რჯულიდან განდგომის მოძრაობები
ჩვენი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ოცდასამწლიანი შუამავლობის დროს მთელმა არაბეთის ნახევარკუნძულმა და სხვა მხარეებიდანაც ჯგუფ-ჯგუფად მოსულმა უამრავმა ადამიანმა ისლამი მიიღო. მათ უზენაესი ალლაჰი ირწმუნეს და ყოველ სიტყვასა და ყოველ საქმეში მის მიერ წარმოგზავნილ შუამავალს მიჰყვნენ. როცა ალლაჰის შუამავალი გარდაიცვალა, დედამიწაზე ას ოცდაოთხ ათასზე მეტი (ერთი გადმოცემით, დაახლოებით ას ორმოცდაათი ათასი) საჰაბე იყო. გამოსამშვიდობებელი ჰაჯის შემდეგ არაბებს შორის ზოგიერთმა ადამიანმა თავი შუამავლად გამოაცხადა. მათგან პირველი ბენი ანსის ტომიდან ესვედ ანესი იყო. მისი ნამდვილი სახელი აბჰელე ბინ ქა’ბი იყო. სხვადასხვა ხრიკით იემენის მცხოვრებთაგან ბევრი მოატყუა. ნეჯრანის მკვიდრნიც მას გაჰყვნენ. სან’ა დაიპყრო და ფითნის (არეულობის) წრე გააფართოვა. ალლაჰის შუამავალი, მიუხედავად ავადმყოფობისა, დიდ ყურადღებას აქცევდა ესვედ ანესის მსგავსი მატყუარების მიერ მიყენებულ ზიანს. შუამავალს ვაჰიით ეუწყა, რომ ეს მატყუარა მოკლეს. ალლაჰის შუამავალმა ეს სასიხარულო ამბავი საჰაბეებს მეორე დღეს ახარა: „წუხელ მატყუარა ესვედ ანესი ჩვენი ერთ-ერთი ძმის ხელით მოკლეს.“
ჩვენი შუამავლის გარდაცვალების შემდეგ მუნაფიყების, იუდეველებისა და ქრისტიანების წაქეზებით ჯგუფ-ჯგუფად დაიწყო ირთიდადის (რჯულიდან განდგომის) მოძრაობები. ამ მოძრაობებმა დიდ მასშტაბებს მიაღწია. ალლაჰის შუამავლის გარდაცვალების შემდეგ საჰაბეებმა (ალეიჰიმურრიდვან) ერთსულოვნად აირჩიეს ებუ ბექირ სიდდიყი (რადიალლაჰუ ანჰ) ხალიფად. მომთაბარე არაბთა ნაწილმა, რომლებიც თავს მუსლიმებად აჩვენებდნენ, მაგრამ ისლამი გულით ჯერ არ შეეთვისებინათ, შუამავლის გარდაცვალება ხელსაყრელ შემთხვევად ჩათვალა და ფარძი ღვთისმსახურებების, განსაკუთრებით ზექათის გაღებაზე, უარი თქვა. საჰაბეები (რადიალლაჰუ თეალა ანჰუმ ეჯმაინ), რომლებიც მათთან დავალებით მიდიოდნენ, დახოცეს და ამგვარად შეჰიდები გახადეს. მუსლიმები იყვნენ, მაგრამ ისლამის რჯული მიატოვეს. მურთედები გახდნენ. იემენსა და სხვა ადგილებში მყოფმა მოხელეებმა დაბრუნება და ცუდი ამბების მოტანა დაიწყეს. ირთიდადის საფრთხე უეცრად გაიზარდა. ყველა შიშმა შეიპყრო. მურთედების რიცხვთან შედარებით მუსლიმები ძალიან ცოტანი იყვნენ. ებუ ბექირ სიდდიყმა (რადიალლაჰუ ანჰ) მურთედებთან ბრძოლა გადაწყვიტა. მედინაზე შესატევად მომზადებულ მტერს ღამით ძლიერი იერიში მიიტანა და დილამდე იბრძოდა. ყველა გაფანტა. შორს მყოფ მურთედებთან საბრძოლველად წასასვლელად აქლემზე შეჯდა.
ჰაზრეთი აიშემ თქვა: „იმ დღეებში, როცა არაბები რჯულიდან განდგნენ, მამაჩემმა ხმალი იშიშვლა და აქლემზე შეჯდა; მაშინ ჰაზრეთი ალი მივიდა მასთან, აქლემს ლაგამში ხელი ჩაავლო და უთხრა: ‚ალლაჰის შუამავლის ხალიფავ! სად მიდიხარ? იმას გეტყვი, რაც ალლაჰის შუამავალმა უჰუდის ბრძოლაში გითხრა. იმ დღეს გითხრა: „ხმალი ქარქაშში ჩააგე! შენი სიკვდილით ნუ დაგვწვავ!“ ალლაჰს ვფიცავ, თუ რამე დაგემართა, შენს შემდეგ მუსლიმები წესრიგს ვეღარ ჰპოვებენ.‘“ ყველა საჰაბემ (რადიალლაჰუ თეალა ანჰუმ ეჯმაინ) ჰაზრეთი ალის სიტყვები დაადასტურა. ხალიფა მედინეი მუნევვერეში დაბრუნდა. მურთედების წინააღმდეგ რაზმები გაგზავნა. ჯერ მედინასთან ახლოს მცხოვრებ ოთხ ტომს დაესხა და დაიმორჩილა. შემდეგ თერთმეტი ტომის წინააღმდეგ რაზმები გაგზავნა. მათგან იქრიმეს მეთაურობით მყოფმა ლაშქარმა იემამეში მუსეილემეს ორმოცათასიან ლაშქარს ვეღარ გაუძლო.
„ჩემო საყვარელო შუამავალო! უთხარი მათ: ‚თუ ალლაჰი გიყვართ და გსურთ, რომ ალლაჰმაც შეგიყვაროთ, გამომყევით მე! ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც მე გამომყვება‘“ ალი იმრან: 31
ხალიფამ საშველად ჰალიდ ბინ ველიდი გაგზავნა. ჰალიდმა ტალიჰა ბინ ჰუვეილიდი, სუჯაჰ ბინთი ჰარისი და მალიქ ბინ ნუვეირე დაამარცხა და მედინაში დაბრუნდა. იემამეშიც დიდი გამარჯვება მოიპოვა. ოცი ათასი მურთედი მოკლა. ორი ათასამდე მუსლიმი შეჰიდად დაეცა. ამრ იბნი ასმაც ჰუზაას ტომი რწმენაზე მოაქცია. ალა ბინ ჰადრემიმ ბაჰრეინში მძიმე ბრძოლები გადაიხადა და მურთედები გაფანტა. ჰუზეიფე, არფეჯე და იქრიმე ომანსა და ბაჰრეინში გაერთიანდნენ და მურთედები დაამარცხეს. ათი ათასი მურთედი მოკლეს. ხალიფამ ჰალიდ ბინ ველიდი ერაყის მხარეს გაგზავნა. მან ჰირეში ჯიზიად ას ათასი ოქროს მონეტა აიღო. ჰურმუზის მეთაურობით მყოფი ირანის ლაშქარი დაამარცხა. ბასრასთან ოცდაათათასიანი ლაშქარი გაანადგურა. საშველად მოსული მტრის ლაშქრიდან სამოცდაათი ათასი ურწმუნო მოკლეს. შემდეგ სხვადასხვა ბრძოლით დიდი ქალაქები აიღო. ხალიფამ მედინაში ლაშქარი შეკრიბა და ებუ უბეიდე შამის მხარეს, ამრ იბნი ასი კი პალესტინაში გაგზავნა. შემდეგ იეზიდ ბინ ები სუფიანი შამში მაშველად გაგზავნა. შემდეგ კვლავ შეკრიბა მეომრები და ჰაზრეთი მუ’ავიიე თავისი ძმის, იეზიდის, საშველად გაგზავნა. ჰალიდ ბინ ველიდიც ერაყიდან შამში გაგზავნა. ჰალიდმა ლაშქრის ნაწილი მუსენნასთან დატოვა და მრავალი ბრძოლითა და გამარჯვებით სირიაში მივიდა. ისლამის ლაშქრები გაერთიანდნენ და ეჯნადეინთან ბიზანტიის დიდი ლაშქარი დაამარცხეს. შემდეგ იერმუქთან ორმოცდაექვსი ათასმა ისლამის მეომარმა ჰერაკლიუსის ორას ორმოცი ათას მეომართან ხანგრძლივი და უმძიმესი ბრძოლების შემდეგ გაიმარჯვა. ას ათასზე მეტი ბიზანტიელი მეომარი მოკლეს. სამი ათასი მუსლიმი შეჰიდად დაეცა. ამ ბრძოლაში მუსლიმი ქალებიც იბრძოდნენ. გამოჩნდა მთავარსარდლის, ჰალიდ ბინ ველიდის, და რაზმის მეთაურის, იქრიმეს, გასაოცარი გმირობა. ყველა ეს გამარჯვება ხალიფას სიმამაცის, გენიალურობის, კარგი მმართველობისა და ბარაქის წყალობით იქნა მოპოვებული. ის აჯანყებები და ირთიდადის მოძრაობები, რომლებმაც შუამავლის გარდაცვალების შემდეგ ხანძარივით მოიცვა მთელი არაბეთის ნახევარკუნძული, ჰაზრეთი ებუ ბექირის აღმატებული შემართებით, ურყევი ნებითა და ლაშქარში გატარებული მიზანშეწონილი ღონისძიებებით მოკლე დროში, დაახლოებით ერთ წელიწადში, ჩაახშეს. ჰაზრეთი ომერმა (რადიალლაჰუ ანჰ) უსამეს ლაშქრის სირიაში გაგზავნასა და არეულობის აღკვეთაში დიდი სამსახური გასწია. აბდულლაჰ ბინ სუჰეილმა თავისი სიტყვებით ბევრს ააცილა რჯულიდან განდგომა. ებუ დუჯანემაც ძალიან დიდი სამსახური გასწია არეულობის ჩახშობაში. ნუ’მან ბინ მუყარრინმა და ჰალიდ ბინ სა’იდმა მურთედებთან ბრძოლებში მიიღეს მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ამრიგად, რადგან ირთიდადის ფითნის გავრცელების საშუალება არ მისცეს, დიდ უბედურებას აარიდეს თავი და ფითნის დიდი ცეცხლი, რომელიც ისლამის ერთობის შერყევას ემუქრებოდა, ჩააქრეს.
თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა, რომელიც მიხვდა, რომ თავის მიზნებს ღიად ვერ მიაღწევდა, და ირთიდადი სცადა, შემდგომ ხანებში ფითნის მოძრაობებშიც მიიღო მონაწილეობა. ისინი გახდნენ მუსლიმებს შორის რელიგიური და პოლიტიკური განხეთქილებების მიზეზი.
ისლამის ისტორიაში ამ ამბების შემდეგ რჯულის უარყოფისა და რჯულიდან განდგომის მნიშვნელობით დაიწყეს სიტყვების – „ირთიდადი“ (რჯულიდან განდგომა) და „მურთედი“ (რჯულიდან განდგომილი) – გამოყენება. მურთედებთან ბრძოლაში ჰაზრეთი ებუ ბექირს დიდი წვლილი მიუძღვის. ასეთი გონიერი ადამიანი რომ არ ყოფილიყო, საფრთხე მთელ არაბეთს მოედებოდა. ამიტომ ჰაზრეთი აიშემ თქვა: „როცა ალლაჰის შუამავლის სული წაიღეს, არაბები რჯულიდან განდგნენ. ნიფაყი (თვალთმაქცობა) იმძლავრა. მამაჩემს რაც თავს დაატყდა, მთებს რომ დასტყდომოდა, უეჭველად მტვრად აქცევდა!“1
ჰაზრეთი ებუ ჰურეირემაც თქვა: „ებუ ბექირი რომ არ ყოფილიყო, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) გარდაცვალების შემდეგ მუჰამმედის უმმეთი დაიღუპებოდა!“2 და: „ვფიცავ ალლაჰს, რომლის გარდა თაყვანისცემის ღირსი არავინაა: ებუ ბექირს ხალიფობა რომ არ ეკისრა, დიდებული ალლაჰის თაყვანისმცემელი აღარავინ დარჩებოდა!“ – და ეს სიტყვები სამჯერ გაიმეორა.
ებუ რეჯა უთარიდი ჰყვება: „მედინაში რომ შევედი, დავინახე, რომ ხალხი შეკრებილიყო და ერთი კაცი მეორეს თავზე კოცნიდა და ეუბნებოდა: ‚შენ შემოგევლე! ალლაჰს ვფიცავ, შენ რომ არ ყოფილიყავი, უეჭველად დავიღუპებოდით!‘ ვიკითხე: ‚ვინ არის ის, ვინც კოცნის, და ვინ არის ის, ვისაც კოცნიან?‘ მითხრეს: ‚მურთედებთან ღაზვის გამო ომერი ებუ ბექირს თავზე კოცნის!‘“3
ჰაზრეთი აიშე იმ დღეების შესახებ ასე ჰყვება: ალლაჰის შუამავლის გარდაცვალების შემდეგ არაბთა ბევრი ტომი რჯულიდან განდგა. მუსლიმები ისე დაიბნენ, თითქოს ბნელ ღამეში წვიმამ მოუსწროთ. მეტიც, იმ დროს მექქელთა უმრავლესობა ისლამიდან განდგომას აპირებდა. ჰაზრეთი სუჰეილ ბინ ამრი ქააბის კართან დადგა და მექქელებს მიმართა. გულში ჩამწვდომი სიტყვით მათი ეჭვები გაფანტა და რჯულიდან განდგომას ააცილა. უთხრა: „მექქელებო! თქვენ მუსლიმად გამხდართაგან უკანასკნელნი იყავით. ფრთხილად, ნუ იქნებით რჯულიდან განდგომილთა და ისლამიდან პირშექცეულთაგან პირველნი! ალლაჰს ვფიცავ, დიდებული ალლაჰი ამ საქმეს, როგორც შუამავალმა (ალეიჰისსელამ) ბრძანა, უეჭველად დაასრულებს! მე მოვისმინე, როგორ ბრძანა, როცა მარტო იდგა აი ამ ადგილას, სადაც ახლა მე ვდგავარ: ‚ჩემთან ერთად თქვით „ლა ილაჰე ილლალლაჰ“, რათა არაბები, თქვენ რომ დაგინახავენ, რჯულში შემოვიდნენ, ხოლო ვინც არაბი არ არის, ჯიზიე გადაგიხადოთ! ალლაჰს ვფიცავ, ირანის ხელმწიფის (ქისრას) და ბიზანტიის იმპერატორის (კაისერის) განძეულობა ალლაჰის გზაზე დაიხარჯება!‘
ხომ დაინახეთ, რომ ისინი, ვინც დასცინოდნენ, ზექათისა და სადაყის ამკრეფები გახდნენ. ალლაჰს ვფიცავ, დანარჩენიც აღსრულდება! ალლაჰს ვფიცავ, კარგად ვიცი: სანამ მზე ამოდის და ჩადის, ეს რჯული გაგრძელდება! თქვენ შორის მყოფმა იმ ადამიანებმა ნუ მოგატყუონ! რაც მე ვიცი, ისინიც იციან. მაგრამ ჰაშიმიანებისადმი შურმა მათ გულებს ბეჭედი დაასვა. ხალხო! მე ვარ ის ყურაიშელი, რომელსაც ხმელეთზეც და ზღვაზეც ყველაზე მეტი საზიდარი ჰყავს. თქვენს ემირს დაემორჩილეთ და ზექათი მას გადაეცით. თუ ისლამის საქმე ბოლომდე არ გაგრძელდება, მე თავდები ვარ, რომ თქვენს ზექათს დაგიბრუნებთ!“ – თქვა და ატირდა. ამაზე ხალხი დამშვიდდა.4
როცა სუჰეილ ბინ ამრმა თავისი გულში ჩამწვდომი სიტყვით მექქელებს ირთიდადი გადააფიქრებინა, მექქის გამგებელმა, ათთაბ ბინ ესიდმა, ხალხის წინაშე გამოსვლა შეძლო.
„ებუ ბექირი რომ არ ყოფილიყო, მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) გარდაცვალების შემდეგ მუჰამმედის უმმეთი დაიღუპებოდა!“ ებუ ჰურეირე (რადიალლაჰუ ანჰ)
ჰუჯრეი სეადეთი / მესჯიდი ნებევი
ჩვენი საყვარელი შუამავლისა (ალეიჰისსალათუ ვესსელამ) და მისი ორი საჰაბის, მუსლიმთა ორი თვალის ჩინის,
ჰაზრეთი ებუ ბექირისა და ჰაზრეთი ომერის (რადიალლაჰუ ანჰუმა) დალოცვილი საფლავების ხედი
წინიდან, ანუ ყიბლის მხრიდან.
სუჰეილ ბინ ამრი ბედრის ბრძოლაში ტყვეთა შორის იყო. ჰაზრეთი ომერს სურდა, რომ ის მოეკლათ. მაშინ შუამავალმა ჰაზრეთი ომერს უთხრა: „რატომ გინდა მისი მოკვლა? დაანებე, იქნებ ალლაჰმა ის ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომელიც შენც მოგეწონება. იმედია, ოდესმე ხალხს მიმართავს!“ ამრიგად, გაირკვა, რომ ჰადისი შერიფით ნაუწყები სასიხარულო ამბავი სწორედ სუჰეილ ბინ ამრის (რადიალლაჰუ ანჰ) ეს სიტყვა იყო, რომელიც მან მოსაწონ მდგომარეობაში წარმოთქვა.5 ჰაზრეთი ომერმაც, როცა სუჰეილის სიტყვა მოისმინა, გაიხსენა ის, რაც შუამავალმა ჰაზრეთი სუჰეილის შესახებ ბრძანა, და შუამავლის დაუსწრებლად თავი ვერ შეიკავა, რომ არ ეთქვა: „ვმოწმობ, რომ შენ ნამდვილად ალლაჰის შუამავალი ხარ!“6
შენი სიყვარული ყოველი სენის წამალია, ალლაჰის შუამავალო,
შენთან ყოველი საჭიროება სრულდება, ალლაჰის შუამავალო.
თვალები, შენი სხივი რომ იხილეს, არც მთვარეს უცქერენ, არც ვარსკვლავებს,
შენი სხივისგან ღამეც და დღეც ნათელია, ალლაჰის შუამავალო.
შენი ოფლისგან ვარდები იშლება, შენი სიტყვისგან – თაფლი და შაქარი,
შენით სნეული გულები განიკურნება, ალლაჰის შუამავალო.
ხელმწიფეთა საყვარელი ხარ, დარდისა და ოხვრის მკურნალი ხარ,
შენი შეფაათი ცოდვილისთვის სიხარულია, ალლაჰის შუამავალო.
მთვარე, მზე, შვიდი ვარსკვლავი – ყველა მწკრივად გაქებს,
შენი სიტყვის გარდა ყოველი სიტყვა შეცდომაა, ალლაჰის შუამავალო.
იბლისს შენი შურს – ო, რა სულელურია მისი მზაკვრობა,
რადგან შენ უყვარხარ, იდრისი ამაღლებულია, ალლაჰის შუამავალო.
შენი დოლები მარად ჟღერს, შენი სუნნეთი ხუთ ჟამში მტკიცედ დგას,
ვინც შენს კარს მოადგება, მიპატიჟებულია, ალლაჰის შუამავალო.
ეკლიანმა ბუჩქებმა აბრეშუმი ჩაიცვეს, უდაბნოებმა სურნელი დააფრქვიეს,
შენს გზაზე გადატანილი ტანჯვის ტკივილი ერთგულებაა, ალლაჰის შუამავალო.
ქანაანელი იუსუფი ფარულად მცირე ფასად გაყიდეს,
შენი ხილვა ჩემთვის ათას სულად ღირს, ალლაჰის შუამავალო.
შენი დალოცვილი საფლავი მიწაზე სხივით სავსე და ალერსიანია,
შენი სული კი ცათა შორის ცხადია, ალლაჰის შუამავალო.
დაუდზე შენი სამოსია, ჰალილის სახლში – შენი წყალობა,
მუსას ხელში შენი გაკვეთილი – კვერთხია, ალლაჰის შუამავალო.
შენი ადგილი – ქააბა და ზემზემი, მარად მყარი და მტკიცე,
ჰიზირი შენს უმმეთს ყოველ წამს წყალს ასმევს, ალლაჰის შუამავალო.
შეიიად ჰამზა იმ ხელმწიფეს სთხოვს, ოხვრისგან იხსნას,
შენი ქება ალლაჰის ბოძებაა, ალლაჰის შუამავალო.
შეიიად ჰამზა
„ვმოწმობ, რომ შენ ნამდვილად ალლაჰის შუამავალი ხარ!“ ჰაზრეთი ომერი (რადიალლაჰუ ანჰ)
ჯენნეთულ-ბაყი
მედინეი მუნევვერეში მდებარე ჯენნეთულ-ბაყი ის სასაფლაო იყო, სადაც ათასობით საჰაბის (რადიალლაჰუ ანჰუმ) აკლდამა იდგა.
აქ მდგარი ყველა ის მშვენიერი აკლდამა და საფლავი დაანგრიეს და ეს ადგილი, სამწუხაროდ, მინდვრად აქციეს.
ნელ-ნელა!
როცა აზრაილი თავს დაგადგება,
ფეხი და ხელი დაგიმსხვრევა – ნელ-ნელა.
ჩემმა უფალმა რჯული და რწმენა გიწყალობოს,
თვალებიდან ნიაღვარი წამოგივა – ნელ-ნელა.
მაღლა მფრენი გული ერთ დღეს დაიღლება,
საწონი სასწორი ერთ დღეს აიმართება.
ყველას ნაქმარს ერთ დღეს იკითხავენ,
მოტრიალდება კი, ჩემო უფალო, ენა – ნელ-ნელა?
სულ შენს ნეფსს მიჰყვებოდი, თევბე არ ჰქენი,
რაც იპოვე, ყველაფერი შეჭამე, მადლობა არ თქვი.
ბოლოს ამ შავ მიწაში მოხვედი,
ხელი წყდება ამ ქვეყანას – ნელ-ნელა.
საფლავზე ქვას აგიმართავენ,
ერთ მუჭა მიწაზე დადებ თავს.
მამა შვილს ვეღარ ხედავს, ვერც ძმა – ძმას,
მიდის გზა, საიდანაც დაბრუნება არ არის – ნელ-ნელა.
ქაფურიან თბილ წყალს მოამზადებენ,
იმ ნაზ სხეულს სულ გაგიხდიან.
რომ მოკვდი, მეზობლები და ნათესავები გაიგებენ,
მეგობრები უკან ბრუნდებიან – ნელ-ნელა.
