საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

ჰუნეინის ბრძოლა

ჰუნეინი მექქასა და ტაიფს შორის მდებარე ხეობაა. ამ ბრძოლას „ჰევაზინის ღაზვასაც“ უწოდებენ. როცა სამყაროს ბატონი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მექქის აღების განზრახვით მედინიდან გამოვიდა, მექქის მიდამოებში მცხოვრებმა ორმა დიდმა ტომმა, ჰევაზინმა და საყიფმა, იფიქრეს, მუსლიმები ჩვენზე ილაშქრებენო, და საბრძოლველად მზადება დაიწყეს. როცა შეიტყვეს, რომ სამყაროთა ბატონი მექქის ასაღებად მოვიდა, ცოტა შვებით ამოისუნთქეს, მაგრამ იფიქრეს: „ყურაიშელების შემდეგ რიგი უეჭველად ჩვენზე მიდგება“, – და მზადება დააჩქარეს. გარდა ამისა, თქვეს: „ვფიცავთ, მუსლიმებს ჯერ კარგად მებრძოლი ხალხი არ შეხვედრიათ. სანამ ის ჩვენზე გამოილაშქრებს, ჩვენ გავილაშქროთ მასზე და ვაჩვენოთ, როგორ იბრძვიან!“ ჰევაზინის ბელადის, მალიქ ბინ ავფის სარდლობით, ძალიან ძლიერი ოცათასიანი ლაშქრით დაიძრნენ. თავიანთი მეომრების გასამხნევებლად და რომ გაჭირვებისას არ გაქცეულიყვნენ, მთელი ძვირფასი ქონება, ცოლები და შვილები თან წაიყვანეს.

ეს ამბავი მალე გავრცელდა მექქაში. სამყაროს სიამაყემ ამბის სისწორის შესამოწმებლად აბდულლაჰ ბინ ები ჰადრედი ჰევაზინის ტომთან გაგზავნა. ჰაზრეთი აბდულლაჰი შენიღბული შეერია მტრებს. მათი განზრახვა და მოქმედების გეგმა შეიტყო და ვითარება მაშინვე აცნობა ჩვენს საყვარელ შუამავალს.

უკეთილშობილესმა შუამავალმა მაშინვე შეკრიბა თავისი სახელოვანი საჰაბეები. მექქის გამგებლად ოცი წლის ჰაზრეთი ათთაბ ბინ ესიდი დანიშნა და სასწრაფოდ გაემართა. თავისი თორმეტათასიანი ლაშქრით სურდა, კერპთაყვანისმცემელ ჰევაზინისა და საყიფის ტომებს მოულოდნელად დასცემოდა მათსავე ბანაკში. მუჯაჰიდების დროშა ჰაზრეთი ალის ეპყრა1, მოწინავე რაზმს კი ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდი სარდლობდა.2 სამყაროთა ბატონმა მუზარადი დაიხურა, ორი ჯავშანი ერთმანეთზე ჩაიცვა და თავის ჯორზე, სახელად დულდულზე, ამხედრდა. შევვალის თვის მეთერთმეტე დღეს ჰუნეინის ხეობას მიაღწიეს. იმ ღამეს სამყაროს ბატონმა თავისი ლაშქარი დაათვალიერა და საბრძოლო წყობაში დააყენა. დილის ნამაზი რომ იმამად შეასრულა, წინ დაიძრა.

კერპთაყვანისმცემელთა სარდალმა ღამით ისარგებლა, თავისი ლაშქარი ჰუნეინის ხეობის ორივე ფერდობზე განალაგა და ჩასაფრება მოაწყო. ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდმა, რომელიც თავისი რაზმებით წინ მიდიოდა, ჩასაფრების შესახებ არაფერი იცოდა და ცხენი ვიწრობისკენ გააჭენა. განთიადის ბინდბუნდი მტრის დანახვის საშუალებას არ იძლეოდა. უცებ მუჯაჰიდებს ათასობით ისარი დაეშვა თავს. ამ მოულოდნელი ისრების წვიმისგან თავის დასაღწევად მუჯაჰიდები იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ.

„ინშააალლაჰ, ხვალ ისინი (ჰევაზინელები და საყიფელები) მუსლიმების ნადავლი იქნებიან“ ჰადისი შერიფი

ჰუნეინის ბრძოლა

იმ წამს, როცა ევლიაები და შუამავლები გაოგნებულნი დარჩებიან,
როცა ყველა შიშით შეჰღაღადებს: „ჩემი სული, ჩემი სული!“,
როცა ცოდვილები სასოწარკვეთილნი სავალალო დღეში ჩავარდებიან,
შეფაათის ნებართვით კვლავ შენი იქნება ასპარეზი.
შენ ხარ აჰმედი, მაჰმუდი და მუჰამმედი, ჩემო ბატონო,
შენ ხარ ჩვენი სულთანი, ალლაჰის შეწევნით ძლიერი, ჩემო ბატონო.
შეიხ ღალიბი

ამ სწრაფმა უკუსვლამ უკნიდან მომავალი მეომრების წყობა აურია. როცა ისინიც უკან დასახევად შემობრუნდნენ, დაინახეს, როგორ დაიწყეს მტრის ოცათასიანმა რაზმებმა ხეობაში ღვარივით შემოდინება. ჩვენი საყვარელი შუამავალი მარტოდმარტო გაიჭრა წინ იერიშზე გადმოსული კერპთაყვანისმცემლებისკენ. მხოლოდ ჰაზრეთი აბბასი, ჰაზრეთი ებუ ბექირი და ასამდე გმირი საჰაბე, რომლებმაც სიკვდილი თვალწინ დაიყენეს, მიეწივნენ უკეთილშობილეს შუამავალს. თავიანთი სხეულები ჩვენი საყვარელი შუამავლის ფარად აქციეს. ჰაზრეთი აბბასს ჯორის აღვირი ეჭირა, ჰაზრეთი სუფიან ბინ ჰარისს კი – უზანგი; ცდილობდნენ, ჯორის სვლა შეენელებინათ და არ დაეშვათ, რომ ალლაჰის შუამავალი მტრის რაზმებში შეჭრილიყო. სამყაროთა ბატონმა, რომელიც წუხდა იმის ფიქრით, რომ უზენაესი ალლაჰის რჯული შეიძლება მოსპობილიყო, ბრძანა: „აბბას! დაუძახე მათ: ‚მედინელებო! სემურეს ხის ქვეშ ბიათის დამდებო საჰაბეებო!‘“

ჰაზრეთი აბბასი ტანადი და დიდებული კაცი იყო. ყვირილისას მისი ხმა ძალიან შორს ისმოდა. მთელი ძალით შესძახა: „მედინელებო! სემურეს ხის ქვეშ ჩვენი შუამავლისთვის სიტყვის მიმცემო საჰაბეებო, ნუ იფანტებით! აქ შეიკრიბეთ!“ ეს რომ გაიგონეს, საჰაბეებს დაბრუნება მოუნდათ. მაგრამ მათი ცხოველები ძალიან დაფრთხნენ და ეს მობრუნებაში ხელს უშლიდათ. ბოლოს იძულებულნი გახდნენ, ჯავშანი, ხმალი და შუბი აეღოთ და ცხოველებიდან ჩამოხტომოდნენ. სწრაფად მიეწივნენ ალლაჰის შუამავალს და მტერს საშინელ ბრძოლაში შეებნენ. „ალლაჰუ ექბერ! ალლაჰუ ექბერ!“ შეძახილები მიწასა და ცას აზანზარებდა, მტერს აშინებდა და შიშის ზარს სცემდა. საჰაბეები, რომლებმაც ბედრში, უჰუდში, ჰენდექსა და ჰეიბერში დიდი გმირობა გამოიჩინეს, განსაკუთრებით კი ჰაზრეთი ალი, ებუ დუჯანე და ზუბეირ ბინ ავვამი, ისევ და ისევ უტევდნენ, მტრის რიგებს არღვევდნენ და უკუაგდებდნენ.

სამყაროთა ბატონი თვალს ადევნებდა ამ ბრძოლას, რომელსაც მისი საჰაბეები მთელი გულითა და სულით ეწეოდნენ, და მისი დალოცვილი ბაგეებიდან ისმოდა ვედრება: „ჩემო ალლაჰო, შენი შეწევნა მოგვივლინე. შენ ხომ არ ინებებ, რომ მათ დაგვამარცხონ.“ უზენაესი ალლაჰისადმი ვედრებისას ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მიწიდან ერთი მუჭა ქვიშა აიღო და სიტყვებით: „დაე, გაუშავდეთ სახეები!“ კერპთაყვანისმცემლებს შეაყარა. ჩვენი საყვარელი შუამავლის სასწაულით, მტრის მეომრებიდან აღარავინ დარჩა, ვისაც თვალები ქვიშით არ აევსო. დასახმარებლად ანგელოზებიც მოვიდნენ. შუამავალმა ბრძანა: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, ისინი დამარცხდნენ.“ კერპთაყვანისმცემლებმა დაიწყეს არევა, უკან მობრუნება და გაქცევა. როცა კი უკან მოიხედავდნენ, თავიანთ კვალზე სახელოვან საჰაბეებს ხედავდნენ და ბრძოლის ველზე მოყვანილ ცოლებს, შვილებსა და ქონებას ტოვებდნენ და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გარბოდნენ. გაქცეულთა ნაწილმა ტაიფის ციხე-სიმაგრეს შეაფარა თავი.3 ნაწილი კი ნაჰლესა და ევტასში წავიდა. ბრძოლის ველზე სამოცდაათი მკვდარი, ექვსი ათასი ტყვე და უთვალავი ქონება დატოვეს.

ამ ღაზვაში უზენაესი ალლაჰის ნებით, ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჰიმმეთითა (ძალისხმევით) და ბარაქით გამარჯვება კვლავ მუსლიმებს ერგოთ. ოთხი მუსლიმი შეჰიდად დაეცა და ზოგიერთი საჰაბე დაიჭრა. როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა გაიგო, რომ ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდიც დაჭრილი იყო, მასთან მივიდა, და როგორც კი დალოცვილი ხელები ჭრილობაზე გადაუსვა, ჭრილობა იმავე წამს მოურჩა.

ევტასის სერიიე

როცა ჰევაზინელი კერპთაყვანისმცემლები ჰუნეინის ღაზვაში განადგურდნენ, ევტასში შეიკრიბნენ. ალლაჰის შუამავალმა ევტასში ერთი რაზმი გაგზავნა ებუ მუსა ეშ’არის ბიძის, ებუ ამირის სარდლობით. ევტასში კვლავ სასტიკი შეტაკებები მოხდა. ებუ ამირი შეჰიდად დაეცა. მის ადგილას ჰაზრეთი ებუ მუსა ეშ’არი ჩადგა და მტერი დაამარცხა.4 მუჯაჰიდები მრავალი ტყვითა და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ.

„აბბას! დაუძახე მათ: ‚მედინელებო! სემურეს ხის ქვეშ ბიათის დამდებო საჰაბეებო!‘“ ჰადისი შერიფი

ტყვეებს შორის იყო ალლაჰის შუამავლის ძუძუმტე და, შეიმაც. თქვა: „მე თქვენი შუამავლის ძუძუმტე და ვარ.“ არ დაუჯერეს. აქლემზე შესვეს და ალლაჰის შუამავალთან მიიყვანეს. შეიმამ ბავშვობის დღეებთან დაკავშირებული ბევრი მოგონება დაწვრილებით უამბო. შუამავალმა (ალეიჰისსელამ) თავისი მოსასხამი (რიდა) მიწაზე გაშალა და ზედ თავისი ძუძუმტე და დასვა. თვითონაც დაჯდა და ძალიან იტირა.5 ჰალიმე ჰათუნისა და შეიმას მამის ამბავი იკითხა. მან თქვა: „დიდი ხანია, რაც გარდაიცვალნენ.“ იმ პატივისა და ყურადღების გამო, რაც იხილა, ირწმუნა.6 შუამავალმა (ალეიჰისსელამ) ბრძანა: „თუ გინდა, ჩვენთან დარჩი.7 აქ ყოველგვარ ყურადღებას მიიღებ. თუ გინდა კი, იქ გაგგზავნით, სადაც ისურვებ.“ ჰადისი შერიფის თანახმად, „სამშობლოს სიყვარული რწმენის ნაწილია“, შეიმამ თავის მშობლიურ მხარეში დაბრუნება ისურვა. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მას ერთი მხევალი, სამი მონა და რამდენიმე აქლემი და ცხვარი აჩუქა და მშობლიურ მხარეში გაგზავნა.

ტაიფის ღაზვა

სამყაროს სულთანს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სურდა, ჰუნეინიდან ტაიფში გაქცეულ მტერზეც გაელაშქრა და საქმისთვის საბოლოო წერტილი დაესვა. მათი სარდალი, მალიქ ბინ ავფი, ტაიფს შეფარებულთა შორის იყო. მექქასთან ახლოს მდებარე ეს ციხე-სიმაგრე ურწმუნოების (ქუფრის) უკანასკნელი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე სიმაგრე იყო. შუამავალი ჰიჯრეთამდე ტაიფში მივიდა და ერთი თვის განმავლობაში იქაურებს რჩევა-დარიგებას აძლევდა. მაგრამ ტაიფელებმა სამყაროთა ბატონს გაუგონარი ტანჯვა და ჩაგვრა მიაყენეს. დალოცვილი ფეხებიც კი სისხლით მოუსვარეს. შუამავალმა იქ ჰაზრეთი ზეიდ ბინ ჰარისესთან ერთად თავისი ცხოვრების ყველაზე მწუხარე და მტანჯველი დღეები გაატარა.

ჩვენი საყვარელი შუამავალი ჰიჯრეთის მერვე წელს, შევვალის თვეში, ჰუნეინის ღაზვის შემდეგ, ნადავლი ჯირანეში დატოვა და ტაიფისკენ დაიძრა. ჰაზრეთი ჰალიდ ბინ ველიდი წინ გაგზავნა.8 თვითონ თავის სახელოვან საჰაბეებთან ერთად უკან მიჰყვა და ტაიფს მიადგა. საყიფის ტომს თავის მტკიცე ციხე-სიმაგრეში წინასწარ დიდი რაოდენობით საკვები ჰქონდა მომარაგებული. როცა დაინახეს, რომ საჰაბეები მოდიოდნენ, კარიბჭეები ჩაკეტეს და თავდაცვაზე გადავიდნენ. ციხე-სიმაგრეს მიახლოებულ მუჯაჰიდებს ისრებით პასუხობდნენ. ბრძოლა ასე გრძელდებოდა. ტაიფელები ვერაფრით ბედავდნენ ციხიდან გამოსვლას და ღია ველზე პირისპირ შებრძოლებას.

საჰაბეთაგან ზოგიერთებმა შესთავაზეს, ციხე-სიმაგრეში ქვასატყორცნით ქვები ესროლათ. შუამავალმა ეს მოიწონა და დებბაბედ წოდებული ალყის იარაღები დაამზადებინა. მათი საშუალებით კერპთაყვანისმცემლებს ქვებს ასროლინებდა და ალყას განაგრძობდა. საჰაბეები მთელი გულითა და სულით ცდილობდნენ, ციხე-სიმაგრე რაც შეიძლება სწრაფად აეღოთ. მაგრამ ციხე-სიმაგრე ძალიან მტკიცე იყო და ეს მის აღებას ხელს უშლიდა. ამასობაში თორმეტმა საჰაბემ შეჰიდობის ხარისხს მიაღწია. ებუ სუფიან ბინ ჰარბს გმირულად ბრძოლისას ერთი თვალი გამოეთხარა.9

ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: „ებუ სუფიან! რომელი გირჩევნია? თუ გსურს, ვედრებას აღვავლენ და თვალი თავის ადგილს დაგიბრუნდება. თუ გსურს კი, დაე, უზენაესმა ალლაჰმა სამოთხეში მოგცეს თვალი.“ ებუ სუფიანმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! მირჩევნია, სამოთხეში მომეცეს თვალი“, – და ხელისგულზე დადებული თვალი მიწაზე დააგდო.10 ალყის მეოცე დღის მოახლოებისას, ერთ ღამეს, უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სიზმარში იხილა, როგორ დაკორტნა მამალმა მისთვის საჩუქრად მირთმეული კარაქით სავსე ჭურჭელი და კარაქი მიწაზე დაიღვარა. ეს ასე ახსნა, რომ ტაიფი წელს ვერ აიღებოდა, და ალყა მოხსნა.

რვა წლის წინ, როცა ტაიფელები მას აწამებდნენ, წყალობის ზღვამ, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, ანგელოზს, რომელმაც უთხრა: „თუ ნებას დამრთავ, ამ მთებს თავზე დავამხობ“, ასე მიუგო: „მე სამყაროთა მოწყალებად ვარ მოვლენილი. ერთადერთი, რაც მსურს, ისაა, რომ უზენაესმა ალლაჰმა ამ კერპთაყვანისმცემელთა წელიდან ისეთი თაობა წარმოშვას, რომელიც უზენაეს ალლაჰს ღვთისმსახურებას აღუვლენს და მას არანაირ თანაზიარს არ დაუდგენს.“ ახლაც წყალობა გამოიჩინა და ევედრა: „ჩემო უფალო! საყიფელებს სწორი გზა უჩვენე! ჩვენთან მოიყვანე ისინი.“

უკეთილშობილესმა ჰაბიბმა თავის საჰაბეებთან ერთად ტაიფი დატოვა და ზილყა’დეს თვის პირველ კვირას ჯირანეში მივიდა, სადაც ჰუნეინში ხელში ჩაგდებული ტყვეები და ნადავლი იყო თავმოყრილი. ექვსი ათასი ტყვის გარდა, ნადავლად აიღეს ოც ათასზე მეტი მსხვილფეხა და ორმოც ათასზე მეტი წვრილფეხა საქონელი და უთვალავი სამკაული. ისინი იმ მუჯაჰიდებს გაუნაწილა, ვისაც ამის უფლება ჰქონდა. ამ დროს შეიტყვეს, რომ ჰევაზინის ტომის ელჩობა მიღებას ითხოვდა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ისინი მიიღო. როცა ელჩობამ აუწყა, რომ ჰევაზინის მთელმა ტომმა ისლამი მიიღო, სამყაროთა ბატონს ძალიან გაუხარდა. ამის შემდეგ მის წილად ხვედრილი ტყვეები მაშინვე გაათავისუფლა და დაუბრუნა. საჰაბეებმაც ჩვენს საყვარელ შუამავალს მიბაძეს და იგივე გააკეთეს. ალლაჰის შუამავლის ერთმა წყალობამ ექვსი ათასი ტყვის წამიერად გათავისუფლება გამოიწვია. როცა ეს ამბავი ტაიფს შეფარებულ ჰევაზინის ტომის ბელადს, მალიქ ბინ ავფს მიუვიდა, ისიც მოვიდა და მუსლიმი გახდა, შუამავალმა კი ის საჩუქრებით აავსო.11 იქ აღარაფერი იყო გასაკეთებელი. იქ ცამეტი დღე რომ დაჰყო, ალლაჰის შუამავალმა ოთხშაბათის ღამეს უმრის აღსრულების განზრახვით იჰრამი შეიმოსა. სამყაროს სულთანი, როგორც ყოველთვის, გამარჯვებული, თავის საჰაბეებთან ერთად მექქაში მივიდა. ქააბეი მუაზზამას გარშემო თავაფი და უმრა აღასრულა. ათთაბ ბინ ესიდი მექქის გამგებლად დანიშნა და ჰაჯის ხელმძღვანელობაც მიანდო.12

„სამშობლოს სიყვარული რწმენის ნაწილია“ ჰადისი შერიფი