ბავშვობა
ძიძისთვის მიბარება
ჩვენი დედა ამინე, როცა თავისი სხივოსანი პატარა ხელში აიყვანა, თითქოს მეუღლის, ჰაზრეთი აბდულლაჰის გარდაცვალების ტკივილი დაავიწყდა. მას შემდეგ, რაც დედამ ცხრა დღე აწოვა ძუძუ, რამდენიმე დღე ძიძობას უწევდა ებუ ლეჰების მხევალი, სუვეიბე ჰათუნი. სუვეიბე ჰათუნს მანამდე ჰაზრეთი ჰამზასთვის ეწოვებინა ძუძუ, შემდეგ კი – ებუ სელემესთვის. ჰაფიზ იბნი ჯეზერი ამბობს: „ებუ ლეჰები სიზმარში ნახეს და როცა ჰკითხეს, რა მდგომარეობაში იყო, თქვა: ‚საფლავის სასჯელს ვიტან. მაგრამ ყოველ წელს, რებიულ ევველის თვის მეთორმეტე ღამეს, სასჯელი მიმსუბუქდება. ორ თითს შორის გამომავალ გრილ წყალს ვწოვ და შვებას ვგრძნობ. იმ ღამეს, როცა ალლაჰის შუამავალი ქვეყნად მოვიდა, ჩემმა მხევალმა, სახელად სუვეიბემ, ეს სასიხარულო ამბავი მახარა. მეც სიხარულისგან ის გავათავისუფლე და ვუბრძანე, მისთვის ძიძობა გაეწია. ამიტომ ამ ღამეებში ჩემი სასჯელი მსუბუქდება.‘“ იმ დროს მექქელებს ჩვეულებად ჰქონდათ, თავიანთი შვილები ძიძისთვის მიებარებინათ. სუფთა ჰაერისა და ტკბილი წყლის მქონე ახლომდებარე მთის საძოვრებზე გაგზავნილი ბავშვები გარკვეული დრო თავიანთ ძიძებთან რჩებოდნენ. ამის მიზეზი მექქის ცხელი ჰავა იყო. ყოველ წელს ამ მიზნით მექქაში ბევრი ქალი მოდიოდა. თითოეული მათგანი ძუძუს საწოვებლად თითო ბავშვს წაიყვანდა. ბავშვებს რომ გაზრდიდნენ და დაუბრუნებდნენ, ბევრ საზღაურსა და საჩუქრებს იღებდნენ. ჩვენი შუამავლის დაბადების წელსაც, როგორც ყოველ წელს, მთის საძოვრებზე მცხოვრები ბენი სა’დის ტომიდან ბევრი ქალი მოვიდა მექქაში ძიძობის განზრახვით. თითოეულს ძუძუს საწოვებლად თითო ბავშვი უკვე აეყვანა. მექქის მიდამოების ტომებს შორის ბენი სა’დის ტომი ღირსებით, გულუხვობით, ვაჟკაცობით, თავმდაბლობითა და არაბული ენის გამართული ფლობით ფართოდ იყო სახელგანთქმული. ყურაიშის წარჩინებულებს ურჩევნოდათ, შვილები სწორედ ამ ტომისთვის მიებარებინათ. იმ წელს ბენი სა’დის ტომის მხარეში ძლიერი გვალვა და შიმშილობა მძვინვარებდა. ამ ტომიდან ჰალიმე ჰათუნი ამ მდგომარეობას ასე აღწერს: „იმ წელს მინდვრებში დავდიოდი, ბალახს ვკრეფდი და იმისთვის, რომ ვპოულობდი, უზენაეს ალლაჰს მადლობას ვწირავდი. ზოგჯერ სამი დღე ისე გადიოდა, რომ პირში არაფერს ვიდებდი. ასეთ მდგომარეობაში შვილი შემეძინა. ერთი მხრივ შიმშილი იყო, მეორე მხრივ – მშობიარობის სიმძიმე. იყო წუთები, როცა შიმშილისგან მიწას ცისგან, ღამეს დღისგან ვეღარ ვარჩევდი. ერთ ღამეს უდაბნოში ჩამეძინა. სიზმარში ვიღაცამ რძეზე თეთრ წყალში ჩამძირა და მითხრა: ‚ეს წყალი დალიე.‘ გაძღომამდე დავლიე. შემდეგ კვლავ მაიძულა დალევა. ვსვამდი და ვსვამდი, თაფლზე ტკბილი იყო. ‚უხვი რძე გქონდეს, ჰალიმე! მიცანი?‘ – მკითხა. როცა ვუთხარი, ვერ გიცანი-მეთქი, თქვა: ‚მე ვარ ის ქება-დიდება და მადლიერება, შენს გაჭირვებაში რომ აღავლენდი. ჰალიმე! მექქაში წადი. იქ ერთი „სხივი“ გახდება შენი თანამგზავრი და ბარაქით აივსები. ეს სიზმარი არავის უამბო!‘ როცა გამეღვიძა, ვნახე, რომ მკერდი რძით მქონდა სავსე, გაჭირვებამ და შიმშილმა კი მიმატოვა.“ იმ წელს შიმშილობის გამო სხვა წლებთან შედარებით უფრო მეტი ძიძა მოვიდა მექქაში, რომ საზღაურით ბავშვებისთვის ძუძუ ეწოვებინათ და თავიანთი გაჭირვება მოეშორებინათ.
„ჩვენ თამაშისთვის არ გავჩენილვართ“ ჰადისი შერიფი
ბენი სა’დის უდაბნო
ყველა ჩქარობდა, რომ მდიდარი ოჯახების ბავშვები აეყვანა. თითოეულმა ამ ქალთაგან თითო ბავშვი აიყვანა. მაგრამ რადგან ჩვენი შუამავალი ობოლი იყო, დიდ საზღაურს ვერ მივიღებთო, ფიქრობდნენ და მისი აყვანა არ ისურვეს. ამ ქალებს შორის იყო თავისი უბიწოებით, სისპეტაკით, სიმშვიდით, მორცხვობითა და მშვენიერი ზნეობით ცნობილი ჰალიმე ჰათუნიც. რადგან ის პირუტყვი, რომელზეც ისხდნენ, სუსტი იყო, მექქაში დაგვიანებით მოვიდნენ. მაგრამ ამ დაგვიანებამ მათ იმაზე მეტი მოუტანა, რასაც ეძებდნენ. ჰალიმემ და მისმა ქმარმა მექქის ქუჩები შემოიარეს და ნახეს, რომ მდიდარი ოჯახების ბავშვები უკვე აყვანილი იყო. მიუხედავად ამისა, ცარიელი ხელით დაბრუნება არ სურდათ. მათი ერთადერთი სურვილი ბავშვით დაბრუნება იყო.
ბოლოს ერთ პატივსაცემ, ძალზე სასიამოვნო იერის კაცს შეხვდნენ. ეს მექქის მეთაური აბდულმუტტალიბი იყო. როცა მათი სურვილი შეიტყო, ურჩია, მისი შვილიშვილი აეყვანათ, და უთხრა, რომ ამის წყალობით დიდ კეთილდღეობასა და ბედნიერებას ეწეოდნენ. აბდულმუტტალიბის სიყვარული და სითბო მათ მისკენ იზიდავდა. მისი წინადადება მაშინვე მიიღეს. შემდეგ მოხუცმა ბაბუამ ჰალიმე ჰათუნი ჰაზრეთი ამინეს სახლში მიიყვანა.
ჰალიმე ჰათუნი მოგვითხრობს: „როცა ბავშვის სასთუმალთან მივედი, სახვევებში გახვეულს მწვანე აბრეშუმის საფარზე ტკბილად ეძინა, ირგვლივ კი მუშკის სურნელი ვრცელდებოდა. გაოცებული დავრჩი და ერთ წამში ისე შემიყვარდა, რომ მისი გაღვიძება გულმა ვერ გამიმეტა. როცა ხელი მკერდზე დავადე, გაიღვიძა, შემომხედა და გამიღიმა. მე კი ამ ღიმილით მოხიბლულმა თავი დავივიწყე. შემდეგ, იმის შიშით, რომ დედა ასეთ ლამაზ და დალოცვილ ბავშვს არ მომცემდა, სახე დავუფარე და მაშინვე ხელში ავიყვანე. მარჯვენა ძუძუ მივეცი – წოვა დაიწყო. მარცხენა მივეცი – არ მოწოვა. აბდულმუტტალიბი მომიბრუნდა და მითხრა: ‚გაიხარე! ქალთა შორის არავის ჰქონია ისეთი წყალობა, როგორიც შენ გხვდა!‘1
როცა თავისი საყვარელი პატარა მომცა, ამინე ჰათუნმა თქვა: ‚ჰალიმე, სამი დღის წინ ხმა გავიგონე, რომელმაც თქვა, რომ ქალი, რომელიც ჩემს შვილს ძუძუს აწოვებს, ბენი სა’დის ტომიდან, ებუ ზუვეიბის შთამომავლობიდან იქნება.‘ მაშინ ვუპასუხე: ‚მე ბენი სა’დის ტომიდან ვარ, მამაჩემის ქუნიე კი ებუ ზუვეიბია.‘“
ჰალიმე ჰათუნი ასევე მოგვითხრობს: „ამინე ჰათუნმა მრავალი სხვა ამბავიც მიამბო და ანდერძიც დამიბარა. მეც ვუამბე სიზმარი, რომელიც მექქაში მოსვლამდე ვნახე, და ისიც, რომ გზაში მარჯვნიდან და მარცხნიდან ხმები მესმოდა: ‚გაიხარე, ჰალიმე! შენ გერგება იმ სხივისთვის ძუძუს წოვება, რომელიც თვალს სჭრის და სამყაროებს ანათებს.‘“
ჰალიმე ჰათუნი მოგვითხრობს: „მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) ავიყვანე და ჰაზრეთი ამინეს სახლიდან გამოვედი. ჩემს ქმართან მივედი. მანაც რომ შეხედა ჩემ ხელში მყოფი ბავშვის სახეს, თავი დაივიწყა და თქვა: ‚ჰალიმე! ასეთი ლამაზი სახე აქამდე არასოდეს მინახავს!‘ ხოლო როცა დაინახა ბარაქა, რომელიც მისი აყვანისთანავე გვეწია, თქვა: ‚ჰალიმე! იცოდე, რომ ძალიან დალოცვილი და მაღალი ხარისხის ბავშვი აგიყვანია.‘ მე ვუპასუხე: ‚ალლაჰს ვფიცავ, სწორედ ეს მსურდა, ჩემი სურვილი ახდა.‘“
როცა ჰალიმე ჰათუნი და მისი ქმარი მუჰამმედთან (ალეიჰისსელამ) ერთად მექქიდან გზას დაადგნენ, იმ წამიდანვე მისი ბარაქა ეწიათ. მათი გამხდარი ვირი, რომელიც მანამდე სწრაფად ვერ დადიოდა, ახლა ჯიშიან არაბულ რაშად ქცეულიყო. თუმცა ქარავანი, რომელთანაც ერთად მოვიდნენ, მათზე ბევრად ადრე დაიძრა და შორს წავიდა, ქარავანს დაეწიენ და უკან მოიტოვეს. ბენი სა’დის მხარეში რომ მივიდნენ, არნახულ სიუხვესა და ბარაქას ეწიენ. მათ ცხოველებს, რომლებიც მანამდე ცოტა რძეს იძლეოდნენ, ცური რძით ევსებოდათ. ამის მნახველი მეზობლები გაოცდნენ და ნათლად მიხვდნენ, რომ ეს იმ ბავშვის გამო იყო, რომელიც ძუძუს საწოვებლად აიყვანეს. ჩვენი შუამავალი თავისი ძიძის, ჰალიმე ჰათუნის, მხოლოდ მარჯვენა ძუძუს წოვდა.
„ჩემს წინაპართაგან არცერთს მრუშობა არ ჩაუდენია. უზენაესმა ალლაჰმა სუფთა, კეთილი მამებისა და წმინდა დედებისგან მომავლინა“ ჰადისი შერიფი
მარცხენას რძის ძმას უტოვებდა. ორი თვისა ხოხვა დაიწყო. სამი თვისა ფეხზე დგებოდა, ოთხი თვისა კედელს ჩაჭიდებული დადიოდა. ხუთი თვისა დამოუკიდებლად გაიარა, ექვსი თვისა სწრაფად სიარული დაიწყო. შვიდი თვისა ყველა მხარეს დადიოდა. რვა თვისა გასაგებად, ცხრა თვისა კი სრულიად მკაფიოდ ლაპარაკი დაიწყო. ათი თვისა მშვილდით სროლა დაიწყო.
ჰალიმე ჰათუნი მოგვითხრობდა: „როცა ლაპარაკი დაიწყო, მისი პირველი სიტყვები ეს იყო: ‚ლა ილაჰე ილლალლაჰუ ვალლაჰუ ექბერ. ველ-ჰამდულილლაჰი რაბბილ-ალემინ.‘ იმ დღის შემდეგ უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენების გარეშე არაფრისთვის გაუწვდია ხელი. მარცხენა ხელით არაფერს ჭამდა. სიარული რომ დაიწყო, ბავშვების სათამაშო ადგილებს ერიდებოდა და მათ ეუბნებოდა: ‚ჩვენ ამისთვის არ გავჩენილვართ.‘ ყოველდღე მას მზის შუქისმაგვარი სხივი მოიცავდა და კვლავ იფანტებოდა. მთვარეს ელაპარაკებოდა და რამდენჯერაც მთვარისკენ მიუთითებდა, მთვარე იძვროდა.“
გვალვის გამო დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ და ერთხელ წვიმის სათხოვნელად სავედრებლად გავიდნენ. მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) თან წაიყვანეს, ევედრნენ და მისი პატივისთვის უხვ წვიმასა და ბარაქას ეწიენ. ჰალიმე ჰათუნი მოგვითხრობს: „როცა მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) ორი წლისა გახდა, ძუძუს მოვაშორე. შემდეგ ქმართან ერთად მექქაში წავედით, რომ დედისთვის დაგვებრუნებინა. მაგრამ მისი წყალობით ისეთ ბარაქას ვეწიეთ, რომ მასთან განშორება და მისი დალოცვილი სახის ვეღარ ხილვა ძალიან გვიჭირდა. დედამისს მისი მდგომარეობის შესახებ ვუამბე. ამინე ჰათუნმა თქვა: ‚ჩემს შვილს დიდი ხარისხი აქვს.‘ მე ვთქვი: ‚ალლაჰს ვფიცავ, მასზე უფრო დალოცვილი არავინ მინახავს.‘ შემდეგ მრავალი მიზეზი მოვიგონე და ამინე ჰათუნს ვთხოვე, ცოტა ხნით კიდევ ჩვენთან დარჩენილიყო. გული არ გაგვიტეხა და ნება მოგვცა, ჩვენთან დარჩენილიყო. მასთან ერთად კვლავ ჩვენს ტომში დავბრუნდით. ამის წყალობით ჩვენი სახლი ბარაქით აივსო, ქონება, დოვლათი და სახელი გაგვიმრავლდა. ურიცხვ წყალობას ვეწიეთ.“2
ღრუბელი მის დალოცვილ თავზე
ჰალიმე ჰათუნმა მოგვითხრო: „ერთ დღეს სამყაროს ბატონმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მკითხა: ‚დღისით ჩემს ძმებს ვერ ვხედავ. რა არის ამის მიზეზი?‘ ვუთხარი: ‚ცხვრის საძოვებლად მიდიან. სახლში მხოლოდ საღამოს მოდიან.‘ მაშინ თქვა: ‚მეც მათთან ერთად გამაგზავნე. მეც ცხვარს ვამწყემსავ.‘ მიზეზებს ვიგონებდი და უამრავ მოსაბოდიშებელს ვამბობდი. ბოლოს, რომ გული დამშვიდებოდა, ვუთხარი: ‚კარგი.‘
მეორე დღეს დალოცვილი თმა დავუვარცხნე, ტანსაცმელი ჩავაცვი და რძის ძმებთან ერთად გავგზავნე.
რამდენიმე დღე დადიოდა და ბრუნდებოდა. ერთ დღეს, როცა მისი რძის და შეიმა მინდვრიდან მოვიდა, ვკითხე: ‚სადაა ჩემი თვალის სინათლე, ჩემი შვილი მუჰამმედი?‘ თქვა: ‚უდაბნოშია.‘ როცა ვკითხე: ‚ჩემი გულის ნატეხი ამ სიცხეს როგორ უძლებს?‘, შეიმამ მიპასუხა: ‚დედიკო! მას არასოდეს არაფერი დაუშავდება, რადგან მის დალოცვილ თავზე ერთი ღრუბელი მუდამ მასთან ერთად მოძრაობს; ასე მზის სიცხისგან დაცულია.‘ როცა ვუთხარი: ‚ეს რას ამბობ? ნუთუ მართლა სიმართლეა, რასაც ამბობ?‘, დაიფიცა. მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი.
დალოცვილი მკერდის გაპობა (შაყყი სადრი)
ერთხელ კიდევ, შუადღისას, მისი რძის ძმა დამრა მოვიდა და მითხრა: ‚დედიკო! ჩქარა გაიქეცით!… მე და ჩემი ყურაიშელი ძმა ცხვარს ვამწყემსავდით. უეცრად მწვანე სამოსში ჩაცმული სამი კაცი მოვიდა. ჩემი ძმა ჩვენგან წაიყვანეს და მთის წვერზე აიყვანეს. ზურგზე დააწვინეს და დანით მუცელი გაუპეს. ამის სათქმელად რომ წამოვედი, ისინი ჯერ კიდევ იქ იყვნენ. არ ვიცი, ჩემი ძმა ცოცხალი დარჩა თუ არა.‘ ჰალიმე ჰათუნმა მოთხრობა ასე განაგრძო: იმ წამს თავზარი დამეცა. სწრაფად მივედით იქ და ის დავინახეთ. მაშინვე დალოცვილ სახესა და თავზე ვაკოცე და ვკითხე: ‚ჩემო თვალის სინათლევ! ჩემო შვილო, სამყაროთა მოწყალებავ! ეს რა მდგომარეობაა? რა დაგემართა? ვინ შეგაწუხა?‘
თქვა: ‚სახლიდან რომ გამოვედი, მწვანე სამოსში ჩაცმული ორი კაცი დავინახე. ერთს ხელში ვერცხლის სურა ეჭირა, მეორეს – მწვანე ზურმუხტის ტაშტი. ტაშტი თოვლზე თეთრი რაღაცით იყო სავსე. მთის წვერზე წამიყვანეს. ერთმა ზურგზე დამაწვინა. სანამ ვუყურებდი, მკერდი ჭიპამდე გამიპო. არავითარი ტკივილი და ტანჯვა არ მიგრძნია. ხელები შიგნით შეყვეს და რაც იყო, ყველაფერი ამოიღეს. იმ თეთრი რაღაცით გარეცხეს და თავის ადგილას ჩადეს. შემდეგ ერთმა მეორეს უთხრა: „გადაიწიე, ახლა მე შევასრულებ ჩემს სამსახურს“, ხელი შიგნით შეყო და გული ამომიღო. ორად გაჭრა, შიგნიდან რაღაც შავი ამოიღო და გადააგდო. და თქვა: „ეს იყო ეშმაკის წილი შენს სხეულში. ამოვიღეთ და გადავაგდეთ. უზენაესი ალლაჰის საყვარელო! ვესვესესგან3 და ეშმაკის ხრიკისგან დაგიცავით.“ შემდეგ გული თავიანთთან არსებული რაღაც ნაზითა და რბილით ამივსეს. სხივის ბეჭდით დაბეჭდეს. იმ ბეჭდის სიგრილეს ახლაც ყველა ასოში ვგრძნობ. როცა ერთმა მათგანმა ხელი გაპობილ ადგილს დაადო, ჭრილობა მომიშუშდა. შემდეგ ჩემი უმმეთიდან ათ კაცთან ამწონეს – მე გადავწონე. ათას კაცთან ამწონეს – კვლავ მე გადავწონე. მაშინ ერთმა მათგანმა მეორეს უთხრა: „აღარ აწონო. ალლაჰს ვფიცავ, მთელ მის უმმეთთანაც რომ აწონო, ის გადაწონის.“ შემდეგ თითოეულმა ხელსა და სახეზე მაკოცა, აქ დამტოვეს და წავიდნენ.‘ გაპობილი ადგილი მის დალოცვილ მკერდზე ეტყობოდა.“4
ჩვენი საყვარელი შუამავლის თავს გადამხდარ ამ ამბავს, რომელიც წმინდა ყურანის სურა ინშირაჰის პირველ აიათშია ნაუწყები, „შაყყი სადრი“, ანუ მკერდის გაპობა ეწოდება.
როცა მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) შუამავლობა ეუწყა, საჰაბეთაგან ზოგიერთებმა უთხრეს: „ალლაჰის შუამავალო! თქვენს თავზე ხომ არ გვიამბობთ?“, მან კი ბრძანა: „მე ჩემი წინაპრის, იბრაჰიმის, ვედრება ვარ. ჩემი ძმის, ისას, სასიხარულო ამბავი ვარ!
დედაჩემისთვის კი მისი სიზმარი ვარ. როცა ჩემზე ორსულად იყო, დაინახა, რომ მისგან სხივი გამოვიდა, რომელმაც შამის სასახლეები გაანათა… ბენი სა’დ ბინ ბექირის ტომში ძუძუთი გამომკვებეს და გამზარდეს.“
როცა ოთხი წლისა გახდა, ჰალიმე ჰათუნმა ის მექქაში მიიყვანა და დედას ჩააბარა. მისმა ბაბუამ, აბდულმუტტალიბმა, ჰალიმე ჰათუნს ძალიან დიდი საჩუქრები მისცა და წყალობა უბოძა. როცა ჰალიმე ჰათუნმა ის მექქაში დატოვა, განშორების ტკივილი ამ სიტყვებით გამოხატა: „თითქოს ჩემი სულიც და გულიც მასთან დარჩა.“
„სანამ მუჰამმედს (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ძუძუს ვაწოვებდი, მისით უაღრესად კმაყოფილი ვიყავი. არასოდეს არაფერი დაუსვრია. დღისით ერთხელ და ღამით ერთხელ შარდავდა და იმავე დრომდე მეორედ აღარ შარდავდა“ ჰალიმე ჰათუნი
პატივცემული დედის გარდაცვალება
ჩვენი საყვარელი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) ექვს წლამდე დედასთან იზრდებოდა. როცა ექვსი წლისა იყო, დედასთან და მხევალთან, სახელად უმმუ ეიმენთან, ერთად მედინაში წავიდა ნათესავებისა და მამის, აბდულლაჰის, საფლავის მოსანახულებლად.
იქ ერთი თვე დარჩნენ. ჩვენმა შუამავალმა მედინაში ნეჯჯარიანების კუთვნილ აუზში ცურვა ისწავლა. ამ დროს ერთმა იუდეველმა სწავლულმა მასში შუამავლობის ნიშნები შენიშნა. მიუახლოვდა და სახელი ჰკითხა. როცა თქვა: „აჰმედი“, იმ სწავლულმა შესძახა: „ეს ბავშვი ბოლო ჟამის შუამავალი იქნება!“ ამასთან, იქ მყოფმა ზოგიერთმა სხვა იუდეველმა სწავლულმაც შენიშნა მასში შუამავლობის ნიშანი და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, რომ შუამავალი იქნებოდა.
მათი ეს სიტყვები რომ გაიგონა, უმმუ ეიმენმა ამის შესახებ ჩვენს დედას, ჰაზრეთი ამინეს, აცნობა. მისმა დალოცვილმა დედამ, ზიანი არ მიადგესო, შეშინებულმა, ის წაიყვანა და მექქაში დასაბრუნებლად გზას დაადგა. როცა ადგილს, სახელად ებვას, მიაღწიეს, ჩვენი დედა ჰაზრეთი ამინე დაავადდა. ავადმყოფობა გაუმძიმდა და ხშირად გონებას კარგავდა.
თავთან მდგომ თავის საყვარელ შვილს, მუჰამმედს (ალეიჰისსელამ), შეხედა და თქვა: „ჰოი, იმის შვილო, ვინც უზენაესი ალლაჰის წყალობითა და შეწევნით, ასი აქლემის სანაცვლოდ, სიკვდილის საშინელ ისარს გადაურჩა! უზენაესმა ალლაჰმა დალოცვილი გაგხადოს. თუ ის, რაც სიზმარში ვნახე, ახდება, დიდებულებისა და უხვი წყალობის პატრონი უზენაესი ალლაჰი მოგავლენს, რომ ადამის შვილებს ჰალალი და ჰარამი აუწყო. უზენაესი ალლაჰი დაგიფარავს და დაგიცავს კერპებისა და კერპთაყვანისმცემლობისგან, რომლებიც ხალხებში ძველთაგანვე მოდის.“ შემდეგ ეს ბეითები თქვა:
ძველდება, რაც ახალია, კვდება, რაც ცოცხლობს,
ილევა, რაც ბევრია, – ვინ დარჩა ახალგაზრდა?
მეც მოვკვდები, მხოლოდ ერთი განსხვავებაა:
შენ მე გშობე – ეს არის ჩემი ღირსება.
უკან კეთილ შვილს ვტოვებ,
თვალს ვხუჭავ, გული მშვიდი მაქვს.
ჩემი სახელი სამარადისოდ დარჩება ენაზე,
შენი სიყვარული კი გულებში იცოცხლებს.
შემდეგ გარდაიცვალა. იქვე დაკრძალეს. როცა ჩვენი დედა ამინე გარდაიცვალა, ოცი წლისა იყო. უმმუ ეიმენმა სამყაროთა ბატონი თან წაიყვანა და რამდენიმედღიანი მგზავრობის შემდეგ მექქაში მიიყვანა და ბაბუამისს, აბდულმუტტალიბს, ჩააბარა.5
მისი დედა და მამა მორწმუნეები იყვნენ
უკეთილშობილესი ჰაბიბის (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) მამა და დედა იბრაჰიმის (ალეიჰისსელამ) რჯულზე იყვნენ.6 ანუ მორწმუნეები იყვნენ. ისლამის სწავლულებმა გვამცნეს, რომ ისინი იბრაჰიმის (ალეიჰისსელამ) რჯულზე იყვნენ და რომ მუჰამმედისთვის (ალეიჰისსელამ) შუამავლობის უწყების შემდეგ, მისი უმმეთიდან რომ ყოფილიყვნენ, გაცოცხლდნენ, ქელიმეი შეჰადეთი (შეჰადეთის სიტყვა) მოისმინეს და წარმოთქვეს და ამრიგად ამ უმმეთსაც მიეკუთვნნენ.7
დალოცვილ ბაბუასთან
მუჰამმედი (ალეიჰისსელამ) რვა წლამდე ბაბუასთან იზრდებოდა. მისი ბაბუა აბდულმუტტალიბი მექქაში ყველასთვის საყვარელი და მრავალი საქმის გამგებელი პიროვნება იყო; დიდებული, მომთმენი, ზნეკეთილი, პატიოსანი, ვაჟკაცი და ხელგაშლილი. ღარიბებს აპურებდა, მშიერ და მწყურვალ ცხოველებსაც კი საკვებს აძლევდა.
უზენაესი ალლაჰისა და საიქიოს სწამდა. ბოროტებას ერიდებოდა და ჯაჰილიიეს (უმეცრების) ხანის ყოველგვარი საზიზღარი ჩვეულებისგან შორს იდგა. მექქაში ჩაგვრასა და უსამართლობას არ უშვებდა და მოსულ სტუმრებს პატივით მასპინძლობდა. რამაზნის თვეში ჰირას მთაზე განმარტოების ჩვეულება ჰქონდა. ბავშვების მოყვარული და გულმოწყალე აბდულმუტტალიბი თავის საყვარელ შვილიშვილს გულში იკრავდა და დღე და ღამე თავიდან არ იშორებდა. მის მიმართ დიდ სიყვარულსა და თანაგრძნობას იჩენდა. ქააბის ჩრდილში მისთვის განკუთვნილ ლეიბზე მასთან ერთად ჯდებოდა და მათ, ვისაც ამის შეშლა სურდა, ეუბნებოდა: „თავი დაანებეთ ჩემს შვილს, მისი ხარისხი მაღალია.“8 ჩვენი შუამავლის მომვლელს, უმმუ ეიმენს, დაჟინებით არიგებდა, რომ კარგად მიეხედა მისთვის: „ჩემს შვილს კარგად მიხედე. წიგნის ხალხი ჩემს შვილზე ამბობს: ‚ის ამ უმმეთის შუამავალი იქნება.‘“ უმმუ ეიმენმა თქვა: „ბავშვობაში არასოდეს მინახავს, შიმშილს ან წყურვილს რომ ჩიოდა. დილით ზემზემის ერთ ყლუპს დალევდა. როცა მისი დაპურება გვინდოდა, ამბობდა: ‚არ მინდა, მაძღარი ვარ.‘“
როცა აბდულმუტტალიბს ეძინა ან თავის ოთახში მარტო იყო, მის გარდა არავის უშვებდა თავისთან. მას სითბოთი გულში იკრავდა, ეფერებოდა და მისი სიტყვებითა და საქციელით უზომოდ ხარობდა. სუფრასთან გვერდით ისვამდა, მუხლზე ისვამდა, საუკეთესო და უგემრიელეს საჭმელს აჭმევდა და, სანამ ის არ მოვიდოდა, სუფრას არ მიუჯდებოდა. მასზე მრავალი სიზმარი ნახა და მრავალ ამბავს შეესწრო.
ერთხელ მექქაში გვალვა და შიმშილობა ჩამოვარდა. აბდულმუტტალიბმა ნანახი სიზმრის მიხედვით მუჰამმედს (ალეიჰისსელამ) ხელი მოჰკიდა, ებუ ყუბეისის მთაზე ავიდა და ევედრა: „ჩემო ალლაჰო, ამ ბავშვის გულისთვის ბარაქიანი წვიმით გაგვახარე!“ უზენაესმა ალლაჰმა მისი ვედრება შეისმინა და უხვი წვიმა მოვიდა. იმ დროის პოეტებმა ეს ამბავი თავიანთ ლექსებში აღწერეს.
ნეჯრანელი ბერი
ერთ დღეს, როცა აბდულმუტტალიბი ქააბასთან იჯდა, მასთან ნეჯრანელი ბერი მივიდა და საუბარი დაიწყო. ერთ მომენტში თქვა: „ჩვენ წავიკითხეთ, რომ წიგნებში წერია იმ შუამავლის თვისებები, რომელიც ისმაილის შთამომავალთაგან უკანასკნელი მოვა. ეს ადგილი, ანუ მექქა, მისი დაბადების ადგილია. მისი თვისებები ასეთი და ასეთია!“ – და სათითაოდ ჩამოთვლა დაიწყო. ამ დროს მათთან ჩვენი საყვარელი შუამავალი მივიდა. ნეჯრანელმა ბერმა ყურადღებით დაუწყო ცქერა; შემდეგ მიუახლოვდა, თვალებში, ზურგსა და ფეხებზე შეხედა და აღელვებულმა თქვა:
„უზენაესი ალლაჰი დაგიფარავს და დაგიცავს კერპებისა და კერპთაყვანისმცემლობისგან, რომლებიც ხალხებში ძველთაგანვე მოდის“ ამინე ჰათუნი
„აი, ისიც ესაა. ეს ბავშვი შენი შთამომავალია?“ როცა აბდულმუტტალიბმა თქვა: „ჩემი შვილია!“, ნეჯრანელმა ბერმა თქვა: „წიგნებში რაც წავიკითხეთ, იმის მიხედვით მისი მამა ცოცხალი არ უნდა იყოს!“ როცა აბდულმუტტალიბმა თქვა: „ის ჩემი შვილის შვილია. მისი მამა მის დაბადებამდე, როცა დედა ჯერ კიდევ ორსულად იყო, გარდაიცვალა“, ბერმა თქვა: „ახლა სიმართლე თქვი.“ მაშინ აბდულმუტტალიბმა შვილებს უთხრა: „ისმინეთ, რა ითქვა თქვენი ძმის შვილზე, მიხედეთ და კარგად დაიცავით.“
დალოცვილი ბაბუის გარდაცვალება
როცა აბდულმუტტალიბის გარდაცვალება მოახლოვდა, შვილები შეკრიბა და უთხრა: „ამ ქვეყნიდან საიქიოს გადაბარგების დრო დამიდგა. ჩემი ერთადერთი საზრუნავი ეს ობოლია. ნეტავ ჩემი სიცოცხლე ხანგრძლივი ყოფილიყო და ამ სამსახურს სიყვარულით განმეგრძო! მაგრამ რა გაეწყობა? სიცოცხლე აღარ მეყოფა. ახლა გულიც და ენაც ამ ლტოლვის ცეცხლში მეწვის. მინდა, ეს მარგალიტი თქვენგან ერთ-ერთს მინდობილ განძად (ამანათად) ჩავაბარო. ნეტავ, თქვენგან რომელი დაიცავს ღირსეულად მის უფლებებს და მის სამსახურში ნაკლს არ დაუშვებს?“ ებუ ლეჰებმა მუხლი მოიყარა და თქვა: „არაბთა ბატონო! თუ ფიქრობთ ვინმეზე, ვისაც ეს ამანათი უნდა ჩააბაროთ, ძალიან კარგი; თუ არა და, ამ სამსახურს მე გავწევ.“ აბდულმუტტალიბმა უთხრა: „ქონება ბევრი გაქვს. მაგრამ ქვაგული ხარ და ცოტა მოწყალება გაქვს. ობლის გული კი დაჭრილი და ნაზია. მალე გატყდება.“ სხვა შვილთაგანაც ზოგიერთებმა იგივე სურვილი გაიმეორეს. აბდულმუტტალიბმა თითოეულს თავისი თვისებები უთხრა და არცერთი არ მიიღო. როცა ებუ ტალიბის რიგი დადგა, მან თქვა: „მე ეს ყველაზე მეტად მსურს. მაგრამ, სანამ ჩემი უფროსები აქ არიან, წინ გასწრება არ შემეფერებოდა. ქონება ცოტა მაქვს, მაგრამ ჩემი ერთგულება ჩემი ძმების ერთგულებაზე მეტია.“ აბდულმუტტალიბმა თქვა: „სიმართლეს ამბობ. ამ სამსახურის ღირსი შენ ხარ. მაგრამ მე ყოველ საქმეში მას ვეკითხები და მისი სურვილისამებრ ვმოქმედებ. და ყოველთვის სწორ შედეგს ვაღწევ. ამ საკითხშიც მას მოვეთათბირები. თქვენგან ვისაც ის ამოირჩევს, ის ჩემთვისაც მისაღებია.“
შემდეგ ჩვენს საყვარელ შუამავალს მიუბრუნდა და ჰკითხა: „ჩემო თვალის სინათლევ! შენი ლტოლვით საიქიოს მივემართები. ამ შენს ბიძებს შორის რომელს ირჩევ?“
ჩვენი შუამავალი იმ წამს წამოდგა, ებუ ტალიბს კისერზე მოეხვია და მუხლზე დაუჯდა. მაშინ აბდულმუტტალიბს ძალიან მოეშვა გული და თქვა: „ქება-დიდება უზენაეს ალლაჰს. მეც ეს მსურდა.“ შემდეგ ებუ ტალიბს მიუბრუნდა და უთხრა: „ებუ ტალიბ! ამ მარგალიტს დედ-მამის სითბო არ უნახავს. ამიტომ ისე მიხედე, როგორც ეკადრება, და მასზე იკანკალე. შენ ჩემს სხვა შვილებზე უფრო აღმატებულად მიმაჩნიხარ. ეს დიდი და უძვირფასესი ამანათი შენ მოგანდე, რადგან შენ და მისი მამა ერთი დედისგან ხართ. ისე დაიცავი, როგორც საკუთარ თავს დაიცავდი. მიიღე ეს ჩემი ანდერძი?“ უპასუხა:
„დიახ, მივიღე.“ მაშინ აბდულმუტტალიბმა ჩვენი საყვარელი შუამავალი გულში ჩაიკრა, დალოცვილ თავსა და სახეზე აკოცა და დაყნოსა. შემდეგ თქვა: „ყველანი მოწმენი იყავით: ამაზე უფრო მშვენიერი სურნელი არასოდეს მიყნოსავს და ამაზე უფრო ლამაზი სახე არ მინახავს.“9
ებუ ტალიბის მფარველობაში
ბაბუის გარდაცვალების შემდეგ სამყაროს ბატონი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) რვა წლიდან ბიძასთან, ებუ ტალიბთან, დაიწყო ცხოვრება და მის მფარველობაში გაიზარდა. მაშინ ებუ ტალიბიც, მამამისის, აბდულმუტტალიბის, მსგავსად, მექქაში ყურაიშის ერთ-ერთი წარჩინებული – საყვარელი, პატივცემული და ანგარიშგასაწევი სიტყვის პატრონი იყო. მანაც ჩვენს შუამავალს დიდი სიყვარული და სითბო გამოუჩინა. თავის შვილებზე მეტად უყვარდა, უმისოდ არც იძინებდა და არც სადმე მიდიოდა, და ეუბნებოდა: „შენ ძალიან სიკეთის მომტანი ხარ, ძალიან დალოცვილი ხარ!“ სანამ ის ხელს არ გაიწვდიდა, ებუ ტალიბი ჭამას არ იწყებდა; სურდა, რომ ჯერ მას დაეწყო. ზოგჯერ მას ცალკე სუფრასაც უშლიდა. დილით, როცა იღვიძებდა, ხედავდნენ, რომ სახე მთვარესავით უბრწყინავდა და თმა დავარცხნილი ჰქონდა. ებუ ტალიბს დიდი ქონება არ ჰქონდა, ოჯახი კი მრავალრიცხოვანი ჰყავდა. მას შემდეგ, რაც უკეთილშობილესი შუამავალი (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავის მფარველობაში აიყვანა, სიუხვესა და ბარაქას ეწია. როცა მექქაში ჩამოვარდნილი გვალვის გამო ხალხი გაჭირვებაში ჩავარდა, ებუ ტალიბმა ის ქააბასთან მიიყვანა და ევედრა. მისი ბარაქით უხვი წვიმა მოვიდა. გვალვასა და შიმშილობას გადაურჩნენ.10
ღალიბის შთამომავლობიდან ერთი შუამავალი მოვა,
ზემზემსა და ჰაჯერს შორის დადგება.
ქალაქის მთელი ხალხით დაეხმარეთ მას,
ამირიანებო, ბედნიერება მისთვის შეწევნაში იქნება.
„ამ ქვეყნიდან საიქიოს გადაბარგების დრო დამიდგა. ჩემი ერთადერთი საზრუნავი ეს ობოლია. ნეტავ ჩემი სიცოცხლე ხანგრძლივი ყოფილიყო და ამ სამსახურს სიყვარულით განმეგრძო! მაგრამ რა გაეწყობა? სიცოცხლე აღარ მეყოფა. ახლა გულიც და ენაც ამ ლტოლვის ცეცხლში მეწვის“ აბდულმუტტალიბი
მექქა – ბუსრას გზა
ბერი ბაჰირა
როცა ჩვენი საყვარელი შუამავალი დაახლოებით თორმეტი წლისა იყო, ერთ დღეს დაინახა, რომ ებუ ტალიბი სავაჭრო მოგზაურობისთვის ემზადებოდა. როცა მიხვდა, რომ თან წაყვანა არ სურდა, დაღონდა და ებუ ტალიბს უთხრა: „ამ ქალაქში ვის მიტოვებ და მიდიხარ? არც მამა მყავს და არც ვინმე, ვისაც შევეცოდები!…“ ამ სიტყვებმა ებუ ტალიბზე ძალიან იმოქმედა. გადაწყვიტა, ისიც თან წაეყვანა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ სავაჭრო ქარავანი ბუსრაში, ერთი ქრისტიანული მონასტრის მახლობლად დაბანაკდა.11
ამ მონასტერში ცხოვრობდა ბერი, სახელად ბაჰირა. ამ განსწავლულ ბერს, რომელიც ადრე იუდეველ სწავლულთაგანი იყო, შემდეგ კი ქრისტიანი გახდა, ჰქონდა ერთი წიგნი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა და საიდუმლოდ ინახებოდა, და კითხვებს მისი მიხედვით პასუხობდა. თუმცა ყურაიშის ქარავანი წინა წლებში აქ არაერთხელ გაივლიდა, ბერს მისთვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. ყოველ დილით მონასტრის სახურავზე ადიოდა, იმ მხარეს იყურებოდა, საიდანაც ქარავნები მოდიოდნენ, და ცნობისმოყვარეობით რაღაცას ელოდა. ამჯერად კი ბერ ბაჰირას რაღაც დაემართა: აღელვებული ადგილიდან წამოხტა, რადგან როცა ყურაიშის ქარავანი შორიდან გამოჩნდა, შენიშნა, რომ მის თავზე, მათთან ერთად, ერთი ღრუბელიც მოცურავდა. ეს ღრუბელი ჩვენს შუამავალს ჩრდილავდა. როცა ქარავანი შესასვენებლად გაჩერდა, ბაჰირამ ისიც დაინახა, რომ იმ ხის ტოტები, რომლის ქვეშაც უკეთილშობილესი ჰაბიბი იჯდა, მისკენ დაიხარა, და კიდევ უფრო აღელდა. მაშინვე სუფრები გააშლევინა. შემდეგ კაცი გაგზავნა და ყურაიშის ქარავნის ყველა წევრი სადილად მიიწვია. ქარავნის მგზავრებმა ჩვენი საყვარელი შუამავალი თავიანთ საქონელთან დატოვეს და ბერთან წავიდნენ. ბაჰირამ მოსულებს ყურადღებით შეხედა და ჰკითხა: „ყურაიშელებო, თქვენ შორის არის ვინმე, ვინც სადილად არ მოვიდა?“ თქვეს: „დიახ, ერთი კაცია.“ რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ყურაიშელები მოვიდნენ, ღრუბელი ისევ იქ იყო. ამის დანახვით მიხვდა, რომ ქარავანში ვიღაც დარჩა. ბერი ბაჰირა დაჟინებით ითხოვდა, რომ ისიც მოსულიყო. მოსვლისთანავე ბაჰირამ ყურადღებით შეხედა და მისი შესწავლა დაიწყო. ებუ ტალიბს ჰკითხა: „ეს ბავშვი შენი შთამომავალია?“ როცა ებუ ტალიბმა თქვა: „ჩემი შვილია“, ბაჰირამ თქვა: „წიგნებში წერია, რომ ამ ბავშვის მამა ცოცხალი არ იქნება; ის შენი შვილი არ არის.“ მაშინ ებუ ტალიბმა უპასუხა: „ის ჩემი ძმის შვილია.“ ბაჰირას კითხვაზე: „მამამისს რა დაემართა?“ – თქვა: „მამამისი მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.“ როცა ბაჰირამ თქვა: „სიმართლე თქვი. დედამისს რა დაემართა?“, ებუ ტალიბმა უპასუხა: „ისიც გარდაიცვალა.“ ამაზე ბაჰირამ თქვა: „სიმართლე თქვი“, ჩვენს შუამავალს მიუბრუნდა და კერპების სახელით დაფიცება მოსთხოვა. მაგრამ ჩვენმა საყვარელმა შუამავალმა მას უთხრა: „კერპების სახელით ნუ დამაფიცებ. ქვეყნად მათზე დიდი მტერი არ მყავს. მე ისინი მძულს.“
მაშინ ბაჰირამ ის უზენაესი ალლაჰის სახელით დააფიცა და ჰკითხა: „გძინავს?“ ბრძანა: „ჩემს თვალებს სძინავს, მაგრამ ჩემს გულს არ სძინავს.“
ბაჰირამ კიდევ ბევრი კითხვა დაუსვა და პასუხები მიიღო. მიღებული პასუხები ზუსტად ემთხვეოდა იმ წიგნებს, რომლებიც მანამდე წაეკითხა. შემდეგ ჩვენი საყვარელი შუამავლის დალოცვილ თვალებს შეხედა და ებუ ტალიბს ჰკითხა:
„ვმოწმობ, რომ შენ უზენაესი ალლაჰის შუამავალი ხარ!… აი, სამყაროთა ბატონი… აი, სამყაროთა უფლის შუამავალი… აი, დიდი შუამავალი, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა სამყაროთა მოწყალებად მოავლინა!“ ბერი ბაჰირა
– „ეს სიწითლე მის დალოცვილ თვალებში მუდამ არის?“
– „დიახ, არასოდეს გვინახავს, რომ გამქრალიყო“, – თქვა მან.
როცა დაინახა, რომ ეს ნიშანიც ემთხვეოდა, ბაჰირას მოუნდა შუამავლობის ბეჭედი ენახა, რომ მის გულს სრული დარწმუნება მოეპოვებინა. მაგრამ შუამავალმა (სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელლემ) თავისი ზრდილობის (ედების) გამო დალოცვილი ზურგის გაშიშვლება არ ისურვა.
მაშინ ბიძამ უთხრა: „ჩემო თვალის სინათლევ! ეს სურვილიც შეუსრულე!“ შუამავალმა დალოცვილი ზურგი გაიშიშვლა და ბაჰირა დიდხანს, გაოცებით და გულის გაჯერებამდე უცქეროდა შუამავლობის ბეჭედს მთელი მისი მშვენიერებით. აღელვებულმა ეამბორა და თვალებიდან ნიაღვარივით წასკდა ცრემლები. შემდეგ თქვა:
– „ვმოწმობ, რომ შენ უზენაესი ალლაჰის შუამავალი ხარ!“ ხმას კიდევ უფრო აუწია და თქვა: „აი, სამყაროთა ბატონი… აი, სამყაროთა უფლის შუამავალი… აი, დიდი შუამავალი, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა სამყაროთა მოწყალებად მოავლინა…“
იქ მყოფი ყურაიშელები გაოცდნენ და თქვეს: „რა დიდი ფასი ჰქონია მუჰამმედს ამ ბერის თვალში!“
შემდეგ ბაჰირა ებუ ტალიბს მიუბრუნდა და უთხრა:
– „ეს შუამავალთა შორის უკანასკნელი და უკეთილშობილესია. მისი რჯული მთელ დედამიწაზე გავრცელდება და წინა რჯულებს გააუქმებს. ეს ბავშვი შამში ნუ წაიყვან, რადგან ისრაელის შვილები მისი მტრები არიან. მეშინია, მის დალოცვილ სხეულს ზიანი არ მიაყენონ. მის შესახებ მრავალი აღთქმა და შეთანხმება (აჰდი და მისაყი) დადებულა.“
ებუ ტალიბმა ჰკითხა:
– „რა არის ეს აღთქმა და შეთანხმება?“ ბაჰირამ უპასუხა:
– „უზენაესმა ალლაჰმა ყველა შუამავალს და ბოლოს ისას (ალეიჰისსელამ) სიტყვა ჩამოართვა, რომ თავიანთი უმმეთებისთვის ეუწყებინათ, რომ ბოლო ჟამის შუამავალი მოვიდოდა.“
ბაჰირას ამ სიტყვების შემდეგ ებუ ტალიბმა შამში წასვლაზე უარი თქვა. საქონელი ბუსრაში გაყიდა და მექქაში დაბრუნდა.12 ის, რაც ბაჰირასგან მოისმინა, ებუ ტალიბს მთელი სიცოცხლე ყურებში ჩაესმოდა. ჩვენი შუამავალი კიდევ უფრო შეიყვარა. სიკვდილამდე იცავდა და ყოველ საქმეში ეხმარებოდა.
ბიძასთან, ზუბეირთან ერთად იემენში მოგზაურობა
ჩვენი საყვარელი შუამავალი, ყოველი თავისი მდგომარეობით ღირსებებისა და მშვენიერების პატრონი, შეუდარებელი ადამიანი, გაიზარდა და ჩვიდმეტი წლისა გახდა. ამ დროს მისმა ბიძამ, ზუბეირმა, რომელიც სავაჭროდ იემენში მიდიოდა, ის თან წაიყვანა, რომ ვაჭრობა ბარაქიანი ყოფილიყო. ამ მოგზაურობაშიც მისი მრავალი საოცარი მდგომარეობა გამოჩნდა. როცა მექქაში დაბრუნდნენ, მისი ეს მდგომარეობები უამბეს და ყურაიშის ტომში ლაპარაკი დაიწყეს: „მისი ხარისხი ძალიან მაღალი იქნება.“13
