მეორე ნაწილი საფლავის ცხოვრება
შუამავალი თავის საფლავში ცოცხალია
შუამავლები თავიანთ საფლავებში ცოცხლები არიან ჩვენთვის უცნობი ცხოვრებით. ევლიაები და შეჰიდებიც ცოცხლები არიან. ისინი მხოლოდ სახელით როდი არიან ცოცხლები. ისინი ნამდვილად ცოცხლები არიან. სურა ალი იმრანის 169-ე წმინდა აიათში შინაარსით ნაბრძანებია: „უზენაესი ალლაჰის გზაზე მოკლულნი მკვდრებად ნუ შერაცხავთ! ისინი თავიანთ უფალთან ცოცხლები არიან. სარჩოს იღებენ.“
ეს წმინდა აიათი გვამცნობს, რომ შეჰიდები ცოცხლები არიან. შუამავლები კი, რა თქმა უნდა, შეჰიდებზე წინ და მათზე მაღლა დგანან. ისლამის სწავლულების თანახმად, ყოველი შუამავალი შეჰიდად გარდაიცვალა. ალლაჰის შუამავალმა თავისი უკანასკნელი ავადმყოფობის დროს ბრძანა: „ჰეიბერში შეჭმული საჭმლის ტკივილს ყოველთვის ვგრძნობდი.“1 ეს ჰადისი შერიფი გვამცნობს, რომ ალლაჰის შუამავალი შეჰიდად გარდაიცვალა. ამიტომ აქედანაც ჩანს, რომ შუამავალი, ყველა შეჰიდის მსგავსად, თავის საფლავში ცოცხალია.
„ბუჰარიში“ და „მუსლიმში“ მოყვანილ ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „მი’რაჯის ღამეს მუსას (ალეიჰისსელამ) საფლავთან ჩამატარეს. საფლავში ფეხზე მდგარი ნამაზს ასრულებდა.“2
სხვა ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „უზენაესმა ალლაჰმა მიწას აუკრძალა შუამავლების სხეულების დაშლა.“3 რომ ეს ჭეშმარიტებაა, ამას სწავლულები ერთსულოვნად ადასტურებენ. „ბუჰარიში“ და „მუსლიმში“ წერია: „უზენაესმა ალლაჰმა მი’რაჯის ღამეს ყველა შუამავალი ჩვენს შუამავალთან მოავლინა. მან მათ იმამობა გაუწია და ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულეს.“
ნამაზი რუქუთი და სეჯდით სრულდება. ეს ამბავი გვიჩვენებს, რომ ისინი ცოცხლები, თავიანთი სხეულებით ასრულებდნენ ნამაზს. მუსას (ალეიჰისსელამ) მიერ საფლავში ნამაზის შესრულებაც იმავეს გვიჩვენებს. წიგნ „მიშქათის“ ბოლო ტომში, მი’რაჯის კარის პირველი ნაწილის ბოლოს, მუსლიმიდან აღებულ ჰადისი შერიფში, რომელიც ებუ ჰურეირემ გადმოგვცა, ნაბრძანებია: „უზენაესმა ალლაჰმა მიჩვენა. მუსა (ალეიჰისსელამ) ფეხზე მდგარი ნამაზს ასრულებდა; გამხდარი იყო. თმა არც აჩეჩილი ჰქონდა და არც ჩამოშლილი. შენეს ტომის ერთ ვაჟკაცს ჰგავდა. ისა (ალეიჰისსელამ) ურვე ბინ მეს’უდ სეყაფის ჰგავდა.“4 შენე იემენის ორი ტომის სახელია. ეს ჰადისი შერიფები გვიჩვენებს, რომ შუამავლები თავიანთ უფალთან ცოცხლები არიან. მათი სხეულები მათი სულების მსგავსად ნაზი (ლატიფი) გახდა. ისინი არც მკვრივია და არც მაგარი. მათი დანახვა შეიძლება როგორც მატერიალურ, ისე სულიერ სამყაროში. ამიტომ შუამავლები შეიძლება გამოჩნდნენ როგორც სულით, ისე სხეულით. ჰადისი შერიფში ნაუწყებია, რომ მუსა და ისა (ალეიჰიმესსელამ) ნამაზს ასრულებდნენ. ნამაზის შესრულება სხვადასხვა მოძრაობის შესრულებაა. ეს მოძრაობები სხეულით სრულდება და არა სულით. შუამავლის სიტყვები მუსაზე (ალეიჰისსელამ): „ვიხილე, საშუალო ტანისა იყო, გამხდარი, თმა მოწესრიგებული ჰქონდა“ – გვიჩვენებს, რომ მან მისი სხეული იხილა და არა სული.
„უზენაესი ალლაჰის გზაზე მოკლულნი მკვდრებად ნუ შერაცხავთ! ისინი თავიანთ უფალთან ცოცხლები არიან. სარჩოს იღებენ“ ალი იმრან: 169
იმამი ბეიჰეყიმ თქვა: „როცა შუამავლებს საფლავში ასვენებენ, მათი სულები სხეულებს უბრუნდება. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ანგელოზებივით უხილავნი არიან. მათ მხოლოდ რჩეული ადამიანები ხედავენ, რომლებსაც უზენაესი ალლაჰი ამას ქერამეთად უწყალობებს.“ იმამმა სუიუტიმაც ასე გვამცნო. ბევრს არაერთხელ გაუგონია, რომ ყაბრი სეადეთიდან (დალოცვილი საფლავიდან) სალამს პასუხი ეცემა. არაერთხელ გაუგონიათ, რომ სხვა საფლავებიდანაც ეცემა სალამს პასუხი.
ჰადისი შერიფშიც ნაბრძანებია: „როცა ვინმე სალამს მომცემს, უზენაესი ალლაჰი სულს დამიბრუნებს და მას ვუპასუხებ.“5
ჰაზრეთი იმამმა სუიუტიმ თქვა: „ალლაჰის შუამავალი ღვთიური მშვენიერების (ჯემალი ილაჰის) ჭვრეტაშია ჩაძირული. სხეულის გრძნობები დავიწყებული აქვს. როცა მუსლიმი სალამს აძლევს, მისი დალოცვილი სული ამ მდგომარეობიდან გამოდის და სხეულის გრძნობებს იძენს. ამქვეყნადაც ცოტა არ არიან ისინი, ვისაც ასე ემართება. როცა ადამიანი ამქვეყნიურ ან საიქიოს საქმეზე მეტისმეტად ფიქრობს, ვერ ესმის, რას ლაპარაკობენ მის გვერდით. ვინც ღვთიური მშვენიერების ჭვრეტაშია ჩაძირული, ნუთუ რაიმე ხმას გაიგონებს?“
ჰაზრეთი ყადი იიადი წიგნ „შიფაში“ სულეიმან ბინ სუჰაიმის გადმოცემას მოიყვანს: „ერთ ღამეს სიზმარში სამყაროს სიამაყე ვიხილე. ვუთხარი: ‚ალლაჰის შუამავალო! იცით თუ არა იმათი სალამი, ვინც მოდის და სალამს გაძლევთ?‘ მიბრძანა: ‚დიახ, ვიცი, მათ სალამს ვიღებ და ვპასუხობ.‘“ ჰადისი შერიფები, რომლებიც გვამცნობს, რომ შუამავლები თავიანთ საფლავებში ცოცხლები არიან, იმდენად ბევრია, რომ ერთმანეთს ამაგრებს. მაგალითად, ნაბრძანებია: „ჩემი საფლავის გვერდით ჩემთვის წაკითხულ სალავათს ვისმენ. შორეულ ადგილებში წაკითხულს კი მაუწყებენ.“ ეს ჰადისი შერიფი ებუ ბექირ ბინ ები შეიბემ გადმოგვცა. ეს და მისი მსგავსი ჰადისი შერიფები ჰადისის ექვსი დიდი იმამის წიგნებშია. ჰადისი შერიფში, რომელიც იბნი ებიდ-დუნიამ ჰაზრეთი აბდულლაჰ იბნი აბბასისგან გადმოგვცა, ნაბრძანებია: „თუ ვინმე ნაცნობის საფლავთან ჩაივლის და სალამს მისცემს, მიცვალებული მას ცნობს და პასუხს აძლევს. თუ სალამს ისეთ მიცვალებულს მისცემს, რომელსაც არ იცნობდა, მიცვალებული ხარობს და პასუხს აძლევს.“
თუ იკითხავენ, როგორ პასუხობს ალლაჰის შუამავალი ერთსა და იმავე დროს თითოეულს ცალ-ცალკე იმათგან, ვინც ქვეყნის ყველა კუთხიდან სალავათსა და სალამს უგზავნის, პასუხი ასეთია: ეს მზესავითაა, რომელიც შუადღისას ერთ წამში ათასობით ქალაქს ანათებს. ჰაზრეთი იბრაჰიმ ბინ ბიშარმა თქვა: „ჰაჯის შესრულების შემდეგ ყაბრი სეადეთის მოსანახულებლად მედინაში წავედი. ჰუჯრეი სეადეთის წინ სალამი მივეცი და პასუხი გავიგონე: ‚ვე ალეიქესსელამ.‘“
ერთ ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „სიკვდილის შემდეგაც ისე მესმის, როგორც ცოცხალს მესმოდა.“ სხვა ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „შუამავლები თავიანთ საფლავებში ცოცხლები არიან და ნამაზს ასრულებენ.“6
ძალიან სანდო წიგნებში წერია, რომ დიდ ევლიათაგან ერთ-ერთმა, ჰაზრეთი სეიიდ აჰმედ რიფაიმ, და ბევრმა სხვა ველიმ ალლაჰის შუამავლისთვის მიცემულ სალამზე პასუხი გაიგონეს, ხოლო აჰმედ რიფაის ალლაჰის შუამავლის დალოცვილი ხელის კოცნის პატივი ხვდა წილად. იმამი სუიუტი თავის წიგნში ამბობს: „მაღალი ხარისხის ევლიაები შუამავლებს ისე ხედავენ, თითქოს არ გარდაცვლილან. ის, რომ ჩვენმა შუამავალმა მუსა (ალეიჰისსელამ) თავის საფლავში ცოცხალი იხილა, სასწაული (მუ’ჯიზე) იყო. ევლიაების მიერ ასე ხილვა კი ქერამეთია. ქერამეთის უარყოფა უმეცრებისგან მოდის.“
ჰადისი შერიფში, რომელიც იბნი ჰიბბანმა, იბნი მაჯემ და ებუ დავუდმა გადმოგვცეს, ნაბრძანებია: „პარასკევ დღეებში ბევრი სალავათი მითხარით! ისინი მე მეუწყება.“ როცა ჰკითხეს: „სიკვდილის შემდეგაც გეუწყება?“, ბრძანა: „მიწა შუამავლების სხეულებს არ შლის. როცა მორწმუნე სალავათს მეტყვის, ერთი ანგელოზი მაუწყებს და მეტყვის: ‚შენი უმმეთიდან ამა და ამის შვილმა ამა და ამან სალამი შემოგითვალა და ვედრება აღავლინა.‘“
როგორც ალლაჰის შუამავალი, სანამ ცოცხალი იყო, თავისი საჰაბეებისთვის უზენაესი ალლაჰის მოწყალება და დიდი წყალობა იყო, ასევე გარდაცვალების შემდეგაც მთელი თავისი უმმეთისთვის დიდი წყალობაა. სიკეთეთა მიზეზია. ჰადისი შერიფში, რომელიც ბექირ ბინ აბდულლაჰ მუზენიმ გადმოგვცა, უკეთილშობილესმა შუამავალმა ბრძანა: „ჩემი სიცოცხლე თქვენთვის სასიკეთოა. თქვენ მიამბობთ და მეც გიამბობთ. როცა მოვკვდები, ჩემი გარდაცვალებაც თქვენთვის სასიკეთო იქნება. თქვენი საქმეები მე მეჩვენება. როცა თქვენს კარგ საქმეებს დავინახავ, უზენაეს ალლაჰს ქება-დიდებას შევწირავ. როცა თქვენს ცუდ საქმეებს დავინახავ, თქვენთვის პატიებასა და შენდობას ვითხოვ.“7
ჰაზრეთი ყუსემ ბინ აბბასს ალლაჰის შუამავლის დაკრძალვაში მონაწილეობის პატივი ხვდა წილად. როცა საფლავში ყველაფერი გაკეთდა, საფლავიდან ის ამოვიდა უკანასკნელი. მან თქვა: „ალლაჰის შუამავლის დალოცვილი სახე უკანასკნელად მე ვიხილე. საფლავში მისი დალოცვილი ბაგეები ინძრეოდა. დავიხარე და ყური მივაპყარი. ამბობდა: ‚ჩემო უფალო! ჩემი უმმეთი!… ჩემო უფალო! ჩემი უმმეთი!…‘“8
შუამავლის ხილვა
შეიძლება თუ არა ალლაჰის შუამავლის ხილვა სიზმარში და ცხადში? თუ შეიძლება, თავად ის ჩანს თუ მისი მსგავსი? ჩვენმა სწავლულებმა ამაზე სხვადასხვა პასუხი გასცეს. რაკი ერთსულოვნად გვამცნეს, რომ ის საფლავში ცოცხალია, უმეტესობამ ბრძანა, რომ თავად ის ჩანს. რომ ეს ასეა, ჰადისი შერიფებიდანაც ჩანს. ერთ ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „ვინც სიზმარში მიხილავს, თითქოს ცხადში მიხილა.“9 ამიტომ ჰაზრეთი იმამმა ნევევიმ თქვა: „მისი სიზმარში ხილვა თავად მისი ხილვაა.“ ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „ვინც სიზმარში მიხილავს, ჭეშმარიტად მიხილა, რადგან ეშმაკი ჩემს სახეს ვერ მიიღებს.“10
„ვინც სიზმარში მიხილავს, თითქოს ცხადში მიხილა“ ჰადისი შერიფი
ჰაზრეთი იბრაჰიმ ლექანი ამბობს: „ჰადისის სწავლულებმა ერთსულოვნად გვამცნეს, რომ ალლაჰის შუამავლის ხილვა, ისევე როგორც სიზმარში, ცხადშიც შეიძლება.“ ორივე მდგომარეობისთვის ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. რამდენიმე მათგანს მოვიყვანთ:
ჰაზრეთი მუ’ინუდდინ ჩეშთი ყოველ ქალაქში, სადაც მივიდოდა, სასაფლაოებს მოინახულებდა და იქ გარკვეული დრო რჩებოდა. როცა მისულ ადგილას იცნობდნენ და განთქმული ხდებოდა, აღარ ჩერდებოდა და ისე, რომ არავის არაფერს ეტყოდა, ფარულად მიდიოდა. ამ მოგზაურობათაგან ერთ-ერთი მექქაში იყო. მექქეი მუქერრემეში რომ მივიდა, ქააბეი მუაზზამა მოინახულა. გარკვეული დრო მექქაში დარჩა, შემდეგ კი იქიდან მედინეი მუნევვერეში წავიდა. ერთ დღეს, როცა მედინეი მუნევვერეში ჩვენი შუამავლის დალოცვილ საფლავს ინახულებდა, აკლდამიდან ხმა გაისმა: „მუ’ინუდდინს დაუძახეთ!“ ამ ბრძანებისამებრ აკლდამის მცველმა დაიძახა: „მუ’ინუდდინ!“ რამდენიმე მხრიდან გაისმა: „აქ ვარ!“ შემდეგ უთხრეს: „რომელ მუ’ინუდდინს ეძებ? აქ მუ’ინუდდინად წოდებული ბევრი ადამიანია.“ მაშინ აკლდამის მცველი დაბრუნდა და რავზაი მუთაჰჰარას კართან დადგა. გაიგონა ხმა, რომელმაც ორჯერ დაიძახა: „მუ’ინუდდინ ჩეშთის დაუძახე!“ როცა აკლდამის მცველმა ეს ბრძანება გაიგონა, შეკრებილებს დაუძახა: „მუ’ინუდდინ ჩეშთის ეძებენ!“
როცა ჰაზრეთი მუ’ინუდდინ ჩეშთიმ ეს სიტყვები გაიგონა, სულ სხვა მდგომარეობაში ჩავარდა. ტირილით, ცრემლების ღვრითა და სალავათის კითხვით ჩვენი საყვარელი შუამავლის აკლდამას მიუახლოვდა და ზრდილობიანად დადგა. ამ დროს ხმა გაიგონა: „მეშაიხთა ყუტბო! შემოდი!“
ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „შენ ჩემი რჯულის მსახური ხარ. ინდოეთში უნდა წახვიდე. ინდოეთში წადი. იქ არის ქალაქი, რომელსაც ეჯმირი ჰქვია. იქ არის ჩემი შთამომავალი (შვილიშვილი) სახელად სეიიდ ჰუსეინი. ის იქ ჯიჰადისა და ღაზვის განზრახვით წავიდა. ახლა შეჰიდად დაეცა. ეჯმირი ურწმუნოთა ხელში ჩავარდნის პირასაა. შენი იქ წასვლის მიზეზითა და ბარაქით ისლამი გავრცელდება, ურწმუნოები კი დამცირდებიან, უძლურნი და უგავლენონი დარჩებიან.“ შემდეგ მას ერთი ბროწეული მისცა და ბრძანა: „ამ ბროწეულს ყურადღებით შეხედე და დაინახავ და მიხვდები, სად უნდა წახვიდე.“ ჰაზრეთი მუ’ინუდდინ ჩეშთიმ შუამავლის მიცემული ბროწეული აიღო, ისე შეხედა, როგორც უბრძანეს, და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაფერი მთლიანად იხილა. ჰაზრეთი აჰმედ რიფაი ჰაჯზე წავიდა. უკან დაბრუნებისას, როცა მედინეი მუნევვერეში უკეთილშობილესი შუამავლის დალოცვილ აკლდამას ინახულებდა, ამ შინაარსის ლექსი წარმოთქვა:
შორს ვიყავი, ბატონო, შენი მიწის საკოცნელად,
თავად ვერ მოვდიოდი, სულს ვგზავნიდი მოადგილედ.
ახლა კი შენი ხილვის წყალობა მხვდა წილად,
დალოცვილი ხელი მომეცი, ჩემმა ბაგემ აკოცოს, ჰაბიბო!
როცა ლექსი დასრულდა, ჩვენი საყვარელი შუამავლის საფლავიდან მისი დალოცვილი ხელი გამოჩნდა. სეიიდ აჰმედ რიფაიმ უდიდესი მოწიწებითა და პატივისცემით აკოცა შუამავლის დალოცვილ ხელს. იქ მყოფი ყველა ადამიანი გაოცებით უცქეროდა ამ ამბავს. შუამავლის დალოცვილი ხელის კოცნის შემდეგ რავზაი მუთაჰჰარას კარის ზღურბლზე დაწვა. ტირილით ევედრებოდა იქ შეკრებილ მთელ ჯემაათს: „ზედ დამაბიჯეთ და ისე გაიარეთ!“ სწავლულები იძულებულნი გახდნენ, სხვა კარებით გასულიყვნენ. ეს ქერამეთი ძალიან განითქვა და პირიდან პირში გადაცემით ჩვენს დღეებამდე მოაღწია. ჰაზრეთი იბნი აბიდინი რჯულის მიყოლით არის განთქმული, მისი ქერამეთები და მასზე მოთხრობილი ამბები ბევრია.
ხუთჯერად ნამაზში თეჰიიათის კითხვისას ალლაჰის შუამავალს საკუთარი თვალით ხედავდა. როცა ვერ ხედავდა, იმ ნამაზს თავიდან ასრულებდა. ისლამის უდიდეს სწავლულთაგან ერთ-ერთმა, მეორე ათასწლეულის მუჯედდიდმა (განმაახლებელმა), იმამი რაბბანი აჰმედ ფარუყი სერჰენდიმ თქვა: „დალოცვილი რამაზნის ბოლო დღეებში ძალიან მშვენიერი მდგომარეობა მეწვია. საწოლზე გაშოტილი ვიწექი. თვალები დახუჭული მქონდა. ვიგრძენი, რომ ვიღაც სხვა მოვიდა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა. და აჰა! ის იყო წინამორბედთა და მომდევნოთა სეიიდი, ბატონი. მაშინვე გონს მოვედი. ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა ბრძანა: ‚შენთვის იჯაზეთის დასაწერად მოვედი. არავისთვის დამიწერია ასეთი იჯაზეთი.‘ დავინახე, რომ იმ იჯაზეთის ტექსტში ამ ქვეყანასთან დაკავშირებული დიდი წყალობები ეწერა, ზურგზე კი – საიქიოსთან დაკავშირებული მრავალი მადლი.“
ჰაზრეთი აბდულყადირ გეილანი წიგნ „ღუნიეში“ ჰაზრეთი იბრაჰიმ თემიმისგან გადმოგვცემს: ჰიზირმა (ალეიჰისსელამ) მითხრა: „თუ ალლაჰის შუამავლის სიზმარში ხილვა გსურს, საღამოს (მაღრიბის) ნამაზის შესრულების შემდეგ ფეხზე დადგები და ღამის ნამაზამდე არავისთან ხმას არ გასცემ, ისე შეასრულებ საღამოს ნამაზის შემდეგ ევვაბინის ნამაზს. ყოველ ორ რექა’თში სალამს მისცემ.
ყოველ რექა’თში ერთხელ წაიკითხავ ‚ჰამდს‘, ანუ სურა ფათიჰას, და შვიდჯერ სურა იჰლასს. ღამის ნამაზს ჯემაათთან ერთად რომ შეასრულებ, სახლში მოხვალ და ვითრს შეასრულებ. როცა დასაძინებლად დაწვები, ორრექა’თიან ნამაზს შეასრულებ და ყოველ რექა’თში ‚ჰამდსა‘ და შვიდჯერ სურა იჰლასს წაიკითხავ. ნამაზის შემდეგ სეჯდეზე დაემხობი, შვიდჯერ უზენაეს ალლაჰს ისთიღფარს (პატიებას) შესთხოვ და შვიდჯერ იტყვი: ‚სუბჰანალლაჰი ველ-ჰამდუ ლილლაჰი ვე ლა ილაჰე ილლალლაჰუ ვალლაჰუ ექბერ ვე ლა ჰავლე ვე ლა ყუვვეთე ილლა ბილლაჰილ-ალიიილ-აზიმ‘. შემდეგ სეჯდიდან თავს ასწევ, ჩამოჯდები, ხელებს აღაპყრობ და იტყვი: ‚ია ჰაიიუ, ია ყაიიუმ, ია ზელ-ჯელალი ველ-იქრამ, ია ილაჰელ-ევველინე ველ-აჰირინ, ვე ია რაჰმანედ-დუნია ველ-აჰირეთი ვე რაჰიმეჰუმა, ია რაბბი, ია რაბბი, ია რაბბი, ია ალლაჰ, ია ალლაჰ, ია ალლაჰ‘.
შემდეგ ფეხზე დადგები და იმავე ვედრებას წაიკითხავ. შემდეგ სეჯდეზე დაემხობი და იმავე ვედრებას წაიკითხავ. შემდეგ სეჯდიდან თავს ასწევ, ყიბლისკენ მიბრუნდები, როგორც გსურს, ისე დაწვები და დაიძინებ. სანამ ძილი მოგერევა, შუამავალს დალოცვილ სალავათს ეტყვი.“
ვუთხარი: „მინდა მითხრა, ვისგან ისწავლე ეს ვედრება.“ ჰაზრეთი ჰიზირმა თქვა: „არ გჯერა ჩემი?“ ვუთხარი: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) ჭეშმარიტ შუამავლად მოავლინა, რომ მჯერა შენი.“
ჰიზირმა (ალეიჰისსელამ) თქვა: „მე იმ თავყრილობაზე ვიყავი, სადაც ალლაჰის შუამავალმა ეს ვედრება ასწავლა და ანდერძად დატოვა. ეს ვედრება იმისგან ვისწავლე, ვისაც მან ასწავლა.“ მეც ისე მოვიქეცი, როგორც ჰიზირმა (ალეიჰისსელამ) მითხრა. საწოლში შუამავლისთვის დალოცვილი სალავათის თქმა დავიწყე. შუამავლის ხილვის სიხარულით ძილი გამიფრთხა და დილამდე ვერ დავიძინე.
„ჰადისის სწავლულებმა ერთსულოვნად გვამცნეს, რომ ალლაჰის შუამავლის ხილვა, ისევე როგორც სიზმარში, ცხადშიც შეიძლება“ იბრაჰიმ ლექანი (რაჰმეთულლაჰი ალეიჰ)
დილის ნამაზი შევასრულე და ვიჯექი, სანამ მზე არ ამაღლდა. დუჰას ნამაზი, ანუ შუადღემდე დროის ნამაზი შევასრულე. ჩემთვის ვთქვი: „თუ საღამომდე ვიცოცხლებ, ისე მოვიქცევი, როგორც წუხელ მოვიქეცი.“ ამ დროს ჩამეძინა. სიზმარში ანგელოზები მოვიდნენ, წამიყვანეს და სამოთხეში შემიყვანეს. იქ ლალის, ზურმუხტისა და მარგალიტისგან ნაგები კოშკები და სასახლეები, თაფლის, რძისა და სამოთხის სასმელების მდინარეები ვიხილე. ანგელოზებს, რომლებმაც სამოთხეში შემიყვანეს, ვკითხე: „ეს კოშკი ვისთვისაა?“ ანგელოზებმა თქვეს: „მათთვის, ვინც იმ საქმეს აკეთებს, რაც შენ გააკეთე.“ სანამ სამოთხის საჭმლებით არ გამაძღეს და სამოთხის წყლები არ დამალევინეს, სამოთხიდან არ გამომიყვანეს. შემდეგ სამოთხიდან გამომიყვანეს და იქ დამაბრუნეს, სადაც ვიყავი.
შემდეგ ჩემთან მოვიდა ალლაჰის შუამავალი სამოცდაათ შუამავალთან და ანგელოზთა სამოცდაათ მწკრივთან ერთად – ორ მწკრივს შორის მანძილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მანძილის ოდენა იყო –, სალამი მომცა და ხელი მომკიდა. მაშინ ვუთხარი: „ალლაჰის შუამავალო! ჰიზირმა (ალეიჰისსელამ) მითხრა, რომ ეს ჰადისი შენგან მოისმინა.“ შუამავალმა ბრძანა: „ჰიზირმა მართალი თქვა; რაც მან გიამბო, ჭეშმარიტებაა. ჰიზირი დედამიწაზე მყოფთაგან ყველაზე სწავლულია. ის აბდალების მეთაურია. დედამიწაზე ალლაჰის მხედრობათაგანია.“
კვლავ ვუთხარი: „ალლაჰის შუამავალო! ამ საქმის შემსრულებლისთვის, იმის გარდა, რაც მე ვიხილე, სხვა საზღაურიც არის?“ ბრძანა: „რა საზღაური შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, რაც შენ იხილე, რაც შენ გებოძა? შენ სამოთხეში შენი ადგილი და შენი ხარისხი იხილე. სამოთხის ხილი ჭამე და მისი სასმელებიდან სვი. ჩემთან ერთად ანგელოზები და შუამავლები იხილე. ჰურიები იხილე.“
ვუთხარი: „ალლაჰის შუამავალო! ვინც იმ საქმეს გააკეთებს, რაც მე გავაკეთე, მაგრამ სიზმარში ვერ იხილავს იმას, რაც მე ვიხილე, მასაც მიეცემა ის, რაც მე მებოძა?“ ბრძანა: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც მე ჭეშმარიტ შუამავლად მომავლინა: იმ ადამიანს მის მიერ ჩადენილი დიდი ცოდვები მიეტევება. უზენაესი ალლაჰის რისხვა იმ ადამიანის მიმართ გაქრება. ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც მე ჭეშმარიტ შუამავლად მომავლინა: ვინც ამ საქმეს გააკეთებს, თუნდაც სიზმარში ვერ იხილოს ის, რაც შენ იხილე, მასაც მიეცემა ის, რაც შენ მოგეცა. ციდან ხმა დაიძახებს: ‚უზენაესმა ალლაჰმა აპატია ამ საქმის შემსრულებელს და მუჰამმედის უმმეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე.‘“
ვუთხარი: „ალლაჰის შუამავალო! როგორც მე ვიხილე შენი მშვენიერება და სამოთხე, იმ ადამიანსაც აქვს ამაში წილი?“ ბრძანა: „დიახ, ყველაფერი მიეცემა.“
როცა ვუთხარი: „ალლაჰის შუამავალო! შესაფერისია, რომ ეს ვედრება ყველა მორწმუნეს, კაცებსა და ქალებს, ვასწავლოთ და მისი სევაბები ვაუწყოთ?“, ბრძანა: „ვფიცავ უზენაეს ალლაჰს, რომელმაც მე ჭეშმარიტ შუამავლად მომავლინა: ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს, გარდა იმათისა, ვინც უზენაესმა ალლაჰმა ბედნიერად (საიდად) გააჩინა.“ ვინც ჩვენს შუამავალს, მუჰამმედს (ალეიჰისსელამ), სიზმარში მისი ნამდვილი სახით იხილავს, უეჭველად მას იხილა, რადგან ეშმაკი მის სახეს ვერ მიიღებს. თუმცა ეშმაკს შეუძლია სხვა სახე მიიღოს და გამოჩნდეს. ვინც ალლაჰის შუამავალს არ იცნობს, მისთვის ამის გარჩევა ადვილი არ არის. ზოგიერთმა სწავლულმა თქვა: „შუამავლის სხვა სახით ხილვაც მისი ხილვაა. მაგრამ ეს იმ ადამიანის რჯულში ნაკლოვანების ნიშანია. ყველა, ვინც შუამავალს სიზმარში მისი ნამდვილი სახით იხილავს და მორწმუნედ მოკვდება, სამოთხეში შევა.“
ებუ ჰურეირემ შუამავლის ეს ჰადისი შერიფი გადმოგვცა: „თუ ვინმე პარასკევის ღამეს ორრექა’თიან ნამაზს შეასრულებს, ყოველ რექა’თში ერთხელ ფათიჰასა და აიათულ-ქურსის, თხუთმეტჯერ კი სურა იჰლასს წაიკითხავს და ნამაზის შემდეგ ათასჯერ იტყვის: ‚ალლაჰუმმე სალლი ალა მუჰამმედინ ნებიიილ-უმმიი‘, მომდევნო პარასკევის დადგომამდე სიზმარში მიხილავს. იმ ადამიანს წარსული და მომავალი ყველა ცოდვა მიეტევება. სამოთხე მათთვისაა, ვინც მე მიხილავს.“
შუამავლის დალოცვილი საფლავის მონახულება
სამყაროს სიამაყემ ბრძანა: „ვინც ჩემი გარდაცვალების შემდეგ მომინახულებს, თითქოს ცოცხალი მომინახულა.“ ჰადისი შერიფში, რომელიც წიგნ „მირათი მედინეშია“ მოყვანილი, ბრძანა: „ვინც ჩემს საფლავს მოინახულებს, მისთვის ჩემი შეფაათი ვაჯიბი გახდა.“ ამ ჰადისი შერიფს იბნი ჰუზეიმე, ბეზზარი, დარეყუტნი და ტაბერანი გადმოგვცემენ. სხვა ჰადისი შერიფში, რომელიც ჰაზრეთი ბეზზარმა გადმოგვცა, ნაბრძანებია: „ვინც ჩემს საფლავს მოინახულებს, მისთვის ჩემი შეფაათი ჰალალი გახდა.“ ჰადისი შერიფში, რომელიც „მუსლიმი შერიფშია“ და ებუ ბექირ ბინ მექქარის წიგნ „მუჯემშია“ მოყვანილი, ნაბრძანებია: „თუ ვინმე ჩემს მოსანახულებლად მოვა და სხვა განზრახვა არ ექნება, განკითხვის დღეს დაიმსახურებს, რომ მას შეფაათი გავუწიო.“ ეს ჰადისი შერიფი გვამცნობს, რომ ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) შეფაათს გაუწევს მათ, ვინც მის მოსანახულებლად მედინაში მოდის.
ფრთხილად, ზრდილობა არ დაკარგო – ეს ალლაჰის საყვარლის ქუჩაა,
ეს ღვთიური მზერის ადგილია, ეს მუსტაფას სადგომია!
ცაზე ახალი მთვარე – ბაბუს-სელამის წინაშე გულმკერდგაპობილია,
ჯევზას თანავარსკვლავედი მისი კანდელია; ეს სხივისა და ნათლის სათავეა.
ეს დიდებულის ჰაბიბის განსასვენებელია; თავისი ღირსებით
ეს ადგილი დიდებული ალლაჰის არშზეც მაღლა დგას.
ამ მიწის ნათებით გაქრა არყოფნის წყვდიადი,
ყველა ქმნილებამ, თვალებზე სურმად რომ ისვამდა, სიბრმავისგან იხსნა თავი.
ნაბი, ამ სავანეში ზრდილობის დაცვის პირობით შედი,
ეს წმინდა ანგელოზთა თავაფის ადგილია, შუამავალთა მიწის საკოცნელია!
ნაბი
დარეყუტნის მიერ გადმოცემულ სხვა ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „ვინც ჰაჯს შეასრულებს და მე არ მომინახულებს, მან მე მაწყენინა.“ ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იმიტომ სურს, რომ მოინახულონ, რათა მისმა უმმეთმა ამ გზითაც მოიპოვოს სევაბი. ამიტომ ჩვენი ფიყჰის სწავლულები ჰაჯის მოვალეობის შესრულების შემდეგ მედინეი მუნევვერეში მოდიოდნენ და დალოცვილ მეჩეთში ნამაზს ასრულებდნენ. შემდეგ ინახულებდნენ რავზაი მუთაჰჰარას, მინბარი მუნირს და არში ა’ლაზე უფრო აღმატებულ წმინდა საფლავს, ასევე ადგილებს, სადაც ალლაჰის შუამავალი იჯდა, დადიოდა და ეყრდნობოდა, სვეტს, რომელსაც ეყრდნობოდა, როცა ვაჰიი მოდიოდა, და ადგილებს, სადაც გადიოდნენ საჰაბეები და თაბიინები, რომლებიც მეჩეთის აშენებასა და შეკეთებაზე მუშაობდნენ და რომლებსაც მისთვის ქონებისა და ფულის გაღების პატივი ხვდათ წილად. ამ ადგილების ცქერით ბარაქას იძენდნენ. მათ შემდეგ მოსული სწავლულები და სალიჰი (კეთილი) ადამიანებიც ჰაჯის შემდეგ მედინაში მოდიოდნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც ჩვენი ფიყჰის სწავლულები. ჰაჯები დღესაც, ისევე როგორც გუშინ, ამ წესის ერთგულნი რჩებიან და მედინეი მუნევვერეში წმინდა ადგილებს ინახულებენ.
„თუ ვინმე ჩემს მოსანახულებლად მოვა და სხვა განზრახვა არ ექნება, განკითხვის დღეს დაიმსახურებს, რომ მას შეფაათი გავუწიო“ ჰადისი შერიფი
ისლამის სწავლულთა მზემ, ჰაზრეთი ებუ ჰანიფემ, ბრძანა: „ყაბრი სეადეთის მონახულება, რომელიც ყველაზე აღმატებულ მუსთეჰაბებს შორისაა, ვაჯიბის ხარისხთან ახლოს მდგომი ღვთისმსახურებაა.“ ვინც ალლაჰის შუამავლის დალოცვილი საფლავის მოსანახულებლად მიდის, მან ბევრი დალოცვილი სალავათი უნდა თქვას. ჰადისი შერიფში ნაუწყებია, რომ ეს წარმოთქმული სალათი და სალამი შუამავალს აღწევს. ჩვენი საყვარელი შუამავლის მონახულების წესები (ადაბი) ასე გვეუწყა:
როცა შორიდან ქალაქი მედინეი მუნევვერე გამოჩნდება, სალათი და სალამი უნდა ითქვას. შემდეგ იტყვიან: „ალლაჰუმმე ჰაზა ჰარემუ ნებიიიქე, ფეჯალჰუ ვიყაიეთენ ლი მინენ-ნარი ვე ემანენ მინელ-აზაბი ვე სუილ-ჰისაბ.“ თუ შესაძლებელია, ქალაქში ან მეჩეთში შესვლამდე ღუსლს იღებენ. სურნელს ისხამენ. ახალ, სუფთა ტანსაცმელს იცვამენ, რადგან ეს მოწიწებასა და პატივისცემას გამოხატავს. მედინეი მუნევვერეში მორჩილად, ღირსეულად და მშვიდად შედიან. სიტყვების „ბისმილლაჰი ვე ალა მილლეთი რესულილლაჰ“ შემდეგ სურა ისრას 80-ე წმინდა აიათი უნდა წაიკითხონ. მის შემდეგ კი სიტყვებით „ალლაჰუმმე სალლი ალა მუჰამმედინ ვე ალა ალი მუჰამმედ. ვაღფირ ლი ზუნუბი ვეფთაჰ ლი ებვაბე რაჰმეთიქე ვე ფადლიქე“ მესჯიდი ნებევიში შედიან. შემდეგ ალლაჰის შუამავლის მინბართან ორი რექა’თი თეჰიიეთულ-მესჯიდის ნამაზი უნდა შეასრულონ ისე, რომ მინბარის სვეტი მარჯვენა მხრის პირდაპირ იყოს. ჩვენი საყვარელი შუამავალი აქ ასრულებდა ნამაზს. ეს ადგილი შუამავლის საფლავსა და მის მინბარს შორისაა. ჰადისი შერიფში ნაბრძანებია: „ჩემს საფლავსა და ჩემს მინბარს შორის სამოთხის ბაღთაგან ერთი ბაღია. ჩემი მინბარი ჩემს აუზზე დგას.“11 შემდეგ უზენაესი ალლაჰის წინაშე სეჯდე უნდა აღასრულონ იმისთვის, რომ ალლაჰის შუამავლის დალოცვილი საფლავის მონახულება უწყალობა.
ვედრების შემდეგ უნდა ადგნენ, შუამავლის დალოცვილ საფლავთან, ჰუჯრეი სეადეთთან, მივიდნენ და ზურგით ყიბლისკენ, ალლაჰის შუამავლის დალოცვილი სახის პირისპირ, დაახლოებით ორი მეტრის მოშორებით ზრდილობიანად დადგნენ. უფრო ახლოს არ მიდიან. უნდა იყვნენ მორჩილებასა და თავმდაბლობაში (ჰუშუ და ჰუდუ) და ალლაჰის შუამავლის წინაშე ისე ზრდილობიანად იდგნენ, როგორც უზენაესმა ალლაჰმა წმინდა ყურანში ბრძანა, თითქოს ის ცოცხალია და მის წინაშე დგანან. სიმშვიდე და ღირსება არ უნდა მიატოვონ. ხელს წმინდა საფლავის კედლებზე არ ადებენ, არამედ მოშორებით ზრდილობიანად დგომა უფრო შეესაბამება პატივისცემას. ნამაზში მდგომივით უნდა იდგნენ. გონებაში ალლაჰის შუამავლის დალოცვილი, ნაზი სახე უნდა წარმოიდგინონ და იფიქრონ, რომ მან იცის მათ შესახებ, ესმის მათი სიტყვა, სალამი და ვედრებები, პასუხობს და „ამინ“-ს ამბობს, რადგან ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ვინც ჩემს საფლავთან სალავათს მეტყვის, მე მას ვისმენ.“ ასევე ჰადისი შერიფში ნაუწყებია, რომ ალლაჰის შუამავლის დალოცვილ საფლავთან ერთი ანგელოზი მოადგილედ არის დატოვებული და ეს ანგელოზი მას მისი უმმეთიდან სალამის მიმცემთა სალამს გადასცემს. შემდეგ უნდა თქვან: „ესსელამუ ალეიქე ია სეიიდი ია რესულალლაჰ! ესსელამუ ალეიქე ია ნებიიალლაჰ! ესსელამუ ალეიქე ია საფიიალლაჰ! ესსელამუ ალეიქე ია ჰაბიბალლაჰ! ესსელამუ ალეიქე ია ნებიიერ-რაჰმეთი! ესსელამუ ალეიქე ია შეფიალ-უმმეთი! ესსელამუ ალეიქე ია სეიიდელ-მურსელინ! ესსელამუ ალეიქე ია ჰათემენ-ნებიიინ!“
„უზენაესმა ალლაჰმა უმაღლესი ჯილდო და საზღაური გიბოძოს. ვმოწმობ, რომ შენ შენი შუამავლობის მოვალეობა აღასრულე. მინდობილი (ემანეთი) გადაეცი. შენს უმმეთს დარიგება მიეცი. უზენაესი ალლაჰის გზაზე იბრძოდი, სანამ იაყინი (სიკვდილი) არ გეწვია. უზენაესმა ალლაჰმა განკითხვის დღემდე გიგზავნოს სალათი და სალამი. ალლაჰის შუამავალო! შენთან ძალიან შორეული მხარეებიდან მოვედით. მოვედით, რათა შენი დალოცვილი საფლავი მოგვენახულებინა, შენი უფლება აღგვესრულებინა, შენი ნამოქმედარი ადგილზევე გვეხილა, შენი მონახულებით ბარაქა მოგვეპოვებინა და გვეთხოვა, რომ უზენაეს ალლაჰთან შეფაათი გაგვიწიო, რადგან ჩვენმა შეცდომებმა წელში მოგვხარა. ჩვენი ცოდვები მხრებს გვიმძიმებს. ალლაჰის შუამავალო! შენ შეფაათის გამწევიც ხარ და ისიც, ვისი შეფაათიც მიიღება. მაყამი მაჰმუდი შენ აღგეთქვა. უზენაესი ალლაჰიც წმინდა ყურანში (სურა ნისას 64-ე წმინდა აიათში, შინაარსით) ბრძანებს: ‚ჩვენ ყოველი შუამავალი მხოლოდ იმისთვის წარმოვგზავნეთ, რომ უზენაესი ალლაჰის ბრძანებით (იმათ, ვისთანაც წარიგზავნა,) დამორჩილებოდნენ. ისინი, მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცნენ (თავს ზიანი მიაყენეს), შენთან რომ მოსულიყვნენ და უზენაესი ალლაჰისგან პატიება ეთხოვათ, და ჩემს შუამავალსაც მათთვის მიტევება ეთხოვა, უეჭველად დაინახავდნენ, რომ უზენაესი ალლაჰი სინანულის მიმღები და მოწყალეა.‘ ჩვენ შენს წინაშე მოვედით. ჩვენ კი საკუთარ თავს უსამართლოდ მოვექეცით. ვითხოვთ, რომ ჩვენი ცოდვები მოგვეტევოს. ალლაჰის შუამავალო! უზენაეს ალლაჰთან შეფაათი გაგვიწიე. ალლაჰის შუამავალო! უზენაეს ალლაჰს შესთხოვე, რომ ჩვენი სულები შენს სუნნეთზე მყოფთ წაგვართვას, ხვალ, განკითხვის დღეს, შენთან ერთად მაჰშერის მოედანზე მოსულთა შორის შეგვიყვანოს და შენს აუზთან მისვლა და მისგან დალევა გვიწყალობოს. ალლაჰის შუამავალო! შენს შეფაათს ვითხოვთ“, – ასე უნდა აღავლინონ ვედრება. შემდეგ სურა ჰაშრის მე-10 წმინდა აიათი უნდა წაიკითხონ, რომლის შინაარსია: „… ჩვენო უფალო! მოგვიტევე ჩვენ და ჩვენს ძმებს, რომლებმაც რწმენით ჩვენზე ადრე განვლეს! ნუ დატოვებ ჩვენს გულებში ბოღმას მორწმუნეთა მიმართ! ჩვენო უფალო! ჭეშმარიტად, შენ ხარ თანამგრძნობი და მწყალობელი!“
შემდეგ, როცა სალამის გამომგზავნელთა სალამს გადასცემენ, უნდა თქვან: „ესსელამუ ალეიქე ია რესულალლაჰ! ესა და ეს გთხოვს, რომ უზენაეს ალლაჰთან შეფაათი გაუწიო. შეფაათი გაუწიე მას და ყველა მუსლიმს“, და იმდენი სალავათი თქვან, რამდენიც სურთ.
შემდეგ ნახევარი მეტრით მარჯვნივ უნდა გადაინაცვლონ, ჰაზრეთი ებუ ბექირ სიდდიყის დალოცვილი თავის პირისპირ დადგნენ და ასე შეევედრონ: „ესსელამუ ალეიქე ია ჰალიფეთე რესულილლაჰ! ესსელამუ ალეიქე ია რეფიყაჰუ ფილ-ღარ! ესსელამუ ალეიქე ია ემინეჰუ ალელ-ესრარ! უზენაესმა ალლაჰმა, როგორც ამ უმმეთის იმამს, უმაღლესი ჯილდო და საზღაური გიბოძოს. ალლაჰის შუამავალს საუკეთესოდ ხალიფობდი. მის დიდებულ სუნნეთს საუკეთესოდ მიჰყვებოდი. იბრძოდი მურთედების (რჯულიდან განდგომილების) და ჭეშმარიტ გზას გადაცდენილთა წინააღმდეგ. ყოველთვის ჭეშმარიტებას ამბობდი. სანამ საიქიოს გადაბარგდებოდი, ჭეშმარიტ გზაზე მყოფთა შემწე იყავი. უზენაესი ალლაჰის სალამი, მოწყალება და ბარაქა იყოს შენზე! ჩემო ალლაჰო! შენი მოწყალებით ჩვენი სულები მისი სიყვარულით წაგვართვი. მისი მონახულება ამაოდ ნუ გვიქცევ!“
„ჩემს საფლავსა და ჩემს მინბარს შორის სამოთხის ბაღთაგან ერთი ბაღია. ჩემი მინბარი ჩემს აუზზე დგას“ ჰადისი შერიფი
შემდეგ კვლავ ნახევარი მეტრით მარჯვნივ უნდა გადაინაცვლონ, ჰაზრეთი ომერის საფლავის პირისპირ დადგნენ და თქვან: „ესსელამუ ალეიქე ია ემირელ-მუ’მინინ! ესსელამუ ალეიქე ია მუზჰირელ-ისლამ! ესსელამუ ალეიქე ია მუქსირელ-ესნამ! უზენაესმა ალლაჰმა უმაღლესი საზღაური და ჯილდო მოგცეს. სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც ისლამსა და მუსლიმებს ეხმარებოდი. ობლების მეურვე იყავი. ნათესავებს სიკეთეს უკეთებდი. მუსლიმებისთვის ისეთი წინამძღოლი იყავი, რომლითაც ისინი კმაყოფილნი იყვნენ, რომელიც თავად ჭეშმარიტ გზაზე (ჰიდაიეთზე) იდგა და ადამიანებს ჭეშმარიტი გზისკენ უძღვებოდა. მათი საქმეები მოაწესრიგე. მათი ღარიბები გაამდიდრე, მათი ჭრილობები შეუხვიე. უზენაესი ალლაჰის სალამი, მოწყალება და ბარაქა იყოს შენზე!“
შემდეგ ჰაზრეთი ებუ ბექირსა და ჰაზრეთი ომერს უნდა მიმართონ: „ესსელამუ ალეიქუმა ია დაჯიაი რესულილლაჰი ვე რეფიყაიჰი ვე ვეზირეიჰი ვე მუშირეიჰი ველ-მუავინეინი ლეჰუ ალელ-ყიამი ფიდ-დინი ველ-ყაიმეინი ბადეჰუ ბი მესალიჰილ-მუსლიმინ! უზენაესმა ალლაჰმა უკეთესი საზღაური მოგცეთ. ალლაჰის შუამავალთან შუამავლად (ვესილედ) გიხდით, რათა უზენაეს ალლაჰს სთხოვოთ, რომ ალლაჰის შუამავალმა შეფაათი გაგვიწიოს, რომ ჩვენი ღვაწლი მიიღოს, ისლამის რჯულზე მოგვაკვდინოს და კვლავ ისლამის რჯულზე აღგვადგინოს და განკითხვის დღეს ალლაჰის შუამავლის ახლობელთა შორის შეგვკრიბოს.“
შემდეგ უნდა ილოცონ საკუთარი თავისთვის, მშობლებისთვის, მათთვის, ვინც ვედრება სთხოვა, და ყველა მუსლიმისთვის. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავლის დალოცვილი სახის პირისპირ დამდგარმა ასე უნდა ილოცოს: „ჩემო ალლაჰო! შენ ბრძანებ (შინაარსით): ‚ჩვენ ყოველი შუამავალი მხოლოდ იმისთვის წარმოვგზავნეთ, რომ უზენაესი ალლაჰის ბრძანებით (იმათ, ვისთანაც წარიგზავნა,) დამორჩილებოდნენ. ისინი, მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცნენ (თავს ზიანი მიაყენეს), შენთან რომ მოსულიყვნენ და უზენაესი ალლაჰისგან პატიება ეთხოვათ, და ჩემს შუამავალსაც მათთვის მიტევება ეთხოვა, უეჭველად დაინახავდნენ, რომ უზენაესი ალლაჰი სინანულის მიმღები და მოწყალეა.‘12 ჩემო უფალო! შენი დიდებული სიტყვის მიყოლითა და შენი ბრძანების მორჩილებით ვითხოვთ, რომ შენმა საყვარელმა შუამავალმა შენს წინაშე შეფაათი გაგვიწიოს“, და შემდეგ წაიკითხოს ვედრება, რომელიც მანამდე წაიკითხა, ანუ სურა ჰაშრის მე-10 წმინდა აიათი (შინაარსით):
„… ჩვენო უფალო! მოგვიტევე ჩვენ და ჩვენს ძმებს, რომლებმაც რწმენით ჩვენზე ადრე განვლეს! ნუ დატოვებ ჩვენს გულებში ბოღმას მორწმუნეთა მიმართ! ჩვენო უფალო! ჭეშმარიტად, შენ ხარ დიდად თანამგრძნობი და მწყალობელი!“ შემდეგ აიათების – „რაბბენაღფირ ლენა ვე ლი აბაინა ვე ლი უმმეჰათინა ვე ლი იჰვანინელ-ლეზინე სებეყუნა ბილ-იმანი“, „რაბბენა ათინა…“ და „სუბჰანე რაბბიქე…“ – წაკითხვით ჰუჯრეი სეადეთის მონახულება უნდა დაასრულოს. შემდეგ უნდა მივიდეს ადგილას, რომელსაც რავზაი მუთაჰჰარა ჰქვია და ალლაჰის შუამავლის საფლავსა და მინბარს შორისაა. ეს კვადრატის ფორმის ადგილია. აქ იმდენი ნამაზი უნდა შეასრულოს, რამდენიც სურს. ვედრება აღავლინოს. თესბიჰები თქვას. უზენაეს ალლაჰს ქება-დიდება შესწიროს. შემდეგ მინბართან უნდა მივიდეს. ალლაჰის შუამავლის ბარაქის მასზე გადმოსვლის განზრახვით ხელი იმ ადგილას დადოს, სადაც შუამავალი ჰუტბის კითხვისას თავის დალოცვილ ხელს დებდა. აქ ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულოს. უზენაეს ალლაჰს სთხოვოს ის, რაც სურს. უზენაესი ალლაჰის რისხვისგან მის მოწყალებას შეეფაროს. შემდეგ იმ სვეტთან მივიდეს, რომელიც იმ ადგილასაა აღმართული, სადაც ოდესღაც ჰანნანეს სვეტი იდგა. ჰანნანე ის სვეტია, რომელიც ქვითინებდა, როცა ალლაჰის შუამავალმა ის მიატოვა და ჰუტბის წასაკითხად მინბარზე გადავიდა, და დამშვიდდა, როცა ალლაჰის შუამავალი ჩამოვიდა და გულში ჩაიკრა. შემდეგ იმ სვეტთან მივიდეს, რომელზეც ჰაზრეთი ებუ ლუბაბემ თავი მიიბა და თევბე (სინანული) მოიტანა. აქ ორრექა’თიანი ნამაზი შეასრულოს და უზენაესი ალლაჰის წინაშე თევბე და ისთიღფარი აღასრულოს. ის ვედრებები აღავლინოს, რომლებიც სურს.
იქ ყოფნის განმავლობაში ღამეები წმინდა ყურანის კითხვით, უზენაესი ალლაჰის ზიქრით, მინბარისა და საფლავის გვერდით ფარული და აშკარა ვედრებებით და რაბიტით უნდა გაატაროს. ალლაჰის შუამავლის მონახულების შემდეგ მუსთეჰაბია ბაყის სასაფლაოზე წასვლა და მისი მონახულებაც. შემდეგ სხვა საფლავები უნდა მოინახულოს, განსაკუთრებით სეიიდუშ-შუჰედას (შეჰიდთა ბატონის), ჰაზრეთი ჰამზას, საფლავი. ასევე ბაყიში უნდა მოინახულოს ჰაზრეთი აბბასი და იქ დაკრძალულები: ჰასან ბინ ალი, ზეინელაბიდინი, მისი ვაჟი მუჰამმედ ბაყირი და მისი ვაჟი ჯა’ფერ სადიყი, მორწმუნეთა ემირი ჰაზრეთი ოსმანი, ალლაჰის შუამავლის ვაჟი იბრაჰიმი, ალლაჰის შუამავლის იქ დაკრძალული წმინდა ცოლები, მისი მამიდა საფიიე და კიდევ ბევრი დიდი ადამიანი საჰაბეთა და თაბიინთაგან (რადიალლაჰუ ანჰუმ ეჯმაინ). ბაყიში მდებარე ფატიმას მეჩეთში ნამაზი უნდა შეასრულოს. ხუთშაბათს უჰუდის შეჰიდების მონახულება მუსთეჰაბია. იქ უნდა თქვას: „სელამუნ ალეიქუმ ბიმა სებერთუმ. ფენიმე უყბედ-დარ. სელამუნ ალეიქუმ ია ეჰლე დარილ-ყავმილ-მუმინინ ვე ინნა ინშააალლაჰუ ან ყარიბინ ბიქუმ ლაჰიყუნ.“ შემდეგ აიათულ-ქურსი და სურა იჰლასი უნდა წაიკითხოს. ვინც ჰუჯრეი სეადეთს ინახულებს, ძალიან ფხიზლად უნდა იყოს. გულში ამქვეყნიური ფიქრები არ უნდა ჰქონდეს. მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) დალოცვილ სხივსა და მისი ხარისხის სიმაღლეზე უნდა ფიქრობდეს. ვედრებებს, რომლებიც ამქვეყნიურ საქმეებზე, დიდ ადამიანებთან შეხვედრით სარგებლის მიღებასა და ვაჭრობაზე ფიქრით აღევლინება, უზენაესი ალლაჰი არ იღებს და ასეთები თავიანთ სურვილებს ვერ ეწევიან. ჰუჯრეი სეადეთის მონახულება დიდებული ღვთისმსახურებაა. ვისაც ეს არ სწამს, საშიშია, რომ ისლამიდან გავა, რადგან ასეთები უზენაეს ალლაჰს, მის შუამავალსა და ყველა მუსლიმს უპირისპირდებიან. თუმცა მალიქიტ სწავლულთაგან რამდენიმემ თქვა, რომ ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მონახულება ვაჯიბია, ერთსულოვნად გვეუწყა, რომ ის მუსთეჰაბია.
„ჩვენო უფალო! მოგვიტევე ჩვენ და ჩვენს ძმებს, რომლებმაც რწმენით ჩვენზე ადრე განვლეს! ნუ დატოვებ ჩვენს გულებში ბოღმას მორწმუნეთა მიმართ! ჩვენო უფალო! ჭეშმარიტად, შენ ხარ დიდად თანამგრძნობი და მწყალობელი!“ ჰაშრ: 10
ეს-სუბჰუ ბედა
ეს-სუბჰუ ბედა მინ თალათიჰი.
ველ-ლეილუ დეჯა მინ ვეფრათიჰი.
ფაქარ-რუსულა ფაზლან ვე ულა.
ეჰდას-სუბულა ლი დელალეთიჰი.
დილამ თავისი ნათელი მისი სახისგან აიღო.
ღამემ კი თავისი სიბნელე მისი შავი თმისგან აიღო.
თავისი ღირსებითა და სიდიადით ყველა შუამავალს აღემატა.
ვინც ჭეშმარიტ გზას ეწია, გზა მისი წინამძღოლობით ჰპოვა.
ქენზულ-ქერემი მევლენ-ნიამი.
ჰადილ-უმემი ლი შერიათიჰი.
ეზქენ-ნესები ელელ-ჰასები.
ქულლულ-არაბი ფი ჰიზმეთიჰი.
ის ხელგაშლილობის საგანძური იყო და იმ საგანძურიდან გასცემდა.
ხალხები თავის რჯულსა და ჭეშმარიტ გზას აზიარა.
მისი გვარი ფრიად წმინდაა, ღირსება კი – უაღრესად მაღალი.
ყველა არაბი მის სამსახურშია.
სეატიშ-შეჯერუ ნატაყალ-ჰაჯერუ.
შუყყალ-ყამერუ ბი იშარეთიჰი.
ჯიბრილუ ეთა ლეილეთე ესრა.
ვერ-რაბბუ დეა ლი ჰაზრეთიჰი.
ხეებმა მის წინაშე მოირბინეს, ქვები აამეტყველდნენ.
მისი (სასწაულებრივი) ნიშნით მთვარე ორად გაიპო.
ისრას ღამეს მასთან ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა.
და უფალმა ის თავის წინაშე მიიწვია.
ნალეშ-შერეფა ვალლაჰუ აფა.
ამმა სელეფა მინ უმმეთიჰი.
ფე მუჰამმედუნა ჰუვე სეიიდუნა.
ფელ-იზზუ ლენა ბი იჯაბეთიჰი.
მან მაღალ ხარისხებს მიაღწია.
და ალლაჰმა (ჯელლე ჯელალუჰ) მის უმმეთს აპატია.
ჩვენი მუჰამმედი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) – ის ჩვენი ბატონია.
რადგან ის მივიღეთ, ღირსება ჩვენ გვეკუთვნის.
აბდულლაჰ იბნი რევაჰა (რადიალლაჰუ ანჰ)
