საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

ჩვენი შუამავლის დალოცვილი სახელები

ჩვენი საყვარელი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ყველაზე ხშირად ნახსენები სახელია „მუჰამმედი“. ის ნიშნავს „ძალიან ბევრჯერ ქებულს, უაღრესად მოწონებულს“. ეს სახელი წმინდა ყურანში ოთხჯერ გვხვდება: სურა ალი იმრან, 3:144; სურა აჰზაბ, 33:40; სურა ფეთჰ, 48:29 და სურა მუჰამმედ, 47:2. ისამაც (ალეიჰისსელამ), როგორც ეს სურა საფფის მეექვსე წმინდა აიათშია ნათქვამი, თავის უმმეთს ამცნო, შინაარსით: „ჰოი, ისრაელის შვილებო! მე ვარ ალლაჰის შუამავალი, თქვენთან მოვლენილი, თევრათის დამადასტურებელი და სახარებლად შუამავლისა, რომელიც ჩემს მერე უნდა მოვიდეს და რომლის სახელიც აჰმედია.“ აჰმედი ნიშნავს „ყველაზე მეტად ქებულს, საყვარელს“.

„მუჰამმედისა“ და „აჰმედის“ გარდა ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წმინდა ყურანში მოხსენიებულია როგორც მაჰმუდი, რესული, ნები, შაჰიდი, ბეშირი, ნეზირი, მუბეშშირი, მუნზირი, დაი ილალლაჰ, სირაჯი მუნირი, რაუფი, რაჰიმი, მუსადდიყი, მუზექქირი, მუდდესსირი, აბდულლაჰი, ქერიმი, ჰაყყი, მუნირი, ნური, ხათემუნ-ნებიიინ, რაჰმეთი, ნიმეთი, ჰადი, თაჰა, იასინი… მისი დალოცვილი სახელებიდან ზოგი წმინდა ყურანში, ზოგი ჰადისი შერიფებში, ზოგი კი წინა შუამავლებისთვის გარდამოვლენილ წმინდა წიგნებშია მოხსენიებული. ზოგიერთ ჰადისი შერიფში ჩვენი შუამავლის სახელები ასეა მოცემული: მაჰი, აყიბი, მუყაფფი, ნებიიურ-რაჰმე, ნებიიუთ-თევბე, ნებიიულ-მელაჰიმ, ყათთალი, მუთევექქილი, ფათიჰი, ხათემი, მუსტაფა, უმმი, ყუსემი (ვინც ყოველი სიკეთე თავის თავში შეკრიბა). ერთ ჰადისი შერიფში ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ხუთი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის: მე ვარ მუჰამმედი, მე ვარ აჰმედი, მე ვარ მაჰი – უზენაესი ალლაჰი ჩემი მეშვეობით ურწმუნოებას (ქუფრს) აღგვის. მე ვარ ჰაშირი – განკითხვის დღეს ადამიანები ჩემს კვალდაკვალ შეიკრიბებიან. მე ვარ აყიბი – ჩემს შემდეგ შუამავალი აღარ იქნება.“1

ჩვენს საყვარელ შუამავალს ჰაზრეთი ჰატიჯესგან შეძენილი და მცირე ასაკში გარდაცვლილი ვაჟის, ყასიმის, გამო „ებულ ყასიმის“ ქუნიე მიეცა. ასევე, ჯერ კიდევ შუამავლობამდე, მისი სიმართლის, სანდოობის, მინდობილის ერთგულად შენახვისა და სხვა აურაცხელი აღმატებული თვისების გამო, ყურაიშის ტომში მას „ელ-ემინს“ უწოდებდნენ. ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ერთ-ერთი სახელი, რომელიც წმინდა ყურანშია, არის სიტყვა „იასინი“ სურა იასინიდან, რომელიც წმინდა ყურანის გულია. ცოდნაში მყარად დამკვიდრებულ სწავლულთა (ულემაი რასიხინის) დიდებულთაგან ჰაზრეთი სეიიდ აბდულჰაქიმ არვასიმ თქვა: „იასინი ნიშნავს: ‚ჰოი, ჩემი ურყევი რწმენის (იაყინის) ზღვის მოცურავევ, ჩემო ჰაბიბო!‘, ანუ ‚ჰოი, ჩემი სიყვარულის ზღვის მყვინთავო, ჩემო ჰაბიბო!‘“ ყველამ, ვისაც ამ ზღვის სახელი სმენია, ვისაც შორიდან უნახავს, ვინც მიუახლოვდა და ვინც მასში შევიდა და, რამდენადაც ეწერა, სიღრმეში ჩავიდა, ცხოვრების ყოველ ეტაპზე ალლაჰის შუამავლის ტრფობით იწვოდა და დნებოდა და ეს ტრფობა მწარე ოხვრით, შინაგანი ცრემლებითა და მწველი სტრიქონებით გამოხატა. მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი, ვინც ამ სიყვარულის ზღვიდან დიდი წილი მიიღო, არის ჰაზრეთი მევლანა ჰალიდ ბაღდადი. ალლაჰის შუამავლისადმი სიყვარულისა და ტრფობის გამომხატველ თავის ერთ-ერთ ყასიდაში ის ასე წერს:

„ჰოი, ისრაელის შვილებო! მე ვარ ალლაჰის შუამავალი, თქვენთან მოვლენილი, თევრათის დამადასტურებელი და სახარებლად შუამავლისა, რომელიც ჩემს მერე უნდა მოვიდეს და რომლის სახელიც აჰმედია“ საფფ: 6

სამყაროს ბატონო, შენით შეყვარებული ვიწვი!
სადაც არ უნდა ვიყო, შენს მშვენიერ სახეს ვეძებ.
„ყაბე ყავსეინის“ ტახტის სულთანი შენ ხარ, მე კი – არარა,
„შენი სტუმარი ვარ“-ს თქმაც კი კადნიერებად მიმაჩნია.
ქვეყნად ყველაფერი შენს პატივად გაჩნდა,
შენი წყალობა მეც რომ დამეცეს, ის წამი ჩემი გაზაფხული იქნება.
ყველა ჰიჯაზში მოდის ქააბის თავაფისთვის,
მე კი შენთან შეხვედრის წადილით მთებს გადავდივარ.
სიზმარში თავზე ბედნიერების გვირგვინი დამადგეს,
თითქოს შენი ფეხის მტვერი სახეზე მომაფრქვიეს.
მეგობრის მაქებარ შეყვარებულთა ბულბულო, ჰოი, ჯამი!
შენს დივანში ეს სტრიქონები ჩემი თარჯიმანი ხდება:
„ენაგადმოგდებული, მწყურვალი, ქეციანი ძაღლივით
შენი სიკეთის ზღვიდან ერთ წვეთს ვნატრობ.“

ჩვენი შუამავლის სადიდებლად ნაწილ-ნაწილ დაწერილ ლექსებსა და ხოტბებს რომ თავი დავანებოთ, მის შესახებ უამრავი თხზულება დაიწერა. მათ ავტორებს შორის ისინიც კი, ვისი სახელი და ხელოვნება მთელ ქვეყანასა და საუკუნეებს მოედო, აღიარებდნენ, რომ ალლაჰის შუამავლის ქება არ ძალუძდათ. ისინი, ვინც ის ნახეს და მისი სილამაზე შეიყვარეს, ცდილობდნენ, რამდენადაც ენა მიუწვდებოდათ, აღეწერათ ის, და ამბობდნენ, ამ სილამაზის გადმოცემა ადამიანის ძალას აღემატებაო.

ისლამის სწავლულთა წიგნებში ამ შეყვარებულთა ნაამბობიდან ასობით წერია. ვინც მათ კითხულობს, მაშინვე ხვდება, რომ უზენაესმა ალლაჰმა თავისი საყვარელი შუამავალი წარმოუდგენელი სრულყოფილებით და ისეთი სილამაზით გააჩინა, რომლის ცქერითაც ვერ გაძღები. ადამიანები, უნახავადაც, მას გულს უძღვნიან. ჰაბიბულლაჰის შეყვარებულები ყოველ სუნთქვაზე, ფილტვებში შესული ჰაერის სიგრილეში მისი სიყვარულის გემოს გრძნობენ. ყოველთვის, როცა მთვარეს შეხედავენ, ტკბებიან იმით, რომ მასში მისი დალოცვილი თვალებიდან წამოსული სხივების ანარეკლს ეძებენ. ვინც მისი სილამაზის ზღვიდან ერთ წვეთს მაინც ეზიარა, მისი ყოველი ნაწილაკი ამბობს:

ვინც შენი მშვენიერი ლოყა იცის, ვარდს აღარც შეხედავს,
ვინც შენს სიყვარულში დნება, წამალს აღარ ეძებს!

ენეს ბინ მალიქისგან გადმოცემულ ერთ ჰადისი შერიფში ნათქვამია: „არცერთი თქვენგანი არ იქნება მორწმუნე, სანამ მე მისთვის მის შვილზე, მამაზე და ყველა ადამიანზე უფრო საყვარელი არ გავხდები.“2 ერთხელ ჰაზრეთი ომერმა ჩვენს შუამავალს უთხრა: „ალლაჰის შუამავალო! უზენაეს ალლაჰს ვფიცავ, ჩემი სულის გარდა ყველაფერზე უფრო საყვარელი ხარ ჩემთვის.“ მაშინ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „არცერთი თქვენგანი არ იქნება მორწმუნე, სანამ მე მისთვის საკუთარ სულზე უფრო საყვარელი არ გავხდები.“ ამის შემდეგ ჰაზრეთი ომერმა თქვა: „ალლაჰის შუამავალო! უზენაეს ალლაჰს ვფიცავ, რომელმაც შენ წმინდა ყურანი გარდამოგივლინა, შენ ჩემთვის საკუთარ სულზეც უფრო საყვარელი ხარ.“ მაშინ ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ომერ, ახლა (შენი რწმენა) სრულყოფილია.“

კოსმოსის ეპოქა, კომპიუტერები,
რამდენი თანამედროვე საშუალება –
ყველაფრის სათავე ყურანშია,
შენ მოწყალება ხარ, ალლაჰის შუამავალო!
მნიშვნელობა მიანიჭე გამოცდილებას,
ცოდნისა და მეცნიერების სწავლას,
წინსვლის გზა გვიჩვენე,
შენ ნათელი ხარ, ალლაჰის შუამავალო!
ვისაც შენ უყვარხარ, ჩვენი მეგობარია,
შენ გარეშე ქვეყანა ვიწროა ჩვენთვის,
ყველაფერი შენთვის არსებობს,
შენ წყალობა ხარ, ალლაჰის შუამავალო!
შენგან აიღო აზროვნება,
ცოდნა, მეცნიერება და ხელოვნება,
ისარგებლა აღმოსავლეთმა, დასავლეთმა,
შენ წინამძღოლი ხარ, ალლაჰის შუამავალო!
რაც თქვი, ყველაფერი ახდა,
თხუთმეტი საუკუნის წინათ ნათქვამი,
შენ ხარ მუჰამმედულ-ემინი,
შენ სამართლიანი ხარ, ალლაჰის შუამავალო!
სიკეთეში, სამართლიანობაში,
გულუხვობაში, კეთილშობილებაში,
გულმოწყალებაში, ღირსებაში
შენ მაგალითი ხარ, ალლაჰის შუამავალო!

„არცერთი თქვენგანი არ იქნება მორწმუნე, სანამ მე მისთვის საკუთარ სულზე უფრო საყვარელი არ გავხდები“ ჰადისი შერიფი

ჩვენი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) დალოცვილი მეჩეთის თავზე აღმართული გუმბათის, რომელსაც „ყუბბეი ჰადრა“ / „მწვანე გუმბათი“ ჰქვია, გარე ხედი