საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

მექქის აღება

ჰიჯრეთის მერვე წელი იდგა. ჰუდეიბიიეს საზავო ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ასეთი იყო: „არაბთა ტომებს, რომლებიც არცერთ მხარეს არ ეკუთვნიან, შეუძლიათ, რომელი მხარის მფარველობაშიც სურთ, იმის მფარველობაში შევიდნენ; თავისუფალნი არიან, მუსლიმებს შეუერთდებიან თუ კერპთაყვანისმცემლებს.“ ამის მიხედვით, ჩვენი შუამავლის მოკავშირე ჰუზაას ტომი მუსლიმების მხარეს დადგა, ბენი ბექრის ტომი კი – კერპთაყვანისმცემლების მხარეს. ჰუზაას ტომი და ბენი ბექრი ძველთაგანვე მტრობდნენ ერთმანეთს და, როგორც კი შემთხვევა მიეცემოდათ, ერთმანეთს თავს ესხმოდნენ. ჰუდეიბიიეს ზავის გამო მათაც გარკვეული ხნით შეწყვიტეს თავდასხმები. მაგრამ ბენი ბექრმა ამის დაცვა მხოლოდ ორი წელი შეძლო. ბექრიანთაგან ერთმა ჩვენი საყვარელი შუამავლის შეურაცხმყოფელი ლექსი წარმოთქვა; ეს რომ გაიგონა, ჰუზაას ტომის ერთმა ჭაბუკმა ვეღარ მოითმინა და თავი გაუტეხა. ბექრიანებმა ეს საბაბად გამოიყენეს და თავს დაესხნენ ჰუზაას ტომს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად საფრთხისგან დაცული იყო. ამ თავდასხმაში ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლები მათ დაეხმარნენ: იარაღს აძლევდნენ და ფარულად თავიანთ კაცებს უგზავნიდნენ. ჰარემი შერიფში (წმინდა ტერიტორიაზე) ჰუზაას ტომიდან ოცზე მეტი კაცი მოკლეს. შეტაკებების დროს ჰუზაას ტომის ზოგიერთმა მუსლიმმა ჩვენს შუამავალს დახმარება სთხოვა. ჰუზაას ტომზე ღამით მიტანილი ამ თავდასხმების დროს ზოგიერთებმა ბექრიანებს შორის ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლებიც დაინახეს.

იმ ღამეს ჩვენი საყვარელი შუამავალი მედინაში, ჩვენი დედის, ჰაზრეთი მეიმუნეს სახლში იმყოფებოდა. როცა ნამაზის შესასრულებლად ადგა და აბდესს იღებდა, უზენაესი ალლაჰის ნებით, სასწაულის სახით, გაიგონა, როგორ სთხოვდნენ მექქელი მუსლიმები დახმარებას. პასუხად მათ ბრძანა: „ლებბეიქ! (თქვენს მოწოდებას ვპასუხობ!)“ როცა ჩვენმა დედამ, მეიმუნემ, დაინახა, რომ შუამავალი ასე ლაპარაკობდა, თუმცა მის გვერდით არავინ იყო, ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! ვინმე ხომ არ არის თქვენთან?“

ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მას მექქაში მომხდარი ამბავი უამბო და აუწყა, რომ ამ საქმეში ყურაიშელებიც მონაწილეობდნენ.

ყურაიშელმა კერპთაყვანისმცემლებმა ბენი ბექრს დახმარება გაუწიეს, ჰუზაას ტომზე თავდასხმა მოაწყვეს და მისი ხალხი ხოცეს; ამით ჰუდეიბიიეს ხელშეკრულების პუნქტების საწინააღმდეგოდ იმოქმედეს და ხელშეკრულება დაარღვიეს.

ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ეს ამბავი იმავე წამს შეიტყო. გარდა ამისა, ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ ჰუზაას ტომიდან ამრ ბინ სალიმი ორმოც მხედართან ერთად მოვიდა და უკეთილშობილეს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მომხდარი უამბო. ყურაიშელთა მეთაურმა, ებუ სუფიანმა, რომელიც მაშინ სავაჭროდ დამასკოში იყო წასული, ამ ამბის შესახებ არაფერი იცოდა. ჰაბიბულლაჰმა ბრძანა: „თუ ჰუზაას შვილებს არ დავეხმარები, დაე, არც მე მომეხმაროს ვინმე!“ და წერილი დააწერინა. ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლებისთვის გაგზავნილ ამ წერილში ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა შეუთვალა: „…ან ბექრიანებთან კავშირზე უარს იტყვით და განზე გადგებით, ან ჰუზაას შვილთაგან მოკლულების სისხლის საფასურს (დიეთს) გადაიხდით! თუ ჩემს ნათქვამთაგან არცერთს არ შეასრულებთ, გაცნობებთ, რომ თქვენთან ომს დავიწყებ!…“ ყურაიშელებმა ეს წყალობაც ვერ დააფასეს. შეუთვალეს: „არც კავშირს გავწყვეტთ და არც სისხლის საფასურს გადავიხდით! მხოლოდ ომი შეგვიძლია.“ მაგრამ ასე რომ მოიქცნენ, ათასჯერ ინანეს და შიშით დაელოდნენ ებუ სუფიანს, რომ ხელშეკრულება განეახლებინა.

„(მექქელო მუსლიმებო!) ლებბეიქ! თქვენს მოწოდებას ვპასუხობ!“ ჰადისი შერიფი

როცა ებუ სუფიანი დამასკოდან დაბრუნდა, მომხდარი უამბეს და უთხრეს: „ეს ისეთი საქმეა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. თუ არ გამოსწორდა, მუჰამმედი მექქიდან გაგვყრის!“ ებუ სუფიანმა თქვა: „მართალია, ამ ამბის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ სასწრაფოდ უნდა წავიდე, ზავი განვაახლო და გავაგრძელო“, – და მაშინვე მედინისკენ გაემართა.1 ჯერ ებუ სუფიანი მედინაში არ მისულიყო, რომ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა საჰაბეებს მისი მოსვლა აუწყა და ბრძანა: „ასე მესმის: ებუ სუფიანი ზავის განახლებისა და მისი ვადის გაგრძელებისთვის მოდის. მაგრამ სურვილს ვერ აისრულებს და ისე დაბრუნდება, როგორც მოვიდა!…“

ებუ სუფიანი, რომელიც ჯერ კიდევ მუსლიმი არ იყო, მედინეი მუნევვერეში ჩავიდა. მივიდა თავისი ქალიშვილის, შუამავლის დალოცვილი მეუღლისა და მორწმუნეთა დედის, უმმუ ჰაბიბეს (რადიალლაჰუ ანჰა) სახლში. ჩვენი საყვარელი შუამავლის ლოგინზე დაჯდომა მოინდომა. ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი უმმუ ჰაბიბემ, მის დაჯდომამდე მოასწრო და ლოგინი აიღო. მამამისს ეს ძალიან ეწყინა და გაკვირვებულმა თქვა: „შვილო! ამ ლოგინს ჩემთვის იშურებ?“ მორწმუნეთა დედამ, ჰაზრეთი უმმუ ჰაბიბემ, რომელიც ალლაჰის შუამავლის სიყვარულს ყველაფერზე მაღლა აყენებდა, მამას უპასუხა: „ეს ლოგინი უზენაესი ალლაჰის შუამავლის ლოგინია. მასზე კერპთაყვანისმცემლები ვერ დასხდებიან! შენ კერპთაყვანისმცემელი და ნეჯისი (უწმინდური) ხარ! ამ ლოგინზე დაჯდომა სულაც არ შეგეფერება!“

როცა მამამისმა თქვა: „შვილო! რაც ჩემი სახლიდან წახვედი, რაღაც დაგმართნია!“, მან უპასუხა: „ქება ალლაჰს (ელჰამდულილლაჰ), უზენაესმა ალლაჰმა მე ისლამი მიწყალობა. შენ კი ისევ ქვისგან გამოთლილ კერპებს სცემ თაყვანს, რომლებიც არც ისმენენ და არც ხედავენ! მამაჩემო! როგორ შეიძლება შენნაირი კაცი, ყურაიშის უფროსი და თავკაცი, ისლამს მოშორებული დარჩეს?…“ მამამისი ძალიან განრისხდა: „ამდენ უპატივცემულობას მიჩენ და უმეცრებაში მდებ ბრალს! ესე იგი, მე უნდა მივატოვო ის, რასაც ჩემი წინაპრები წლების განმავლობაში სცემდნენ თაყვანს, და მუჰამმედის რჯულზე გადავიდე?!“ – თქვა და იქიდან წავიდა.2

ყურაიშელთა მეთაური ჩვენს საყვარელ შუამავალთან მივიდა და თქვა: „ჰუდეიბიიეს საზავო ხელშეკრულების განსაახლებლად და მისი ვადის გასაგრძელებლად მოვედი. მოდი, ჩვენს შორის ეს შეთანხმება წერილობით განვაახლოთ!“ უკეთილშობილესმა ჰაბიბმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) უპასუხა: „ჩვენ ჰუდეიბიიეს ხელშეკრულების საწინააღმდეგოს არაფერს ჩავიდენთ და მას არ შევცვლით!“ თუმცა ყურაიშელთა მეთაური ისევ და ისევ იმეორებდა: „მოდი, ხელშეკრულება შევცვალოთ! განვაახლოთ!…“, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მას არაფერი უპასუხა. როცა ყურაიშელთა მეთაურმა დაინახა, რომ მისმა ყველა მცდელობამ არანაირი შედეგი არ გამოიღო, მექქაში დაბრუნდა და კერპთაყვანისმცემლებს ვითარება უამბო. კერპთაყვანისმცემლებმა საყვედური უთხრეს: „ესე იგი, ვერაფერი გააკეთე და ისე დაბრუნდი?!…“ ახლა მათ ლოდინის გარდა სხვა აღარაფერი დარჩენოდათ.

ვინც მესჯიდი ჰარამს შეაფარებს თავს

როცა ებუ სუფიანმა მედინა დატოვა, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მექქის აღება გადაწყვიტა, რადგან ყურაიშელებმა სიტყვა გატეხეს და შეთანხმება დაარღვიეს. თუმცა ამას უდიდეს საიდუმლოდ ინახავდა: სურდა, მექქა ისე აეღო, რომ კერპთაყვანისმცემლებისთვის მომზადების საშუალება არ მიეცა და ჰარემი შერიფში (წმინდა ტერიტორიაზე) სისხლი არ დაღვრილიყო. ეს საომარი ღონისძიება იყო, რადგან მექქის აღების შემდეგ, ვინ იცის, რამდენი მათგანი ეღირსებოდა ისლამის პატივს. ეს მხოლოდ ჰაზრეთი ებუ ბექირსა და რამდენიმე წარჩინებულ საჰაბეს აუწყა. საჰაბეებს ლაშქრობისთვის მზადება უბრძანა, მაგრამ არ უთქვამს, საით უნდა წასულიყვნენ. საჰაბეებმა ჯიჰადისთვის მზადება დაიწყეს. გარდა ამისა, შუამავალმა ირგვლივ მცხოვრებ მუსლიმურ ტომებს – ესლემს, ეშჯას, ჯუჰეინეს, ჰუსაინს, ღიფარს, მუზეინეს, სულეიმს, დამრას – და ჰუზაას შვილებს ამბავი შეუთვალა. ამ ცნობაში ნაბრძანები იყო: „ვისაც უზენაესი ალლაჰისა და განკითხვის დღისა სწამს, რამაზნის დალოცვილი თვის დასაწყისში მედინაში იყოს.“ ასე მოუწოდეს მათ ბრძოლაში მონაწილეობისკენ.

ჰაბიბულლაჰმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სიფრთხილის მიზნით ჰაზრეთი ომერს დაავალა, მექქისკენ მიმავალი გზები დაეკავებინა და მასთან კავშირი გაეწყვიტა. ჰაზრეთი ომერმა მაშინვე მთის ბილიკებზე, უღელტეხილებსა და სხვა გზაჯვარედინებზე გუშაგები დააყენა და ბრძანება გასცა: „ყველა, ვისაც მექქაში წასვლა სურს, უკან დააბრუნეთ!“

ამ საქმის საიდუმლოდ წარმართვისთვის ჩვენი საყვარელი შუამავალი უზენაეს ალლაჰს ასე ევედრებოდა: „ჩემო უფალო! ყურაიშელთა ჯაშუშები და მაცნეები შეაკავე, თვალი და ყური დაუხშე მათ, ვიდრე მოულოდნელად მათ მხარეში არ მივალთ. დაე, მოულოდნელად გვიხილონ და შეგვიტყონ!“

იმისათვის, რომ შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ჩრდილოეთის კერპთაყვანისმცემლებზე ან ბიზანტიელებზე ილაშქრებდა, შუამავალმა ჰაზრეთი ებუ ყათადე სამხედრო რაზმით ჩრდილოეთისკენ, იზამის ხეობისკენ გაგზავნა. ამასობაში ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა სასწაულის სახით აუწყა, რომ გაგზავნეს წერილი, რომლითაც მექქელი კერპთაყვანისმცემლები მედინაში მიმდინარე მზადების შესახებ შეიტყობდნენ. ჰაზრეთი ალი გაგზავნა და წერილის ხელში ჩაგდება უბრძანა.

რამაზნის თვის მეორე დღემდე ირგვლივ მცხოვრები ტომებიდან დამხმარე ძალა მოვიდა და ყველანი ებუ ინებეს ჭასთან გამართულ ბანაკში შეიკრიბნენ. საჰაბეების რიცხვმა თორმეტ ათასს მიაღწია. მათგან ოთხი ათასი ენსარი იყო, შვიდასი – მუჰაჯირი, დანარჩენები კი ირგვლივ მცხოვრები მუსლიმური ტომებიდან იყვნენ.3

ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მედინაში თავის მოადგილედ ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ უმმუ მექთუმი დატოვა.4 ჰაზრეთი ზუბეირ ბინ ავვამი ორასკაციანი მხედრული რაზმის სათავეში წინ, მოწინავე რაზმად გაგზავნა. ჰიჯრეთის მერვე წელს, რამაზნის დალოცვილი თვის მეათე დღეს, ოთხშაბათს, სამყაროთა ბატონი უზენაესი ალლაჰის სახელით მედინიდან გაემართა თავისი დიდი, თორმეტათასიანი ლაშქრის სათავეში, რომლის მებრძოლთა გულებიც უზენაესი ალლაჰისა და მისი შუამავლის სიყვარულით იყო სავსე. მიდიოდნენ მექქაში, თავიანთ სამშობლოში, საიდანაც რვა წლის წინ წამებისა და ჩაგვრის გამო ჰიჯრეთის აღსრულება მოუწიათ. მიდიოდნენ, რათა კერპებისგან განეწმინდათ დიდებული ქააბა, რომელიც კერპების ტაძრად იყო ქცეული…

მიდიოდნენ, რათა სამართალი, ჭეშმარიტება და წყალობა ეჩვენებინათ კერპთაყვანისმცემლებისთვის, რომლებსაც თავიანთი სიჯიუტის მიტოვება არაფრით სურდათ… მიდიოდნენ, რათა უზენაესი ალლაჰის რჯული გაევრცელებინათ და იქაურთა ჯოჯოხეთის მარადიული სასჯელისგან ხსნის მიზეზი გამხდარიყვნენ. ჩვენო უფალო! რა დიდი წყალობა იყო ეს!… როცა ისლამის ლაშქარი ზულ-ჰულეიფეს მიადგა, შუამავლის ბიძას, ჰაზრეთი აბბასს შეხვდა, რომელმაც ოჯახთან ერთად მექქიდან ჰიჯრეთი აღასრულა. ჩვენს საყვარელ შუამავალს ბიძის მოსვლა ძალიან გაუხარდა და გული ამ სიტყვებით მოუფონა: „აბბას! როგორც მე ვარ შუამავალთა შორის უკანასკნელი, ისე შენ ხარ მუჰაჯირთა შორის უკანასკნელი.“ ჰაზრეთი აბბასის ბარგი მედინაში გაგზავნა. ჰაზრეთი აბბასი შუამავალთან დარჩა და მექქის აღებაში მიიღო მონაწილეობა.5 როცა უკეთილშობილესი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მექქის მახლობლად მდებარე ყუდეიდში მივიდა, თავის სახელოვან საჰაბეებს საბრძოლო წყობა მიაღებინა. თითოეულ ტომს ცალ-ცალკე ალმები (დროშები) მისცა და ისინი ყოველი ტომის მედროშეს ჩააბარა. მუჰაჯირთა დროშა ჰაზრეთი ალის, ზუბეირ ბინ ავვამსა და სა’დ ბინ ები ვაყყასს (რადიალლაჰუ ანჰუმ) ეპყრათ. ენსარებს თორმეტი მედროშე ჰყავდათ, ეშჯასა და სულეიმს – თითო, მუზეინეს – სამი, ესლემს – ორი, ჰუზაას შვილებს – სამი, ჯუჰეინეს კი – ოთხი მედროშე.6 მედინიდან წამოსვლიდან ათი დღე იყო გასული. საღამოსკენ მექქას ძალიან მიუახლოვდნენ, ღამის (იშა) ნამაზის დროს კი მერრუზ-ზაჰრანს მიაღწიეს. შუამავალმა საჰაბეებს იქ შეჩერება უბრძანა. გარდა ამისა, ჰაზრეთი ომერს დაავალა და ბრძანა, რომ ყოველ მუჯაჰიდს ცეცხლი დაენთო.7 როცა ერთბაშად ათი ათასზე მეტი ცეცხლი აგიზგიზდა, მექქა სინათლეში ჩაიძირა. მექქელი კერპთაყვანისმცემლები, რომლებმაც არაფერი იცოდნენ, დაიბნენ. იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა, ებუ სუფიანი გაგზავნეს. მან თან რამდენიმე კაცი წაიყვანა და მალულად მიუახლოვდა ისლამის ლაშქარს. ამ დროს ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ზოგიერთ საჰაბეს უთხრა: „ებუ სუფიანს თვალ-ყური ადევნეთ. მას უეჭველად იპოვით!“ რაც უფრო წინ მიიწევდნენ ყურაიშელები, მით უფრო მატულობდა მათი გაოცება და შიშის ზარი ეცემოდათ. რამდენი ჯარი შეკრებილიყო მექქის ირგვლივ და რამდენი ცეცხლი დაენთოთ!… ამაზე ლაპარაკ-ლაპარაკით ერაქად წოდებულ ადგილს მიაღწიეს.

„ჩემო უფალო! ყურაიშელთა ჯაშუშები და მაცნეები შეაკავე, თვალი და ყური დაუხშე მათ, ვიდრე მოულოდნელად მათ მხარეში არ მივალთ. დაე, მოულოდნელად გვიხილონ და შეგვიტყონ!“ ჰადისი შერიფი

სწორედ მაშინ შუამავალმა ბრძანა: „ებუ სუფიანი ახლა ერაქშია.“ ჰაზრეთი აბბასი მაშინვე ერაქისკენ გაემართა და თავისთვის ამბობდა: „იქ უეჭველად ვიპოვი ვინმეს და მექქაში გავგზავნი, რომ აცნობოს, ისლამის ლაშქარი თქვენზე მოდისო, და მექქელები ალლაჰის შუამავალთან (ალეიჰისსელამ) მოვიდნენ და ბრძოლის დაწყებამდე ამანი (უსაფრთხოება) ითხოვონ.“ ამ მიზნით ვინმეს რომ ეძებდა, ებუ სუფიანი ხმაზე იცნო და დაუძახა: „ებუ ჰანზალა!“ ებუ სუფიანმაც იცნო და თქვა: „ებულ-ფადლ! შენა ხარ? დედაჩემი და მამაჩემი შენ გენაცვალოს!“ შემდეგ ერთად გაემართნენ ისლამის ლაშქრის ბანაკისკენ…

გზაში ებუ სუფიანმა ჰაზრეთი აბბასს ჰკითხა: „რა ამბებია?“ მან უთხრა: „ებუ სუფიან! ვაი შენ! შუამავალი (ალეიჰისსელამ) ისეთი ლაშქრით მოდის თქვენზე, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. ვფიცავ, ყურაიშელებს ცუდი დღე დაადგებათ. ვაი მათ, რაც თავს დაატყდებათ!“ ებუ სუფიანი და მისი თანმხლებნი დიდი იმედით გაემართნენ მუჯაჰიდებს შორის და ჩვენს საყვარელ შუამავალთან (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მივიდნენ. სამყაროს სულთანმა ისინი კეთილად მიიღო. მექქელების შესახებ გამოიკითხა. გვიანობამდე ესაუბრა და შემდეგ ისლამისკენ მოუწოდა. ჰაქიმ ბინ ჰიზამმა და ბუდეილმა (რადიალლაჰუ ანჰუმა) მაშინვე წარმოთქვეს ქელიმეი შეჰადეთი და მუსლიმები გახდნენ. ებუ სუფიანი კი ჯერ კიდევ ყოყმანობდა. როცა გათენდა, წყალობის ზღვამ, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, ბრძანა: „ებუ სუფიან! ვაი შენ! ნუთუ ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო, რომ შეიცნო, რომ უზენაესი ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს?“ მან თქვა: „დედაჩემი და მამაჩემი შენ გენაცვალოს! სიმშვიდით, კეთილშობილებითა და ნათესავების უფლებების დაცვით შენ ბადალი არ გყავს. ამდენი ტანჯვის შემდეგ, რაც მოგაყენეთ, ისევ ჰიდაიეთის (ჭეშმარიტი) გზისკენ მოგვიწოდებ. რა ხელგაშლილი და კეთილშობილი ხარ! ვირწმუნე, რომ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს… სხვა რომ ყოფილიყო, რამეში მაინც გამომადგებოდა. შენც ალლაჰის შუამავალი ხარ“, – თქვა და საჰაბეთა რიცხვში ყოფნის პატივს ეღირსა (რადიალლაჰუ ანჰ).8

ჰაზრეთი აბბასმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! ებუ სუფიანს ხომ არ უბოძებ რამეს, რაც მას მექქელებში პატივს შესძენს?“ შუამავალი დაეთანხმა და ბრძანა: „ვინც ებუ სუფიანის სახლში შევა და თავს შეაფარებს, მას ამანი ეძლევა, სიკვდილს გადაურჩება.“ როცა ჰაზრეთი ებუ სუფიანი შეევედრა: „ალლაჰის შუამავალო! კიდევ ცოტათი ხომ არ გააფართოებ?“, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „ვინც მესჯიდი ჰარამში შევა და თავს შეაფარებს, მას ამანი ეძლევა! ვინც კარს ჩაიკეტავს და თავის სახლში დაჯდება, მას ამანი ეძლევა.“ იმისათვის, რომ ებუ სუფიანს ისლამის ლაშქრის შიშისმომგვრელი დიდებულება და სიმრავლე ენახა და ეს მექქელი კერპთაყვანისმცემლებისთვის ეამბნა, უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჰაზრეთი აბბასს უთხრა: „წაიყვანე იგი მთის ვიწრობში, სადაც ხეობა ვიწროვდება და ცხენები ერთმანეთს მიჭყლეტილნი გადიან. დაე, იხილოს მუსლიმების, უზენაესი ალლაჰის ლაშქრის დიდებულება.“

ებუ სუფიანს ეს უნდა ენახა, რათა კერპთაყვანისმცემლებისთვის ეამბნა ის სანახაობა, რომლის მოწმეც გახდა, და არავინ აღმდგარიყო წინ… რათა ასე ჰარემი შერიფში სისხლი არ დაღვრილიყო… სანამ ჰაზრეთი აბბასი ებუ სუფიანთან ერთად მთის გადასასვლელისკენ მიდიოდა, მუჯაჰიდები საბრძოლო წყობაში დადგნენ. ტომებმა ერთიმეორის მიყოლებით, გაშლილი დროშებით დაიწყეს ვიწრობში გავლა. თითოეული მათგანი ჯავშანში იყო და სრულად შეიარაღებული. ყოველი ჯგუფი გავლისას თექბირს წარმოთქვამდა. ჰაზრეთი ებუ სუფიანი კითხულობდა: „ესენი ვინ არიან?“, ჰაზრეთი აბბასი კი პასუხობდა: „ესენი სულეიმიანები არიან! მათი სარდალი ჰალიდ ბინ ველიდია!“, „ესენი ღიფარიანები არიან!“, „ესენი ქა’ბიანები არიან!…“ „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“ შეძახილები ცასა და მიწას ავსებდა, მუჯაჰიდთა სიმრავლე და იარაღის ელვარება კი თვალს სჭრიდა. ჰაზრეთი ებუ სუფიანს ყველაზე მეტად სამყაროს სიამაყე (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აინტერესებდა. ძალიან სურდა ენახა, როგორ ჩაივლიდნენ მის ირგვლივ მყოფი მეომრები, და ფიქრობდა, რომ ისინი სხვებისგან განსხვავებულები იქნებოდნენ. ამიტომ თავს ვერ იკავებდა და ხშირად კითხულობდა: „ეს ალლაჰის შუამავლის რაზმია?“… ბოლოს თავისი აქლემის, ყუსვას ზურგზე, მზესავით ნათელს რომ აფრქვევდა, გამოჩნდა შუამავალთა სულთანი, სამყაროთა ბატონი. მის ირგვლივ მუჰაჯირები და ენსარები იყვნენ. თითოეული მათგანი თავიდან ფეხებამდე დაუდისეულ ჯავშნებში იყო გახვეული, ინდური ხმალი ერტყა და ჯიშიან ცხენზე ან აქლემზე ამხედრებული მოდიოდა.

როცა ჰაზრეთი ებუ სუფიანმა ისინი დაინახა, ცნობისმოყვარეობით ჰკითხა: „ესენი ვინ არიან, აბბას?“ მან უთხრა: „შუაში შუამავალია (ალეიჰისსელამ). მის ირგვლივ კი ენსარები და მუჰაჯირები არიან, რომლებიც შეჰიდობის სიყვარულით იწვიან!…“ როცა მათ გვერდით ჩაიარა, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჰაზრეთი ებუ სუფიანს უთხრა: „დღეს ის დღეა, როცა უზენაესი ალლაჰი ქააბის დიდებას აამაღლებს. დღეს ის დღეა, როცა ბეითულლაჰს საფარველი გადაეფარება! დღეს წყალობის დღეა… დღეს ის დღეა, როცა უზენაესი ალლაჰი ყურაიშელებს (ისლამით) ღირსეულს გახდის.“

ჰაზრეთი ებუ სუფიანმა ნახა, რაც უნდა ენახა, და მოისმინა, რაც უნდა მოესმინა. თქვა: „მინახავს ბიზანტიის იმპერატორის (კაისერის) და ირანის ხელმწიფის (ქისრას) სამეფოებიც. მაგრამ ამგვარი დიდებულება არ მინახავს. ისეთ ლაშქარსა და ერთობას, როგორიც დღეს ვიხილე, არასოდეს შევხვედრილვარ. ასეთ ლაშქარს ვერავინ დაუდგება წინ. მის წინააღმდეგ არავის შესწევს ძალა“, – და მექქის გზას დაადგა…

„ვინც ებუ სუფიანის სახლში შევა და თავს შეაფარებს, მას ამანი ეძლევა, სიკვდილს გადაურჩება… ვინც მესჯიდი ჰარამში შევა და თავს შეაფარებს, მას ამანი ეძლევა! ვინც კარს ჩაიკეტავს და თავის სახლში დაჯდება, მას ამანი ეძლევა“ ჰადისი შერიფი

ებუ სუფიანი მექქაში მივიდა და კერპთაყვანისმცემლებს, რომლებიც მას მოუთმენლად ელოდნენ, განუცხადა, რომ მუსლიმი გახდა. შემდეგ თქვა: „ყურაიშის ხალხო! მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) ისეთი დიდი ლაშქრით მოგადგათ კარზე, რომ ვერ გაუძლებთ. ტყუილად ნუ იტყუებთ თავს. მუსლიმები გახდით, რომ გადარჩეთ. მე ვნახე ის, რაც თქვენ არ გინახავთ. ვნახე უთვალავი ვაჟკაცი, ცხენი და იარაღი. მათ წინააღმდეგ არავის შესწევს ძალა. ვინც ებუ სუფიანის სახლში შევა, მას ამანი ეძლევა, სიკვდილს გადაურჩება. ვინც ბეითულლაჰს შეაფარებს თავს, მას ამანი ეძლევა. ვინც თავის სახლში შევა და კარს ჩაიკეტავს, მასაც ამანი ეძლევა.“9

ამის შემდეგ კერპთაყვანისმცემელთა შორის ყველაზე გაშმაგებულებმა ჰაზრეთი ებუ სუფიანს წინააღმდეგობა გაუწიეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. უფრო მეტიც, ისლამის ლაშქრის წინააღმდეგ გასასვლელად ნაჩქარევად დაიწყეს მზადება. თუმცა ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ. დანარჩენებმა მათ ყურადღება არ მიაქციეს და თავიანთი სახლებისკენ გაიქცნენ. ზოგიერთებმა კი მესჯიდი ჰარამს შეაფარეს თავი.

სამყაროს ბატონი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) და სახელოვანი საჰაბეები (რადიალლაჰუ ანჰუმ) ზი ტუვას ხეობაში მივიდნენ და შეიკრიბნენ. როცა სამყაროთა ბატონმა თავისი დალოცვილი თვალებით საჰაბეებს გადახედა, გაახსენდა, როგორ დატოვა რვა წლის წინ მექქა და როგორ აღასრულა ჰიჯრეთი. გაახსენდა, როგორ შემოარტყეს მაშინ კერპთაყვანისმცემლებმა მის ბედნიერ სახლს ალყა, როგორ გამოვიდა სურა იასინის წმინდა აიათების კითხვით, როგორ შევიდნენ ის და ჰაზრეთი ებუ ბექირი სევრის მღვიმეში ისე, რომ ვერავინ დაინახა, და როგორ გადახედა მექქას უკანასკნელად, ვიდრე მის საზღვრებს დატოვებდა, და ბრძანა:

„(მექქავ!) ალლაჰს ვფიცავ, ვიცი, რომ შენ ხარ საუკეთესო ყველა იმ ადგილს შორის, რაც უზენაესმა ალლაჰმა გააჩინა. ყველაზე საყვარელი ხარ როგორც ჩემი უფლისთვის, ისე ჩემთვის. შენგან ძალით გაძევებული რომ არ ვყოფილიყავი, არ დაგტოვებდი და არ განგშორდებოდი.“ ისიც გაახსენდა, როგორ წაუკითხა ამ მწუხარებაში ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) სურა ყასასის ოთხმოცდამეხუთე წმინდა აიათი, როგორ ანუგეშა მისი დალოცვილი გული და ახარა, რომ მექქეი მუქერრემეში დაბრუნდებოდა, და როგორ სძლია მტრებს საჰაბეთა ერთი მუჭა რაზმით ბედრთან, უჰუდთან, ჰენდექთან, ჰეიბერსა და მუთეში. ახლა მის ირგვლივ, სანთლის ირგვლივ პეპლებივით, თორმეტი ათასი საჰაბე ტრიალებდა და მექქაში შესასვლელად მხოლოდ მის ბრძანებას ელოდნენ. სამყაროს ბატონმა, მადლიერების უღრმესი გრძნობით აღვსილმა, ქება-დიდება შესწირა უზენაეს ალლაჰს, რომელმაც მას ეს ყველაფერი უწყალობა. მორჩილებით დახარა თავისი დალოცვილი თავი. სამყაროს სიამაყემ თავისი გმირი საჰაბეები ოთხ ჯგუფად გაყო. მარჯვენა ფრთის სარდლად ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდი დანიშნა, მარცხენა ფრთის სარდლად – ჰაზრეთი ზუბეირ ბინ ავვამი, ქვეითების სათავეში – ჰაზრეთი ებუ უბეიდე ბინ ჯერრაჰი, დანარჩენ ჯგუფს კი ჰაზრეთი სა’დ ბინ უბადე ჩაუყენა სათავეში. ჰაზრეთი ჰალიდი მექქაში სამხრეთიდან უნდა შესულიყო, კერპთაყვანისმცემელთაგან ყველა, ვინც წინ აღუდგებოდა, დაესაჯა და საფას ბორცვზე სამყაროს სიამაყეს შეერთებოდა. ჰაზრეთი ზუბეირი მექქაში ჩრდილოეთიდან უნდა შესულიყო, თავისი დროშა ჰაჯუნად წოდებულ ადგილას აღემართა და იქ სამყაროს ბატონს დალოდებოდა. დასავლეთიდან ჰაზრეთი სა’დ ბინ უბადე უნდა დაძრულიყო.10

„დღეს ის დღეა, როცა უზენაესი ალლაჰი ქააბის დიდებას აამაღლებს. დღეს ის დღეა, როცა ბეითულლაჰს საფარველი გადაეფარება! დღეს წყალობის დღეა… დღეს ის დღეა, როცა უზენაესი ალლაჰი ყურაიშელებს (ისლამით) ღირსეულს გახდის“ ჰადისი შერიფი

უკეთილშობილესმა შუამავალმა თავის სარდლებს უთხრა: „სანამ თავს არ დაგესხმიან, არავითარ შემთხვევაში არავისთან შეტაკებაში არ შეხვიდეთ. არავინ მოკლათ.“ თუმცა დასახელებულთაგან ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ, თავი უნდა მოეკვეთათ, თუნდაც ქააბის საფარველქვეშ დამალულიყო.11

მოვიდა ჭეშმარიტება და მოიშთო სიცრუე

იქრიმე ბინ ები ჯეჰლმა, საფვან ბინ უმეიიემ და სუჰეილ ბინ ამრმა ბენი ბექრისა და ბენი ჰარისის ზოგიერთ კაცთან ერთად, როცა გაიგეს, რომ ჰალიდ ბინ ველიდი მოდიოდა, გზის შესასვლელი დაიკავეს და ლოდინი დაიწყეს. მუჯაჰიდთაგან პირველი ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდი დაიძრა. როცა მექქის სამხრეთით, ჰანდემეს მთის ძირას მიაღწიეს, დაინახა, რომ გაშმაგებული ყურაიშელი კერპთაყვანისმცემლები მათ ისრებს აყრიდნენ. ორი მუჯაჰიდი შეჰიდად დაეცა: ერთი ქურზ ბინ ჯაბირი იყო, მეორე – ჰაბეშ ბინ ეშ’არი. ჰაზრეთი ჰალიდმა საბრძოლო წყობაში მდგარ მეომრებს უბრძანა: „მხოლოდ დამარცხებულები და გაქცეულები არ მოკლათ“, – და წინ გაიჭრნენ. ერთ წამში კერპთაყვანისმცემლები უკუაგდეს და მესჯიდი ჰარამამდე მიაღწიეს. შეტაკებისას სამოცდაათი კერპთაყვანისმცემელი მოკლეს.12 კერპთაყვანისმცემელთა ნაწილი მთის მწვერვალებზე გაიქცა, ნაწილი კი – თავიანთ სახლებში.

მექქეი მუქერრემეს აღება

სახელოვანი საჰაბეები, რომლებიც წმინდა მექქაში სხვა მხრიდან შევიდნენ, არანაირ წინააღმდეგობას არ წააწყდნენ. იმათგან, ვისი მოკვლაც ნაბრძანები იყო, ხუთი შეიპყრეს და მაშინვე დასაჯეს. დანარჩენები მექქიდან გაიქცნენ. რამაზნის მეოცე დღეს, ხუთშაბათს, მუჯაჰიდები დიდი აღფრთოვანებით, ტალღა-ტალღა, „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“ თექბირების ხმაში შედიოდნენ მექქაში. სამყაროს ბატონი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავისი აქლემის, ყუსვას ზურგზე, უსამე ბინ ზეიდი უკან რომ ეჯდა, დიდი მორჩილებით შედიოდა იმ ქალაქში, სადაც დაიბადა, – წმინდა მექქაში. ქება-დიდებას სწირავდა უზენაეს ალლაჰს, რომელმაც ეს დღეები აღირსა, და კითხულობდა სურა ფეთჰს, რომელმაც მექქის აღება ახარა.

სამყაროს სიამაყე დიდი სიხარულით, თავის გამარჯვებულ საჰაბეებს შორის, ქააბეი მუაზზამასკენ გაემართა. მარჯვნივ ჰაზრეთი ებუ ბექირით, მარცხნივ კი ჰაზრეთი უსეიდ ბინ ჰუდაირით, ქააბეი მუაზზამას მიუახლოვდა. ჰაჯერულ-ესვედს (შავ ქვას) რომ მიესალმა, თელბიიე და თექბირი წარმოთქვა. საჰაბეებმა მას მიჰბაძეს და მექქეი მუქერრემეს ცა „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“ შეძახილებით აგუგუნდა. ამ ამაღლებული სანახაობის წინაშე მუსლიმები სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ, ჰარემი შერიფს შეფარებული და სახლებში ჩაკეტილი კერპთაყვანისმცემლები კი შიშით ელოდნენ.

შემდეგ სამყაროთა ბატონმა და მისმა სახელოვანმა საჰაბეებმა თავაფი დაიწყეს. როცა თავაფის მეშვიდე წრეც დაასრულა, ჩვენი საყვარელი შუამავალი აქლემიდან ჩამოვიდა და მაყამი იბრაჰიმთან ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულა. შემდეგ ზემზემის წყალი დალია, რომელიც ჰაზრეთი აბბასმა ჭიდან ამოიღო. ზემზემის წყლით აბდესის აღება ინება. როცა სამყაროს სიამაყე აბდესს იღებდა, საჰაბეებმა ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილ სხეულს შეხებული აბდესის წყლის ჰაერშივე დაჭერა დაიწყეს და მიწაზე დაცემის საშუალებას არ აძლევდნენ. ეს რომ დაინახეს, კერპთაყვანისმცემლები გაოცდნენ და თქვეს: „ასეთი ხელმწიფე ჩვენს სიცოცხლეში არც გვინახავს და არც გაგვიგონია.“ სამყაროს ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ინება, რომ ქააბის ირგვლივ ქვისა და ხისგან გაკეთებული ყველა კერპი დაენგრიათ. წაიკითხა წმინდა აიათი, რომლის შინაარსია: „მოვიდა ჭეშმარიტება და მოიშთო სიცრუე. სიცრუე ხომ მუდამ წარმავალია!“13, და დალოცვილ ხელში დაჭერილი კვერთხი კერპებისკენ გაიშვირა. ყოველი კერპი, რომელსაც კვერთხი შეეხებოდა, ერთიმეორის მიყოლებით პირქვე ემხობოდა. სამას სამოცი კერპი მიწასთან გაასწორეს.14 როცა შუადღე დადგა, უკეთილშობილესმა შუამავალმა ჰაზრეთი ბილალს უბრძანა, ქააბაზე ეზანი მუჰამმედი წარმოეთქვა. მან მაშინვე აღასრულა ეს წმინდა მოვალეობა. როცა ეზანი ისმოდა, მორწმუნეთა გულებში უსაზღვრო სიხარული იბადებოდა, კერპთაყვანისმცემლები კი დიდი ტკივილითა და მწუხარებით იტანჯებოდნენ.15

ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ქააბის გასაღები მოითხოვა. მოუტანეს. შიგნით არსებული გამოსახულებები და ყველა დამხობილი კერპი რომ გაატანინა, ქააბაში შევიდა.

მასთან ერთად იყვნენ ჰაზრეთი უსამე ბინ ზეიდი, ჰაზრეთი ბილალი და ჰაზრეთი ოსმან ბინ ტალჰა. შიგნით შუამავალმა, კარისკენ ზურგით მდგომმა, ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულა. ყოველ კუთხეში თექბირი წარმოთქვა და ვედრება აღავლინა. ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდი კარის წინ იდგა და ცდილობდა, ხალხი იქ არ შეგროვებულიყო.

„მოვიდა ჭეშმარიტება და მოიშთო სიცრუე. სიცრუე ხომ მუდამ წარმავალია!“ ისრა: 81

სამყაროს სულთანს ორივე დალოცვილი ხელით ქააბის კარის ორივე ფრთა ეჭირა. მესჯიდი ჰარამი ყურაიშელებით აივსო და ჩვენს საყვარელ შუამავალს იმედნარევი შიშით შესცქეროდნენ. ისინი ხომ შუამავალს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ცემას უპირებდნენ და მის სიცოცხლეს ხელყოფდნენ!… მის საჰაბეებს ყოველგვარ წამებას უწყობდნენ. კისერზე თოკს აბამდნენ და ათრევდნენ. ცეცხლში ყრიდნენ და დაწვას ცდილობდნენ. მკერდზე გავარვარებულ ლოდებს ადებდნენ და გონების დაკარგვამდე აწამებდნენ. ცეცხლში გახურებულ შამფურებს სხეულში ურჭობდნენ. სამი წლის განმავლობაში ერთ უბანში ჰყავდათ გამოკეტილი მშივრები და მწყურვლები და ყველაფერს მოკლებულები. ფეხებით აქლემებზე აბამდნენ, აქლემებს სხვადასხვა მხარეს მიერეკებოდნენ და ასე ნაკუწებად აქცევდნენ. ყველაფერთან ერთად, სამშობლოდან გააძევეს. თითქოს ესეც არ კმაროდა, რამდენჯერ გაილაშქრეს მათ წინააღმდეგ, რომ სულ მოესპოთ. მიუხედავად ამისა, იმედი ჰქონდათ, რადგან მათ წინ იდგა წყალობის ზღვა, სამყაროთა მოწყალებად მოვლენილი. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ცოტა ხანს რომ შეხედა მათ, ბრძანა: „ყურაიშის ხალხო! რას ფიქრობთ, ახლა რას გიზამთ?“ მათ თქვეს: „შენგან სიკეთეს ველით, სიკეთის იმედი გვაქვს, რადგან შენ კეთილშობილი ძმა ხარ. ჩვენი კეთილშობილი და კეთილი ძმის შვილი ხარ. გვძლიე. შენი სიკეთის იმედი გვაქვს.“ უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მათ გაუღიმა და ბრძანა: „ჩემი და თქვენი საქმე ისე იქნება, როგორც იუსუფმა (ალეიჰისსელამ) უთხრა თავის ძმებს. მეც მისი მსგავსად ვამბობ: ‚დღეს ჩადენილის გამო აღარ გკიცხავთ (თქვენს შეცდომებს პირში აღარ მოგახლით). დაე, უზენაესმა ალლაჰმა შეგინდოთ.‘16 წადით. თავისუფლები ხართ, არავინ გაკავებთ.“

ამ დიდებულმა წყალობამ გაქვავებული გულები მოალბო და სიძულვილი სიყვარულად აქცია. როცა სამყაროთა ბატონმა ისინი ისლამისკენ მოუწოდა, მუსლიმობის მისაღებად შეიკრიბნენ.

ჩვენი საყვარელი შუამავალი საფას ბორცვზე ავიდა, სადაც ყურაიშელებს პირველად აუწყა თავისი შუამავლობა და ისლამისკენ მოუწოდა. იქ კვლავ მიიღო ყველა მექქელის – დიდისა თუ პატარის, ქალისა თუ კაცის – ბიათი (ერთგულების ფიცი). ასე ყურაიშელებმა, მუსლიმები რომ გახდნენ, საჰაბეთა რიგებში ჩადგომის პატივი მიიღეს. კაცებთან შეთანხმების შემდეგ ქალებისგანაც აიღო სიტყვა ზოგიერთ საკითხზე.17 მათ შორის იყო: უზენაეს ალლაჰს თანაზიარი არ დაუდგინონ, შუამავალს არ აუჯანყდნენ, არ იქურდონ, თავიანთი ღირსება და სიწმინდე დაიცვან, ბუჰთანი (ცილისწამება) არ გაავრცელონ და გოგონები არ მოკლან. ქალებმა, რომლებიც შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წინაშე იმყოფებოდნენ, ეს ყველაფერი მიიღეს და მხოლოდ სიტყვით დადეს აღთქმა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მათთვის სიკეთის ვედრება აღავლინა და პატიება ითხოვა.

მათ შორის იყო ჰინდიც (რადიალლაჰუ ანჰა), ებუ სუფიანის მეუღლე და მუ’ავიიეს (რადიალლაჰუ ანჰუმა) დედა; უფრო მეტიც, ის მათი წინამძღოლი იყო. ქალთა ამ ბიათისას ქალების სახელით ის ლაპარაკობდა. (ამ აღთქმისა და პატიების ამ ვედრების წყალობით ძალიან დიდი იმედია, რომ ხსნა მოიპოვა. და ყოველი მუსლიმი ქალი, რომელიც ამ პირობებს მიიღებს და დაიცავს, ამ შეთანხმებაში შემავალად ითვლება და ამ ვედრებით სარგებლობს.) ყველამ, ვინც მუსლიმი გახდა, თავის სახლში ყველა კერპი დაამსხვრია. ირგვლივ მცხოვრებ ტომებთან სამხედრო რაზმები გაიგზავნა და იქაური კერპებიც მიწასთან გაასწორეს. ასე, ჭეშმარიტების მოსვლით, სიცრუე ფესვიანად ამოიძირკვა.

მსჯავრდებულები

ისლამის პირველი დღეებიდან ჰიჯრეთის მერვე წლამდე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა დანაშაულისთვის სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მათი სახელები (თერთმეტი კაცისა და ექვსი ქალისა) დაასახელა და ბრძანა: „ეს ადამიანები სადაც ნახოთ, იქვე მოკალით.“ მსჯავრდებული კაცები იყვნენ: იქრიმე ბინ ები ჯეჰლი, ვაჰში ბინ ჰარბ ჰაბეში, აბდულლაჰ ბინ ები სარჰი, ჰებარ ბინ ესვედი, საფვან ბინ უმეიიე, ქა’ბ ბინ ზუჰეირი, აბდულლაჰ ბინ ზებარი, აბდულუზზა ბინ ჰატალი, ჰუვეირის ბინ მუ’აზი, მაყის ბინ საბაბე და ჰარის ბინ თულა. ქალები კი იყვნენ: ჰინდ ბინთი უთბე, ყარითა, ყარითე, იბნი ჰანზალას კიდევ ერთი მხევალი, ბენი აბდულმუტტალიბის მხევალი სარე და უმმუ სა’დი.

ვინც წყალობას ეღირსა

ჰინდ ბინთი უთბე: მუსლიმად მოქცეულ ქალებს შორის იყო ჰაზრეთი ებუ სუფიანის მეუღლე ჰინდიც, რომლის სახელიც მოსაკლავთა სიაში ეწერა. მაგრამ სამყაროთა მოწყალებამ, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, მასაც აპატია. ის მუსლიმებს მუდმივად აწუხებდა და ტანჯავდა. ჰაზრეთი ჰამზასა და უჰუდის სხვა შეჰიდების დასახიჩრება მისი წაქეზებით მოხდა. მექქის აღების დღეს სამყაროს სიამაყე (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) საფას ბორცვზე ავიდა და დაჯდა. ჰაზრეთი ომერულ-ფარუყი მისგან ცოტა ქვემოთ დაჯდა. ჯერ კაცები, შემდეგ კი ქალები მოდიოდნენ და ერთიმეორის მიყოლებით ხდებოდნენ მუსლიმები. ქალებს შორის იყვნენ ჰაზრეთი ალის და, უმმუ ჰანი, და ჰაზრეთი მუ’ავიიეს დედა, ჰინდი. მან ალლაჰის შუამავალს ბიათი მისცა. ქალების სახელით ალლაჰის შუამავალთან შეთანხმება დადო. სიკეთის ვედრებას ეღირსა.

იქრიმე ბინ ები ჯეჰლი: ებუ ჯეჰლის ვაჟი იყო. ისიც იმ კაცებს შორის იყო, ვინც წყალობას ეღირსა. მექქის აღების დღეს ერთი საჰაბე შეჰიდად აქცია და იემენში გაიქცა. როცა ეს ამბავი ალლაჰის შუამავალს მიუვიდა, გაიღიმა. როცა საჰაბეებმა მიზეზი ჰკითხეს, ბრძანა: „იქრიმე და ის, ვინც მან შეჰიდად აქცია, ხელიხელჩაკიდებულნი სეირნობენ სამოთხეში.“ მისმა მეუღლემ, უმმუ ჰაქიმ ბინთი ჰარის ბინ ჰიშამმა, ქალთა ბიათისას ისლამი მიიღო და ალლაჰის შუამავალს იქრიმესთვის ამანი (უსაფრთხოება) სთხოვა. იქრიმე უმმუ ჰაქიმთან ერთად მექქაში დაბრუნდა, ალლაჰის შუამავალთან მივიდა და პატიება ითხოვა. ალლაჰის შუამავალმაც ხელები აღაპყრო და მისთვის პატიება ითხოვა. იქრიმემ (რადიალლაჰუ ანჰ) რწმენის მიღების შემდეგ დიდი ძალისხმევა და გულმოდგინება გამოიჩინა. საჰაბეთა გმირებს შორის აღმოჩნდა. ომანსა და იემენში ჯიჰადი აწარმოა და იერმუქის ბრძოლაში შეჰიდად დაეცა.

ვაჰში ბინ ჰარბ ჰაბეში: უჰუდის ბრძოლაში ჰაზრეთი ჰამზა (რადიალლაჰუ ანჰ) შეჰიდად აქცია. მუსლიმებს ძალიან სურდათ მისი მოკვლა. უჰუდში ალლაჰის შუამავალმა რამდენიმე ურწმუნო დაწყევლა. როცა ჰკითხეს: „ვაჰშის რატომ არ სწყევლი?“, ბრძანა: „მი’რაჯის ღამეს ვიხილე, როგორ შედიოდნენ ჰამზა და ვაჰში ხელიხელჩაკიდებულნი ერთად სამოთხეში.“ მექქის აღების დღეს ვაჰში გაიქცა. როცა ინანა, ტაიფელებთან ერთად მედინაში, მეჩეთში მივიდა და სალამი მისცა. ალლაჰის შუამავალმა სალამი დაუბრუნა. ირწმუნა და პატიება მოიპოვა. მაგრამ უბრძანეს, რომ იემამეს მხარეში წასულიყო. ალლაჰის შუამავლის წინაშე ძალიან რცხვენოდა და თავდახრილი ცხოვრობდა. მედინაში აღარასოდეს მისულა. როცა ირწმუნა, სრულიად განიწმინდა. ყველა ევლიაზე აღმატებული გახდა.

„ჩემი და თქვენი საქმე ისე იქნება, როგორც იუსუფმა (ალეიჰისსელამ) უთხრა თავის ძმებს. მეც მისი მსგავსად ვამბობ: ‚დღეს ჩადენილის გამო აღარ გკიცხავთ (თქვენს შეცდომებს პირში აღარ მოგახლით). დაე, უზენაესმა ალლაჰმა შეგინდოთ‘ (სურა იუსუფ: 92). წადით. თავისუფლები ხართ, არავინ გაკავებთ“ ჰადისი შერიფი

ჰიჯრეთის მეთერთმეტე წელს იემამეში მურთედებთან (რჯულიდან განდგომილებთან) ძალიან სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მუსეილემეს ლაშქრიდან ოცი ათასი კაცი დაიღუპა, ჰალიდ ბინ ველიდის ლაშქრიდან კი – ორი ათასი. თავდაპირველად მუსლიმებმა უკან დახევა დაიწყეს. მაშინ ჰაზრეთი ვაჰშიმ გმირულად შეუტია და იმ შუბით, რომლითაც ჰაზრეთი ჰამზა შეჰიდად აქცია, მუსეილემეთულ-ქეზზაბი მოკლა.18 ეს რომ დაინახეს, მუსლიმები იერიშზე გადავიდნენ და გამარჯვება მოიპოვეს. ასე გამოჩნდა, რომ ალლაჰის შუამავლის მიერ ოდესღაც ვაჰშის იემამეს მხარეში გაგზავნა დიდი სასწაული იყო. ჰიჯრეთის მეთორმეტე წელს გამართულ იერმუქის ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა და ბიზანტიელების წინააღმდეგ დიდი გმირობა გამოიჩინა. ჰუმუსში დასახლდა და იქ გარდაიცვალა ჰაზრეთი ოსმანის დროს.

დამნაშავეთა ბოდიშს იღებდა, ლმობიერად პატიობდა,
ზნე-მაღალი, თანამგრძნობი, მოწყალე იყო ის სიკეთის წყარო.
სიმდიდრე არ უყვარდა, სიღარიბე უყვარდა და მით ამაყობდა,
გლახაკებს ძმებად იხდიდა ის სიკეთის წყარო.
დახეულ სამოსს თავად კემსავდა, სანდლებსაც იცვამდა,
ყოველ სნეულს მიაკითხავდა, წამალს აძლევდა ის სიკეთის წყარო.
ეჰლი ბეითის საქმეს თავად ასრულებდა სიამოვნებით,
ყოველ სიძნელეს აადვილებდა ის სიკეთის წყარო.
ქერის პურსა და ოსპის წვნიანზეც რომ დაეპატიჟებინათ,
პატიჟს იღებდა და სტუმრად მიდიოდა ის სიკეთის წყარო.
ხან აქლემზე, ხან ცხენზე, ხან ჯორზე, ხან ვირზე ჯდებოდა,
ზოგჯერ ფეხშიშველიც დადიოდა ის სულთანი, ის სიკეთის წყარო.