ჩვენი შუამავლის შეფაათი
უკეთილშობილესი შუამავალი, ჩვენი შუამავალი, განკითხვის დღეს თავის უმმეთს შეფაათს (შუამდგომლობას) გაუწევს და მათ გაჭირვებისა და მწუხარებისგან იხსნის. ერთ ჰადისი შერიფში მან ბრძანა: „არჩევანი მომცეს ჩემი უმმეთის ნახევრის სამოთხეში შესვლასა და შეფაათს შორის. მე შეფაათი ავირჩიე, რადგან ის უფრო ფართოდ მოიცავს. ნუ გგონიათ, რომ ის მხოლოდ მათთვისაა, ვინც ღვთისმოშიშებას (თაყვას) მიაღწია, ის ასევე შეცდომაში ჩავარდნილი ცოდვილებისთვისაცაა…“1
ჰაზრეთი ებუ ჰურეირეს მიერ გადმოცემულ ჰადისი შერიფში ჩვენმა შუამავალმა ბრძანა: „ჩემი შეფაათი მისთვისაა, ვინც გულწრფელად, ისე, რომ გული ენას ადასტურებდა, წარმოთქვა შეჰადეთის სიტყვა: ‚ლა ილაჰე ილლალლაჰ‘.“2
ზოგიერთ ჰადისი შერიფშიც ჩვენმა შუამავალმა ბრძანა:
„შეფაათს გავუწევ ჩემი უმმეთიდან მათ, ვისაც ჩემი ეჰლი ბეითი უყვარს.“ „შეფაათს გავუწევ ჩემი უმმეთიდან დიდი ცოდვების ჩამდენებს.“ „შეფაათის გაწევა შემიძლია ყველასთვის, გარდა მათისა, ვინც ჩემს საჰაბეებს აუგად იხსენიებს.“ „შეფაათს გავუწევ ჩემი უმმეთიდან მათ, ვინც საკუთარ ნეფსს უსამართლოდ მოექცა, ვინც ნეფსს აჰყვა და მოტყუვდა.“ „განკითხვის დღეს პირველი შეფაათს მე გავუწევ.“3
„ვისაც ჩემი შეფაათის არ სწამს, ის მას ვერ ეღირსება.“4
განკითხვის დღეს საყვირის (სურის) ჩაბერვის საშინელებისგან სხეულები ჟრჟოლავს, თვალები დაბნეულია, არ იციან, საით გაიხედონ, მორწმუნეებიც და ურწმუნოებიც მაჰშერის ადგილისკენ მიერეკებიან. ეს არის ერთ-ერთი ტანჯვა, რომელიც განკითხვის დღის სიმძიმეს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამ დროს არშს რვა ანგელოზი მიაქვს. იმ ანგელოზთაგან თითოეული ერთი ნაბიჯით ოცი ათასი წლის ამქვეყნიურ გზას გადის. ანგელოზები და ღრუბლები, სანამ არში ა’ლა დაბრძანდება, გონებისთვის მიუწვდომელი თესბიჰებით ადიდებენ. ამგვარად, არში ა’ლა იმ თეთრ მიწაზე დაბრძანდება, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა მისთვის გააჩინა. ამ დროს, უზენაესი ალლაჰის სასჯელის შიშით, რომელსაც ვერაფერი გაუძლებს, თავები დაბლა იხრება. ყველა ქმნილება თავისი დარდის ტყვედ ქცეული და დაბნეული რჩება და თანაგრძნობას ეძებს. მაჰშერში ადამიანთა მდგომარეობა ძალიან უარესდება. მათი ტანჯვა და სასჯელი მატულობს. ყოველ ადამიანს კისერზე ჰკიდია ის ქონება, რომელსაც ამქვეყნად ძუნწად ინახავდა. ვინც აქლემის ზექათს არ იხდიდა, მას კისერზე აქლემი აწევს. ის ძალიან ხმამაღლა ღრიალებს და დიდი მთასავით მძიმდება. ვინც ძროხისა და ცხვრის ზექათს არ იხდიდა, ისინიც ასეთ მდგომარეობაში არიან. მათი ოხვრა-კვნესა თითქოს ცის ქუხილია.5 ვინც ნათესიდან ზექათს, ანუ უშრს, არ იხდიდა, მას კისერზე მარცვლეულის ტომრები აწევს. რომელი სახის ნათესის ზექათიც არ გაუცია ამქვეყნად, იმ სახის ტომრები აწევს: თუ ხორბალი იყო – ხორბლის, თუ ქერი – ქერის. მისი სიმძიმის ქვეშ ყვირიან: „ვა ვეილა, ვა სებურა!“ („ვეილი“ სასჯელის სიტყვაა. ადამიანი ასე ყვირის, როცა სასჯელს ვერ უძლებს. „სებური“ კი დაღუპვის დროს იხმარება.) ვინც ოქროს, ვერცხლის, (ქაღალდის) ფულისა და სხვა სავაჭრო ქონების ზექათს არ იხდიდა, მათ საშინელი გველი ესხმის თავს. როცა ყვირიან: „ეს რა არის?“, ანგელოზები პასუხობენ: „ეს არის თქვენი ქონება, რომლის ზექათიც ამქვეყნად არ გაიღეთ.“ აი, ეს საშინელი მდგომარეობა სურა ალი იმრანის ას ოთხმოცე წმინდა აიათში, შინაარსით, ასეა ნათქვამი: „რაც ამქვეყნად დაენანათ, განკითხვის დღეს კისერზე შემოეხვევათ.“
„ვისაც ჩემი შეფაათის არ სწამს, ის მას ვერ ეღირსება“ ჰადისი შერიფი
სხვა ჯგუფს სასირცხვო ადგილებიდან ჩირქი და ყვითელი წყალი ჩამოსდის. მათი მყრალი სუნისგან ირგვლივ მყოფნი ძალიან იტანჯებიან. ესენი არიან მრუშობის (ზინას) და ჰარამის ჩამდენნი. კიდევ ერთი ჯგუფი ხის ტოტებზეა ჩამოკიდებული. ესენი არიან ისინი, ვინც ამქვეყნად მამაკაცსა და მამაკაცს შორის გარყვნილებას – ლივატას სჩადიოდნენ.
კიდევ ერთ ჯგუფს ენები პირიდან გადმოგდებული და მკერდზე ჩამოკიდებული აქვს, ძალიან საზიზღარ მდგომარეობაში არიან. ხალხს მათი ყურება არ სურს. ესენი არიან მატყუარები და ცილისმწამებლები.
კიდევ ერთ ჯგუფს მუცლები მაღალი მთებივით გაბერილი აქვს. ესენი არიან ისინი, ვინც ამქვეყნად აუცილებლობის (ზარურეთის) გარეშე და შარიათთან შესაბამისი აღებ-მიცემის (მუამელეს) გზის გამოყენების გარეშე, სარგებლით (პროცენტით) ქონებასა და ფულს იღებდნენ და გასცემდნენ. ასეთი ჰარამის ჩამდენთა ცოდვები ყველაზე სამარცხვინოდ მჟღავნდება. შუამავლებსა და სწავლულებს შიში იპყრობს. ევლიაები და შეჰიდები უზენაესი ალლაჰის სასჯელისგან, რომლის ატანაც ძნელია, ოხრავენ და კვნესიან. როცა ისინი ამ მდგომარეობაში არიან, მათ მზის სინათლეზე ბევრად ძლიერი ნათელი მოიცავს. ადამიანები, რომლებიც ისედაც მზის სიცხეს ვერ უძლებენ, ამის დანახვისას სრულიად დაიბნევიან. ათას წელს ასეთ მდგომარეობაში დგანან. უზენაესი ალლაჰი მათ არაფერს ეუბნება. მაშინ ადამიანები პირველ შუამავალთან – ადამთან (ალეიჰისსელამ) მიდიან და ევედრებიან: „ადამ (ალეიჰისსელამ)! შენ ძვირფასი და ღირსეული შუამავალი ხარ. უზენაესმა ალლაჰმა შენ გაგაჩინა, ანგელოზებს შენს წინაშე სეჯდე ააღსრულებინა და შენში თავისი სულიდან შთაბერა. შეფაათი გაგვიწიე, რომ ანგარიში დაიწყოს, რასაც უზენაესი ალლაჰი ინებებს, იმით გაგვასამართლოს და, საითაც ბრძანებს, ყველა იქით წავიდეს. უზენაესმა ალლაჰმა, რომელიც ყველაფრის მსაჯული და პატრონია, თავის ქმნილებებს უყოს ის, რაც ნებავს.“
ადამი (ალეიჰისსელამ) ამბობს: „მე იმ ხის ნაყოფი ვჭამე, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა აკრძალა. ამიტომ ახლა უზენაესი ალლაჰისა მრცხვენია. მაგრამ თქვენ ნუჰთან წადით.“ ამის შემდეგ ისინი ათას წელს ერთმანეთში თათბირობენ. შემდეგ ნუჰთან (ალეიჰისსელამ) მიდიან და ევედრებიან: „ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ სრულიად ვეღარ ვუძლებთ. შეფაათი გაგვიწიე, რომ ჩვენი საქმე სწრაფად განიხილონ. ამ მაჰშერის სასჯელს გადავურჩეთ.“ ნუჰი (ალეიჰისსელამ) მათ ასე პასუხობს: „მე უზენაეს ალლაჰს შევევედრე და ამ ვედრების გამო დედამიწის ზურგზე რამდენი ადამიანიც იყო, ყველა დაიხრჩო. ამიტომ უზენაესი ალლაჰისა მრცხვენია. მაგრამ თქვენ წადით იბრაჰიმთან (ალეიჰისსელამ), რომელიც ჰალილულლაჰია. უზენაესმა ალლაჰმა სურა ჰაჯის ბოლო აიათში, შინაარსით, ბრძანა: ‚მიჰყევით თქვენი მამის, იბრაჰიმის (ალეიჰისსელამ), რჯულს. რათა შუამავალი იყოს თქვენთვის მოწმე, თქვენ კი იყოთ ადამიანებისთვის მოწმეები, უზენაესმა ალლაჰმა ადრინდელ წიგნებშიც და წმინდა ყურანშიც თქვენ მუსლიმის სახელი გიწოდათ.‘ იქნებ მან გაგიწიოთ შეფაათი.“
ისინი ისევ, როგორც ადრე, ათას წელს ერთმანეთში ლაპარაკობენ. შემდეგ იბრაჰიმთან (ალეიჰისსელამ) მიდიან და ეუბნებიან: „ჰოი, მუსლიმთა მამავ! შენ ის ხარ, ვინც უზენაესმა ალლაჰმა თავის ჰალილად (მეგობრად) აქცია. შეფაათი გაგვიწიე, რომ უზენაესმა ალლაჰმა ქმნილებებს შორის თავისი განაჩენი გამოიტანოს!“ იბრაჰიმი (ალეიჰისსელამ) მათ ეუბნება: „მე ამქვეყნად სამჯერ ვთქვი ორაზროვანი სიტყვა. ამ სიტყვების თქმით რჯულის გზაზე ვიბრძოდი. ახლა ამ ადგილას მრცხვენია, უზენაეს ალლაჰს შეფაათის ნებართვა ვთხოვო. თქვენ მუსასთან (ალეიჰისსელამ) წადით, რადგან უზენაესი ალლაჰი მას ესაუბრა და სულიერი სიახლოვე უჩვენა. ის გაგიწევთ შეფაათს.“ ამის შემდეგ ისინი კიდევ ათას წელს დგანან და ერთმანეთს ეთათბირებიან. მაგრამ ამ დროს მათი მდგომარეობა ძალიან მძიმდება. მაჰშერის ადგილი ძალიან ვიწროვდება. შემდეგ ისინი მუსასთან (ალეიჰისსელამ) მიდიან და ეუბნებიან: „ჰოი, იმრანის ძევ! შენ ის შუამავალი ხარ, რომელსაც უზენაესი ალლაჰი ესაუბრა და რომელსაც თევრათი გარდამოუვლინა. შეფაათი გაგვიწიე, რომ ანგარიში დაიწყოს, რადგან აქ ჩვენი დგომა ძალიან გაგრძელდა. სივიწროვისგან ერთმანეთს ფეხზე ვადგავართ.“ მუსა (ალეიჰისსელამ) მათ ასე ეუბნება: „მე უზენაეს ალლაჰს შევევედრე, რომ ფარაონის ხალხი წლების განმავლობაში უსიამო რამეებით დასჯილიყო. შემდეგ ვთხოვე, რომ ისინი მომავალი თაობებისთვის გაკვეთილი ყოფილიყვნენ. ახლა შეფაათის გაწევა მრცხვენია. მაგრამ უზენაესი ალლაჰი მოწყალებისა და პატიების პატრონია. თქვენ ისასთან (ალეიჰისსელამ) წადით, რადგან ის ურყევი რწმენით (იაყინით) შუამავალთა შორის ყველაზე მართალია, შემეცნებითა (მარიფეთით) და ზუჰდით – უაღმატებულესი, სიბრძნით (ჰიქმეთით) კი – უმაღლესი. ის გაგიწევთ შეფაათს.“ მაჰშერის ტანჯვისგან თავის დასაღწევად ისინი შემდეგ ისასთან (ალეიჰისსელამ) მიდიან და ეუბნებიან: „შენ ხარ უზენაესი ალლაჰის სული და სიტყვა. უზენაესმა ალლაჰმა შენზე სურა ალი იმრანის ორმოცდამეხუთე აიათში, შინაარსით, ბრძანა: ‚ის ამქვეყნადაც და საიქიოშიც ვეჯიჰია, ანუ ძალიან ძვირფასი (პატივდებული და სახელოვანი).‘ შენი უფლის წინაშე შეფაათი გაგვიწიე!“
ისა (ალეიჰისსელამ) ამბობს: „ჩემმა ხალხმა მე და დედაჩემი ალლაჰის გარდა ღმერთებად გაგვიხადა. ამ მდგომარეობაში როგორ გავუწიო შეფაათი? მათ მე თაყვანსაც მცემდნენ; მე შვილად, უზენაეს ალლაჰს კი მამად მიიჩნევდნენ. მაგრამ გინახავთ, რომ თქვენგან ვინმეს ქისა ჰქონდეს, შიგ საზრდო ედოს და პირი დაბეჭდილი ჰქონდეს? შეიძლება თუ არა ბეჭდის გაუტეხლად იმ საზრდოს მიწვდომა? წადით შუამავალთა შორის უაღმატებულესთან და უკანასკნელთან, მუჰამმედთან (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ), რადგან მან თავისი მოწოდება და შეფაათი თავისი უმმეთისთვის შემოინახა. მისმა ხალხმა მას ბევრჯერ აწყენინა. დალოცვილი შუბლი დაუჭრეს. დალოცვილი კბილი ჩაუმტვრიეს. სიგიჟე დასწამეს. ის დიდი შუამავალი ხომ მათ შორის საამაყო თვისებებით საუკეთესო და ღირსებით უმაღლესი იყო. მათ აუტანელ ტანჯვასა და ჩაგვრაზე ის პასუხობდა იმ წმინდა აიათით, რომელშიც იუსუფის (ალეიჰისსელამ) ძმებისადმი ნათქვამი სიტყვებია მოყვანილი, შინაარსით: ‚დღეს თქვენ ჩადენილისთვის ანგარიშს არ მოგთხოვთ (შეცდომებს სახეში არ შეგახლით). თქვენ უზენაესი ალლაჰი, რომელიც ერჰამურ-რაჰიმინია, გაპატიებთ.‘“6 ისამ (ალეიჰისსელამ) ჩვენი შუამავლის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) აღმატებულებები რომ ჩამოთვალა, ყველას სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს მას. ისინი მაშინვე მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) მინბართან მიდიან და ეუბნებიან: „შენ ჰაბიბულლაჰი ხარ! ჰაბიბი კი შუამდგომელთა შორის ყველაზე სასარგებლოა. შეფაათი გაგვიწიე, რადგან ჩვენ მივედით შუამავალთაგან პირველთან – ადამთან (ალეიჰისსელამ). მან ნუჰთან (ალეიჰისსელამ) გაგვგზავნა. ნუჰთან (ალეიჰისსელამ) მივედით. მან იბრაჰიმთან (ალეიჰისსელამ) გაგვგზავნა. იბრაჰიმთან (ალეიჰისსელამ) მივედით; მან მუსასთან (ალეიჰისსელამ) გაგვგზავნა. მუსასთან (ალეიჰისსელამ) მივედით; მან ისასთან (ალეიჰისსელამ) გაგვგზავნა. ისასთან (ალეიჰისსელამ) მივედით; მან შენთან გამოგვგზავნა. ალლაჰის შუამავალო (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ)! შენს შემდეგ წასასვლელი ადგილი აღარ არის.“
„რაც ამქვეყნად დაენანათ, განკითხვის დღეს კისერზე შემოეხვევათ“ ალი იმრან: 180
ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ამბობს: „თუ უზენაესი ალლაჰი ნებას დამრთავს და კმაყოფილი იქნება, შეფაათს გავუწევ.“
ის მიდის ადგილამდე, რომელსაც სურადიყათულ-ჯელალი ჰქვია, ანუ ჯელალის (დიდებულების) ფარდამდე. უზენაეს ალლაჰს შეფაათის ნებართვას სთხოვს. მას ნებართვა ეძლევა. ფარდები იწევა. ის არში ა’ლაში შედის. სეჯდეზე ემხობა. ათას წელს სეჯდეში რჩება. ამის შემდეგ უზენაეს ალლაჰს ისეთი ქება-დიდებით (ჰამდით) ადიდებს, როგორითაც სამყაროს გაჩენიდან არავის უდიდებია. ზოგიერთმა არიფმა თქვა: „უზენაესმა ალლაჰმა, როცა სამყაროები გააჩინა, თავი ასეთი ქება-დიდებით შეაქო.“ უზენაესი ალლაჰი, შინაარსით, ბრძანებს: „მუჰამმედ, თავი აწიე სეჯდიდან! თქვი – მოგისმენენ. (რასაც არ უნდა იტყოდე, მოგისმენენ. რასაც არ უნდა ითხოვდე, მოგეცემა.) შეფაათი გასწიე – მიიღება.“ ამის შემდეგ ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ამბობს: „ჩემო უფალო! შენს მონებს შორის კარგები ცუდებისგან გამოარჩიე, რადგან მათი ლოდინი ძალიან გაგრძელდა. მათგან თითოეული თავისი ცოდვების გამო არასათის მოედანზე დამცირებული და შერცხვენილია.“
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, სამოთხე მოიტანონ. სამოთხე ყოველგვარი სამკაულით მორთული არასათის მოედანზე მოაქვთ. მისი სურნელი ხუთასი წლის სავალიდანვე იგრძნობა. ამისგან გულები ხარობს, სულები ცოცხლდება. (მაგრამ ურწმუნოები, მურთედები, მუსლიმების დამცინავები, ახალგაზრდების მატყუარები და მათი რწმენის მომპარავები და) ისინი, ვისი საქმეებიც ბინძური, ცუდი იყო, სამოთხის სურნელს ვერ გრძნობენ.
ანგელოზებს ჯოჯოხეთი ჯაჭვებით შეკრული მოჰყავთ მაჰშერის მოედანზე. ჯოჯოხეთი ღრიალებს და გრგვინავს, ცეცხლს აფრქვევს და ისეთ სქელ კვამლს უშვებს, რომელიც მთელ ცას აშავებს. მისი ღრიალი, გრგვინვა და სიცხე აუტანელია. ყველას მუხლები ეკვეთება და იქვე, სადაც დგანან, მუხლებზე ეცემიან. ნებიებიც და რესულებიც კი ვერ იკავებენ თავს. ჰაზრეთი იბრაჰიმი, ჰაზრეთი მუსა, ჰაზრეთი ისა არში ა’ლას ეჭიდებიან. იბრაჰიმს (ალეიჰისსელამ) ავიწყდება ისმაილი (ალეიჰისსელამ), რომლის ზვარაკად შეწირვაც ისურვა, მუსას (ალეიჰისსელამ) – ძმა ჰარუნი (ალეიჰისსელამ), ისას (ალეიჰისსელამ) – დედა, ჰაზრეთი მერიემი. თითოეული მათგანი ამბობს: „ჩემო უფალო! დღეს საკუთარი თავის გარდა არაფერს გთხოვ.“
მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) კი ამბობს: „ჩემო უფალო! ჩემს უმმეთს უშიშროება და ხსნა უბოძე!“ იქ არავინაა, ვინც ამას გაუძლებს, რადგან უზენაესმა ალლაჰმა ამის შესახებ გვამცნო და სურა ჯასიიეს ოცდამერვე აიათში, შინაარსით, ბრძანა: „შენ იხილავ ყოველ უმმეთს უზენაესი ალლაჰის შიშით მუხლმოყრილს. თითოეულს თავისი ამქვეყნად ჩადენილი საქმეების წიგნისკენ მოუხმობენ.“
უზენაესი ალლაჰი სურა მულქის მერვე აიათში, შინაარსით, ბრძანებს: „რისხვისა და მძვინვარების სიძლიერისგან ცეცხლი ლამის გასკდეს.“
ამის შემდეგ ჩვენი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) წინ გამოდის და ჯოჯოხეთს აჩერებს. ის ამბობს: „დამცირებული და დაკნინებული დაბრუნდი უკან! დაელოდე, სანამ შენი მკვიდრნი ჯგუფ-ჯგუფად მოვლენ.“ ჯოჯოხეთიც ამბობს: „მუჰამმედ! გზა მომეცი, რადგან შენ ჩემთვის ჰარამი ხარ.“ არშიდან ხმა მოდის: „ჯოჯოხეთო! მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) სიტყვას დაუჯერე და დაემორჩილე!“ შემდეგ ალლაჰის შუამავალს ჯოჯოხეთი მიჰყავს და არში ა’ლას მარცხენა მხარეს, ერთ ადგილას აყენებს. მაჰშერში მყოფნი ჩვენი შუამავლის ამ გულმოწყალე მოპყრობასა და შეფაათს სიხარულით აუწყებენ ერთმანეთს. მათი შიში ცოტათი კლებულობს. ცხადი ხდება სურა ენბიას ას მეშვიდე წმინდა აიათის შინაარსი: „ჩვენ შენ სამყაროთა მოწყალებად წარგგზავნეთ.“7
მოკლედ, ალლაჰის შუამავალი ხუთ ადგილას გასწევს შეფაათს.8
პირველი – შეფაათით, რომელსაც მაყამი მაჰმუდი ჰქვია, ის ყველა ადამიანს მაჰშერში ლოდინის ტანჯვისგან იხსნის.9
მეორე – თავისი შეფაათით ძალიან ბევრ ადამიანს უანგარიშოდ შეიყვანს სამოთხეში. მესამე – ბევრი ცოდვის მქონე მორწმუნეებს ჯოჯოხეთიდან გამოიყვანს. მეოთხე – შეფაათს გაუწევს მათ, ვისაც სევაბი და ცოდვა თანაბარი აქვთ და „ა’რაფად“ წოდებულ ადგილას სამოთხეში შესვლას ელოდებიან. მეხუთე – შეფაათს გაუწევს სამოთხის მკვიდრთ, რომ მათი ხარისხები ამაღლდეს.
სამოცდაათი ათასი ადამიანიდან, რომლებსაც თავისი შეფაათით ანგარიშისგან იხსნის, თითოეულის შეფაათით კიდევ სამოცდაათ-სამოცდაათი ათასი ადამიანი შევა უანგარიშოდ სამოთხეში.
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
ძალიან გაჭირვებული ვარ, შენთან მოვედი,
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
ჩემი ბრალი რაც არის, შევიცანი,
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
ცოდვილი ვარ, სახე შავი მაქვს,
იქნებ ცეცხლში ჩამაგდონ,
მხოლოდ შენგან იქნება შველა,
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
შენი სიყვარული ყველაფერზე მაღლაა,
შენი ცოდნა ყველას ცოდნაზე მაღალია,
შენი მაქებარი თვით უფალია,
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
როგორ შეგაქოს ადამიანმა?
მხოლოდ შენგან იქნება წყალობა,
შეგვეწიე, გვიშველე!
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
შენ გარეშე ქვეყანა ჩემთვის საპყრობილეა,
ჩემი საქმე გაფუჭებულია, მდგომარეობა – ავი,
მხოლოდ შენგან იქნება წამალი,
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
ნათელი მოჰფინე ამ სამყაროს,
სალავათი და სალამი შენ,
მკვდარსა და ცოცხალ მუსლიმს –
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
რა თქმა უნდა, ცოდვები ბევრი მაქვს,
უძლურიც ვარ და ნაკლიანიც,
მაგრამ რწმენა სწორი მაქვს,
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
ჯოჯოხეთი რომ ადუღდეს, გადმოვიდეს,
რა დაგვატყდება თავს, უცნობი იყოს,
ჯიჰადის გზაზე მებრძოლ ამხანაგს –
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
თვალებიდან ფარდა აიხადოს,
შენ ყოველი სატკივრის წამალი ხარ,
ყოველ ადამიანს, ვინც მორწმუნეა, –
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
შენს ღირსებაზე ითქვა „ლევლაქე“,
ისევ ითქვა „ათაინაქე“,
„ერსელნაქეს“ ხელმწიფე შენ ხარ,
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
ჩვენი რჯულის გამავრცელებლებს,
შენი სუნნეთის მიმდევრებს,
შენს გზაზე თავდადებულებს –
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
შენი უმმეთის უმდაბლესს,
მის მადლიერს, ზიქრის აღმვლენს,
მის მდიდარს, მის ღარიბს –
შეფაათი, ალლაჰის შუამავალო!
მუჰამმედ ჰადიმი (რაჰმეთულლაჰი ალეიჰ)
„შენ იხილავ ყოველ უმმეთს უზენაესი ალლაჰის შიშით მუხლმოყრილს. თითოეულს თავისი ამქვეყნად ჩადენილი საქმეების წიგნისკენ მოუხმობენ“ ჯასიიე: 28
