმე დღე გავიდა და მედინაში სასიხარულო ამბავი ჰაზრეთი ია’ლა ბინ უმეიიემ ჩამოიტანა. ვიდრე ის მომხდარის მოყოლას მოასწრებდა, უკეთილშობილესმა შუამავალმა უთხრა: „თუ გინდა, მომხდარი შენ მიამბე, თუ გინდა – მე გიამბობ“, – და ბრძოლის ველზე მომხდარი ყველაფერი დაწვრილებით აღწერა. ამაზე ჰაზრეთი ია’ლა ბინ უმეიიემ თქვა: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც შენ ჭეშმარიტი რჯულითა და წიგნით შუამავლად მოგავლინა, მუჯაჰიდებს თავს გადამხდარი არცერთი ამბავი არ გამოგიტოვებია.“ შუამავალმა მიუგო: „უზენაესმა ალლაჰმა ჩემთვის ჩვენს შორის არსებული მანძილი მოსპო და ბრძოლის ველი საკუთარი თვალით ვიხილე.“

რამდენიმე დღის შემდეგ მაცნეებმა აუწყეს, რომ ისლამის ლაშქარი მედინას უახლოვდებოდა. შუამავალი თავის საჰაბეებთან ერთად ადგა და მის შესახვედრად მედინიდან გავიდა. შორს მტვრის ღრუბელი ამოდიოდა და ისლამის წმინდა დროშა ქარში ფრიალებდა. ხმლებისა და ფარების ელვარება გარემოს სარკესავით ანათებდა… ყველას სახეზე ღრმა მღელვარება ეტყობოდა. ცოტა ხანში მედინაში მუჯაჰიდი ღაზიები შევიდნენ, რომელთაც სათავეში ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდი ედგა (რადიალლაჰუ თეალა ანჰუმ ეჯმაინ)…

„ჩემო ალლაჰო! შეუნდე ზეიდს!… ჩემო ალლაჰო! შეუნდე ჯა’ფერს! ჩემო ალლაჰო! შეუნდე აბდულლაჰ ბინ რევაჰას!“ ჰადისი შერიფი

ჰურიები მოვიდნენ,
ნათლის სახვევში შეახვიეს,
მუჰამმედს სახე შეახეს,
მუჰამმედის შობის ღამეს.
ცის კარიბჭე გაიღო,
სამყაროს წყალობა მოეფინა,
სამოთხის სამოსი შეკერეს,
მუჰამმედის შობის ღამეს.
იუნუსი ამბობს: „ჰოი, ძმებო,
თვალთაგან სისხლის ცრემლი მოდის,
სეჯდე აღასრულეს მთებმა, კლდეებმა
მუჰამმედის შობის ღამეს.“

ქააბეი მუაზზამას ძველი ხედი /

მექქეი მუქერრემე [1890]