საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

ვედას ჰაჯი

ჰიჯრეთის მეათე წელს შუამავალი ჰაჯისთვის მოემზადა და მედინელ მუსლიმებსაც უბრძანა ჰაჯისთვის მომზადება. მედინის გარეთ მცხოვრებლებსაც შეუთვალა. ამის შემდეგ მედინაში ათასობით მუსლიმი შეიკრიბა. ალლაჰის შუამავალმა სამსხვერპლოდ ასი აქლემი იყიდა. გზას დადგომამდე ღუსლი აიღო. დალოცვილი თმა დაივარცხნა, სურნელებით იცხო და იზარი და რიდა ჩაიცვა. როცა მზადება დასრულდა, ჩვენი საყვარელი შუამავალი ზილყა’დეს თვის ოცდამეხუთე დღეს, შუადღის ნამაზის შემდეგ, ოცდაათ ათასზე მეტკაციანი ქარავნით მედინიდან გაემართა. შეჯერეს გზით ზულ-ჰულეიფეს მიაღწიეს. იქ საჰაბეების რიცხვმა ორმოც ათასს გადააჭარბა. ღამე იქ გაათიეს. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა თან წაყვანილი ასი აქლემიდან ერთი მოაყვანინა. სამსხვერპლოს ნიშნად კეხის მარჯვენა მხარე სისხლის გამოსვლამდე ჩაუჭრა, კისერზე ორი სანდალი ჩამოჰკიდა და საჰაბეებს უბრძანა, მათაც ასე მოქცეულიყვნენ. იჰრამის ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულა. უზენაესი ალლაჰისთვის ქება-დიდების შეწირვის შემდეგ სამყაროს ბატონი ევედრა: „ჩემო ალლაჰო! ეს ჰაჯი ჩემთვის მებრური და მაყბული (მიღებული) ჰაჯი გახადე, რომელშიც არც თვალთმაქცობაა, არც თავის გამოჩენა და არც სახელის ძიება!“ იჰრამი შეიმოსა და, როცა ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) აუწყა, ხმამაღლა დაიწყო თელბიიეს წარმოთქმა. როცა საჰაბეებიც შეუერთდნენ, მიწა და ცა თელბიიეს შეძახილებით აგუგუნდა: „ლებბეიქ! ალლაჰუმმე ლებბეიქ! ლებბეიქ! ლა შერიქე ლექე ლებბეიქ! ინნელ-ჰამდე ვენ-ნიმეთე ლექე ველ-მულქ, ლა შერიქე ლექ!…“

ბეიდას გზას გაჰყვნენ და მელელისკენ გაემართნენ. საჰაბეები ღვარივით მიჰყვებოდნენ. გზაში სულ უფრო მეტი ხალხი უერთდებოდა. როცა რეჰვას ხეობაში მივიდა, სადაც თითქმის სამოცდაათმა შუამავალმა, მათ შორის მუსამაც (ალეიჰისსელამ), ნამაზი შეასრულა, ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ეს ხეობა სამოთხის ხეობათაგანია.“ იქ ნამაზი შეასრულეს. იქიდან მუნსარაფისკენ გაემართნენ და დილის ნამაზი ესასეში შეასრულეს. როცა ლაჰი ჯემელში მივიდნენ, თავი შეუძლოდ იგრძნო, სისხლი გაიშვა (ჰაჯამათი) და სუყიაში შეჩერდა. როცა ებვაში მივიდნენ, სადაც მისი პატივცემული დედა, ჰაზრეთი ამინე გარდაიცვალა, მისი საფლავი მოინახულა და იტირა. თანმხლებნიც აატირა. შემდეგ თელეათულ-იემენს, ჯუჰფეს, ღადირი ჰუმს, ყუდეიდს და უსფანის ხეობას მიაღწიეს. იქ შუამავალმა ჰაზრეთი ებუ ბექირს უთხრა: „ჰუდმა და სალიჰმა (ალეიჰიმესსელამ) აქ გაიარეს, წელზე აბა შემოხვეულებმა, ჭრელ ქსოვილში გახვეულებმა, ახალგაზრდა წითურ აქლემებზე ამხედრებულებმა, რომელთა ავშრებიც ფინიკის პალმის ბოჭკოთი იყო დაწნული, და ჰაჯისთვის თელბიიეს ამბობდნენ.“1 ღანიმის, მერრუზ-ზაჰრანისა და შერიფის გავლით ზი ტუვას მიაღწიეს. იქ რომ ღამე გაათიეს და დილის ნამაზი შეასრულეს, ჰაჯუნი გაიარეს და ქედას აღმართით მექქაში შევიდნენ. ათდღიანი მგზავრობის შემდეგ ზილჰიჯჯეს თვის მეოთხე დღეს მექქაში ჩავიდნენ. როცა იემენიდან და სხვა მხარეებიდან ჰაჯის აღსასრულებლად მოსულებიც შეუერთდნენ, მუსლიმების რიცხვმა ოთხმოცდაათ ათასს გადააჭარბა. (ერთი გადმოცემით, ისინი ას თოთხმეტი ათასი იყვნენ, მეორე გადმოცემით კი – დაახლოებით ას ოცი ათასი.)

„ჩემო ალლაჰო! ეს ჰაჯი ჩემთვის მებრური და მაყბული (მიღებული) ჰაჯი გახადე, რომელშიც არც თვალთმაქცობაა, არც თავის გამოჩენა და არც სახელის ძიება!“ ჰადისი შერიფი

როცა ალლაჰის შუამავალმა ბეითულლაჰი დაინახა, ასე ევედრა:

„ჩემო ალლაჰო! ამ სახლის პატივი, სიდიადე, დიდებულება და ღირსება გაზარდე. გაზარდე იმათი პატივიც, დიდებულებაც, მოწიწებაც და სიკეთეც, ვინც მას ჰაჯითა და უმრით პატივს მიაგებს.“

შემდეგ ჰაჯის რიტუალები (მენასიქი) დაიწყო. ჰაჯის განმავლობაში მექქასა და მინას შორის, ებტაჰში გაშლილ კარავში იმყოფებოდა. ჩვენი საყვარელი შუამავალი ზილჰიჯჯეს მერვე დღეს (თერვიიეს დღეს) მინაში წავიდა, მეცხრე დღეს (არეფეს დღეს) კი – არაფათში. არაფათის ხეობის შუაგულში, ურენეს ხეობაში მივიდა და იქ შეჩერდა. ნაშუადღევს თავისი აქლემის, ყუსვას ზურგიდან ვედას ჰუტბე წარმოთქვა და საჰაბეებს (რადიალლაჰუ ანჰუმ) გამოეთხოვა.2

შენთან მოვედი!
ჰოი, ცოდვილთა თავშესაფარო, შენთვის თავის შესაფარებლად მოვედი!
ბევრი ცუდი ჩავიდინე, შენს შესავედრებლად მოვედი!
ბნელ ადგილებში გადავუხვიე, ჭაობებში ჩავეფალი,
სწორი გზის გამნათებელ სინათლის წყაროსთან მოვედი.
ერთი სული დამრჩა, რაც უნდა ამომხდეს, ჰოი, ყველა სულის სულო!
შეჰფერის კი თქმა: „სულის შესაწირად მოვედი“?
სნეულთა მკურნალი ხარ, მე კი გულით სნეული ვარ.
გულის ჭრილობის წამლად შენი კარის დასაკაკუნებლად მოვედი.
ხელგაშლილთა კარზე რამის მიტანა შეცდომაა,
შენი ფეხის დადგმით დაპატივებული მიწის საკოცნელად მოვედი.
ცოდვები მთასავით ბევრი მაქვს, პირი – ფისივით შავი!
ამ ტვირთისა და ამ სიშავისგან სრულად განსათავისუფლებლად მოვედი.
უეჭველად ყველას განწმენდს შენი წყალობის ზღვის ერთი წვეთი,
თუმცა ჩემი პირივით შავია, ჩემი საქმეების დავთრით მოვედი.
შენს ზღურბლს პირი რომ შევახო, ჰოი, ჩემს სიცოცხლეზე ძვირფასო სატრფოვ,
რაც წყლით არ მიიღწევა, იმ მიწით მიიღწევა!