საყვარელი მუჰამმედ შუამავალი

ჩვენი შუამავლის ისთიღფარი1

როგორც ჩვენი შუამავალი ქმნილებათა შორის უაღმატებულესი იყო, ისე უზენაეს ალლაჰსაც სათანადოდ ყველაზე კარგად იცნობდა და მისი ყველაზე მეტად ეშინოდა. თუმცა უზენაესმა ალლაჰმა ის ცოდვის ჩადენისგან დაიცვა, ის განუწყვეტლივ აღასრულებდა ღვთისმსახურებას, უზენაეს ალლაჰს ევედრებოდა და ისთიღფარს აღავლენდა. ღამის დასაწყისში (იშას ნამაზის შემდეგ) ეძინა, ბოლოს კი ღვთისმსახურებას აღასრულებდა. იბნი აბბასი მოგვითხრობს: „ერთ ღამეს მორწმუნეთა დედის, ჰაზრეთი მეიმუნეს სახლში სტუმრად ვიყავი. ალლაჰის შუამავალს შუაღამემდე, ან ცოტა ადრე, ან ცოტა გვიან ეძინა. შემდეგ გაიღვიძა და წამოჯდა, ხელით სახიდან ძილის კვალი მოიწმინდა. ადგა, ჩამოკიდებული წყლის დოქი ჩამოხსნა და აბდესი აიღო. სურა ალი იმრანის ბოლოდან ათი წმინდა აიათი წაიკითხა და ნამაზზე დადგა. მეც ავდექი, ისევე აბდესი ავიღე, როგორც ალლაჰის შუამავალმა აიღო, და ნამაზში იმ ბატონის გვერდით დავდექი. ალლაჰის შუამავალმა ორი რექა’თი ნამაზი აღასრულა. შემდეგ კიდევ ორი რექა’თი. მის შემდეგ კიდევ ორი რექა’თი. შემდეგ ვითრის ნამაზზე დადგა. ამის შემდეგ დილის ნამაზის ეზანის წაკითხვამდე იწვა. შემდეგ ადგა, კიდევ ორი რექა’თი ნამაზი აღასრულა, მეჩეთში გავიდა და დილის ნამაზის ფარძი აღასრულა.“2 ჩვენი დედა, ჰაზრეთი აიშე, მოგვითხრობს: „ერთ ღამეს ალლაჰის შუამავალს ეძინა. რომ გაიღვიძა, მითხრა: ‚აიშე, თუ ნებას მომცემ, ამ ღამეს ჩემს უფალს ღვთისმსახურებას მივუძღვნი‘. შემდეგ ადგა. წმინდა ყურანს კითხულობდა და ტიროდა. ცრემლებით ორივე მუხლიც კი დაუსველდა. კითხვა განაგრძო და რამდენსაც კითხულობდა, დალოცვილი ცრემლები სხეულის ყველა ადგილს, რასაც ეხებოდა, ასველებდა. ეს მდგომარეობა დილამდე გაგრძელდა.

დილით ბილალ ჰაბეში მოვიდა და ეს მდგომარეობა რომ დაინახა, თქვა: ‚დედაჩემი და მამაჩემი შენ შემოგწირე, ალლაჰის შუამავალო! განა უზენაესმა ალლაჰმა შენი წარსული და მომავალი შეცდომები არ მოგიტევა?‘ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: ‚ბილალ! როგორ არ ვიყო მადლიერი მონა? ხომ უზენაესმა ალლაჰმა ამ ღამით3 გარდამოავლინა სურა ალი იმრანის ას ოთხმოცდამეათე წმინდა აიათი, რომელიც შინაარსით ამბობს: „ცათა და ქვეყნის გაჩენაში, ღამისა და დღის მონაცვლეობაში, ჭეშმარიტად, მრავალი ნიშანია გონიერთათვის“.‘“ „მუსლიმის“ კრებულში მოყვანილ ჰადისი შერიფშიც მან ბრძანა: „ჩემს გულს ისეთი რამეები მოადგება, რომ მათ გამო ყოველდღე და ყოველ ღამე უზენაეს ალლაჰს სამოცდაათჯერ ვთხოვ პატიებას“ და „ჩემს გულზე (ღვთიური ნათლის მოსვლის შემაფერხებელი) ფარდა ჩნდება. ამიტომ ყოველდღე სამოცდაათჯერ აღვავლენ ისთიღფარს“, ასევე „უზენაეს ალლაჰს ყოველდღე ასჯერ ვთხოვ პატიებას“.4

ჩვენს შუამავალს უზენაესი ალლაჰის შიში იმდენად დიდი ჰქონდა, რომ არავის უნახავს, ხმამაღლა გადაეხარხარა. ჰადისი შერიფი, რომელიც იმამ თირმიზიმ ებუ ზერისგან მერფუ5 სახით გადმოსცა, ამბობს: „უეჭველად, მე ვხედავ იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ, და მესმის ის, რაც თქვენ არ გესმით. ცაში ოთხი თითის ოდენა ადგილიც კი არ არის, სადაც ანგელოზები სეჯდეს არ ასრულებდნენ. ალლაჰს ვფიცავ, რაც მე ვიცი, თქვენ რომ იცოდეთ, ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით. გზებზე გახვიდოდით და, რამდენადაც ხმა მიგიწვდებოდათ, ხმამაღლა შეევედრებოდით უზენაეს ალლაჰს.“6

ებუ ჰურეირეს მიერ გადმოცემულ ჰადისი შერიფში ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „არავის მისი საქმეები სამოთხეში არ შეიყვანს.“ როცა ჰკითხეს: „არც შენ, ალლაჰის შუამავალო?“, ბრძანა: „დიახ, არც მე შემიყვანს ჩემი საქმეები სამოთხეში. მაგრამ უზენაესი ალლაჰის მადლი და მოწყალება მომიცავს.“

იბნი ომერი მოგვითხრობს: „როცა ალლაჰის შუამავალთან ერთად ერთ შეკრებაზე ვიყავით, ვითვლიდით, რომ ასჯერ თქვა: ‚ჩემო უფალო! მაპატიე და ჩემი თევბე მიიღე. შენ ხარ თევბეთა მიმღები და რაჰიმი.‘“7

ენეს ბინ მალიქმა გადმოგვცა: „ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მუდამ ამბობდა: ‚ალლაჰუმმე ია მუყალლიბელ-ყულუბ, სებბით ყალბი ალა დინიქ.‘“8 თირმიზის მიერ ებუ სა’იდ ჰუდრისგან გადმოცემულ ჰადისი შერიფში ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ვინც ლოგინში დაწოლისას სამჯერ იტყვის: ‚ესთაღფირულლაჰელ-აზიმ, ელლეზი ლა ილაჰე ილლა ჰუველ-ჰაიიულ-ყაიიუმ, ვე ეთუბუ ილეიჰ‘, თუნდაც მისი ცოდვები ზღვის ქაფის, ან თემიმის ქვეყნის ქვიშის, ან ხეების ფოთლების, ან ქვეყნის დღეების ოდენა იყოს, უზენაესი ალლაჰი მის ცოდვებს აპატიებს.“

როგორც ბუჰარიმ და მუსლიმმა გადმოსცეს, ალლაჰის შუამავალი ასე აღავლენდა ისთიღფარს: „ალლაჰუმმეღფირლი ჰატიეთი ვე ჯეჰლი ვე ისრაფი ფი ემრი ვე მა ენთე ალემუ ბიჰი მინნი.“ (ჩემო ალლაჰო! მაპატიე ჩემი შეცდომები, რომლებიც შენ იცი და რომლებიც (შეგნებულად ან) შეუგნებლად, ზღვრის გადასვლით ჩავიდინე!)

როგორც ებუ მუსა ეშ’არისგან (რადიალლაჰუ ანჰ) არის გადმოცემული, უკეთილშობილესი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ასეც აღავლენდა ისთიღფარს:

„ალლაჰუმმეღფირლი ჰეზლი ვე ჯიდდი ვე ჰატაი ვე ამდი ვე ქულლუ ზალიქე ინდი. ალლაჰუმმეღფირლი მა ყადდემთუ ვე მა ეჰჰართუ ვე მა ესრართუ ვე მა ალენთუ ვე მა ენთე ალემუ ბიჰი მინნი, ენთელ-მუყადდიმუ ვე ენთელ-მუეჰჰირუ ვე ენთე ალა ქულლი შეიინ ყადირ.“9 (ჩემო ალლაჰო! მაპატიე ჩემი ყველა ნაკლი, რომელიც შეიძლება ხუმრობით, სერიოზულად, დავიწყებით და შეგნებულად ჩამედინა. ჩემო ალლაჰო! მაპატიე ის, რაც ადრე და შემდეგ ჩავიდინე, ფარულად და აშკარად ჩავიდინე – ყველანაირი ჩემი ნაკლი, რომელიც შენ იცი. წინ წამწევიც შენ ხარ და უკან დამხევიც შენ ხარ. შენ ყოვლისშემძლე ხარ.)

ალლაჰის შუამავალი დღისით მარხულობდა,
ღამღამობით ნამაზში იდგა.
თუ შენ იმ რჩეულის უმმეთი ხარ,
სუნნეთსა და მექრუჰს მუდამ ყურადღება მიაქციე.

„ჩემს გულზე (ღვთიური ნათლის მოსვლის შემაფერხებელი) ფარდა ჩნდება. ამიტომ ყოველდღე სამოცდაათჯერ აღვავლენ ისთიღფარს“ ჰადისი შერიფი