საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

ვედას ჰუტბე

ქება მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის. მას ვაქებთ, მისგან ვითხოვთ პატიებას და მასთან ვინანიებთ. ჩვენი ნეფსის ბოროტებისა და ჩვენი საქმეების ცოდვებისგან უზენაეს ალლაჰს ვაფარებთ თავს. ვისაც უზენაესი ალლაჰი სწორ გზაზე დააყენებს, მას ვერავინ შეაცდენს, და ვისაც ის შეაცდენს, მას ვერავინ დააყენებს სწორ გზაზე. ვმოწმობ, რომ უზენაესი ალლაჰის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს. ის ერთია. მას არც მსგავსი ჰყავს და არც თანაზიარი. და კვლავ ვმოწმობ, რომ მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) მისი მონა და შუამავალია.

ალლაჰის მონებო! გიანდერძებთ, გეშინოდეთ უზენაესი ალლაჰისა და მას დაემორჩილეთ.

ხალხო! კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვები! არ ვიცი, იქნებ ამ წლის შემდეგ აქ თქვენთან ვეღარასოდეს შევხვდე. ხალხო! როგორც თქვენი ეს დღე წმინდა დღეა, როგორც თქვენი ეს თვე წმინდა თვეა, როგორც თქვენი ეს ქალაქი (მექქა) დალოცვილი ქალაქია, ისევე წმინდაა თქვენი სიცოცხლე, თქვენი ქონება და თქვენი ღირსება. ისინი ყოველგვარი ხელყოფისგან დაცულია.

ჩემო საჰაბეებო! ხვალ თქვენს უფალს შეხვდებით და უეჭველად მოგეკითხებათ ყოველი თქვენი დღევანდელი მდგომარეობა და საქციელი. ფრთხილად, ჩემ შემდეგ ძველ ცდომილებას არ დაუბრუნდეთ და ერთმანეთს კისრები არ დაჰკაფოთ!

ჩემი ეს ანდერძი აქ მყოფებმა აქ არმყოფებს აცნობონ!

შესაძლოა, ვისაც ეცნობება, უკეთ გაიგოს და დაიცვას, ვიდრე მან, ვინც აქ იყო და მოისმინა. ჩემო საჰაბეებო! ვისაც ამანათი (მინდობილი რამ) აქვს, პატრონს დაუბრუნოს!

ყოველგვარი რიბა (მევახშეობა) გაუქმებულია. ის ჩემს ფეხქვეშაა. მაგრამ თქვენი ვალის ძირითადი თანხა უნდა დააბრუნოთ. ნურც ჩაგრავთ და ნურც ჩაგრულნი იქნებით. უზენაესი ალლაჰის ბრძანებით, რიბა ახლა აკრძალულია. უმეცრების ხანიდან დარჩენილი ამ საზიზღარი ჩვეულების ყოველი სახე ჩემს ფეხქვეშაა. პირველი რიბა, რომელსაც ვაუქმებ, აბდულმუტტალიბის ვაჟის (ჩემი ბიძის), აბბასის რიბაა. ჩემო საჰაბეებო! უმეცრების ხანაში გაჩაღებული სისხლის აღებაც სრულიად გაუქმებულია. პირველი სისხლის აღება, რომელსაც ვაუქმებ, აბდულმუტტალიბის შვილიშვილის (ჩემი ბიძაშვილის), რებიას სისხლის აღებაა.

ხალხო! ბრძოლის შესაძლებლობისთვის წმინდა თვეების ადგილების შეცვლა, უეჭველად, ურწმუნოებაში (ქუფრში) ძალიან შორს წასვლაა. ამით ურწმუნოები ცდომილებაში ვარდებიან. (ერთ თვეს) ერთ წელს ნებადართულად თვლიან, მეორე წელს კი აკრძალულად აცხადებენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უზენაესი ალლაჰის მიერ ნებადართულ და აკრძალულ თვეთა რიცხვს შეუსაბამონ. ისინი უზენაესი ალლაჰის აკრძალულს ნებადართულად აქცევენ, ნებადართულს კი – აკრძალულად.

ჩემო საჰაბეებო! ჰაჯს ზუსტად თავის დროზე ვასრულებთ. თვეების რიგი ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო, როცა უზენაესმა ალლაჰმა ისინი გააჩინა. ეჭვი არ არის, რომ დრო დაუბრუნდა იმ სახესა და წესრიგს, რაც მას იმ დღეს ჰქონდა, როცა უზენაესმა ალლაჰმა ის გააჩინა.

„ჩემო ალლაჰო! ამ სახლის პატივი, სიდიადე, დიდებულება და ღირსება გაზარდე. გაზარდე იმათი პატივიც, დიდებულებაც, მოწიწებაც და სიკეთეც, ვინც მას ჰაჯითა და უმრით პატივს მიაგებს“ ჰადისი შერიფი

ხალხო! დღეს ეშმაკმა სამუდამოდ დაკარგა ძალა, რომ თქვენს ამ მიწაზე კვლავ დაემყარებინა თავისი გავლენა და ბატონობა. მაგრამ თუ ჩემ მიერ გაუქმებული ამ საქმეების გარდა მას იმ საქმეებში აჰყვებით, რომლებსაც უმნიშვნელოდ მიიჩნევთ, ეს მას გაახარებს. თქვენი რჯულის დასაცავად ამისგანაც ერიდეთ!

ხალხო! გირჩევთ, ქალების უფლებები დაიცვათ და ამ საქმეში უზენაესი ალლაჰისა გეშინოდეთ. თქვენ ქალები უზენაესი ალლაჰის ამანათად აიყვანეთ; მათი ღირსება და სიწმინდე უზენაესი ალლაჰის სახელით სიტყვის მიცემით გაიხადეთ თქვენთვის ჰალალი. თქვენ ქალებზე უფლება გაქვთ, მათაც თქვენზე აქვთ უფლებები. ქალებზე თქვენი უფლება ისაა, რომ თქვენი ოჯახის ხელშეუხებლობა არ დაარღვევინონ არცერთ ადამიანს, რომელიც თქვენ არ გიყვართ. თუ თქვენს სახლში ისეთ ვინმეს მიიღებენ, ვინც თქვენთვის სასურველი არ არის, შეგიძლიათ, მსუბუქი დარტყმით შეაკავოთ. ქალების უფლება თქვენზე კი ისაა, რომ მათ კანონიერი გზით ყოველგვარი საზრდო და სამოსი უზრუნველყოთ. მორწმუნეებო! გიტოვებთ ამანათს: სანამ მას მტკიცედ ჩაეჭიდებით, გზას არასოდეს დაკარგავთ. ეს ამანათი უზენაესი ალლაჰის წიგნი, წმინდა ყურანია. (სხვა გადმოცემებში ნათქვამია აგრეთვე: „ჩემი სუნნეთი“ და „ჩემი ეჰლი ბეითი“.)

მორწმუნეებო! კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვები და კარგად დაიმახსოვრეთ! მუსლიმი მუსლიმის ძმაა და ამრიგად ყველა მუსლიმი ძმაა. არავისთვის არ არის ნებადართული რჯულით ძმის კუთვნილ რომელიმე უფლებაზე ხელის აღმართვა, თუ მან თავად, საკუთარი ნებით არ მისცა. ჩემო საჰაბეებო! ნუ ჩაგრავთ თქვენს ნეფსებს (საკუთარ თავს). თქვენს ნეფსსაც აქვს თქვენზე უფლება. ხალხო! უზენაესმა ალლაჰმა ყოველ უფლების მქონეს თავისი უფლება მისცა (წმინდა ყურანში). მემკვიდრისთვის ანდერძი საჭირო არ არის. შვილი იმას ეკუთვნის, ვის ლოგინზეც დაიბადა. ზინის (მრუშობის) ჩამდენს კი უარი ერგება. მამის გარდა სხვისი გვარის მიმთვისებელ უგვაროს ან თავისი ბატონის გარდა სხვისადმი მიკუთვნების მსურველ უმადურს დაატყდეს უზენაესი ალლაჰის რისხვა და ანგელოზებისა და ყველა მუსლიმის წყევლა! უზენაესი ალლაჰი ასეთი ადამიანებისგან არც მონანიებას მიიღებს და არც სამართლიან მოწმობას. ხალხო! თქვენი უფალი ერთია. თქვენი მამაც ერთია: ყველანი ადამის შვილები ხართ. ადამი კი მიწისგანაა. ალლაჰის წინაშე თქვენ შორის ყველაზე ძვირფასი ისაა, ვისაც ყველაზე მეტი ღვთისმოშიშება აქვს. არაბს არაარაბზე არანაირი უპირატესობა არ აქვს. უპირატესობა მხოლოდ ღვთისმოშიშებაშია. თუ თქვენზე სარდლად თუნდაც დასახიჩრებულ შავკანიან მონას დანიშნავენ და ის ალლაჰის წიგნით გმართავთ, მოუსმინეთ და დაემორჩილეთ. დამნაშავეს თავისი დანაშაულის გარდა სხვა არაფერში დაედება ბრალი. მამას შვილის დანაშაულისთვის ვერ დასდებენ ბრალს, ვერც შვილს – მამის დანაშაულისთვის.

ხალხო! ფრთხილად! ეს ოთხი რამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიდინოთ:

1. ალლაჰს არაფერი დაუდგინოთ თანაზიარად.

2. ალლაჰის მიერ ხელშეუხებლად ქცეულ სიცოცხლეს უსამართლოდ ნუ მოსპობთ.

3. ზინას ნუ ჩაიდენთ.

4. ნუ იქურდებთ.

მებრძანა, ადამიანებთან ჯიჰადი მეწარმოებინა, ვიდრე არ იტყოდნენ: „ლა ილაჰე ილლალლაჰ, მუჰამმედუნ რესულულლაჰ“ (ანუ ვიდრე მუსლიმები არ გახდებოდნენ). როცა ამას იტყვიან, თავიანთ სისხლსა და ქონებას დაიცავენ. მათი ანგარიში კი უზენაეს ალლაჰზეა. ხალხო! ხვალ ჩემ შესახებ გკითხავენ, რას იტყვით?… საჰაბეებმა თქვეს: „ვმოწმობთ, რომ უზენაესი ალლაჰის რჯული გადმოგვეცი, შენი მოვალეობა შეასრულე და ანდერძი და რჩევა მოგვეცი.“ ამის შემდეგ უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავისი დალოცვილი საჩვენებელი თითი ასწია, ხალხისკენ დაუშვა და ბრძანა: „მოწმე იყავი, ჩემო უფალო! მოწმე იყავი, ჩემო უფალო! მოწმე იყავი, ჩემო უფალო!“

იმ დღეს, როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ვედას ჰუტბე წარმოთქვა, გარდამოვლინდა სურა მაიდეს მესამე წმინდა აიათი, რომლის შინაარსია: „დღეს სრულვყავი თქვენთვის თქვენი რჯული, აღვასრულე თქვენდამი ჩემი წყალობა და კმაყოფილი ვარ, რომ რჯულად ისლამი მოგეცით…“ როცა შუამავალმა ეს წმინდა აიათი საჰაბეებს წაუკითხა, ჰაზრეთი ებუ ბექირმა ტირილი დაიწყო. როცა საჰაბეებმა ჰკითხეს, რატომ ტიროდა, თქვა: „ეს წმინდა აიათი იმაზე მიუთითებს, რომ ალლაჰის შუამავლის საიქიოს გადაბარგება ახლოსაა. ამიტომ ვტირი.“1

ჰუტბის შემდეგ ჯებელი რაჰმეზე ვაყფეში (დგომაში) დადგა. საღამოს ნამაზი არაფათში არ შეასრულა, არამედ ღამის ნამაზთან ერთად იმამად მუზდელიფეში შეასრულა. იმ ღამეს მუზდელიფეში დარჩნენ. მეორე დღეს, დილით, მეშარულ-ჰარამთან ვაყფე შეასრულეს. ბაირამის პირველ დღეს მუზდელიფედან მინისკენ გაემართნენ. გზაში მუჰასსირად წოდებული ხეობა, სადაც სპილოს პატრონები (ასჰაბი ფილი)2 შეჩერდნენ, შეუჩერებლად გაიარეს. მინაში მივიდნენ; იქ შუამავალმა თავად დაკლა სამოცდასამი სამსხვერპლო აქლემი და შემდეგ დანა ჰაზრეთი ალის მისცა. დანარჩენები ჰაზრეთი ალიმ დაკლა. ბაირამის მეორე, მესამე და მეოთხე დღეს ჯემრეებს (ქვის სასროლ ადგილებს) კენჭები ესროლეს და ზილჰიჯჯეს თვის მეთოთხმეტე დღეს, დილის ნამაზამდე, ბეითულლაჰთან მივიდნენ და ვედას თავაფი (გამოსათხოვარი თავაფი) შეასრულეს. ალლაჰის შუამავალი მექქაში ათი დღე დარჩა და, როცა ვედას ჰაჯი და ვედას თავაფი აღასრულა, მედინაში დაბრუნდა. მესჯიდი ნებევიში ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულა და თავის ბედნიერ სახლში მიბრძანდა. ვედას ჰაჯის შემდეგ საჰაბეები იმ მხარეებში დაბრუნდნენ, საიდანაც მოვიდნენ, და იქ ჰყვებოდნენ, რაც ალლაჰის შუამავალმა აუწყა და უბრძანა.

ჰიჯრეთის მეათე წელს მომხდარი სხვა ამბები

ჰიჯრეთის მეათე წელს მომხდარ ამბებს შორის არის შუამავლობის პრეტენზიით გამოსული მატყუარების გამოჩენაც. ერთ-ერთი მათგანია ესვედ ანესი, რომელიც იემენში გამოჩნდა. ჩვენი საყვარელი შუამავლის ბრძანებით იემენელმა მუსლიმებმა ესვედ ანესი საკუთარ სახლში მოკლეს. (მეორე მუსეილემეთულ-ქეზზაბია. შუამავლის საიქიოს გადაბარგების შემდეგ ჰაზრეთი ებუ ბექირმა მუსეილემეზე ჰალიდ ბინ ველიდის სარდლობით ლაშქარი გაგზავნა. მუსეილემე ვაჰშიმ (რადიალლაჰუ ანჰ) მოკლა.)3

„დღეს სრულვყავი თქვენთვის თქვენი რჯული, აღვასრულე თქვენდამი ჩემი წყალობა და კმაყოფილი ვარ, რომ რჯულად ისლამი მოგეცით“ მაიდე: 3

ჰოი, ქვეყნის ფადიშაჰო, ზღვისა და ხმელეთის სულთანო!
ჰოი, ანგელოზებზე აღმატებულო, უკანასკნელო და შეუდარებელო შუამავალო!
„ლი მეალლაჰი ვაყთუნ“ შენს მდგომარეობას გვამცნობს,
შენ ხარ სხეულის სიცოცხლე, ენის სიტკბო, გულის სულთანი.
აჰმედო, მუჰამმედო, მაჰმუდო – ალლაჰი მუდამ გაქებს;
შენი სახელით სრულდება ლა ილაჰე ილლალლაჰ.
ამაში ფარულ საიდუმლოს შემცდარი ვერ ხვდება, ვერ იცის!
თავის სახელთან შენი სახელი დაწერა რაჰმანმა.
შენი მოყვარული მონები სულთნებად იქცევიან, ჩემო შაჰო!
დაბრძანდი ჩემი გულის ტახტზე, ჰოი, შეუდარებელო ფადიშაჰო!
ძალიან მიყვარხარ, თუმცა ბევრი ცოდვა მაქვს!
მწამს, რომ მოყვარულებს შენი წყალობიდან წილი ერგებათ.
როგორ არ მიყვარდე, როცა ჩემს სხეულში სული ხარ,
შენს გულისთვის შევიქმენი, ჩემი სიცოცხლის მიზეზი ხარ.
ჩემს ძარღვებში სისხლი ხარ, ჩემზე ახლოს ხარ ჩემთან,
შენ ხარ მიჯნურთა სატრფო და ყველა სულისთვის ძვირფასი.
ყოველი სენის წამალი შენ ხარ, ყოველი სულის განკურნება შენ ხარ,
თვალთა სურმა, თავის გვირგვინი, გულთა ნათება შენ ხარ.
ჰაბიბულლაჰი შენ ხარ, უზენაეს ანგელოზთა კრებულზე მაღლა შენ ხარ,
ვინც ცოტათი მაინც გიცნობს, სხვის კარს ვეღარ დააკაკუნებს.
ჰოი, ევლიაების მურშიდო, სწავლულთა წინამძღოლო,
ვისმა მობრძანებამ გაახარა შვიდი ცა და მიწა,
ჰოი, ალლაჰის უკანასკნელო შუამავალო ადამიანთა და ჯინთათვის!
მიწის ქვეშ დარჩეს, ვინც შენს კარზე მონა არ არის.