ჩვენი შუამავლის აღმატებულებები
ასობით წიგნია, რომლებიც მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) აღმატებულებებს (ფაზილეთებს) აღწერს. ფაზილეთი ნიშნავს „აღმატებულებას“. მისი აღმატებულებებიდან ზოგიერთი ქვემოთ მოგვყავს: 1. ქმნილებებს შორის ყველაზე პირველად მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) სხივი და სული გაჩნდა. 2. უზენაესმა ალლაჰმა მისი სახელი არშზე, სამოთხეებსა და შვიდ ცაზე დაწერა. 3. ინდოეთში მზარდი ერთი ვარდის ფურცლებზე წერია „ლა ილაჰე ილლალლაჰ მუჰამმედურ-რესულულლაჰ“. 4. ბასრის მახლობლად მდინარეში დაჭერილ თევზს მარჯვენა მხარეს „ალლაჰი“, მარცხენა მხარეს „მუჰამმედი“ ეწერა. ამის მსგავსი შემთხვევა ბევრია. 1975 წელს ლონდონში დაბეჭდილი წიგნის, „A History of Fishes“ („თევზების ისტორია“), ორასე გვერდზე არის თევზის სურათი, რომლის კუდზეც წმინდა ყურანის ასოებით „შანულლაჰ“ წერია. მოცემულ ცნობაში ნათქვამია, რომ კუდის მეორე მხარეს „ლა ილაჰე ილლალლაჰ“ წერია. ამის მაგალითები ძალიან ბევრია. 5. არიან ანგელოზები, რომელთა ერთადერთი მოვალეობა მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) სახელის წარმოთქმაა. 6. ანგელოზებს ჰაზრეთი ადამის წინაშე სეჯდის აღსრულება იმიტომ ებრძანათ, რომ მის შუბლზე მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) სხივი იყო. 7. უზენაესმა ალლაჰმა ყველა შუამავალს აუწყა მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) მოსვლა და უბრძანა, თავიანთი უმმეთებისთვის ებრძანებინათ, რომ, თუ მის დროს მოესწრებოდნენ, ის ერწმუნათ. 8. როცა ქვეყნად უნდა მოვლენილიყო, დიდი ნიშნები გამოჩნდა. ისინი ისტორიისა და მევლიდის წიგნებშია აღწერილი. 9. როცა ქვეყნად მოევლინა, ჭიპი მოჭრილი ჰქონდა და წინადაცვეთილი იყო. 10. როცა ქვეყნად მოევლინა, ეშმაკებმა ცაზე ასვლა და ანგელოზებისგან ამბების მოპარვა ვეღარ შეძლეს. 11. როცა ქვეყნად მოევლინა, დედამიწის ზურგზე ყველა კერპი და თაყვანსაცემი ქანდაკება პირქვე დაემხო. 12. მის აკვანს ანგელოზები არწევდნენ. 13. აკვანში ყოფნისას ცაზე მთვარეს ესაუბრებოდა. მთვარე იქით იხრებოდა, საითაც დალოცვილი თითით მიანიშნებდა. 14. აკვანშივე დაიწყო ლაპარაკი. 15. ბავშვობაში, როცა ღია ადგილებში დადიოდა, თავზე ერთი ღრუბელი მასთან ერთად მოძრაობდა და ჩრდილავდა. ეს მისი შუამავლობის დაწყებამდე გრძელდებოდა. 16. ყოველ შუამავალს შუამავლობის ბეჭედი მარჯვენა ხელზე ჰქონდა. მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) ბეჭედი კი დალოცვილი ზურგის შუაში, მარცხენა ბეჭის ძვალთან, გულის გასწვრივ იყო. ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ), როცა მისი გული გარეცხა და მკერდი დახურა, სამოთხიდან მოტანილი ბეჭდით მას ზურგზე ბეჭედი დაუსვა.
17. როგორც წინ მყოფს ხედავდა, ისე ხედავდა უკან მყოფსაც.
18. როგორც სინათლეში ხედავდა, ისე ხედავდა სიბნელეშიც. 19. მისმა ნერწყვმა მწარე წყლები დაატკბო, ავადმყოფებს განკურნება მისცა, ჩვილებს რძესავით საზრდოდ ექცა. 20. როცა თვალებს ეძინა, გული ფხიზლად ჰქონდა. (ყველა შუამავალიც ასეთი იყო.) 21. მთელი ცხოვრების მანძილზე ერთხელაც არ დაუმთქნარებია. 22. მისი დალოცვილი ოფლი ვარდივით სურნელოვანი იყო. ერთმა ღარიბმა კაცმა, როცა ქალიშვილს ათხოვებდა, მას დახმარება სთხოვა. იმ დროს გასაცემი არაფერი ჰქონდა. ერთ პატარა ბოთლში თავისი ოფლი ჩაასხა და მისცა. როცა იმ გოგონამ ის სახესა და თავზე წაისვა, მისი სახლი მუშკის სურნელით აივსო. მისი სახლი „სურნელოვანი სახლის“ სახელით გახდა ცნობილი. 23. თუმცა საშუალო სიმაღლისა იყო, მაღალ ადამიანებთან მათზე მაღალი ჩანდა. 24. მზისა და მთვარის შუქზე სიარულისას მისი ჩრდილი მიწაზე არ ეცემოდა. 25. მის სხეულსა და ტანსაცმელზე ბუზი, კოღო და სხვა მწერები არ ჯდებოდა. 26. საცვალი, რამდენ ხანსაც არ უნდა ეცვა, არასოდეს ჭუჭყიანდებოდა. 27. როცა დადიოდა, მუდამ უკან ანგელოზები მიჰყვებოდნენ. ამიტომ საჰაბეებს წინ უშვებდა და ეუბნებოდა: „ჩემი ზურგი ანგელოზებს დაუტოვეთ.“1 28. თუ ქვაზე დააბიჯებდა, ქვაზე მისი ნაკვალევი რჩებოდა. ქვიშაზე სიარულისას კი სრულიად არ ტოვებდა კვალს. როცა ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა, მიწა იხსნებოდა და ყველაფერი მიწაში რჩებოდა. (ყველა შუამავალიც ასეთი იყო.) 29. ადამიანებსა და ანგელოზებს შორის ყველაზე მეტი ცოდნა მას ებოძა. თუმცა უმმი იყო, ანუ არავისგან არაფერი უსწავლია, უზენაესმა ალლაჰმა ყველაფერი აუწყა. როგორც ადამს (ალეიჰისსელამ) ყველაფრის სახელი ეუწყა, მასაც ყველაფრის სახელი და ცოდნა ეუწყა. 30. მას ეუწყა თავისი უმმეთის სახელები, მათი სახეები და ყველაფერი, რაც მათ შორის მოხდებოდა. 31. მისი გონება ყველა ადამიანის გონებაზე მეტია. 32. ყველა მშვენიერი ზნე, რაც კი ადამიანებში შეიძლება იყოს, მას ებოძა. როცა დიდ პოეტს, ომერ იბნი ფარიდს, ჰკითხეს: „ალლაჰის შუამავალი რატომ არ შეაქე?“, მან თქვა: „მივხვდი, რომ მისი ქების ძალა არ მეყოფოდა. მის საქებრად შესაფერისი სიტყვა ვერ ვიპოვე.“
„არ ვიქნები კმაყოფილი, თუ ჩემი უმმეთიდან თუნდაც ერთი ჯოჯოხეთში დარჩება“ ჰადისი შერიფი
33. შეჰადეთის სიტყვაში (ქელიმეი შეჰადეთში), ეზანში, იყამეთში, ნამაზის თეშეჰჰუდში, ბევრ ვედრებაში, ზოგიერთ ღვთისმსახურებასა და ჰუტბეებში, რჩევის მიცემისას, მძიმე დროს, საფლავში, მაჰშერში, სამოთხეში და ყოველი ქმნილების ენაზე უზენაესმა ალლაჰმა მისი სახელი თავისი სახელის გვერდით დაადგინა. 34. მისი აღმატებულებებიდან უაღმატებულესია ის, რომ ჰაბიბულლაჰია. უზენაესმა ალლაჰმა ის თავისთვის საყვარლად, მეგობრად აქცია. ის ყველაზე, ყოველ ანგელოზზეც კი მეტად შეიყვარა. მან ბრძანა: „თუ იბრაჰიმი ჰალილად (მეგობრად) ვაქციე, შენ კი ჩემთვის ჰაბიბად (საყვარლად) გაქციე.“
35. წმინდა აიათი, რომლის შინაარსია: „სანამ კმაყოფილი არ დარჩები („კმარა!“-ს თქმამდე), ყველაფერს მოგცემ, რასაც ისურვებ“,2 უზენაესი ალლაჰის აღთქმაა, რომ თავის შუამავალს მისცემს ყველა ცოდნას, ყველა აღმატებულებას, ისლამის განაჩენებს, მტრების წინააღმდეგ შემწეობასა და გამარჯვებას, მის უმმეთს – დაპყრობებსა და გამარჯვებებს, განკითხვის დღეს კი – სხვადასხვაგვარ შეფაათსა და თეჯელლის. როცა ეს წმინდა აიათი გარდამოევლინა, მან ჯებრაილს (ალეიჰისსელამ) შეხედა და ბრძანა: „არ ვიქნები კმაყოფილი, თუ ჩემი უმმეთიდან თუნდაც ერთი ჯოჯოხეთში დარჩება.“ 36. უზენაესმა ალლაჰმა წმინდა ყურანში ყოველ შუამავალს თავისი სახელით მიმართა, მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) კი ასე მიმართა: „ჰოი, შუამავალო! ჰოი, ნები!“ 37. არაბული ენის ყოველ დიალექტზე უაღრესად ნათლად, ადვილად გასაგებად ლაპარაკობდა. სხვადასხვა მხრიდან მოსულ შემკითხველებს მათივე დიალექტზე პასუხობდა. მსმენელები აღფრთოვანდებოდნენ. ის ამბობდა: „უზენაესმა ალლაჰმა ძალიან კარგად აღმზარდა.“3
38. ცოტა სიტყვით ბევრ რამეს ხსნიდა. მისი ასი ათასზე მეტი ჰადისი შერიფი იმას აჩვენებს, რომ ის „ჯევამიულ-ქელიმის“ პატრონი იყო.
ზოგიერთმა სწავლულმა თქვა: „მუჰამმედმა (ალეიჰისსელამ) ისლამის რჯულის ოთხი საფუძველი ოთხი ჰადისით გამოხატა:
- ‚საქმეები განზრახვების მიხედვით ფასდება.‘4
- ‚ჰალალი ცხადია, ჰარამიც ცხადია.‘5
- ‚მოსარჩელემ მოწმე უნდა მოიყვანოს, მოპასუხემ კი ფიცი უნდა დადოს.‘6 და
- ‚ადამიანის რწმენა სრულყოფილი არ იქნება, სანამ რჯულით ძმას იმას არ ისურვებს, რასაც საკუთარ თავს უსურვებს.‘7 ამ ოთხი ჰადისიდან პირველი ღვთისმსახურების, მეორე – ადამიანთა შორის ურთიერთობების (მუამელათის), მესამე – ჰუსუმათის, ანუ სამართლისა და მმართველობის საქმეების, მეოთხე კი – ზრდილობისა და ზნეობის მეცნიერებათა საფუძველია.“8
39. მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) მესუნი (დაცული) და მასუმი (უცოდველი) იყო. არც შეგნებულად, არც შეუგნებლად, არც დიდი, არც მცირე – არც ორმოც წლამდე და არც მის შემდეგ – ერთი ცოდვაც არ ჩაუდენია. მისი არცერთი უშნო საქციელი არ გამოჩენილა. 40. მუსლიმებს ებრძანათ, რომ ნამაზში ჯდომისას წაიკითხონ „ესსელამუ ალეიქე ეიიუჰენ-ნებიიუ ვე რაჰმეთულლაჰი“ და ამით მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) სალამი მისცენ. ნამაზში სხვა რომელიმე შუამავლისთვის ან ანგელოზებისთვის სალამის მიცემა არ შეიძლება. 41. ჰადისი ყუდსიში ნათქვამია: „შენ რომ არ ყოფილიყავი, არაფერს გავაჩენდი!“9
42. სხვა შუამავლებმა ურწმუნოების ცილისწამებებს თვითონ უპასუხეს. მუჰამმედისთვის (ალეიჰისსელამ) დაწამებულ ცილს კი უზენაესმა ალლაჰმა თვითონ უპასუხა და დაიცვა იგი. 43. მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) უმმეთის რიცხვი ყველა სხვა შუამავლის უმმეთებზე, ერთად აღებულზე, მეტია. ისინი მათზე აღმატებულნი და ღირსეულნი არიან. ჰადისი შერიფებში ნათქვამია, რომ სამოთხეში შემსვლელთა ორი მესამედი ამ უმმეთიდან იქნება. 44. ალლაჰის შუამავლისთვის მისაცემი სევაბები სხვა შუამავლებისთვის მისაცემ სევაბებზე ბევრჯერ მეტია.
ვინც მიღებულ ღვთისმსახურებას ან კეთილ საქმეს აღასრულებს, რამდენი სევაბიც მას მიეცემა, იმდენივე მიეცემა მის მასწავლებელსაც. მასწავლებლის მასწავლებელს – ოთხჯერ მეტი, მის მასწავლებელს – რვაჯერ, მის მასწავლებელს კი თექვსმეტჯერ მეტი, და ასე ალლაჰის შუამავლამდე ყოველ მასწავლებელს თავის მოწაფეზე ორჯერ მეტი სევაბი მიეცემა. მაგალითად, მეოცე მასწავლებელს 524 288 სევაბი მიეცემა. მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) თავისი უმმეთის ყოველი ადამიანის ყოველი საქმისთვის სევაბი მიეცემა.
თუ მუჰამმედისთვის (ალეიჰისსელამ) ყოველი საქმისთვის მისაცემი სევაბების რაოდენობას ამ ანგარიშით წარმოიდგენ, მათ საერთო რაოდენობას უზენაესი ალლაჰის გარდა არავინ იცის. ნათქვამია, რომ სალიჰი სელეფი (სელეფი სალიჰინი) მოგვიანებით მოსულებზე აღმატებული და მაღალია. სევაბების რაოდენობის მხრივ ეს აღმატებულება აშკარად ჩანს. 45. აიკრძალა მისთვის სახელით დაძახება, მასთან ხმამაღლა ლაპარაკი, შორიდან ხმამაღლა მიმართვა, გზაზე მის წინ გასვლა. სხვა შუამავლების უმმეთები თავიანთ შუამავლებს სახელით ეძახდნენ. 46. მან ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) ანგელოზის სახით ორჯერ ნახა. სხვა არცერთ შუამავალს ის თავისი ნამდვილი სახით არ უნახავს. 47. ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მასთან ოცდაოთხი ათასჯერ მოვიდა. სხვა შუამავლებიდან ყველაზე მეტჯერ მუსასთან (ალეიჰისსელამ) მოვიდა – ოთხასჯერ.
„ვინც ჩემს ეჰლი ბეითს მტრობს, მუნაფიყია (თვალთმაქცია)“ ჰადისი შერიფი
48. ისრაფილიც (ალეიჰისსელამ) ბევრჯერ მოვიდა მუჰამმედთან (ალეიჰისსელამ). სხვა შუამავლებთან (ალეიჰიმუსსალავათუ ვეთთესლიმათ) მხოლოდ ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოდიოდა. 49. უზენაესი ალლაჰისთვის მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) ხათრით დაფიცებით თხოვნა სწორია, სხვა შუამავლებისა და ანგელოზების ხათრით კი – არა. 50. მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) შემდეგ მისი ცოლების სხვაზე დაქორწინება აიკრძალა და ამით გაცხადდა, რომ ისინი მორწმუნეთა დედები არიან.
სხვა შუამავლების (ალეიჰიმუსსალავათუ ვეთთესლიმათ) ცოლებმა ან ზიანი მიაყენეს მათ, ან მათთვის უსარგებლონი იყვნენ. მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) დალოცვილი ცოლები (რადიალლაჰუ თეალა ანჰუნნე) კი ამქვეყნიურ და საიქიო საქმეებში მისი შემწეები იყვნენ, სიღარიბეს მოთმინებით იტანდნენ, მადლიერნი იყვნენ და ისლამის გავრცელებაში დიდი ღვაწლი დასდეს. 51. ნესებით და სებებით, ანუ სისხლითა და ქორწინებით ნათესაობას განკითხვის დღეს სარგებელი არ ექნება. ამისგან გამონაკლისია ალლაჰის შუამავლის ნათესავები. 52. ალლაჰის შუამავლის სახელის ტარება ამქვეყნადაც და საიქიოშიც სასარგებლოა. ნამდვილი მორწმუნეები, რომლებიც მის სახელს ატარებენ, ჯოჯოხეთში არ შევლენ. 53. მისი ყოველი სიტყვა, ყოველი საქმე სწორია. მის ყოველ იჯთიჰადს უზენაესი ალლაჰი სწორად ადასტურებს. 54. მისი სიყვარული ყველასთვის ფარძია. მან ბრძანა: „ვისაც უზენაესი ალლაჰი უყვარს, მეც ვუყვარვარ.“ მისი სიყვარულის ნიშანია მისი რჯულის, გზის, სუნნეთისა და ზნეობის მიყოლა. წმინდა ყურანში მას ებრძანა, ეთქვა: „თუ გამომყვებით, უზენაესი ალლაჰი შეგიყვარებთ.“
55. მისი ეჰლი ბეითის სიყვარული ვაჯიბია. მან ბრძანა: „ვინც ჩემს ეჰლი ბეითს მტრობს, მუნაფიყია (თვალთმაქცია).“ ეჰლი ბეითი მისი ის ნათესავები არიან, რომლებისთვისაც ზექათის აღება ჰარამია. ესენი არიან მისი ცოლები და მორწმუნეები, რომლებიც მისი ბაბუის, ჰაშიმის შთამომავლობიდან არიან, ანუ ალის, აყილის, ჯა’ფერ ტაიიარისა და აბბასის შთამომავლები.
56. მისი ყველა საჰაბის სიყვარული ვაჯიბია. მან ბრძანა: „ჩემს შემდეგ ჩემს საჰაბეებს ნუ მტრობთ! მათი სიყვარული ჩემი სიყვარულია. მათი მტრობა ჩემი მტრობაა. ვინც მათ აწყენინებს, მე მაწყენინებს. ვინც მე მაწყენინებს, უზენაეს ალლაჰს აწყენინებს. უზენაესი ალლაჰი დასჯის მას, ვინც მას აწყენინებს.“
57. უზენაესმა ალლაჰმა მუჰამმედისთვის (ალეიჰისსელამ) ცაში ორი და მიწაზე ორი შემწე გააჩინა. ესენი არიან ჯებრაილი, მიქაილი, ებუ ბექირი და ომერი (რადიალლაჰუ თეალა ანჰუმ ეჯმაინ).10 58. მამაკაცი იქნება თუ ქალი, ყველას, ვინც სრულწლოვანი გარდაიცვალა, საფლავში მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) შესახებ ჰკითხავენ. როგორც ჰკითხავენ: „ვინ არის შენი უფალი?“, ისე ჰკითხავენ: „ვინ არის შენი შუამავალი?“ 59. მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) ჰადისი შერიფების კითხვა ღვთისმსახურებაა. მკითხველს სევაბი ეძლევა.
ჰადისი შერიფის კითხვისას მუსთეჰაბია აბდესის აღება, სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა, სურნელის წასმა, ჰადისი შერიფის წიგნის მაღალ ადგილას დადება, მკითხველის მიერ გარედან შემოსულთათვის ფეხზე არწამოდგომა და მსმენელების მიერ ერთმანეთში არლაპარაკი. ვინც ჰადისი შერიფებს მუდმივად კითხულობს, მისი სახე ნათელი, ბრწყინვალე და ლამაზი ხდება. წმინდა ყურანის კითხვისასაც ეს წესები უნდა დაიცვა. 60. მისი დალოცვილი სულის ასაღებად აზრაილი (ალეიჰისსელამ) ადამიანის სახით მოვიდა და შესვლის ნებართვა ითხოვა. 61. ის საფლავში ჩვენთვის უცნობი ცხოვრებით ცოცხალია. საფლავში წმინდა ყურანს კითხულობს, ნამაზს ასრულებს. (ყველა შუამავალიც ასეა.) 62. ანგელოზები, რომლებსაც ქვეყნის ყოველ კუთხეში ესმით მუსლიმების ხმა, როცა ისინი ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სალავათს უძღვნიან, მის საფლავთან მოდიან და ამას მას აუწყებენ. მის საფლავს ყოველდღე ათასობით ანგელოზი ინახულებს. 63. მისი საფლავის მიწა ყველა ადგილზე, ქააბაზე და სამოთხეებზეც კი აღმატებულია. 64. მისი უმმეთის საქმეები და ღვთისმსახურებები მას ყოველ დილით და საღამოს ეჩვენება. ის ხედავს მათ ჩამდენებსაც და ევედრება, რომ ცოდვის ჩამდენებს მიეტევოთ. 65. მისი საფლავის მონახულება ქალებისთვისაც მუსთეჰაბია. სხვა საფლავები კი მათ მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ინახულონ, როცა ხალხი ცოტაა, და მუსლიმი ქალისთვის შესაფერისი სამოსით. 66. როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგაც, ქვეყნის ყოველ ადგილას და ყოველ დროს უზენაესი ალლაჰი იღებს მათ ვედრებას, ვინც მისით თევესსულს აკეთებს, ანუ მისი ხათრითა და პატივით ითხოვს.
ერთი ბედუინი მივიდა მის საფლავთან და თქვა: „ჩემო უფალო! შენ მონის გათავისუფლება ბრძანე. ეს შენი შუამავალია, მე კი შენი ერთ-ერთი მონა ვარ. შენი შუამავლის ხათრით ჯოჯოხეთის ცეცხლისგან გამათავისუფლე!“ მაშინ ხმა გაისმა: „ჰოი, ჩემო მონავ! რატომ მხოლოდ საკუთარი თავის გათავისუფლება ითხოვე? რატომ არ ითხოვე ყველა ჩემი მონის გათავისუფლება? წადი, დაბრუნდი! ჯოჯოხეთისგან გაგათავისუფლე.“
ევლიათაგან ცნობილმა ჰათიმ ესამმა, ალლაჰის შუამავლის საფლავთან მდგომმა, თქვა: „ჩემო უფალო! შენი შუამავლის საფლავი მოვინახულე. ხელცარიელი ნუ დამაბრუნებ!“ მაშინ ხმა გაისმა: „ჰოი, ჩემო მონავ! ჩემი ჰაბიბის საფლავის მონახულება მიგიღე. შენც გაპატიე და მათაც, ვინც შენთან ერთად მოინახულა.“
იმამ აჰმედ ყასტალანი (რაჰმეთულლაჰი ალეიჰ) მოგვითხრობს: „რამდენიმე წელი ერთი სენით ვიტანჯებოდი. ექიმებმა მისი წამალი ვერ იპოვეს. მექქაში ერთ ღამეს ალლაჰის შუამავალს ძალიან შევევედრე. იმავე ღამეს სიზმარში ერთი კაცი ვნახე. მის ხელში მყოფ ქაღალდზე წავიკითხე: ‚აქ ალლაჰის შუამავლის ნებართვით აჰმედ ყასტალანის სენის წამალია დაწერილი.‘ რომ გამეღვიძა, სენი გამქრალი იყო.“ ყასტალანი ისევ მოგვითხრობს: „ერთი საწყალი გოგონა კრუნჩხვის სენით (ეპილეფსიით) დაავადდა. მისი განკურნებისთვის ალლაჰის შუამავალს ძალიან შევევედრე. სიზმარში ერთმა კაცმა მომიყვანა ჯინი, რომელმაც გოგონა დააავადა, და მითხრა: ‚ის შენთან ალლაჰის შუამავალმა გამოგზავნა.‘ ჯინს გავუწყერი, დავუყვირე. მან დამიფიცა, რომ გოგონას აღარ შეაწუხებდა, და გამეღვიძა. მალე გავიგე, რომ გოგონა კრუნჩხვის სენისგან განიკურნა.“
67. განკითხვის დღეს საფლავიდან ყველაზე პირველი ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აღდგება. მას სამოთხის სამოსი ეცმევა. ბურაყზე ამხედრებული მაჰშერის ადგილისკენ წავა, ხელში „ლივაი ჰამდად“ წოდებული დროშა ექნება. შუამავლები და ყველა ადამიანი ამ დროშის ქვეშ იდგებიან. ათასწლიანი ლოდინით ყველა ძალიან გაიტანჯება. ხალხი რიგრიგობით მივა ადამთან, ნუჰთან, იბრაჰიმთან, მუსასთან და ისასთან (ალეიჰიმუსსელამ) და სთხოვს, შეფაათი გაუწიონ, რომ ანგარიში დაიწყოს. თითოეული მათგანი თავის მიზეზს მოიყვანს, იტყვის, რომ უზენაესი ალლაჰისა რცხვენია და ეშინია, და შეფაათისგან თავს შეიკავებს. ბოლოს ალლაჰის შუამავალთან მივლენ და შეევედრებიან, ის სეჯდეზე დაემხობა და შეევედრება, და მისი შეფაათი მიიღება. პირველად მისი უმმეთისგან აიღებენ ანგარიშს, სირატის ხიდზე პირველნი ისინი გაივლიან, სამოთხეში პირველნი ისინი შევლენ. სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველაფერს გაანათებენ.
როცა ჰაზრეთი ფატიმა (რადიალლაჰუ ანჰა) სირატის ხიდზე გაივლის, იტყვიან: „ყველამ თვალი დახუჭოს! მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) ქალიშვილი მოდის.“
68. ალლაჰის შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სამოთხეში ადგილის (მაყამის) სახელია ვესილე. ეს სამოთხის უმაღლესი საფეხურია. იქ არის სიდრეთულ-მუნთეჰას ხის ფესვი, რომლის ტოტებიდან თითო სამოთხეში მყოფ ყველასკენ არის გაწვდილი. სამოთხის მკვიდრთ წყალობები ამ ტოტებიდან მოუვათ.
69. ადამის (ალეიჰისსელამ) დროს ნამაზისთვის წაკითხულ ეზანში მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) სახელიც წარმოითქმოდა.
70. თევრათში, ინჯილსა და ზებურში მუჰამმედი (ალეიჰისსელამ), მისი ოთხი ხალიფა, საჰაბეები და მისი უმმეთიდან ზოგიერთები მშვენიერი თვისებებით აღიწერნენ და ქებით მოიხსენიეს. უზენაესმა ალლაჰმა თავისი სახელიდან, მაჰმუდიდან, სიტყვა „მუჰამმედი“ გამოიყვანა და თავის ჰაბიბს სახელად დაარქვა. უზენაესმა ალლაჰმა თავისი სახელებიდან რაუფი და რაჰიმი თავის ჰაბიბსაც უბოძა. 71. სამი წლის ასაკში, ორმოცი წლისას, როცა შუამავლობა ეუწყა, და ორმოცდათორმეტი წლისას, როცა მი’რაჯზე აიყვანეს, ანგელოზებმა მკერდი გაუპეს. სამოთხიდან მოტანილ ლანგარში სამოთხის წყლით გული გაურეცხეს. 72. მან თავისი თვალით დაინახა შვიდი ვარსკვლავი ვარსკვლავთა ჯგუფში, რომელსაც „სურეიია“ ჰქვია და სევრის (კუროს) თანავარსკვლავედთან მდებარეობს, და მათი რიცხვი გვამცნო. ამ ვარსკვლავთა ჯგუფს პერვინსა და ულქერსაც უწოდებენ. 73. ზოგიერთებმა მისი ჰიჯამის (სისხლის გამოშვების) სისხლი დალიეს. როცა ერთმა ის დალია, მან ბრძანა: „ჯოჯოხეთის ცეცხლი მას არ დაწვავს.“ 74. მისი დიდი სასწაულებიდან ერთ-ერთია მი’რაჯზე აყვანა. სამოთხის ცხოველით, რომელსაც ბურაყი ჰქვია, ის მექქიდან იერუსალიმში (ყუდსში) წაიყვანეს. იქიდან ცაში და არშზე აიყვანეს. მას საოცარი რამეები უჩვენეს. მან უზენაესი ალლაჰი თავისი თვალით, მაგრამ შეუცნობელი სახით იხილა. (თუმცა ეს ხილვა მატერიალური სამყაროს გარეთ, ანუ საიქიოს სამყაროში მოხდა.) ერთ წამში კვლავ თავის სახლში დააბრუნეს. მი’რაჯის სასწაული სხვა არცერთ შუამავალს არ ებოძა.
75. მის უმმეთს ფარძად დაეკისრა, რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც მას სალავათი და სალამი უძღვნას. უზენაესი ალლაჰი და ანგელოზებიც მას სალავათსა და სალამს უგზავნიან.
„მსურს, მონა-შუამავალი ვიყო“ ჰადისი შერიფი
76. ღამითაც, სიფხიზლეშიც, ძილშიც, მარტოობაშიც, ხალხმრავლობაშიც, მგზავრობაშიც, სახლშიც, ბრძოლაშიც, სიცილისასაც, ტირილისასაც მისი დალოცვილი გული მუდამ უზენაეს ალლაჰთან იყო. ზოგ დროს კი მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს ალლაჰთან იყო.
ამქვეყნიური მოვალეობების შესასრულებლად და დალოცვილი გული ადამიანთა სამყაროსკენ რომ მიემართა, თავის მეუღლე აიშესთან (რადიალლაჰუ ანჰა) მივიდოდა და ეტყოდა: „აიშე! ცოტა დამელაპარაკე (გონს რომ მოვიდე)“, – და შემდეგ საჰაბეებთან მიდიოდა მათთვის რჩევის მისაცემად და სწორ გზაზე დასაყენებლად. დილის ნამაზის სუნნეთს სახლში ასრულებდა და აიშესთან (რადიალლაჰუ ანჰა) ცოტა ხნის საუბრის შემდეგ მეჩეთში მიდიოდა, რომ საჰაბეებისთვის ფარძს წარძღოლოდა. ეს მდგომარეობა იმ თავისებურებათაგანია, რომლებიც მხოლოდ შუამავალს ახასიათებდა (ჰასაისთაგანია). აიშესთან (რადიალლაჰუ ანჰა) საუბრის გარეშე რომ გასულიყო, ღვთიური თეჯელლიებისა და ნათლის გამო მის სახეში ვერავინ შეხედავდა. 77. მან არ ისურვა წოდება-თანამდებობა, სულთნობა; შუამავლობა და სიღარიბე ისურვა. ერთ დილას, ჯებრაილთან (ალეიჰისსელამ) საუბრისას, თქვა, რომ წუხელ მათ სახლში საჭმელად ერთი ლუკმაც არ იყო. იმავე წამს ისრაფილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა და უთხრა: „უზენაესმა ალლაჰმა შენი ნათქვამი გაიგონა და მე გამომგზავნა. თუ გსურს, ყოველი ქვა, რომელსაც შეეხები, ოქროდ, ვერცხლად ან ზურმუხტად იქცეს. თუ გსურს, მეფე იყავი და ისე იყავი შუამავალი.“ ალლაჰის შუამავალმა სამჯერ ბრძანა: „მსურს, მონა-შუამავალი ვიყო.“
78. სხვა შუამავლები (ალეიჰიმუსსალავათუ ვეთთესლიმათ) გარკვეულ დროს, გარკვეულ ქვეყანაში იყვნენ შუამავლები. მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) კი დედამიწის ზურგზე მყოფ ყველა ადამიანსა და ჯინს განკითხვის დღემდე შუამავლად მოევლინა. არიან სწავლულებიც, რომლებმაც თქვეს, რომ ის ანგელოზების, ცხოველების, მცენარეების, უსულო საგნების, მოკლედ, ყველა ქმნილების შუამავალია.
79. მისი მოწყალება, სარგებელი ყველა არსებას მოეფინა. მორწმუნეებისთვის მისი სარგებელი აშკარად ჩანს. სხვა შუამავლების (ალეიჰიმუსსალავათუ ვეთთესლიმათ) დროის ურწმუნოები ამქვეყნადვე ისჯებოდნენ და ისპობოდნენ. მათ კი, ვინც მას არ ირწმუნა, ამქვეყნად სასჯელი არ მოევლინათ. ერთხელ მან ჯებრაილს (ალეიჰისსელამ) უთხრა: „უზენაესმა ალლაჰმა მამცნო, რომ სამყაროთა მოწყალება ვარ. ჩემი მოწყალებიდან შენც ხომ არ გხვდა წილი?“ ჯებრაილმა თქვა: „ალლაჰის დიდებულებისა და შიშის მომგვრელი ძლევამოსილების წინაშე მუდამ შიშში ვიყავი, ჩემი ბოლო როგორი იქნებოდა. როცა ის აიათები ჩამოვიტანე, რომლებიც ჩემს სანდოობას (ემინობას) ამცნობს (სურა თექვირის მეოცე და ოცდამეერთე აიათები), ამ ქებით შიშის მომგვრელი გრძნობისგან გავთავისუფლდი, დავმშვიდდი. განა ამაზე დიდი მოწყალება არსებობს?“ 80. უზენაესმა ალლაჰმა ისურვა, რომ მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) კმაყოფილი ყოფილიყო. (როგორც ოცდამეთხუთმეტე აღმატებულებაში ვთქვით, უზენაესი ალლაჰი მას მისცემს, რასაც ისურვებს, სანამ კმაყოფილი არ დარჩება. ეს სურა დუჰაშია ნათქვამი.)
81. წიგნში „მევაჰიბი ლედუნნიიე“ ნათქვამია, რომ ცნობილია ჰადისი შერიფი: „ჩემს უფალს ვთხოვე, რომ ჩემი უმმეთი ყველა ერთად შეცდომაზე (დალალეთზე) არ შეკრებილიყო. მანაც შეისმინა.“
სხვა ჰადისი შერიფში მან ბრძანა: „უზენაესმა ალლაჰმა თქვენ სამი რამისგან დაგიცვათ. პირველი – შეცდომაზე შეკრებისგან დაგიცვათ. მეორე – ვინც გადამდები სენით მოკვდება, შეჰიდობის სევაბს მიიღებს. მესამე – თუ ორი სალიჰი მუსლიმი ერთ მუსლიმზე იმოწმებს: ‚ის კარგი ადამიანია‘, ის მუსლიმი სამოთხეში შევა.“
ერთ ჰადისი შერიფში მან ბრძანა: „ჩემი საჰაბეების აზრთა სხვადასხვაობა თქვენთვის მოწყალებაა“ და „ჩემი უმმეთის აზრთა სხვადასხვაობა (საქმეებში მეზჰებებად დაყოფა) მოწყალებაა“. მისი უმმეთი ჭეშმარიტების, სიმართლის საპოვნელად ძალისხმევისას აზრთა სხვადასხვაობაში (იხთილაფში) ვარდება. ეს ძალისხმევა კი მოწყალების მიზეზი ხდება. ეს ჰადისი შერიფი ორმა უარყო: ერთი – მაჯინი, მეორე – მულჰიდი. მაჯინი არის ცბიერი, რომელიც რჯულს ამქვეყნიური მოგების იარაღად აქცევს. მულჰიდი კი გზააბნეული ადამიანია, რომელიც წმინდა აიათებს ამქვეყნიური ინტერესების მიხედვით განმარტავს და ურწმუნო ხდება. იაჰია ბინ სა’იდი ამბობს: ისლამის სწავლულები საქმეების გამაადვილებლები არიან. ერთსა და იმავე საქმეს ერთმა „ჰალალი“ უწოდა, მეორემ – „ჰარამი“. რასაც სალიჰი ადამიანებისთვის ჰალალი უწოდეს, მას გახრწნის (ფესადის) დროს ჰარამი უწოდეს. როგორც ზემოთ მოყვანილი ჰადისი შერიფები აჩვენებს, იჯმაი უმმეთი, ანუ მუჯთეჰიდად წოდებული სწავლულების ერთსულოვანი აზრი, ედილლეი შერიიეს (შარიათის მტკიცებულებების) რიცხვს ეკუთვნის. ანუ ის რჯულის ცოდნის ოთხი წყაროდან ერთ-ერთია, და ოთხივე მეზჰები ჭეშმარიტია. მეზჰებები უზენაესი ალლაჰის მოწყალებაა მუსლიმებისადმი. 82. ალლაჰის შუამავლის დალოცვილი ქალიშვილები და ცოლები (რადიალლაჰუ თეალა ანჰუნნე) ქვეყნიერების ქალთა შორის უაღმატებულესნი არიან. მისი ყველა საჰაბეც შუამავლების შემდეგ ყველა ადამიანზე აღმატებულია. მისი ქალაქები – მექქეი მუქერრემე, შემდეგ მედინეი მუნევვერე – დედამიწის ზურგზე უძვირფასესი ადგილებია. მის დალოცვილ მეჩეთში აღსრულებულ ერთ რექა’თ ნამაზს ათასი რექა’თის სევაბი ეწერება. სხვა ღვთისმსახურებისთვისაც ასეა.
მის საფლავსა და მინბარს შორის ადგილი სამოთხის ბაღია. მან ბრძანა:
„ვინც გარდაცვალების შემდეგ მომინახულებს, ისეა, თითქოს სიცოცხლეში მომინახულა. ჰარემეინიდან ერთ-ერთში გარდაცვლილი მორწმუნე განკითხვის დღეს უშიშრად აღდგება.“ მექქასა და მედინას ჰარემეინი ეწოდება. 83. ყველას შთამომავლობა ვაჟის მეშვეობით გრძელდება. მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) შთამომავლობა კი მისი ქალიშვილის, ფატიმას მეშვეობით გრძელდება. ამის შესახებ ჰადისი შერიფშიც არის ნათქვამი. 84. ყოველ ადამიანს ჯინებიდან ერთი თანამგზავრი ჰყავს. ეს ეშმაკი ურწმუნოა. ის გულში ავ ფიქრებს (ვესვესეს) ჩააგდებს და ცდილობს, ადამიანს რწმენა წაართვას და ცოდვა ჩაადენინოს. შუამავალმა (ალეიჰისსელამ) თავისი ჯინი-თანამგზავრი რწმენაზე მოაქცია.
85. როცა ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ თეალა ალეიჰი ვესელლემ) უნდა გარდაცვლილიყო, ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) მოვიდა, უზენაესი ალლაჰისგან სალამი მოუტანა და უთხრა, რომ უზენაესი ალლაჰი მის ამბავს კითხულობდა. მან აუწყა, რომ გარდაიცვლებოდა, და მისთვისა და მისი უმმეთისთვის უამრავი სასიხარულო ამბავი მოუტანა.
შენი ფეხის მტვერს მთელ ქვეყანაზეც არ გავცვლი, ალლაჰის შუამავალო!
შენი თმის ერთ ღერს შვიდ ცაზეც არ გავცვლი, ალლაჰის შუამავალო!
სიდდიყის წადილი – მხოლოდ შენი ერთი შეცდომაა, ალლაჰის შუამავალო!
ირფანის მიზანი – შენს ფეხქვეშ მტვრად ყოფნაა, ალლაჰის შუამავალო!
