ჩვენი შუამავლის გარდაცვალება
ჰიჯრეთის მეთერთმეტე წელი იყო. წინა რამაზანში ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ჩვენს საყვარელ შუამავალს წმინდა ყურანი თავიდან ბოლომდე ორჯერ წაუკითხა. წინა წლებში კი წმინდა ყურანს ერთხელ კითხულობდა. როცა მოისმინა სურა ნასრი, რომელიც ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) უკანასკნელად მოიტანა და რომლის შინაარსია: „როცა მოვა უზენაესი ალლაჰის შეწევნა და გამარჯვება და იხილავ, როგორ შედიან ადამიანები გუნდ-გუნდად უზენაესი ალლაჰის რჯულში (ისლამში), ქება-დიდებით განადიდე შენი უფალი! მიტევება შესთხოვე მას! ის, ჭეშმარიტად, მონანიებას მუდამ იღებს“1, სამყაროს ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ბრძანა: „ჯებრაილ! ჩემში ვგრძნობ, რომ სიკვდილი მიახლოვდება.“ ამის შემდეგ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) მას წაუკითხა წმინდა აიათები, რომელთა შინაარსია: „საიქიო, ჭეშმარიტად, შენთვის ამ ქვეყანაზე უკეთესია. შენი უფალი მოგცემს ყველაფერს, რაც გსურს, ვიდრე არ იტყვი: ‚კმაყოფილი ვარ.‘“2
ჰიჯრეთის მეთერთმეტე წელს, საფერის თვის ოცდამეშვიდე დღეს, ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დალოცვილი თავი ასტკივდა. თავისი პატივცემული მეუღლის, ჰაზრეთი აიშეს (რადიალლაჰუ ანჰა) ოთახში მიბრძანდა. აბდურრაჰმან ბინ ები ბექირი დაიბარა, აუწყა, რომ ანდერძს დააწერინებდა, რათა მის შემდეგ ხალიფად ებუ ბექირ სიდდიყი აერჩიათ, და უბრძანა, მელნის ქილა და კალამი მოეტანა. როცა ჰაზრეთი ებუ ბექირის ვაჟი, აბდურრაჰმანი, ბრძანების შესასრულებლად მიდიოდა, შუამავალმა უთხრა: „მერე მოიტან, ახლა დაიცადოს!“ – და დალოცვილ მეჩეთში მიბრძანდა. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა იმ დღეს მედინაში მყოფ ყველა საჰაბეს შეუთვალა, შუადღის ნამაზზე მეჩეთში შეკრებილიყვნენ. როცა იმამობით შესრულებული ნამაზი დაასრულა, სამყაროს ბატონი მინბარზე ავიდა და ჰუტბე წარმოთქვა. საჰაბეებს რჩევა-დარიგება მისცა და სთხოვა, ეპატიებინათ (ჰალალი ეთქვათ). შემდეგ აუწყა ებუ ბექირ სიდდიყის უპირატესობა საჰაბეებს შორის, მისი ღირსება და ის, თუ რამდენად კმაყოფილი იყო მისით. ეს ისეთი ჰუტბე იყო, რომ ყველა მსმენელს გული შეუძრწუნდა და თვალთაგან ცრემლები წასკდა. შემდეგ, როცა ბრძანა: „ხალხო! როგორი გამოვდექი თქვენთვის თქვენს შუამავლად?“, საჰაბეებმა თქვეს: „ალლაჰის შუამავალო! უზენაესმა ალლაჰმა ჩვენ მაგივრად ყოველგვარი სიკეთე უხვად მოგანიჭოს. ჩვენთვის ძალიან თანამგრძნობი მამასავით და დამრიგებელი, თანამგრძნობი ძმასავით იყავი. უზენაესი ალლაჰის მიერ ნაბოძები შუამავლობის მოვალეობა აღასრულე. რაც ზეშთაგონებით მოგევლინა, ჩვენამდე მოიტანე. შენი უფლის გზისკენ, ისლამისკენ, სიბრძნითა და მშვენიერი დარიგებით მოგვიწოდე. უზენაესმა ალლაჰმა საუკეთესო და უმაღლესი საზღაური მოგცეს.“
შემდეგ შუამავალმა ბრძანა: „მორწმუნეებო! ალლაჰის გულისთვის, ვისაც ჩემზე რაიმე უფლება აქვს, ადგეს, მოვიდეს და აქვე, განკითხვის დღის დადგომამდე აიღოს.“
მაგრამ თავისი უფლების ასაღებად არავინ ადგა და არავინ მოვიდა. ალლაჰის შუამავალმა მეორედ და მესამედაც, უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენებით, ბრძანა: „ვისაც უფლება აქვს, მოვიდეს და აიღოს.“ ამის შემდეგ ადგა საჰაბეთაგან ძალიან მოხუცი ჰაზრეთი უქაშე. ალლაჰის შუამავალთან მივიდა და თქვა: „დედაჩემი და მამაჩემი შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! თებუქის ღაზვაში შენთან ერთად ვიყავი. როცა თებუქს ვტოვებდით, ჩემი აქლემი და შენი აქლემი გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. აქლემიდან ჩამოვედი. შენ მოგიახლოვდი. ჩემი განზრახვა შენი დალოცვილი სხეულის კოცნა იყო, შენ კი მაშინ მათრახი ზურგზე გადამკარი. არ ვიცი, რატომ დამარტყი.“
„საიქიო, ჭეშმარიტად, შენთვის ამ ქვეყანაზე უკეთესია. შენი უფალი მოგცემს ყველაფერს, რაც გსურს, ვიდრე არ იტყვი: ‚კმაყოფილი ვარ‘“ დუჰა: 4–5
შუამავალმა ბრძანა: „უქაშე! დაე, უზენაესმა ალლაჰმა დაგიფაროს იმისგან, რომ მისმა შუამავალმა განზრახ დაგარტყას“, – და უბრძანა: „ბილალ! ჩემი ქალიშვილის, ფატიმას სახლში წადი. ის მათრახი მომიტანე.“ ჰაზრეთი ბილალი მეჩეთიდან გავიდა. ხელი თავზე დაიდო და დიდ გაოცებაში ჩავარდა: „ალლაჰის შუამავალი თავის თავზე ყისასს (სამაგიეროს) აღასრულებინებს!“ როცა სახლთან მივიდა, კარზე დააკაკუნა და თქვა: „ალლაჰის შუამავლის ქალიშვილო! ალლაჰის შუამავლის მათრახი მომეცი!“ ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი ფატიმამ, ჰკითხა: „ბილალ! ახლა არც ჰაჯის დროა და არც ღაზვისა! მამაჩემს მათრახი რად უნდა?“ ჰაზრეთი ბილალმა თქვა: „ფატიმა! არ იცი? იმით ალლაჰის შუამავალზე ყისასი აღსრულდება!“
ჩვენმა დედამ, ფატიმამ, ჰაზრეთი ბილალს მკაცრად დაუბარა: „ბილალ! ვის გაუმეტებს გული, ალლაჰის შუამავლისგან ყისასით აიღოს თავისი უფლება? რაკი მოითხოვა, მივცემ. მაგრამ ჰასანსა და ჰუსეინს უთხარი: ვინც უნდა აიღოს თავისი უფლება, ყისასი მათზე აღასრულოს. იმ კაცმა თავისი უფლება მათგან აიღოს. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან, რომ ყისასი ალლაჰის შუამავალზე აღსრულდეს.“ ჰაზრეთი ბილალი მეჩეთში მივიდა და მათრახი ალლაჰის შუამავალს გადასცა, მან კი – ჰაზრეთი უქაშეს. როცა ეს ჰაზრეთი ებუ ბექირმა და ჰაზრეთი ომერმა დაინახეს, შეევედრნენ: „უქაშე! აჰა, ჩვენ შენს წინ მზად ვართ, შენი უფლება ჩვენგან აიღე. გთხოვ, ალლაჰის შუამავლისგან ნუ აიღებ!“ ამის შემდეგ შუამავალმა ჰაზრეთი ებუ ბექირს უთხრა: „ებუ ბექირ! შენ დაანებე, გადადექი. ომერ! შენც გადადექი. უზენაესმა ალლაჰმა იცის თქვენი მაღალი ხარისხი.“ შემდეგ ჰაზრეთი ალი ადგა და თქვა: „უქაშე! ჩემი გული ვერ ითმენს, რომ ალლაჰის შუამავალს დაარტყა. აჰა, ჩემი ზურგი და ჩემი მუცელი, მოდი, შენი უფლება ჩემგან აიღე, თუ გინდა, ასჯერაც დამარტყი. ოღონდ ალლაჰის შუამავალს ნუ შეეხები!“ ამის შემდეგ შუამავალმა ბრძანა: „ალი! შენც დაჯექი. უზენაესმა ალლაჰმა იცის შენი მაღალი ხარისხიც და შენი მდგომარეობაც.“ ამჯერად ჰაზრეთი ჰასანი და ჰუსეინი ადგნენ და თქვეს: „უქაშე! შენც იცი, რომ ჩვენ ალლაჰის შუამავლის შვილიშვილები ვართ. ამიტომ ჩვენზე ყისასი ალლაჰის შუამავალზე ყისასს ნიშნავს. შენი უფლება ჩვენგან აიღე, გთხოვ, ალლაჰის შუამავალს ნუ დაარტყამ!“ ამის შემდეგ შუამავალმა მათ უთხრა: „თქვენც დასხედით, ჰოი, ჩემი ორი თვალის სიხარულნო.“ შემდეგ ბრძანა: „უქაშე! მოდი, დამარტყი!“
როცა უქაშემ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! როცა დამარტყი, ჩემი სხეული შიშველი იყო“, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა დალოცვილი ზურგი გაიშიშვლა. ამ დროს საჰაბეებს შორის ქვითინი გაისმა და თქვეს: „უქაშე! ნუთუ ალლაჰის შუამავალს დალოცვილ ზურგზე დაარტყამ?“ ყველა მწუხარებით ელოდა. როცა ჰაზრეთი უქაშემ ალლაჰის შუამავლის დალოცვილ ზურგზე შუამავლობის ბეჭედი დაინახა, უცებ თქვა: „დედაჩემი და მამაჩემი შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ვის ეყოფა ძალა, თავისი უფლების ასაღებად შენს ამ დალოცვილ ზურგზე დაარტყას და შენზე ყისასი აღასრულოს, ვინ გაბედავს ამას?“ – და სამყაროს სულთნის შუამავლობის დალოცვილ ბეჭედს ემთხვია. ამის შემდეგ უკეთილშობილესმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) უთხრა: „არა, ან დამარტყამ, ან მაპატიებ.“ ჰაზრეთი უქაშემ თქვა: „ჩემი სიცოცხლე შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! გაპატიე. ნეტავ, უზენაესი ალლაჰიც მაპატიებს განკითხვის დღეს?“ შუამავალმა ბრძანა: „ვისაც სამოთხეში ჩემი მეგობრის ნახვა სურს, ამ მოხუცს შეხედოს.“ როცა საჰაბეებმა ალლაჰის შუამავლის ეს დალოცვილი სიტყვები მოისმინეს, შუბლზე დაუწყეს კოცნა. ყველა ამბობდა: „ნეტავ შენ, ნეტავ შენ! უქაშე! ალლაჰის შუამავალთან ერთად ყოფნის გამო სამოთხეში მაღალ ხარისხებს მიაღწიე.“3
უსამე ბინ ზეიდის სარდლად დანიშვნა
საფერის თვის ბოლო დღეები იყო. სამყაროთა ბატონს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სურდა, ვიდრე ჩრდილოეთის ბიზანტიის იმპერია მუსლიმებისთვის დიდ საფრთხედ იქცეოდა, ბიზანტიელებისთვის კვლავ ისლამისკენ მოეწოდებინა, თუ არ მიიღებდნენ, მათ შებრძოლებოდა და ისლამური სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ მოექცია. ამიტომ თავის გმირ საჰაბეებს ბიზანტიელებთან საბრძოლველად მზადება უბრძანა. საჰაბეები მოსამზადებლად დაიშალნენ. უკეთილშობილესმა შუამავალმა ჰაზრეთი უსამე ბინ ზეიდი დაიბარა და ბრძანა: „უსამე! უზენაესი ალლაჰის სახელითა და ბარაქით წადი შამში, ბელყას საზღვრამდე, პალესტინის დარუმამდე, იმ ადგილამდე, სადაც მამაშენი შეჰიდად დაეცა. ის მხარეები ცხენებით გათელე. ამ ლაშქრის მთავარსარდლად დაგნიშნე. მოულოდნელად მიადექი ებნას მცხოვრებლებს და ელვასავით დაეცი თავს. ისე სწრაფად იარე, რომ ამბავმა შენზე ადრე ვერ მიაღწიოს იმ ადგილს, სადაც მიდიხარ. თან მეგზურები წაიყვანე, ჯაშუშები და მზვერავები კი წინ გაუშვი. თუ უზენაესი ალლაჰი გამარჯვებას გიბოძებს, მათ შორის ცოტა ხანს დარჩი.“ შემდეგ ბრძანა, ბანაკი ჯურფში გაემართათ, თავისი დალოცვილი ხელებით დროშა შეკრა და უსამეს გადასცა.4
მეჩეთში მინბარზე ავიდა და ბრძანა: „ჩემო საჰაბეებო! როგორც უსამეს მამა, ზეიდი, იყო სარდლობის ღირსი და ჩემთვის ყველაზე საყვარელი, ისე მის შემდეგ მისი ვაჟი, უსამეც, სარდლობის ღირსია. უსამე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანია.“
მათ შორის, ვინც ჰაზრეთი უსამეს სარდლობით ბრძოლაში უნდა წასულიყო, იყვნენ ისეთი წარჩინებული საჰაბეებიც, როგორებიც იყვნენ ჰაზრეთი ებუ ბექირი, ჰაზრეთი ომერი, ჰაზრეთი ებუ უბეიდე ბინ ჯერრაჰი და ჰაზრეთი სა’დ ბინ ები ვაყყასი.
მაგრამ რადგან მეორე დღეს სამყაროს სულთანი მოულოდნელად ავად გახდა, ლაშქრის გამგზავრება შუამავლის საიქიოს გადაბარგების შემდგომ დროისთვის გადაიდო. ჩვენი საყვარელი შუამავალი მძიმე ციებ-ცხელებით (ჰუმმა) დაავადდა. სიცხე სულ უმატებდა და ავადმყოფობა მძიმდებოდა.
ერთ ღამეს, როცა ტკივილები შეუმსუბუქდა, შუაღამისას ლოგინიდან ადგა. ჩაიცვა და გასასვლელად მოემზადა. ეს რომ დაინახა, ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი აიშემ, ჰკითხა: „დედაჩემი და მამაჩემი, ჩემი სიცოცხლეც შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! სად მიდიხარ?“ სამყაროს ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) უპასუხა: „ბრძანება მივიღე, ბაყის სასაფლაოზე დაკრძალულთათვის პატიება ვითხოვო. იქ მივდივარ.“
თან ებუ მუვეიჰიბი და ებუ რაფი’ წაიყვანა და წავიდნენ. სასაფლაოზე დიდხანს ევედრებოდა და უზენაეს ალლაჰს შესთხოვდა, რომ ეპატიებინა მათთვის და შეეწყალებინა. როცა თან მყოფმა საჰაბეებმა დაინახეს, რა დაჟინებით ევედრებოდა შუამავალი, თქვეს: „ნეტავ ჩვენც აქ დაკრძალულები ვყოფილიყავით, რომ ალლაჰის შუამავლის ამ ვედრების ღირსნი გავმხდარიყავით!“ ჩვენი საყვარელი შუამავალი ებუ მუვეიჰიბს მიუბრუნდა და უთხრა: „ებუ მუვეიჰიბ! არჩევანი მომეცა ამქვეყნიურ საუნჯეებსა და საიქიოს წყალობებს შორის. მითხრეს: ‚თუ გსურს, ამ ქვეყანაზე დარჩი და შემდეგ სამოთხეში შედი, თუ გსურს კი, ლიყაულლაჰს (უზენაეს ალლაჰთან შეხვედრას) ეღირსე და სამოთხეში შედი.‘ მე ლიყაულლაჰი ავირჩიე და შემდეგ სამოთხე.“
„მორწმუნეებო! ალლაჰის გულისთვის, ვისაც ჩემზე რაიმე უფლება აქვს, ადგეს, მოვიდეს და აქვე, განკითხვის დღის დადგომამდე აიღოს“ ჰადისი შერიფი
ერთ დღეს უჰუდთან დაკრძალული შეჰიდებისთვის პატიების სათხოვნელად გაემართა. დიდხანს ევედრებოდა მათთვის და შესთხოვდა უზენაეს ალლაჰს. შემდეგ მეჩეთში მივიდა და საჰაბეებს უთხრა: „მე თქვენზე პირველი მივალ ქევსერის აუზთან (ჰავზთან) და დაგხვდებით. იქაა ჩვენი შეხვედრის ადგილი… არ მეშინია, რომ ჩემ შემდეგ შირქს დაუბრუნდებით. მაგრამ მეშინია, რომ ამ ქვეყანას გადაჰყვებით, მისთვის ერთმანეთის შური გექნებათ, ერთმანეთს დახოცავთ და ბოლოს დაიღუპებით, როგორც დაიღუპნენ თქვენამდე მყოფნი…“ შემდეგ თავის ბედნიერ სახლში მიბრძანდა. ავადმყოფობა გაუმძაფრდა. მისმა დალოცვილმა მეუღლეებმა ჩვენს საყვარელ შუამავალს აუწყეს, რომ სურდათ, ჩვენი დედის, ჰაზრეთი აიშეს სახლში დარჩენილიყო, და რომ თავიანთ უფლებებს მას უთმობდნენ. შუამავალს თავისი სპეტაკი მეუღლეების ეს თავგანწირვა გაუხარდა, ყველასთვის ევედრა და დარჩენილი დღეების ჩვენი დედის, ჰაზრეთი აიშეს სახლში გატარება დაიწყო. უკეთილშობილეს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სიცხემ ძალიან აუწია. ცხელების სიძლიერის გამო ლოგინზე ერთი გვერდიდან მეორეზე ბრუნავდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფს საჰაბეები სანახავად მოდიოდნენ და იმ მძიმე ტანჯვის გამო, რასაც იტანდა, ძალიან წუხდნენ. ებუ სა’იდ ჰუდრიმ თქვა: „ალლაჰის შუამავლის წინაშე წარვდექი. ხავერდის საბანი ეხურა. ცხელების სიცხე საბანში ატანდა, ისე რომ სიცხის გამო საბანს ხელს ვერ ვახლებდით. როცა ალლაჰის შუამავალმა ჩვენი გაოცება და მწუხარება დაინახა, ბრძანა:
‚ყველაზე მძიმე განსაცდელი შუამავლებს ხვდებათ. მიუხედავად ამისა, შუამავალი განსაცდელით უფრო მეტად ხარობს, ვიდრე თქვენ ხარობთ თქვენთვის ნაბოძები წყალობებით.‘“
უმმუ ბიშრ ბინთი ბერამ თქვა: „ალლაჰის შუამავლის მოსანახულებლად წავედი. მისი დალოცვილი სხეული ცეცხლივით იწვოდა. ვუთხარი: ‚ჩემი სიცოცხლე შენ გენაცვალოს, ალლაჰის შუამავალო! ასეთი მძიმე ავადმყოფობა არასოდეს მინახავს!…‘ მან ბრძანა: ‚უმმუ ბიშრ! ცხელება მძიმეა, რათა ჩემი ჯილდო დიდი იყოს. ეს ავადმყოფობა იმ მოწამლული ხორცის კვალია, რომელიც ჰეიბერში გავსინჯე. იმ ხორცის სიმწარეს მუდამ ვგრძნობდი. ის საწამლავი, რომელიც იმ დღეს ვჭამე, ახლა აბჰარს, ანუ აორტას მიწყვეტს.‘“5
ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ მეს’უდსაც უთხრა: „არ არსებობს მუსლიმი, რომელსაც ავადმყოფობა შეეყრება და უზენაესი ალლაჰი მის შეცდომებსა და ცოდვებს არ ჩამოაცვენს, როგორც ხეს ცვივა ფოთლები!“6 ავადმყოფობა დღითიდღე მძიმდებოდა. ამის გამო საჰაბეები ძალიან წუხდნენ და თავიანთ სახლებში მოსვენებას ვერ პოულობდნენ. მეჩეთში შეიკრიბნენ. შუამავლის მდგომარეობის გასაგებად მასთან ჰაზრეთი ალი გაგზავნეს. სამყაროთა ბატონმა ანიშნა და ჰკითხა: „რას ამბობენ ჩემი საჰაბეები?“ მან უთხრა: „ძალიან წუხან, შეშფოთებულნი არიან და ამბობენ: ‚ალლაჰის შუამავალი რომ დაგვტოვოს!…‘“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, რომლის წყალობა საჰაბეებისადმი უსაზღვრო იყო, ავადმყოფობის სიმძიმეს სძლია, ადგა და ჰაზრეთი ალისა და ჰაზრეთი ფადლ ბინ აბბასზე დაყრდნობილი მეჩეთში მივიდა. მინბარზე ავიდა და უზენაესი ალლაჰისთვის ქება-დიდების შეწირვის შემდეგ საჰაბეებს უთხრა:
„ჩემო საჰაბეებო! მსმენია, რომ ჩემს სიკვდილზე ფიქრით შეწუხებულხართ. განა რომელიმე შუამავალი დარჩა სამუდამოდ თავის უმმეთში, რომ მეც სამუდამოდ დავრჩე თქვენ შორის? იცოდეთ, რომ მე ჩემს უფალს შევუერთდები. ჩემი დარიგება თქვენდამი ასეთია: მუჰაჯირთა უხუცესებს პატივი ეცით! მუჰაჯირებო! თქვენ კი ამას გიანდერძებთ: ენსარებს სიკეთე უყავით! მათ თქვენ სიკეთე გაგიკეთეს. თავიანთ სახლებში შეგიფარეს. თავად გაჭირვებით ცხოვრობდნენ, მაგრამ თქვენ საკუთარ თავზე წინ დაგაყენეს. თავიანთ ქონებაში წილი გაგიყვეს. ვინც ენსარებზე გამგებელი გახდება, მათზე იზრუნოს, ხოლო მათგან შემცოდეებს აპატიოს“, – ბრძანა. შემდეგ მრავალი მშვენიერი და გულში ჩამწვდომი დარიგება მისცა და ბრძანა: „უზენაესმა ალლაჰმა თავის ერთ მსახურს არჩევანი მისცა: ამქვეყნად დარჩენილიყო თუ თავის უფალს შეერთებოდა. იმ მსახურმა თავის უფალთან შეერთება ისურვა.“ ჰაზრეთი ებუ ბექირი მიხვდა, რომ ალლაჰის შუამავალი ამ სიტყვებით თავის გარდაცვალებაზე მიანიშნებდა, და „ჩვენი სული შენ შეგწიროდეს, ალლაჰის შუამავალო!“ – თქვა და ატირდა. მოწყალების ზღვამ, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ), ბრძანა: „ნუ ტირი, ებუ ბექირ!“ და უბრძანა, მოთმინება გამოეჩინა და გაეძლო. მის დალოცვილ თვალებს ცრემლი სდიოდა. „ჩემო საჰაბეებო! ძალიან კმაყოფილი ვარ ებუ ბექირით, რომელმაც ისლამის რჯულის გზაზე ერთგულებითა და გულწრფელობით (იხლასით) თავისი ქონება გაიღო. საიქიოს გზაზე მეგობრის არჩევა რომ შეიძლებოდეს, მას ავირჩევდი“, – ბრძანა და უბრძანა: „მეჩეთში გამავალი ყველა კარი დაკეტეთ, გარდა ებუ ბექირის კარისა!“
შემდეგ მინბარიდან ჩამოვიდა და ჩვენი დედის, ჰაზრეთი აიშეს, ოთახში დაბრუნდა. საჰაბეები ატირდნენ. ამის შემდეგ შუამავალი ჰაზრეთი ალისა და ფადლ ბინ აბბასის მკლავებს დაეყრდნო და კვლავ მობრძანდა მეჩეთში. მინბარის ქვედა საფეხურზე დადგა და საჰაბეებს მიმართა: „მუჰაჯირებო და ენსარებო! იმისკენ აჩქარებას, რის დროც განსაზღვრულია, აზრი არ აქვს. უზენაესი ალლაჰი არც ერთი თავისი მსახურის გამო არ აჩქარდება. ვინც უზენაესი ალლაჰის ყადასა და ყადერის (განგებისა და ბედისწერის) შეცვლას და მისი ნებისთვის თავის აწევას შეეცდება, მას ის დასჯის და გაანადგურებს.
ვინც უზენაესი ალლაჰის მოტყუებასა და გაცურებას მოინდომებს, მისი საქმეები აირევა და თავად დარჩება მოტყუებული. იცოდეთ, რომ მე თქვენდამი მოწყალე და თანამგრძნობი (რაუფი და რაჰიმი) ვარ. თქვენც მე შემომიერთდებით. ადგილი, სადაც შემომიერთდებით, ქევსერის აუზის პირია. ვისაც სამოთხეში შესვლა და ჩემთან შეერთება სურს, ამაოდ ნუ ილაპარაკებს. მუსლიმებო! ურწმუნოება (ქუფრი) და ცოდვის ჩადენა წყალობის შეცვლისა და სარჩოს შემცირების მიზეზია. თუ ადამიანები უზენაესი ალლაჰის ბრძანებებს დაემორჩილებიან, მმართველები, უფროსები და გამგებლები მათ მიმართ მოწყალებასა და თანაგრძნობას გამოიჩენენ. ხოლო თუ გარყვნილებასა და თავაშვებულობას მიეცემიან, ყოველგვარ ზღვარს გადავლენ და ცოდვებს ჩაიდენენ, მოწყალე მმართველებს ვერ ეღირსებიან. როგორც ჩემი სიცოცხლეა თქვენთვის სასიკეთო, ასევე ჩემი სიკვდილიც სიკეთე და მოწყალებაა. თუ ვინმესთვის უსამართლოდ დამირტყამს ან ცუდი სიტყვა მითქვამს, თანახმა ვარ, იგივე მიყოს და თავისი უფლება აიღოს; თუ რომელიმე თქვენგანისთვის რამე უსამართლოდ წამირთმევია, თანახმა ვარ, უკან მომთხოვოს, და მზად ვარ, ერთმანეთს ჰალალი ვუყოთ, რადგან ამქვეყნიური სასჯელი საიქიოს სასჯელზე გაცილებით მსუბუქია. მისი ატანა უფრო ადვილია.“ როგორც მანამდე ჰაზრეთი ებუ ბექირით კმაყოფილება გამოხატა, ასევე ამ ჰუტბეშიც ჰაზრეთი ომერით გამოხატა კმაყოფილება და ბრძანა: „ომერი ჩემთანაა, მეც მასთან ვარ. ჩემს შემდეგ ჭეშმარიტება ომერთანაა.“
„ყველაზე მძიმე განსაცდელი შუამავლებს ხვდებათ. მიუხედავად ამისა, შუამავალი განსაცდელით უფრო მეტად ხარობს, ვიდრე თქვენ – მონიჭებული წყალობებით“ ჰადისი შერიფი
ამ ჰუტბის შემდეგ ალლაჰის შუამავალი მინბარიდან ჩამოვიდა. ნამაზის შემდეგ კვლავ ავიდა მინბარზე, ანდერძი და დარიგებები დაუტოვა და ბრძანა: „უზენაეს ალლაჰს მიგაბარეთ.“ შემდეგ საჰაბეებს გამოემშვიდობა და თავის ოთახში მობრძანდა. ერთ დღეს, როცა ტკივილები ძალიან გაუძლიერდა, სამყაროთა ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჰაზრეთი ბილალ ჰაბეში დაიბარა, რათა საჰაბეებთან ერთმანეთისთვის ჰალალი ეყოთ და საიქიოში სხვისი უფლებებით დამძიმებული არ წასულიყო. უთხრა: „ხალხს დაუძახე! მეჩეთში შეიკრიბონ. მათთვის ჩემი უკანასკნელი ანდერძის დატოვება მსურს!…“
ჰაზრეთი ბილალმა საჰაბეები მეჩეთში შეკრიბა. ჩვენი საყვარელი შუამავალი ჰაზრეთი ალისა და ფადლს დაყრდნობილი მობრძანდა მეჩეთში. მინბარზე დაჯდა, უზენაეს ალლაჰს ქება-დიდება შესწირა და ბრძანა: „ჩემო საჰაბეებო! იცოდეთ, რომ თქვენგან ჩემი განშორება მოახლოვდა. ვისაც ჩემზე რაიმე უფლება აქვს, ჩემგან მოითხოვოს. ვინც ჩემთვის ძვირფასია, ან თავისი უფლება მომთხოვოს, ან ჰალალი მიყოს, რათა ჩემს უფალსა და მის მოწყალებას ეს უფლებები გასტუმრებულმა შევუერთდე.“ შემდეგ მინბარიდან ჩამოვიდა და შუადღის (ზუჰრის) ნამაზს წინამძღოლობა გაუწია. ნამაზის შემდეგ კვლავ ავიდა მინბარზე და გაიმეორა ის, რაც ნამაზამდე ბრძანა. ავადმყოფობის დროს შუამავალი, როგორც კი ეზანი გაისმოდა, ყოველთვის გამოდიოდა დალოცვილ მეჩეთში, საჰაბეებს იმამობას უწევდა და ჯემაათთან ერთად ასრულებდა ნამაზს.7 ჩვენი საყვარელი შუამავლის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მისი ავადმყოფობა დამძიმდა. მეჩეთში ვეღარ გამოდიოდა და ჯემაათს ნამაზში ვეღარ უძღოდა. პირველი ნამაზი, რომელიც ჯემაათთან ერთად ვერ შეასრულა, ღამის (იშას) ნამაზი იყო.
ჰაზრეთი ბილალი ჩვეულებისამებრ ამ დროს კართან მივიდა და თქვა: „ესსალათ, ია რესულალლაჰ!“ ჩვენს საყვარელ შუამავალს უძლურების გამო მეჩეთში წასვლის თავი აღარ ჰქონდა. ბრძანა: „ებუ ბექირს უთხარით! ჩემს საჰაბეებს ნამაზს წაუძღვეს.“ ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი აიშემ, ჰკითხა: „ჩემი სული შენ შეგწიროდეს, ალლაჰის შუამავალო! მამაჩემი გულჩვილია და ძალიან განიცდის. თქვენს ადგილზე რომ დადგება და იქ თქვენ ვერ დაგინახავთ, ტირილისგან კითხვას ვეღარ შეძლებს. ხომ არ ბრძანებთ, რომ იმამობა ომერმა იკისროს?“ შუამავალმა კვლავ ბრძანა: „ებუ ბექირს უთხარით! ჩემს საჰაბეებს ნამაზში იმამობა გაუწიოს.“ ჰაზრეთი ბილალმა ეს ებუ ბექირ სიდდიყს აუწყა. როცა ჰაზრეთი ებუ ბექირმა მიჰრაბში ალლაჰის შუამავალი ვერ დაინახა, თითქოს გულში დაჭრესო, კინაღამ გონება დაკარგა. ტიროდა!… ტიროდა!… საჰაბეებიც ატირდნენ. როცა ჰაბიბულლაჰმა იკითხა, რა გოდება ისმოდა მეჩეთიდან, ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი ფატიმამ, მოახსენა: „ჩემი სული შენ შეგწიროდეს, ალლაჰის შუამავალო! საჰაბეები შენგან განშორებას ვერ უძლებენ და იმიტომ ტირიან!…“8 მოწყალების ზღვა, ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ), ძალიან აღელდა. საჰაბეების სანუგეშებლად, ასეთი მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ძლივს წამოდგა. ჰაზრეთი ალისა და ჰაზრეთი აბბასს დაეყრდნო და მეჩეთში მობრძანდა. ნამაზის შემდეგ ბრძანა: „ჩემო საჰაბეებო! თქვენ უზენაესი ალლაჰის მფარველობის ქვეშ ხართ და უზენაეს ალლაჰს მიგაბარეთ! ღვთისმოშიშნი იყავით. უზენაესი ალლაჰის გეშინოდეთ. უზენაესი ალლაჰის ბრძანებას მისდიეთ და დაემორჩილეთ. მე უკვე ვტოვებ ამ ქვეყანას.“
ჩვენი საყვარელი შუამავლის გარდაცვალებამდე სამი დღე რჩებოდა. ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) ალლაჰის შუამავლის მოსანახულებლად მოვიდა და უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! უზენაესი ალლაჰი სალამს გიგზავნის. თუმცა იცის, როგორ ხარ, მაინც გეკითხება, როგორ ბრძანდები და როგორ გრძნობ თავს.“ სამყაროთა ბატონმა ბრძანა: „დამწუხრებული ვარ!“ ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) კვირა დღესაც მოვიდა და იგივე თქვა. შუამავალმა კვლავ წინანდელი პასუხი გასცა. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) ისიც აუწყა, რომ მოკლეს ესვედ ანესი, რომელიც იემენში თავს შუამავლად აცხადებდა. უკეთილშობილესმა შუამავალმა ეს თავის საჰაბეებს აუწყა. ავადმყოფობამდე მას რამდენიმე ოქროს მონეტა მოუვიდა; ზოგი ღარიბებს დაურიგა, ზოგი კი ჰაზრეთი აიშეს მისცა. კვირა დღეს ალლაჰის შუამავლის ავადმყოფობა დამძიმდა. მასთან მისულ ლაშქრის სარდალს, ჰაზრეთი უსამეს, არაფერი უთხრა, მაგრამ თავისი დალოცვილი ხელები ასწია და მას გადაუსვა. მიხვდნენ, რომ მისთვის ვედრება აღავლინა. ავადმყოფობის მეცამეტე და უკანასკნელი დღე… ის დღე, ისევე როგორც დღე, როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ქვეყანას თავისი მობრძანებით პატივი დასდო, რებიულ ევველის თვის მეთორმეტე დღე და ორშაბათი იყო. სამყაროს სულთანმა თავის დალოცვილ სხეულში ერთგვარი შვება იგრძნო… როცა საჰაბეები ებუ ბექირ სიდდიყის უკან დილის (სუბჰის) ნამაზის შესასრულებლად დგებოდნენ, სამყაროთა ბატონი დალოცვილ მეჩეთში მობრძანდა. დაინახა, როგორ ასრულებდა მისი უმმეთი მწკრივებად დაწყობილი ღვთისმსახურებას. გაუხარდა და გაიღიმა. საჰაბეებსაც, როცა ალლაჰის შუამავალი მეჩეთში დაინახეს, გაუხარდათ, ეგონათ, ავადმყოფობამ გაუარაო. ებუ ბექირ სიდდიყი (რადიალლაჰუ ანჰ) მიხვდა, რომ ჩვენი საყვარელი შუამავალი მობრძანდა, და უკან დახევა მოინდომა. შუამავალმა ანიშნა: „შენს ადგილზე დარჩი!“ და თავად ჰაზრეთი ებუ ბექირს მიჰყვა და მის უკან შეასრულა ნამაზი.9 ამრიგად, ალლაჰის შუამავლის ბრძანებით ჰაზრეთი ებუ ბექირმა საჰაბეებს ჩვიდმეტ ნამაზს წაუძღვა. უკეთილშობილესი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ნამაზის შემდეგ ჰაზრეთი აიშეს ოთახში მობრძანდა და დაწვა. ბრძანა: „მინდა, უზენაესი ალლაჰის წინაშე ისე წარვდგე, რომ ამქვეყნიური ქონება არ დავტოვო. შენთან დარჩენილი ოქროს მონეტებიც ღარიბებს დაურიგე!“ შემდეგ სიცხემ მოუმატა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გაახილა თვალები და ჰაზრეთი აიშეს ჰკითხა, დაურიგა თუ არა ოქროს მონეტები. აიშემ უთხრა, რომ დაურიგებდა. შუამავალმა რამდენჯერმე უბრძანა, ისინი მაშინვე დაერიგებინათ. როცა მაშინვე დაურიგეს და აცნობეს, ბრძანა: „ახლა კი მოვისვენე.“ საწოლზე ცოტა ხანს რომ დაისვენა, თავისთან ჰაზრეთი ალი დაიბარა. თავისი დალოცვილი თავი მის კალთაზე დადო. დალოცვილი შუბლი ოფლით დაცვაროდა, დალოცვილ სახეზე ფერი ეცვლებოდა. ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი ფატიმამ, როცა თავისი დალოცვილი მამა ასეთ მდგომარეობაში დაინახა, მისი ცქერა ვეღარ გაუძლო და თავის ვაჟებთან, ჰაზრეთი ჰასანთან და ჰაზრეთი ჰუსეინთან, წავიდა. ხელები მოჰკიდა და ატირდა: „ჰოი, მამაჩემო! შენს ქალიშვილს ვინღა მიხედავს? ჰასანსა და ჰუსეინს ვის მიაბარებ? ვაი, მამაჩემო! ჩემი სული შენ შეგწიროდეს! შენს შემდეგ რა მეშველება? შენი დალოცვილი სახის შემდეგ ჩემი თვალები ვისღა უცქირონ?“ როცა ალლაჰის შუამავალმა თავისი ქალიშვილის ეს გულის დამწველი სიტყვები გაიგონა, დალოცვილი თვალები გაახილა, თავისთან მოიხმო და შეევედრა: „ჩემო უფალო! მოთმინება უბოძე“, შემდეგ კი ბრძანა: „ფატიმა! ჩემი თვალის სინათლევ! მამაშენი სულთმობრძავია!“ ამაზე მისი ტირილი, ოხვრითა და კვნესით სავსე, კიდევ უფრო გაძლიერდა. როცა ჰაზრეთი ალიმ თქვა: „ფატიმა! გთხოვ, გაჩუმდი, ალლაჰის შუამავალს უფრო ნუ დაამწუხრებ!“, ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „ნუ აწყენინებ, ალი! დაანებე, მამის გამო ცრემლი ღვაროს!…“ შემდეგ თავისი დალოცვილი თვალები დახუჭა და თითქოს გონება დაკარგაო. შემდეგ ჰაზრეთი ჰასანი თავის დალოცვილ ბაბუასთან მივიდა და ტირილით უთხრა: „ჰოი, ჩემო დალოცვილო ბაბუა! შენს განშორებას ვინ გაუძლებს? ჩვენი გულის დარდს ვის გავანდობთ? შენს შემდეგ დედაჩემს, მამაჩემსა და ჩემს ძმას ვინღა მიეფერება? შენი ცოლები და შენი საჰაბეები შენს იმ მშვენიერ ზნეობას სადღა ჰპოვებენ?…“ ამ დროს შუამავლის დალოცვილ ცოლებს მოთმინების ძალა აღარ შერჩათ და ყველამ ერთად ჩუმად დაიწყო ტირილი. საჰაბეები, რომლებიც გარეთ დიდ მწუხარებაში ელოდნენ, როცა გაიგეს, რომ შუამავლის ავადმყოფობა ძალიან დამძიმდა, გული დაეწვათ და ატირდნენ. რათა ერთხელ მაინც, უკანასკნელად, თავიანთი საყვარელი შუამავლის დალოცვილი სახე ეხილათ, კართან ევედრებოდნენ: „გთხოვთ, კარი გააღეთ! ალლაჰის შუამავლის (ალეიჰისსელამ) დალოცვილი სახე კიდევ ერთხელ ვიხილოთ!…“ უზენაესი ალლაჰის ჰაბიბმა, მისმა საყვარელმა, რომელიც სამყაროთა მოწყალებად არის წარმოგზავნილი, როცა თავისი საჰაბეების ეს ვედრება გაიგონა, შეიბრალა ისინი და ბრძანა: „კარი გააღეთ!“ საჰაბეთა წარჩინებულები შევიდნენ. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მოთმინება ურჩია და ბრძანა: „ჩემო საჰაბეებო! თქვენ ადამიანთა შორის ყველაზე აღმატებულნი და ყველაზე პატივდებულნი ხართ. თქვენს შემდეგ ვინც გინდა მოვიდეს, თქვენ ყველაზე ადრე შეხვალთ სამოთხეში. რჯულის დაცვაში მტკიცენი იყავით და დიადი ყურანი თქვენს იმამად (წინამძღოლად) აქციეთ.
„ჩემო საჰაბეებო! თქვენ უზენაესი ალლაჰის მფარველობის ქვეშ ხართ და უზენაეს ალლაჰს მიგაბარეთ! ღვთისმოშიშნი იყავით“ ჰადისი შერიფი
რჯულის მცნებებისადმი გულგრილნი ნუ იქნებით“, – ბრძანა. შემდეგ თქვა: „ჩემო უფალო! გადავეცი?“ და თავისი დალოცვილი თვალები დახუჭა. დალოცვილ სახეზე ოფლმა დაასხა. ჰაზრეთი ალიმ საჰაბეებს ანიშნა, რომ გასულიყვნენ. როცა წავიდნენ, მასთან ჩვენი დედა, ჰაზრეთი აიშე, მივიდა და დარიგება სთხოვა. შუამავალმა უთხრა: „აიშე! შენი სახლის კუთხეში იჯექი და თავს უფრთხილდი!“ და შემდეგ მის დალოცვილ თვალებს ცრემლი წასკდა. სამყაროს სულთანი ტიროდა… იქ მყოფთ გული დაეჭრათ, გულ-ღვიძლი დაეფლითათ. როცა ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი უმმუ სელემემ, ჰკითხა: „ჩემი სული შენ შეგწიროდეს, ალლაჰის შუამავალო! რატომ ტირი?“, ბრძანა: „ვტირი, რათა ჩემს უმმეთს მოწყალება მიეცეს.“
მზე ზენიტისკენ მიიწევდა. ჟამი მოახლოვდა… ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი თავი ჩვენი დედის, ჰაზრეთი აიშეს, მკერდს ეყრდნობოდა. სამყაროთა ბატონი უკანასკნელ წუთებს ცოცხლობდა და მის დალოცვილ ბაგეებს ეს სიტყვები სცდებოდა: „ფრთხილად! ფრთხილად! თქვენს ხელში მყოფ მონებს კარგად მოეპყარით! ჩააცვით, მუცელი გაუძეღით. მათ რბილად ესაუბრეთ. ნამაზი, ნამაზი – ნამაზს ნუ მოაკლდებით! თქვენი ცოლებისა და თქვენი მონების საქმეში უზენაესი ალლაჰის გეშინოდეთ!… ჩემო ალლაჰო! მომიტევე! შენი მოწყალება მიბოძე!… რეფიყი ა’ლას დასს შემაერთე!…“ ჩვენი დედის, ჰაზრეთი ფატიმას, ცრემლი ნიაღვარივით მოედინებოდა, მისი კვნესა გულს უწვავდა ყველას. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) გვერდით მოისვა და ბრძანა: „შვილო, ცოტა მოითმინე, ნუ ტირი, რადგან არშის მზიდავები (ანგელოზები) შენს ტირილზე ტირიან.“ ჩვენს დედას, ჰაზრეთი ფატიმას, ცრემლი მოსწმინდა. ანუგეშა, უზენაეს ალლაჰს მისთვის მოთმინება სთხოვა და ბრძანა: „შვილო, ჩემს სულს წაიღებენ. თქვი: ‚ინნა ლილლაჰი ვე ინნა ილეიჰი რაჯიუნ.‘ ფატიმა! ყოველ ხვედრილ უბედურებას თავისი საზღაური აქვს.“ ცოტა ხანს დალოცვილი თვალები დახუჭული ჰქონდა, შემდეგ კი ბრძანა: „ამიერიდან მამაშენს აღარც მწუხარება ექნება და აღარც დარდი, რადგან წარმავალი სამყაროდან და ტანჯვის ადგილიდან თავისუფლდება.“ შემდეგ ჰაზრეთი ალის უთხრა: „ალი! ესა და ეს იუდეველის ამდენი და ამდენი ქონება მმართებს. ლაშქრის აღსაჭურვად ავიღე. ფრთხილად, მისი დაბრუნება არ დაგავიწყდეს. რა თქმა უნდა, ჩემს ვალს გადაიხდი და ქევსერის აუზის პირას ჩემთან შემხვედრთა შორის პირველი შენ იქნები. ჩემს შემდეგ ბევრი ზიანი შეგემთხვევა, მაგრამ შენ მოითმინე; როცა ადამიანები ამ ქვეყანას ისურვებენ, შენ საიქიო აირჩიე.“
უსამე კვლავ მოვიდა. ალლაჰის შუამავალმა უთხრა: „უზენაესი ალლაჰი იყოს შენი შემწე! წადი, ბრძოლაში გაემართე!“ ის გავიდა, თავის ლაშქართან წავიდა და მაშინვე დაძვრის ბრძანება გასცა.10
სამყაროთა ბატონი უკვე უკანასკნელად სუნთქავდა… ჟამი სულ ახლოს იყო… უზენაესმა ალლაჰმა აზრაილს (ალეიჰისსელამ) ვაჰიით აუწყა: „ჩემს ჰაბიბთან უმშვენიერესი სახით წადი! თუ ნებას მოგცემს, მისი სული ძალიან ნაზად და მსუბუქად აიღე. თუ ნებას არ მოგცემს, დაბრუნდი!“ აზრაილი (ალეიჰისსელამ) უმშვენიერესი სახით, ადამიანის სახით მივიდა ჩვენი საყვარელი შუამავლის ნეტარი სახლის კართან და თქვა: „ესსელამუ ალეიქუმ, შუამავლობის სახლის პატრონო! შემოსვლის ნებას მომცემთ? უზენაესმა ალლაჰმა შეგიწყალოთ!“
ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი აიშემ, ჩვენი საყვარელი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) გვერდით მჯდომ ჰაზრეთი ფატიმას უთხრა: „მოსულს შენ უპასუხე.“ ჰაზრეთი ფატიმა კართან მივიდა და ძალიან დამწუხრებული ხმით უთხრა: „უზენაესი ალლაჰის მსახურო! ალლაჰის შუამავალი ახლა თავის მდგომარეობით არის დაკავებული.“ აზრაილმა (ალეიჰისსელამ) კვლავ ითხოვა ნებართვა. იგივე პასუხი მიიღო. როცა მესამედ გაიმეორა სალამი და ხმამაღლა თქვა, რომ აუცილებლად უნდა შესულიყო, შუამავალმა გაიგონა და ბრძანა: „ფატიმა! კართან ვინ არის?“
ჰაზრეთი ფატიმამ თქვა: „ალლაჰის შუამავალო! კართან ვიღაც შემოსვლის ნებართვას ითხოვს. რამდენჯერმე ვუპასუხე. მაგრამ მესამედ რომ დაიძახა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.“ ამაზე ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ფატიმა! იცი, კართან ვინ არის? ის არის სიკვდილის ანგელოზი აზრაილი, რომელიც სიამოვნებებს ანგრევს, თავყრილობებს ფანტავს, ქალებს აქვრივებს, ბავშვებს აობლებს, სახლებს აუკაცრიელებს და საფლავებს ავსებს. აზრაილ, შემოდი!“ მაშინ ჩვენს დედას, ჰაზრეთი ფატიმას, აუწერელი ტანჯვა დაეუფლა და მის დალოცვილ ბაგეებს ეს სიტყვები აღმოხდა: „ვაი, მედინა, გაუკაცრიელდი!“ ჩვენმა შუამავალმა ჰაზრეთი ფატიმას ხელი აიღო, თავის დალოცვილ მკერდზე დაიდო და დალოცვილი თვალები დახუჭა. იქ მყოფთ ეგონათ, რომ მისი დალოცვილი სული წაიღეს. ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი ფატიმამ, ვეღარ მოითმინა, მამის დალოცვილ ყურს დაეხარა და გულის დამჭრელი ხმით დაუძახა: „მამიკო!…“ რაკი პასუხი არ მოვიდა, ამჯერად თქვა: „ჩემი სული შენ შეგწიროდეს, ალლაჰის შუამავალო! გთხოვ, დალოცვილი თვალები კიდევ ერთხელ გაახილე და რამე მითხარი…“ სამყაროთა ბატონმა დალოცვილი თვალები გაახილა, ქალიშვილს ცრემლი მოსწმინდა და ყურში უჩურჩულა, რომ საიქიოს გადაბარგდებოდა. ამაზე ჰაზრეთი ფატიმა ატირდა. ამჯერად ყურში უთხრა: „ჩემი ეჰლი ბეითიდან ჩემთან პირველი შენ მოხვალ.“ ამ სასიხარულო ამბით გაიხარა და ნუგეში ჰპოვა.
„ჩემო ალლაჰო! მომიტევე! შენი მოწყალება მიბოძე!… რეფიყი ა’ლას დასს შემაერთე!…“ ჰადისი შერიფი
ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი ფატიმამ, ჰკითხა: „მამიკო! დღეს განშორების დღეა! კვლავ როდის შეგხვდები?“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „შვილო! განკითხვის დღეს აუზის პირას მიპოვი. ჩემი უმმეთიდან აუზთან მოსულებს წყალს ვასმევ.“ როცა ჰაზრეთი ფატიმამ ჰკითხა: „იქ რომ ვერ გიპოვო, რა ვქნა?“, შუამავალმა ბრძანა: „მიზანთან (სასწორთან) მიპოვი. იქ მე ჩემს უმმეთს შეფაათს გავუწევ.“
როცა ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი ფატიმამ, თქვა: „იქაც რომ ვერ გიპოვო, ალლაჰის შუამავალო?“, შუამავალმა ბრძანა: „სირატის ხიდთან მიპოვი. იქ მე ჩემს უფალს შევევედრები: ‚ჩემო უფალო! ჩემი უმმეთი ცეცხლისგან დაიცავი!‘“
ამის შემდეგ ჰაზრეთი ალიმ დამწუხრებული ხმით ჰკითხა: „ალლაჰის შუამავალო! როცა სულს დალევთ, ვინ განგბანთ, რა სუდარაში შეგახვევთ, ვინ შეასრულებს თქვენს დაკრძალვის (ჯენაზე) ნამაზს, ვინ ჩაგასვენებთ საფლავში?“ შუამავალმა ბრძანა:
„ალი, შენ განმბანე, ფადლ ბინ აბბასმა კი წყალი დამასხას. ჯებრაილი თქვენი მესამე იქნება. როცა განბანვას (ღასლს) დაასრულებთ, სუდარაში შემახვიეთ. ჯებრაილი სამოთხიდან სურნელს მოიტანს. შემდეგ მეჩეთში წამიყვანეთ და გარეთ გადით, რადგან ჯერ ჯებრაილი, შემდეგ მიქაილი, შემდეგ ისრაფილი, შემდეგ კი ანგელოზები, ჯგუფ-ჯგუფად, ჩემს დაკრძალვის ნამაზს შეასრულებენ. ამის შემდეგ თქვენ შემოდით და მწკრივებად დადექით. არავინ დადგეს ჩემს წინ.“11 შემდეგ მომლოდინე აზრაილს (ალეიჰისსელამ) ჰკითხა: „აზრაილ! სანახავად მოხვედი თუ ჩემი სულის წასაღებად?…“ აზრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: „სტუმრადაც მოვედი და დავალებითაც. უზენაესმა ალლაჰმა მიბრძანა, შენთან მხოლოდ ნებართვით შემოვსულიყავი. შენს დალოცვილ სულს მხოლოდ შენი ნებართვით ავიღებ. ალლაჰის შუამავალო! თუ ნებას მომცემ, შენს ბრძანებას დავემორჩილები და შენს სულს ავიღებ. თუ არა, დავბრუნდები და ჩემს უფალთან წავალ.“ შუამავალმა ბრძანა: „აზრაილ! ჯებრაილი სად დატოვე?…“ აზრაილმა თქვა: „ჯებრაილი ქვეყნიერების ცაზე დავტოვე. ანგელოზები შენი გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებენ.“ ასე რომ საუბრობდნენ, ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა. ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ჩემო ძმაო ჯებრაილ! ამ ქვეყნიდან გადაბარგების ჟამი დადგა. უზენაეს ალლაჰთან ჩემთვის რა არის? ის მახარე, რათა გულდამშვიდებულმა მინდობილი (ემანეთი) მის პატრონს ჩავაბარო.“ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: „უზენაესი ალლაჰის საყვარელო! ცის კარი ღია დავტოვე. ანგელოზები მწკრივებად დადგნენ და შენს სულს სიყვარულით ელიან.“ შუამავალმა ბრძანა: „ქება-დიდება მხოლოდ უზენაეს ალლაჰს. შენ მახარე! ჩემს უფალთან ჩემთვის რა არის?…“ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: „ალლაჰის შუამავალო! შენი მობრძანების გამო სამოთხის კარიბჭეები გაიღო, სამოთხის მდინარეები ადინდა, სამოთხის ხეები დაიხარა, ჰურიები მოირთნენ.“
შუამავალმა კვლავ ბრძანა: „ქება-დიდება მხოლოდ უზენაეს ალლაჰს. სხვა სასიხარულო ამბავიც მახარე, ჯებრაილ!…“ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: „ალლაჰის შუამავალო! განკითხვის დღეს შენ პირველი გასწევ შეფაათს და შენი შეფაათი პირველი იქნება მიღებული.“ როცა ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა კვლავ ბრძანა: „ქება-დიდება მხოლოდ უზენაეს ალლაჰს. ჯებრაილ! კიდევ სხვა სასიხარულო ამბავი მახარე“, ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) თქვა: „ალლაჰის შუამავალო! რას მეკითხები?…“ ამაზე შუამავალმა ბრძანა: „მთელი ჩემი საზრუნავი, მწუხარება და დარდი ჩემი უმმეთია, რომელსაც ჩემს შემდეგ ვტოვებ.“ ჰაზრეთი ჯებრაილმა თქვა: „უზენაესი ალლაჰის ჰაბიბო! უზენაესი ალლაჰი განკითხვის დღეს შენს უმმეთს მანამ აპატიებს, სანამ კმაყოფილი არ დარჩები. ყველა შუამავალზე ადრე შენ, ხოლო ყველა უმმეთზე ადრე შენს უმმეთს შეიყვანს სამოთხეში.“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ჯებრაილს (ალეიჰისსელამ) უთხრა: „უზენაეს ალლაჰთან სამი სურვილი მაქვს: პირველი, რომ ჩემი უმმეთის ცოდვილთათვის შეფაათის გამწევად დამადგინოს. მეორე, რომ ამქვეყნად ჩადენილი ცოდვების გამო ისინი არ დასაჯოს. მესამე, რომ ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს ჩემი უმმეთის საქმეები მე წარმომიდგინოს. (თუ მათი საქმეები კარგია, ვედრებას აღვავლენ და უზენაესი ალლაჰი მას შეისმენს. თუ ცუდია, შეფაათს გავუწევ და ვითხოვ, რომ საქმეთა დავთრიდან წაიშალოს.)“ ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) უზენაესი ალლაჰისგან ამბავი მოუტანა, რომ მისი სამივე სურვილი მიღებული იყო. ამაზე ჩვენი საყვარელი შუამავალი დამშვიდდა.
უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: „ჩემო ჰაბიბო! შენს დალოცვილ გულში შენი უმმეთისადმი ამდენი სიყვარული და თანაგრძნობა ვინ ჩადო?…“ შუამავალმა უპასუხა: „ჩემმა დიდებულმა უფალმა, რომელმაც გამაჩინა და აღმზარდა.“ უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: „ჩემი მოწყალება და ჩემი თანაგრძნობა შენი უმმეთისადმი შენსაზე ათასჯერ მეტია. ისინი მე მომანდე.“ შემდეგ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: „ახლა კი დავმშვიდდი. აზრაილ! ნაბრძანები მოვალეობა აღასრულე!“ აზრაილი (ალეიჰისსელამ), თავისი მოვალეობის აღსასრულებლად, მიუახლოვდა სამყაროს სულთანს, რომლის პატივისთვისაც თავადაც იყო გაჩენილი. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა თავისი ორივე დალოცვილი ხელი გვერდით მდგომ წყლიან ჭურჭელში ჩაყო, სველი ხელები თავის დალოცვილ სახეს გადაუსვა და ბრძანა: „ლა ილაჰე ილლალლაჰ! ჩემო ალლაჰო! რეფიყი ა’ლა!…“ აზრაილმა (ალეიჰისსელამ) სამყაროთა ბატონის დალოცვილი სულის აღება დაიწყო. ალლაჰის შუამავლის დალოცვილი სახე ხან წითლდებოდა, ხან ფითრდებოდა. როცა აზრაილს (ალეიჰისსელამ) უთხრა: „ჩემი უმმეთის სულსაც ასე სიმკაცრითა და ძალით იღებ?…“, მან უპასუხა: „ალლაჰის შუამავალო! არავისი სული ასე ადვილად არ ამიღია.“ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა, რომელსაც უკანასკნელ წუთშიც კი არ დავიწყებია თავისი უმმეთი, ბრძანა: „აზრაილ! სიმკაცრე, რომელსაც ჩემს უმმეთს მიაყენებდი, მე მომაყენე! რადგან ისინი სუსტები არიან, ვერ გაუძლებენ…“ შემდეგ ბრძანა: „ლა ილაჰე ილლალლაჰ! რეფიყი ა’ლა!…“ და მისი დალოცვილი სული აიღეს და ა’ლაი ილლიიინს მიაწიეს…
შეფაათ, ია რესულალლაჰ!
დაჰიილექ, ია რესულალლაჰ!
ესსალათუ ვესსელამუ ალეიქე ია რესულალლაჰ!
ესსალათუ ვესსელამუ ალეიქე ია ჰაბიბალლაჰ!
ესსალათუ ვესსელამუ ალეიქე ია სეიიდელ-ევველინე ველ-აჰირინ!
ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) შუამავალს ამ სიტყვებით გამოემშვიდობა: „ესსელამუ ალეიქუმ, უზენაესი ალლაჰის შუამავალო! ჩემი მიზანიც და სასურველიც შენ იყავი. ამიერიდან დედამიწაზე აღარ ჩამოვალ!…“
როცა უკეთილშობილესი შუამავლის დალოცვილი სული ზესთა სამყაროში წავიდა, ჩვენმა დედამ, ჰაზრეთი ფატიმამ, და შუამავლის წმინდა ცოლებმა (ეზვაჯი ტაჰირათი) (რადიალლაჰუ ანჰუნნე) ჩუმად დაიწყეს ტირილი.12 ამ დროს ხმამ, რომლის პატრონიც არ ჩანდა,
„ფატიმა! იცი, კართან ვინ არის? ის არის სიკვდილის ანგელოზი აზრაილი, რომელიც სიამოვნებებს ანგრევს, თავყრილობებს ფანტავს, ქალებს აქვრივებს, ბავშვებს აობლებს, სახლებს აუკაცრიელებს და საფლავებს ავსებს“ ჰადისი შერიფი
„ესსელამუ ალეიქუმ, ია ეჰლი ბეით! ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ“, – სალამი მისცა და სურა ალი იმრანის 185-ე წმინდა აიათი წაიკითხა, რომლის შინაარსია: „იცოდეთ, რომ ყველა სული იგემებს სიკვდილს. და განკითხვის დღეს თქვენი საზღაური სრულად მოგეცემათ.“ შემდეგ ანუგეშა ისინი და ამ სიტყვებით სამძიმარი გამოუცხადა: „უზენაესი ალლაჰის წყალობასა და სიკეთეს მიენდეთ. მას ჩაეჭიდეთ და მისი იმედი გქონდეთ. ნუ მოთქვამთ! ნამდვილი უბედური ის არის, ვინც სევაბს (ჯილდოს) მოკლებული რჩება!“
ეს სიტყვები იქ მყოფებმა ყველამ გაიგონეს და სალამი დაუბრუნეს. ის, ვინც ეს სიტყვები თქვა, ჰიზირი (ალეიჰისსელამ) იყო.13 როცა უკეთილშობილეს შუამავალს სიკვდილის ნიშნები დაეტყო, უმმუ ეიმენმა თავის ვაჟს, უსამეს, ამბავი შეუთვალა. როცა უსამემ, ჰაზრეთი ომერმა და ებუ უბეიდემ ეს მწარე ამბავი მიიღეს, ლაშქარს გამოეყვნენ და მესჯიდი ნებევიში მოვიდნენ. როცა აიშე სიდდიყა და სხვა ქალები ატირდნენ, დალოცვილ მეჩეთში მყოფი საჰაბეები დაიბნენ. ვერ მიხვდნენ, რა დაემართათ. თითქოს მეხი დაეცათ. ჰაზრეთი ალი მკვდარივით გაუნძრევლად დარჩა. ჰაზრეთი ოსმანს ენა დაება. ჰაზრეთი ებუ ბექირი ამ დროს თავის სახლში იყო. სირბილით მოვიდა და მაშინვე ჰუჯრეი სეადეთში შევიდა. სამყაროს სიამაყეს სახეზე საფარი გადაუწია და დაინახა, რომ საიქიოს გადაბარგებულიყო. მისი დალოცვილი სახე და მთელი სხეული, ნაზი და სუფთა, სხივივით ბრწყინავდა. „როგორც შენი სიცოცხლე, ისე შენი სიკვდილიც რა მშვენიერია, ალლაჰის შუამავალო!“ – თქვა და აკოცა. დიდხანს იტირა. მის დალოცვილ სახეს საფარი გადააფარა. სახლში მყოფნი ანუგეშა. შემდეგ დალოცვილ მეჩეთში მოვიდა. მინბარზე ავიდა და საჰაბეებს ჰუტბე წაუკითხა. უზენაეს ალლაჰს ქება-დიდება შესწირა, უკეთილშობილეს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სალავათი წარუვლინა და თქვა: „ვისაც მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) სწამდა, იცოდეს, რომ მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) გარდაიცვალა. ხოლო ვინც უზენაეს ალლაჰს ეთაყვანება, იცოდეს, რომ ის ჰაიია (ცოცხალია) და ბაყიია (არ კვდება, მარადიულია).“ შემდეგ სურა ალი იმრანის 144-ე წმინდა აიათი წაიკითხა, რომლის შინაარსია: „მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) შუამავალია. მის მოსვლამდეც იყვნენ შუამავლები. ისიც გარდაიცვლება. თუ გარდაიცვლება ან მოკლავენ, თქვენი რჯულიდან განუდგებით? ვინც თავის რჯულს განუდგება, უზენაეს ალლაჰს ზიანს ვერ მიაყენებს. საკუთარ თავს მიაყენებს ზიანს. ვინც თავის რჯულს არ განუდგება, მათ უზენაესი ალლაჰი სევაბებს მიანიჭებს.“ საჰაბეებს დარიგება მისცა და წესრიგი აღადგინა.14 ამრიგად, ყველამ ირწმუნა, რომ ალლაჰის შუამავალი გარდაიცვალა. მწუხარება და დარდი საჰაბეებს გულში მოწამლული ხანჯალივით ჩაესო. თვალები ტიროდნენ, ცრემლი ნიაღვარივით მოედინებოდა, მონატრების ცეცხლი ყველას გულ-ღვიძლს უწვავდა. საჰაბეებმა (ალეიჰიმურრიდვან) პირველ საქმედ ყველა საქმის სამართავად ჰაზრეთი ებუ ბექირი ხალიფად აირჩიეს. ერთგულების ფიცი (ბიათი) დაუდეს, დაემორჩილნენ და საქმეების მისი ბრძანებით წარმართვას შეუდგნენ.15 უკეთილშობილესი შუამავალი ჰიჯრეთის მეთერთმეტე წელს (ჩვ. წ. 632), რებიულ ევველის თვის 12-ში, ორშაბათს, შუადღემდე გარდაიცვალა. მაშინ მთვარის წელთაღრიცხვით 63 (მზის წელთაღრიცხვით 61) წლისა იყო.16
შუამავალი განბანეს ჰაზრეთი ალიმ, ჰაზრეთი აბბასმა, ჰაზრეთი ფადლ ბინ აბბასმა და ჰაზრეთი უსამე ბინ ზეიდმა.17
„უზენაესი ალლაჰის წყალობასა და სიკეთეს მიენდეთ. მას ჩაეჭიდეთ და მისი იმედი გქონდეთ. ნუ მოთქვამთ! ნამდვილი უბედური ის არის, ვინც სევაბს (ჯილდოს) მოკლებული რჩება!“ ჰიზირი (ალეიჰისსელამ)
მიჰრაბი შერიფი – რავზაი მუთაჰჰარა / მესჯიდი ნებევი
შუამავლის (ალეიჰისსალათუ ვესსელამ) დალოცვილი მეჩეთის ნაწილი,
რომელსაც „რავზაი მუთაჰჰარა / სამოთხის ბაღი“ ეწოდება.
ჩანს მიჰრაბი, სადაც ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იმამად
ნამაზს ატარებდა.
თუმცა ამ ფოტოზე არ ჩანს, მარცხნივ მისი დალოცვილი საფლავია
(ჰუჯრეი სეადეთი).
მინბარი შერიფი – რავზაი მუთაჰჰარა / მესჯიდი ნებევი
ჩანს მინბარი, საიდანაც ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) კითხულობდა პარასკევის (ჯუმის) ჰუტბეს. მაშინდელი დალოცვილი მინბარი სამსაფეხურიანი და ერთი მეტრის სიმაღლისა იყო. ის 654 (ჩვ. წ. 1256) წლის ხანძარში მთლიანად დაიწვა. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მინბარი გაკეთდა. დღევანდელი თორმეტსაფეხურიანი, შვიდი მეტრის სიმაღლის მარმარილოს მინბარი სტამბოლიდან სულთან მურად ხან III-ის მიერ ჰიჯრეთის 998 (ჩვ. წ. 1590) წელს არის გამოგზავნილი.
განბანვის დროს მისი დალოცვილი სხეულიდან ისეთი მუშკის სურნელი დაიფრქვა, რომლის მსგავსი აქამდე არავის უგრძნია. შემდეგ დალოცვილი პერანგის გაუხდელად სამჯერ განბანეს და ახალ თეთრ სამფენა სუდარაში შეახვიეს. ტახტრევანით გადაასვენეს და მეჩეთში მიაბრძანეს. როგორც ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ადრე ბრძანა, ყველა მეჩეთიდან გავიდა. ანგელოზები ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ და მისი დაკრძალვის ნამაზს ასრულებდნენ. როცა ანგელოზებმა დაასრულეს, ხმამ, რომლის პატრონიც არ ჩანდა, თქვა: „შედით! თქვენი შუამავლის დაკრძალვის ნამაზი შეასრულეთ!“ ამაზე საჰაბეები შევიდნენ. ისინიც ჯგუფ-ჯგუფად, იმამის გარეშე ასრულებდნენ ჩვენი საყვარელი შუამავლის დაკრძალვის ნამაზს. მხოლოდ ოთხშაბათ საღამომდე შეძლეს დასრულება. ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილი საფლავის გათხრისას საჰაბეებმა იმ ჰადისი შერიფს მიჰყვნენ, რომელიც მათ ჰაზრეთი ებუ ბექირმა შეახსენა: „შუამავლებს იქ კრძალავენ, სადაც სულს დალევენ.“ შუამავალი დაკრძალეს დალოცვილ საფლავში, რომელიც ლაჰდის სახით ჰაზრეთი ებუ ტალჰა ენსარიმ გათხარა, სამშაბათს ოთხშაბათთან დამაკავშირებელი ღამის (ოთხშაბათის ღამის) შუაღამისას. ჰაზრეთი აბბასის ვაჟი, ყუსემი, საფლავში სამსახური რომ დაასრულა, იქიდან უკანასკნელი ამოვიდა. მან თქვა: „ალლაჰის შუამავლის დალოცვილი სახე უკანასკნელად მე ვიხილე. მისი დალოცვილი ბაგეები ინძრეოდა. დავიხარე და ყური მივაპყარი. ევედრებოდა: ‚ჩემო უფალო! ჩემი უმმეთი!… ჩემო უფალო! ჩემი უმმეთი!…‘“18 იმ დღეს, როცა ჩვენი საყვარელი შუამავალი საიქიოს გადაბარგდა, ჰაზრეთი აბდულლაჰ ბინ ზეიდი შეევედრა: „ჩემო უფალო! ეს თვალი მხოლოდ იმისთვის მინდოდა, რომ შენი ჰაბიბის სხივით მოსილი დალოცვილი სახისთვის მეცქირა. როცა ის აღარ ჩანს, ახლა რაღად მინდა! ჩემო უფალო, თვალის ჩინი წამართვი!“ და დაბრმავდა…
როცა ალლაჰის შუამავალი გარდაიცვალა, მისმა პატივცემულმა მამიდამ, საფიიე ბინთი აბდულმუტტალიბმა (რადიალლაჰუ ანჰა), ეს გლოვის სიმღერა (მერსიიე) თქვა:
ალლაჰის შუამავალო! შენ იყავი ჩვენი იმედი,
შენ ყოველთვის სიკეთეს გვიკეთებდი.
შენ არასოდეს ყოფილხარ უსამართლოთაგანი,
შენ იყავი თანამგრძნობი და გზის მაჩვენებელი.
და ცოდნის ზღვა, რომლის აღწერაც შეუძლებელია.
დღეს მტირალთა გოდება შენთვისაა.
შენს გზას შეეწიროს ყველა ჩემი წინაპარი!
ჩემი ქონება, სული, მთელი ჩემი არსება შეგეწიროს.
ვაი! ახლა რომ ჩვენ შორის ცოცხალი იყავი,
რა ბედნიერნი ვიქნებოდით, რომ დარჩენილიყავი.
ეს უზენაესი ალლაჰის განაჩენია, „მოთმინება!“ – ვამბობთ,
არ ვიცით, რა ვქნათ, მხოლოდ ვგოდებთ და ვკვნესით.
ალლაჰის სალამი შენ, ალლაჰის შუამავალო!
ადნის სამოთხეში შედი და იქ დარჩი, ალლაჰის შუამავალო!
