ჩვენი შუამავლის ეჰლი ბეითი
ჩვენი საყვარელი შუამავლის ოჯახის ყველა წევრს ეჰლი ბეითი ეწოდება. მისი დალოცვილი მეუღლეები, მისი ქალიშვილი ჰაზრეთი ფატიმა და ჰაზრეთი ალი, მათი დალოცვილი შვილები – ჰაზრეთი ჰასანი და ჰაზრეთი ჰუსეინი, მათი ყველა შვილი და შვილიშვილი, ასევე ჰაშიმიანები, რომლებსაც ჩვენი შუამავლის წმინდა გვარი უკავშირდება, – ისინი ყველანი ეჰლი ბეითია. ალლაჰის შუამავლის ეჰლი ბეითი სამ ნაწილად იყოფა: პირველი ისინი არიან, ვინც მასთან წარმომავლობით, სისხლით არის დანათესავებული; მათ შორის არიან მისი მამიდებიც. მეორე მისი წმინდა მეუღლეები არიან. მესამე მსახური ქალები არიან, რომლებიც მისი მეუღლეების სახლებში მუდამ იმყოფებოდნენ, რომ მათთვის თმა დაევარცხნათ, საჭმელი მოემზადებინათ, ოთახები დაეგავათ, სარეცხი გაერეცხათ და შინაური საქმეები გაეკეთებინათ. ბილალი, სელმანი და სუჰეიბიც, რომლებიც გარე საქმეებს აკეთებდნენ და მეჩეთში ეზანს კითხულობდნენ, ჰანეი სეადეთში (ნეტარების სახლში) ჭამდნენ და სვამდნენ. ერთ დღეს ალლაჰის შუამავალი თავისი ბიძის, აბბასის, სახლში მივიდა, მას და მის შვილებს გვერდით მოისვა, თავისი იჰრამით დაფარა ისინი და ბრძანა: „ჩემო უფალო! ეს ჩემი ბიძაა, მამაჩემის ძმა. ესენი კი ჩემი ეჰლი ბეითია. როგორც მე დავფარე ისინი ამ ჩემი საფარველით, შენც ისე დაფარე და დაიცავი ისინი ჯოჯოხეთის ცეცხლისგან!“
ჩვენი შუამავლის დაქორწინების მიზეზები
ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) პირველად ოცდახუთი წლის ასაკში დაქორწინდა ჰაზრეთი ჰატიჯეზე (რადიალლაჰუ ანჰა). ჰაზრეთი ჰატიჯე ორმოცი წლის იყო და ქვრივი. მაგრამ მისი ქონება, სილამაზე, გონება, ცოდნა, პატივი, წარმომავლობა, უბიწოება და ზრდილობა ძალიან დიდი იყო. ოცდახუთი წელი ერთად იცხოვრეს. სანამ ჰაზრეთი ჰატიჯე ცოცხალი იყო, უკეთილშობილესი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) სხვა არავისზე დაქორწინებულა.
ჩვენი დედის, ჰაზრეთი ჰატიჯეს (რადიალლაჰუ ანჰა), გარდაცვალების შემდეგ ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მეორედ, ორმოცდათხუთმეტი წლის ასაკში, დაქორწინდა ჰაზრეთი ებუ ბექირის ქალიშვილზე, ჩვენს დედაზე, ჰაზრეთი აიშეზე (რადიალლაჰუ ანჰა). ნიქაჰი მასზე უზენაესი ალლაჰის ბრძანებით დადო. საიქიოს გადაბარგებამდე რვა წელი მასთან ერთად იცხოვრა. ძალიან ჭკვიანი, გონებამახვილი, სწავლული, ლიტერატურაში განსწავლული, უბიწო და ღვთისმოსავი იყო. რადგან ძალიან ძლიერი მეხსიერება ჰქონდა, საჰაბეები მას ეკითხებოდნენ და ბევრ რამეს მისგან სწავლობდნენ.
დანარჩენ ქორწინებებს სულ რელიგიური ან პოლიტიკური მიზეზებით, ანდა თანაგრძნობითა და სიკეთის ქმნის მიზნით მიმართა. ყველა ის ქალი ქვრივი იყო და მათი უმეტესობა – ხანში შესული. მაგალითად, როცა მექქის ურწმუნოთა მიერ მუსლიმებისთვის მიყენებულმა ტანჯვამ და ზიანმა აუტანელ ზღვარს მიაღწია, საჰაბეების ერთმა ნაწილმა ეთიოპიაში ჰიჯრეთი აღასრულა. ეთიოპიის მეფე ნეჯაში ქრისტიანი იყო. მუსლიმებს სხვადასხვა კითხვა დაუსვა და მიღებული სრულყოფილი პასუხებით გაოცებულმა ირწმუნა. მუსლიმებს ბევრი სიკეთე გაუკეთა. უბეიდულლაჰ ბინ ჯაჰში კი, რომელიც თითქოს რწმენაზე იყო მოქცეული, სიღარიბისგან თავის დასაღწევად მღვდლებს აჰყვა, მურთედი (რჯულიდან განდგომილი) გახდა და თავისი რჯული ამქვეყნიურზე გაცვალა.1 ალლაჰის შუამავლის მამიდის შვილი, ეს წყეული, თავის ცოლს, უმმუ ჰაბიბესაც ძალით და ქეზვით აიძულებდა, რჯული მიეტოვებინა და გამდიდრებულიყო. მაგრამ როცა ცოლმა უთხრა, რომ სიღარიბესაც დასთანხმდებოდა და სიკვდილსაც, ოღონდ მუჰამმედის (ალეიჰისსელამ) რჯულს არ მიატოვებდა, გაეყარა. ელოდა, რომ ის ხეტიალით სიდუხჭირეში მოკვდებოდა. მაგრამ მალე თავად მოკვდა. უმმუ ჰაბიბე ებუ სუფიანის ქალიშვილი იყო, რომელიც მაშინ მექქაში ყურაიშის მთავარსარდალი იყო. ალლაჰის შუამავალი იმ დროს ყურაიშის ლაშქრებთან ძალიან მძიმე ბრძოლებს მართავდა, ებუ სუფიანი კი ისლამის მოსასპობად მთელი ძალით იბრძოდა. ალლაჰის შუამავალმა გაიგო ჩვენი დედის, უმმუ ჰაბიბეს (რადიალლაჰუ ანჰა), რწმენის სიმტკიცისა და მის თავს დატეხილი ძალიან მწარე მდგომარეობის შესახებ. ნეჯაშის წერილი მისწერა და სთხოვა: „იქ მყოფ უმმუ ჰაბიბეზე დაქორწინება მსურს. ჩემი ნიქაჰი დადე! შემდეგ კი აქ გამოგზავნე.“ ნეჯაში მანამდე უკვე მუსლიმი იყო გამხდარი. წერილს დიდი პატივი მიაგო, იქაური მუსლიმები თავის სასახლეში მიიწვია და ნადიმი გაუმართა. ჰიჯრეთის მეშვიდე წელს ნიქაჰი დაიდო და მათ საჩუქრები და სიკეთეები უბოძა. ამრიგად, უმმუ ჰაბიბემ თავისი რწმენის ჯილდო მიიღო და იქ სიმდიდრესა და სიმშვიდეში ცხოვრობდა. მისი წყალობით სხვა მუსლიმებიც დამშვიდდნენ. რადგან სამოთხეში ქალები თავიანთ ქმრებთან იქნებიან, მას სამოთხის უმაღლესი საფეხური ეხარა, და ამ სახარებასთან შედარებით ამ ქვეყნის ყველა სიამე და წყალობა ძალიან მცირეა. ეს ნიქაჰი ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი იყო, რამაც ებუ სუფიანი იმისთვის მოამზადა, რომ შემდგომში ისლამის მიღების პატივი ხვდომოდა. როგორც ვხედავთ, ეს ნიქაჰი ისიც გვიჩვენებს, რა დიდი იყო ალლაჰის შუამავლის გონება, გამჭრიახობა, გენიალურობა, სიკეთე და თანაგრძნობა.2
მეორე მაგალითი: ჰაზრეთი ომერის ქალიშვილი, ჩვენი დედა ჰაზრეთი ჰაფსა (რადიალლაჰუ ანჰა), დაქვრივდა. ჰიჯრეთის მესამე წელს ჰაზრეთი ომერმა ჰაზრეთი ებუ ბექირსა და ჰაზრეთი ოსმანს ჰკითხა: „ჩემს ქალიშვილს ცოლად შეირთავ?“ – და თითოეულმა თქვა: „ნება მომეცი, ვიფიქრო.“ ერთ დღეს, როცა სამივე და სხვებიც ჩვენს შუამავალთან (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) იყვნენ, მან ჰკითხა: „ომერ! დამწუხრებულს გხედავ, რა არის მიზეზი?“ როგორც შუშაში მყოფი მელნის ფერი ადვილად ჩანს, ისე ჩვენი შუამავალიც ერთი შეხედვით ყველას ფიქრს მიხვდებოდა. თუ საჭიროდ ჩათვლიდა, იკითხავდა. რადგან ჩვენთვის ფარძია მასთან, მეტიც – ყველასთან, სიმართლის თქმა, ჰაზრეთი ომერმა უპასუხა: „ალლაჰის შუამავალო! ჩემი ქალიშვილი ებუ ბექირსა და ოსმანს შევთავაზე, არ შეირთეს.“ რადგან სრულიად არ სურდა, რომ ეს სამი საჰაბე, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარდა, დამწუხრებულიყო, ალლაჰის შუამავალმა, მათ გასახარებლად, მაშინვე ბრძანა: „ომერ! გინდა, შენი ქალიშვილი ებუ ბექირზეც და ოსმანზეც უკეთეს ვინმეს მივცე?“ ჰაზრეთი ომერი გაოცდა, რადგან იცოდა, რომ ჰაზრეთი ებუ ბექირსა და ჰაზრეთი ოსმანზე უკეთესი არავინ იყო. თქვა: „მინდა, ალლაჰის შუამავალო!“ ალლაჰის შუამავალმა ბრძანა: „ომერ, შენი ქალიშვილი მე მომეცი!“ ამგვარად ჰაზრეთი ჰაფსა ჰაზრეთი ებუ ბექირის, ჰაზრეთი ოსმანისა და ყველა მორწმუნის დედა გახდა, ისინი კი – მისი მსახურები, და ჰაზრეთი ებუ ბექირი, ჰაზრეთი ომერი და ჰაზრეთი ოსმანი ერთმანეთისთვის კიდევ უფრო ახლობელი და საყვარელი გახდნენ.3
მესამე მაგალითი: ჰიჯრეთის მეხუთე ან მეექვსე წელს ბენი მუსტალაყის ტომიდან აყვანილ ასობით ტყვეს შორის იყო ჯუვეირიიეც, ტომის მეთაურის, ჰარისის, ქალიშვილი. ალლაჰის შუამავალმა ის გამოისყიდა, გაათავისუფლა და ცოლად შეირთო. მაშინ ყველა საჰაბემ (ალეიჰიმურრიდვან) თქვა: „გვრცხვენია, რომ ჩვენი შუამავლის ოჯახის ნათესავები, ჩვენი დედის ნათესავები მხევლებად და მსახურებად გვყავდეს.“ ყველამ თავისი ტყვეები გაათავისუფლა. ეს ნიქაჰი ასობით ტყვის გათავისუფლების მიზეზი გახდა. ჩვენი დედა ჰაზრეთი ჯუვეირიიე (რადიალლაჰუ ანჰა) ამას მუდამ ყვებოდა და ამაყობდა. ჰაზრეთი აიშე ამბობდა: „ჯუვეირიიეზე მეტი სიკეთისა (ჰაირისა) და ბარაქის მომტანი ქალი არ მინახავს.“4 ერთ ჰადისი შერიფში ბრძანებულია: „ჩემი ყველა ქორწინება ჩემს მეუღლეებთან და ჩემი ქალიშვილების გათხოვება – ყველაფერი იმ ნებართვით მოხდა, რომელიც ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) უზენაესი ალლაჰისგან მოიტანა.“
ჩვენი შუამავლის მრავალჯერ დაქორწინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ისლამის რჯულის გადმოცემაც იყო. ვიდრე ჰიჯაბის აიათი გარდამოევლინებოდა, ანუ ვიდრე ქალებს დაფარვა ებრძანებოდათ, ქალებიც მოდიოდნენ ალლაჰის შუამავალთან, ეკითხებოდნენ, რაც არ იცოდნენ, და სწავლობდნენ. როცა ალლაჰის შუამავალი ვინმეს სახლში მიდიოდა, ქალებიც მოდიოდნენ, სხდებოდნენ, უსმენდნენ და სარგებელს იღებდნენ. როცა ჰიჯაბის აიათი გარდამოევლინა და ქალებს იმ მამაკაცებთან ჯდომა და საუბარი აეკრძალათ, რომლებიც მათთვის მაჰრემები არ იყვნენ, ის ქალებს, რომლებიც მისთვის მაჰრემები არ იყვნენ, აღარ იღებდა. უბრძანა, რაც არ იცოდნენ, მისი დალოცვილი მეუღლისთვის, ჰაზრეთი აიშესთვის, ეკითხათ და მისგან ესწავლათ. მკითხველთა სიმრავლის გამო ჰაზრეთი აიშე ყველასთვის პასუხის გაცემას ვერ ასწრებდა. ამ მნიშვნელოვანი სამსახურის გასაადვილებლად და ჩვენი დედის, აიშეს, ტვირთის შესამსუბუქებლად იმდენ ქალზე დადო ნიქაჰი, რამდენიც საჭირო იყო. ქალებთან დაკავშირებული ასობით დახვეწილი საკითხი მუსლიმ ქალებს თავისი დალოცვილი მეუღლეების მეშვეობით აუწყა. ერთი მეუღლე რომ ჰყოლოდა, ყველა ქალისთვის მისთვის კითხვის დასმა ძნელი, მეტიც – შეუძლებელი იქნებოდა. უზენაესი ალლაჰის რჯულის სრულად გადმოსაცემად მრავალი ქორწინების ტვირთიც იკისრა.
ჩვენი შუამავლის დალოცვილი მეუღლეები
ჰატიჯეთულ ქუბრა (რადიალლაჰუ ანჰა): ყურაიშის წარჩინებული და პატივდებული ოჯახიდან არის. ჰუვეილიდ ბინ ესედ ბინ აბდილ-უზზა ბინ ყუსაიის ქალიშვილია. ალლაჰის შუამავლის პირველი მეუღლეა. მამამისია ჰუვეილიდი, დედამისი – ფატიმა. ორმოცი წლის ქვრივი ალლაჰის შუამავალს გაჰყვა ცოლად. ალლაჰის შუამავალი მაშინ ოცდახუთი წლისა იყო. მისგან ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი ეყოლა. ქვრივობისას ვაჭრობას მისდევდა. ჰყავდა მოხელეები, მწიგნობრები და მონები. ძალიან მდიდარი, სწავლული და ჭკვიანი იყო. ის პირველი თავისუფალი ქალია, ვინც ირწმუნა. როცა ჯებრაილი (ალეიჰისსელამ) პირველად გამოეცხადა ალლაჰის შუამავალს, მას შეეშინდა. ეს ჰატიჯეს უამბო. პირველად ჰატიჯემ (რადიალლაჰუ ანჰა) ირწმუნა. ურწმუნოები კერპებს ეთაყვანებოდნენ, ალლაჰის შუამავლისა არ სწამდათ და დასცინოდნენ. ძალიან ტანჯავდნენ. ჰატიჯე (რადიალლაჰუ ანჰა) ანუგეშებდა და გამხნევებდა. მთელი თავისი ქონება და დოვლათი მის გზაზე გაიღო. ოცდახუთი წელი ერთგულად ემსახურა ალლაჰის შუამავალს. ერთხელაც არ უწყენინებია.
ჰიჯრეთამდე სამი წლით ადრე, ებუ ტალიბის სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ, სამოცდახუთი წლის ასაკში, მექქეი მუქერრემეში გარდაიცვალა.
ალლაჰის შუამავალი საიქიოს გადაბარგებამდე მას მუდამ აქებდა. ერთ დღეს, როცა შინ აქებდა, ჩვენმა დედამ, აიშემ, ვეღარ მოითმინა და თქვა: „უზენაესმა ალლაჰმა თქვენ მასზე უკეთესი მოგცათ.“ მაშინ ბრძანა: „არა! მასზე უკეთესი არ მომცემია. იმ დღეებში, როცა ყველა მატყუარას მეძახდა, მან მირწმუნა. როცა ყველა მტანჯავდა, მან მხარი დამიჭირა. ჩემს მწუხარებას ფანტავდა.“
ჰაზრეთი ჰატიჯე და მისი ქალიშვილი ფატიმა ზეჰრა იმ ოთხი ქალიდან ორნი არიან, რომლებზეც ჰადისი შერიფში ნაუწყებია, რომ ქვეყნიერების ყველა ქალზე აღმატებულნი არიან. მესამეა ფარაონის მეუღლე ჰაზრეთი ასიიე, მეოთხე – ჰაზრეთი მერიემი (რადიალლაჰუ თეალა ანჰუნნე).
„ჩემი ყველა ქორწინება ჩემს მეუღლეებთან და ჩემი ქალიშვილების გათხოვება – ყველაფერი იმ ნებართვით მოხდა, რომელიც ჯებრაილმა (ალეიჰისსელამ) უზენაესი ალლაჰისგან მოიტანა“ ჰადისი შერიფი
აიშე (რადიალლაჰუ ანჰა): ალლაჰის შუამავლის მეორე წმინდა მეუღლეა. ებუ ბექირ სიდდიყის ქალიშვილია. დედამისია უმმუ რუმანი. ჰიჯრეთამდე რვა წლით ადრე დაიბადა. შვილი არ ჰყოლია. ნიქაჰი მასზე ჰატიჯეთულ ქუბრას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ და ჰიჯრეთამდე ორი წლით ადრე დაიდო. სამი წლის შემდეგ, მედინაში, ჰუჯრეი სეადეთში (ნეტარების ოთახში) შეყვანის პატივი ხვდა. მისი გონება, გამჭრიახობა, უბიწოება და თაყვა (ღვთისმოშიშება) გასაოცრად დიდი იყო. ალლაჰის შუამავალს ძალიან უყვარდა და ხშირად აქებდა. მისი ნიქაჰი უზენაესი ალლაჰის ბრძანებით დაიდო. წმინდა აიათით არის ქებული. საჰაბეები თავიანთი რთული საკითხების გადასაწყვეტად მას მიმართავდნენ. როცა ალლაჰის შუამავალი (სალლალლაჰუ თეალა ალეიჰი ვესელლემ) გარდაიცვალა, თვრამეტი წლისა იყო. რადგან მისი იჯთიჰადი ჰაზრეთი ალის იჯთიჰადს არ ემთხვეოდა, აქლემის (ჯემელის) ბრძოლაში იმ საჰაბეებთან ერთად იყო, რომლებიც ჰაზრეთი ალის ებრძოდნენ. როცა ჰაზრეთი ალი შეჰიდად მოკლეს, ძალიან დამწუხრდა. ჰურუფიები მას ბევრ ცილს სწამებენ. ამბობენ, რომ ჰაზრეთი ალი არ უყვარდა. სინამდვილეში კი ჰადისი შერიფი „ალის სიყვარული რწმენის ნაწილია“ სწორედ ჰაზრეთი აიშემ გადმოგვცა. ამით აჩვენა, რომ ის უყვარდა და რომ ყველას უნდა უყვარდეს. ჰიჯრეთის ორმოცდამეჩვიდმეტე წელს, სამოცდახუთი წლის ასაკში, მედინაში გარდაიცვალა. მისი საფლავი ბაყის სასაფლაოზეა.
სევდე ბინთი ზემ’ა (რადიალლაჰუ ანჰა): ალლაჰის შუამავლის მესამე მეუღლეა. ქმართან ერთად ირწმუნა და ეთიოპიაში ჰიჯრეთი აღასრულა. როცა მექქაში დაბრუნდნენ, მისი ქმარი გარდაიცვალა. ალლაჰის შუამავალმა ჯერ ჰაზრეთი აიშეზე დადო ნიქაჰი, შემდეგ – სევდეზე. სევდე თავის სახლში მექქაში შეიყვანა, ჰაზრეთი აიშე კი – მედინაში. ძალიან თანამგრძნობი და უბიწო ქალბატონი იყო. ჰაზრეთი ომერის დროს გარდაიცვალა.5
ჰაფსა (რადიალლაჰუ ანჰა): ჰაზრეთი ომერის (რადიალლაჰუ ანჰ) ქალიშვილია. მისი პირველი ქმარი ჰუნეისი იყო. ერთად აღასრულეს ჰიჯრეთი ეთიოპიაში და მედინაში. როცა ახალგაზრდა დაქვრივდა, მამამ ის ჰაზრეთი ებუ ბექირს, შემდეგ კი ოსმანს შესთავაზა. ორივემ ბოდიში მოიხადა. ჰაზრეთი ომერი დამწუხრდა. ჰიჯრეთის მესამე წელს ალლაჰის შუამავალთან ნიქაჰის პატივი ხვდა. გარკვეული დროის შემდეგ ალლაჰის შუამავალი ჰაფსას გაეყარა. შემდეგ ჯებრაილის (ალეიჰისსელამ) მითითებით მასზე კვლავ დადო ნიქაჰი. ხშირად მარხულობდა და ბევრ ნამაზს ასრულებდა. ჰიჯრეთის 41-ე წელს, სამოცი წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზეინებ ბინთი ჰუზეიმე (რადიალლაჰუ ანჰა): ბევრს ეწეოდა ღვთისმსახურებას და ბევრ სადაყას გასცემდა. მანამდე აბდულლაჰ ბინ ჯაჰშის მეუღლე იყო. აბდულლაჰი ალლაჰის შუამავლის მამიდის, უმეიმეს, ვაჟი იყო. უჰუდის ღაზვაში შეჰიდად დაეცა. ალლაჰის შუამავალთან ნიქაჰის პატივი ხვდა, მაგრამ რვა თვის შემდეგ გარდაიცვალა.6
უმმუ სელემე (რადიალლაჰუ ანჰა): სახელად ჰინდი ერქვა. თავის ქმართან, ებუ სელემესთან, ერთად ეთიოპიაში ჰიჯრეთი პირველთა შორის აღასრულა. ებუ სელემე, ალლაჰის შუამავლის მამიდის, ბერრეს, ვაჟის, უბეიდულლაჰ ბინ ჯაჰშის ძმა, მედინაში, ჰიჯრეთის მეოთხე წელს, უჰუდის ღაზვაში მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. უმმუ სელემემ ებუ ბექირისა და ომერის ნიქაჰის თხოვნა არ მიიღო. ალლაჰის შუამავალთან ნიქაჰის პატივი ხვდა. ორმოცდამეცხრამეტე წელს, მედინაში, ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა. შუამავლის მეუღლეთაგან ის უკანასკნელი გარდაიცვალა.7
„არა! მასზე (ჰატიჯეზე) უკეთესი არ მომცემია. იმ დღეებში, როცა ყველა მატყუარას მეძახდა, მან მირწმუნა. როცა ყველა მტანჯავდა, მან მხარი დამიჭირა. ჩემს მწუხარებას ფანტავდა“ ჰადისი შერიფი
ჯუვეირიიე (რადიალლაჰუ ანჰა): ბენი მუსტალაყის ტომის მეთაურის, ჰარისის, ქალიშვილი იყო. ჰიჯრეთის მეხუთე წელს, მურეისის ღაზვაში, ტყვედ აიყვანეს. მისი ქმარი, რომელიც მისი ბიძაშვილი იყო, ბრძოლაში მოკლეს. ოცი წლისა და ძალიან მშვენიერი იყო. ერთი გადმოცემით, როცა ჯუვეირიიე გასაყიდად გამოიყვანეს, მამამისმა მის გამოსასყიდად მედინაში აქლემების ჯოგი მოიყვანა. ორი საუკეთესო აქლემი დაენანა და ქალაქგარეთ დამალა. შუამავალმა (ალეიჰისსელამ) უთხრა: „ის ორი აქლემიც მოიყვანე, რომლებიც ამა და ამ ადგილას დამალე.“ ჰარისი გაოცდა და ორ ვაჟთან და კიდევ მრავალ ადამიანთან ერთად ირწმუნა. შუამავალმა (ალეიჰისსელამ) აქლემები აიღო და ქალიშვილი დაუბრუნა. ქალიშვილმაც ირწმუნა. ალლაჰის შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ჯუვეირიიე მამამისს სთხოვა და მასზე ნიქაჰი დადო. ჰიჯრეთის ორმოცდამეთექვსმეტე წელს გარდაიცვალა.
ზეინებ ბინთი ჯაჰში (რადიალლაჰუ ანჰა): ალლაჰის შუამავლის მამიდის, უმეიმეს, ქალიშვილი და აბდულლაჰ ბინ ჯაჰშის და იყო. მამამისს ბურრე ერქვა. რადგან არ ირწმუნა, ჯაჰში შეარქვეს. ზეინები პირველ მორწმუნეთა შორის იყო.
ჩვენმა შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ის ჯერ თავის ნაშვილებ ვაჟს, ზეიდ ბინ ჰარისეს, მიათხოვა. რადგან ზეიდმა ზეინების უფლებების დაცვა ვერ შეძლო, ჰიჯრეთის მესამე წელს დაშორდნენ. შუამავალს (ალეიჰისსელამ) მასზე დაქორწინება სურდა. როცა ზეინებმა ეს გაიგო, სიხარულისგან ორი რექა’თი ნამაზი შეასრულა და ასე შეევედრა: „ჩემო უფალო! შენი შუამავალი ცოლად მთხოვს. თუ ჩემთვის განგიწესებია, რომ მისი მეუღლეობის პატივი მხვდეს, შენ თვითონ მიმეცი მას.“ მისი ვედრება შესმენილ იქნა და გარდამოევლინა სურა აჰზაბის ოცდამეჩვიდმეტე აიათი, რომლის შინაარსია: „მერე, როცა ზეიდმა მასთან თავისი სურვილი აღასრულა (ანუ ზეინები რომ გაუშვა), ჩვენ ის ქორწინებით შენ შეგაერთეთ.“ რადგან ზეინების ნიქაჰი თავად უზენაესმა ალლაჰმა დადო, ჩვენს შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ცალკე ნიქაჰი არ დაუდია. ზეინები (რადიალლაჰუ ანჰა) ამით მუდამ ამაყობდა და ამბობდა: „ყველა ქალს მამამისი ათხოვებს. მე კი ნიქაჰი უზენაესმა ალლაჰმა დამიდო.“ მაშინ ოცდათვრამეტი წლისა იყო. ჰიჯრეთის მეოცე წელს, ორმოცდაცამეტი წლის ასაკში გარდაიცვალა.8 დიდი სიკეთისა (ჰაირისა) და ქველმოქმედების პატრონი იყო და სადაყას გაცემა ძალიან უყვარდა. ხელსაქმეშიც ოსტატი იყო. რასაც დაამზადებდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს ნათესავებსა და ღარიბებს აძლევდა. ხალიფა ომერი შუამავლის თითოეულ წმინდა მეუღლეს თორმეტ-თორმეტ ათას დირჰემს აძლევდა. ზეინებ ბინთი ჯაჰში, როგორც კი მიიღებდა, ყველაფერს სადაყად არიგებდა. ჰაზრეთი აიშე ამისთვის მას ძალიან აქებდა. ჰადისი შერიფი „ჩემს მეუღლეებს შორის ჩემთან პირველი ის შემომიერთდება, ვინც ყველაზე ხელგაშლილია“9 აუწყებდა, რომ ის პირველი გარდაიცვლებოდა, რადგან ყველაზე მეტ სადაყას ის გასცემდა.
ფრანგმა უზრდელმა და ცილისმწამებელმა პოეტმა ვოლტერმა ლექსად თეატრალური პიესა დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ შეირთო ალლაჰის შუამავალმა ცოლად ჰაზრეთი ზეინები, – ისტორიის, მოვლენებისა და გადმოცემების სრულიად საწინააღმდეგო, გამოგონილი და ბინძური ცილისწამებებით სავსე. ლიტერატურისა და აზროვნების კაცისთვის შეუფერებელი ეს უშვერი და საზიზღარი ნაწერი მოეწონა მის დიდ მტერს, პაპს, რომელსაც ის ეკლესიიდან ჰყავდა განკვეთილი, და პაპმა მას მლიქვნელური წერილი მისწერა. მუსლიმთა ხალიფამ, სულთანმა აბდულჰამიდ ხან II-მა, როცა გაიგო, რომ ეს პიესა სცენაზე უნდა დაედგათ, საფრანგეთისა და ინგლისის მთავრობებს ულტიმატუმი წაუყენა, მაშინვე აღკვეთა ეს და მთელი კაცობრიობა სამარცხვინო სიმდაბლისგან იხსნა.
ჰაზრეთი საფიიე (რადიალლაჰუ ანჰა): ჰეიბერის იუდეველთა მეთაურის, ჰუიეი იბნი აჰტაბის, ქალიშვილი იყო. ჰეიბერში ერთ იუდეველზე იყო დანიშნული. შემდეგ ძალიან მდიდარ ქინანე ბინ ჰაყიყზე დაქორწინდა. ჰიჯრეთის მეშვიდე წელს, როცა ჰეიბერი დაიპყრეს, საფიიეც ტყვედ აიყვანეს. ალლაჰის შუამავლის წილში მოხვდა და მან ის გაათავისუფლა; ირწმუნა და ალლაჰის შუამავალთან ნიქაჰის პატივი ხვდა. ჰიჯრეთის ორმოცდამეათე წელს მედინაში გარდაიცვალა.10
უმმუ ჰაბიბე (რადიალლაჰუ ანჰა): ებუ სუფიან ბინ ჰარბ ბინ უმეიიეს ქალიშვილი და ჰაზრეთი მუ’ავიიეს და იყო. დედამისს ჰინდი ერქვა. თავის ქმართან, უბეიდულლაჰ ბინ ჯაჰშთან, ერთად გახდა მუსლიმი და ეთიოპიაში ჰიჯრეთი აღასრულა. რადგან მისი ქალიშვილი ჰაბიბე ეთიოპიაში დაიბადა, თავადაც უმმუ ჰაბიბეს (ჰაბიბეს დედის) ქუნიით გახდა ცნობილი. მისი ქმარი იქ მღვდლებს აჰყვა, მურთედი გახდა და მოკვდა. მარტოდმარტო, უცხოობაში და ღარიბი დარჩა. თქვა: „ალლაჰის შუამავლის რჯულს არ მივატოვებ.“ ალლაჰის შუამავალს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მის გასახარებლად მასზე დაქორწინება სურდა. ჰიჯრეთის მეშვიდე წელს ნეჯაშის წერილი მისწერა. შუამავლის ამ ბრძანებით ნეჯაშიმ ის უკეთილშობილეს შუამავალს შერთო ნიქაჰით და მედინაში გაგზავნა. ჰიჯრეთის ორმოცდამეოთხე წელს მედინაში გარდაიცვალა.
ჰაზრეთი მეიმუნე (რადიალლაჰუ ანჰა): მას ბერრე ერქვა, ალლაჰის შუამავალმა კი მეიმუნე დაარქვა. მეიმუნეს ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა. როცა ჰეიბერის დაპყრობის შემდეგ უმრის შესასრულებლად მექქაში წავიდნენ, მედინაში დაბრუნებისას ალლაჰის შუამავალთან ნიქაჰის პატივი ხვდა. ჰიჯრეთის ორმოცდამეცამეტე წელს მექქაში დაავადდა. თქვა: „მექქიდან გამიყვანეთ! რადგან ალლაჰის შუამავალმა მაუწყა, რომ მექქის გარეთ გარდავიცვლები.“ როცა გაიყვანეს, გარდაიცვალა იმ ადგილას, სადაც ალლაჰის შუამავალმა მასზე ნიქაჰი დადო (ადგილას, რომელსაც სერფი ეწოდება).11
ჰაზრეთი მარიიე (რადიალლაჰუ ანჰა): როცა ჩვენი შუამავლის მხევალი იყო, ირწმუნა და მასთან ნიქაჰის პატივი ხვდა. რადგან ის საჩუქრად ეგვიპტისა და ალექსანდრიის მმართველმა მუყავყასმა გამოგზავნა, მისი წარმომავლობა (გენეალოგია) და დაბადების წელი ზუსტად არ არის ცნობილი. უკეთილშობილეს შუამავალს ჩვენი დედისგან, ჰაზრეთი მარიიესგან, ვაჟი შეეძინა, სახელად იბრაჰიმი. ჰაზრეთი მარიიე ძალიან მშვიდი, წყნარი და თავმდაბალი იყო. ჰაზრეთი ომერის ხალიფობის ბოლო წლებში, 637 წელს (ჰიჯრეთის მე-16 წელს), გარდაიცვალა. ბაყის სასაფლაოზეა დაკრძალული.12
ჰაზრეთი რეიჰანე (რადიალლაჰუ ანჰა): მუსლიმი გახდა, როცა ჩვენი შუამავლის მხევალი იყო. მედინაში მცხოვრები იუდეველების ბენი ყურეიზას ტომიდან იყო. მისი გენეალოგიაა: რეიჰანე ბინთი შემ’უნ იბნი იეზიდი, ან რეიჰანე ბინთი ზეიდ იბნი ამრ იბნი ჰანეფე ბინ შემ’უნ ბინ იეზიდი. დაბადების წელი ზუსტად არ არის ცნობილი. ჩვენს შუამავალზე ადრე, 631 წელს (ჰიჯრეთის მე-10 წელს), მედინაში გარდაიცვალა. ბაყის სასაფლაოზეა დაკრძალული.13
„სეიიდებისა და შერიფების სიყვარული უკანასკნელ ამოსუნთქვაზე რწმენით წასვლის მიზეზი ხდება“ ებუ მუჯაჰიდ ენვერ ბინ ნაზიფი (რაჰმეთულლაჰი ალეიჰ)
