საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

მხარეები, სადაც ზექათის ამკრეფები გაიგზავნენ

ჰაზრეთი ებუ მუსა ეშ’არის დაავალა, მექქაში წმინდა ყურანი და რელიგიური საქმეები ესწავლებინა.1 ებუ სუფიან ბინ ჰარბი იემენის პროვინციის ნეჯრანის ემირად დანიშნა და ქესირ ბინ აბდულლაჰი მას თანაშემწედ მიუჩინა. როცა მექქაში საქმეები დასრულდა, მერრუზ-ზაჰრანში მივიდნენ. იქ დარჩენილი ნადავლიც განაწილდა. შემდეგ შუამავალი თავის სახელოვან საჰაბეებთან ერთად კვლავ გზას დაადგა და ზილყა’დეს თვის ბოლოს მედინაში ჩავიდნენ. მედინიდან რამაზნის დალოცვილი თვის მეათე დღეს, ოთხშაბათს, იყვნენ გასულები. ეს ლაშქრობა დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდა.

ერთ დღეს მწუხარების ზღვაში ჩაძირული ფიქრებს მივეცი, თავი დავკარგე, დამავიწყდა, ვინ ვიყავი, ცოდვები გამახსენდა, ჩემი აღსასრულის შემეშინდა, მაშინ ერთი სეიიდისგან ეს ბეითი მოვისმინე: შენ ხარ აჰმედი, მაჰმუდი და მუჰამმედი, ჩემო ბატონო, შენ ხარ ჩვენი სულთანი, ალლაჰის შეწევნით ძლიერი, ჩემო ბატონო. იმედით ვართ, სასოწარკვეთით არ ვოხრავთ, რწმენის საუნჯეს არ გავფლანგავთ, შენს კარს არ მივატოვებთ, რომ უცხოებთან ვეძიოთ თავშესაფარი, შენს ჩრდილქვეშ სხვას არავის შევხედავთ. შენ ხარ აჰმედი, მაჰმუდი და მუჰამმედი, ჩემო ბატონო, შენ ხარ ჩვენი სულთანი, ალლაჰის შეწევნით ძლიერი, ჩემო ბატონო. შეიხ ღალიბი

ჰიჯრეთის მერვე წელს მომხდარი ზოგიერთი ამბავი

ბენი სა’ლებედან ოთხი კაცი ალლაჰის შუამავლის საკრებულოში მოვიდა. თქვეს: „ჩვენმა ხალხმა გამოგვგზავნა. გავიგეთ, რომ ჰიჯრეთის აღსრულების გარეშე ისლამი სრული არ არისო.“ ბრძანა: „სადაც არ უნდა იყოთ, ღვთისმოშიშნი იყავით; ჰიჯრეთი რომ არ აღასრულოთ, ზიანი არ მოგადგებათ. არც თქვენს რჯულს და არც თქვენს ხალხს არაფერი დააკლდება.“ შემდეგ ისინი რემლე ბინთი ჰარისის სახლში გაგზავნეს და ნადიმი გაუმართეს. შემდეგ თითოეულს ოთხ-ოთხი ვაყიიე ვერცხლი მისცეს და შინ დაბრუნების ნება დართეს. იმავე წელს გარდაიცვალა ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ქალიშვილი ზეინები. მისთვის თაბუთი (გადახურული საკაცე) გააკეთეს. ისლამში პირველი თაბუთი მისთვის გაკეთდა. ის ებულ-ასის მეუღლე იყო. ბედრის დროს, როცა ის მექქიდან მედინაში გააცილეს, გზაში ჰებარმა ჰაზრეთი ზეინების აქლემს შუბი ესროლა. აქლემიდან რომ ჩამოვარდა, ბავშვი მოეშალა და დაავადდა. ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ორი შვილი დარჩა. იმ წელს, ზილჰიჯჯეს თვეში, ალლაჰის შუამავლის ვაჟი, იბრაჰიმი დაიბადა. მისი დედა მარიიე ჰათუნი (რადიალლაჰუ თეალა ანჰა) იყო. ებუ რაფი’ მოვიდა და სასიხარულო ამბავი ამცნო. ამის გამო ალლაჰის შუამავალმა ერთი მონა გაათავისუფლა. აყიყად ერთი ვერძი შესწირა. ბავშვს თავი გადაპარსვინა და მისი თმის წონის ვერცხლი სადაყად (მოწყალებად) გასცა.

ჰიჯრეთის მეცხრე წელს მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები

ჰიჯრეთის მეცხრე წელს, მუჰარრემის თვის დასაწყისში, სამყაროთა ბატონმა ტომებს ზექათის ამკრეფები (ამილები, საიები) დაუნიშნა. შეძლებისდაგვარად, ყოველ ტომს ამილად თავისივე წევრი მიეცა. იბნი ჰასიბ ესლემი ესლემისა და ღიფარის ტომებთან გაგზავნა, აბბად ბინ ბიშრი – ბენი სულეიმსა და მუზეინესთან, ამრ ბინ ასი – ფეზარეს ტომთან, დაჰჰაქ ბინ სინანი – ბენი ქილაბთან, რაფი’ ბინ მექნეთ ჯუჰენი – ჯუჰეინეს ტომთან, ბიშრ ბინ სუფიან ქა’ბი კი – ბენი ქა’ბსა და ბენი თემიმთან.

ერთი წლის შემდეგ ტაიფელებმა მუსლიმობის მისაღებად ექვსკაციანი ელჩობა გაგზავნეს მედინაში, ჩვენს საყვარელ შუამავალთან. სამყაროთა ბატონი ერთი წლის წინ, ტაიფიდან წასვლისას, ასე ევედრა: „ჩემო უფალო! საყიფელებს სწორი გზა უჩვენე, ჩვენთან მოიყვანე ისინი.“ და აჰა, ახლა საყიფელები მუსლიმობის მისაღებად მოვიდნენ. უკეთილშობილეს შუამავალს მათი მუსლიმობა ძალიან გაუხარდა, ზოგიერთი პრივილეგია მიანიჭა და ტაიფში დააბრუნა. მათ გამგებლად ჰაზრეთი ოსმან ბინ ებილ-ასი დაუნიშნა.2

ნეჯაშის გარდაცვალება

ჰიჯრეთის მეცხრე წლის რეჯების თვე იყო. ერთ დღეს ალლაჰის შუამავალმა საჰაბეებს უთხრა: „დღეს თქვენი ერთი კეთილი ძმა საიქიოს გადაბარგდა. ადექით და მისთვის დაკრძალვის (ჯენაზე) ნამაზი შეასრულეთ.“ შუამავალმა იმამობით დაუსწრებლად (ღაიბ) დაკრძალვის ნამაზი შეასრულა. შემდეგ ბრძანა: „თქვენი ძმისთვის, ნეჯაში ესჰამესთვის, უზენაეს ალლაჰს პატიება ვთხოვეთ.“

ცოტა ხნის შემდეგ ეთიოპიიდან მოსული ამბიდან შეიტყვეს, რომ ნეჯაში ესჰამე (რაჰმეთულლაჰი თეალა ალეიჰ) საიქიოს გადაბარგდა. ეს იმავე დღეს მოხდა, როცა შუამავალმა მედინაში მისი დაკრძალვის ნამაზი შეასრულა.3

„სადაც არ უნდა იყოთ, ღვთისმოშიშნი იყავით; ჰიჯრეთი რომ არ აღასრულოთ, ზიანი არ მოგადგებათ. არც თქვენს რჯულს და არც თქვენს ხალხს არაფერი დააკლდება“ ჰადისი შერიფი

ჩემი სული შენს გზას შეეწიროს,
სახელით მშვენიერო, თავადაც მშვენიერო მუჰამმედ,
მოდი, შეფაათი გაუწიე შენს უმდაბლეს მონას,
სახელით მშვენიერო, თავადაც მშვენიერო მუჰამმედ.
ვინც მორწმუნეა, ბევრია მისი ტანჯვა,
საიქიოში ექნება მას ლხენა და სიამე,
თვრამეტი ათასი სამყაროს მუსტაფა,
სახელით მშვენიერო, თავადაც მშვენიერო მუჰამმედ.
შვიდი ცა რომ მოიარა, ქურსის ზემოთ რომ იარა,
მი’რაჯზე თავისი უმმეთი უზენაეს ალლაჰს რომ შესთხოვა –
სახელით მშვენიერო, თავადაც მშვენიერო მუჰამმედ.
რას იზამს იუნუსი ორივე სამყაროში შენ გარეშე,
შენ ჭეშმარიტი შუამავალი ხარ, უეჭველად, უყოყმანოდ,
ვინც არ მოგყვება, რწმენის გარეშე წავა,
სახელით მშვენიერო, თავადაც მშვენიერო მუჰამმედ.